დათო გამცემლიძე: „პუტინი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში აპირებს ვა ბანკზე წასვლას მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით“

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მიზეზებზე, ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებსა და სეპარატისტული რეჟიმების მოქმედების ფორმებზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ეს იმის მიუხედავად, რომ მარტივი ლოგიკით, თითქოს, ყველაფერი ნათელია _ მოკლეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ამის მიუხედავად, მაინც, რა უნდა იყოს რეალური მიზეზი, თუნდაც, ვერსიების დონეზე?
_ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივიც კი იმ ხნის განმავლობაში, რა დროც გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან გავიდა.
პირველ რიგში, ეს ტრაგედიაა და ჩვენს გულწრფელ სურვილს, მივუსამძიმროთ ოჯახს, აძლიერებს არჩილის გმირული საქციელი: სრულიად აშკარაა, რომ იგი ვერ დათრგუნეს, ვერ გატეხეს, ალბათ, სიტყვაც შეუბრუნა მჩაგვრელებს, იქნებ, ხელიც და სწორედ ამიტომ მოკლეს!
ვეჭვობ, მისი მოკვლა საოკუპაციო რეჟიმს თავიდანვე დაგეგმილი ჰქონოდა: მთელი ეს პროვოკაცია უფრო იმაზე იყო გათვლილი, არჩილ ტატუნაშვილი დაეპატიმრებინათ აშკარად შეთითხნილი ბრალდებებით, ანტიქართული პიარი აეგორებინათ და ზეგავლენაც მოეხდინათ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე _ ოღონდ, სერიოზული დანაკარგის გარეშე. ასე არ გამოუვიდათ ამ ახალგაზრდა კაცის პიროვნული გმირობის წყალობით.
დარწმუნებული ვარ, „მსხვერპლი“ წინასწარ ჰყავდათ შერჩეული: „ყოფილი სამხედრო“, როგორც ჩვენ ვამბობთ. და ის, რომ ჩვენ _ მეც, მათ შორის _ ვლაპარაკობთ სწორედ „ყოფილ სამხედროზე“ და არა, უბრალოდ, მოქალაქეზე, პროვოკაციის ცბიერ ავტორთა წარმატებაა: ასეც ჰქონდათ გათვლილი თავიდანვე, რომ საპასუხო დემაგოგიური „სათქმელი“ ჰქონოდათ, _ ის ხომ სამხედროაო?!
მაგრამ ერთი ვერ გათვალეს: არჩილის ვაჟკაცობა და შეუპოვრობა, მისი პატრიოტიზმი. შედეგად, ამ მხეცურმა მკვლელობამ _ ნაცვლად დაპატიმრებისა, რაც თავდაპირველად ჩაფიქრებული ჰქონდათ _ გარკვეული პრობლემები მაინც შეუქმნა საოკუპაციო რეჟიმს. თუმცა, სამწუხაროდ, არა ეგზისტენციური.
აშკარაა, არჩილს ისინი დიდი ხნის განმავლობაში „აკვირდებოდნენ“, საგანგებოდ მისცეს ე. წ. სამხრეთ ოსეთის „КГБ“-ს საშვი და იმ დროს ელოდნენ, როდესაც პროვოკაცია დასჭირდებოდათ.
_ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ბოლო დღეების განმავლობაში ქართველი ვეტერანების ერთ ნაწილს სოციალური ქსელებით მუქარის ერთი და იგივე ტექსტები მიუვიდათ (Пусть захлебнутся и другие, кто по Цхинвалу пускал снаряды. Спроси их. А Арчил хотел сбежать. Вот и случилось такое. Он не первый задержанный и надеюсь не последний. Так что успокойтесь. Спроси ваших сотрудников полиции, где они трупы наших молодых ребят спрятали? Можешь в интернете поискать. Их фамилии Хугаев, Плиев, Хачиров. Им по 20 лет было. И не выёбывайтесь больше насчёт территории. Южная Осетия была и будет независимой от Грузии). გასათვალისწინებელია ის მდგომარეობა, რომ ასეთი წერილები მიუვიდათ საქართველოდან დიდი ხნის წინათ ემიგრირებულ ვეტერანებსაც. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ ტატუნაშვილი 2008 წლის საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდა. თან ეს წერილი „ოფიციალური“ ცხინვალის ვერსიებს ეწინააღმდეგება. ანუ რასთან გვაქვს საქმე და რამდენად არის შესაძლებელი ვივარაუდოთ, რომ აქ არ არის რაიმე სახის სიმართლის მარცვალი?
