მამუკა არეშიძე: „ტატუნაშვილს სული ამოჰხადეს, რადგან მათ სასარგებლოდ არაფერი თქვა“

ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „უკანასკნელი დღეებისა და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“.

„ჩვენს ქვეყანას თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე განსაცდელი გადაუტანია. რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთი ტრაგედიის წინაშე დავდექით _ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ოჯახთან ერთად, ღირსეულად დავიტიროთ არჩილ ტატუნაშვილი, მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი, ამ დრომდე, ოჯახებთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდით გვიდგას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის როლი.
ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული, ბედით თუ უბედობით, კონკრეტული ადამიანების სიმამაცითა თუ კიდევ სხვათა საბედისწერო შეცდომებით, გამყიდველობით თუ კიდევ უამრავი სხვა მიზეზით.
ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწას მივაბაროთ. ამის შემდეგ ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზების შემორიგების პროცესი _ კიდევ უფრო მეტი შემართებითა და გულმოდგინებით.
დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, თუნდაც, ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც მშვიდობისა და თანამშრომლობის სჯერა.
ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ; მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ ჩვენს, თუნდაც, სამართლიან ემოციებსა და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი.
დარწმუნებული ვარ, გვეყოფა სიბრძნე და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია ახალი თაობების წინაშე, გავაგრძელებთ მომავლის შენებას.
უკანასკნელი დღეებისა და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“, _ აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით კი რუსეთის საპატრიარქოდან აცნობეს, რომ უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის თხოვნით, რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს:
„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.
მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“, _ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ: 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა; 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრება:
_ ჩემთვისა და საზოგადოებისთვის უცნობი ამბის გამო (რაც ტატუნაშვილსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოხდა), მისი სამაგალითო დაპატიმრება გადაწყდა, რასაც აბსოლუტურად იდიოტური ქმედება და ტატუნაშვილის სიკვდილი მოყვა.
მეორე ვერსია ისაა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ პუტინის არჩევნების წინ გადაწყვიტა, თავი გამოედო და გამოეჩინა, ასე ვთქვათ, მოსკოვისთვის საკუთარი თავი შეეხსენებინა. როგორც ჩანს, ტატუნაშვილის, როგორც ყოფილი სამხედროს დაპატიმრება, ამიტომ გადაწყვიტა. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ტატუნაშვილი იქ დადიოდა, ბოსტნეულის გარკვეული ბიზნესი ჰქონდა და, ასევე, არჩილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რომ იყო.
ერთ რამეს ზუსტად ვიტყვი: ასევე იცოდნენ, რომ 2008 წლის ომში არ მონაწილეობდა, ეს ვერ მოასწრო. მისი ნაწილი ბოლო მომენტში ჩამოიყვანეს ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავით და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ახლა, რაც შეეხება ჩემ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ეს ყველაფერი უფრო მეორე ვერსიისკენ იხრება. თავის გამოჩენა მოინდომეს და გასული საუკუნის 30-იანი წლების მიხედვით დადგეს სპექტაკლი, რომელსაც დაარქვეს: დივერსიული ჯგუფი „დამოუკიდებელ“ „სამხრეთ ოსეთში“ და სიტუაციის არევა პუტინის არჩევნების წინ. დაახლოებით, ასეთი სათაური შეგვიძლია დავარქვათ ამ ყველაფერს.
მოკვლა რომ არ უნდოდათ, ამაში მაღალი ალბათობით დარწმუნებული ვარ. პირიქით, მისგან შესაბამისი ჩვენების მიღება სურდათ. აღიარებითი ჩვენება, რომ ქართული დივერსიული ჯგუფი მოქმედებს „დამოუკიდებელი“ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე, რუსეთის ხელისუფლებისთვის ამ საჩუქრის მირთვემა უნდოდათ.
მაგრამ ტატუნაშვილი ამას არ დაჰყვა და არაფერი მათ სასარგებლოდ არ თქვა. ამიტომ იყო, რომ ცემაში სული ამოჰხადეს, ეს აბსოლუტურად ღიად შეიძლება ითქვას. საჩუქრის მაგივრად, ყველაფერი პირიქით გამოუვიდათ; რადგან ამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის ხელისუფლებას არ აწყობდა ისეთ რეგიონში აურზაური (ასეთი შედეგით დასრულებული), რომელზედაც ის აბსოლუტურად პასუხს აგებს. ეს განსაკუთრებით ძალოვნების მოქმედებას ეხება.
