ივანიშვილის მედია პოლიტიკა ანუ კანონი, რომელმაც კომერციული და რეგიონული ტელევიზიები გაქურდა

ავტოკრატიული მმართველობის ნიშნები ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება. ყველაზე კარგად ეს ნიშნები მედიაში ჩანს ხოლმე. სიტყვის თავისუფლების ხარისხი საუკეთესო ინდიკატორია იმისა, თუ როგორი მმართველობის სისტემაა ქვეყანაში. დემოკრატიულ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობა იმდენად ელემენტარული რამაა, რომ მსჯელობის საგანსაც არ წარმოადგენს. მედიის მიუკერძოებლობა და ხელშეუვალობა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც წმიდათა წმიდაა და თავისუფალი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ყოველივე ეს არ ვრცელდება ჩვენს ქვეყანაზე. საქართველოს არ ეღირსა მთავრობა, რომელსაც მედიის გაკონტროლების დაუოკებელი სურვილი არ აქვს. ყველა ხელისუფლება, პირველ რიგში, არსებული ტელევიზიების ჩაჯიბებას და თავისი ახალი ტელევიზიების შექმნას იწყებს. „ქართული ოცნების“ მესვეურებს რომ მოუსმინოთ, პირველი ხელისუფლება არის საქართველოში, რომელსაც საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია და სხვა ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა. სინამდვილეში კი ესაა პირველი ხელისუფლება, რომელმაც შექმნა ტელევიზია და მას პარტიის სახელი დაარქვა: GDS _ GEORGIAN DREAM STUDIOS, ანუ „ქართული ოცნების“ სტუდია“.
GDS-ს რომ თავი დავანებოთ, ასეთ უტიფარ ტყუილს ხმამაღლა, ტელეეთერის მეშვეობით გვეუბნებოდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადაიბარა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და, შესაბამისად, სარედაქციო პოლიტიკა. გახსოვთ, ალბათ, როგორ თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ საზმაუს ხელმძღვანელები თანამდებობიდან. გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ისე დატოვა თანამდებობა, თან ვადაზე ორი წლით ადრე, რომ კაციშვილს არ უთხრა, რატომ მიდიოდა. მოვიდა დილით სამსახურში, დაწერა განცხადება და აბა, კარგად იყავით, წავევედი მეო!!! არ მკითხოთ არაფერიო!!! ასეა საჭიროო!!! _ დაიბარა და გაქრა.
ყველა ჩვენს ხელისუფლებას ერთნარი სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს საზმაუზე და, საერთოდ, ყველაფერზე, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება. ყველას მიაჩნია, რომ რაც საბიუჯეტოა, მისი საკუთრებაა. რახან საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაუმტკიცოს ბიუჯეტი, ე. ი. ეს უწყება ხელისუფლებისაა. ოც წელიწადზე მეტი გავიდა და საზოგადოებრივ მაუწყებელს ისევ ისე უყურებენ, როგორც სახტელერადიო დეპარტამენტს. სწორედ ამიტომაა, რომ შინაარსობრივად ეს ტელევიზია დღემდე დიდად არ განსხვავდება იმდროინდელი სახტელერადიო დეპარტამენტისგან.
კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, საზმაუს ხელში ჩასაგდებად ხელისუფლებას, როგორც წესი, ფულის დახარჯვა არ უწევს ხოლმე. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ივანიშვილს თავისი ხელის ბიჭი, ვასილ მაღლაფერიძე დაენიშნა, რომელმაც როგორც დიდმა მედია რეფორმატორმა, ჯერ მთელი მაუწყებლის ერთი წლით გაჩერება დააანონსა, საბოლოოდ კი მეორე არხის დახურვით და პოლიტიკურად არასაიმედო თანამშრომლების სამსახურებიდან გამოყრით დაკმაყოფილდა. რაც მთავარია, საზმაუ, რომელსაც პირველად გაუჩნდა შანსი, რაღაცას დამსგავსებოდა, კვლავ სახელმწიფო ტელევიზიად დარჩა. „კარმუშკა“ კი ყოველწლიურად იზრდება და იზრდება: თუ შარშან მაუწყებლის ბიუჯეტი 43 მილიონი იყო, წელს ამ თანხამ 50 მილიონს გადააჭარბა.
