პროფკავშირები: „გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი“

23 თებერვალს თბილისის ცენტრალურ გამზირზე მუშათა მსვლელობა გაიმართა. სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოში დასაქმებულნი თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს.
აქციის ლოზუნგი იყო: „მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!“ „დავიცვათ ერთად დასაქმებულთა სიცოცხლე, ერთად დავიცვათ სიცოცხლის უფლება!“
აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა.

პროფკავშირების მონაცემებით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, დღეის მონაცემებით, 488 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა. მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. პროფკავშირები პარლამენტისა და მთავრობისგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნასა და მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ.
„პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ინსპექტირების საკითხს აყენებს“, _ პარლამენტში განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა, სადაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
„სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებულია. სამმხრივ მონიტორინგთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები გარკვეულწილად გახლავთ გათვალისწინებული, მაგრამ არა სრულად. კვლავ პრობლემად რჩება ამ უწყების სამმხრივი ადმინისტრირება როგორც ბიზნესისთვის, ასევე პროფკავშირებისთვის. გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ორგანო. მეორე საკითხი გახლავთ ინსპექტორის სასამართლოში წასვლის ვალდებულება. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად საწარმოო პროცესში არის სერიოზული საფრთხის შემცველი მოქმედებები, მეწარმის მხრიდან სასამართლოში წასვლით, შრომის ინსპექტორზე მიმართვით, სიარულ-სიარულსა და სასამართლოების ლოდინში, შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მივიდეთ. ასევე პრობლემა გახლავთ ის, რომ სფერო შეიზღუდა. მაგალითად, ენერგოდისტრიბუციაში უამრავი პრობლემაა შრომის უსაფრთხოების კუთხით. წლების მანძილზე როგორც ტრაგიკული, ასევე ლეტალური შემთხვევები ყოფილა დაფიქსირებული და ბუნებრივია, ეს პრობლემას წარმოადგენს“, _ განაცხადა პეტრიაშვილმა.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (ემც) წარმომადგენელ ლინა ღვინიანიძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას მათ 3 არსებითი შენიშვნა ჰქონდათ.
„პირველი ეხებოდა სფეროს. ჩვენ მივუთითებდით, რომ სფერო უნდა ყოფილიყო უფრო ფართო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა გვთავაზობდა და ეს უნდა შეხებოდა დასაქმების ყველა ადგილს, თუმცა ეს შენიშვნა არ არის გაზიარებული მეორე მოსმენისას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი გავრცელდება მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე, რომლის სიასაც მთავრობა დაადგენს. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორი იქნება ეს სია, თუმცა პროფესიული კავშირები უკვე მიუთითებენ, რომ, მაღალი ალბათობით, რამდენიმე სფერო აქ არ შევა. ამდენად, კანონის ვიწრო სფერო რჩება, როგორც პრობლემა. მეორე თემა, რომელიც იდგა და იყო პრინციპული, ეს არის აქვს თუ არა უპირობო შესვლის უფლება ინსპექციას სამუშაო ადგილებზე? ამ ნაწილშიც მთავრობამ ჩვენი მოთხოვნა არ გაიზიარა. მხოლოდ გეგმურად და რემონიტორინგის დროს შედის ინსპექცია, სხვა შემთხვევაში მას წინასწარი სასამართლო ნებართვა სჭირდება, თუმცა მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითად ნაწილში გაორმაგდა შემოთავაზებული სანქციების ოდენობები და გადაიხედა სანქციის ზედა ზღვარი. ეს არის საკითხი, რომელიც მეტ-ნაკლებად გაიზიარეს, რაც ვფიქრობთ, რომ პარლამენტის დიდი დამსახურებაა“, _ განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კომიტეტის სხდომაზე, ხოლო შემდეგ მედიასთან „აუდიტორია 115“-ის წევრებმა გააპროტესტეს. გიორგი სოფრომაძის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება და ბიზნესი ცდილობს, ეს კანონპროექტი გაასაღოს, როგორც კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და შეთანხმებულ დოკუმენტად წარმოაჩინოს.
ამ ფონზე, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში აისახება. აღნიშნულ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება, შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე.
ამავე ცვლილებებით, მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა.
გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში უნებართვო მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. ასევე გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე 10 000 და 15 000 ლარით.
აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში განიხილავს, რომელიც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა. ინფორმაციას იპნ.ჯი აქვეყნებს.

