„სისტემური ცვლილებები და ოლიგარქიული რეჟიმის დაშლა ჩემი ფიცის დადებიდანვე დაიწყება!“

რამდენიმე კვირაა, რაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, შეხვედრებს მართავს უცხოელ პარტნიორებთან აშშ-სა და ევროპაში. იგი ჯერ ვაშინგტონში, შემდეგ კი ეუთოს ფარგლებში ევროპაში იმყოფებოდა. იგი ვენაში ჰოფბურგის სასახლეში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, საგანგებო ელჩ ანდრიას ნოტჰელმსაც შეხვდა. როგორც ნათელაშვილი ამბობს, შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმის დროულად დამთავრების საკითხს ეხებოდა და დიდ მადლობას უხდის დახმარებისთვის როგორც ამერიკელ, ისე ევროპელ მოკავშირეებს.

ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ვიზიტების შედეგებსა და მომავალ გეგმებზე „ქრონიკა+“-ს შალვა ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო შალვა, რა იყო აშშ-სა და ევროპაში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა და რა შედეგები მოიტანა ამან?
_ მთლიანობაში, ვიზიტები ემსახურებოდა ივანიშვილის რეჟიმის დროულად დამთავრების საქმეს, მისთვის ყველანაირი მხარდაჭერის მოსპობას უცხოეთში. ეს, ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით, შესანიშნავად განვახორციელეთ, თან იმ დონეზე, რომ ივანიშვილმა უკვე დაიწყო ამერიკიდან ქონების გადმომალვა საფრანგეთში, რომლის მოქალაქეობაც, თავის დროზე, სიყალბით იყიდა, დღეს კი საფრანგეთის ბიუჯეტს სიმდიდრის გადასახადს ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარული მილიარდებით უხდის.
ახლა ჩვენ საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებთან ვიწყებთ მოლაპარაკებას, რომ პასუხი მოვითხოვოთ იმაზე, რაც მან ფრანგი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. თუ საფრანგეთი და ევროპა არ მოსთხოვს ამის პასუხს, მაშინ ემიგრანტების გაქცევა ევროპაში გაგრძელდება. აქვე აღვნიშნავ, ამერიკელ მეგობრებს დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის! _ ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო სანქციების საფრთხე აშშ-დან, ვინაიდან კონგრესში მის მიმართ სანქციების კანონპროექტია დარეგისტრირებული. იგი კონგრესმენმა რასელმა დაარეგისტრირა, მას კი ბევრი ჩვენი იქაური მეგობარი უჭერს მხარს. ივანიშვილს უნდოდა, რომ საერთო ენა გამოენახა ამერიკელებთან, მაგრამ არ გამოუვიდა და არც გამოუვიდოდა, რადგან აშშ სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონის უზენაესობას ყველა იცავს! სწორედ ამიტომ დაიწყო ქონების წამოღება და საფრანგეთში გადამალვა.
ამავდროულად, რამდნიმე დღის წინანდელ ვიზიტზე ეუთოსთან საარჩევნო რეფორმის საკითხები დავაყენე, ვინაიდან ამ საარჩევნო კანონით ყოველთვის ამაზრზენი მაჯლაჯუნები გვისხდებიან ხელისუფლებაში. თუ საარჩევნო კანონი არ შეიცვალა და მოქალაქეების არჩევნებზე გამოცხადება სავალდებულო არ გახდა ისე, როგორც არის თურქეთში, ბელგიაში, ავსტრალიაში, ზელანდიაში, არგენტინასა და ა. შ., არჩევნებზე ყოველთვის მივლენ მოსყიდული, 15-ლარიანი ამომრჩევლები, საბიუჯეტო მუშაკები და ყოველთვის აირჩევენ ახალ-ახალ დამაქცეველს. ამიტომ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ისე, როოგორც ქვეყანას შეეფერება! მაგალითისთვის: სასამართლოში მოწმედ რომ ალიმენტის ან გაუპატიურების საქმეზე დაგიძახონ (თუ არის ასეთი მოწმე) და არ გამოცხადდე, ამაზე სასჯელია! და როცა ქვეყნის ბედის საკითზე არ მიდიხარ, შემდეგ წუწუნებ, „ეს რა დამემართა, ვინ მოვიდა ხელისუფლებაშიო?!“ _ ეს შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს? შენს მოქალაქეობრივ, მშობლიურ მოვალეობას რომ არ იხდი როგორც ნაწილი, პატრიოტი, ამომრჩეველი და შენს ხმას უთმობ ავანტიურისტებს, 15-ლარიანებს, ამ დროს კი თავი მოგაქვს, რომ პირველი პრეზიდენტის მომხრე ხარ და მაგიტომ არ მიდიხარ არჩევნებზე, ეს დაგიბარა მან, არ მიხვიდე არჩევნებზე და ბანდიტებს დაუტოვე ხელისუფლებაო? არ დაუბარებია ზვიადს ეს! ზვიადმა დაიბარა ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა!
_ რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხს, თქვენ როგორ უყურებთ მას?
_ მე ამაზე ჩემი აზრი მაქვს. რა თქმა უნდა, ხეების გადატანა-გადმოტანა სრული მარაზმია, ცხადია, მაგრამ ეს არის შეგნებულად გათვლილი პიარი ივანიშვილის დამხმარე პოლიტტექნელოგებისა, რომელთაც ასეულობით მილიონს უხდის. ჯერ კიდევ მოსკოვიდან ჰყავდა დაქირავებული ის პირი და ფედერალური სადაზვერვო სამსახურის სახურავქვეშ მყოფი კომპანიები. ხეების ამბავი კი სპეციალურად დაუმუშავეს, რომ როცა მილიონს მოგპარავს, ყურადღება გადავიდეს ხის ამოთხრაზე. მთავარი საქმის გადასაფარად უნდა, რა თქმა უნდა, თორემ განადგურდა ქვეყანა, დაიცალა, ხელიდან გვეცლება ხალხი, სოფლები გაშიშვლდა, კრიზისი, სიძვირე, ლარის გაუფასურება, ინფლაცია, გადასახადების მომატება, არჩევნების გაყალბება, მილიონებისა და მილიარდების მითვისება, ამ ყველაფერს კი 1 ხის გადატანა ფარავს! მარაზმია, მაგრამ ხეების გამოთხრა ურჩიეს საქმის წარმატებით შესანიღბად და ამას აკეთებს კიდევაც შეგნებულად.
_ სექტორულ და ინსტიტუციურ პრობლემებზე რას იტყვით, რომელ სექტორში ხედავთ ყველაზე დიდ პრობლემას?
_ საერთოდ, ამ ქვეყანას საქართველო კი არა, საპრობლემო უნდა ერქვას! _ ყველგან პრობლემაა, ყველგან ავთვისებიანი სიმსივნის მე-4 სტადიის მეტასტაზაა გასული. ივანიშვილიზმი არის ქართულ ორგანიზმზე ავთვისებიანი სიმსივნე, მეტასტაზა, რომელიც ამ წელს საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა მოვსპოთ. წელს უნდა დავიწყოთ სისტემის დამხობა, დაშლა! თუ დღეს არ დავიწყებთ, ხვალ გვიან იქნება და კიდევ ათეული წელი ვერ მოვიცილებთ. შემდეგ დასჭირდება რევოლუცია და სხვა მძიმე ამბები, ამიტომ მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს (ვინც დავრჩით, ისინი მაინც) საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად. საკმარისია, არჩევნებში ამათგან მართული პერსონა გავიდეს პრეზიდენტად და უცხოელი მეგობრები, ბუნებრივია, უკვე აღარ დაგვეხმარებიან, იტყვიან, _ ხალხს უყვარს ეს ხელისუფლება და ჩვენ რა გვინდაო?! ამიტომ რამდენიმე თვეში გადაწყდება საქართველოს ბედი.
_ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა ბერლინის“ ოფისის მიერ კორუფციის კვლევა მსოფლიო მასშტაბით, სადაც საქართველოს მდგომარეობა ერთი პუნქტით გაუარესდა. კორუფციის კუთხით, უფრო კონკრეტულად, სად ხედავთ პრობლემას?
_ სახელმწიფოს კორუმპირებულები მართავენ, კორუმპირებული ოლიგარქიის სისტემა გვაქვს. ანუ ახლა საჭირო აღარ არის ხელისუფლებაში ვიღაცის მოსათაფლად ქრთამის მიტანა, ის თვითონ აკეთებს თავის საქმეს საკუთარი პოლიტიკური ბერკეტით: მინისტრია? _ ტენდერს იგებს ამის გამო! მინისტრის ბიძაშვილია? _ გამგებელი ხდება ამის გამო! უცხოეთიდან მოდის კრედიტი? _ ითვისებს იმის გამო, რომ დეპუტატია!
