„ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებს „ტიტუშკებად“ იყენებს“

„ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი კუბლაშვილს:
_ ბორჯომში მერიის თანამშრომლები თავხედურად და ჯიქურ ითხოვენ ხელფასების გაორმაგებას, მეტიც: პარადოქსული, გაუგონარი რამ ხდებოდა _ იფიცება მთავრობა, მიტინგს უწყობს ოპოზიციას…
_ ბორჯომის გარდა ყველა სხვა რაიონში, საკრებულოებში უმრავლესობა ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და რასაც უნდა, იმას აკეთებს: ხლფასებსაც იზრდიან, შტატებსაც ბერავენ, ვისაც უნდა, იმას ნიშნავენ, ვისაც უნდა, იმას ათავისუფლებენ. ბორჯომში არ ჰყავთ უმრავლესობა და ვხედავთ, რაც ხდება, _ საკრებულოს ზუსტად იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ მათ ინტერესებს არ ატარებენ. კი გაიძახიან, ადამიანებზე მზრუნველი მთავრობა მოვედით, ერთადერთი ვართ, ვინც ხალხზე ზრუნავსო, მაგრამ, რეალურად, ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და პირად კეთილდღეობაზე და ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ. უკვე წლებია ვხედავთ, როგორ იცვლიან ავტომანქანებს, კომპიუტერებს, სავარძლებს, დასეირნობენ საზღვარგარეთ, ბიუჯეტის ხარჯზე ჭამენ, ბიუჯეტის ხარჯზე სვამენ, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება პენსიების ზრდაზე, სხვადასხვა უწყების რიგითი თანამშრომლების ხელფასების ზრდაზე, არაფერს აკეთებენ, კაპიკსაც არ იმეტებენ. პოლიციელებს რამდენი ხანია, ხელფასი არ გაზრდიათ, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ადამიანს, როდესაც ხედავს, როგორ მდიდრდებიან ჩინოვნიკები და თვითონ არანაირი შეღავათი არ აქვს?
_ ბორჯომის საკრებულოში 11 წევრი „პატრიოტთა ალიანსიდანაა“, სწორედ მათ გამო აქვს პრობლემები „ქართულ ოცნებას“ ბორჯომში, არადა, სულ იმაზე იყო აპელირება, „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნების“ სატელიტიაო. რა მოხდა, სუფთა ჰაერი არ მოუხდა მათ სატელიტობას?
_ საკრებულოს თავმჯდომარემ სრულად აიღო პასუხისმგებლობა, რომ არ მოემატებინა ხელფასები მერიის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ისედაც ამხელა ხელფასები აქვთ, მაგრამ რა მოხდა შემდეგ დღეებში? „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდრებმა განაცხადეს, რომ არ ერევიან მათ საქმეში, რეალურად მათ თავისი პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს უგანეს, აღარ დაუჭირეს მხარი პოლიტიკურად და საკრებულოს თავმჯდომარე ქოცებს შეატოვეს. წარმოიდგინეთ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ამხელა პასუხისმგებლობა აიღო და პარტიის ლიდერები ეუბნებიან, რაც გინდა ის ქენი, ჩვენ არ ვიცითო. არადა, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უნდა იდგეს ერთ აზრზე, რომ არაფრით არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც ბორჯომის მერია ითხოვს. გამოდიან „პატრიოტები“ და გაიძახიან, რაც უნდათ, ის უქნიათ ჩვენი საქმე არ არისო. ვფიქრობ, მისასალმებელია ის ნაბიჯი, რაც ბატონმა ჩაჩანიძემ გადადგა, მაგრამ ვერანაირად მივესალმები მისი ლიდერების ქმედებას.
_ ბორჯომში იმ აქციების დროს წინა პლანზე იყვნენ მერიის ჩინოვნიკი ქალები, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მოქმედებდნენ, როგორც „ტიტუშკები“. შტატების ასეთი გაბერვა, ხელფასების ასეთი ზრდა ხომ არ ემსახურება სწორედ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება რაღაც დამრტყმელი ძალა, რომელსაც „ტიტუშკებად“ გამოიყენებს ოპოზიციის აქციების დროს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, ოპოზიციაზე მისაქსევად? პოლიციას, სპეცრაზმს კი არ დაარბევინებს მიტინგებს, არამედ ამ ჩინოვნიკებს. პარალელურად კი იგივე ხალხის ხმებს გამოიყენებს არჩევნებზე. სხვანაირად, აუხსნელია, რატომ ბერავენ ასე შტატებს და რატომ აღიზიანებენ ხალხს მათი ხელფასების ზრდით?