_ რაც შეეხება მუქარის წერილებს, რასაც ქართველი ვეტერანები იღებენ უცნაური „სიზუსტით“, როდესაც გამომგზავნებმა ზუსტად იციან ელექტრონული მისამართები, ტელეფონის ნომრები, სახელები და ა. შ., ესეც ამ მასშტაბური პროვოკაციის ნაწილია: ბუნებრივია, იციან, რადგან რუსეთს, ტრადიციულად, ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს, რომელთა „საცეცები“ შორს აღწევს, იმაზე შორს, ვიდრე უბრალო მოქალაქეებს ჰგონიათ.
ჩვენ პოსტსაბჭოური ქვეყანა და საზოგადოება ვართ. ამგვარ საზოგადოებაში კი სისტემურად რთულია ისე „ააშენო“ არმია ან სხვა ძალოვანი სტრუქტურები, რომ ქმედითი იმუნიტეტი ჰქონდეთ „გარეშე გავლენისგან“. ეს სტრუქტურები იყო, არის და კიდევ დიდხანს იქნება სავსე „გავლენის აგენტებითა“ და „სექსოტებით“. შეგახსენებთ ცნობილ ფაქტს: 2008 წლის 15 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთ სპეცდანიშნულების რაზმში თათბირი ჩაატარა და შესაძლო ანტისაოკუპაციო აქციები განიხილა; თათბირის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ცხინვალში მყოფმა სამხედრო გენერალიტეტმა განცხადება გააკეთა: „ერთი ტყვიაც თუ გავარდება, თბილისს დავბომბავთ“.
_ ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვიკითხო, _ თქვენ გახსოვთ არაერთი ფაქტი, როდესაც სხვადასხვა ვითარებაში ლიკვიდირებულ იქნა კოდორის სპეცოპერაციის არაერთი მონაწილე. ფაქტია, რომ კვალი რუსეთის სპეცსამსახურებამდე მიდის. ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი რამდენად არის შესაძლებელი ასევე უკავშირდებოდეს „ფე-ეს-ბეს“?
_ „კოდორის სპეცოპერაციის“ მონაწილეთა მკვლელობა, მათ შორის, რაზმის მეთაურის ბათუმში აფეთქება _ ხაზი გავუსვათ თარიღს: 2010 წელს! _ რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურების მოწყობილია. დივერსიათა ორგანიზება „არ გაუჭირდებოდათ“, მაგრამ ინფორმაციას რომ ფლობდნენ სახელებით, გვარებით, ლამის მისამართებით და ა. შ. _ ესაა ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი. არადა, ვის შეიძლებოდა სცოდნოდა იმ ბიჭების ვინაობა, ვინც კოდორის ოპერაცია განახორციელა 2007 წელს? რიტორიკული კითხვაა.
დღეს ვითარება კიდევ უფრო გართულდა, მაგრამ სისტემურად ეს პრობლემა დიდი ხანია, არსებობს.
_ თქვენ კარგად გახსოვთ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც მალევე მიჩუმათდა. იმ პერიოდში საუბარი იყო იმაზე, რომ სუსულ მხარეს გადაეცა თბილისისა და არა მხოლოდ თბილისის ირგვლივ არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების რუკები. ასევე ყურადღება მახვილდებოდა იმ გარემოებაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა სრული დოსიეები მიიღეს ქართველი ვეტერანების შესახებ. რამდენად ადეკვატური იყო მაშინ ხელისუფლებისა და, გნებავთ, საზოგადოების რეაქცია და რამდენად საზიანოა ეს ფაქტი სამომავლოდ ქართული სახელმწიფოსთვის?
_ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ოღონდ აქ არსებითია არა თვით წითელაშვილი და მის „ლეგენდად“ შექმნილი NGO, არამედ „ჯაჭვის“ ის რგოლები, რომლებიც ამ სუბიექტის მოთხოვნებს „აკავშირებს“ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან, ანუ, პირობითად, „საშვის დაშვებასთან“.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა „ФСБ“-ს დაგეგმილია თუ არა, იმაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ფაქტი: დანაშაული განხორციელდა არა რუსი, არამედ ოსი სეპარატისტების ხელით. ამ უკანასკნელთა „ჯალათური პროფესიონალიზმი“ კოლეგებისას ვერ სწვდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კვლავინდებურად ურყევად ვარ დარწმუნებული: ამ ეტაპზე არჩილის დაპატიმრება იყო დაგეგმილი და არა მისი მკვლელობა! მოკლეს იმიტომ, რომ, მათთვის მოულოდნელად, წინააღმდეგობა გაუწია და ვერ გატეხეს.
