ნიკოლოზ ვაშაკიძე: „რუსეთ-საქართველოს ომი სამშვიდობო ხელშეკრულებით არ დასრულებულა“

საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ წარმოებულმა ჰიბრიდულმა ომმა წარმოაჩინა, „ქრონიკა+“-ს დიპლომატი და კონსტიტუციონალისტი ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრა:

_ ფაქტია, რომ საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა გარეგნული მოცემულობა საერთოდ არ შეესატყვისება რეალობას. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს მდგომარეობა?
_ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი სამშვიდობო ხელშეკრულებით არ დასრულებულა, გაფორმდა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის შედეგადაც დაინიშნა ე. წ. ჟენევის მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები რამდენიმე წელია, უკვე უშედეგოდ მიმდინარეობს. ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, იქ განლაგებულია ოკუპანტის სამხედრო ძალები და ამ ტერიტორიებიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული ღონისძიებები არ წყდება, გასაგები მიზეზების გამო რუსეთთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა ეს არ არის ომის აქტიური ფაზა. ეს მდგომარეობა უკვე, თითქმის, 10 წელია, გრძელდება და, შესაბამისად, მოსახლეობის მიერ გამოკვეთილად და მწვავედ არ აღიქმება როგორც ომის მდგომარეობა, მით უმეტეს, რომ ამ აღიარებას გაურბის ხელისუფლებაც, რადგან მას გამოცხადებული აქვს (მართალია, ჯერჯერობით, წარუმატებელი) რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა.
_ როგორც ცნობილია, რუსეთი აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, რეალურად, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერც კი ათვითცნობიერებს არსებულ ვითარებას. ხელისუფლება საერთოდ დუმს ამ პრობლემაზე. ვრცლად ვისაუბროთ _ ზოგადად, რა არის ჰიბრიდული ომი და რა დამახასიათებელი ნიშანთვისებებით ვლინდება ის ჩვენს სინამდვილეში?
_ ზოგადად, ჰიბრიდული ომი ნიშნავს ყველა დამანგრეველ, ძირგამომთხრელ, დამასუსტებელ, მადესტაბილიზებელ მოქმედებას, რომელსაც ერთი მხარე აწარმოებს მეორის მიმართ გარდა პირდაპირი სამხედრო ზემოქმედებისა. ეს შეიძლება იყოს პროპაგანდისტული და კიბეროპერაციები, სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობა, მოსახლეობის ან მისი ცალკეული კატეგორიების განწყობებით მანიპულირება და ა. შ. ზოგადად, ჰიბრიდული ომი, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, უფრო ასიმეტრიულ და ფარულ ხასიათს ატარებს.
რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, აქ აშკარად იგრძნობა გარედან მართული პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდა როგორც ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, ასევე, უშუალოდ, მოსახლეობის წიაღში, ინტენსიური შეღწევა საქართველოს ეკონომიკასა და სახელმწიფო სტრუქტურებში, აქტიური ზემოქმედება კიბერსივრცეში, ეროვნული უმცირესობების განწყობებით მანიპულირება და გარკვეული პოლიტიკური ძალების პირდაპირი დაფინანსება და მართვა.
_ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ამ ომის მიმდინარეობაზე დუმს, როგორ ფიქრობთ, საერთოდ შეიმჩნევა რაიმე სახის წინააღმდეგობის კონტურები ხელისუფლების მხრიდან?
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რაოდენ თავხედურად და აქტიურად მოქმედებენ ქვეყანაში პრორუსული ძალები, უნდა ვივარაუდოთ, რომ, ზოგადად, ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების საქმიანობა ამ მიმართულებით ეფექტიანი არ არის. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული კითხვები რუსეთის აგენტურის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევასთან დაკავშირებით. ამის თქმის უფლებას მაძლევს თუნდაც ის, რომ რუსეთის აგენტურის განთავისუფლება პატიმრობიდან და სპეცდავალებების შემსრულებელი ქართველი ოფიცრების დაპატიმრება-გასამართლება მოხდა სწორედ ხელისუფლების მიერ. სამწუხაროდ, ამ ოფიცრების ნაწილი საერთოდ დაღუპულია საკმაოდ საეჭვო ვითარებაში.
_ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკითხი გააზრებული არ აქვს არათუ სახელისუფლებო ინსტიტუტებს, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, მედიას. მართალია, კანტიკუნტად ისმის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სიღრმისეულად მასზე არავინ საუბრობს. მით უფრო მეოთხე ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს ვითარება და წინააღმდეგობის რა ხერხებსა და მეთოდებს ურჩევდით მასმედიას?
