რუსული ორგანიზაციები საქართველოში და რუსული სამხედრო რეორგანიზაცია სამხრეთის სამხედრო ოლქში

ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ რუსული ეთნოსის წარმომადგენლებს აერთიანებენ, პოლიტიკურად გააქტიურდნენ. როგორც მათი აქტივობიდან ჩანს, უახლოეს პერიოდში საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოსვლები გამორიცხული არ არის.

პარალელურად, გააქტიურდა რუსული სამხედრო მანქანაც. ამის მიზეზი ბოლო დროს აშშ-სა და ნატოს ბლოკის აქტიურობაა. წინა ნომერში ვწერდით, რომ სირიაში რუსეთის მიერ დაქირავებულმა „ბოევიკებმა“ სასტიკი მარცხი იწვნიეს: ამერიკული სამხედრო ავიაციის დარტყმებს იქ ასეულობით რუსი სამხედრო პირი ემსხვერპლა. მართალია, ისინი ოფიციალურად არ წარმოადგენდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს: ამ ლოგიკით, ყირიმის ოკუპაცია სულაც ამოუცნობი სამხედრო ნიშნების მქონე პირებმა განახორციელეს, რომლებსაც „მწვანე კაცუნები“ შეარქვეს…
ჩვენი დღევანდელი სტატიაც „მწვანე კაცუნებზეა“ _ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო „მწვანე კაცუნებზე“, რომლებიც, სინამდვილეში, სინქრონულად მოქმედებენ და ერთმანეთთან უხილავი ქსელით არიან დაკავშირებული.
თავდაპირველად, სამოქალაქო „მწვანე კაცუნებით“ დავიწყოთ:
საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ასეთ, პრორუსულ ორგანიზაციას „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირი“ (Союз русской молодёжи Грузии) „ფეისბუქზე“ გვერდი აქვს გახსნილი და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აქტიურობს. გვერდი მოსწონს 1000-ზე მეტ მომხმარებელს, ხოლო ინფორმაციის განყოფილებაში, სადაც ორგანიზაცია თავის მისიასა და ხელმძღვანელობას ასახელებს, კავშირის თავმჯდომარედ ალექსანდრე ბეჟენცევი, მოადგილედ კი ალექსანდრე მირიმანოვი არიან მითითებული.
ბოლო აქტივობაში გვერდზე აღნიშნულია, რომ კავშირმა საპროტესტო წერილით მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო მეორე უცხო ენის სწავლების გაუქმების შემდეგ 6 ათასამდე რუსულის მასწავლებელს სამსახურიდან წასვლა მოუწევდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების სამინისტროდან მოვიდა პასუხი, რომ მეორე უცხო ენის სავალდებულოდ შესწავლის პრაქტიკა საჯარო სკოლებში არ გაუქმებულა და მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლაში ერთი სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია, რომელსაც მოსწავლეები პირველი კლასიდანვე სწავლობენ. მეხუთეკლასელებს უკვე თავად ეძლევათ არჩევანი, კიდევ დამატებით შეთავაზებული ორი უცხო ენიდან ერთს მიანიჭონ უპირატესობა, რომელსაც ასევე, სავალდებულო წესით ისწავლიან.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საჯარო სკოლებში დღესდღეობით 6 ათასზე მეტი რუსული ენის, ხოლო ათასამდე _ ფრანგულისა და გერმანულის მასწავლებელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ სკოლების უმრავლესობაში მეორე ერთ-ერთ უცხო ენად რუსულს სთავაზობენ, ხოლო მოსწავლეები სწორედ რუსულს ირჩევენ.
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედ რუსეთის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს შორისაა „საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაცია“, რომლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ამ ორგანიზაციაში შემავალი სხვადასხვა გაერთიანების სია, რომლებიც საქართველოს დედაქალაქის გარდა სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, გორში, სენაკსა და ფოთში მოქმედებენ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციაში, შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით (2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია) გაიმართა მესამე კონფერენცია, სადაც ახალი პრეზიდიუმი აირჩიეს და ორგანიზაციაში ახალი გაერთიანებები გააწევრიანეს.
