ყველაზე ძლიერი ქალები მსოფლიოში

„ქალი სუსტია, მაგრამ დედა _ ძლიერი“, _ ჰიუგომ ასე განსაზღვრა დედის რაობა.
ყველაზე ძლიერი არსებები მსოფლიოში სწორედაც რომ დედები არიან. ქალები, რომლებიც საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის მზად არიან, ყველანაირ დაბრკოლებას გაუმკლავდნენ და შეცვალონ ცხოვრება, გახდნენ უკვდავები და შეუძლებელიც კი შეძლონ.

სკოლაში ყველას გვასწავლიდნენ, უფრო პატარები რომ ვიყავით, წარმოთქმითაც გვათქმევინებდნენ ლექსებს დედებზე _ ცხოვრების საწყისებზე, რომელთა სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე დიდი სიყვარული _ დედაშვილობა.
მართალია, ყველა დღე იმისაა, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ, თუმცა დედებს, ყველაზე ძლიერ ქალებს მსოფლიოში, თავიანთი პერსონალური დღეც აქვთ კალენდარზე წითლად მონიშნული, როცა ყვავილებით თუ ფერადი წარწერებით ხელდამშვენებული შვილები მათი გულის გახარებას და დღესასწაულის გალამაზებას ცდილობენ.
საინტერესოა, რატომ აღინიშნება მარტის სამში დედების დღე? საიდან იღებს სათავეს ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან თბილი და საყვარელი დღესასწაული?
შეიძლება, ბევრმა არც იცოდეს, რომ დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა. მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს – 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება.
და მარტი ქალების თვეა დღემდე. გაზაფხული დგება და იწყება ქალთა დღესასწაულები.
დაე, იცნობდეთ ყველაზე ძლიერ ქალებს მსოფლიოში, ქართველი დედების მცირე ნაწილს თავიანთი ისტორიებით და შვილებისამდი უსაზღვრო სიყვარულით და თავდადებით, რაც ყველა დედას აერთიანებს მსოფლიოში.

სტუდენტი დედა

თამუნა კაცაძე, 24 წლის:
_ 2011 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე. პირველ კურსზე შევქმენი ოჯახი, ამიტომ მომიწია აკადემიურის აღება და დროებით შევწყვიტე სწავლა. მისი გაგრძელება 3 წლის შემდეგ შევძელი. ამჟამად ვარ მეოთხე კურსზე, დროებით უმუშევარი. სწავლის პარალელურად ვზრდი 2 შვილს.
მყავს გოგონები: ქეთევანი და ელისაბედი. პირველი შვილი ქეთევანი მეყოლა 19 წლის ასაკში, ხოლო ელისაბედი _ 20 წლის ასაკში. ქეთევანი ამჟამად 5 წლისაა, ხოლო ელისაბედი _ 4-ის.
პირველი შვილის დაბადებისას ბავშვობის ასაკს სულ 1 წელი მქონდა გადაბიჯებული. მისი დაბადება, რა თქმა უნდა, დიდ ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ პარალელურად ვგრძნობდი, რომ მისი გაჩენის წამიდან უდიდესი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. ახლაც მახსოვს ის სიხარული, როდესაც პირველად დავინახე ქეთევანი. სულ პაწაწინა იყო, ვარდისფერი ლოყები, ქერა თმა და დიდი, დიდი ყავისფერი თვალები ჰქონდა. მისი ხელში აყვანა და ჩემი თვალებიდან ცრემლების წამოსვლა ერთი იყო. ბედნიერებისგან ვტიროდი და მეგონა, რომ იმ წამს ჩემზე ძლიერი ადამიანი არ არსებობდა, ვგრძნობდი, როგორ მემატებოდა ძალა და ვფიქრობდი, რომ ამ ციცქნას გამო მთელ სამყაროსაც კი გადავუდგებოდი წინ.
ისე მინდოდა, რომ რაც შეიძლება მალე დაეძახებინა ჩემს შვილს დედა, მგონი, დღეში 100-ჯერ ვუმეორებდი ამ სიტყვას. ჩემმა გულმოდგინე მცდელობამაც უქმად არ ჩაიარა და, დაახლოებით, 7-8 თვის ასაკში უკვე გამართულად მეძახდა დედას. მახსოვს, პირველად დილას, გამთენიისას გადმობრუნდა ჩემკენ, ჩემს სახეზე უყვარდა თამაში და სწორედ, მაშინ დამიძახა დედა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დილის 6-7 საათი იყო და საშინლად მეძინებოდა, სასწრაფოდ გამოვიფხიზლე თავი, ხელში ავიყვანე და ძალიან ბევრი ვეფერე. ეს იყო ყველაზე დადებითი ემოციებით სავსე წუთები.
დედა _ ეს ყველაფრის საწყისია ჩემთვის. ყველაზე ახლო, ყველაზე თბილი, ყველაზე მზრუნველი, ყველაზე მფარველი რამ, რაც კი შეიძლება ამქვეყნად არსებობდეს. დედობა არ არის მხოლოდ ბავშვის გაჩენა. სწორედ, მისი გაჩენის დღიდან იწყება ნამდვილი დედობა. შვილის გაზრდა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე მისი აღზრდა. სწორად აღზრდილი შვილი, ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა მშობლისთვის. ეს არის ურთულესი გზა, რომელიც დიდ მოთმინებასა და თითოეული გადადგმული ნაბიჯის გაზომვას მოითხოვს.
სტუდენტობა და დედობა ურთულესი საქმეა, მაგრამ, ამავდროულად ეს არის ყველაზე დიდი მოტივის მომცემი რამ. როცა იცი, რომ შვილები გყავს აღსაზრდელი, როცა იცი, რომ მხოლოდ შენ ხარ მათი პატრონი, მათი მაგალითი, 100-ჯერ უფრო გეზრდება მოტივაცია, რომ შენი კარგი სწავლით შვილებს, შეძლებისდაგვარად, ნათელი მომავალი შეუქმნა. საბედნიეროდ, არსებობს საბავშვო ბაღი, სადაც ისინი დღის ძირითად დროს ატარებენ, მე კი თავისუფალი დრო მრჩება, რომ ლექციებს დავესწრო, ხოლო მათი დაძინებისთანავე ვიწყებ მეცადინეობას. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ შესაძლებელი. თუ სურვილი გვაქვს, ვერც შვილი და ვერც ვერაფერი სწავლაში ხელს ვერ შეგიშლის. პირიქით, კვლავ ვიტყვი, რომ შვილი ყველაზე დიდი მოტივაციაა, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს.