თუმცა, როგორც იტყვიან, „არ გაძღა ამათი მუცელი“ და მაღლაფერიძემ პარლამენტს კანონპროექტით მიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის გაზრდა მოითხოვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე და შიდა პროდუქციის შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედების სფეროდან გატანა.
მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა, პრაქტიკულად, არ გააჩნია და ასეთი საერთაშორისო სტანდარტი იმიტომ არსებობს, რომ არხის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას რეკლამის შემკვეთებისგან საფრთხე არ დაემუქროს. მაგალითისთვის: რომელიმე სოლიდურმა კომპანიამ შეიძლება, მაუწყებლისგან სარეკლამო დრო იყიდოს და შემდეგ ეს დრო თავისი ინტერესის მიხედვით გამოიყენოს. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში მაუწყებლის მიუკერძოებლობა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. ამდენად, საზოგადოებრივ მაუწყებელს აფინანსებს ბიუჯეტი, ანუ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ამიტომაც ჰქვია მას საზოგადოებრივი.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად იზრდება (იმედია, მუდამ გაიზრდება), მაუწყებლის დაფინანსებაც სულ გაიზრდება, თან რამდენიმე მილიონით.
მიუხედავად ამისა, ვასილ მაღლაფერიძესა და მის ბოსებს ხელისუფლებაში მაინც არ ჰყოფნით ეს „კარმუშკა“ და გადაწყვიტეს, კომერციულ ტელევიზიებსაც ჩაუყონ ხელი ჯიბეში და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი იქიდანაც აწაპნონ. როგორ? როგორ და სრულიად „კანონიერად“. აქამდე ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე არსებული ფული კომერციულ ტელევიზიებსა და რეგიონულ მაუწყებლებზე ნაწილდებოდა. ეს მათ ძირითად საარსებო საშუალებას წარმოადგენდა. ამიერიდან ამ თანხაში მათ საზოგადოებრივი მაუწყებელიც ჩაეზიარება, რომელსაც, არ დაგავიწყდეთ, ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი ლარი ერიცხება იმისთვის, რომ, პრაქტიკულად, არაფერი აკეთოს.
ე. ი. თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე ვასიკო მაღლაფერიძესა და „ქართულ ოცნებას“ ყოველწლიურად ვუხდით ათეულობით მილიონ ლარს იმისთვის, რომ მათ ეს ფული ტელევიზიას კი არ მოახმარონ, არამედ აწი უკვე შესყიდვების კანონის გვერდის ავლით გაათეთრონ და გადაინაწილონ. ამას კიდევ დაემატება კომერციული არხების ჯიბიდან ამოღებული რამდენიმე მილიონი, რომელსაც მხოლოდ ის დატვირთვა კი არ აქვს, რომ „ოცნების“ ბოსები კიდევ უფრო გასუქდნენ, არამედ ისიც, რომ კომერციული არხები და რეგიონული მაუწყებლები კიდევ უფრო გაღარიბდნენ და კიდევ უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებული დოტაციაზე, ხოლო თუ ვინ აიღებს საკუთარ თავზე დონორობას, ძნელი მისახვედრი არ არის…
საზოგადოებრივი მაუწებლის შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა, უპირველეს ყოვლისა, თავად მედია საშუალებებში გამოიწვია მღელვარება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, კანონპროექტმა სწორედ მათი „პური არსობისა“ გაყო და მისი ნაწილი საზმაუს მიაკუთვნა; თუმცა ამ ბრძოლაშიც მედია საშუალებების ერთიანობა არ დაფიქსირებულა. საბოლოოდ, კანონპროექტი შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა ხელისუფლების კონტროლირებადი მედია საშუალებების ლუსტრირებისთვის.
თუ გახსოვთ ვინმეს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მებრძოლი „ტელეიმედის“ ხელმძღვანელობა ან მეპატრონები?! რა თქმა უნდა, არ გემახსოვრებათ, რადგან მათ ხმა არ ამოუღიათ. არადა, საზმაუსთვის მიცემული კომერციული რეკლამის უფლება „იმედის“ სარეკლამო შემოსავლებს გვარიანად შეამცირებს.