_ ცხადია, ეგ მიზანი აქვთ. სპეციალურად მაგისთვის გაბერეს შტატები, მთელი პარტაქტივი მირეკეს, ხელფასებს უზრდიან და რაშიც დასჭირდებათ, იმაში გამოიყენებენ: ხან ხმის მისაცემად, ხან მასე საწიოკოდ. ზუსტად მაგაში უხდიან ხელფასებს, თორემ რომელი მათგანი გამოირჩევა გონებრივი შესაძლებლობებით, ცოდნით, გამოცდილებით? სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება რომელს აქვს? _ არც ერთს! სპეციალურად ჰყავთ მიყვანილი, სადაც დასჭირდებათ, როცა დასჭირდებათ, იქ დაუძახებენ, შენ ამაში ხელფასს გიხდიან, მოხვალ და დადგები აქ, თუ არ დადგები და წადი სამსახურიდან. ყველა რაიონში გაბერილია შტატები, დამატებულია სსიპები და ააიპები, ისეთი სახელწოდებით, ვერც წარმოიდგენთ. და ეს სსიპები და ააიპები გატენილია მათი პარტაქტივით და მომხრეებით. ამ ადამიანებს, ცხადია, ეტყვიან, უნდა მოხვიდე და ხმა მისცე „ოცნებასო“. თან აკონტროლებენ.
_ რომც არ უთხრან და რომც არ აკონტროლონ, მათივე ინტერესშიცაა ამ ხელისუფლების შენარჩუნება, რომ თავადაც შეინარჩუნონ ეს დაუმსახურებლად მიღებული სამსახური და, პრაქტიკულად, არაფერში გადახდილი ხელფასი.
_ კი და ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ამათ ან სახელმწიფოს პრობლემები აწუხებთ, ან სოციალურად დაუცველების? არაფერიც არ აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ თვითონ იყვნენ კარგად სახელმწიფოს ხარჯზე. ჩვენ ვნახეთ, რომ არათუ რიგითი ჩინოვნიკები, ბორჯომის გამგებელიც კი „ტიტუშკასავით“ მოქმედებდა, პარლამენტის დეპუტატს, მელიას ლაჩრულად უკნიდან მიეპარა და ჩაარტყა ხელი და რა განცხადებები აკეთეს „ოცნების“ პარლამენტარებმა? კი არ დაგმეს ან ის კი არ თქვეს, როგორ გაბედა გამგებელმა პარლამენტარზე ხელის აწევა, პირიქით, მელია გააკრიტიკეს, _ საერთოდ რატომ ჩახვედიო? როგორც ვხედავთ, ჩინოვნიკების „ტიტუშკობა“ წახალისებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ.
_ რავიცი, ლორთქიფანიძეს ერთი ღილი მოწყვიტეს და ბიჭები ციხეში ჩაყარეს.
_ ღილიც არ მოუგლეჯია არავის, უბრალოდ, ხმის გამაძლიერებელი, რუპორი მოიქნიეს, არც მოხვედრია მას. აი, ამ ძიძგილაობაში ბოდიში, რომ მას პიჯაკი დაეჭმუჭნა. ამის გამო ბიჭები დაჭერილი ჰაყვდათ ციხეში და აქ, კადრებში ჩანს, როგორ ეპარება და ურტყამს ბაკურიანის გამგებელი პარლამენტარს და არანაირი რეაგირება არაა. პირიქით, ჰონორზე იყო, 112-ში დავრეკე, მოვა პოლიცია და ყველაფერს ვეტყვიო. მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობები არაპროფესიონალი, უცოდინარი ხალხის თავშესაფრებად აქცია, რომლებსაც ხმის მისაცემად და „ტიტუშკებად“ გამოიყენებს. მათი კვალიფიკაცია კარგად გამოჩნდა იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც მიიღეს აგერ ხულოსა და ხაშურში, აეროპორტისა და მეტროს დასუფთავების მოსაკრებელი დააწესეს. თბილისიდან აქვთ ყველაფერი გადაკოპირებული, თვითონ არაფერს აკეთებენ.