საქმიანი, წარმატებული დედა

თათია ჩაფიჩაძე, 28 წლის:
_ პროფესიით ჟურნალისტი ვარ. პირველი კურსიდან სხვადასხვა მედია საშუალებაში ვმუშაობდი. ბოლო 3 წელიწადზე მეტია, უკვე „ბიზნეს მედია საქართველოს“ წევრი ვარ, რომელიც ამჟამად „ტვ პირველზე“ გადის.
დედა საკმაოდ ადრეულ ასაკში გავხდი, 21 წლის. 2011 წლის 21 თებერვალს დაიბადა ნიკოლოზი და მას შემდეგ ერთად მოვდივართ და ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. საკმაოდ მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო, ზედმეტად არასდროს არავის აწუხებდა და დღემდე ასე გრძელდება. ამბობენ, რომ საკმაოდ გონიერი და ჭკვიანია. ყველა თემაზე შეგიძლია ელაპარაკო და ყველაფერს ზუსტად ისე იგებს, როგორც საჭიროა. ამჟამად პირველ კლასის მოსწავლეა. სულ ცოტა ხნის წინ 7-ის გავხდით, თუმცა ორივემ ვიცით, რომ არც ფიზიკურად და არც გონებრივად 7 წლის ბავშვთან საერთო არაფერი გვაქვს.
ვერ ვიტყვი, რომ დანახვისთანავე ვიგრძენი, რას ნიშნავდა შვილის გაჩენა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ნიკოლოზი ჩემი საბაკალავროს დაცვის დღეს დაიბადა და უკვე გაბრაზებული ვიყავი მასზე, რომ უნივერსიტეტის ბოლომდე დასრულება არ დამაცადა. ჩვენი ურთიერთობა, ფაქტობრივად, მეორე დილიდან დაიწყო, როცა ფიზიკურად მისი მოვლა შევძელი. ეს უწყვეტი ურთერთობა, დაახლოებით, 8 თვე გაგრძელდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთადერთი მონაკვეთი, როცა არ ვმუშაობდი და ყველაზე ბევრი დრო მქონდა მასთან ურთიერთობისთვის. ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო, მანამდე ძალიან დიდხანს „დადა, დადას“ ძახილით შემოიფარგლებოდა. თბილი და ტკბილი ხმა რომ გეძახის, ყოველთვის კარგი შეგრძნებაა.
დედობა _ ყველაზე რთული პროფესია პროფესიებს შორის. პროფესია, რომელიც არც ერთ შეცდომას არ გაპატიებს და წინ აუცილებლად დაგხვდება ყველა არასწორი ნაბიჯი, რომელიც მასთან მიმართებით გადადგი. ყველაზე მთავარს რასაც ვცდილობ არის ის, რომ მასთან მეგობრობის ჯაჭვი არ გაწყდეს და პირიქით, ყოველდღე ეს ურთიერთობა ამ ფორმით გაძლიერდეს. არ მინდა, რომ ოდესმე მას ჩემთან რამე დასამალი ჰქონდეს, ან კიდევ უარესი, რამეს ვერ მეუბნებოდეს შიშის ან იმის გამო, რომ ვერ გავიგებ. დედობა არის როლი, სტატუსი და ვალდებულება, რომ შვილს სწორად ცხოვრება ასწავლო. უბრალოდ, ამ სწავლებას გარკვეული ციკლი აქვს, რომლის დასრულების შემდეგ მისი ცხოვრება მხოლოდ მისია და მასში ჩარევისა და მით უფრო, რამის გადაწყვეტის უფლება არავის აქვს, მათ შორის, არც დედას.
დროის დეფიციტი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რაც უკვე წლებია მაწუხებს. არასდროს მყოფნის 24 საათი იმ ყველაფრის მოსასწრებად, რაც იმ დღეს მაქვს დაგეგმილი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ნიკოლოზთან პრობლემები მექმნება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც გაგებით ეკიდება, სწორედ ჩემი სამსახურია. ვფიქრობ, რომ ურთიერთობის დეფიციტი არ გვაქვს, ყოველდღე ვაჯამებთ განვლილ დღეს, სკოლის, სამსახურის ამბების ვუყვებით ერთმანეთს და ა. შ. დასვენების დღეების 90%, ფაქტობრივად, მის განკარგულებაშია. მთელი კვირის დანაკლისის ამოვსებას შაბათ-კვირის ხარჯზე ვახერხებთ.

