ლევან ხაბეიშვილი: „კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტაციისთვის კვირიკაშვილს 50 მილიონი ლარის დახარჯვა უტენდეროდ სთხოვა“

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა. საკრებულოს დეპუტატი და პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, პროკურატურას გიორგი ტყემალაძის მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით გამოძიების დაწყებას სთხოვს. პარტიაში ვარაუდობენ, რომ გიორგი ტყემალაძემ კანონი დაარღვია, როცა ყველანაირი არგუმენტის გარეშე რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე, სადაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე უნდა ემსჯელათ, უარი განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს იმასაც, რომ ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია რიგგარეშე სხდომების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე იღებს.
„ საკრებულოს უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებს ნიშნავს ყოველ კვირაში, როცა საქმე ეხება მათ ხელფასების გაორმაგებას, პრემიებს, დანამატებს, თანამდებობებზე დანიშვნას, ბიძინას ან კალაძის ინტერესებს. როცა საქმე ეხებოდა ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევას და ჩვენ რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ვითხოვდით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ კანონი დაარღვია და უარი მოგვწერა ჩვენს განცხადებაზე.
შესაბამისად, ეს არის თანამდებობრივი გულგრილობა, რომელიც 342-ე მუხლით ისჯება სამი წლის ვადით პატიმრობით. ამიტომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, იყო თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა, რომელიც გიორგი ტყემალაძემ მაშინ გამოიჩინა, როცა ჩვენმა ფრაქციამ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნისთვის მიმართა“, _ განაცხადა ხაბეიშვილმა.
ვარკეთილის მეტროს სადგურში შეკიდული ჭერის კონსტრუქცია 30 იანვარს ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება წარმოებს.

მიმდინარე პროცესების შეფასება „ქრონიკა+“-მა დედაქალაქის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილს სთხოვა:
_ კალაძემ ისე აურია, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. სისულელეების, უსაქმურობისა და მავნებლობის ტემპებში ნარმანიასაც კი გაასწრო. ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნია. გაიქნია და გუდიაშვილის რეაბილიტაციისთვის კვირიკაშვილს 50 მილიონი ლარის დახარჯვა, ტენდერის გარეშე სთხოვა. ამ გადაწყვეტილებით, თბილისელები, მინიმუმ, 5 მილიონ ლარს ვზარალობთ და ამ თანხით რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება, მკითხველმა თავად განსაზღვროს.
ამ თანხით 4000 ბაღის პედაგოგისთვის 100 ლარით ხელფასის მომატებაა შესაძლებელი. ამას პლუს, ეს არის კორუფციის ბუდე, როცა ტენდერის გარეშე იხარჯება საბიუჯეტო სახსრები. ფორმალურადაც აღარ უნდა ტენდერის ჩატარება, თორემ ამ ტენდერშიც ბიძინას ძმა, ადიკო ივანიშვილი და მისი ბიზნესპარტნიორები რომ იმარჯვებენ, კი ვნახეთ.
აქ შპს „ნილს“ და მერიისგან მიღებულ 45 მილიონამდე ლარის ხელშეკრულებას ვგულისხმობ. „ნილის“ 50%-ის მფლობელი და ადიკო ივანიშვილი შპს „მაგნეტიტში“ ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ალბათ, გასაგებია, რატომაც ეძალება ამ კომპანიას კახი კალაძე.
გუდიაშვილზე სასწრაფოდ გასაკეთებელია და ტენდერს ვერ მოვასწრებთო, _ ასეთი წერილი აფრინა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან და იმავე წერილში წერენ, _ 3 წელია იციან, რომ გუდიაშვილის მოედანი გასაკეთებელია. ამის თაობაზე 3 წელი რომ იცი, გადაუდებელი აუცილებლობა და მოულოდნელად გამოჩენილი პრობლემა როგორ არის? ეჩქარება ბიჭს მილიონები და თან წვალებაც არ უნდა, ასე პირდაპირ აიღებს და ვისაც უნდა, იმას მისცემს იმ 50 მილიონ ლარს. როგორი ხარისხით აშენებენ და აკეთებენ, კი ვნახეთ ვარკეთილის მეტროში.
ამ „სიკეთეებს“ ისიც ემატება, რომ კალაძე ნარმანიას მავნე საქმიანობას აგრძელებს და ახლა უკვე ქიაჩელზე მიმდინარეობს იქაურობის გაველურება და ბეტონის ჯუნგლებად გადაქცევა. პატარა უბანი, სადაც, ჯამში, 50 ოჯახი ცხოვრობს და ერთი ვიწრო ქუჩა შედის, ახლა დამატებით სამ კორპუსს მიიღებს, რომელშიც თითოში 50 ოჯახი იცხოვრებს. ან როგორ უნდა გადაადგილდნენ ადამიანები, ან რა უნდა ისუნთქონ?