_ გავლენიანი მასმედიის საშუალებებიდან დღეისთვის ძალიან ცოტამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. დიდი უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით კონტროლდება ხელისუფლების მიერ. ბევრს ცოდნა და გამოცდილება აკლია. კონტროლირებად საშუალებებს ვერაფერს ვურჩევ, თავისუფალ მედიას კი ვურჩევდი, მეტი დრო დაუთმოს თვითგანათლებას, თუნდაც, უსაფრთხოების საკითხებში.
_ ცალკეულ საკითხებზე დავკონკრეტდეთ: არსებობს ჩერჩილის გენიალური ფრაზა, რომლითაც მან ერთხელ პრემიერ ჩემბერლენს მიმართა: „მე არ გადანაშაულებთ სამშობლოს ღალატში, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ თქვენი ქმედებებით ხელს უწყობთ მოწინააღმდეგეს, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ იმოქმედოს“. პერიფრაზის შემთხვევაში იგივე შეგვიძლია ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტზე _ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. თუ უფრო დავკონკრეტდები, ეკლესიის ცალკეულ მსახურებზე, რომელთა რაოდენობა არცთუ მცირერიცხოვანია. ამ ინსტიტუტის „მოქცევის“ რა შანსი არსებობს, თუკი საერთოდ არის ეს შესაძლებელი?
_ ვფიქრობ, აქ დრო და მოთმინებაა საჭირო. ეკლესია ისეთივე ნაწილია ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი. სულ ახლახან გახმაურებული ანტიდასავლური წერილის ხელმომწერები სულაც არ არიან სასულიერო პირები, ისინი, ძირითადად, ხელოვნების სხვადასხვა დარგის ძველი თაობის წარმომადგენლები არიან. ვფიქრობ, ხელოვნების იმავე დარგების უფრო ახალგაზრდა წარმომადგენელთა წიაღში ასეთი წერილის გაჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. იგივე ეხება, ალბათ, ეკლესიასაც. თაობათა ცვლის ბუნებრივი პროცესი აქაც თანდათან შეუწყობს ხელს განწყობათა ცვლილებას.
_ მხოლოდ მიამიტს შეიძლება სჯეროდეს, რომ კრემლი, მისი სპეცსამსახურები, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერევა. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვს საკუთარი კანდიდატიც ჰყავდეს, ვგულისხმობ რომელიმე კანდიდატის ფარულ მხარდაჭერას. არის თუ არა შესაძლებელი რაიმე სახის პრევენცია?
_ პრეზიდენტის როლი და ძალაუფლება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მინიმუმადე არის დაყვანილი. ამავე დროს, ოპოზიციის მკვეთრი დასუსტებისა და დაქსაქსულობის ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ თავად არჩევნები არაკეთილსინდისიერად, ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ტარდება, სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების ალბათობა საკმაოდ მაღალია. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებულ ხელისუფლებასთან რუსეთი გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მის წინამორბედთან და, შესაბამისად, სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება მისთვის სავსებით მისაღებია. არა მგონია, რომ ამ ეტაპზე რუსეთი განსაკუთრებულად იყოს დაინტერესებული დეკლარირებულად პრორუსული კანდიდატის გამარჯვებით, მით უმეტეს, რომ ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელიც არის. ამდენად, ზედმეტი ჩარევა ამ არჩევნებში რუსეთს მაინცდამაინც არ სჭირდება
_ ქართული პოლიტიკური სპექტრის სრული ატროფია შეიძლება დავარქვათ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში ამჟამად არის შექმნილი. „ოცნების“ ნაოცნებარი ზეობა და ოპოზიციის მაქსიმალური დაუძლურება _ ცალკეული ძალების დისკრედიტება, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ერთი ერთში ჰგავს რუსეთის პლიტიკურ ცხოვრებას. დავიჯეროთ, რომ ესეც ამ ომის შედეგია? როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა და ამ პოლიტიკური მარაზმის დაძლევა?
_ ზოგადად, სპეციფიკური რუსული სცენარები ცალსახად იკვეთება საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ ცხოვრებაში. ცხადია, მოსკოვის ხელი აშკარად იგრძნობა, თუმცა თავად ქართული პოლიტიკური კლასიც ვერ აღმოჩნდა მოწოდების დონეზე. ჩვენმა პლიტიკოსებმა დაკარგეს სტრატეგიული ხედვა, კარგი გაგებით ამბიციები, ხალხის სიმპათიები, ჩარჩნენ ძველ, გაცვეთილ რიტორიკაში და ძირითადად გადაერთნენ მერკანტილიზმსა და ვიწრო დღის წესრიგზე.