მაგრამ, როგორც ჩანს, და ეს, უპირველეს ყოვლისა, „იმედის“ ეთერსაც შესანიშნავად ეტყობა, ტელეკომპანიის მფლობელები ბიძინა ივანიშვილის დიდ ვალში არიან. იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი „იმედი“ გაეჩუმებინა, წინა ხელისუფლებას მისი შტურმით აღება მოუწია, ივანიშვილმა კი ეს ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ყიდვით მოახერხა. საინტერესოა, როგორ მოეწონებოდა ბადრი პატარკაციშვილს მის მიერ დაფუძნებული ტელევიზია, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში რომ ეხილა?!. ასევე ძალიან საინტერესოა, რა თანხად იყიდა ივანიშვილმა ტელევიზია, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა 300 მილიონად არ დაუთმო სააკაშვილს?!. ასევე საინტერესოა, როგორ მოუწონებდა პატარკაციშვილი თავის მეუღლესა და ბიზნესპარტნიორ ირაკლი რუხაძეს ოპოზიციისთვის ეთერის დაბლოკვას და ხელისუფლებისთვის „მახროვი“ პროპაგანდის კეთებას, მაშინ როცა ბადრის დროინდელი „იმედის“ ეთერი ოპოზიციისთვის ყოველთვის ღია იყო?!. რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობთ „ევროპული საქართველოსთვის“ შეუზღუდავად დათმობილ ეთერს და პირდაპირ ეთერში გადაცემულ პარტიის ყრილობას. ამ ფაქტმა საზოგადოებაში სრულიად ლოგიკური აღშფოთება გამოიწვია. ვერავინ გაიგო, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, რომლებიც ათი წლის წინათ „იმედის“ დარბევა-დანგრევას ხელმძღვანელობდნენ, დღეს რატომ არიან ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმ არხზე, რომლის ეთერი, ხელისუფლების გარდა, პრაქტიკულად, ყველასთვის დახშულია?!!
„იმედის“ ყოვლად უხერხემლო ხელმძღვანელობას შევეშვათ და იმათ ქმედებებს შევხედოთ, რომლებიც წლების განმავლობაში სამართლიანობისთვის ბრძოლის მედროშეები იყვნენ.
შემთხვევით, ვინმეს ხომ არ გახსოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტზე უარყოფითი პოზიცია დაეფიქსირებინოს „მაესტროს“ მფლობელ ლევან გაჩეჩილაძეს?.. არ დაუფიქსირებია და საიდან უნდა გახსოვდეთ?.. არადა, ეს კანონპროექტი „მაესტროსაც“ ამოუღებს ფულს ჯიბიდან… თუმცა ეს რა ფულია იმასთან შედარებით, რა საქმეც ძმებ „გრეჩიხებს“ ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა, როცა მთელი ტელევიზია ჩაუდო ჯიბეში. ეს ისეთი საქმეა, რომლის გამოც ლევან გაჩეჩილაძეს კიდევ დიდხანს ექნება „გრიგოლიჩის“ ვალი, თუმცა ამათი ურთიერთ ვალდებულებები და რევერანსები ვის ადარდებს, როცა საზოგადოებამ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საინტერესო არხი დაკარგა „მაესტროს“ სახით.
ტელევიზია, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ ყველა წინაპირობა ჰქონდა, მინიმუმ, მეორე ყოფილიყო ყურებადობით, ისე დაანგრიეს და გამოშიგნეს, პულსი აღარ ესინჯება. გახსოვთ, ალბათ, როგორი რიხით იბრძოდნენ ძმები „გრეჩიხები“ „მაესტროს“ ხელში ჩასაგდებად. მათი ბრძოლის მთავარი ბერკეტიც ფული იყო, ოღონდ არა თავისი, ივანიშვილის ფული, რასაც, სიმართლე უნდა ითქვას, გაჩეჩილაძეები არც მალავდნენ. მაკა ასათიანისთვის და კოტე გოგელიასთვის „მაესტროს“ წართმევას „გრეჩიხები“ იმით ამართლებდნენ, რომ ტელევიზიის მესამე ადგილი არ აკმაყოფილებდათ და ირწმუნებოდნენ, რომ მათ ხელში „მაესტრო“ ლიდერი გახდებოდა ქართულ მედია ბაზარზე. გაგახსენებთ ლევან გაჩეჩილაძის ფრაზას, რომელსაც ის ტელევიზიასთან დაკავშირებული ბატალიების დროს ყოველდღე იმეორებდა: „ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები „რუსთავი 2“-დან „მაესტროზე“. „რუსთავი 2“-ის რეიტინგს უნდა ვაჯობო“, _ ხომ ვერ მეტყვით ვინმე, სადაა „მაესტროზე“ გადმორთული ქართველი მაყურებელი?.. აი, „მაესტროდან“ გადართულს კი ბევრს იპოვით.