იმის გამო, რომ იქ სამი კორპუსი ჩაიდგას, ფაქტობრივად, ფერდობი მოჭრეს და გრუნტის წყლების დასამალავად ბეტონი გადაასხეს. სრული კატასტროფაა სამშენებლო მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ ეს შეეჩერებინა, კალაძემ მწვანე აუნთო აქამდე გაჩერებულ მშენებლობებს. განცხადებებში ერთს ამბობს და რეალურად სხვა საქმე კეთდება.
ასევე გაგრძელდა ჟვანიას ქუჩაზე მთის დემონტაჟი, რომელიც კატასტროფული ტემპებით მიდის და კუს ტბის მთის მეორე მხარე, ფაქტობრივად, სამშენებლო პოლიგონადაა გადაქცეული. ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა მოხსნეს და პირდაპირ ტრაქტორები მიაყენეს. მსგავსი რამე ნორმალურს და საღად მოაზროვნეს თავში არ მოუვა, ხევებში, მთებსა და კლდეებზე აშენებენ კორპუსებს. ჩეხენ ხეებს და ანადგურებენ ბუნებას!
ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამის გამკეთებელ მერსაც და მშენებელსაც ციხიდან არასდროს გამოუშვებდნენ! ამ დროს, საკრებულო იმის ნაცვლად, რომ ადეკვატური იყოს, მერი და მერია გააკონტროლოს, მონურ მორჩილებაში იმყოფება კახის მიმართ და ყველაფერზე მზად არიან, ხელი აუწიონ. ის კი არა, „ჩაწევაზე“ არ გადავიდნენ და უკვე აღარ ვდარდობ.
საკრებულოს უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებს ნიშნავს ყოველ კვირაში, როცა საქმე ეხება მათ ხელფასების გაორმაგებას, პრემიებს, დანამატებს, თანამდებობებზე დანიშვნას, ბიძინას ან კალაძის ინტერესებს. და როცა ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევას ეხებოდა საქმე, სადაც ბეწვზე გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ იყო, საკრებულოს თავმჯდომარემ კანონი ჯიუტად დაარღვია და სხდომა არ ჩანიშნა.
ბიძინას საქართველო მისი შპს რომ ჰგონია გავიგეთ, ბოტანიკური ბაღი რომ მისი ბოსტანია, ამასაც შეაგუა თბილისელები და ახლა საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკრებულო კი არა, „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისია თბილისის საკრებულო და კანონებით და რეგლამენტით კი არა, მისი შეხედულებით და პარტიული ინტერესებით იღებს გადაწყვეტილებას.
წარმოუდგენელია, ამ ადამიანებს ენა მიუსადაგო და ამ ენაზე ესაუბრო. მუდმივად აგრესიულები არიან და აქამდე ვერ გააცნობიერეს, რომ ხელისუფლებაში იმყოფებიან.
იმის გამო, რომ ტყემალაძე არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, რეგლამენტს და არღვევს კანონს, განცხადებით პროკურატურას მივმართეთ. უწყებამ გამოიძიოს, საქმე ხომ არ გვაქვს სამსახურებრივ გულგრილობასთან, რომელიც 3 წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორ წარმოგიდგენიათ, მეტროში ჭერის ჩამონგრევა არ არის ის ფაქტი, რომელზეც საკრებულო უნდა შეიკრიბოს? და სხდომას მხოლოდ მაშინ უნდა ატარებდნენ, როცა მათ პირად კეთილდღეობას ეხება საქმე? იმის ნაცვლად, ჭერის ჩამონგრევაზე თანამდებობის პირებს და რეალურ დამნაშავეებს ეგოთ პასუხი, რიგითი სპეციალისტები დასაჯეს საჩვენებლად და თან არავინ იცის, რატომ.
14 დაზარალებულიდან რამდენიმე სასამართლოში ჩივილს აპირებს. მერიას სულ არ აინტერესებს და ხალხი წამლებს ონლაინ სესხების საშუალებით ყიდულობს. წარმოიდგინეთ, ეს ამბავი გერმანიაში რომ მომხდარიყო, ამ ადამიანებს როგორ მოუვლიდნენ და გაუფრთხილდებოდნენ. ამ დრომდე ფსიქოლოგები ივლიდნენ სახლებში.