_ თავიდან მეც უბრალოდ გადაკოპირებული მეგონა, მაგრამ ხაშურში სხვა ტარიფია, ხულოში _ სხვა, ანუ წაიკითხეს და ისე გადაიტანეს.
_ კი, იფიქრეს, დედაქალაქის ფასები არ იყოს პატარა ქალაქშიო და ფასები შეცვალეს. იმას არც კი დაუკვირდნენ, რომ არც აეროპორტი აქვთ, არც მეტრო. ბიუჯეტის გაწერა არ იციან ამ ადამიანებმა. ყოველი წლის ბიუჯეტში ვხედავთ ხარვეზებს. ეს ხარვეზები გამოწვეულია როგორც მათი უვიცობით, ისე მათი მომხვეჭელობითაც. პროკურატურამ და აუდიტმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ თბილისის ყველა რაიონის გამგეობის საქმიანობა. ხშირ შემთხვევაში, ვთქვათ, რასაც გეგმავენ 2017 წელს, წლის ბოლოს ამბობენ, რომ შეასრულეს, მაგრამ 2018 წლის ბიუჯეტში ისევ თავიდან ითხოვენ დაფინანსებას იგივე საქმის გასაკეთებლად. ანუ არც იმ წელს შეუსრულებიათ და დარწმუნებული ვარ, არც ამ წელს შეასრულებენ. იმ ფულს რეალურად ჭამენ და შემდეგ ისევ თავიდან ითხოვენ. თუ ამბობ, რომ რაც ბიუჯეტში გაწერილი გქონდა, შეასრულე, მაშინ რაღატომ ითხოვ ფულს იგივე საქმეზე მომდევნო წელს? აბა, სხვა რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ არ გაგიკეთებია არაფერი და ისევ ითხოვ ფულს? ან გასაკეთებლად, ან ისევ ისე შესაჭმელად, როგორც წინა წელს შეჭამე? მაგალითად, ითხოვენ დაფინანსებას კონკრეტულ მისამართზე ასფალტის დასაგებად. წლის ბოლოს წერენ, რომ ეს სამუშაო შეასრულეს _ დააგეს ასფალტი აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ისევ ითხოვენ ასფალტის დასაგებად ფულს, ზუსტად ამ მისამართზე! ხომ არ გგონიათ, რომ ერთი წელია, ასე ხდება? ოთხი წელია, ასე ხდება. რამდენიმე მისამართი არის აღებული, რომელზედაც ყოველ წელიწადს ითხოვენ ფულს ასფალტის დასაგებად. ნებისმიერს მივიყვან იმ ადგილას და ვანახებ, თუ არის იქ რაიმე გაკეთებეული. ამით უნდა დაინტერესდეს აუდიტი, პროკურატურა.
_ ამას წინათ დოკუმენტი გაასაჯაროვეთ, საიდანაც ირკვევა, რომ კალაძეს ერთ თეფშ თევზის ასორტში გადახდილი აქვს 200 ლარი, საუბარია ბიუჯეტის ხარჯზე გადახდილ 20 ათას ლარიან სუფრაზე.
_ ეს იყო 200-კაციანი სუფრა. გასაგებია, რომ მოწვეული იყვნენ სხვადასხვა დონის სტუმრები, ეს გავიგეთ, მაგრამ კატასტროფაა, როდესაც ერთ თეფშ ყველის ასორტიში იხდი ას ლარს და ერთ თეფშ თევზის ასორტიში იხდი ორას ლარს, მაშინ როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ ოჯახებს, რომლებიც პურსაც ვერ ყიდულობენ. მის ნაცვლად მე მრცხვენია, ადამიანს თავი მოაქვს, რომ არის მოდური, შეგნებული, უნდა, რომ ყველაზე და ყველაფერზე მზრუნველის სახელი ერქვას და რეალურად რას აკეთებს? _ ბიუჯეტის ხარჯზე აწყობს ასეთ ქეიფებს. ცოტა ნაკლებფასიანი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა? ვის აოცებ ამ ძვირფასი თევზეულით? კი ბატონო, რა პრობლემა იქნებოდა, ჩვენ რომ აქ ვცხოვრობდეთ კუვეიტივით, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ხალხი შიმშილობს და მოსახლეობის უმეტესობას უჭირს ელემენტარულად საკვები ფულის მოპოვება, არა მგონია, იმის ფუფუნება გვქონდეს, რომ 200 ლარი ვიხადოთ ერთ თეფშ თევზის ასორტიში.
