ირაკლი შიხიაშვილმა 13 468 ვეტერანის პირადი მონაცემები რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა

თვეზე მეტი გავიდა, რაც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა „ქრონიკა+“-ის ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც საუბარი იყო გაზეთის მთავარი რედაქტორის მიმართ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ მუქარაზე, ასევე, სოციალურ ქსელ ფეისბუქით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ცნობების გავრცელებაზე.

მიუხედავად ადმინისტრაციის უფროსის დაპირებისა, რომ სამსახურის უფროსის ბრძანებით დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა და პასუხსაც უახლოეს დღეებში მივიღებდით, ჯერჯერობით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მხრიდან რეაგირებაზე არაფერი ვიცით. იმედია, ბ-ნი ვლადიმერ იმნაძე აცნობიერებს, რას ნიშნავს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პირების მიერ დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორის მიმართ განხორციელებული მუქარა. სანამ პასუხს ველოდებით, სახელმწიფო აუდიტის მიერ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 1-ლ აპრილამდე სამსახურის ფინანსური შემოწმების დოკუმენტს გავეცნობით.
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა 2016 წლის 29 მარტს დატოვა.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, რომელთა კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი. სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები, ამიტომ მინდა, წარმატება ვუსურვო იმ ადამიანს, ვინც დაიკავებს ჩემს ადგილს და ამ საქმეს გააგრძელებს“, _ ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი შიხიაშვილმა გაავრცელა.
როგორ ზრუნავდნენ 24 საათის განმავლობაში ვეტერანებზე, ამაზე აუდიტის დასკვნა უფრო კარგად გასცემს პასუხს.

დავიწყოთ, სამედიცინო მომსახურებით:
სამსახურის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურების პროგრამა წარმოადგენდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დამატებით ნაწილს და მოიცავდა იმ სერვისების მკურნალობის თანადაფინანსებას, რომელსაც არ ფარავდა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.
ამ წესის თანახმად განისაზღვრა ვეტერან ბენეფიციართა შემდეგი კატეგორიები:
სოციალურად დაუცველები და მათი ოჯახის წევრები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები;
მრავალშვილიანები და მათი ოჯახის წევრები;
მარტოხელები;
ის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებდნენ დახმარებას.
აღნიშნულ ბრძანებაში წლის განმავლობაში შეტანილია 6 ცვლილება, მათ შორის, გაუქმებულია მუხლი, რომელიც მოითხოვდა ბენეფიციარების მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ ცნობის წარდგენას, რაც შესაძლებელს ხდიდა, კომისიას წარმოდგენა შექმნოდა ოჯახის მატერიალური მდგომარეობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სახის ცვლილებების მიღებამ გამოიწვია კონტროლის მექანიზმების შესუსტება და წარმოშვა კომისიის მიერ არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკი. მაგ.: „2015 წლის 17 მარტს, #1 ოქმის საფუძველზე, სრულად დაფინანსებულია მოქალაქის მკურნალობა ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა „კარაპს მედლაინში“. პაცინტს გაეწია 2.6 ათასი ლარის ღირებულების გინეკოლოგიური მკურნალობა, რომელიც დასაქმებული იყო თავდაცვის სამინისტროში ბუღალტერ-აღმრიცხველის თანამდებობაზე და ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება ბენეფიციარი“, _ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
19 ბენეფიციარზე დაფინანსებულია ძვირადღირებული სტომატოლოგიური მომსახურება (მეტალოკერამიკა, მოტიტანებული გვირგვინის ჩასმა და სხვ.), რომელიც განეკუთვნება კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ მკურნალობას, ჯამურად, 21,1 ათასი ლარის ოდენობით.
აუდიტის პერიოდში 8 ბენეფიციარისთვის ანაზღაურებულია საზღვარგარეთ მკურნალობის ღირებულება, რამაც ჯამურად შეადგინა 66,1 ათასი ლარი.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, დაფინანსებულია მედიკამენტები ვეტერანებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში დაფინანსებულია, დაახლოებით, ერთი წლის სამყოფი მედიკამენტები, არის შემთხვევები, როდესაც დაფინანსებულია ერთი და იგივე მოქმედების პრეპარატი ისეთი რაოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა ერთი ადამიანისთვის 10 წლის განმავლობაში.

