საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი ერთი საფეხურით აიწია

რამდნიმე დღის წინათ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნომ 2017 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ გამოაქვეყნა. ნიშანდობლივია, რომ კვლევაში საქართველოს 56 ქულა მიენიჭა და იგი 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში.

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა _ ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.
წლევანდელი შედეგების მიხედვით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში გაუარესდა წინა წელთან შედარებით, ანუ კორუფციის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ამბობენ, რომ (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ბოლო წლების მანძილზე კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის უცვლელობა (2017 წელს კი გაუარესება) მიანიშნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული გარკვეული პროგრესის შემდეგ ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ძალისხმევა ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ შემდეგს წერს:
„საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული გამოწვევები, ძირითადად, მმართველობის მაღალ დონეზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ეფექტიანი სისტემის არარსებობის შედეგია. ამ მხრივ, აღსანიშნავია პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლთან დაკავშირებული გამოწვევები, სასამართლო ხელისუფლების არაეფექტიანობა და სამართალდამცველი/საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ამავდროულად, მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე უკანასკნელ წლებში პასუხგაუცემელი კითხვები მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლების მზადყოფნას ეჭვქვეშ აყენებს.
აღსანიშნავია, ასევე, დამოუკიდებელი სააგენტოების (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შესყიდვების სააგენტო და სხვ.) როლის გაძლიერების საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიმართულებით გადაიდგა, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მსგავსად სხვა ისეთი სამსახურების ეფექტიანობაც გაიზარდოს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვისა და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს ახორციელებენ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები. გაუმართავი კანონმდებლობა, არაჯეროვანი გავლენა სისტემის შიგნიდან თუ გარედან, სისტემის ჩაკეტილობა, ანგარიშვალდებულების არარსებობა და არაეფექტიანი მენეჯმენტი სასამართლოს სისტემაში პირდაპირ საფრთხეებს წარმოქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით და მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს“.

სწორედ ამ არსებული გამოწვევებისთვის გასამკლავებლად ორგანიზაციაში შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს:

„არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესის გასაგრძელებლად აუცილებლად მიგვაჩნია:
• სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტიანი გამიჯვნა;
• აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერება;
• სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცველი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
• დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის ყველა ფორმის (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაული) პრევენციისა და გამოძიებისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი;
• დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება;
• თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირება;
• საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ.: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და მათ საქმიანობაზე არაჯეროვანი პოლიტიკური თუ კომერციული გავლენის გამორიცხვა; ასევე დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება;
• ანტიკორუფციულ ძალისხმევაში კერძო სექტორის ეფექტიანი ჩართვა“, _ წერია ორგანიზაციის გვერდზე.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი, ანალიტიკოსი _ ლაშა სენაშვილი:
_ ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა ბერლინის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ავტორიტეტულ კვლევას და მათ შედეგებს ეყრდნობა. სწორედ აქედან „გამოჰყავთ“ ის ქულა, რასაც ყოველ წელს ვიღებთ. არაფერი ისეთი საგანგაშო არ არის ამ ქულაში, რადგან 1-2-ქულიანი გაუარესება ან ადგილის ცვლილება შეიძლება იმანაც გამოიწვიოს, რომ სხვა ქვეყნებში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს. შესაბამისად, ამ რანჟირებითაც (გარკვეული ნიშნით რისამე დაწყობა, _ რედ.) შეიძლება, რომ საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალოს, რაც, თავის მხრივ, ქულის ცვლილებას, მის გაუარესებას არ უკავშირდება.
ზოგადად კი, როგორც აღვნიშნე, ეს 1-ქულიანი გაუარესება არ არის კატასტროფული, რომ მასშტაბურ რაღაცაზე მიგვითითებდეს, უბრალოდ, ბოლო წლებში ამ მონაცემების ზრდის ტენდენცია გვქონდა და ახლა 1-ქულიანი კლება გვაქვს. იგი რაიმე განსაკუთრებულის ინდიკატორი არ არის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ყველ ნორმალურ ქვეყანაში, ისე ჩვენთანაც, ხელისუფლების მხრიდან კორუფია ყოველდღიურ რეჟიმშიც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ადეკვატური ზომების საჭიროებას მოითხოვს. ეს არის და ეს.
ეს არ გახლავთ სექტორული კვლევა, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვით, რა ნაწილშია გაზრდილი კორუფცია. სიღრმეებსა და უწყებებში შესვლა გაგვიჭირდება, თუმცა ფაქტი ის მონაცემებია, რაც გამოქვეყნდა.

