ნიკა რურუა: „თავდაცვის საუკეთესო მეთოდი რუსეთისთვის პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობის გაწევაა“

საქართველო-რუსეთის დაპირისპირებასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შედეგად საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე, ხელისუფლების ქმედებებსა და არსებულ ვითარებაში საჭირო გადაწყვეტილებებზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა რურუას ესაუბრა:

_ არჩილ ტატუნაშვილის გაცატებისა და მკვლელობის (ამაში უკვე ეჭვის შეტანაც შეუძლებელია) ფაქტმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა. გაგვახსენა, აღგვაშფოთა და რა?
_ ამ ფაქტმა გაგვახსენა ერთი მთავარი რამ, რომ რუსეთი მტერია საქართველოს დამოუკიდებლობისა, სუვერენიტეტისა, ვაღიარებთ ამას თუ არა. თუ სიმართლეს თვალებში არ შევხედავთ, რუსეთი საკუთარ მიზანს, ჩვენი დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის მოსპობისა, უფრო იოლად განახორციელებს. მოგვეხსენება, რომ „კაცმა ჭირი მალა, მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო“. ასე რომ დროა, სინამდვილეს თვალები გავუსწოროთ და შევიგნოთ, _ რუსეთისგან თავდაცვის საუკეთესო მეთოდი რუსეთისთვის პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობის გაწევაა.
_ ბერტოლდ ბრეხტის საკმაოდ ფრთიანი და დამაფიქრებელი ფრაზა: „ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!“ _ ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლობის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაიაზრა. არც კი იყო სამოქალაქო ომი დასრულებული, აფხაზეთი აფეთქდა, შემდეგ თითქოს აღმშენებლობა დაიწყო და 2008 წელი, ახლა ქვეყანაში ჰიბრიდული ომი მძვინვარებს და მას საერთოდ ვერც კი ვამჩნევთ და ვერ ვგრძნობთ. რა გვჭირს და რა ხდება რეალურად?
_ ბერტოლდ ბრეხტის გამონათქვამი ზუსტად იმას ნიშნავს, რაც ახლა ხდება _ ომი რუსეთთან გრძელდება, ოღონდ სხვა მეთოდებით _ კონკრეტულად, ჰიბრიდული ომის მეთოდებით. საქმე ის არის, რომ ამას ხალხი საკუთარ ტყავზე გრძნობს _ ისე, როგორც ეს ყველაზე რადიკალურ შემთხვევაში იგრძნო ცხონებულმა არჩილ ტატუნაშვილმა, მაგრამ ეს არ ადარდებს კაბინეტებში მოკალათებულ უსინდისო და ცრუ ხელისუფლებას, ვინც საკუთარ ხელფასებსა და კეთილდღეობაზე ფიქრობს მხოლოდ.
_ რამდენად არის ბრძოლისუნარიანი ქართული სახელმწიფო ამ ომის საწარმოებლად და საერთოდ, იგრძნობა თუ არა ეს წინააღმდეგობა? აქვე დავძენ, არათუ რიგითი ობივატელი, ხელისუფლებაც კი არ საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ეს ომი.
_ იდეაში _ თუ საქართველო ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით მობილიზებას მოახდენს, ჩვენ დიახაც, შეგვიძლია ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევა. ქართულ სახელმწიფოს აქვს იმუნიტეტი, რომლითაც ის თავს დაიცავს, მაგრამ ამას სჭირდება გონიერი, გამბედავი და პატრიოტი ლიდერშიპი, რომელიც ახლანდელ ხელისუფლებაში, საუბედუროდ, არ არსებობს. ეს სულ არ მიხარია, ბუნებრივია. ახლა საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება ქვეყნის დაცვისა, რახან ხელისუფლება ამას არ აკეთებს. სხვა გზა არაა.
_ ამ ომში დაპირისპირების ფორმებსა და მეთოდებზე ვისაუბროთ. რეალურად რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, როგორი უნდა იყოს მისი სტრატეგია და ტაქტიკა?
_ მინიმუმ, სახელმწიფო ამ დროს არ უნდა აუქმებდეს ორივე უშიშროების საბჭოს, როგორც ეს „ოცნებამ“ ჩაიდინა, რადგან სწორედ ამ უწყებაში ხდება კოორდინაცია იმ სამინისტროებისა, ვინც თავდაცვის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. ასევე, კარგი მთავრობა ამ დროს ხალხს უხსნის, რით გამოიხატება მტრის პროპაგანდა და მეთოდები, რომ ამით ადამიანები არ დაიბნენ, პანიკაში არ ჩავარდნენ, არ მოტყუვდნენ და ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ _ სწორედ ესაა რუსული ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიზანი. ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს მათ შესახებ. „ოცნება“ ამის მაგვარს არაფერს აკეთებს სახელმწიფოს მდგრადობისა და ხალხის ცნობიერების დასაცავად.