მას მერე, რაც რუსეთის ხელისუფლებამ შეიერთა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ის ყველა ამ უწყების თანამშრომლის ქმედებაზე პასუხს აგებს. ამ შემთხვევაში, ცხინვალის სპეცსამსასახურებისა და შინაგან საქმეთა უწყების თანამშრომელთა ქმედებებზე.
ახლა რუსეთი რაღაცნაირად იძულებულია, რომ თავისი სატელიტები დატუქსოს, რაც ამ დღეებში მოხდა, მეორე მხრივ, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. იმისთვის, რომ სიტუაციიდან გამოვიდეს, როგორც ჩანს, ბრძანება გაიცა, რომ მორიგი სპექტაკლი დაიდგას; არიქა, ცხინვალის ტერიტორიაზე დივერსიული აქციები გაგრძელდებაო და ამიტომ ბოლო დღეებში მოაწყვეს ის, რაც მოაწყვეს, ანუ საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, ქუჩაში ადგილობრივი ე. წ. ომონის თანამშრომლები დარბიან, მანქანებს ჩხრეკენ ყოველგვარი შედეგის გარეშე. კარგად იციან, რომ ამას არაფერი შედეგი არ ექნება, მოკლედ, ხალხს აშინებენ. ასეთი რეზონანსული სპექტაკლი კი იდგმება.
ასე რომ მოხდებოდა, პრინციპში, ირიბად გააჟღერა ცხინვალის „საგარეო მინისტრმა“ ჯიოევმა ცხინვალიდან და კოვემ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა მოსკოვიდან. ორივემ ასეთი ტიპის განცხადება გააკეთა, რომ საქართველო რევანშს, ომს აპირებს და ა. შ. რასაკვირველია, ამის არავის სჯერა, მაგრამ ისინი იქით შეედავეს პრინციპით მოქმედებენ.
_ რაც შეეხება გადმოცემის დაგვიანებას?
_ ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ერთი (და მთავარი) იყოს, ცხედარი ისეა დასახიჩრებული, რომ გადმოცემის შემთხვევაში ყველაფერი ნათელი გახდება. ვითომ გული ცუდად გაუხდა და ა. შ. რასაც ცხინვალური პრესა ავრცელებს, გამოჩნდება, რომ ასე არ არის. ამიტომ ამის გაკეთებას ერიდებიან.
_ დანარჩენ ორს რომ არ უშვებენ, ეს როგორ უნდა განვიხილოთ?
_ ისინიც საქმის კურსში არიან, რეალურად, რა და როგორ მოხდა, ამაზე ხომ ლაპარაკს დაიწყებენ. ადრე თუ გვიან, გამოუშვებენ, პრინციპში, გამოშვებული არიან, კედლებში აღარ იმყოფებიან, მაგრამ ტერიტორიას ვერ ტოვებენ. გარკვეული დრო უნდა გავიდეს, ვნებათაღელვა ჩაცხრეს და მერე ექნებათ საშუალება, რომ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. მერე მათი მონაყოლი ისეთი სიმძაფრის არ იქნება, როგორიც, მაგალითად, ცხელ კვალზე იქნებოდა.
_ ამ მძიმე დანაშაულს თვითონ ცხინვალის საზოგადოებაში თუ მოყვა რამე რეაგირება?
_ ოთხოზორიას მკვლელობასთან პარალელი რომ გავაკეთოთ, საინტერესო ნიშნები იკვეთება. ოთხოზორიას შემთხვევაში ყველაფერი დაბრალდა ერთ, ნახევრად შეშლილ კანჯიოღლის და ითქვა, რომ მას ომში ნათესავები დაეღუპა, ამიტომ ის არაადეკვატურია, თან ნასვამი იყო და ა. შ. ბოლო შემთხვევაში ასე საუბარი არ გამოვა, რადგან რეგიონის მთელი ძალოვანი სტრუქტურა ამ ამბავში ჩართული იყო.
მაშინდელ აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფითი და საკმაოდ მძაფრი შეფასება მიეცა თავისი მესაზღვრის საქციელს. იქაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რაც უფრო მეტი ქართველი მოკვდება, მით უკეთესია და ა. შ. მაგრამ მარგინალებზე არ ვსაუბრობ, მათზე ვამბობ, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, ანუ ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურია. მათი აზრი მკვეთრად გაიყო და ხშირ შემთხვევაში ერმანეთის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. ბევრ მათგანს არ მოეწონა ის, რაც მოხდა და უარყოფითად შეაფასეს. ეს სოციალურ ქსელებში ძალიან კარგად ჩანდა.
