ჟურნალისტური გამოძიება: „მერსედესის“ ცენტრი საქართველოში

„ქრონიკა+“ იწყებს ჟურნალისტურ გამოძიებას შპს „აკას“ გარშემო („მერსედეს ბენცის“ წარმომადგენლობა საქართველოში), რომლის მესაკუთრედ დღეს მაკა ასათიანის ოჯახი ითვლება.

„მერსედესის“ ცენტრი საქართველოში, თავის დროზე, ბიზნესმენმა დავით ძოწენიძემ დააფუძნა, იყო კიდეც მისი 20%-იანი წილის მფლობელი, სანამ…
არადა, არსებობს მრავალი ფაქტი, როცა ხელისუფლების დავალებით მიზანმიმართულად ხდება „ახალი გარემოებების“ ფაბრიკაცია და ძოწენიძის არაერთი სარჩელისა და კერძო საჩივრის ერთსა და იმავე მოსამართლეებისთვის გადაცემა. ბიზნესმენის ადვოკატ ლადო სანიკიძის განცხადებით, 2015 წლიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ყველა სარჩელი და საჩივარი პირველ ინსტანციაში მხოლოდ მოსამართლე ქოჩიაშვილთან, სააპელაციო სასამართლოში კი ერთსა და იმავე კოლეგიაში ქირია-ძაბუნიძესთან ხვდება მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში მხარეთა შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სხვადასხვა საჩივარი სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობას ეწერებოდა.

ლადო სანიკიძე _ დავით ძოწენიძის ადვოკატი:
_ დავა ეხება საწარმოში წილების აღდგენის საკითხს. ერთ მშვენიერ დღეს დავით ძოწენიძისთვის ცნობილი გახდა, რომ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ამონაწერის მიხედვით, აღარ არის წილის მესაკუთრე. ბუნებრივია, შპს „აკას“ მივმართეთ და მისი ხელმძღვანელობისგან წერილობითი პასუხი მივიღეთ: „აი, შენ რატომ უნდა ჩაგაყენო საქმის კურსში?“ თუმცა წინა წერილებზე ასე არ უპასუხიათ. ასეთი პასუხი მოგვწერეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავაფრთხილეთ, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართავდით.
_ მანამდე არ ფიქსირდებოდა, რომ დავით ძოწენიძე საწარმოს მეწილე აღარ იყო?
_ საქმე ის არის, რომ საწარმომ ხელახალი რეგისტრაცია გაიარა 1995 წლის დეკემბერში და რეგისტრაცია გავლილია 1996 წლის 8 იანვრის დადგენილებით, ანუ 1992 წელს დამკვიდრებული საწარმო უკვე სამართალმემკვიდრეა, რომელსაც შპს „აკას“ სახით 1995 წელს 5 პარტნიორი ჰყავდა. კომპანიის საწესდებო კაპიტალში ჩაიდო 635 000 დოლარად შეფასებული უძრავი ქონება, რომელიც 1992-1995 წლებშია შექმნილი დავით ძოწენიძის დირექტორობის დროს, რაღა თქმა უნდა, მისი საქმიანობით. ხსენებული თანხა არ არის მოტანილი არც სახლიდან და არც სხვა არც ერთი პარტნიორის მიერ. ამ საწარმოს დირექტორი იყო დავით ძოწენიძე, რომელიც მუშაობდა, ყველაფერს შემოსავლებით აკეთებდა, ქმნიდა და საბოლოოდ, როდესაც მთელი ეს ქონება ახალი კანონით საწესდებო კაპიტალში უნდა ჩადებულიყო, ჩაიდო კიდეც კაპიტალის სახით.
_ როგორ განისაზღვრა და შეფასდა საწესდებო კაპიტალი?