მიზნად ისახავდნენ დაპატიმრებული მეომრის თემით მუდმივ მანიპულირებას _ საქართველოში ვითარების არევისა და დაძაბულობის კერათა შესაქმნელად. ამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც: რამდენიმე საათით გადაიკეტა თბილისი-ფოთის ავტომაგისტრალი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მთელი სამხრეთ კავკასიისთვის; ოღონდ ამ მხეცურმა მკვლელობამ, შემდეგ კი საერთოდ გაუგონარმა უარმა, ქრისტიანული წესით დასასაფლავებლად მაინც გადმოეცათ ცხედარი მშობლებისთვის, „გეგმები აურიათ“ როგორც სეპარატისტებს, ასევე მათ პატრონებს.
ახლა ცხინვალშიც და მოსკოვშიც იმაზე მსჯელობენ, რა უფრო ხელსაყრელი იქნება მათთვის: საერთოდ არ გადმოსცენ ცხედარი ოჯახს, თუ გადმოსცენ და შეურიგდნენ იმას, რომ სიკვდილის რეალური მიზეზი გაირკვევა: ანუ ცემა და სასტიკად წამება.
ჩემი ვარაუდით, მოსკოვი და ცხინვალი ახლა ცდილობენ, ევროპელი შუამავლების მეშვეობით მიაღწიონ პირობას, რომ თუ ცხედარი საქართველოს გადმოეცემა, დაკრძალვა მოხდეს „უხმაუროდ“ და ჯალათების მიმართ ბრალდებები აღარ გაისმას.
ისევ და ისევ, ძალიან ცბიერად ცდილობენ აქ ევროპელების ჩართვას, რათა შემდეგ პირობა არა სეპარატისტების ან მოსკოვის, არამედ ევროპელთა მიმართ დარღვეულად გამოცხადდეს: აქაოდა, ევროპელი შუამავლები შეგვპირდნენ, საქართველოში ხმაური აღარ იქნებოდა თუ ცხედარს დავაბრუნებდით, მაგრამ პირობა დაარღვიესო.
აქ დილემა ისაა, რომ ხელისუფლება კი მისცემს ასეთ პირობას, მაგრამ გაუბედურებულ ოჯახს ან აღშფოთებულ საზოგადოებას რა გააჩუმებს?!
_ ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთსა და მარიონეტულ და, ამავდროულად, ფაშისტურ რეჟიმებზე _ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმალური გავლენა აქვთ. ამას ცხადყოფს, თუნდაც, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებული ნერვების ომი. რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და საქართველო სეპარატისტული რეჟიმებისთვის ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახდეს? რამდენად ადეკვატურია კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია? რამდენად უწევენ მას ანგარიშს იგივე ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმები და ცხადია, რუსეთი? ანუ რაიმე სარგებელს ვხედავთ ამ მისიების არსებობით?
_ ცნობილი მაქსიმაა, რომ პოლიტიკა არის „შესაძლებლის ხელოვნება“. ევროპელ მეგობრებს, რომლებიც საოკუპაციო საზღვრის მონიტორინგში გვეხმარებიან, მეტს ნამდვილად ვერ მოვთხოვთ, ვინაიდან „მეტი“ მათ რესურსებსა და შესაძლებლობებს აღემატება.
არსებობს სადამკვირვებლო მისიის მანდატი და ამ მანდატს ისინი ვერ დაარღვევენ. პრობლემაც ისაა, რომ არავინ მსჯელობს იმაზე, რატომ ჩამოყალიბდა, თავის დროზე, მანდატი სწორედ „ასე“ და არა სხვაგვარად?!
მაგალითად, როდესაც 2009-2010 წლებში რუსმა და ოსმა სნაიპერებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რამდენიმე ათეული ქართველი პოლიციელი მოკლეს, ხოლო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ამის გამო მოსკოვს პროტესტი განუცხადა. იცით, რა უპასუხა გაქნილმა სერგეი ლავროვმა? „თქვენი მანდატით მხოლოდ იმის უფლება გაქვთ დააკვირდეთ, თუ რა აქციებს ახორციელებს საქართველო „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მიმართულებით, მაგრამ ამავე მანდატით უფლება არ გაქვთ, იმაზე რეაგირებდეთ, ჩვენ რა აქციებს ვახორცილებთ ოს და აფხაზ მოკავშირეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზეო“.