_ პრობლემები აქვს მატარებლებს. როდესაც ისინი შემოჰყავდათ, თქვენ წერდით, რომ ეს მატარებლები არ იყო ამ მანძილებზე, ამ ქვეყანაზე გათვლილი.
_ ეს მატარებლები ჩვენი რელიეფისთვის არაა შესაფერისი და გათვლილია მგზავრების მოკლე მანძილებზე გადასაყვანად. მაგალითად, მგზავრების აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრებამდე გადაყვანა. თანაც ამ მატარებლების დანიშნულება არის მგზავრების სწრაფად გადაყვანა, მისი საშუალო სიჩქარე უნდა იყოს 100-120 კილომეტრი საათში. საქართველოში რა ტემპით მოძრაობს? 40 კილომეტრსაათი, იმიტომ რომ ჩვენი მთაგორიანი რელიეფი არ იძლევა მეტი სიჩქარის განვითარების საშუალებას. უნდა იყოს სწორი, პირდაპირ მიმავალი გზა, მაქსიმუმ რამდენიმე მიხვევ-მოხვევით, ისიც არაუმეტეს 15 გრადუსიანი მოსახვევით. მაგ შემთხვევაში ავითარებს ამ სიჩქარეს. გარდა ამისა, ეს მატარებლები არაა გათვლილი ჩვენს ლიანდაგებზე _ საბჭოთა პერიოდში გაკეთებულ ლიანდაგებზე. ბაქნების ამაღლება მოუწიათ, სადაც ვერ აამაღლეს, მისადგმელი კიბეების გაკეთება დასჭირდათ გორგოლაჭებზე. უსაფრთხოების გარკვეული ფუნქციები ჩახსნეს, პროგრამულად გათიშეს. ამის გამო მატარებელი, რომელიც სრულად კომპიუტერიზებულია, თავის საქმიანობას ვეღარ ახორცილებეს ნორმალურად და კონდიცირება ვერ მუშაობს, ხშირად ითიშება. რა მოვიგეთ ამ მატარებლების ყიდვით? თუ ადრე ხუთ საათში ჩადიოდა თბილისიდან ბათუმში, ახლა ჩადის 4 საათსა და 40 წუთში. იმის მაგივრად, რომ ბევრი მგზავრი გადაგვეყვანა, მგზავრების რაოდენობა არ შეცვლილა, _ რაც მიდიოდა მანამდე, იგივე მიდის ახლაც, ეს მატარებელი მოგებას ვერ ნახულობს. 45 მილიონი დოლარია გადახდილი, ამ ფულს როდის ამოიღებს საქართველოს რკინიგზა? 20 წუთის გამო ღირდა 45 მილიონის გადახდა? წესით, სამ საათში უნდა ჩადიოდეს, მაგრამ ჩვენი რელიეფის გამო ვერ ჩადის. ვერ ასრულებს ეს მატარებელი თავის ფუნქციას სრულფასოვნად, არ არის ამხელა მანძილზე გათვლილი, მოუხერხებელია სკამები, მგზავრები წუხდებიან. ამ ბოლო დროს ხაშურში მოუწია რამდენიმე საათი გაჩერება და სასწრაფო სასწრაფოზე მიდიოდა, ხალხი ცუდად გახდა ვენტილაციის გამო. რკინიგზაში უზარმაზარი პრობლემებია, რკინიგზას შველა სჭირდება, მოგებაზე ვერ გადიან, იმიტომ რომ ტვირთების რაოდენობა და შემოსავალი შემცირდა. ესენი კი ხელფასს ზრდიან! ან მეორე პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რითაც უნდა დაინტერესდეს აუდიტი და პროკურატურა, ხომ არ არის გვერდითი შემოსავლები, რომელიც ოფიციალურად არ ჩანს და ვიღაცის ჯიბეში მიდის? ეს ყველაფერი საინტერესოა და, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მაგრამ რა? შეიტან საქმეს, შემოდებენ თაროზე. გეუბნებიან, რომ ძიება დავიწყეთო, მაგრამ აღარ გრძელდება. პასუხია: დაელოდეთ გამოძიებას. რომელ გამოძიებას დაველოდოთ, რომელიც წლობით გრძელდება და არასოდეს მთავრდება? ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, მივმართეთ პროკურატურას კალაძის ცოლისძმასთან დაკავშირებით, რომელმაც თავისი მეგობრის ორი დღის დაარსებულ კომპანიას 100 ათასი ლარი გადაურიცხა შაორის ბანაკის გახსნა-დახურვის ცერემონიალისთვის. ვიყავი კიდეც დაკითხვაზე, მაგრამ იმ კომპანიის პატრონისთვის უნდოდათ საქმე შეეტენათ. შპს-ს მეპატრონე შეიძლება დაიკითხოს, რა პირობებში მოხდა თანხის გადაცემა, როგორ გაფორმდა ეს ხელშეკრულება, მაგრამ პასუხი უნდა მოეთხოვოს ბიუჯეტის განმკარგველს. ვინ იყო გადამრიცხველი? ბიუჯეტიდან გადარიცხვას შპს თვითონ ვერ გააკეთებდა, ამათმა გადაურიცხეს, ხო? ახლა პასუხი მოსთხოვო შპს-ს, ბიუჯეტიდან რატომ ჩაგირიცხეს თანხაო, ეს არის აბსურდი. აღძრეს საქმე, მაგრამ სადაა ახლა ეს საქმე? რა თქმა უნდა, თაროზეა შემოდებული და, ალბათ, იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, კალაძემ თუ მათთვის რაიმე მიუღებელი ნაბიჯი გადადგა.
_ მიუხედავად მძიმე სოციალური-ეკონომიკური პრობლემებისა, დაძაბული პოლიტიკური ატმოსფეროსი, მაინც არაა მზად მოსახლეობა ქუჩაში გამოსასვლელად, პროტესტისთვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გულგრილია თქვენი თაობა, ახალგაზრდობა. რატომაა ახალგაზრდობა ასე ჩახსნილი პროცესებიდან, რამ გამოიწვია ეს ნიჰილიზმი?
_ იმან, რომ რუსული სპეცსამსახურები ძალიან სწორად მუშაობენ. გაიხსენეთ, რა მესიჯებს ავრცელებენ მთელი ეს ბოლო წლები? რომ პოლიტიკოსები არიან ბინძურები, პოლიტიკა არის ბინძური საქმე, რომ არავინ არ ზრუნავს ხალხზე, სახელმწიფოზე, ყველა ზრუნავს თავის თავზე. „რა გინდა პოლიტიკაში? მოიცა, რა…“, „რა გინდა აქციაზე? მოიცა, რა…“ მოტივაცია ჩაუკლეს ჩემს თაობას, რომ პროცესებში ჩართვის სურვილი არ გაუჩნდეს, თან ამ ბოლო წლებში მართლაც ვერ ხედავენ, რომ ხელისუფლებაში მყოფებიდან, რეალურად, ვინმე ზრუნავდეს ქვეყანაზე. რა მოტივი უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს?
_ ეგ გასაგებია, მაგრამ ეს ეხება პოლიტიკაში უშუალოდ ჩართულობას. ერთია, არ გინდოდეს პოლიტიკაში ჩაბმა, მაგრამ მეორეა პროტესტის ქონა და გამოხატვა.
_ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზება. როგორც კი ვინმე პროტესტს გამოხატავს, მაშინვე აკერებენ „ნაციონალის“ იარლიყს. არადა, ადამიანი შეიძლება საერთოდ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ იყოს და პროტესტი ჰქონდეს, მაგრამ როგორც კი გამოხატავს, მზად აქვთ იარლიყი: „ეს „ნაციონალი“ ყოფილა“. იმ კადრების მერე, რაც დადგეს და გააშუქეს, მთელი იმ შავი პიარის შემდეგ, რაც „ნაციონალებს“ უგორა „ქართულმა ოცნებამ“ და მოახდინა დემონიზება, ახალგაზრდებს არ უნდათ „ნაცის“ იარლიყის მიკვრა. მაგრამ ნელ-ნელა გამოდიან ახალგაზრდები ამ მდგომარეობიდან, უკვე აღარ აინტერესებთ, ვინ რას იტყვის, იმიტომ რომ ყველა ხედავს, სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა. ნელ-ნელა მიდის საუბარი ახალგაზრდებთან და ახალგაზრდების მხრიდანაც, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. იმედი მაქვს, რომ ყველა მოეგება გონს და ყველა დადგება იქ, სადაც საჭიროა და ერთ მუშტად შეიკვრება.
