ადვოკატი: „გრიგოლ ბაკურაძე უკვე მოძალადედ შერაცხეს და ვშიშობ, „სანიმუშოდ“ არ დასაჯონ“

„ქრონიკა+“ უკვე წერდა, რომ ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულების წინ, ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის ახლობლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ბაკურაძე უნდა განთავისუფლდეს, რადგან ის პროვოკაციის მსხვერპლია. ციხესთან იმყოფებოდა ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, პატიმარი დაწესებულებაში შიმშილობს და თვითმკვლელობაც სცადა.

ლედი ტუკვაძემ გრიგოლ ბაკურაძე საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. ადვოკატმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაარღვია უ8დანაშაულობის პრეზუმპცია, როცა ბაკურაძე მოძალადედ გამოაცხადა მაშინ როცა, ჯერ არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება და პირდაპირ მიუთითა საოლქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ გირაო, რასაც ძალიან ხშირად იყენებენ მსგავსი ტიპის დავებზე, პატიმრობით შეცვლილიყო.
ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულის მოსანახულებლად დაწესებულებაში ფსიქოლოგიც შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ბაკურაძემ 3 იანვარს ყოფილ ცოლსა და სიმამრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 5 იანვარს საქალაქო სასამართლომ ბაკურაძე გირაოთი გაათავისუფლა. ამის შემდეგ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაკურაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ამ საქმეზე „ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტია სამოქალაქო საქმის ადვოკატი _ ლალი გოჩელაშვილი:
_ ქალბატონო ლალი, თქვენი უფლებადაცვითი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულება გაქვთ ბაკურაძე-გოშხეთელიანის დავის (სამოქალაქო, სისხლის სამართალი) მიმართ?
_ ვინაიდან მ. გოშხეთელიანმა გაახმაურა პირადი და ოჯახური ცხოვრების ფაქტები და საყოველთაო განხილვის საგნად აქცია, ჩემი მარწმუნებლის გრ. ბაკურაძის თანხმობით, შემიძლია გიპასუხოთ შეკითხვებზე. მგონია, ეს დავა წამოწყებულია იმ მიზნით, რომ „გახმაურებული საქმის“ გრიფით გაშუქებულიყო და დიდი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა.
ჩემს ამ მოსაზრებას მიმყარებს გასულ წელს მხარეებს შორის მორიგებით დასრულებული სამოქალაქო საქმე, სადაც მოსარჩელე იყო მ. გოშხეთელიანი და მოპასუხისგან, გ. ბაკურაძისგან მათი მცირეწლოვანი შვილის ნახვის უფლების აღდგენას ითხოვდა.
როგორც წესი, ქართულ სინამდვილეში, ასეთი კატეგორიის დავებში მამები არიან მოსარჩელეები. ამ შემთხვევაში კი დედა ითხოვდა რამდენიმე დღეს შვილთან ურთიერთობისთვის.
როცა საქმის გარემოებებს გავეცანი, გამოირკვა, რომ მხარეებს შორის სადავო არაფერი იყო. გ. ბაკურაძე ხელს არ უშლიდა დედას შვილთან ურთიერთობაში, პირიქით, პირად მიმოწერაში გრიგოლი ყოფილ მეუღლეს სთხოვდა, შვილთან უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონოდა, რადგან ბავშვი უდედობას განიცდიდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველსავე სასამართლო სხდომაზე მხარეები მორიგდნენ და დედას, მისივე მოთხოვნით, ბავშვთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ვადა _ ყოველი ორშაბათის 10:00 სთ-დან, ოთხშაბათის 10:00 სთ-მდე.
გოშხეთელიანი-ბაკურაძის საქმე ჩემს პრაქტიკაში ნამდვილად განსხვავებულია ამ თვალსაზრისით, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე აქ არ დასრულებულა.
მხარეთა მორიგებიდან დაახლობით ერთ თვეში დამიკავშირდა გრ. ბაკურაძე და სამართლებრივი დახმარება მთხოვა ამ მორიგების აღსასრულებლად, რადგან დედამ შვილს არ მოაკითხა შეთანხმებულ დროს და ბავშვი ამას განიცდიდა, დედა ენატრებოდა. მე ავუხსენი, რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს ასეთ შემთხვევაში, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭირო აღარ გახდა, რადგან საახალწლოდ დედამ შვილი წაიყვანა.
