ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს გამოტოვებს

როგორც მოსალოდნელი იყო, ერთიან კანდიდატზე შეთანხმება ოპოზიციისთვის იოლი საქმე არ აღმოჩნდა. ეს იდეა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, განუხორციელებელია. ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ამის შესანიშნავი მაგალითი აღმოჩნდა. ოპოზიციამ საერო კანდიდატი ვერ იპოვა და გამოსავლად ბოიკოტზე დაიწყო ფიქრი. ხმამაღლა საუბარს კი ბოიკოტზე, ჩვენს ხელთ არსებული კულუარული ინფორმაციით, ოპოზიცია ამ კვირიდან დაიწყებს. მანამდე კი მოვლენათა განვითარებას გადავავლოთ თვალი.

ერთიანი კანდიდატის იდეა ოპოზიციაში უკვე რამდენიმე თვეა, მუსირებს. პირველად ის ადგილობრივი არჩევნების წინ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე თხუთმეტი პარტიისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფიდან გაჟღერდა. თუმცა ამ იდეამ განვითარება ვერ მოასწრო, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა, ისე რომ ერთმანეთს არაფერი ჰკითხეს, ერთი მეორის მიყოლებით, თბილისის მერის პოსტზე თავიანთი პარტიული კანდიდატები დააყენეს. შედეგიც ყველამ შესანიშნავად დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძის 50%, შეიძლება ითქვას, წკიპზე ეკიდა, ოპოზიციამ ხმები ერთმანეთს წაართვა და „ქართული ოცნება“ ამის ხარჯზე გადარჩა.
ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ერთიანი კანდიდატის თემა კვლავ გააქტიურდა. ეს გააქტიურება, იმავდროულად, საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირდება, რადგან მთავარი პოლიტიკური დრამა სწორედ შემოდგომაზე გათამაშდება. ამიტომაც ბევრი ხონი-ვანის არჩევნებს, როგორც რეპეტიციას, ისე უყურებდა. ეს რეპეტიცია სჭირდებოდათ როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ისე ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც.
ოპოზიცია ძალებს მოსინჯავდა, თუ რამდენად შეძლებდნენ ხელისუფლებისთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას. სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები იმასაც გაარკვევდნენ, რამდენად შეძლებდნენ თანამშრომლობას. და რაც მთავარია, გაარკვევდნენ, აქვს თუ არა მათ ასეთ თანამშრომლობას პერსპექტივა, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებზე.
საპრეზიდენტო არჩევნებს იმიტომ გამოვყოფთ, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით აქ შეთანხმებისთვის გაცილებით ნოყიერი ნიადაგია შექმნილი. საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგი არ განსაზღვრავს პარტიის კვალიფიციურ სტატუსს, ანუ როგორი შედეგიც არ უნდა მიიღოს პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, პარტიას ამით არც ყოველთვიური საბიუჯეტო დაფინანსება ენიშნება და არც კომისიის წევრები და უბნებზე წარმომადგენლები ემატება. ასე რომ, განსხვავებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისგან, პარტიებს არ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი, დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. საბოლოო ჯამში, ეს მათთვის მხოლოდ ხარჯია და სხვა არაფერი. არადა, მონაწილეობა აუცილებელია, პოლიტიკურად აუცილებელი, რადგან თუ პარტიას სერიოზული ამბიციები და განაცხადები აქვს, ყველა არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს და სერიოზულ კანდიდატებსაც უნდა წარადგენდეს.
საპრეზიდენტო ერთიან კანდიდატზე შეჯერება კიდევ იმიტომაა პოლიტიკურად იოლი, რომ აუცილებლობა არ დგას, ბლოკები და კოალიციები შეიქმნას. ყველას ესმის, რომ იდეოლოგიური თუ პოლიტიკური განსხვავებების გამო ბევრი პარტია არათუ ერთ გაერთიანებაში, ერთ პრესკონფერეციაზეც ვერ დგება გვერდიგვერდ, საპრეზიდენტოზე კი ეს სულ არაა საჭირო. საკმარისია, პარტიები კანდიდატზე შეთანხმდნენ და შემდეგ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ინდივიდუალურად გამოუცხადებს მას მხადრაჭერას და ყველა პარტია თავის ამომრჩეველთან იმუშავებს საერთო კანდიდატისთვის ხმების მოსაზიდად. ასევე სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები არ წარმოადგენენ საარჩევნო სიებს, რაც ტრადიციულად მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ნებისმიერი ერთობისთვის.