_ ახალგაზრდობის მიმართ პრეტენზიები იყო, რომ მათ მხოლოდ ნარკოტიკების თემა აწუხებთ და მაგ თემაზე აწყობენ მხოლოდ აქციებს და მაგ თემაზე გამოდიან. არადა, ამას უკიჟინებენ ისინი, რომლებიც არც ამ თემაზე გამოდიან და არც იმ თემაზე, რაც თავად აწუხებთ. ერთ-ერთი პრეტენზია იყო ის, რომ ახალგაზრდობა არ აპროტესტებს ოკუპაციას. ახლა გაიმართა აქცია ოკუპაციის წინააღდეგ. ამჯერად მესიჯბოქსი, ლოზუნგები დაიწუნეს…
_ ყველა ერთ აზრზე ვერასდროს იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ. ყველას აზრი და მცდელობა მისაღებია, რომელიც საერთო მიზნამდე მიდის. ა პუნქტამდე მე შეიძლება ბე პუნქტის გავლით მივიდე და სხვა ცე პუნქტის გავლით მივიდეს. მე რომელი პუნქტის გავლით მივალ _ ჩემი გადასაწყვეტია და ის სხვა რომელი პუნქტის გავლით მივა, იმ სხვის გადასაწყვეტია. მთავარია, რომ მივიდეთ იმ ა პუნქტამდე. ჩვენ რომელი გზით მივალთ და მივაღწევთ თუნდაც დეოკუპაციას, თუნდაც ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, თუნდაც იმ ბიჭების განთავისუფლებას, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმას ნურავინ ნუ დამიწყებს, რომ ჩვენ რუსეთთან მეგობრობით მივაღწევთ ამას. წლებია ვხედავთ, არანაირი სიკეთე მათთან ენის მოჩლექით საუბარს ჩვენთვის არ მოუტანია, არც მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, არც მწვანილის გატანას და გაყიდვას. ერთადერთი გზა რაც დაგვრჩა, ესაა აქტიურად მოვითხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურობა, რომ დასავლეთი აქტიურად ჩაერთოს პროცესებში და რაც შეიძლება მალე მოხდეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება არა მარტო ყირიმის, არამედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო.
_ კალაძე რამდენიმე თვეა, რაც დედაქალაქის მერია, როგორ ფიქრობ, არის რაიმე თვისობრივი სხვაობა ნარმანიას მერობასა და მის მერობას შორის?
_ ერთი წარმოშობით კოკიდან იყო და მეორეს მილანელის სტატუსი აქვს, თორემ რა შეიცვალა თბილისელებისთვის? მთაწმინდის ქედი ჩვეულებრივად იჭრება, ნარიყალა ჩვეულებრივად ინგრევა და არტეფაქტები გააქვთ მანქანით და ნაგავთან ერთად ყრიან.
_ კი არ ყრიან, აგური მიაქვთ მღვდლებს, ცხადია, მუქთად.
_ მაგის გარდა ნაგავშიც იყრება არტეფაქტები, გატეხილი ქოთნები, რაც არქეოლოგიური მასალაა. მშენებლობები ჩვეულებრივად გრძელდება. რა კეთდება? მიწისქვეშა გადასასვლელები შევღებეთ. ამაზეც მადლობა უნდა ვუთხრათ, თურმე. დანარჩენი სასიკეთო რა მოხდა? იქ მეტრო ჩამოიქცა, აგერ 14 წლის ბავშვი გადმოვარდნილმა შუშამ შეიწირა, აგერ რუსთაველზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიადგნენ შუაღამისას და ანგრევდნენ, არც ერთი სპეციალისტი არ იყო ადგილზე, რომელიც ასწავლის, როგორ უნდა მოეპყრან ასეთ ძეგლებს. რა შეიცვალა? სახეები მხოლოდ და სახელები.
_ თუმცა ინიციატივები აქვს ტაქსებთან დაკავშირებით.
_ ინიციატივები წამოაყენა, კი ბატონო, მაგრამ სასიკეთო რა არის თუნდაც ტაქსის მძღოლებისთვის?
_ ტაქსის მძღოლებისთვის უნდა იყოს თუ ქალაქისთვის? წესით, რა არის მის ამ ინიციატივაში მიუღებელი, რა არის იმაში ცუდი, თუ ტაქსით მგზავრობის სფერო მოწესრიგედება, ან რატომ არ უნდა იბეგრებოდნენ?
