ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში

რა არის ჯანმრთელობა? სად გადის ზღვარი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და აშლილობას შორის? ვინ არის ნორმალური და, საერთოდაც, რა არის ნორმა?
ადამიანებს საუკუნების განმავლობაში აწუხებდა ეს კითხვები. დღეს, როცა, მეტ-ნაკლებად, ყველაფერზე შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება, ამ კითხვებსაც, ასე თუ ისე, გაეცა პასუხი, თუმცა ზღვარი ნორმასა და ნორმიდან გადახრას შორის დღემდე არაა მკვეთრად გავლებული.

არც თავად ფსიქიკური პრობლემებისა და დაავადებების განმარტებაა ზუსტი. სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაცია გვთავაზობს ახსნას, რომ, რეალურად, ადამიანის ფსიქიკას საკმაოდ დიდი წნეხი აწვება ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, რამაც შეიძლება, ადამიანის გონების მუშაობისა და მისი ფუნქციონირების შეფერხება გამოიწვიოს. სწორედ ეს აღიქმება ფსიქიკურ აშლილობად.
მსოფლიოში ფსიქიკური დაავადებები დავადებათა სისტემის საკმაოდ გავრცელებული ნაწილია. ყოველდღიურად ვლინდება ფსიქიკური აშლილობის როგორც მსუბუქი, ისე შედარებით მძიმე ფორმებიც.
ზოგადად რომ ვთქვათ, სამი სახის ფსიქიკური დაავადება არსებობს: ნერვული აშლილობა, ფსიქიკური აშლილობა და აღქმის ცდომილება.
ჯანდაცვის სფეროში ფსიქიკური დაავადებების სისტემასა და მის ფუნქციონირებას არეგულირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების წილი დაავადებათა გავრცელების სტრუქტურაში 2,5%-ს შეადგენს და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2013 წელს ფსიქიკური აშლილობების პრევალენტობის მაჩვენებელი 100.000 მოსახლეზე შეადგენდა 1536-ს, ხოლო ინციდენტობის მაჩვენებელი _ 167.8-ს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და, ამავდროულად, _ არასრულიც. საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმ რაოდენობის დასადგენად, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს ფსიქიკური პრობლემები და რამდენი ადამიანი იტანჯება ფსიქიკური დაავადებებით.
ასევე არასრულყოფილია დაავადებათა აღრიცხვის სისტემა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ ბენეფიციარებს და არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, რომლებიც სტიგმის ან სხვა პრობლემის გამო არ აღიარებენ საკუთარ პრობლემებს.
თავის მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ხშირად ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებს, რის გამოც სამედიცინო სამსახურებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
რაც შეეხება დაფინანსებას, შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სუბსიდირებული თანხების წილი, თუმცა ეს ნაკლებად აისახება რეალობაზე. საკმაოდ მძიმეა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა და სოციალური ყოფა საქართველოში.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 21 მილიონი ლარი შეადგინა.
2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ძირითადი ცვლილებებია:
გაიზარდა სათემო სერვისების დაფინანსება. კერძოდ: გაზრდილი თანხის 54%-ზე მეტი სათემო ამბულატორიულ მომსახურებაზე გადანაწილდა;
სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების ბიუჯეტი შემოსაზღვრული არეალის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა;
პროგრამის მოცულობაში ცალკეული სერვისის სტანდარტის პარამეტრები შევიდა, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა;
ქვეყნის მასშტაბით 11 მობილური გუნდი დაფინანსდა (გასულ წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი);
გაიზარდა თითოეული მობილური გუნდის ბიუჯეტიც, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომსახურებას გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღებს;
სტაციონარული მომსახურების დაფინანსებისას უპირატესობა მიენიჭა თანამედროვე ტიპის საწოლების დაფინანსებას; გრძელვადიანი საწოლების დაფინანსება 19 ლარიდან 23 ლარამდე გაიზარდა.
არსებული სტიგმები, უყურადღებო დამოკიდებულება, ვერნაშოვნი სამსახური, რთულად დამყარებული სოციალური კავშირები _ ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომლის წინააღმდეგაც ყოველდღიურად უწევს ბრძოლა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს საქართველოში.

რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა და რამდენად საკმარისია ის ხელშეწყობა, რაც სახელმწიფოს მხირდან ამ სფეროსადმი არსებობს?
„ქრონიკა+“-ს ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხობს ფსიქოლოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი _ თამარ მახარაძე:

_ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში ფსიქიკური პრობლემების მქონე. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დასახელდა, რომ არ გვაქვს დაავადებათა აღრიცხვის ეფექტიანი სისტემა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკა პრობლემაა. ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთ სტატუსი ენიჭებათ. აღრიცხვიანობა მოწესრიგებულია იმ ადამიანების თვალსაზრისით, რომლებსაც სახელმწიფო ფულად კომპენსაციას _ პენსიას უხდის. ჩვენ ზუსტად ვიცით იმათი რაოდენობა, რომლებსაც სახელმწიფო პენსიას უხდის თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო. შიგნით, უკვე, რთულია გაერკვე, რა ხდება. არიან ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ ეს არ იწვევს შეზღუდულ შესაძლებლობებს, შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ სტატუსი, მაგრამ გარკვეული სახის მომსახურება აუცილებლად სჭირდებათ. აქ კი პრობლემა გვაქვს, _ სისტემა ვერ ხედავს იმ ადამიანებს, რომლებსაც პენსიას არ აძლევს. ზოგიერთი სტიგმის გამო ვერ იდენტიფიცირდება, მსუბუქი აშლილობები ფსიქიკური პრობლემაა, მაგრამ ჩვენი ყურაღების მიღმა რჩება. ამის შესახებ ზოგჯერ ვერც ოჯახი და ვერც საზოგადოება ვერ იგებს.
ციფრები მხოლოდ მძიმე ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანთა რაოდენობას ასახავს, როგორიცაა ფსიქოზი, კლინიკური დეპრესია და ა. შ.
ეს მძიმე ფორმა ქრონიკულია, ვლინდება და სულ არის. პირველი სიმპტომები ისეთი ფორმით იჩენს თავს, რომლის იდენტიფიცირებაც რთულია და თავის დროზე ვერ ხერხდება.
რთულია დაავადებების იდენტიფიცირება, თუმცა იდენტიფიცირების შემთხვევაში გაურკვეველია, სად უნდა წავიდეს ადამიანი. არ არის ამის ჩამოყალიბებული, კომპლექსური მკურნალობისა და რეაბილიტაციის გზები. ანუ ეს ადამიანები განწირულები არიან და ვინც როგორ ახერხებს, ისე უმკლავდება პრობლემებს.
რეალურად, გვაქვს სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ საზოგადოების ნაწილს აღრიცხავს და სისტემის მიღმა რჩებიან მსუბუქი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც არ ხდება. ვერავინ გეტყვით, რამდენი იტანჯება ამ პრობლემებით.
_ 1995 წელს მიღებული კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ პაციენტებს არჩევანის თავისუფლებას აძლევს და მათ შეუძლიათ, უარი განაცხადონ აღრიცხვაზე. რას ფიქრობთ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ქმნის თუ არა იგი პრობლემებს?
_ ბოლო წლებში ძალიან კარგი კანონი მივიღეთ ქმედუუნარობასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველო დასავლეთთან და ევროპულ ღირებულებებთან დააახლოვა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი უფლებრივი თვალსაზრისით. ადამიანს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი უფლებები და შეიზღუდოს მისი უფლებები იქ, სადაც დასაბუთებულია, რომ ამ ადამიანს არ აქვს ამ უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. მეორე თემაა, რამდენად პრაქტიკაში ხორციელდება ეს წესების დაცვით.
ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი სტიგმა და ბარიერია, რაც მძიმედ ისახება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რას ნიშნავს, თვითონ გადაწყვიტოს? _ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს მკურნალობით, რეაბილიტაციით. ამ თვალსაზრისით მას დიდი არჩევანი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ცინიკურიცაა, რისი არჩევანი აქვს ავადმყოფს? ეს კანონი თეორიულად გვეუბნება, რომ არ შეიძლება დისკრიმინაცია. გვასწავლის, რა და როგორ უნდა კეთდებოდეს, თუმცა რეალობა ძალიან დაშორებულია იმისგან, რაც ზოგადად კანონმდებლობაში წერია.