თითქმის ანალოგიური მდგომარებაა შუალედური არჩევნების დროს. ანუ ამ არჩევნების შემდეგაც არც კვალიფიციურ სტატუსს იღებს ვინმე, არც კომისიის წევრებს და საბიუჯეტო დაფინანსებას, არც პარტიული სიებია საჭირო და არც ბლოკები. ასე რომ, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რომელიც ოპოზიციაში არ აღმოაჩნდათ, შუალედური არჩევნები ნამდვილად კარგი რეპეტიცია იქნებოდა საპრეზიდენტოს წინ.
ერთიანი კანდიდატის იდეას, ხონი-ვანის შუალედურ არჩევნებზე, პირველი დარტყმა „ევროპულმა საქართველომ“ მიაყენა. პარტიებს შორის დაწყებულ კონსულტაციებს ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით მათ მაჟორიტარობის კანდიდატად გიგი უგულავას დასახელებით უპასუხეს. უგულავა იმდენად სწრაფად დასახელდა, რომ აშკარა იყო, „ევსაქოები“ შეგნებულად ჩქარობდნენ, იმიტომ რომ შემდეგ დანარჩენისთვის ეთქვათ, _ რა ვქნათ, დაყენებული გვყავს უკვე უგულავა, თორემ ერთიანი კანდიდატის იდეას ჩვენც შემოვუერთდებოდითო.
ბოკერია-უგულავას გუნდის მიერ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმის შემდეგ კონსულტაციები ოპოზიციაში მაინც გაგრძელდა. ლიდერთა საბჭოში გაწევრიანებულმა 14-მა არასაპარლამენტო პარტიამ ამ მიმართულებით, მედიისგან ფარულად, რამდენიმე შეხვედრაც კი გამართა. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაირკვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთიანი კანდიდატობა გიორგი ვაშაძისთვის შეუთავაზებია. მას შემდეგ, რაც ვაშაძე ამ შეთავაზებას დათანხმდა, თავად ვაშაძემ ეს ამბავი ლიდერთა საბჭოში მყოფ პარტიებსაც გაანდო. თუმცა, როგორც ჩანს, ლიდერთა საბჭოსთვის ერთი რომელიმე პარტიის ლიდერის კანდიდატურა დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. მით უმეტეს, ისეთი კანდიდატურის, რომელსაც „ნაციონალები“ სთავაზობდნენ. თუმცა არგუმენტები სრულიად სხვა დასახელდა.
როგორც ცნობილია, ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქი სპეციფიკური საარჩევნო ოლქების სიაში შედის. სპეციფიკური კი ის არის, რომ ხონში, ტრადიციულად, ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს კაკო ბობოხიძე და მისი საგვარეულო კლანი. სწორედ ამ გავლენების წყალობით ბობოხიძე ნამდვილი რეკორდსმენია მაჟორიტარ დეპუტატობაში. ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ ბოკერიას გუნდში აღმოჩნდა, ამიტომაც ადგილობრივ არჩევნებზე ხონში ბობოხიძემ 35% აიღო, რითაც მეორე ადგილზე გავიდა, „ნაციონალების“ კანდიდატმა კი მხოლოდ _ 7%. სწორედ ბობოხიძისა და მისი კლანის იმედი აქვს გიგი უგულავასაც, რომელსაც სხვა არაფერი აკავშირებს იმერეთის ამ საარჩევნო ოლქთან.
ხონისა და ვანის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის რაოდენობით ვანი ლიდერობს, ანუ ვანში გამარჯვებულს მთლიანად ოლქში გამარჯვების მეტი შანსი აქვს. ვანელებსაც ჰყავდათ ადრე გამოკვეთილი მაჟორიტარობის კანდიდატი. რამდენიმე წლის წინათ გარდაცვლილი ბეჟან ხურციძე, რომელიც ხელისუფლებიდან იყრიდა კენჭს თუ ოპოზიციიდან, ყოველთვის მაღალ შედეგს დებდა ხოლმე. დღეს ვანში ასეთი უპირობოდ ძლიერი კანდიდატი აღარავის ჰყავს, ამიტომაც ვანი ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსის პარპაშის არეალია.