_ 1995 წელს მიწა სახელმწიფო საკუთრება იყო. დანარჩენი ქონება აუდიტმა 635 000 დოლარად შეაფასა და მთლიანად საწესდებო კაპიტალში ჩაიდო. ამ 635 000 დოლარის საწესდებო კაპიტალიდან 20% დავით ძოწენიძის იყო და დანარჩენი _ პარტნიორების. ეს პარტნიორები იყვნენ: კახი ასათიანი და მისი ორი ქალიშვილი, ჯამურად _ 70%; კიდევ 10%-იანი წილის მფლობელი იყო გოჩა ლელაძე. ეს გახლავთ დემურ ლელაძის ვაჟი, რომელიც კომპანიას გადაზიდვებში ეხმარებოდა. ანუ დავით ძოწენიძის 20%, რომელიც იყო დაფუძნებისას _ 1992 წელს 1995 წლამდე, მაგრამ იქ იყვნენ კიდევ სხვებიც: კალანდია და ვიღაცები, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში მართლაც არ მონაწილეობდნენ არაფრის მართვაში, თუმცა იმათი წილები დავით ძოწენიძესა და კახი ასათიანს შორის თანაბრად არ გადანაწილდა, არამედ ბატონმა კახიმ განაცხადა, რომ მე წავიღებ 70%-ს, ლელაძეს მივცეთ 10% და თქვენ დაგრჩეთ ისევ თქვენი 20%-ო. პარალელურად, გერმანული მხარის მოთხოვნა იყო, რომ დაახლოებით ერთი მილიონი მარკა უნდა დადებულიყო ანგარიშზე. კახი ასათიანმა განაცხადა, რომ ის ამას საკუთარ თავზე იღებდა. საწარმოს წესდებაში ჩაიწერა, რომ გადაწყვეტილებას პარტნიორთა კრება იღებდა. კანონის შესაბამისად და წესდების შეთანხმებით, გადაწყვეტილება მიიღებოდა 80%-ზე მეტი ხმით. ანუ ბატონი დავითი საწარმოს დირექტორად, ისევ 20%-იან პარტნიორად დარჩა იმ პირობით, რომ საწარმოში ისინი დავით ძოწენიძის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.
_ მოვლენები როგორ განვითარდა?
_ 1996 წლის 8 იანვარს სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და საწარმო ხელახალ რეგისტრაციაში გაატარა, მიუთითა საწესდებო კაპიტალი, პარტნიორები, წილები, დადგენილი რეკვიზიტები და იმ დღესვე, როდესაც დავით ძოწენიძემ დადგენილება მოიტანა სასამართლოდან საწარმოს რეგისტრაციის შესახებ და ყველაფერი მზად იყო, კახი ასათიანს ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა 700 000 მარკა. საბოლოო ჯამში, ეს ფული მას არ ჩაურიცხავს და დავით ძოწენიძეს უთხრა, შენ როგორც აქამდე მუშაობდი, ისე იმუშავე, მაგრამ მე ვერ გადავიხდი ამ თანხას. სწორედ ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, ვინაიდან ძოწენიძემ კახი ასათიანს 70%-იანი წილის უფლება მხოლოდ ამ ინვესტიციის ჩადების სანაცვლოდ ჩაუდო.
_ კონფლიქტი, კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა?
_ ბატონმა დავითმა ამასთან დაკავშირებით სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მას არ სურდა თავისი შესაძლებლობებითა და რესურსებით ემუშავა საწარმოს დირექტორად. „მოვიტანო მოგება, 70% წაიღო შენ და 20% მე, მაშინ, როდესაც შენ ფულს არ დებ საწარმოშიო“, _ ასეთი იყო ძოწენიძის პოზიცია. ამის შემდეგ მან პარტნიორთა კრება მოიწვია, არა მხოლოდ პარტნიორების, არამედ საწარმოს თანამშრომლების მონაწილეობით და განაცხადა, რომ 1992-1995 წლის ფინანსური თემები, მომდევნო ფინანსური პერსპექტივები განვიხილოთ, დავგეგმოთ საწარმომ რა უნდა გააკეთოს 1996 წელს და მომავალში. ბოლო საკითხად კი დავით ძოწენიძეს ეწერა ახალი დირექტორის არჩევა, ანუ თუკი ბატონი კახი არ ასრულებს თავის პირობას და არ შემოაქვს საწედებო კაპიტალი, მაშინ ბატონი დავითი ამბობს, _ მე ვიდავებ, რომ ჩვენ შორის წილები გათანაბრდეს. თუ არც გათანაბრებაზე იქნები თანახმა და არც ფულს შემოიტან, მაშინ სხვა დირექტორი მოძებნე და იმან იმუშაოსო.