მე წაკითხული მაქვს გოშხეთელიანი-ბაკურაძის სატელეფონო მიმოწერა და ნამდვილად მქონდა იმის მოლოდინი, რაც შემდეგ მოხდა. მე ვაფრთხილებდი გიგას (გრიგოლს), სიფრთხილე გამოეჩინა და რაიმე პროვოკაციის მსხვერპლი არ გამხდარიყო. წაკითხული მაქვს ის მიმოწერაც, რის გამოც მივიდა გრ. ბაკურაძე გოშხეთელიანების ოჯახში, რომ ყოფილი მეუღლის მშობლები ჩაეყენებინა საქმის კურსში, თუ როგორ იქცეოდა მათი ქალიშვილი.
ჩემი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ და, ზოგადადაც, ასეთია:
ყველა დავა სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, მხოლოდ კანონის საფუძველზე. ტელევიზიით ანდა პრესით დავების განხილვა, ვინ მართალია და ვინ _ მტყუანი, ჯერ მართლმსაჯულებას, შემდეგ საზოგადოებას აზარალებს. ამ საქმეზეც და არაერთზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა მას შემდეგ, რაც ეს საქმე, ასე ვთქვათ, „გატელევიზორდა“.
ყველას თავისი ინტერესი აქვს _ არასამთავრობოებსაც, პოლიტიკოსებსაც. მოსამართლეს კი დიდი გამბედაობა ჰმართებს, რომ არაპოპულარული, მაგრამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს. ზოგადად, ოჯახში ძალადობის უამრავი საქმეა პრაქტიკაში, მართლაც ძალადობის და ასეთი საქმეები არ ხმაურდება.
_ ამ საქმეში გამოსავალს სად ხედავთ?
_ გამოსავალი ის იქნება, თუ ამ საქმეზე გადაჭარბებული ხმაური შეწყდება არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან და სასამართლოს მივანდობთ დავის სწორად და სამართლიანად გადაწყვეტას.
მე, როგორც ადვოკატი და ამ ქვეყნის მოქალაქე, პრინციპულად ვეწინააღმდგები დავის დასრულებამდე სასამართლოს განხილვის პროცესში არსებულ საქმეებზე, პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით წინასწარი აზრი შეიქმნას. არ შეიძლება, წინასწარ გამოვაცხადოთ ვიღაც დამნაშაავედ და ვიღაც _ მსხვერპლად. ეს აზარალებს მართლმსაჯულებას, რადგან შემდეგ, სასამართლოში დავის განხილვისას, მოსამართლე საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება და ეს უკვე დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის ხარისხზე აისახება.
ვშიშობ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უკვე დაზარალდა და მომავალშიც, ამ საქმის არსებითად განხილვისას, ქართულ სასამართლოს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, რამდენად მიუკერძოებელი იქნება და ობიექტურ, სამართლიან განაჩენს გამოიტანს.
საქმის დეტალებს ვიცნობ და ეს საქმე ნამდვილად არ არის კარგი მაგალითი ოჯახურ ძალადობაზე. მაგრამ მავანმა ისეთი რეზონანსული გახადა საჯარო სივრცეში და გრ. ბაკურაძე უკვე მოძალადედ შერაცხეს, ვშიშობ, „სანიმუშოდ“ არ დასაჯონ.
მაინც იმედს ვიტოვებ, გრ. ბაკურაძის ინტერესების დამცველი ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეში ყველა საჭირო მტკიცებულებას წარადგენენ, რომ სასამართლომ სწორად დაადგინოს, ვინ მოძალადეა და ვინ _ მსხვერპლი და, საერთოდ, იყო თუ არა აქ ოჯახური ძალადობა.