ცხინვალში ამდენს ვერ ბედავენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ იქაური საზოგადოებრივი აზრი ვიცი. მოაზროვნე ადამიანები უაღრესად უარყოფითად აფასებენ მკვლელობის ფაქტს. დაკავების ფაქტს არა, მკვლელობის. და ეს რადიო „თავისუფლების“ ეთერში განაცხადა კიდევაც იქაურმა საზოგადოებრივმა აქტივისტმა, თემურ ცხურბათმა, რომელიც საქართველოსთან ყველა ომში მონაწილეობდა. მანაც უაღრესად უარყოფითად შეაფასა თვითონ ეს მკვლელობის ფაქტი და ამით მარტო თავისი კი არა, მოაზროვნე საზოგადოების პოზიცია გამოხატა. ოღონდ, ეს სოციალურ ქსელებში, მაინცდამაინც, არ ჩანს, რადგან, ვიმეორებ, იქ ამდენს ვერ ბედავენ, როგორც ეს აფხაზეთში ხდება.
_ ჩვენი ხელისუფლების რეაგირება რამდენად საკმარისია?
_ ჯერ ის, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, ამას თვითონ ადგილობრივებიც აცნობიერებენ. ამიტომ ბოლო მიტინგზე გამოსულმა ახალგორის დე ფაქტო გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა, განაცხადა, რომ არაფერ შუაში ვარ, ეს ყველაფერი უჩემოდ მოხდაო. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პასაჟია. ხაჩიროვი ხომ ერთ-ერთ მკვლელად გამოცხადდა, მან კი უამრავი ხალხის წინ მიტინგზე თავი იმართლა.
_ მიტინგი რასთან დაკავშირებით გაიმართა?
_ ხალხი შეკრიბა და სიტუაცია აუხსნა, თუ რატომაა შემოტანილი საგანგებო მდგომარეობა. იქ ქართველებიც იყვნენ, ოსებიც და ჩვენ ვიცით, რაზე იყო საუბარი. ხაჩიროვმა მანამდე რაღაცები იბოდიალა, მაგრამ, ჯერ ერთი, ეშინია, რადგან მის ძმას მცხეთაში სახლი აქვს, აქეთა მხარეს კონტაქტები აქვთ. ძალიან კარგად იცის ხაჩიროვმა, თუ მას შეაწმინდეს ხელი, ადრე თუ გვიან, ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს. ახლა, მას თუ არა, ნათესავებს მოუწევთ და ამაზე კარგად მოეხსენება; რადგან ყველა ერთი რეგიონის მცხოვრებია და ერთმანეთს გადასარევად იცნობენ. აქ ახალგორზე არ ვამბობ, მთლიანად შიდა ქართლზე ვსაუბრობ. ზოგიერთ თემას დავხურავ და ხვდებით, რაზეც ვამბობ.
მოკლედ, მისი ძმა აქეთ არის. ყოველ შემთხვევაში, ერთი წლის წინ იყო, ახლა, ამ წუთში, ზუსტად სად არის, არ ვიცი, მაგრამ თუ აუცილებელი გახდება, არც მისი პოვნა გაჭირდება.
რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების ქმედებას, კრიტიკული თვალით შევხედოთ, რა შეუძლია გააკეთოს? პარლამენტში გაისმა, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთო. მე მაგალითად სიტუაციის შეცვლის მეთოდოლოგიაში სანქციების თემას ვერ ვხედავ. რომ დავუწესოთ რა, ამით რას იზამს, რა მოხდება? რამე შეიცვლება, რუსეთი პოზიციას შეცვლის? თუ დასავლეთის თვალში უფრო აქტიურები გამოვჩნდებით?
დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ: ჩვენი დასავლელი პარტნიორები როცა ფიქრობდნენ, რომ სანქციები საჭიროა, ეს ცალსახად იქნებოდა კიდეც. მაგრამ ისინი ამას აუცილებლობად არ მიიჩნევენ, ამიტომ საჭირო არ არის რომის პაპზე მეტად კათოლიკეობა. ეს ძალიან მნიშვნელონი საკითხია და დანარჩენ კომენტართან კავშირშია.
ახლა მეორეს გეტყვით, სხვა ტიპის აქტიურობას რაც შეეხება. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებას ბევრად უფრო მეტი აქტიურობა მართებს საერთაშორისო ასპარეზზე. ვიმეორებ, რუსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, ამიტომ ყველაფერზე პასუხისმგებელია, რაც ცხინვალში ხდება. აი, ამ თემას ბოლომდე უნდა მიაწვნენ. რუსეთი, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი სუბიექტი, ვალდებულია, ზომები მიიღოს. იქ ცხინვალი და აფხაზეთი მხოლოდ წარმომადგენლები არიან, მთავარი სუბიექტი რუსეთია. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველომ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.