დაუჯერებელია, მაგრამ გარწმუნებთ, სწორედ ასე იყო და ზუსტად ასე ითქვა.
2008 წლის ეს „მანდატი“ არის კატასტროფული, საზარელი სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური მარცხის „პროდუქტი“. ამაზე მეტის თქმა აღარც არის საჭირო, ალბათ.
_ გამოსავალი? რა უნდა ვიღონოთ?
_ რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება ვიღონოთ… სამწუხაროდ და სავალალოდ, იმავე მიზეზებით, ძალიან ძნელია მიანიშნო სხვა რაიმე რესურსზე გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არსებობის ნორმალური პირობები შეუქმნას ჩვენს გმირ ბიჭებს, _ ყოფილ სამხედროებს; დაასაქმოს ან სხვაგვარად დაეხმაროს მათ, რათა ისინი, არჩილ ტატუნაშვილივით, იძულებულნი არ იყონ, რეგულარულად შევიდნენ იმ „კრაზანების ბუდეში“, თუნდაც, მცირე ბიზნესის საწარმოებლად, სადაც მათ შესახებ ყველაფერი იციან და ნებისმიერ დროს შეუძლიათ პროვოკაციის ორგანიზება, როდესაც „სასარგებლოდ“ და „ხელსაყრელად“ ჩათვლიან. კვლავ და კვლავ ვიმეორებ: არჩილ ტატუნაშვილს პროვოკატორებისთვის სწორედ იმიტომ ჰქონდა „ფასეულობა“, რომ ყოფილი სამხედრო იყო, ანუ დემაგოგიური „სათქმელი“ ექნებოდათ. ანალოგიური აქცია ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ შესაძლოა, არც განეხორციელებინათ, თუმცა, მეორე მხრივ, ვერც იმ ტრაგიკულ რეალობას გავექცევით, რომ ზოგადად ძნელია იპოვო გამოსავალი ვითარებიდან, როდესაც ათეულობით ათასი ქართველი, გალისა და ახალგორის რაიონებში, სეპარატისტებსა და მათ პატრონებს მძევლებად ჰყავთ ქცეული. აქვე დავაკვირდეთ სისტემურ მსგავსებას გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის „ქეისებს“ შორის: ორივე იძულებული იყო(!), რეგულარულად გადასულიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ მცხეთაში ან ზუგდიდში „გადმოსვლა“ ვინმეს მოსატაცებლად მტრის სპეცსამსახურებს არ სჭირდებათ.
რეალურად, „ჰიბრიდული ომი“ გრძელდება, მათ შორის, ამგვარი მეთოდების გამოყენებით.
_ სამომავლო პრევენციაზეც ვისაუბროთ: რა შეიძლება დავთმოთ, ან შევთავაზოთ სეპარატისტულ რეჟიმებს იმისთვის, რომ მსგავსი ხასიათის პროვოკაციები და ტრაგიკული ფაქტები თავიდან ავიცილოთ? თუ საერთოდ უმჯობესია, გარკვეულწილად, შევიცვალოთ მიდგომები და ჩვენი პოზიცია უფრო მკაცრი გახდეს? თუმცა რას გულისხმობს ეს სიმკაცრე, ესეც გასარკვევია…
_ რეალობის მთელი ტრაგიკულობაც ისაა, რომ სეპარატისტებიც და მოსკოვიც ვითარების სტაბილიზებისა და ამგვარი პროვოკაციების შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვენ აბსოლუტურად მიუღებელს: საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიათა „აღიარებას“, შემდეგ მათთან ხელშეკრულებების გაფორმებას და ამ ხელშეკრულებების ქცევას „სისტემურ“ ფაქტორად ჩვენი ქვეყნის მომავალი, ვითომდაც, „ნებაყოფლობითი“ გაწევრებისა „ევრაზიულ კავშირში“! სწორედ ამას მოითხოვდა მუდამ და ახლაც მოითხოვს საქართველოსგან პუტინი. ვერც აფხაზ და ვერც ოს სეპარატისტებს სხვას ვერაფერს „შევთავაზებთ“ მათთვის მისაღებს.
ერთადერთი იმედი ისაა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ევროატლანტიკური თანამეგობრობა ერთგვარი… დაბნეულობისა თუ ყოყმანის მდგომარეობიდან გამოვა, „ჰიბრიდული ომის“ საფრთხეებს ადეკვატურად შეაფასებს და საქართველოსაც აქცევს მოსკოვთან პრინციპული ურთიერთქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად, რაც, სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება.