შპს „ლანცეტი“
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის 28 იანვარს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამედიცინო ცენტრ შპს „ლანცეტთან“, რომელიც ითვალისწინებდა ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას შეღავათიან ფასებში.
ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით ცენტრის სისტემაში უნდა შექმნილიყო აკადემიკოს ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა მომსახურების სპეციალური სტრუქტურული ერთეული დანაყოფი, რომელიც ექსკლუზიურად უზრუნველყოფდა ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.
2016 წლის თებერვალში ვეტერანის სტატუსით მოსარგებლე 354 პაციენტისთვის გაწეულია სამედიცინო მომსახურება თანხით 67,2 ათასი ლარი, მათ შორის, ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა 333 პაციენტს თანხით 48,9 ათასი ლარი და სტაციონარული მკურნალობა 21 პაციენტს 18,3 ათასი ლარით.
შპს „ლანცეტი“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორული მომსახურების მიმღებად არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 48,9 ათასი ლარის ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რომელსაც სრულად (100%) ანაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
2015 წლის განმავლობაში 37 ვეტერანისთვის დაფინანსებული აქვთ 42 ერთეული პროთეზის ღირებულება, რაშიც დახარჯულია 425,7 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებდა დამხმარე საშუალებით ვეტერანების უზრუნველყოფას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა პროთეზების დაფინანსება 100%-ით.
3 ბენეფიციარზე ანაზღაურებულია, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დაფინანსებულ მოცულობასთან შედარებით, 29,6 ათასი ლარით მეტი თანხა, რაც, სამსახურის განმარტებით, გამოწვეულია მექანიკური შეცდომით.

შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსი“
2015 წლის 24 ივლისს სამსახურსა და შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსს“ შორის გაფორმებულია ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. „ჯორჯიან ფორ ვეტერანსი“ წარმოადგენს „ფორტუნა ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ვეტერანთა კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. ამ მიზნით კომპანია ვალდებულებას იღებდა, შეექმნა და ემართა ექსკლუზიური „ვეტერანთა კლუბი“, მოეზიდა პარტნიორი კომპანიები და ისეთი იურიდიული პირები, რომლებიც „ვეტერანთა კლუბის“ სხვადასხვა აქტივობას დააფინანსებდნენ.
2016 წლის 1-ლ მარტს სამსახურსა და შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სამსახურს ეტაპობრივად, სამი თვის განმავლობაში, უნდა გადაეცა კომპანიისთვის იმ ვეტერანთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ვეტერანის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი) მათთვის ფასდაკლების ტალონებისა და სპეციალური (სასაჩუქრე, საკრედიტო და სადებეტო) ბარათების დასამზადებლად. კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, უსასყიდლოდ უზრუნველეყო ვეტერანებისთვის ფასდაკლების ვებპორტალისა და სპეციალური ბარათების შექმნა და გადაცემა. ამასთან, კომპანია ვალდებულებას იღებდა, დაეცვა და არ გადაეცა სხვა პირისთვის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნთა დაცვით, სამსახურსა და შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსს“ შორის 2016 წლის 9 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსს“ გადაეცა 13 463 ვეტერანის პრსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ვეტერანის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი, ტელეფონის ნომერი). სამსახურის განმარტებით, პერსონალური მონაცემები გადაცემულია ვეტერანთა თანხმობით, თუმცა მონაცემთა გადაცემის შემდეგ აქტივობები არ დაფიქსირებულა.