უყურებ დღევანდელ „მაესტროს“ და ხვდები, რომ ამ ტელევიზიის რეიტინგი კი არ ადარდებდათ „გრეჩიხებს“, არამედ მთავარი იყო არხის ხელში ჩაგდება, რომ მისი საინფორმაციო პოლიტიკა, შემთხვევით, ოპოზიციური ელფერის არ გამხდარიყო. რა რეიტინგი? რის რეიტინგი? ამხელა ტელევიზია მიწასთან გაასწორეს! _ გადაცემები დახურეს ისე, რომ არაფერი სანაცვლოდ არ გააკეთეს. შენობა, რომელსაც წლები არემონტებდნენ, „მაესტროს“ წაართვეს და არხის მთელი კოლექტივი „ტელეიმედის“ ერთ პატარა ოთახში შეკუჭეს, ყველაზე პატარა სტუდია მიუგდეს და ისიც არ უთხრეს, რა კონცეფციით უნდა იმუშაონ. მოკლედ, ყველაზე მზარდი რეიტინგისა და პერპექტივის მქონე არხი, რომელსაც შანსი ჰქონდა, თავისი მიუკერძოებლობით მედია ლიდერი გამხდარიყო, ძმებმა „გრეჩიხებმა“, ბიძინა ივანიშვილის ფულით, ჯერ დაითრიეს და შემდეგ „ჯიგრულად“ გაანადგურეს.
გასულ კვირას კიდევ ორი ტელევიზია აყვირდა, _ არიქა, გვიშველეთ, ხელისუფლებას ჩვენი განადგურება და ხელში ჩაგდება სურსო! პირველმა განგაშის ზარს „ტვ პირველმა“ შემოჰკრა. ცნობისთვის: მთელი მედია და არა მხოლოდ მედია საზოგადოება „ტვ პირველის“ საპროტესტო განცხადებას გასული კვირის ორშაბათს ელოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, ერთად შეკრებილი მთელი კოლექტივის ფონზე, ტელევიზიის მფლობელი ვატო წერეთელი განცხადებას გააკეთებდა, სადაც იგი უტყუარ ფაქტებს წარმოადგენდა იმის დასადასტურებლად, რომ მის ტელევიზიას ხელისუფლება ებრძვის და გადაყლაპვას უპირებს. თუმცა, როგორც ვნახეთ, გეგმები შეიცვალა და განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ, მფლობელის ნაცვლად, გადაცემის წამყვანებმა გააკეთეს მედიისა და არასამთავრობოების ერთობლივ შეხვედრაზე. ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ტელევიზია საფრთხეშია, ბუნებრივად მოყვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნება ეს შიშები?..
ჯერჯერობით, „ტვ პირველისაგან“ ამ ეტაპზე რაც გავიგეთ, არის ის, რომ მათ ჩაყლაპვას ქუმსიშვილი და ჯეჯელავა ცდილობდნენ. იმედია, უახლოეს მომავალში გაცილებით მეტს შევიტყობთ, რაც საზოგადოებას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გადარჩენის ჟინს კიდევ უფრო გაუღვივებს, თორემ, ჯერჯერობით, იმ ტელეკომპანიის მიუკერძოებლობა, რომელმაც, პრაქტიკულად, წინასაარჩევნოდ კახი კალაძის პრესცენტრის ფუნქცია შეასრულა, ბევრს ნაკლებად სჯერა.
ცოტა არ იყოს, არასერიოზულად გამოიყურება ქუმსიშვილის მთავარი ფიგურანტობაც. ჯეჯელავაზე ხომ აღარცაა საუბარი. ასეთ ქვედა დონეებზე მფლობელებისთვის ტელევიზიების წართმევა არ ხდება. ქუმსიშვილი შეიძლება ვინმეს ხელში ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ, რატომღაც, „ტვ პირველი“ უფრო მაღალი იერარქების სახელებსა და გვარებს არ ასახელებს. ამ ქვეყანაში ყველას ესმის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, ავა თუ არა ბიძინას დონემდე „ტვ პირველის“ პრეტენზიები, თუ მთავარ ტელეყლაპიად კვლავ მთავრობიდან პანღურით გაგდებულ კომიკურ ჯეჯელავას შემოგვთავაზებენ?