ბოლოს და ბოლოს, 41 ოფიციალურად მილიონერი დეპუტატი გვიზის პარლამენტში! ასეთი რამ არ მომხდარა მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში. აბა, გადახედეთ ევროპის პარლამენტებს, რომელ მათგანში ზის მილიონერი? _ არავის ჰყავს, არსად არის ასე! ჩვენ რეიტინგიდან გადასულები ვართ, კვლევის ეს რანჟირება მაშინ გახლავთ საჭირო, როცა დაპირისპირებული სახელისუფლებო შტოები არის და ისინი ერთმანეთს ამხელენ, იჭერენ და ასამართლებენ. გინახავთ რომელიმე მინისტრი კორუფციის გამო დაჭერილი?!
კომუნისტების დროს (მაშინ პროკურატურაში ვმუშობდი) წელი არ გავიდოდა, რომ კორუფციაზე არ დაგვეჭირა რაიკომის მდივანი, მინისტრი და ცეკას მდივანი. მაშინ ებრძოდნენ და ციხეში უშვებდნენ ამ პირებს. ახლა არანაირი ბრძოლა აღარ არის, ხელს უწყობენ, რომ რაც შეიძლება მეტი იყვნენ ასეთი ადამიანები, რათა შემდეგ მოსახლეობას ფული დაურიგონ, 15 ლარი მისცენ, გააძღონ ეს ადამინები და მერე 4 წელი მშიერი ჰყავდეთ. მთელი ეს სისტემა ჯადოსნური წრეა!
აქვე აღვნიშნავ სამეწარმეო სფეროსა და ბიზნესის ხელშეწყობაზე: ერთი რამ ვიცი, რომ ქართული პროდუქციის გამოშვება და წარმოება მანამდე არ მოხდება, სანამ მას არ წაახალისებენ და უცხოეთიდან შემოსული კბილის პასტები და ჯაგრისები არ შემოვა, სანამ აგილობრივად არ დაიწყება მათი წარმოება და მოისპობა ყველა ხეშეკრულება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებთან, რომელიც უცხოური საქონლის გასაღების დოკუმენტს წარმოადგენს.
იმისთვის, რომ ეკონომიკამ მუშაობა დაიწყოს, მთავარია, სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს, მრეწველობა აღორძინდეს. აუცილებელია ჩვენი ბაზრის დაცვა უცხოური პროდუქციის ექსპანსიისგან და მეორე _ პოლიტიკიდან ოლიგარქების ჯოხით გარეკვა! ისინი არ უშვებენ კონკურენტი საწარმოების გახსნას, რომ მათ არ შეეშალოთ ხელი, არ უშვებენ კონკურენციას. თუკი ვინმე რამეს წამოიწყებს, დიდი სუბიექტები ან შეიერთებენ, ან ჩაყლაპავენ (თოფაძე დაუშვებს ლუდის წარმოებაში კონკურენტს და ტყემალაძე ღვინის წარმოებაში? ხომ გამორიცხულია?!), ამიტომ ოლიგარქია უნდა გავიდეს და ბიზნესისთვის თანასწორი გარემო შეიქმნას, რომ ახალს, დამწყებს და ძველ „ბობოლასაც“ ერთნაირი შანსები და პლატფორმა ჰქონდეთ სამუშაოდ და იმ ძველმა პარლამენტისა თუ მინისტრის მანდატით არ დააშანტაჟოს ახალი ფეხადგმული ბიზნესი.
_ რა არის ამ სისტემაში ბანკის როლი?
_ ბანკის როლია მეწარმეობის მკვლელობა, რომ თავისი კრედიტორები გააკოტროს და მათი ქონება ხელში ჩაიგდოს! მაგალითისთვის: „თბილწყალკანალი“ არის „საქართველოს ბანკის“ საკუთრება. რატომ არის ეს ასე? ის სახელმწიფოს საკუთრება უნდა იყოს! მისი გაყიდვისთვის წინა ხელისუფლების ქალაქის მერისთვის და ქელბაქიანისთვის პასუხი ამის გამოა მოსათხოვი! ახლა ის „საქართველოს ბანკისაა“, რაც, თავის მხრივ, ივანიშვილს ეკუთვნის.
