ჯანყი (ქალი) გურიაში

„ქართული ტრადიციული სუფრა ტოტალიტარული სახელმწიფოს მინიმოდელია, მთელი თავისი იერარქიით და მკაცრად დადგენილი წესებით“, _ ეს მოსაზრების მხოლოდ ერთი მხარეა. დანარჩენი ყველა თანხმდება, რომ ქართული სუფრის აკადემია ჩვენი ტრადიციების ერთ-ერთი განუყოფელი და მრავალსაუკუნოვანი ნაწილია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მართალია, ფორმირდება, იცვლება, თუმცა მისი ძირითადი მახასიათებლები მაინც უცვლელი რჩება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, ქართული ტრადიციული სუფრის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მსგავს მემკვიდრეობათა იუნესკოს ნუსხა 35 ძეგლს აერთიანებს.
ქართული ტრადიციული სუფრა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ღირებულებათა ნაზავია. მას ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართველების ცხოვრებაში ღვინის სმის, სიმღერის, ცეკვისა და სხვა ტრადიციის გვერდით.
ღვინის სმისა და, ზოგადად, სუფრასთან სტუმრის გამასპინძლების წესი რომ საქართველოში შორეულ წარსულში იღებს სათავეს, ამაზე მკვლევრები და ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან.
მრავალსაუკონოვანია თავად სუფრის იერარქიაც, რომლის თავში დგას უფალი თამადა, მისი მოადგილე და სხვა დანარჩენი, იგივე მაგიდის ძვირფასი წევრები.
ქართველი კაცი ისე არსად იცავს წესრიგს, როგორც სუფრასთან.
ქართული ტრადიციული სუფრის სტრუქტურა რამდენიმე ძირითად კომპონენტს აერთიანებს. მათ შორის არის სადღეგრძელო და მისი მთქმელი _ თამადა.
ბევრი და განსხვავებული მოსაზრება არსებობს თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით.
თავი მაგიდისა _ ანუ, ზოგადად დამკვიდრებული წესის მიხედვით, სუფრას ყოველთვის ხანდაზმული და პატივსაცემი მამაკაცები უძღვებოდნენ, რომლებსაც სიტყვაც უჭრიდათ და სხვათა ყურადღების მიპყრობაც კარგად გამოსდიოდათ.
თავად ბიბლიური ზირაქის წიგნში „სიბრძნე ზირაქისა“ განსაზღვრულია თამადის მოვალეობანი და მისი მახასიათებლები:
„თუ თამადად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, იყავი დანარჩენთა შორის, როგორც ერთი მათგანი. ჯერ მათზე იზრუნე, მერე დაჯექი. როცა ყველაფერს აღასრულებ, რაც გავალია, დაიკავე შენი ადგილი, რათა თანამეინახეებმა მოილხინონ და სუფრის გაძღოლისთვის გვირგვინი დაიმსახურო. თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის, სიტყვას ნუ გააგრძელებ, უდროო დროს ნუ ბრძნობ, რაც ლალის თვალია ოქროს ბეჭედში. სიმღერას ნუ ჩაახშობ, ხმატკბილი სიმღერა იგივეა ნადიმობისას, რაც ზურმუხტის თვალი ოქროს ბუდეში და საამო ჰანგი ღვინის სმისას“.
სწორედ ამ ზნე-ჩვეულების მქონე ადამიანები ინიშნებოდნენ სუფრის წინამძღოლებად.
თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სქესი?
შეუძლია კი ქალს ისეთივე თამადობა, როგორიც კაცს?
ან რატომ არ შეიძლება ენაწყლიანი და პატივცემული ქალბატონი ისევე გაუძღვეს სუფრას, როგორც მამაკაცი?
სწორედ ამის დამტკიცებას წლების წინათ შეეცადა თალიკო ჩხაიძე. 83 წლის ქალბატონი გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში ცხოვრობს. წლების განმავლობაში მუშაობდა კოლმეურნეობაში და ბევრ „კაცურ“ საქმეს აკეთებდა.
„ძლიერი ქალი ვიყავი, ახლა არ ვიცი, როგორი ვარ, დავბერდი და ძალაც ნაკლებად მიჭრის, მაგრამ ნამდვილად არ ჩამოვრჩებოდი არავის მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ.
კოლმეურნეობაში ვმუშაობდი და როცა რევიზია მოდიოდა და მამაკაცები არ იყვნენ სამუშაო ადგილზე, საპატიო მასპინძლობას ვუწევდით მე და ჩემი მეგობრები. სუფრას გავშლიდი, მერე სუფრის თავში ვჯდებოდი, ღვინოსაც გეახლებოდით და ტრადიციული სადღეგრძელოებითაც ვაკვირვებდი მოსულ სტუმრებს.
რამდენჯერ მიჯობნია სმაში კაცებისთვის, მოსული რევიზორები დამითვრია და მანქანამდე მიმიყვანია.
ერთხელ მახსოვს, გაკვირვებულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, _ ეს ქალია თუ კაცი, ასეთი რა დაგვალევინა, რა გვიქნაო?„“ _ ღიმილით იხსენებს ქალბატონი თალიკო ახალგაზრდობის ამბებს და კითხვაზე, თუ როგორ უყურებდა მისი ოჯახი მის ხშირ თამადობას სუფრაზე, გაკვირვებული პასუხობს: „რა თქმა უნდა, კარგად უყურებდა ყველა ამ ამბავს. ზოგჯერ ჩემი ქმარი და მამამთილი სამუშაოდ რომ იყვნენ წასული და სტუმრები მოვიდოდნენ, აბა, ცუდ მასპინძლობას ხომ არ გავუწევდი? ჩემი მამამთილი დამიბარებდა, მეც, როგორც ოჯახს შეეფერებოდა, ღირსეულად ვსვამდი სტუმრებთან ერთად.