„ქრონიკა+“ საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელ თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება:
_ პროფკავშირის ახალგაზრდული მოძრაობა თბილისის სხვადასხვა ადგილში საინფორმაციო ღონისძიებებს ატარებს და სოზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. აქციის მთავარი მიზანი შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სამუშაო ადგილებზე ადამიანების დასახიჩრება და გარდაცვალება ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა. ამავე დროს, შრომითი უსაფრთხოების კანონის მიღების პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ აუცილებელია, მთავრობა საზოგადოების გავლენას გრძნობდეს, რათა კანონი ისეთი სახით მიიღოს, რაც არსებულ მდგომარეობას გამოასწორებდა.
მიმდინარე მომენტისთვის პროფკავშირების პოზიცია ასეთია: კანონი აბსოლუტურად კოჭლია, ჩვენი ვარაუდით, ის ეფექტს ვერ მოახდენს, რადგან ძალიან ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს;
_ რა ბუნდოვანებაზეა საუბარი?
_ მთავრობას, სავარაუდოდ, მის ეკონომიკურ გუნდს, არ უნდოდა, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების კანონით შრომის ინსპექციას კომპანიების დაჯარიმების, ანუ სანქცირების უფლება ჰქონოდა. ჩვენი მყარი პოზიციებისა და დიდი ბრძოლის შედეგად ეს სანქციები კანონში ჩაიდო.
თავიდანვე უნდოდათ, რომ ეს სანქციები მიზერული ყოფილიყო. ჩვენი ძალისხმევის შედეგად ამ სანქციების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ისეთი არ არის, რომ კომპანიას პრობლემა შეუქმნას. მაინც ჩნდება საშიშროება, რომ ზოგიერთი კომპანია ჯარიმის გადახდას ამჯობინებს, ვიდრე დარღვევების აღმოფხვრაში ფულის დახარჯვას.
მეორე, ვითხოვდით, რომ შრომის კანონი, ანუ შრომის ინსპექციის საქმიანობა და კომპეტენცია აბსოლუტურად ყველა სახის კომპანიაზე გავრცელებულიყო. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური გუნდისგან ამაზე უარი მივიღეთ და ჩაიწერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მძიმე, მავნებელ და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება, მაგრამ ესეც გადაიხედა და ამ ჩამონათვალიდან ამოიღეს ენერგოდისტრიბუცია, წყალკანალიზაცია, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტები;
ანუ შრომის ინსპექციის საქმიანობას არეალი კიდევ შეუმცირეს, თუ ვისზე უნდა გავრცელდეს და ვისზე _ არა.
კანონში კიდევ ასეთი მექანიზმი დევს: წლის განმავლობაში შრომის ინსპექციას ერთხელ ექნება უფლება, რომ შერჩევითი წესით შეარჩიოს კომპანიები, ე. ი. ვალდებულება კი არ ექნება, რომ ყველა კომპანია შეამოწმოს, არამედ საწარმოში შერჩევის პრინციპით უნდა შევიდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ 50-დან, სულ რაღაც, 25 გადამზადებული ინსპექტორი ჰყავთ (შტატში ამდენია დანიშნული), ამიტომ წლის განმავლობაში ეს ინსპექცია ყველა კომპანიას ვერ მოიცავს. მოკლედ, რაღაც რაოდენობას შეარჩევენ და შევლენ.
თუ პირველ შესვლაზე ინსპექცია დარღვევებს აღმოაჩენს, ეს დარღვევები კი სამი ტიპისაა, არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული, შესაბამისად, ამ სამივე კატეგორიისთვის ჯარიმები და სანქციები სხვადასხვა ზომისაა. მაგრამ აქ თვითონ პროცედურა ბუნდოვანია.
მაგალითად, ერთხელ შევიდა და დარღვევები აღმოაჩინა, მერე იმავე წლის განმავლობაში გადასამოწმებლად უნდა შევიდეს, გამოასწორა თუ არა კომპანიამ მითითებული დარღვევები. და თუ არ გამოასწორა, შრომის ინსპექცია არსებითი და არაარასებითი დარღვევის შემთხვევაში სანქციას უწესებს. კრიტიკული დარღვევის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია კომპანიას აიძულებს, შეაჩეროს კონკრეტულად იმ დანადგარის მუშაობა, რომელიც მსგავს შეუსაბამობას შეიცავს.
კანონში მკაფიოდ არაა გაწერილი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ (მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციას კანონით მისი შემოწმების უფლება აქვს) მაინც უარი თქვა მათ შეშვებაზე, ასე ვთქვათ, გაუძალიანდა. ასეთ შემთხვევაში წერია, რომ შრომის ინსპექცია კომპანიას გაფრთხილებას აძლევს, მეორედ თუ მივიდა და კიდევ თუ არ შეუშვა, მერე უწესებს სანქციას 500 ლარის ოდენობით, ხომ წარმოგიდგენიათ?