შტატგარეშე მოსამსახურეები:
2015 წელს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურში 42 შტატგარეშე მოსამსახურე ჰყავდათ, 2016 წელს _ 47. მათზე, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ანაზღაურებულია 241,1 ათასი ლარი, მათ შორის, პრემია 35,0 ათასი ლარი და 136,3 ათასი ლარი. შტატგარეშე მომუშავეთა თვიური ანაზღაურება მერყეობდა 700-დან 1800 ლარის ფარგლებში. მათი დასაქმება ხდებოდა არა დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით. მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, მოხსენებითი ბარათი ან სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები არ არსებობს. სააუდიტო პერიოდში სამსახურის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე სულ დახარჯულია 79,3 ათასი ლარის 49 155 ლიტრი საწვავი.
მათ შორის, სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის მივლინებაში ყოფნის დროს ორივე სამსახურებრივი ავტომანქანა მოიხმარდა საწვავს,
სამორიგეო ავტომობილების გამოყოფაზე კი სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაცია აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა.
სააუდიტო პერიოდში ვეტერანთა სამსახურს 167,4 ათასი ლარის ავეჯი და ავეჯის აქსესუარები შეუძენია; კინო და ვიდეომომსახურების შესყიდვაზე გამოყოფილი იყო 72.0 ათასი ლარი; გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში 59.9 ათასი ლარით გამარჯვებული გამოცხადდა „კავკასიის კინო სერვისი“. პრეტენდენტს უნდა გადაეღო და წარმოედგინა დოკუმენტური ფილმი და ერთი ვიდეორგოლი, რომლებიც შეეხებოდა ვეტერანების, მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის აგვისტოს ომის გმირობის ისტორიებს, რაც მოემსახურებოდა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას. მსგავსი მოთხოვნები შპს „კავკასიის კონოსერვისს“ არ წარმოუდგენია, სატენდერო კომისიას მხოლოდ ფილმებისა და ვიდეორგოლების შინაარსი წარუდგინეს, სატენდერო კომისიას არ მოუხდენია პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და 2015 წლის 4 თებერვალს შპს „კავკასიის კინოსერვისი“ მიწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2015 წლის ივნისში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულია უცხოური საწარმოს ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“, რომელიც დააფუძნა შპს „კონვენტმა“. შემსრულებელთან 2015 წლის 31 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოების ჩაბარების ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 30 მარტი. წარმოდგენილი საბანკო გარანტია ავიზირებული იყო „საქართველოს ბანკის“ მიერ, რომელიც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს 2015 წლის 18 სექტემბრის წერილით განუმარტავდა, რომ ავიზირებადი ბანკის პასუხისმგებლობას მხოლოდ დოკუმენტური ოპერაციების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენა წარმოადგენდა და არ გააჩნდა ფინანსური პასუხისმგებლობა. ამის მიუხედავად, ვეტერანთა სამსახურმა 2015 წლის 22 სექტემბერს „კონვენტ ჯორჯიას“ ავანსის სახით (კლიმატური მოვლნების ზემოქმედებით კი ზიანი ადგება უკვე განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს) გადაურიცხა 1 000.0 ათასი ლარი. ეროვნული ბანკის შესაბამისი რეკომენდაციები არ გათვალისწინებულა. იმავე წლის 30 ნოემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით ხელშეკრულების ღირებულება გაზრდილია 209.7 ათასი ლარით და სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 2 448.3 ათასი ლარით, ხოლო სამუშაოთა ჩაბარების ვადა გაგრძელებულია 2016 წლის 11 ივლისამდე, მოგვიანებით კი _ 25 აგვისტომდე.
აუდიტის დასკვნის თანახმად, შპს „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ გაგრძელებულ ვადებშიც ვერ იქნა უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულება, ცხრა ეტაპად წარმოდგენილი სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ 1.399,4 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო გადახდამ _ 1.762.7 ათასი ლარი. კომპანიას 2016 წლის აპრილის მერე სამუშაოები საერთოდ არ უწარმოებია, კლიმატური პირობებით კი ზიანი ადგება უკვე შესრულებულ სამუშაოებს, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ შესრულებულ სამუშაოებში გადახდილი თანხა წყალშია გადაყრილი.
ეს არის ფაქტების მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია წარმოდგენილი. უცნობია, არსებულ დარღვევებზე რა რეაგირება მოახდინა სახელმწიფო სამსახურის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ.
„ქრონიკა+“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საქმიანობას უახლოეს ნომრებში მიუბრუნდება.

ელისო კილაძე