პარტნიორთა კრება 20 თებერვალს დაინიშნა. მანამდე, 1996 წლის 24 იანვარს, ბატონი კახი, როგორც შპს „აკას“ პრეზიდენტი და ბატონი დავითი, როგორც გენერალური დირექტორი, გერმანიაში, შტუდგარდში სათავო ოფისში მიწვევით იმყოფებიან. იქ ხელშეკრულება გაფორმდა და გაიწერა, თუ რისთვის იყო 700 000 მარკა საჭირო. „მერსედესის“ ფირმას და, საერთოდ, ასეთი ტიპის საწარმოებს, როდესაც ექსკლუზიური წარმომადგენლობები აქვთ, შეღავათიანი პირობებით ხელს უწყობენ განვითარებასა და ბონუსებით ამუშავებენ პარტნიორს: რაც უფრო კარგად იმუშავებ, მოგებიდან რაღაც წილს შენს ანგარიშზე ტოვებენ, რომელიც შემდეგ მხოლოდ შენი საწარმოს განვითარებას უნდა მოხმარდეს. ანუ ფულით, რომელიც გერმანიაში გიგროვდება, გერმანიაშივე უნდა შეიძინო ხაზი ანდა სპეციალური ტექნოლოგია, რომ განვითარდე. გერმანიაში კახი ასათიანისა და დავით ძოწენიძის ჩასვლისთვის ეს იყო 270 000 მარკა. ამის შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, კახი ასათიანს ჰქონდა. გერმანიაში მივლინებით ორივე წავიდა. ბატონ კახის ჰგონია, რომ გამოიტანს ამ ფულს, აქედან 70%-ს დაიტოვებს, 20%-ს ბატონ დავითს მისცემს და ფულს გერმანიაში დახარჯავს. მოკლედ, 1996 წლის იანვრის ბოლოს გერმანიიდან ჩამოვიდნენ და თებერვლის 20-ში პარტნიორთა კრებაა ჩასატარებელი. მოვიდა 20 თებერვალი. დღის წესრიგით პარტნიორთა კრება უნდა ჩატარდეს, რათა განიხილონ წეღან აღნიშნული საკითხები. კახი ასათიანი მოვიდა და არაფერი უთქვამს, აიღო საბუთი და დახია. ეს ფურცლები შემდეგ შეაწებეს, ქსეროქსით არის გადაღებული და საქმეშიც დევს. მან პარტნიორთა კრება ჩაშალა და იქ მოწვეული ადამიანებიდან ხუთი თუ შვიდი კაცი ადასტურებს, რომ ეს მართლა ასე იყო. მათ შორის ის ადამიანიც, რომელიც ახლა მოწმედ დაიკითხა. ის თავისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ კახიმ მართლა იჩხუბა და კრება ჩაშალა. ბატონი დავითი ამ დროს შვებულებაშია, უფლებამოვალეობები მოადგილესთვის აქვს გადაბარებული. საბოლოო ჯამში, დავით ძოწენიძემ გამოაცხადა, რომ შენთან ჩხუბით პარტნიორის ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, როგორც გითხარი, მოძებნე დირექტორი და მე ჩემს საქმეებს მივხედავო. ამის შემდეგ კახი ასათიანი გამოსცემს ბრძანებას, ანუ შპს „აკას“ პრეზიდენტის ბრძანება ბატონ დავით ძოწენიძის შპს „აკას“ დირექტორობიდან განთავისუფლების შესახებ. ძოწენიძე ასათიანს უხსნის, რომ დირექტორობიდან ჩემი განთავისუფლებისთვის პარტნიორთა კრების ოქმი უნდა შეადგინო, რომ დღის წესრიგში იყოს დირექტორის განთავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა, ხოლო შემდეგ ახალი დირექტორის ხელმოწერილი ოქმი უნდა დამოწმდეს ნოტარიულად, უნდა ჩაბარდეს სასამართოში და სასამართლო შესაბამის დადგენილებას გამოიტანსო. მხოლოდ მაშინ ექნება ახალ დირექტორს უფლება, შპს „აკა“ წარმოადგინოს და საქმიანობას გაუძღვეს.
რა თქმა უნდა, ეს პროცედურა არავის დაუცავს _ ფორმალურად შეადგინეს პარტნიორთა კრების ოქმი ნომერი 1, დღის წესრიგი: დირექტორ დავით ძოწენიძის გადადგომა და ახალი დირექტორის დავით მკალავიშვილის დანიშვნა. ეს დოკუმენტი ნოტარიუსით არ დაამოწმეს, რის შემდეგაც დავით ძოწენიძე კახი ასათინის ცოლისძმის ოფისში დაიბარეს. ბატონ დავითს იმ დროს ვაჟი შეეძინა და სახლში სტუმრიანობა ჰქონდა. დაბარებულ ადგილას რომ მივიდა, იქ „ძველი ბიჭები“ დახვდნენ და დაიწყო ჩხუბი. კახი ასათიანს წაკითხული აქვს ბატონი დავითის პრეტენზია წილების განაწილებაზე. ბატონმა კახიმ იცოდა, რომ თუ ეს ამბავი სასამართლომდე მივიდოდა, ის ამ პროცესს წააგებდა. ამ ჩხუბის შემდეგ დავით ძოწენიძემ ოქმზე მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ მოუწერა ხელი, ასლი წამოიღო და საჯარო სამსახურში დაიწყო მუშობა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თამარ როსტიაშვილი