აქ ისიც არ არის გაწერილი, რას ნიშნავს მეორედ მისვლა. ანუ ერთხელ რომ მივიდა და არ შეუშვა, რომ წავიდეს ეს ინსპექტორი და ხუთი წუთის მერე უკან მობრუნდეს შესამოწმებლად, უკვე ითვლება, რომ კომპანიას მეორედ მიადგა, თუ ერთი-ორი თვე ან ორი კვირა უნდა გავიდეს, რომ ეს მეორედ მისვლად ჩაითვალოს?
იცით, რა ხდება? ამით მოულოდნელობის ეფექტი იკარგება. კომპანიებს მაინც ეძლევათ საშუალება, რომ კრიტიკული, არსებითი ან არაარსებითი დარღვევების შემთხვევაშიც საწარმო ამუშაოს. ამით ერთგვარი ლუფტი არის დატოვებული, რითაც კომპანიას ამის საშუალება ეძლევა.
თავიდანვე შევთანხმდით, რომ შრომის ინსპექცია ყველა კომპანიას ვერ შეამოწმებს. თუ რომელიმე კომპანიიდან, მუშისგან შრომის სამინისტროში ზარი განხორციელდა, რომ იქ რაღაც დარღვევებია, შრომის ინსპექციამ სასამართლოს უნდა მიმართოს და თუ მოსამართლე ნებართვას მისცემს, მერე შეუძლია, რომ ამ განხორციელებული ზარის საფუძველზე საწარმოში შევიდეს.
ჩვენი პოზიციით, ესეც ხელოვნური დაბრკოლებაა შრომის ინსპექტირებისთვის. კომპანიის მხრიდან ინსპექტორის არშეშვებაზე რომ ვსაუბრობდით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შრომის ინსპექცია მაკონტროლებელი ორგანოა. ასეთივე მაკონტროლებელი ორგანო საგადასახადო ინსპექციაა. საგადასახადო ინსპექციამ რომელიმე კომპანიაში შესვლა რომ მოინდომოს და კომპანიამ მიღებაზე უარი თქვას, ამ შემთხვევაში კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის დევნა იწყება. შრომის ინსპექციის შემთხვევაში კი ეს არ მოხდება.
ანუ ორივე მაკონტროლებელი ორგანოა და ერთის შემთხვევაში სანქციები გაწერილია არშეშვებისას და მეორე მაკონტროლებელ ორგანოს ეს გაწერილი რატომ არ აქვს? ვფიქრობთ, რომ ყოველივე ეს მთლიანად ამ შრომით კანონმდებლობას ეფექტს უკარგავს და ამ გზით შრომის ინსპექცია ისეთი ეფექტიანი ვერ იქნება, რომ ის სტატისტიკა გამოასწოროს, რაც დღეს სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებასთან და დასახიჩრებასთან დაკავშირებით გვაქვს.
_ გამართული კანონმდებლობის არქონის გამო შრომით ადგილებზე როგორი რეალობა გვაქვს?
_ 2017 წელს 41 გარდაცვლილი და 63 დასახიჩრებულია. ამავე დროს, საქართველოში ამის დაზუსტებულ სტატისტიკას არავინ აწარმოებს ოფიციალური ორგანოებიდან, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ისიც მხოლოდ იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შესაბამისი უწყების მიმართ, ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა და მისთ.
ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ეს სტატისტიკა ბევრად მაღალი იქნება, რადგან არის ფაქტები, როდესაც საწარმოო შემთხვევის დადგენისას კომპანია და დაზარალებულის ოჯახი ერთმანეთს ისე ურიგდებიან, რომ ამას გარე სამყარო ვერც გებულობს; არ აღირიცხება და, შესაბამისად, სტატისტიკაშიც არ ხვდება.
ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დასახიჩრების შემთხვევების გარდა ასეთივე გარდაცვალების შემთხვევებიც იყოს. ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში, ევროკავშირსა და ყველგან, სადაც შრომის ინსპექციები არსებობს, ამ სტატისტიკას სწორედ შრომის ინსპექცია აღრიცხავს და ითვლის. ეს არის სპეციალიზებული, პროფესიული სტრუქტურა, რომელიც ქმედითი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს საქართველოშიც და ეს ფაქტები აღნუსხოს.
ამ ფონზე სავალალო მდგომარეობა გვაქვს, განსაკუთრებით, მშენებლობის სექტორში.
აქ კიდევ ერთ ფაქტორს უნდა გავუსვათ ხაზი: ბოლო რამდენიმე დღეა, ვიღაც მეგრელიშვილი, გირჩელები ტელევიზიით გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ აი, თურმე, საფრანგეთში სამუშაო ადგილებზე რამდენიმე ასეული ადამიანი დაღუპულა, თურმე გერმანიაშიც ასეა და ა. შ. და ჩვენ ეს საქართველოში რატომ გვიკვირსო? ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ციფრებს ამ კონტექსტში ადარებ.