გასული კვირის ბოლოს შველა ითხოვა ტელეკომპანია „იბერიამაც“, თუმცა აქ ვითარება კიდევ უფრო საინტერესოა: „იბერიის“ შემთხვევაში ირკვევა, რომ პრობლემა არა უშუალოდ ტელევიზიას, არამედ მის მფლობელ „ომეგა ჯგუფს“ შეექმნა, რომელსაც, თავის მხრივ, პრობლემა აქვს British American Tobacco-სთან, რომელმაც, „ომეგას“ თქმით, მას 100 მილიონი უნდა აუნაზღაუროს, სააპელაციო სასამართლომ კი თავისი გადაწყვეტილებით „ომეგას“ ეს თანხა დააკარგვინა. რა ქნან ახლა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა და მისმა პარლამენტარმა მეუღლემ?.. იძახონ, სიგარეტის ბიზნესიდან 100 მილიონი ვიზარალეთო, გული არავის აუჩუყდება!!! ამიტომ ამბობენ, 100 მილიონს თუ არ დააკისრებთ British American Tobacco-ს, „იბერიას“ დავხურავთო. თუმცა, ყველაფერთან ერთად, აქაც ისმის კითხვა, _ რატომ უნდა ებრძოდეს ხელისუფლება ტელეკომპანიას, რომელიც ისედაც ხელისუფლების პოლიტიკას ატარებს?!.
საინტერესო დამთხვევაა, _ ორივე ამ ტელეკომპანიის უკან თამბაქოს ბიზნესი დგას. „ტვ პირველსაც“ ეს სახელწოდება ხომ სიგარეტი „პირველისგან“ ერგო, რომლის დაბრუნებასაც ჭუტა წერეთელი, სწორედ, ტელეკომპანიის მეშვეობით ცდილობს.
მოაგვარებენ თუ არა ეს ტელევიზიები თავიანთ ბიზნესპრობლემებს, თუ დაგვარწმუნებენ, რომ მათ მართლა ებრძვიან, ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუმცა ეს ვერანაირად შეცვლის იმ უკვე ძალიან მძიმე ვითარებას, რომელიც ქართულ მედია ბაზარზეა შექმნილი.
ყველა ტელევიზიის მისაკუთრება ბიძინა ივანიშვილს არ მოუტანს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება. თუ თვითონ ვერ ხვდება, შეუძლია წინა ხელისუფლების შეცდომებს გადახედოს: როდესაც 2008 წლის მარტიდან საქართველოში მოქმედი, ნაციონალურ დონეზე მაუწყებელი ყველა ტელეკომპანია ერთ ხელში აღმოჩნდა, საზოგადოებაში საპროტესტო განწყობამ კი არ იკლო, პირიქით იმატა. თუ მანამდე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „ტელეიმედი“ მაყურებელს ხელისუფლებისგან განსხვავებულ და, ხშირად, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აწვდიდა, ეს ათუხთუხებული ქვაბიდან ორთქლის გამოშვებას უწყობდა ხელს და საზოგადოებას არჩევანი ჰქონდა. ის არ იყო მხოლოდ სახელისუფლებო პოზიციით ზომბირებული. მას შეეძლო ენახა და მოესმინა ის, რაც ხელისუფლებას არ მოსწონდა და ოპოზიციურ ხედვას წარმოადგენდა. მაგრამ როგორც კი განსხვავებული აზრის გავრცელების არეალი დაიხშო, საინფორმაციო ვაკუუმი გაჩნდა, ორთქლი ვეღარ გამოვიდა და ქვაბის გასკდომა გარდაუვალი გახდა, ადუღებული ემოციები კი ქუჩაში გადმოიღვარა.
ვირი რომ ვირია, ისიც კი აღარ გაივლის იმ ადგილას, სადაც ერთხელ უკვე ტალახში ჩავარდა… მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ვირზე ბევრად ნაკლები ჭკუა აქვს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ „ოცნება“ ზუსტად იმ ტალახისკენ იქაჩება, სადაც „ნაცები“ უკვე ჩავარდნენ. ტრადიციულად, ასეთი „ტალახი“ დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა და მისი „დათრევის“ დაუოკებელი სურვილია.
„ტელევიზიების კონტროლი ხელისუფლებაში დიდი ხნით ყოფნის საწინდარია“, _ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ასე ფიქრობს ყველა ხელისუფლება და ბოლოს ყველა სწორედ აქ იმტვრევს კისერს.

დემნა ვეშაპიძე