ხარვეზები უმაღლესი განათლების სისტემაში, ანუ რატომ შეუჩერდათ უნივერსიტეტებს ავტორიზაცია?

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოში 30 უნივერსიტეტი, 24 სასწავლო უნივერსიტეტი და 10-მდე კოლეჯია, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს დაწესებულებებად ითვლება.
უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა); კოლეჯი კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება განათლების მიღების მსურველთა და იმ დაწესებულებათა რაოდენობა, რომელიც ამის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად განათლების ხარისხი.
მხოლოდ რაოდენობა რომ არ კმარა, ეს ფაქტია. აუცილებელია, ყველა უმაღლესი სასწავლებელი და საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებდეს აღიარებულ სტანდარტებს. ამ სტანდარტებთან უნივერსიტეტებისა და სხვა დაწესებულებების შესაბამისობას კი ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი ამოწმებს და არეგულირებს.
რა განსხვავებაა ამ ორ პროცედურას შორის და რა ძირითადი მახასიათებლები აქვთ მათ?
ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი დინამიკურია და ერთმანეთისგან გასხვავდება. ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის.

რაც შეეხება აკრედიტაციას, ის აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას განსაზღვრას.
ავტორიზაცია, რაც გულისხმობს ინსტიტუციურ შეფასებას, შვიდ სტანდარტს მოიცავს. ესენია: დაწესებულების მისია და სტრატეგია; ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; საგანმანათლებლო პროგრამები; პერსონალი, სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები; კვლევა, განვითარება სხვა შემოქმედებითი საქმიანობა და ასევე მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. სტანდარტები ჩაშლილია ქვესტანდარტებად, კომპონენტებად და ფარავს საგანმანათლებლო საქმიანობის ყველა ასპექტს. ამის გარდა, აღწერს თითოეული კომპონენტის ფარგლებში მისაღწევ შედეგებს, განმარტავს შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს შეფასების ინდიკატორებს.
ეს ახალი შეფასების სტანდარტებია, რომელიც 2018 წლის 2 მარტიდან ამოქმედდა და ბევრად გართულებულ პროცედურებს სთავაზობს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს.
ამ სტანდარტების გართულების საჭიროება უმაღლესი განათლების სფეროში არსებულმა ხარვეზებმა და აღმოჩენილმა დარღვევებმა შექმნა.
ამ პროცესებს კი ორი უმაღლესი სასწავლებლის ავტორიზაცის გაუქმება უძღოდა წინ.
მიმდინარე წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ორ უმაღლეს სასწავლებელს: შპს სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდა.
ორივე სასწავლებელში ერთად, დაახლოებით, 500-მდე სტუდენტი ირიცხება. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, აღნიშნულ სასწავლებლებში დარღვევები დაფიქსირდა როგორც სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, ისე ხარისხის მიმართულებით.
მანამდე, 2017 წლის დეკემბერში, სასწავლებლის ადმინისტრაციის მოთხოვნით ავტორიზაცია გაუუქმდა ამერიკის ბიზნესის აკადემიას.
2018 წელს აკრედიტაციის საბჭომ სულ 39 საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიენიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მიეცა, ხოლო 12 პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.
განათლების მინისტრის თქმით, მონიტორინგის პროცესი უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის ამაღლებასა და რეალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ემსახურება. ის ასევე იძლევა პირობას, რომ ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტები მობილობის საშუალებით მათვის სასურველ უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან და სწავლის სრულფასოვნად გაგრძელებისა და განათლების მიღების საშუალება მიეცემათ.
უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია/აკრედიტაციის პერიოდი 6 წლის ვადით განისაზღვრება, თუმცა პერიოდულად ტარდება უნივერსიტეტებისა და სხვა სასწავლებლების არაგეგმური მონიტორინგი, რომელიც ამოწმებს მათ სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად და გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას ითვალისწინებს.
სწორედ მსგავსი არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებულ ხარვეზებს მოჰყვა ორი უმაღლესი სასწავლებლის ავტორიზაციის შეჩერება და მათი ფუნქციონირებას შეწყვეტა.