_ იმასაც უნდა შევხედოთმ რა ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყარო არის ტაქსაობა და ოჯახის გამოკვების ერთადერთი საშუალება არის და მას…
_ უკაცრავად, მაგრამ რომელი პარტიის წევრიც ხართ, სწორედ ეგ პარტია, ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს, სწორედ მასე მიადგა რეპეტიტორებს, ის რეპეტიტორობაც იმ ხალხის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო.
_ მერე მე ხომ არ ვამბობ, რომ ყველაფერში მართლები იყვნენ და ეგ სწორი გადაწყვეტილება იყო? ჯერ მოაგვარე ეკონომიკური პრობლემები და მერე მოსთხოვე ამ ადამიანებს პასუხი.
_ კი მაგრამ, ეგ ეკონომიკური პრობლემები მარტო ტაქსისტებისთვისაა? თუ სხვა იხდის გადასახადს, ტაქსისტმა რატომ არ უნდა გადაიხადოს?
_ ყველა როდის იხდის გადასახადს? ბიძინა ივანიშვილი ბიტკოინებს რომ აწარმოებს, გადასახადს იხდის რამეს? თუ პირიქით, შეღავათიანი პირობებით სარგებლობს? რამდენი გადასახადისგან არის განთავისუფლებული საპატრიარქო? ვის ვთხოვთ ჩვენ, ყველაზე დაბალ დონეს, რომელიც დღე და ღამეს ასწორებს, რომ როგორმე ოჯახი გამოკვებოს? ჯერ ბიძინა ივანიშვილს მოვთხოვოთ, მილიონებს რომ აკეთებს ბიტკოინებით და მერე მოვთხოვოთ სხვა დანარჩენსაც. აქ შერჩევითია ყველაფერი, ერთი ჯიბიდან მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ ყველაფერი და მეორეს არც უნდა მივეკაროთ. არ შეიძლება იმიტომ, რომ ის „დაბალი ღობეა“, კიდევ უფრო დააჭირო ფეხი.
_ კალაძეს ინიციატივა აქვს, აიღოს „გარაჟები“. თავის დროზე, ეს „ნაცმოძრაობასაც“ უნდოდა, მაგრამ საზოგადოების მძაფრი წინააღმდეგობის გამო, მალევე აიღო ხელი. ახლა კალაძეს უნდა იგივე და რამდენად გამოვა?
_ როდესაც „ნაციონალურმა“ მოძრაობამ „გარაჟების“ ნგრევა დაიწყო, ძალიან იყო გამკაცრებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაც და მანქანას სარკეს ვეღარავინ ხსნიდა, ნამდვილად არ უნდოდა სარკის გამო ციხეში წასვლა. ვეღარავინ ამტვრევდა მანქანის შუშებს, რომ მაგნიტოფონი ამოეცალა. არ მახსოვს, ვინმეს აგურებზე დახვედროდეს მანქანა იმ პერიოდში, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? სარკეებს ხსნიან, შუშებსაც ამტვრევენ, აგურებზე შემდგარი რამდენიმე მანქანაც ვიხილეთ, „გარაჟს“ რომ დაუნგრევ ადამიანს, გარანტიას ვინ აძლევს, რომ მის მანქანას არაფერი მოუვა? ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ამ პრობლემას რა ვუყოთ?
_ ეგ გასაგებია, მაგრამ ისიც ვთქვათ, უმეტესი „გარაჟი“ ისევ ცარიელია, საწყობებად და საკომპოტეებად აქვთ ნაქცევი და მანქანები ისევ გარეთ უყენიათ.
_ ის, რომ ეს გარაჟები ქალაქს ამახინჯებს, ყველას ვეთანხმები, ვინც არ უნდა იყოს.
_ ამ „გარაჟების“ ნგრევაში ხომ არაა მისი სხვა ინტერესიც? თუ მხოლოდ ქალაქის იერზე ზრუნავს და ამისთვის იმტერებს ამ ხალხს? თუნდაც ის რომ, რიგ ადგილებში ათი „გარაჟი“ რომ აიღო, მშვენიერი კორპუსი ჩაეკვეხება.