_ ცხადზე უცხადესია, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთო ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა გაერთიანება. იმავე რუსეთს თავისი ნეოიმპერიალიტური პოლიტიკა აქვს, რომელიც ძალმომრეობას ეფუძნება, მაგრამ ეს რუსი ხალხის იდეად იქცა და მენტალურ რაობამდეც კი დავიდა. ჩვენ არ გვაქვს იდეა, რომელიც ჰქონდა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ან ომითა და ატომური იერიშით გაჩანაგებულ იაპონიას. იდეა, რომელიც იცოცხლებდა ხელისუფლებების ცვლის მიუხედავად და ქართული სახელმწიფოს წარმატების კოდი გახდებოდა. საიდან უნდა მოვიდეს ეს იდეა და ვინ უნდა შესთავაზოს ქვეყნის მოსახლეობას იგი?
_ ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ასეთი გამაერთიანებელი იდეის გარშემო კონსოლიდაციის გარეშე ძნელია სუვერენობის შენარჩუნებაც კი, არათუ განვითარება და გაძლიერება. ეს იდეა კი ჩვენი დიდი მამულიშვილების ნააზრევში უნდა ვეძებოთ; ჩვენი დამფუძნებელი მამების ნაშრომებში: ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძის, არჩილ ჯორჯაძისა და მაგვართა პუბლიცისტიკაში. ისინი არიან თანამედროვე, ევროპული და თავისუფალი საქართველოს იდეის სათავეებთან მდგომი ხალხი და შთაგონებაც მათი ნაფიქრალიდან და ნაღვაწიდან უნდა გამოვადნოთ. ეს უმოკლესი გზაა ასეთი გამაერთიანებელი, გასაგები და კონსენსუსის შექმნის ძალის მქონე იდეის მიგნებისა. პრინციპში, ჩვენ ის ინტუიციის დონეზე ვიცით, მაგრამ ამ გრძნობას აუცილებელია, სიტყვები დავადოთ. მე თუ მკითხავთ, ეს იდეა, ზოგადად, ამ სიტყვებით გამოიხატება: ეროვნული თავისუფლება, დემოკრატია და მოდერნიზაცია, ანუ ინტენსიური განვითარება. მაგრამ ამ სიტყვებში დიდი და ღრმა ინფორმაციაა დავანებული და საჭიროა, ის სრულიად შევიგნოთ და შევისისხლხორცოთ.
_ იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ჩარევა აშშ-ის ან თუნდაც საფრანგეთის არჩევნებში უკვე არავისთვის იწვევს ეჭვს, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მოსალოდნელი ხელების ფათური საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში და რა ფორმით?
_ ახლა უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთი არა მარტო მომავალ არჩევნებში ჩაერევა ჰიბრიდული მეთოდებით _ ჭორებით, ცილისწამებით, ტროლებით, დეზინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის გამოყენებით, _ არამედ მან ეს 2012 წელსაც გააკეთა. ჩვენ ამას ერთიანი საზოგადოებრივი და ოპოზიციური ფრონტით უნდა დავუპირისპირდეთ, ვამხილოთ ყველა გამოვლინება, რადგან ხელისუფლება, ვისი პირდაპირი ვალდებულებაცაა ქმედება, ამას შეგნებულად არ აკეთებს. ეს დანაშაულია ქვეყნის წინაშე და „ქართული ოცნება“ ისტორიაში სწორედ ასე სამარცხვინოდ შედის. ვიმეორებ, ეს არ მიხარია, რადგან ეს ცუდია ამ ქვეყნისთვისაც _ ჩვენი მრავალტანჯული საქართველოსთვის. მაგრამ სწორედ საქართველოსთვის უნდა ჩამოვართვათ ქვეყნის მართვის სადავეები დღევანდელ კოლაბორაციონისტ ხელისუფლებას და ქვეყანა ჯანსაღი განვითარების გზაზე გავიყვანოთ. ახლა ის სტაგნაციაშია და ამას ყველა ხედავს, ვინც თავს არ ისულელებს და არ ხეირობს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე.
_ დაბოლოს, ხელისუფლებას არ უყვარს არც რჩევები, არც საფრთხეებზე მითითება. ამის მიუხედავად, რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება არსებული ვითარების გათვალისწინებით? სამომავლოდ სად და რომელი მიმართულებით უნდა ველოდოთ მორიგ შეტევებს „ერთმორწმუნე“ „უფროსი ძმისგან“ და როგორ შევამციროთ მოსალოდნელი საფრთხეები?
_ ხელისუფლება გარდა იმისა, რომ კორუმპირებული და უვიცია, ის უტვინოცაა, რადგან არ ისმენს იმ სიგნალებს, რომლებიც, წესით, მას უნდა უხაროდეს. ამიტომაც ის ვეღარაფერ სასიკეთოს ვეღარ გააკეთებს. თუმცა „ვეღარ“ არასწორია, რადგან მას სასიკეთო არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, რაც აქ არც არის მოსატანი. რუსეთი ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს და მისგან შეტევებს ყველა მიმართულებით უნდა ველოდოთ. საბედნიეროდ, ამ ბრძოლაში ახლა მარტოები არ ვართ, როგორც 2008 წელს და მთელმა თავისუფალმა სამყარომ შეიგნო, რომ რუსეთი ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს მისთვისაც, იმ ფორმით, როგორი რუსეთიც ახლა პუტინის მმართველობის ქვეშაა. ახლა ფსონები ძალიან მაღალია და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება თავისუფალ სამყაროსთან ჭიდილში. ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და გამარჯვებულები ვიქნებით. ამისთვის საჭიროა ერთობა, მხნეობა და გამბედაობა.

კოკა წერეთელი