ამას, ავად თუ კარგად, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს, მაგრამ არსებობს სხვა მეთოდებიც და მათი გამოყენების აუცილებლობაზეც უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. ეს ის მეთოდებია, რომლებიც (სწორად მინდა გამიგოთ) ანალოგიურ სიტუაციებში უკვე გამოყენებულა 90-იან წლებში, სხვა დროსაც. მეტოქეს შენი თუ არ ეშინია, უნდა ერიდებოდეს მაინც. დღეს, განსაკუთრებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას არ ერიდება და ყველაფერს აკეთებს, რასაც კი საჭიროდ მიიჩნევს. ამის დაშვება არაფრით შეიძლება.
არ შეიძლება სამხედროების ბიზნესად იქცეს (ამ სიტყვებს სრული პასუხისმგებლობით ვამბობ) ის, რაც პირობით საზღვარზე ხდება. რუსმა სამხედროებმა ეს ყველაფერი ბიზნესად აქციეს. საკმარისია რომელიმე ჯარისკაცს ფული დასჭირდეს ან შვებულებაში წასვლა მოუნდეს, რომ მაშინვე საქართველოს მოქალაქის გატაცების ოპერაცია ეწყობა. ზოგჯერ ეს ქართულ სოფლებში ხდება, რომლებიც პირობითი საზღვრის აქეთ მხარეს მდებარეობს და მერე სამხედრო მოსამსახურე შვებულებას ან ფულს იღებს.
ეს ბიზნესი უნდა მოიშალოს. არ მოიშლება, თუ აქტიურ ქმედებებს არ მიმართეს იმისთვის, რომ გვერიდებოდნენ. ის თემა არაა, რომელზეც ხელისუფლებამ საზოგადოდ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ეს მეთოდი უნდა არსებობდეს.
_ რა უნდა გაკეთდეს, რომ მეორე მხარე ქართულს ერიდებოდეს მაინც?
_ ათასი მეთოდი არსებობს და ამას გაზეთის ფურცლებზე ვერ გამოვიტან. ეს მეთოდები დამუშავებული, აპრობირებულია და ყველამ კარგად იცის იქითა მხარესაც.
_ საერთაშორისო მექანიზმების აქტიურად გამოყენების აუცილებლობა ახსენეთ, ეს რამდენად საკმარისად ხდება?
_ ევროპარლამენტში თუ ევროსაბჭოში განცხადება რომ კეთდება, ეს არის განცხადება განცხადებისთვის. მთავარი ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ს კულუარული აქტივობებია. ეს არ გამოვა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ზეაქტიური არ იქნება. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა, ჩვენ განცხადება კი არა, რეალური სატელეფონო ზარების მთელი წყება გვჭირდება, რეალური კულუარულ- დიპლომატიური მიმართვები.
პირველ რიგში, ცხედრის დაბრუნება გვჭირდება; მეორე, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. არ ვამბობ, რომ გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს, ამის გამკეთებელი მოსკოვში არავინაა. პასუხისგება იმაში გამოიხატება, რომ დაიწყოს თუნდაც ძიების პროცესი და შემდეგ დამნაშავეების დასჯა.
შეიძლება ჩემი ნათქვამი ცინიზმად ჩაითვალოს, მაგრამ სჯობს ითქვას, ვიდრე არა, _ თუ რუსეთმა სამართლებრივი პროცესი არ დაიწყო, მაშინ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პროცესი დაიწყება.
ახლა, როდესაც ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ საუბრობს, რომ რუსეთიდან წამოსულ ან იქით მიმავალ ტვირთების გზას გადავუკეტავთო, აქაც გამოსავალს ვერ ვხედავ. ამით ისევ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკას მიადგება დარტყმა, რუსეთი ვერც კი გაიგებს ეკონომიკური თვალსაზრისით.
ჩვენ ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც კონკრეტული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფებისთვის მტკივნეული იქნება. ეს უნდა გაკეთდეს.
_ ხელისუფლების ჰუმანიტარული პროექტები თუ უნდა გაგრძელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?