გიორგი ბაჯელიძე _ მოძრაობა „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი:
_ თუ საქართველოში კორუფციის ინდექსი გაზრდილია და აშკარად ვხედავთ, რომ ეს ასეა, უცხოელი ინვესტორი, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს შემოსვლისა და აქ ფულის დაბანდებისგან.
მეორე, რაც უფრო მაღალია ინდექსი, ქვეყნის მიმართ ნდობა იკლებს. ეს მოქმედებს მსოფლიო ბანკის ან სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილ კრედიტებზე, გრანტებსა და ყველა იმ დახმარებაზე, რომელიც შეიძლება ცივილიზებული სამყაროსგან მივიღოთ. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ „გვაწყობს“, რომ აღნიშნული ინდექსი მაღლა და მაღლა მიდიოდეს.
2 და 3 წლის წინათ, როდესაც კორუფციაზე დავიწყე ლაპარაკი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დასკვნას დებდა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის(!)!!! როცა რაღაც მივუთითე, შემეკამათნენ კიდევაც, რომ ყველაფერი კარგადაა. მე ვამბობ, ვთქვი და ახლაც ვიტყვი, _ არის პრობლემები, რომლებსაც სისტემური ცვლილებები სჭიდება, ხოლო ეს ცვლილებები არ განხორციელდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება არ იქნება, ანუ მმართველმა პარტიამ კეთილი უნდა ინებოს და ის დაშვებული შეცდომები, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, აღარ გაიმეოროს. რეალურად, სისტემურად არაფერი შეცვლილა, როგორი ელიტური კორუფციაც იყო, ისევ ის დარჩა. ეს არის პრობლემა.
ყველა მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ყველამ იცის, რომ არიან ადამიანები, პროფესიონალები, რომელთაც შეუძლიათ სისტემური ცვლილების გატარება, თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. მგონია, რომ წელს, როცა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მონაცემები გამოქვეყნდება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, 2017 წელზე უფრო კარგი შედეგები დაიდება, შემცირდება სახელმწიფო შეყიდვებში კორუფციული ნიშნები, ვიდრე ეს 2016 წელს იყო.
იმას, ვისაც შეუძლია და თანხები, საერთაშორისო გრანტები აქვს, მან უკეთ უნდა შეისწავლოს ქვეყანაში არსებული ვითარება.
რამდენიმე თვის წინათ პარიზში ანტიკორუფციულ სამიტზე ვიყავი (OECD), სადაც 22 რეკომენდაცია გაიცა. ჩემი რეკომენდაციებიც ზუსტად ემთხვევა მათ. ამ ყველაფერზე კი დაწვრილებით აუცილებლად მოვუყვები თქვენს მკითხველს.