მტკნარი სიცრუეა, თითქოს, თავდაპირველად, პირველ წლებში ომის შემდეგ, საქართველოს თემა პრევალირებდა და მხოლოდ ბოლო დროს გაქრა რუსეთ-დასავლეთის დღის წესრიგიდან. სინამდვილეში, 2008 წლის ოქტომბრიდან დაწყებული არც ერთ დასავლელ ლიდერს, არც ერთ მაღალი დონის საერთაშორისო სამიტზე ან რუსეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას თუ ერთობლივ პრესკონფერენციაზე „საქართველო“ საერთოდ არ უხსენებია. ერთადერთი გამონაკლისია ბარაკ ობამა, რომელმაც 2009 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა: „ამერიკა და რუსეთი ვერ თანხმდებიან საქართველოს საზღვრებზე“. ეს იყო და ეს. ტერმინები „ოკუპაცია“ და „ანექსია“ მას აღარ გაუხმოვანებია.
_ რა უნდა გავაკეთოთ შექმნილ ვითარებაში?
_ ის, რაც ნამდვილად შეგვიძლია და რაც ჩვენზეა დამოკიდებული: განვავითაროთ დემოკრატიული სისტემა, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ხელისუფლების არჩევითობა და ცვალებადობა… ისე, რომ ნებისმიერი თავდასხმა საქართველოზე, ნებისმიერი პროვოკაცია დასავლეთში აღიქმებოდეს, როგორც მის დასავლურ ღირებულებებზე, დასავლურ ცივილიზაციაზე შეტევა, ანუ შეტევა „პატარა დემოკრატიაზე“. ამით მოიპოვეს ბალტიის ქვეყნებმა უსაფრთხოების გარანტიები და ბოლოს გაწევრიანდნენ კიდეც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
ამიტომაცაა აუცილებელი, ბოლოს და ბოლოს, პასუხი გაეცეს აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვებს მუხთარლის საქმეზე, შეწყდეს სრულიად უპერსპექტივო მცდელობა, როგორმე „გაჩუმდეს“ კრიტიკული ან, თუნდაც, ზეკრიტიკული ტელევიზია, გაღარიბდეს კომერციული მედია მყიფე სარეკლამო ბაზარზე 50-მილიონიანი საბიუჯეტო „სპილოს“ შემოშვებით და ა. შ.
სხვა რესურსი, გარდა დემოკრატიული იმიჯისა, საქართველოს არ გააჩნია: ჩვენ უნდა ვიყოთ განვითარებული, თუნდაც, „პატარა დემოკრატია“. მხოლოდ ესაა ახალი აგრესიისა და კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილების „ინსტრუმენტი“. ისევე, როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის, მათ შორის, NATO -ში გაწევრების მუდმივი ასპირაცია.
_ NATO ახსენეთ და აქვე ნატოს მოწინააღმდეგეთა პოზიციას გაგახსენებთ: ამ ადამიანებს მე წითელ საბჭოთა ინტელიგენციას ვუწოდებ, რომლებმაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ თურმე ნატო გვაფერხებს და ის საფრთხეც კი არის.
_ მათ არარელევანტურ პოზიციაზე ამ წუთას არც ღირს ყურადღების გამახვილება, რადგან საიდან უბერავს ეს სიო, აშკარაა. დღეს არარეალურიც რომ იყოს NATO -ში სრულუფლებიანი წევრობა, თავისთავად ასეთი სწრაფვა, მისი მუდმივი დეკლარირება, სხვადასხვა პროექტთა განხილვა, ამ თემაზე რეფლექსია, დისკუსია, მსჯელობა, საქართველოს დასავლური „დღის წესრიგისა“ და ნარატივის ნაწილად აქცევს, აქედან გამომდინარე, ქმნის უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, რადგან ზრდის ჩვენს პარტნიორთა პასუხისმგებლობის ხარისხს საქართველოს მიმართ. სრულყოფილად ვერა, სამწუხაროდ, მაგრამ გარკვეული ხარისხით _ ნამდვილად.
_ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება და ქართული საზოგადოება უფრო მტკიცე და თანმიმდევრული რომ ყოფილიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ, იყო თუ არა შესაძლებელი ამ ფაქტის თავიდან აცილება, თუ ეს ის მიმართულებაა, სადაც რუსეთის ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია? ერთი მეტად უხერხული კითხვაც გამიჩნდა, _ ამ ან ანალოგიური ფაქტებით ხომ არ ხდება ქართული საზოგადოების ერთიანობის, პრობლემისადმი დამოკიდებულების მოსინჯვა-ტესტირება? ვგულისხმობ იმას, რომ ხომ არ გვამოწმებენ, შეგვიძლია თუ არა ანალოგიური და უფრო მნიშვნელოვანი კრიზისების დროს გაერთიანება?
_ ამ კითხვის პასუხად შემიძლია მხოლოდ გავიმეორო თქვენივე თეზისები, _ ზუსტად ამას ცდილობენ, ზუსტად ამ მიზანს ისახავენ, ზუსტად ესაა მათი მიზანი: მოიპოვონ ბერკეტები საქართველოში პოლიტიკური ვითარების სამართავად.
სხვათა შორის, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია, ხოლო ის, ვინც ფიქრობს, თითქოს ამ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რაკი პრეზიდენტი ცერემონიულ ფიგურად გვიქციეს 2010 წლის შესწორებების შესაბამისად, ისევე ცდება, როგორც ის, ვისაც „კონსპირაცია“ ეგონა და დღესაც ჰგონია, რომ მოსკოვში ნამდვილად არსებობენ ინსტიტუტები, „ლაბორატორიები“, რომლებიც სპეციალიზებურად სწორედ საქართველოზე და სხვა მეზობელ ქვეყნებზე „მუშაობენ“: აკვირდებიან, ზომავენ, თვლიან, ცდიან, ზოგჯერ სისხლიან თუ უსისხლო პროვოკაციებს ახორციელებენ, საინფორმაციო დივერსიებს აწყობენ და ა. შ.
ეს არის ხალხი, რომელიც ამაში იღებს ხელფასს. ეს მათი პროფესიაა. წინააღმდეგობის გასაწევად კი, მინიმუმ, ასეთივე პროფესიონალები უნდა ვიყოთ.
_ დაბოლოს, ჩვენ არაერთხელ წამოვეგეთ სეპარატისტების მზაკვრულ ნაბიჯებს, არაერთხელ მოგვიწია უკან დახევა და არაერთხელ შევაფასეთ მოვლენები არაადეკვატურად. კიდევ რა საფრთხეებს ხედავთ არსებულ ვითარებაში, როდესაც კვლავ თითქოს შენელებულია მცოცავი ოკუპაციის ტალღა, მაგრამ ომი რეალურად გრძელდება?
_ ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ პუტინი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში აპირებს ვა ბანკზე წასვლას მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით. ამაზე მეტყველებს მისი ბოლო „პრეზენტაცია“, როდესაც აშკარად დაემუქრა დასავლეთს უკვე არა მხოლოდ „ცივი“ ან „ჰიბრიდული“ ომით, არამედ ბირთვული იარაღით, რომელიც პირდაპირ, უეჭველად არღვევს ბოლო 40-50 წლის მანძილზე მიღწეულ ყველა შეთანხმებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირებისა თუ შეზღუდვის დარგში. ეს საერთოდ გაუგონარი რამაა.
მაგალითად, ბირთვულძრავიანი და არაბირთვულმუხტიანი „ფრთოსანი რაკეტები“, რომელთა შექმნა „ორჯერ ორის“ სიზუსტით და უეჭველობით ანგრევს ეპოქალურ ხელშეკრულებას „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტათა აკრძალვის“ შესახებ.
ოღონდ ეს ნამდვილად არ არის მოულოდნელი მას შემდეგ, რაც 2014 წელს ასეთივე სიზუსტით და ასევე „უპასუხოდ“ დაირღვა არანაკლებ მნიშვნელოვანი „ბუდაპეშტის მემორანდუმი“, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებდა ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ.
იმედი ვიქონიოთ, ჩვენ არ ვიცით (კი ბატონო, ნუ გვეცოდინება), თორემ, სინამდვილეში, დასავლეთს აქვს კონსოლიდირებული გეგმა, როგორ უპასუხის მზარდ აგრესიას, თუ აგრესორი მეტისმეტად შორს „შეტოპავს“, თუმცა… ამაზე „შორს“ სადღა უნდა შეტოპოს, ეს დღეს, თითქოს, წარმოუდგენლადაც მიგვაჩნია ჩვენც და ჩვენს მოკავშირეებსაც.

კოკა წერეთელი