„ქრონიკა+“-ის კიდევ ერთი მოპასუხე ადვოკატი ლედი ტუკვაძეა:
_ დეა გოშხეთელიანის მიერ სამართალდამცველი ორგანოებისთვის წარდგენილია ე. წ. სმაილი (რომლის შინაარსიც გაურკვეველია), თითქოს გრიგოლ ბაკურაძემ შემაკავებელი ოქმი დაარღვია და ამის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგ ტელეფონი დათვალიერდა (ეს ადვოკატების დაჟინებული თხოვნით მოხდა) და დადგინდა, რომ იმ რიცხვში ესემესი საერთოდ არ არის გაგზავნილი, ამიტომ სასამართლომ აქტი გააუქმა.
ამის შემდეგ მოსარჩელე ისევ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს და ითხოვს, რომ დაიკითხონ გრიგოლის დედა, და, ძიძა, რომლებიც ინტერვიუში „მოძლადე თუ მსხვერპლი“ წერენ, რომ გრიგოლ ბაკურაძე არაჩვეულებრივი მამაა. ძიძა იხსენებს ისტორიას, თუ როგორ უვლიდა ბავშვს და ა. შ. ამის გამო ითხოვს, რომ ეს ადამიანები სამართალდამცველ ორგანოებში დაიბარონ. მივდივართ და იქვე აღნიშნული გვერდი დათვალიერდა, მათი მხრიდან არანაირი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება არ ყოფილა. იქვე საკითხი დავაყენეთ, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი პოსტები იწერება, სადაც ბაკურაძეების ოჯახის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, მათ უწოდებენ მოძალადეებს, პატიმრების მწამებლებს და ა. შ.
და ეს არის გამოხატვის თავისუფლება? პოსტი, რომელიც ადამიანებს, ოჯახს შეურაცხყოფას აყენებს, ცილისწამებით სავსე არ არის? ამ პოსტის ნახვის შემდეგ ბაკურაძეების მცირეწლოვან შვილს პრობლემები ექმნება. მესამე შვილი ერთ-ერთ ისეთ აქტიურ სკოლაში სწავლობს, სადაც ხშირია კონფლიქტური სიტუაციები მოზარდებს შორის. შედეგად, ბავშვმა სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადა. ამან მამის, გოჩა ბაკურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ადვოკატებმა დაჟინებით ვთხოვეთ, რომ სამართალდამცველებისთვის მიემართა, რათა ოჯახის შეურაცხყოფა აეკრძალათ.
ამიტომ მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერი, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შემდგომში, რადგან ამ ფეისბუქგვერდის იდენტიფიცირება არ მომხდარა, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
17 თებერვალს გოშხეთელიანი ისევ მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, რომ გოჩა ბაკურაძის მხრიდან ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ნიუსის გაზიარება ხდება. ჩვენ ისევ მივყავართ გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში. იქვე დეას მხრიდან შემაკავებელი ორდერის გამოწერა ხდება გოჩა ბაკურაძეზე და ნინო მსხილაძეზე, დედამთილ-მამამთილზე.
ამ დროს, აღნიშნული პოსტებით ყველაზე ღირებული, ბაკურაძეების ოჯახური ღირსება ილახებოდა. მას ყველაფერი წაართვეს და ისევ აქეთ ადანაშაულებდნენ. ოჯახის თეთრეული საქვეყნოდ გამოფინეს, ვისაც კი არ ეზარება, ამ საქმის გარჩევით არის დაკავებული. თუ ქმარსა და ცოლს შორის კონფლიქტი მოხდა, დედამთილი და მამამთილი რა შუაშია?
გარდა ამისა, დაცვის მხარემ ყველა მიმოწერა შეისწავლა, რაც მანამდე დეასა და გრიგოლს შორის მიმდინარეობდა, ასევე ოჯახის წევრებს შორის. როდესაც ამას სასამართლოში წავადგენთ, ან ეს ყველაფერი საჯარო გახდება, იმ ხალხს, ვინც დღეს ბაკურაძეების ოჯახს ლანძღავს, არ შერცხვება? თხოვნა-მუდარის გარდა, რომ მოდი, დეა, ბავშვი ნახე, ხომ არაფერი გჭირდება, ამის გარდა ამ სატელეფონო ჩანაწერებში სხვა არაფერია. ეხვეწება გრიგოლი, რომ ნუ დაელოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოდი და ნახე შენი შვილი. პასუხობს, რომ მე დაველოდები, მოსამართლის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარებაო.