კანონმდებლობა თეორიულ დონეზე ცუდი არ არის, მაგრამ რეალობა ცუდია, იმიტომ რომ ამ კანონების აღსრულება და დაცვა არ ხდება.
_ როგორ შეაფასებთ თემზე დაფუძნებულ ფსიქიატრიულ სერვისებს? რამდენად ეფექტიანია, რას გულისხმობს და როგორაა ეს სერვისები საქართველოში განვითარებული?
_ თემზე დაფუძნებული მომსახურება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ემსახურები იქ, სადაც ის ცხოვრობს, ანუ ბუნებრივ გარემოში, ოჯახურ გარემოში. ამ დროს იქმნება მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს მთელი რიგი მის საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისები, რომელიც მას მიეწოდება მისთვის ხელსაყრელ პირობებში. აქედან გამომდინარე, რა გვაქვს ჩვენ? _ კარგია, რომ უკვე რამდენიმე წელია, მობილური ჯგუფების მუშაობა დაიწყო. ჯგუფი სახლში ემსახურება იმ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული სარეაბილიტაციო მომსახურება გაიარეს და სახლში არიან. წამლები შინ მიეწოდებათ და მათთან ფსიქოლოგი მსუბუქ დონეზე მუშაობს. რაიმე სერვისის არარსებობას ეს ბევრად სჯობს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან არსებული სერვისები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ე. ი. ადამიანს დახმარებას ვაძლევთ ფრაგმენტულად, რამაც დროებით შეიძლება გააუმჯობესოს პაციენტისა და მისი ოჯახის მდგომარეობა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას ამ სერვისის გარდა კიდევ სჭირდება სხვა სერვისი, რაც ქვეყანაში არ გაგვაჩნია, მკურნალობის ეფექტიანობა მცირდება, ბოლოს სრულყოფილ შედეგსაც ვერ ვიღებთ.
ყველაზე ეფექტიანი მკურნალობა არის ბალანსირებული, რომელიც გულისხმობს როგორც მედიკამენტურ, ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებას. ჩვენთან, უმეტესად, უფასო მედიკამენტები გვაქვს მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის. ეს ძალიან კარგია, სავალდებულოცაა, მაგრამ, როგორც წესი, არ გვაქვს ის, რაც ამის მერე უნდა შევთავაზოთ. როცა ადამიანი ადეკვატურია და მისი მდგომარეობა სტაბილურია მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, მას ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება სჭირდება დარღვეული კომუნიკაციის აღსადგენად.
ეს არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება მრავალმხრივი სერვისის მიწოდება და რეაბილიტაცია, ასევე ბმა სოციუმთან, რასაც ხშირად სოციალური მუშაკები აკეთებენ. ზრდასრული ადამიანებისთვის ეს არის ადგილი საზოგადოებაში და სამუშაო, რასაც ის ასრულებს. თვითშეფასებისთვის აუცილებელია დასაქმება. ჩვენ ეს ფრაგმენტები გვჭირდება.
გვაქვს დღის ცენტრები. ადმიანები აქ მოდიან, საუბრობენ, ცენტრი მათ განსხვავებული ხარისხის სერვისებს სთავაზობს. უკეთეს შემთხვევაში, ბენეფიციარებს აქვთ კვება, ურთიერთობა, საქმიანობის საშუალება. ეს არის სულ, რასაც მათ ვთავაზობთ. ესენი არიან ზრდასრული ადამიანები და მათ სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდებათ სამსახური, ანაზღაურება. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ადმაინები განსხვავებული ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ. ისინი უნდა გადავიდნენ ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც ანაზღაურებას მიიღებენ. ამ ყველაფერს მორგება სჭირდება, მაგრამ ამისთვის არავის სცხელა.
იმან უნდა იმუშაოს, ვისაც სურვილი აქვს, ვისთვისაც ეს განვითარების მომდევნო ეტაპი იქნება. ამით ისინი იმ რეალობასთან დაახლოვდებიან, რომელშიც დამოუკიდებლად მართავენ საკუთარ ცხოვრებას.
თუნდაც ეს შეიძლება იყოს დაცული სამუშაო ადგილები, სოციალური საწარმოები, სადაც ისინი ანაზღაურებას აიღებენ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებენ. დასაქმების ბევრნაირი ფორმა არსებობს და ამის განვითარება და მორგება აუცილებელია.
_ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო დანახარჯების წილი. კერძოდ, 2006-2017 წლებში 3-2-ჯერ გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი. რამდენად აისახება ციფრების ზრდა რეალობაში?