გერმანიაში შეიძლება გარდაცვლილთა რიცხვი ხუთასი იყოს, მაგრამ თუ მარტო ციფრებს შევადარებთ, დიდ გაუგებრობაში აღმოვჩნდებით, რადგან გერმანიის ეკონომიკა დღეს, ასე ვთქვათ, გუგუნებს. თუ გერმანიის ეკონომიკის ელემენტარული სტრუქტურა არ შეისწავლე, ისე რაზე მსჯელობ? ახლა საქართველოში არსებული დასაქმების დონე გერმანულ მაჩვენებელს შეადარე; შევადაროთ გერმანიის ეკონომიკაში ინდუსტრიისა და წარმოების წილი; შევადაროთ, ეს ყველაფერი საქართველოში როგორ არის წარმოდგენილი.
ქართულ ეკონომიკაში ინდუსტრიის წილი იმდენად მწირია (ვგულისხმობ იმ საწარმოების წილს, სადაც საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოა), რომ ამ გარემოში 41 კი არა, წესით, ადამიანი არც უნდა გვეღუპებოდეს.
ამ მხრივ, მშენებლობის დარგი იმიტომ ლიდერობს, რომ, უბრალოდ, მშენებლობა ეკონომიკაში უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი, ვიდრე სხვა სფეროები. დღეს ქვეყანაში ეს უფრო დიდი ბიზნესია. საერთო ჯამში, ამ ყველაფრის მასშტაბი ძალიან პატარაა და ამის გთვლით კიდევ ერთხელ იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხი შავ დღეშია, დიდი კრიზისია.
_ პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ინსპექტირების საკითხს აყენებთ, ეს რა შედეგს მოიტანს?
_ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. ეკონომიკური გუნდის თვალთმაქცობას, რომ ბიზნესი რამენაირად ზედმეტად არ შეაწუხონ, რაღაც ხომ უნდა დავუპირისპიროთ?
ჩვენ ვითხოვთ, რომ შრომის ინსპექცია ქმედითი იყოს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ შრომის ინსპექცია შეიძლება კომერციულ ორგანოდ იქცეს. ვიღაცები ამბობენ, რომ შესაძლოა, დამსაქმებელი გაურიგდეს შრომის ინსპექტორს, რაღაცებზე თვალი დახუჭონ რაღაცის სანაცვლოდ და ა. შ.
მაგრამ თუ შრომით ურთიერთობებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივობის სტანდარტი დანერგილი გვაქვს, ჩვენი პოზიციაა, რომ შრომის ინსპექციის მართვა სწორედ სამივე მხარის ჩართულობით მოხდეს: პროფკავშირების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს. ეს თუ მხოლოდ სახელმწიფო ორგანო იქნება (მართვაში შრომითი ინსპექტირების დანარჩენი ორი მხარე ჩართული არ იქნება), რა თქმა უნდა, კორუფციის საშიშროება არსებობს; რადგან, ზოგადად, ჩვენი საზოგადოება კორუფციისკენ მიდრეკილია და ეს, რასაკვირველია, გარკვეული საფრთხე იქნება.
თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება არც ამის გათვალისწინებას აპირებს და ჩვენი პროტესტის მიზეზიც ეს არის.
_ დმანისის მუნიციპალიტეტში „არემჯი გოლდისთვის“ საწარმო ფართის გაფართოება განიხილება. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ?
_ ამასთან დაკავშირებით, პროფკავშირს ცალსახა პოზიცია აქვს, _ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ ევროკავშირის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს და ევროდირექტივები გაითვალისწინოს. ევროკავშირის სტანდარტი ასეთია: ქვეყნის განვითარება არ უნდა მოხდეს შრომითი სფეროსა და გარემოს ხარჯზე. თუ ჩვენ განვითარება და პროგრესი გვინდა, ეს არ შეიძლება მუდმივად მდინარეების, ნიადაგის, გარემოს დაბინძურებისა და დასაქმებულთა უფლებების ხარჯზე ხდებოდეს.
ამას ევროდირექტივები ცალსახად ამბობს და ჩვენ, პროფკავშირიც ვიზიარებთ ამ პოზიციას. მდგომარეობა კიდევ კრიტიკულია. „არემჯი გოლდი“ გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, კარგად მოგეხსენებათ, შრომითი ურთიერთობების სფეროშიც ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც კაზრეთში თავიდან ბოლომდე დისკრიმინაციული გარემო დანერგა.

გელა მამულაშვილი