დიდად დამძალებელი თამადა არ ვიყავი. კაცი თუ სუფრაზეა და სვამს კიდეც, ე. ი. მოსალხენადაა მოსული და წესით, დაძალება არც უნდა სჭირდებოდეს. ერთი, ხმაური არ მიყვარს სუფრაზე, ამ დროს გურული მკაცრი ქალი ვხდები, თორემ სხვა მხრივ ცეკვაც მიყვარს, სიმღერაც, თავად მეც წავუმღერებდი ერთი ორი ჭიქის მერე“.
საინტერესოდ დაიწყო თამადობის ისტორია ქალბატონი თალიკოსთვის. ახლად დაწურულ ღვინოზე მამას დაეჯიბრა. მართალია, წააგო და გული დასწყდა კიდეც, თუმცა ცოტა წაიმღერეს და მერე ყველაფერი გადაავიწყდა.
ჰოდა, ასე ეტაპობრივად, ჯერ მამა, მერე ქმარი, ბოლოს კი შვილები უწონებდნენ კარგ სიტყვა-პასუხს სუფრაზე და ქალბატონი თალიკოც დღემდე ერთ-ერთ სახელგანთქმულ თამადად ითვლება სოფელში.
მსგავსი სტაჟით ვერ დაიკვეხნის, თუმცა არც დამწყებ თამადად მიიჩნევს თავს სოფელ ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო თავაძე.
ნინო ძლიერი გურული ქალია, რომელსაც მიაჩნია, რომ სქესი პირობითი ცნებაა და შეუძლებელი არაფერია, როცა რამის სურვილი არსებობს:
„სულ ვცდილობდი და დღემდე ასეა, ტოლს არ ვუდებ მამაკაცებს. ყველა საქმესა და წამოწყებაში მთელ მონდომებას ვდებ და ასე მგონია, რომ მთავარი სურვილია და არ არსებობს ქალური და კაცური საქმეები. არსებობს მხოლოდ სურვილი და მიზანი, რომლის მიღწევაც ბევრი შრომით არის შესაძლებელი“.
მიაჩნია, რომ მისი პედაგოგის პროფესია და სამუშაო უნარები ხელს უწყობს სუფრის გაძღოლაში. პატივსაცემი სტატუსის გამო ხშირად ნიშნავენ კიდეც თამადად და ნინოც მზადაა, არათანმიმდევრული, მაგრამ საინტერესო სადღეგრძელოებით დაატკბოს მსმენელები:
„ხშირად ვყოფილვარ სუფრაზე. ზოგჯერ არ მომწონებია თამადის საუბრის მანერა, ბევრჯერ შევწუხებულვარ კიდეც სუფრაზე არსებული უწესრიგობით, ავმდგარვარ და წამოვსულვარ. თუმცა ბოლო პერიოდში უკვე სუფრაზე თუ ვარ, აუცილებლად თამადაც მე ვარ.
რაღაც ბუნებრივად და ძალიან მოულოდნელად დაიწყო ჩემი თამადობა. ერთხელ მეგობრების შეკრებაზე რამდენიმე სადღეგრძელოს ინიციატივა ავიღე საკუთარ თავზე, გარშემომყოფებმა სიტყვა-პასუხი მომიწონეს და ამის მერე უკვე მთავაზობენ ხშირად სუფრის გაძღოლას. მახსოვს, ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი ტოლი მამაკაცებიც დამითვრია და ეს არც ისე იშვიათად ყოფილა. ამას თავის მოსაწონებლად რამდენად შეიძლება ვამბობდე, ცოტა უცნაურია, თუმცა ესეც ადამიანის ბუნებაა და მისი ხასიათის განუყოფელი ნაწილი“.
განსაკუთრებით უყვარს მეგობრების სადღეგრძელო და ყოველთვის ცდილობს, მისი სასმისი არ იყოს მოსაბეზრებელი უკვე კარგად ნაცნობი ტექსტებით. ცნობილი გამონათქვამებით თუ ნამდვილი ამბების მოყოლით ნინო ცდილობს, სუფრის თანამეინახეებს საღამო გაულამაზოს და მათთან ერთად დასამახსოვრებელი გახადოს იგი.
„თამადას უნდა ჰქონდეს უნარი, რომ ძალით და ყვირილით კი არა, საკუთარი სიტყვებით მიიქციოს გარშემომყოფების ყურადღება. ის უნდა ამბობდეს ახალს და საინტერესოს, ამავდროულად, პატივს უნდა სცემდეს ტრადიციებსა და თანმიმდევრობას, რომლის დაცვა აუცილებელია. გურიაში პირველად ყოველთვის მშვიდობის სადღეგრძელოს ვსვამთ, უფლის სადიდებელს და შემდეგ თანმიმდევრულად“.
ტრადიციული გურული სუფრისა და თეთრი ღვინის ფონზე ორი-სამი ჭიქის მერე სახეს ფერი ეძლევა, გულს კი _ მეტი ხალისი და სიმღერის სურვილი. გურული კრიმანჭულის ფონზე გურული ქალები არ ჩერდებიან წასულების სადღეგრძელოზე და ყოველთვის ლოცავენ მომავალს…

ანა ურუშაძე