ამ, როგორც თქვენ უწოდეთ, მარაზმიდან სიტუაციის გამოყვანა ისევ ახალ თაობას თუ შეუძლია. სამწუხაროდ, ეს ახალი თაობა, სპეციფიკური საკითხების გარდა, ჯერჯერობით, სოციალურ-პოლიტიკურ ველზე, ძირითადად, პასიურობს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე არ გაგრძელდება.
_ ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ კულტურა, სპორტი, მეცნიერება _ პოლიტიკა არ არის. ამავდროულად, გვესმის იმავე პუტინისა თუ ლავროვის ფრაზები, თუ როგორ უყვართ საქართველო და ქართველი ხალხი, რომ იმავე კალანტაროვს (ლავროვს) ქართული ფესვები აქვს. ობივატელზე გათვლილი ეს მესიჯები, ფაქტია, რომ მუშაობს. ამის დასტურ სხვადასხვა გამოკითხვისა და რუსეთის მიმართ ლოიალური მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. მართლა ასეთი გულუბრყვილოები ვართ, თუ ეს ჩვენი თანამოქალაქეების მერკანტილიზმის შედეგია?
_ თავს ნუ მოვიტყუებთ. ის საქართველო და ის ქართველები, რომლებიც პუტინს, ლავროვსა და სხვა რუს იმპერიალისტებს უყვართ, არის დამონებული, რუსეთის წინაშე მოლაქუცე საქართველო და იმპერიის წიაღში შექმნილი, კლოუნად ქცეული, მოკრეტინო და გამრთობი ქართველის ტიპაჟი. სერიოზული და წარმატებული ქართველები მათ აღიზიანებთ. სამწუხაროდ, დღესაც მოიძებნება ჩვენში ხალხი, ვინც მზადაა, ეს კლოუნის როლი რუსების საამებლად და საკუთარი გამორჩენისთვის ისევ მოირგოს, მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი უკვე დიდ უმცირესობაში არიან.
_ რამდენად არის შესაძლებელი დავაკონკრეტოთ და დავასახელოთ, ვინ არის ან არიან რუსეთის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში?
_ მე გვარების ნაცვლად იმ რეალიებზე გეტყვით, რომლებსაც რუსეთი ეყრდნობა ჩვენთან ჰიბრიდულ ომში. პირველ რიგში, ეს გაუნათლებლობაა. განათლების სფეროში ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს, ხოლო გაუნათლებელი და გონებაგანუვითერებელი ადამიანები ძალზე იოლი სამიზნეები არიან მტრული სპეცსამსახურებისთვის, რადგან გამოცდილი პროპაგანდისტული სტრუქტურები იოლად უნერგავენ თავიანთ მავნე კლიშეებსა და ქმედებაზეც იყოლიებენ. პირდაპირ ვიტყვი: დღეს საქართველოში გაუნათლებლობა დანაშაულის ტოლფასია, მრავალი გაგებით. დავსვათ კითხვა: აკეთებს კი დღეს ჩვენი სასკოლო განათლება თუნდაც იმის მინიმუმს, რომ მოსწავლეები მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბდენ? აწვდის ის ბავშვებს სწორ და მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოს ისტორიაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე? საკმარისია, ოდნავ მაინც ჩაიხედოთ ამ საკითხის სიღრმეში და დაინახავთ, თუ რა მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით.
ასევე, პირდაპირ მინდა გითხრათ, _ ის პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოყალიბდა, ანგრევს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო მენტალიტეტს. ამ ფენომენების მოშლა კი საუკეთესო საჩუქარია ჩვენი მოწინააღმდეგისთვის მის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში.
_ დაბოლოს, როგორ მოვკლათ ჩვენში ყველაფერი „საბჭოთა“, რომელიც ამ რეალობაში რუსულთან ასოცირდება?
_ ფართოდ გავახილოთ თვალები და ვნახოთ, რით ცხოვრობს დღეს თანამედროვე მსოფლიო, რა ტენდენციებია ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საზოგადოების განვითარებაში, ერთი სიტყვით, ვიყუროთ წინ და საბჭოურისთვის ჩვენს ცხოვრებასა და აზროვნებაში ადგილი აღარ დარჩება.

არმაზ მეტრეველი