ემუდარება გრიგოლი, რომ მზად არის, მის შვილს დედა ჰყავდეს, მან მოუაროს, რომ სრულფასოვნად გაიზარდოს, ესეც ხომ დადგმული ამბავი არ არის? ამ დროს შოუ-სპექტაკლების დადგმა რაში გვჭირდება? ისევ, რა მოხდა 3 რიცხვში: გრიგოლი ქვეყანაში ბრუნდება, ბავშვი დედასთანაა და უნდა წაიყვანოს. ეს ყველაფერი იმ შეურაცხმყოფელი მესიჯებით იწყება, რასაც გოშხეთელიანი უგზავნის ბაკურაძეს და ეს მესიჯები არამარტო მისი პირადია, არამედ ის ბაკურაძეს უგზავნის მესამე პირის – მისი მეგობარი მამაკაცის, ვინმე ირაკლის მესიჯების ე.წ. სქრინშოტებს, რომელთა შინაარსი დამცინავი და შეურაცხმყოფელია ბაკურაძის მიმართ. ბაკურაძე ხვდება გოშხეთელიანის მეგობარ მამაკაცს ვითარების გარკვევის მიზნით და ისინი მიდიან დეა გოშხეთელიანის მამასთან სალაპარაკოდ, რაც მთავრდება ბაკურაძეზე თავდასხმით გოშხეძთელიანის მამის მხრიდან და ამ კონფლიქტში ერთვება ასევე დეა გოშხეთელიანი. სწორედ ამ კონფლიქტის ამსახველი აუდიოჩანაწერი აქვს დაცვის მხარეს, როგორც მთავარი მტკიცებულება, ასევე ძალიან ბევრი აუდიომასალა, რომლებიც ტელეფონების მეხსიერებებშია შენახული და სადაც კარგად ჩანს ოჯახისა და ბაკურაძის არაჩვეულებრივი დამოკიდებულებები დეა გოშხეთელიანთან.

სადაც უნდა წაიღონ და ექსპერტიზა ჩაატარონ, იქ რამე ძალადობის ელემენტს ვერ ნახავენ. ამას სახალხო დამცველსაც ვთხოვდი, რომ საქმეში მისი ექსპერტები ჩაერთონ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ნახონ, ამ ოჯახში ძალადობრივ ქმედებას მართლა ადგილი ჰქონდა თუ არა? მარტო ერთ მხარეს რატომ ეყრდნობიან?
იმ დღეს, 3 იანვარს, იგივე სახის დაზიანებები გრიგოლ ბაკურაძესაც აქვს მიღებული. ამის შემდეგ, გოშხეთელიანები ამბობენ, რომ გრიგოლი მათ ახრჩობდა. სად არის ამ მოხრჩობის დაზიანებები? თითქოს წიხლებით სცემდა, სად არის დაზიანებები, როდესაც ამდენი სახის ექსპერტიზაა ჩატარებული? სად ისმის იქ ბავშვის ხმა, რომელიც კვალიფიკაციის განმსაზღვრელია, რომ თითქოს ეს არასრულწლოვნის თვალწინ მოხდა.
წაიღეთ, ბატონებო, ეს მტკიცებულებები, ჩვენ თუ არ გვენდობით, ექსპერტიზა თქვენ ჩაატარეთ. არასწორი ინფორმაციაა, რომ გრიგოლი ახრჩობდა, წიხლებით სცემდა, ადგილზე ბავშვი იყო და რომ ამდენი ხანი ძალადობდა. განხორციელებული გეგმის შედეგად, გრიგოლ ბაკურაძემ თვითმკვლელობა სცადა.
შემდეგ ყალბი ფეისბუქგვერდები იქმნება, საიდანაც ცალკე მე მემუქრებიან, ცალკე ისევ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, რომ გრიგოლ ბაკურაძე მოძალადეა; რომ მას არც თვითმკვლელობა უცდია და მისთ. როდესაც შესაბამისი მასალები, აუდიოჩანაწერი არსებობს, მოვიდეს ნებისმიერი ექსპერტი და მზად ვართ, პასუხი გავცეთ.