მრავალშვილიანი დედა

ფიქრია თევზაძე, 34 წლის:
_ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად თბილისში, ვარ დიასახლისი.
16 წლის ასაკში უკვე დედა ვიყავი, შესაბამისად, სწავლა ვერ მოვასწარი, შემდეგ გადაბმით მეყოლა ექვსი შვილი და არავინ მყავდა დამხმარე, ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება, თუმცა აუცილებლად ვაპირებ, რომ რომელიმე პროფესიას დავეუფლო. მიმაჩნია, რომ განათლების მიღება და საკუთარი თავის დამკვიდრება არასდროსაა გვიან.
6 შვილი მყავს. უფროსია ნინო ხანთაძე, რომელიც 18 წლისაა, შემდეგ არის ანა-მარია 15 წლის, ბარბარე 10 წლის, ზურა 6-ის, ელისაბედი 4-ის და ანდრია 2 წლის.
ყველა განსხვავებულია ხასიათებით და თვისებებით.
რთულია, მარტომ აღზარდო ექვსი შვილი, მაგრამ ტკბილია, საღამოს დაღლილი რომ ჩამოვჯდები და ყველას ერთად თავმოყრილს ვხედავ, მაშინ ბედნიერი ვარ. ძილის დროს ყველას რომ ჩამოვუვლი საწოლებთან, ტკბილად ვაკოცებ შუბლზე და მშვიდობიან ღამეს ვუსურვებ, სულ ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ვარ, რადგან ესენი ყველა მე მოვავლინე ქვეყანას. სწორედ ამ წამს ვაცნობიერებ, რამხელა სიმდიდრის მფლობელი ვარ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ დიდი მზრუნველობის გრძნობა აქვთ.
პირველად დედა რომ გავხვდი, ძალიან პატარა ვიყავი. მაშინ გააზრებული არ მქონდა, რამხელა ბედნიერებაა ეს, თუმცა შემდეგ უკვე უფრო ადვილი იყო, _ რაც მეტ შვილს ვაჩენდი, მით მეტად ვაცნობიერებდი, რა სასწაული შეგრძნებაა დედობა. ყველა შვილის გულისცემის გაგებისას ვიტირე, სულ მგონია, რომ ეს პირველია და აქამდე ასეთი არაფერი განმიცდია.
უფროსმა შვილმა პირველად დედა 6 თვის ასაკში დამიძახა და მახსოვს, ვიტირე. მივხვდი, რომ მხოლოდ ამის გამო ღირდა, მთელი ჩემი ცხოვრება, რომელიც გამოვიარე.
დედობა ძალიან მაგარი რამაა, ყველაზე მაგარი რამ, რაც ქალმა შეიძლება განიცადოს. ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისობა, არ გვაქვს შესაბამისი ხელშეწყობა და არც სტატუსი, რასაც ძალიან განვიცდი. ქალი თუ მოინდომებს, ყველაფერს მოასწრებს. ახლა პატარებს ჩემი მზრუნველობა სჭირდებათ და ნაკლებად მაქვს დრო თავის მოსავლელად, თუმცა ქალს ყველაზე მეტად სწორედაც რომ ბუნებრიობა უხდება. ყველაზე ბუნებრივად და ლამაზად კი ჩემს შვილებთან ერთად ვგრძნობ თავს.