ასეთ სასათბურე პირობებში „ოცნებისგან“ მხარდაჭერილ უგულავას მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას შორის ის პირველ ადგილს დაიკავებს და მაშინ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი მხოლოდ მესამე ადგილს უნდა დასჯერდეს. ეს კი, რა თქმა უნდა, ოპოზიციური გაერთიანებისთვის ძალიან ცუდი სასტარტო პოზიცია იქნება.
ოლქში არსებული ასეთი ვითარების გათვალისწინებით, ოპოზიციის შემართება, გადაეშვას წინასაარჩევნო მორევში, შენელდა და ნელ-ნელა საერთოდ გაქრა. ყველაფერს ის გარემოებაც ემატება, რომ არჩევნებამდე ორი თვეც აღარ რჩება. ამ დროში შეუძლებელია ისეთი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, რომელიც ხონ-ვანში არსებულ პოლიტიკურ რეალობას თავდაყირა დააყენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობის არგუმენტები არმონაწილეობის არგუმენტებმა გადაწონა.
რა თქმა უნდა, რომ არა „ევროპული საქართველოს“ ერთიანობის ჩამშლელი პოზიცია, ოპოზიციის ერთიან კანდიდატს მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსთან მოუწევდა ბრძოლა და ეს ბრძოლა შეიძლებოდა მოეგო კიდეც. მაგრამ ებრძოლო ერთდროულად ხელისუფლებას და ხელისუფლებისგან ყველანაირად მხარდაჭერილ „ოპოზიციურ“ კანდიდატს, ეს გარანტირებულ მარცხს ნიშნავს. ეს მარცხი ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითად აისახებოდა საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივაზეც. წაგებით დაწყებული ერთიანი ფრონტი ნაკლებ სავარაუდოა, მოგებით დასრულდეს.
როგორც ჩანს, ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ უმჯობესია, ოპოზიციამ ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. ამით ოპოზიცია რეპუტაციასაც შეინარჩუნებს, ვინც ბოიკოტს არ შემოუერთდება, მათ ლუსტრაციასაც მოახდენს და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებასაც მეტ დროს დაუთმობს.
ამასობაში, ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში ნელ-ნელა იკვეთება ხელისუფლების კანდიდატი. სახელდება ორი: „მრეწველი“ ზურაბ ტყემალაძისა და ვანელი დავით ლორთქიფანიძის კანდიდატურა, თუმცა არც ერთსა და არც მეორეს არ ეტყობა, რომ მათი კანდიდატურა ვინმესთან იყოს შეთანხმებული. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ეს მათი პირადი სურვილების დემონსტრირება უფროა. „მრეწველებს“, რომლებსაც „ოცნებამ“ ერთი მაჟორიტარი უკვე შეუსრიალა პარლამენტში, ეტყობა, მადა აღეძრათ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ერთ მაჟორიტარს ხელისუფლებამ ხუთი თავისი დეპუტატი აჩუქა და ფრაქცია „მრეწველები შეაქმნევინა“. იმ შემთხვევაში, თუ ტყემალაძე ხელისუფლების წარდგენილი კანდიდატი იქნება შუალედურ არჩევნებზე, დიდი შანსია, სიმონ ნოზაძის ფრაქციას კიდევ ერთი წევრი დაემატოს. თუმცა ოპოზიციის ბოიკოტმა, შესაძლოა, ტყემალაძის ოცნებებში კორექტივები შეიტანოს. კერძოდ კი ის, რომ ბოიკოტის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ჰაერივით დასჭირდება თავისი სატელიტები, სწორედ სატელიტების როლში.
მხოლოდ ბოკერიას პარტიასთან ჭიდილი ხონი-ვანის არჩევნებს ძალიან დაამსგავსებს 2015 წლის საგარეჯოს შუალედურ არჩევნებს, სადაც, მთელი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მხოლოდ ორი პარტია მონაწილეობდა. ანალოგიური ვითარება რომ არ შეიქმნას, არაა გამორიცხული, ზურაბ ტყემალაძეს კენჭისყრა თავისივე პარტიიდან სთხოვონ. ამ შემთხვევაში არჩევნებში არა ორი, არამედ უკვე სამი პარტია მიიღებს მონაწილეობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ოცნების“ სატელიტების სიაში კიდევ სამი-ოთხი პარტიაა, ხელისუფლებას „მრავალპარტიული“ არჩევნების უზრუნველყოფა არ გაუჭირდება.