_ არ ვიცი, სამწუხაროდ, ამათ პირობებში ვერაფერზე თავს ვერ დავდებ. ხეებს ჩეხენ იმისთვის, რომ კორპუსი აშენდეს და ამის გამო რომ „გარაჟები“ დაანგრიონ, რა გამოსარიცხია? ვერ გამორიცხავ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამდენი ჭკუა ეყოფათ, ასეთი რამ არ გააკეთონ.
_ მოხერხდება „გარაჟების“ აღება? არ მოყვება იგივე, რაც მოყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს?
_ ვინც წინააღმდეგი გამოვა, ისევ დაიწყებენ, შენ „ნაციონალი“ ხარ… ზუსტად ისევე, როგორც ხდება დამწვარი ბაზრობების შემთხვევაში.
_ კი, ის, ვისაც ქონება დაეწვა, არათუ პროტესტს არ აცხადებს, გასაშუქებლად მისულ ტელეარხებსაც ეჩხუბება.
_ ეგ იმიტომ ხდება, რომ როდესაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და დაზარალებულებმა ბევრი ილაპარაკეს ტელევიზიებთან, ამ ხელისუფლების მიერ დაისაჯნენ კიდეც. სანამ პროტესტი არ გამოთქვეს და აქციები არ მოაწყვეს, მათთან არც ნარმანია და არც ვინმე მივიდა შეხვედრაზე, რომ გაეგოთ, რა პრობლემები ჰქონდათ, ანაზღაურება კი არა, დათვლაზეც უარს ეუბნებოდნენ, ბოლოს რა მიიღეს? სამი ათასი ლარით დაეხმარნენ და უთხრეს, „ნაციონალებთან“ ერთად გვიწყობდით აქციებს, იმათ წისქვილზე ასხამდით წყალს და ჩვენგან ითხოვთ დახმარებასო? ახლა ამ მოვაჭრეებს ჰგონიათ, რომ მათ დაეხმარებიან, თუ ჩუმად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ და ტელევიზიებით არ გამოჩნდებიან. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისევ ისეთი დამცინავი მათ მიერ გაწეული დამხარება, მაგრამ არც იმის იმედი მაქვს, რომ რეალურად დაეხმარებიან. მოვაჭრეებს იმედი აქვთ, რომ სრულად აუნაზღაურებენ ზიანს, რაც, ჯერჯერობით, არც ერთხელ მომხადარა. ყველას ეუბნებიან, რატომ არ გქონდათ დაზღვეული საქონელიო. კი, აუცილებლად უნდა გქონდეს საქონელი დაზღვეული, მაგრამ ეს ხალხი ისედაც არაერთ გადასახადს იხდის და კიდევ თუ დაზღვევის საფასური იხადა, სახლში რაღა მიიტანოს? ისედაც გაჭირვებაა, გაძვირებულია ყველაფერი, ვაჭრობა შემცირებულია და რაღაცას ცდილობს ეს ხალხი, რომ პატარა მოგება ნახოს, ოჯახი არჩინოს და დაზღვევის ხდას და ულუკმაპუროდ დარჩენას ალალბედზე მინდობა ურჩევნია, იმის იმედად, რომ არ დაიწვება. ამბობდნენ, ავტომატებიდან ვთიშავდით დენს, რომ ხანძარი არ გაჩენილიყოო, მაგრამ მაინც გაჩნდა. გამოძიებას თუ ველოდეთ, წლები მოგვიწევს ლოდინი, იმიტომ რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჯერ ვერც ერთი ფაქტი ვერ გაიხსნა ბოლომდე, შემთხვევებს აბრალებენ ყველაფერს და ასე შემთხვევით 12 ბაზრობა 6 წლის განმავლობაში როგორ დაიწვა? ამ ხალხს, ჯერჯერობით, იმედი აქვს, რომ დაეხმარებიან, მაგრამ როგორც კი არ დაეხმარებიან, პირველი თვითონ იქნებიან, ვინც გამოვა და ილაპარაკებს. იმედი მაქვს, დახმარებას გაუწევენ. თუ დასჭირდათ, მე პირადად მზად ვარ, მათ გვერდით ვიდგე, როგორც ვიდექი „ბავშვთა სამყაროს“ შემთხვევაში. აუცილებლად დავუდგებით გვერდით, რითიც შეგვეძლება და როგორც შეგვეძლება.

რეზო შატაკიშვილი