ზოგადად, ბანკების მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ფული „აახიონ“ წარმოებასა და ხალხს და არც ერთ შემთხვევაში ხელი არ შეუწყონ ბიზნესის განვითარებას, რადგან ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს, რომ ისინი მოგებას ვერ მიიღებენ! 19 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს ხალხის ვალი ბანკისადმი. რა არის ამ ფულით გაკეთებული, რომ ამხელა პროცენტები დააწესეს?!
_ რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რამდენად გამჭვირვალე და ეფექტიანია იგი?
_ არავითარი სასამართლო სისტემა ჩვენ არ გაგვაჩნია! ჩვენ გვყავს მეხინკლე, მეხაშლამე მურუსიძის კრიმინალური დაჯგუფება სასამართლოში, რომელთაც ერთგულების ფიცი მისცეს ბიძინას და თვითონ მიიღეს სრული ავტონომია ნებისმიერი ბოროტების ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების გარანტიის სახით. ეს არის ბოროტმოქმედი ორგანიზაცია! სასამართლო უნდა დაიშალოს, ადგილობრივი, რეგიონული სასამართლო უნდა აირჩიოს ხალხმა (როგორც აშშ-სა და ევროპაში ბევრგან ხდება), ხოლო უმაღლესი სასამართლო ინსტანციები, აბსოლუტური უმრავლესობით, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერით უნდა აირჩიოს პარლამენტმა, ანუ საშუალო რგოლები ხალხმა, ზედა პარლამენტმა და ესენი უნდა კონტროლდებოდეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენი სასამართლო უსამართლობის პირამიდაა.
_ პირველ რიგში, რომელი სექტორი ან ინსტიტუციაა გამოსასწორებელი?
_ ოლიგარქიაა ჯერ მოსაცილებელი ქვეყნიდან! ყაჩაღებმა ჩაგვიგდეს ხელთ, მძევლები ვართ და ვერც ვგრძნობთ ამას, ჯერ თავი უნდა გავითავისუფლოთ და მერე შევუდგეთ საქმეს, სოლოლაკის რეჟიმი უნდა დავამხოთ! ეს არის ქართველი ხალხის ამოცანა და თუ ამას ვერ გაითავისებს, მაშინ არანაირი მომავალი არ გვქონია და საერთოდ დამთავრებულია ყველაფერი.
_ რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
_ საპრეზიდენტო არჩევნებში მასობრივ მხარდაჭერას ველოდები, რომ ქვეყანაში გადავარჩინო ის, რაც გადასარჩენია. ეს თუ ხალხს არ უნდა, მაშინ თვითმკვლელები ყოფილან და რა ვქნა?!
სისტემური ცვლილებები და ოლიგარქიული რეჟიმის დაშლა ჩემი ფიცის დადებიდანვე დაიწყება და ამას გავაკეთებთ ფართო პარტიული პოლიტიკური კონსენსუსის წესით. პოლიტიკაში პოლიტიკურ ძალებს დავაბრუნებთ, დღეს ისინი გაძევებულები არიან ქვეყნიდან და მუშობას დავიწყებთ! ამის შემდეგ აღარასდროს დავაბრუნებთ ოლიგარქიას პოლიტიკაში!
პოლიტიკურ პარტიებს მალე შევთავაზებ, რომ ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც არც ერთი მილიონერი არ იქნება პარტიაში არანაირი შემოწირულობის ფასად და ეს კანონშიც უნდა ჩავწეროთ, რომ მილიონერის, ოლიგარქის საქმე არ არის პოლიტიკა. მისი საქმე, მაქსიმუმ, არის საქმის წარმოება, გადასახადის გადახდა, სამუშაო ადგილების შექმნა და, მინიმუმ, ციხეში ჯდომა ყაჩაღობისთვის!
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიზნესი და პოლიტიკა შეუთავსებელია ერთმანეთთან და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც ასეა, ჩვენი კონსტიტუციით: თუ დადგინდა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას დეპუტატი ბიზნესს უთავსებს, მაშინ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება წყდება! არადა, დღეს 41 მილიონერი დეპუტატი ზის პარლამენტში. ისინი საკუთარ თავს ხომ არ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას?!
ხალხს უნდა ჰონდეს თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც, იმედია, არ დაგვიკარგავს, ჩვენ კი ბრძოლას ვაგრძელებთ!

ნინო ტაბაღუა