ორგანიზაციაში, მაგალითად, შედიან:
რუს თანამემამულეთა კავშირი სენაკში, ქართულ-რუსული ურთიერთკავშირის ასოციაცია აჭარაში, მრავალეროვანი საქართველოს კაზაკთა საზოგადოების საქველმოქმედო სოციალურ-ეკონომიკური საერთაშორისო ცენტრი, საქართველოში რუს თანამემულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი, საქართველოში რუსი ქალების ცენტრი „იაროსლავნა“, რუსულენოვანი კულტურის ცენტრი „ჟემჩუჟინა“ მარნეულში, საქართველოს სლავ ხალხთა ნაციონალური კონგრესი, აჭარაში რუს თანამემამულეთა კავშირი, რუსულენოვან მოქალაქეთა კავშირი „სპექტრი“ გორში, საქართველოს კაზაკთა გაერთიანება, რუსული საზოგადოება „როდნიკი“ რუსთავში, ფოთში მცხოვრებ რუს თანამემამულეთა საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი „რუს“, ჟიული შარტავას სახელობის რუს თანამოქალაქეთა სოციალურ-კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი რუსთავში, საერთაშორისო ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ცენტრი „ნადეჟდა“ თბილისში, საერთაშორისო კავშირი _ რუსული ერთობა „სოოტეჩესტვენნიკი“ ქუთაისში და სხვ. სულ სიაში 21 ორგანიზაციაა.
ახლა კი, რაც შეეხება რუსული სამხედრო მანქანის აქტიურობას: ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სამხრეთ სამხედრო ოლქში 58-ე არმიის რეორგანიზაციას იწყებს. შეგახსენებთ: ეს ის არმიაა, რომლის მასშტაბური წვრთნა რუსეთმა სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ დაიწყო, საქართველოს საზღვართან მოუყარა თავი, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში გადმოისროლა.
რუსები 58-ე არმიას სამხრეთის „მთავარ დამრტყმელ ძალას“ უწოდებენ და ეს ასეცაა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გადაიარღების დაწყებით რუსეთი, ერთი მხრივ, ნატოს გაფართოებას პასუხობს, მეორე მხრივ კი საქართველოს უღერებს მუშტს, როგორც ნატოს სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში.
უფრო კონკრეტულად, რა ცვლილებები და რა სახის გადაიარაღება იგეგმება 58-ე არმიაში, თავად რუსები წერენ. კონკრეტულად, მოსალოდნელია ორი ახალი მოტომსროლელი დივიზიის ფორმირება. დივიზიის მებრძოლები მიიღებენ БМП-3-ებსა და სრულიად ახალ ტანკებს Т-72Б3-ს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება მოზდოკსა და ვლადიკავკაზში სამხედრო ქალაქების განკონსერვების თაობაზე. ასევე, გადაწყვეტილია, რომ ახალი სამხედრო ქალაქები აშენდება, ხოლო 58-ე არმიის ნაწილი სტავროპოლის, ნაწილი კი კრასნოდარის მხარეში გაიგზავნება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამატებს, რომ 58-ე არმიის შემადგენლობაში ახალი დივიზიები მე-19 და 136-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადების ბაზაზე ჩამოყალიბდება, მათ კი ბატალიონები და პოლკები დაემატება.
საბოლოო ჯამში, რეორგანიზაციის შედეგად ფორმირებული დივიზიები მიიღებენ უახლესი სერიის БМП-3-ს (ქვეითთა საბრძოლო მანქანა), ხოლო ტანკისტები _ ბოლო მოდიფიკაციის Т-72Б3-ს. ეს მოდელები წინასგან უფრო მძლავრი ჯავშნითა და უფრო მძლავრი _ 1120-ცხენისძალიანი ძრავით გამოირჩევა.
58-ე არმიის რეორგანიზაციის დაწყება უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

ლაშა ბერულავა