ასევე, ბედის ანაბარა მიატოვეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაზარალებული მცხოვრებლები და ისეთ კორპუსში შეაბრუნეს, რომელზედაც დასკვნა დღემდე არ დევს. არადა, ამ კორპუსში 32 ბავშვი ცხოვრობს…
დაბომბეს, დაცხრილეს, გააუბედურეს კორპუსი და ახლა ეუბნებიან, რომ დიდი არაფერი მომხდარა და ტყუილად ნუღარ მოგვმართავთო. მინიმუმ, იმის ნახევარი აღარ ღირს იმ სადარბაზოში ბინა, რაც ღირდა. თქვენ იყიდით ბინას ჩატაევ და ტერორისტებგამოვლილ დაბომბილ სადარბაზოში? თავისთავად, _ არა! ჰოდა, ამ ადამიანებმა რა დააშავეს?
სახელმწიფოს უგუნურებას შეწირულები დარჩნენ, ესეც კალაძის დაპირებაა, რომ ყველას მიხედავდნენ. არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის. იქით გამოდგა კალაძე, ნეპოტიზმის ორი ფაქტი აღმოვაჩინე და ეს ხალხი დავსაჯოთო, _ სრულიად მოსახლეობას დასცინა! ორი ფაქტი? გავსებულია მერია და საბიუჯეტო ორგანიზაციები „ქოცების“ ნათესავებით! მერის მოადგილე ბენდელიანის მამა საკრებულოშია დასაქმებული, დეპუტატების ოჯახის წევრები _ ბაღების სააგენტოში და ა. შ.
მერმა გადახედოს მის მოადგილეებს, გამგებლებს, მთავრობის წევრებს და მათი ნათესავებით დაიწყოს ჯობია. ნეპოტიზმი კი არა, კრიმინალში ეჭვმიტანილი გამგებელი შემოგვაჩეჩეს. კაცზე 3 წელია სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ამათ გამგებლად დანიშნეს. დაველოდოთ გამოძიებასო. 3 წელია, პროკურატურა ედავება სისხლის სამართალს, ხაბეიშვილი კი არა.
თუმცა კრიმინალისადმი კალაძის მიდრეკილება და ქურდების მიმართ პატივისცემა ყველას მოეხსენება. ამიტომ, ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ კრიმინალური მენტალობა, ქურდები და ყაჩაღები კახის არ უკვირს.
ბოლოს და ბოლოს, ყველაზე დიდი ყაჩაღის, ბიძინა ივანიშვილის მოურავია. ჰოდა, ამ მისმა ბატონმა გადაწყვიტა, ბიუჯეტის ხარჯზე ქვესადგური აიშენოს და ბიტკოინები გამოიმუშაოს. ანუ რა ხდება: ეკონომიკის სამინისტრომ 1 მილიონი ლარი გამოყო იმისთვის, რომ ბიძინას სასტუმროს კომპლექსთან აშენდეს ქვესადგური, რომელიც იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რამდენიც ვარკეთილის დასახლებას ეყოფა და ეს ელექტროენერგია ბიძინას განკარგულებაში იქნება.
ისეთი ყაჩაღი და მავნებელია ეს მილიარდერი კაცი, რომ მისი ფულის დახარჯვაც არ უნდა საკუთარი სიმდიდრისთვის. ბიტკოინებს რომ გამოიმუშავებს, აბა, ქალაქის ბიუჯეტში რომ არ შეიტანს, ეს მის გარეშეც ვიცით. ჰოდა, ამ პატარა შპს-ში კარგად მოეწყვნენ ბატონიც და მისი მოურავებიც.
აუდიტმა 3 წლის მერე დაინახა და აღმოაჩინა ის, რასაც „მედიატორი“ 3 წლის წინათ ამბობდა. დენდროლოგიურ პარკში ნარმანიას დარგულ ხეებსა და იქ არსებულ კორუფციას ვგულისხმობ. 200 000 ხე დავრგე დენდროლოგიურშიო, _ თქვა ნარმანიამ, მაშინვე გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ მეათედიც არ იყო დარგული. რა ჩხირებიც ჩაარჭვეს (კი არ დარგეს), მაშინვე გამხმარი იყო. მსგავსი მავნებლობის გამო „ქოცების“ უმრავლესობას ვირის აბანო არ ასცდება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალში არსებული ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება.
თბილისის მერი კახა კალაძე ლადო გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მოისმინა და მიმდებარედ არსებული სარეაბილიტაციო შენობები დაათვალიერა. პროექტის თანახმად, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება.
კახა კალაძის თქმით: „გუდიაშვილის მოედნის მასშტაბური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი შეემატება.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ვაპირებთ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული ტურისტული ადგილი დედაქალაქში თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, სადაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი. აქ იქნება მიმზიდველი გარემო არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც. რასაც აქ ვუყურებთ, არის ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს აქვს და, შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ამ მიმართულებით“.
პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ისტორიულ ქვემო კალაში მდებარე არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას. სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.
რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც, რომელიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.

გიორგი მეფარიძე