გიორგი ჩახაია _ ფინანსისტი:
_ ცნობილმა არასამთავრობოებმა საკმაოდ კვალიფიციური კვლევები ჩაატარეს და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. არა მგონია, ვინმეს პირადი მერკანტილური მიზეზები ჰქონდეს, თუნდაც, მთავრობის მიმართ და ამის მიხედვით ადგენდეს ანგარიშს.
ამ კვლევაში საქართველო 56 ქულით 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. აღნიშნული მონაცემებით, სადღაც, შუაში მოვექეცით, ანუ საშუალო დონის ქვეყანა ვართ. 2013 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წელი იყო, ეგრევე 3 ქულით გაუარესდა კორუფციის მაჩვენებელი და 52-დან 49 ქულამდე ჩამოვიდა. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში რაღაც მოხდა, საკმაოდ გაუარესდა მდგომარეობა პირველივე წელიწადს.
დღეს უკვე, დაახლოებით, შუაში ვართ. ამ კვლევაში მსოფლიო მასშტაბით ხვდებიან ქვეყნები. ზოგთან შედარებით ჩვენ ნაკლებად კორუმპირებულად ვითვლებით, ანუ თუ საზომად ავიღებთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც კორუფციის ჭაობში არიან, ცხადია, მათთან შედარებით კარგ მდომარეობაში ვართ, თუმცა თუ დასავლურ და განვითარებულ ქვეყნებს ავიღებთ, ან, თუნდაც, ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს (ბაჰამის კუნძულები, ჩილე), ისინი ჩვენზე მოწინავე რიგებში დგანან. ვიღაც იტყვის, არა გვიშავს, შუაში ვართო, მაგრამ რატომ არ უნდა ვიყოთ, ვთქვათ, ურუგვაისთან, ჩილესთან მიახლოებული ქვეყანა, ანდაც ბოტსვანასთან (აფრიკის ქვეყანა) მიახლოებული, რომელიც 34-ე ადგილზეა და გვისწრებს ამ მონაცემებით? მასთან შედარებით 12 საფეხურით უკან ვართ რეიტინგში. იგივე ბუტანი (კვლავ აფრიკის ქვყანა) 26-ე ადგილზეა, 20 საფეხურით ქვემოთ ვართ(!).
ამ შემთხვევაში 1 საფეხური, რეალურად, არაფრის მიმანიშნებელია, მაგრამ მე ზოგად სურათს ვახასიათებ, 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე რომ ვართ და სხვას ვჯობივართ, იმას არ ნიშნავს, რომ კორუფცია არ გვაქვს.
რადგან კვლევის გამომქვეყნებელ ასეთ მაღალკვალიფიციურ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი ასეთი უნდა იყოს, მეც ვეთანხმები. პირადი მოკვლევის საფუძველზე ბევრი ასეთი კორუფციული ფაქტი აღმომიჩენია. ხშირად გაგვიგია და იყო შემთხვევები, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ვთქვათ, მერიაში არის კორუფციის ნიშნები. მერიის წარმომადგენლები ამბობდნენ, გვაბრალებენო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ისინი თავად იწყებდნენ მოკვლევას და დამნაშავეც პასუხისგებაში მიეცემოდა.
მგონია, რომ ელიტური კორუფციის გადასაფარავად (რომელიც უფრო ჭამს ქვეყანას, ვიდრე დაბალ დონეზე არსებული კორუფცია), დაბალი ეშელონების საჯარო მოსამსახურეების პასუხისგების საკითხს აყენებენ, არადა, თანხობრივად, ელიტური კორუფციის დროს მოცულობა უფრო დიდია, ვიდრე დაბალ დონეზე.
წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო ელიტური კორუფცია, ახლა კი უფრო გაიშალა საშუალო და დაბალ დონეზე. წინა ხელისუფლებაში თუ ელიტურში იგეგმებოდა კორუფცია და ვრცელდებოდა, ახლა უკვე რაც მინახავს, გამიგია ან გამომიკვლევია, საშუალო დონეზე, გამგებლის, მერიის სამსახურის უფროსების დონეზე და უფრო დაბალზეც, სოფლის რწმუნებულის დონეზეც ჩამოვიდა.

ზოგადად, კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 25-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
2017 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია ახალ ზელანდიასა და დანიაში (89 და 88 ქულა ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი _ სომალიში (9 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა) და სირიაში (14 ქულა).

2017 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა; მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი; „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი; „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა; პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

ნინო ტაბაღუა