_ ამაზეც კითხვითვე გიპასუხებთ, რომ არ გაგრძელდეს, ამით რა? ჯერ ერთი, ცხინვალში არავითარი სხვა პროექტი არ არის, გარდა ჯანდაცვის პროექტისა, რომელიც ისედაც მინიმალურად მუშაობს. ეს პროექტიც რომ შევაჩეროთ, რას გვაძლევს? ამიტომ მიზანშეწონილობა უნდა ავწონ-დავწონოთ და აქედან გამოვიდეთ. თუ ეს პროცესი რაღაც დამატებით მოგებას გვაძლევს, უნდა გავაკეთოთ. თუ არა, მაშინ არც უნდა გავაკეთოთ. იმის ძახილი, რომ ჩვენი ძმები არიან, უნდა დამთავრდეს. გვყავს მოქალაქეები, რომლებიც თავს ჩვენს მოქალაქეებად არ თვლიან, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ტერმინოლოგია და მიდგომები უნდა გამოვიყენოთ.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია იდეოლოგიური მუშაობა. ჩვენ ტექნიკურ მუშაობას ვახორციელებთ და ამ ხალხს ვმკურნალობთ. ამიტომ, ვთქვათ, აფხაზეთის მოქალაქეთა ერთ ნაწილს მომხმარებულური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ისინი ამბობენ, _ ჩვენთან ყველა ვალშია, ქართველები ვალში არიან, რადგან ომით შემოვიდნენ, ჩვენი სისხლი დაღვარეს და ამიტომ უნდა გვიმკურნალონო; რუსები ვალში არიან იმიტომ, რომ კავკასიაში ჩვენი ტერიტორია შევუნარჩუნეთ, როგორც სამხედრო პოლიტიკური ფორპოსტი, ამიტომ ვალდებული არიან, შეგვინახონ. ამიტომ ამას იდეოლოგიური აქტივობა, ბრძოლა სჭირდება იმისთვის, რომ მსგავსი დამოკიდებულება შეიცვალოს.
აფხაზური ახალგაზრდობის გადამწყვეტმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, რა უნდა საქართველოს და ქართველ ხალხს. და ჩვენ ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არაფერს ვაკეთებთ. როცა მეკითხებით, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, ხელისუფლების საქმე ფართო იდეოლოგიური ფრონტის შექმნაა. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ რუსეთი რბილ ძალას იყენებს (თუმცა ამ რბილ ძალას სხვა ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ), ამ დროს, სად არის ჩვენი, ქართული რბილი ძალა? არ არის! აი, ფართო იდეოლოგიური ფრონტის შექმნა სწორედ ქართული რბილი ძალა იქნება. ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საფიქრალი და გასაკეთებელია ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით.
_ პუტინის მიერ უახლესი სამხედრო მიღწევების დემონსტრირებამ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?
_ სამხედრო სპეციალისტი არ ვარ და პირველად ცოტა შევცბი, შემაშფოთა იმან, რაც ვნახე. მაგრამ რომ არ მცოდნოდა, რომ ის „სუ 57“ (ბოლო თაობის თვითმფრინავი, რომელიც სირიაში გაგზავნეს), პრინციპში, ბუტაფორია აღმოჩნდა, უფრო შემეშინდებოდა. მერე, როცა ცნობილი სამხედრო ექსპერტების, მათ შორის, რუსების ანალიზს დავეყრდენი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უფრო იდელოგიური მუშაობის ნაწილია, ვიდრე რეალობა.
გარდა ამისა, ინფორმაციის დიდი მასა გამოქვეყნდა ახალი რაკეტის, „სარმატის“ პოტენციალის თაობაზე. ამაზეც შეიძლება ითქვას, რომ ეს პუტინის მხრიდან უფრო პროპაგანდისტული დემარში იყო, ვიდრე არსებული რეალობა, ანუ ეს რაკეტა არსებობს, ოღონდ დამუშავების პროცესშია. სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, ამ რაკეტის გონზე მოსაყვანად დრო არის საჭირო და სხვადასახვა თარიღი სახელდება, სამიდან ათ წლამდე.
რამდენად შეუძლია ამ იარაღს პრობლემები შეუქმნას ნატოს საჰაერო თავდაცვას? თეორიულად შეუძლია, მაგრამ იმ იარაღს, რასაც ნატო და, განსაკუთრებით, შეერთებული შტატები ფლობს, ბევრად მეტი ზიანის მოტანა შეუძლია დაპირისპირებული მხარისთვის, ვიდრე ამ „სარმატს“. ეს ჩემი მხრიდან სამხედრო საქმეში არასპეციალისტის შეფასებაა.

გელა მამულაშვილი