თუმცა დაუძლეველ პრობლემად მათთვის ის დარჩება, რომ საზოგადოებისთვის ეს არჩევნები მაინც ერთპარტიული იქნება.
რაც შეეხება დავით ლორთქიფანიძის კანდიდატურას, ბევრი, ალბათ, ვერც ხვდებით, ვისზეა საუბარი. გაგახსენებთ, რომ ეს ის „ოცნების“ დეპუტატია, რომლის პიჯაკისა და სათვალის გამო რამდენიმე ახალგაზრდას ციხეში უშვებდნენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლორთქიფანიძე „ოცნების“ სიაში აღარ შეიყვანეს, არც რომელიმე სათხილამურო კომპლექსის დირექტორად დაუნიშნავთ ჯაჭვლიანივით და ამიტომ ყველამ ჩათვალა, რომ ეს შემთხვევით გადეპუტატებული ადამიანი, ასევე შემთხვევით ჩაბარდა პოლიტიკურ ისტორიას. მაგრამ, როგორც ჩანს, ის თავად ასე არ ფიქრობს და კატეგორიულად მოითხოვს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ ის დაასახელონ. ის, რომ ხელისუფლებაში საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ, ამას საზოგადოება უკვე შეეგუა, მაგრამ თუ რიგით საარჩევნო ოლქშიც ასეთი კომიკური ვითარება შეიქმნებოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო.
საბოლოო ჯამში, ხონი-ვანის შუალედური არჩევნების ჩატარება მაინც სუსის ზურგზე გადაივლის. ბოლოს და ბოლოს, გიორგი ლილუაშვილი, რომლის გამოც გახდა აუცილებელი შუალედური არჩევნები, პარლამენტიდან სწორედ სუსში გადაიყვანეს და უფროსის მოადგილედ დანიშნეს, ასე რომ, არჩევნების ჩატარებასაც მას დაავალებენ. დიდი ალბათობით, სწორედ ლილუაშვილის შემოთავაზებულ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნებაც“.
თუ შუალედური არჩევნების შედეგით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ყველას გვესმის, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად საეტაპო შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ რვა თვეა დარჩენილი, სულ უფრო ახლოვდება ის დრო, როცა პარტიებმა კანდიდატურები უნდა დაასახელონ. პირველ რიგში კანდიდატის დასახელების ვალდებულება ხელისუფლებას აქვს. კვირიკაშვილისა და სერგეენკოს კანდიდატურების ჩახსნის შემდეგ „ოცნებაში“ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. როგორც ჩანს, ამ დაეფიციტის შესავსებად ხელისუფლებამ ხმა გამოაგდო, საპრეზიდენტო კანდიდატად თეა წულუკიანს ვაყენებთო. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ამ ხელისუფლების საყვარელი ტაქტიკაა. სანამ რაიმე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, მედიის მეშვეობით ცდილობენ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი შეიტყონ. ამიტომაც ჭორად ავრცელებენ ხმას და შემდეგ რეაქციებს აკვირდებიან. წულუკიანის კანდიდატობაც ძალიან ჰგავს ამ პოლიტიკურ ზონდაჟს. იმისთვის, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეტად დამაჯერებელი იყოს, საპარლამენტო უმრავლესობიდან ისიც დაუმატეს, რომ ქალებს ისეთივე შანსი უნდა ჰქონდეთ, როგორც კაცებსო. თუმცა როგორადაც არ უნდა ეცადონ ხელისუფლებაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით არსებული დეფიციტის აღმოფხვრას, ჯერ მაინც ვერ ხერხდება. ჩაშლილი სასამართლო რეფორმისა და მურუსიძის ხელით მართული მოსამართლეების პირობებში იუსტიციის მინისტრის დაწინაურების პერსპექტივა მოსახლეობისთვის დიდი ვერაფერი ამბავია.
წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოლო, პირდაპირი წესით ჩატარებულ არჩევნებს ბევრი ეძახის. როგორც ცნობილია, „ოცნების“ მიერ მიღებული ერთპარტიული კონსტიტუციით პრეზიდენტს ქართველი ერი პირდაპირი წესით წელს ბოლოჯერ აირჩევს. 2024- დან მას, პრაქტიკულად, ხელისუფლება დანიშნავს თავისივე არჩეული ხმოსნების მეშვეობით. არადა, მოსახლეობის 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ მისი სურვილია, პრეზიდენტი ხალხის მიერ ირჩეოდეს. მოსახლეობის ასეთი ერთსულოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი მაინც ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებია. ამიტომაც აქვს შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ესოდენ დიდი მნიშვნელობა. თუ ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს, მეოცნებეები იტყვიან, რომ რახან ამომრჩეველმა ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ე. ი. საზოგადოება ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებს ემხრობა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი მართებულად უქმდებაო, მაგრამ თუ ხელისუფლება დამარცხდა, ეს იქნება ღია გზავნილი მთელი მოსახლეობისგან, რომ ივანიშვილის პოლიტიკა მიუღებელია და „ოცნების“ ერთპარტიული კონსტიტუცია შესაცვლელია.
მიუხედავად ყველა მხრიდან შეკვეცილი უფლებებისა, ოპოზიციონერი პრეზიდენტი უზარმაზარ ძალას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში. ამ ძალას, პირველ რიგში, მას ის ლეგიტიმაცია ანიჭებს, რომელსაც ამომრჩევლისგან მიიღებს. პრეზიდენტი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მთელი ერის უმრავლესობა ენდობა. ის არის მთავარსარდალი და რაც მთავარია, სწორედ პრეზიდენტი არის ქვეყანაში კონსტიტუციის გარანტი.
ხალხისგან მიღებულ ლეგიტიმაციას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუ სწორი მიმართულებით გამოიყენებ. ეს ლეგიტიმაცია მის მფლობელს, მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა, ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ სუბიექტად ყველა შემთხვევაში აქცევს. პრეზიდენტის ძალაუფლების იარაღს კი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ხალხოსნობა და ადამიანების ნდობით შექმნილი მისი იმიჯი. როგორი უუფლებოც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, თუ მას ერი ენდობა და ხალხი რეალურად მხარს უჭერს, მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გაუჭირდება მთავრობასაც და საპარლამენტო უმრავლესობასაც.
ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი არის ძალა, რომელსაც შეუძლია ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ ჯერჯერობით დაქსაქსული ადამიანების გაერთიანება და ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი აზრის წინამძღოლობა, რომელსაც ვერანაირი მილიარდები წინ ვერ დაუდგება. ძლიერი პოლიტიკური ნების მქონე პრეზიდენტს შეუძლია თავდაყირა დააყენოს ის ჩამყაყებული პოლიტიკური ჭაობი, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. მას შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგება. თუ გავითვალისწინებთ მათ მუდმივად უკან-უკან მიმავალ რეიტინგს, საპრეზიდენტო არჩევნების წაგება მათთვის ისეთი დარტყმა იქნება, რომლის შემდეგ გონზე მოსვლას ივანიშვილის გუნდში ვეღარც შეძლებენ.
იმ 90%-ზე მეტი ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შენარჩუნებას ითხოვენ, ოპოზიციონერი პრეზიდენტის პირობებში საზოგადოებრივი უკმაყოფილების ისეთ ტალღად გადაიქცევა, რომლის ზეწოლის ქვეშასც „ქართულ ოცნებას“ გარდაუვლად მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებების თავიდან გატარება. ოღონდ, ამჯერად, უკვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
ყოველივე ამის გამო არის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ეტაპობრივი დატვირთვის. ამიტომაც აქვს განუზომლად დიდი მნიშვნელობა იმას, რამდენად მოხერხდება ოპოზიციის შეთანხმება ერთიან კანდიდატზე. ერთიანობა, ამ შემთხვევაში, აუცილებელი ძალის დემონსტრირებაა – ძალის, რომლის დანახვის შემთხვევაში საარჩევნო უბნებთან გამარჯვების მომასწავებელი კილომეტრიანი რიგები დადგება.

დემნა ვეშაპიძე

 

.