როგორია ახალი სტანდარტები და რამდენად აქვს სხვა უმაღლეს სასწავლებლებს ამ გართულებულ სტანდარტებთან გამკლავების შესაძლებლობა?
„ქრონიკა+“-ს ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხობს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი _ ქეთი ცოტნიაშვილი:

_ ავტორიზაცია შეუჩერდა ორ უმაღლეს სასწავლებელს. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, აღნიშნულ სასწავლებლებში დარღვევები დაფიქსირდა როგორც სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, ისე ხარისხის მიმართულებით. რომ გვითხრათ, რა კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი?
_ ავტორიზაცია გაუუქმდა 4 უმაღლეს სასწავლებელს. ერთმა მათგანმა თავად მომართა ცენტრს განცხადებით ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. 3 უმაღლესში მონიტორინგი განხორციელდა.
აღნიშნულ სასწავლებლებში ისეთი სახის დარღვევები და შეუსაბამობები დაფიქსირდა, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესის სრულფასოვან განხორციელებას ვერ უზრუნველყოფდა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. ექსპერტებმა ნახეს, რომ დასაწყობებული იყო ბიბლიოთეკა; სამედიცინო პროგრამების შემთხვევაში ასევე დასაწყობებული იყო მულაჟები; სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა სასწავლო ცხრილის შესაბამისად; დარღვეული იყოს მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი; ქართულენოვან პროგრამებზე ჩარიცხული იყვნენ უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც არ უდასტურდებოდათ ქართული ენის სათანადო დონეზე ცოდნა; გაუმართავი იყო შიდა ხარისხის მართვის მექანიზმი, რაც რისკის ქვეშ აყენებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს; უმაღლესების საქმიანობა აცდენილი იყო მათ მიერვე შემუშავებულ სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს; პრობლემები იყო მენეჯმენტის კუთხით; დარღვევები იყო მატერიალური რესურსების ნაწილშიც, სადაც უმაღლესებს არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტების ნორმალურად განსახორციელებლად; მოძველებული იყო სასწავლო ლიტერატურა.
_ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობას იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომლებსაც ავტორიზაცია შეუწყდათ. რას გულისხმობს ეს მობილობა და როდიდან დაიწყება ეს პროცესი?
_ განათლების ხარისხის ცენტრი წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე, აცხადებს გეგმური მობილობის პროცესს, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა უმაღლესში ჩარიცხულ სტუდენტებს შეუძლიათ გადავიდნენ მათთვის სასურველ სხვა უმაღლესში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესებს უუქმდებათ ავტორიზაცია ან კონკრეტულ პროგრამებს უუქმდებათ აკრედიტაცია, ცენტრი მინისტრის ბრძანებით აცხადებს რიგგარეშე მობილობას, რათა მსგავს უმაღლესებსა თუ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაგრძელებისა და დასრულების შესაძლებლობა მიეცეთ. ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს იმ უმაღლესების სტუდენტებისთვის, რომლებსაც ბოლო დროს გაუუქმდათ ავტორიზაცია ან პროგრამებს _ აკრედიტაცია.
_ ის, რომ რამდენიმე უნივერსიტეტსა და პროგრამას შეუჩერდა ავტორიზაცია ხარისხის დაბალი დონის გამო, სტუდენტებში ეჭვს ბადებს, რომ რაც ამდენი ხანი ისწავლეს, უხარისხო და არსებულ სტანდარტებთან შეუსაბამო იყო. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესების ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ სტუდენტები მობილობის პროცესით სარგებლობენ. ის უმაღლესები, რომლებიც მობილობით გადასულ სტუდენტებს მიიღებენ, მათ მიერ უკვე მიღებულ კრედიტებს აფასებენ და საჭიროების შემთხვევაში სტუდენტებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სთავაზობენ, რომ მათ პროგრამის სწავლის შედეგებზე გასვლა შეძლონ.
_ რას გვეტყვით ახალ სტანდარტებზე, რომელიც 2 მარტიდან ამოქმედდა? ეს შედარებით გართულებული პროცესია და როგორ ფიქრობთ, რამდენად დააკმაყოფილებენ ქართული უმაღლესი სასწავლებლები ამ ახალ სტანდარტებს?