აი, ამ ფონზე, ეს ბიჭი 30 დღეა, შიმშილობს, ასე გამოხატავს მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აქვს (ფაქტობრივად, დიაბეტი) და ექიმი ვერ შევიყვანეთ. ასევე თირკმლებზე პრობლემები აქვს და სასჯელაღსრულებას ვთხოვეთ, რომ თვითონვე სამკურნალოდ გადაიყვანოს.
სხვადასხვა ქვეყანაში მისი ბიზნესი საფრთხის ქვეშ დგას. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, ამ მუხლზე ერთადერთია, ვინც პატიმრობაში ზის, ეს ვისი დაკვეთით ხდება? ამიტომ აღკვეთის ღონისძიება სტრასბურგშიც გასაჩივრებულია.
_ სასამართლო სხდომა როდის არის?
_ ვადები გააგრძელეს. თითქოს გოშხეთელიანები ახალ ექსპერტიზას ატარებენ მამამისთან დაკავშირებით. ჩვენც მოვითხოვეთ, რომ ყველა სატელეფონო ამონაწერზე ექსპერტიზა ჩატარებულიყო და ამის გაკეთება არავის სურს _ არც გამოძიებას და არც სამოქალაქო სექტორს და მათ შორის, არც დეა გოშხეთელიანს.
თუ სასამართლო წნეხიდან და შეკვეთიდან განთავისუფლდა, საბოლოო ჯამში, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. წინა ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ, პოლიტიკური შეკვეთები გაქვთო და დღეს ამას არასამთავრობო სექტორი აკეთებს, რასაც ტელემართლმსაჯულებაც ემატება. მოსამართლეები სწორედ ამით ხელმძღვანელობენ. ეს ქვეყანა აღარ არის, თემიდა სასამართლო დარბაზიდან უკვე გაიქცა, და პროკურატურა, სასამართლო და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები დეა გოშხეთელიანის კაპრიზების მიხედვით მოქმედებენ.
ჩვენ ვგმობთ ძალადობას, მაგრამ ეს ძალადობის საქმე არ არის.
ამიტომ მეორე მხარემ ბავშვის მომავალზე უნდა იზრუნოს, რადგან ბაკურაძეების მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ადამიანი მორალურად, ეკონომიკურად გაანადგურეს, ბიზნესები საფრთხის ქვეშ დაუყენეს, ბანკებში უამრავი საკრედიტო ვალდებულება აქვს, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოაცალეს. ამით ჩვენ, ყველა ერთად, გრიგოლ ბაკურაძეს ვანადგურებთ.

ამ საქმესთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა დეა გოშხეთელიანს კითხვები გაუგზავნა (მთავარი აქცენტი ამ საქმიდან გამოსავალზე გაკეთდა ორივე მხარისთვის, რომ მათი და ასევე შვილის ინტერესები არ დაზარალდეს), რაზეც ასეთი შინაარსის პასუხი მივიღეთ:
„ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ გაინტერესებდეთ სიმართლე, გაიგოთ თუ რა მოხდა ჩემ თავს, როგორი ძალადობის ქვეშ ვცხოვრობდი და რა მძიმე დღეები გამოვიარე, ცალსახად იკვეთება, რომ თქვენ, სავარაუდოდ, ასრულებთ ლედი ტუკვაძის მითითებებს. თქვენი გაზეთის მეპატრონე ელისო კილაძე ლედი ტუკვაძის მეგობარია და თან საკმაოდ ახლო. მე არ მჯერა თქვენი ობიექტურობის, თქვენ პროპაგანდა მოახდინეთ უკანონობის. განცდა მეუფლება, რომ ამ კითხვას სვამთ არა თქვენ, არამედ ლედი ტუკვაძე, რათა ახალი ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელონ ჩემზე. ყველა მოძალადე კაცს, _ კაცს, რომელიც მეუღლეზე აწევს ხელს, საკუთარი შვილის დედაზე _ მას სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ აცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს.
ეს არის ჩემი პასუხი, მე ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. კარგად ბრძანდებოდეთ“, _ ამბობს დეა გოშხეთელიანი. „ქრონიკა+“ მზად არის, ნებისმიერ დროს, საქმესთან დაკავშირებით, მისი დაწვრილებითი პოზიცია მოისმინოს.

გიორგი მეფარიძე