_ თანხა იმდენი მაინც არ გამოიყოფა, რამდენიც საჭიროა. სამწუხაროდ, არ ხდება ბმა ამ სერვისებს შორის. აქედან გამომდინარე, თანხა თითქოს იზრდება, მაგრამ ამინდი არ იცვლება.
მაგალითად, საუბრობენ, რომ დღის ცენტრის საფასური უნდა გაიზარდოს, მაგრამ რომც გაიზარდოს, ეს ამ ადამიანებში მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. დაფინანსების ზრდით დღის ცენტრები არ დაიხურება, დღეს კი რეალურად ეს საფრთხე დგას.
თუ პარალელურად არ გაჩნდა სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს დაასაქმებს და ბავშვების შემთხვევაში სკოლაში მათ გადაყვანას შეუწყობს ხელს, პრობლემა სულ იქნება.
_ პრობლემაა ასევე ისიც, რომ ჰოსპიტალის მომსახურებაზე დანახარჯების მაღალი ხვედრითი წილის გამო ამბულატორიული სერვისები ნაკლებად ვითარდება. როგორ შეიძლება ამის დაბალანსება?
_ იდეალურ შემთხვევაში მთელი მსოფლიო იქითკენ მიდის, რომ ადამიანმა ნაკლები დრო გაატაროს კლინიკაში, ამიტომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი ჰოსპიტალგარე მომსახურებები უნდა იყოს. სწორი აქცენტი არის ჰოსპიტალგარე მომსახურების განვითარება, პრევენციული ღონისძიებების გატარება. თუმცა ჩვენთან საჰოსპიტალო მომსახურებაზე დახარჯული თანხები ბევრად მეტი იყო ყოველთვის, ვიდრე გარე სერვისებზე. ეს ნელ-ნელა ბალანსდება.
წლების დინამიკა აჩვენებს, რომ ჰოსპიტალგარე მომსახურებაზე დახარჯული თანხა იზრდება, რაც კარგია, თუმცა დღევანდელი რეალობა მაინც იგივე რჩება. ალბათ უფრო გვიადვილდება პრობლემების მქონე ადამიანების ჰოსპიტალში გამომწყვდევა და იქ მკურნალობა, ვიდრე ჰოსპიტალგარე სერვისების განვითარება. ეს არც არის ადვილი საქმე. ამას სჭირდება ფული, კომპეტენტური ადამიანები, სამაგისოდ კი რესურსი არ გაგვაჩნია.
მწვავე რეციდივების შემთხვევაში აუცილებელია 24-საათიანი მზრუნველობის გამცემი კლინიკების არსებობა, მაგრამ მიზანი ის არის, რომ ჰოსპიტალური მომსახურების შემდეგ, როცა ადამიანი წონასწორობის მდგომარეობას უბრუნდება, მას ჰოსპიტალიდან გამოსვლის მერეც უნდა დახვდეს ის მომსახურება, რომელიც ამ მდგომარეობას შეუნარჩუნებს და გაუუმჯობესებს.
_ წინა წლებში მწვავე შემთხვევების სტაციონარული მომსახურების დაფინანსების შემცირების გამო მრავალპროფილიან კერძო საავადმყოფოებში გაუქმდა ფსიქიატრიული განყოფილებები. რა პრობლემებს იწვევს ეს? რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ როცა ეს განყოფილებები გაიხსნა, მიზნად ისახავდა ჰუმანურ მიდგომას, ჩვენში გავრცელებული შეხედულება საგიჟეთებზე უნდა დაგვევიწყებინა. ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ, მათ შეიძლება იმავე გარემოში მოვემსახუროთ, სადაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სხვა ადამიანებს მკურნალობენ, მაგალითად: გულის, ღვიძლის ან სხვა. ეს მიდგომა სწორი იყო, თუმცა დიდად არ გაამართლა.
ეს არ არის იაფი სფერო, სამედიცინო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები დიდია, მაგრამ არის ხარჯები, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაწიოს.
სწორი მენეჯმენტი იმას ნიშნავს, რომ მცირე ბიუჯეტის პირობებში სახელმწიფომ ყველაზე ეფექტიანი გზა მოძებნოს მომსახურების შერწყმისა და არსებული სერვისების განვითარებისთვის.
სამწუხაროდ, ამის მაგალითი ნაკლებია. ფული იხარჯება, მდგომარეობა არ იცვლება. ეკონომიას ვაკეთებთ იქ, სადაც არ უნდა გაკეთდეს, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა კი სახელმწიფოს ვალია.
ეს პრობლემა ყველა ქვეყანაშია, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, მისი მოქალაქე იმ პრობლემების პირისპირ არ დატოვოს, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდება.
სადაც ფული დასახარჯია, უნდა დაიხარჯოს. ეფექტიანად ამის გადაწყვეტა კი ხედვის შეცვლით არის შესაძლებელი _ სწორი მიდგომა ყოველთვის განაპირობებს ხარჯვის ეფექტიანობასაც.
დღეს თანხაც იხარჯება, რაღაც მცირედიც იცვლება სასიკეთოდ, მაგრამ საერთო ამინდი არ იცვლება, რაც ყველაზე სამწუხაროა.

ანა ურუშაძე

 

.