_ ავტორიზაციის ახალი სტანდარტები 2017 წლის 5 მაისს დამტკიცდა. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 1-ლ იანვრამდე, უმაღლესებს მიეცათ დრო, რომ თავიანთი საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა დაეწყოთ. ახალი სტანდარტები ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის სრულ სპექტრს ფარავს. თუ ადრე მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი და მატერიალური რესურსი მოწმდებოდა, ახალ სტანდარტებს დაემატა მისია და სტრატეგიული განვითარების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის, სტუდენტური მხარდაჭერის სერვისებისა და კვლევის სტანდარტი. ამასთან, დეტალურად მოხდა იმის გაწერა, თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ უმაღლესებმა თითოეულ სტანდარტთან მიმართებით დადებითი შეფასების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტების მოთხოვნა გაიზარდა, ცვლილებები შევიდა გადაწყვეტილების მიღების მიდგომებში. თუ წინათ მხოლოდ ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ მიიღებოდა გადაწყვეტილება, ახლა შეფასება ხდება ოთხსკალიანი სისტემით: სრული შესაბამისობა, მეტწილი შესაბამისობა, ნაწილობრივი შესაბამისობა და შეუსაბამობა. ავტორიზაცია უქმდება მხოლოდ შეუსაბამობის შემთხვევაში; თუკი ნაწილობრივი შესაბამისობა დგინდება პროგრამებისა და პერსონალის სტანდარტის ნაწილში უმაღლესებს გარკვეული პერიოდით (მინიმუმ, 1 წლით) შეეზღუდებათ სტუდენტების ახალი კონტინგენტის მიღების უფლება.
_ ახლო მომავალში იგეგმება თუ არა მსგავსი არაგეგმური მონიტორინგი უმაღლესი განათლების სფეროში და რა მოლოდინი გაქვთ, ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების ბედს ხომ არ გაიზიარებს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც?
_ უმაღლესების საავტორიზაციო და მონიტორინგის შეფასებები მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. როგორც ვიცით, ბევრი უმაღლესი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ შესაბამისობაში მოვიდეს სტანდარტების ახალ მოთხოვნებთან. როგორც აღვნიშნე, უფრო მოქნილი გახდა შეფასების სისტემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედეგები მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოემზადებიან და იმუშავებენ უმაღლესები თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
_ ახალ მოთხოვნებს შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ კუთხით, რამდენად შეესაბამება პროგრამა და კურსდამთავრებულის კვალიფიკაცია ბაზრის მოთხოვნებს? რატომ გახდა ამ ახალი პუნქტის დამატება საჭირო? ბაზრის კვლევამ ან სხვა საჭიროებებმა ხომ არ აჩვენა, რომ, რეალურად, კურსდამთავრებულებს არ გააჩნიათ საკმარისი და აუცილებელი ცოდნა, რათა დასაქმდნენ?
_ დამსაქმებლის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, მას პირდაპირი გავლენა აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხზე. ჩატარებულია რამდენიმე კვლევა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ, რომელიც აჩვენებს, რომ კურსდამთავრებულები მიღებული ცოდნითა და კომპეტენციებით ვერ შეესაბამებიან დასაქმების ბაზარზე არსებულ და მუდმივად ცვლად მოთხოვნებს. ამასთან, ვხედავთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ ბევრი უმაღლესია, რომელიც, ჯამურად, 2000-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს, ხოლო დარწმუნებული არ ვართ, რომ პროგრამის კუსდამთავრებულებისთვის პოტენციური დასაქმების ბაზარი ხელმისაწვდომი იქნება. იმისთვის, რომ კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი გახდეს, საჭიროა, რომ უმაღლესებმა ამა თუ იმ პროგრამის შემუშავებისას და განვითრებისას სწორედ დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნებით იხელმძღვანელონ და შემდეგ განახორციელონ სასწავლო პროცესი, რომელიც კურსდამთავრებულს შესაბამის სწავლის შედეგზე გაიყვანს.

ანა ურუშაძე