ემიგრანტი დედა

ნონა მაღლაკელიძე, 50 წლის:
_ ვმუშაობ საბერძნეთში ერთ-ერთი ოჯახის დამხმარედ. მყავს ორი შვილი: 32 წლის ავთო და 31 წლის მარინა.
პირველად დედა 18 წლის ასაკში გავხდი. არ მჯეროდა, რომ ეს ბავშვი, რომელიც ახლახან მოევლინა სამყაროს, ჩემი იყო და სულ მინდოდა მეყურებინა. ექთანს ვთხოვე, ცოტა ხნით დამიტოვე, თუ შეიძლება, მხოლოდ შევხედავ, მეტს არაფერს ვიზამ-მეთქი. მინდოდა, სულ მის გვერდით ვყოფილიყავი. დანახვისთანავე რაღაც ენით აუხსნელმა გრძნობამ დამიარა სხეულში, ალბათ, სწორედ ეს იყო დედობრივი გრძნობა და სიყვარული, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ. დედობა, ჩემი აზრით, დიდი ვალია ცხოვრებაში, რომელსაც პირნათლად შესრულება სჭირდება.
ჩემმა შვილმა პირველად დედა რომ დამიძახა, ამ ემოციას ვერ აღვწერ. მინდოდა, ყველას გაეგო, რომ ავთომ დედა დამიძახა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დედა მქვია.
უკვე 11 წელია, ემიგრაციაში ვარ და აქ ვმუშაობ ჩემი სამშობლოდან და შვილებიდან შორს. თავის დროზე, იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ საშუალება არ მქონდა, შვილები მერჩინა, მათთვის საჭირო პირობები შემექმნა და მათი მომავალი ცხოვრება გამელამაზებინა. ძალიან მიჭირს მათგან შორს ყოფნა, მხოლოდ სკაიპით და ფოტოებით მათი დანახვა. უკვე ბებია ვარ, თუმცა ჩემს შვილიშვილებსაც შორიდან ვიცნობ, მხოლოდ ვიდეოში. რთულია, მაგრამ ცხოვრება და დედობის მძიმე ვალი მოითხოვს ამას. მხოლოდ ჩემი შვილების გამო მქვია დღეს ემიგრანტი დედა.
მომავალი დედა

თაკო ფანჯიკიძე, 27 წლის:
_ სწავლა დავამთავრე და 21 წლიდან ვმუშაობ. ამჟამად ჩემი სამსახურია კლუბი 71 საბავშვო დეპარტამენტში.
ჩემი მეორე ნახევარი აკაკი ხომერიკი 2 წლის წინათ გავიცანი და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ძალიან კარგად ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში, ვის და როგორს ვეძებდი, მოვლენებიც მალევე განვითარდა. ერთ წელიწადში, 12 მარტს, დავინიშნეთ და მალევე გვქონდა ქორწილი, ზუსტად ისეთი, როგორზედაც მიოცნებია.
პირველად როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ემოცია ბევრნაირი იყო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, ამავე დროს, ოდნავ დაბნეულები. ვხვდებოდით, რომ რაღაც ძალიან მაგარი მოხდა, იწყებოდა ახალი ეტაპი, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, როგორ წამებში შეგვეცვალა სტატუსი და მომავალი მშობლები გავხდით.
როცა აცნობიერებ, რომ შენს სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდება, ყველაფერი რადიკალურად სხვანაირი ხდება, იცვლება ცხოვრების სტილი, აღარ ფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავზე და ყველაფერს აკეთებ, იმასაც კი, რაც წარმოუდგენლად მიგაჩნდა, ოღონდ შენი შვილი ჯამრთელი მოევლინოს ქვეყანას და ქალის მთავარი ოცნება ახდეს.
როდესაც პირველ მკვეთრად გამოხატულ მოძრაობას იგრძნობ, ყველაზე მეტად ზუსტად მაშინ აღიქვამ ფაქტსაც, რომ მუცლით დაგყავს ადამიანი, რომელიც არ გინახავს და უკვე ქვეყანას გირჩევნია.
ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცი, რა შეგრძნებაა, იყო დედა, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, იმ წამიდან, როცა გაჩნდება და პირველად დავინახავ, მის გამო ყველაფერს შევძლებ, თუნდაც ქალისთვის შეუძლებელს!

ანა ურუშაძე