ჩერჩილი აფრიკაში

1879 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. მას მერე, აგერ, 139 წელი გავიდა. დღეს ქართველობამ, ასე თუ ისე, იცის წერა-კითხვა. ასე თუ ისე იმიტომ, რომ ერთია, რას და როგორ წერენ და მეორეა, როცა კითხულობენ, რას იგებენ? მე თუ მკითხავთ, ახლა უკვე ქართველთა შორის წაკითხულ-მოსმენილიდან შინაარსის, აზრის გამოტანის საზოგადოება გვჭირდება. ეს აზრი კარგა ხანია, თავს დამტრიალებს.

ამგვარი საზოგადოების შექმნის საჭიროება სოცქსელებმა დაგვანახვეს. დაწერ ერთს, გპასუხობენ მეორეს, პოსტი ალთასაა, მავანის კომენტარი _ ბალთას. გრჩება არც თუ უსაფუძვლო შთაბეჭდილება, რომ, ელემენტარულად, წაკითხულის შინაარსს ვერ იგებენ, აზრი ვერ გამოაქვთ. ამ ყველაფერმა კი გასულ კვირას მთელი ძალით იჩინა თავი და საყოველთაო ისტერიკის სახეც მიიღო. ამ ყველაფერმა თავი იჩინა ორი ქეისის ირგვლივ. ერთს, პირობითად, შეგვიძლია „სააკაშვილი“, მეორეს კი „შატაიძე“ ვუწოდოთ.
დავიწყოთ სააკაშვილის ქეისით. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თეა წულუკიანმა გესლის მორიგი პორცია გადმოაფრქვია და ბრძანა, რომ სააკაშვილი სავალალო მდგომარეობაშია და ასეთ სიტუაციაში ყოფნას საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ უსურვებდა. წულუკიანის გესლიან კომენტარზე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. გაიხსენა, თუ როგორ უწოდა მთვრალმა ჩერჩილმა ოპონენტ ქალბატონს მახინჯი, რომ იგი მეორე დღეს უკვე ფხიზელი იქნებოდა, ის ქალბატონი კი ისევ მახინჯი. იმთავითვე ცხადი და გასაგები იყო, რის საილუსტრაციოდ დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს უინსტონ ჩერჩილის ინციდენტის მოშველიება _ სააკაშვილი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ისეთივე დროებითია, როგორც ჩერჩილის სიმთვრალე, ხოლო წულუკიანის მდგომარეობა ისეთივე უცვლელი, როგორც ჩერჩილის ოპონენტი ქალბატონის სიმახინჯე. ეს ჩანდა მარტივად და ცხადად, მაგრამ რა აზრი გამოიტანეს აქედან? არიქა, სააკაშვილმა წულუკიანის სიმახინჯეს გაუსვა ხაზიო. ატყდა კაკაფონია და რა ატყდა! ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, აი, ზუსტად ისე, როგორც ვაჟას ლექსშია, ქორმა რომ წიწილა წაიღო და ატყდა ამბავი. ვწერ ამას და ვფიქრობ, ახლა ვაჟას ციტირებაზე არ ამოხტდნენ „ტუფლებიდან“ „უნასკებოდ“, არიქა, ქვეყნის იუსტიციის მინისტრს წიწილას ამსგავსებს, რაკიღა ტანად ჩიააო. მიხეილ სააკაშვილის არ იყოს, მაგალითად მომყავს, მაგალითად! თუ მაინცდამაინც პირდაპირი პარალელების გავლებას შეუდგებით, აღმოაჩენთ, რომ ლოგიკური აზროვნების ღობეში გაეკვეხებით და ახვანცალდებით, იმიტომ რომ თუ წულუკიანი წიწილაა, კრუხად ივანიშვილი მოგეჩვენებათ, მაგრამ მერე ნახავთ, რომ „წიავ-წიავი“ წიწილა-წულუკიანმა კი არა ან ქვითინი ივანიშვილმა _ კრუხმა კი არ ატეხა, არამედ სხვებმა ატეხეს. თუ ვაჟას ლექსში კრუხს მოკეთეები მიუვიდნენ („მოჰსლოდენ მოკეთეები: კრუხნი, მამლები, ვარია, _ ნათესაობა კრუხისა, მთელი იმისი გვარია. ცრემლი იქცევა ქათმების, დიდი გლოვა და ზარია…“), აქ პირიქით, სწორედ სააკაშვილის მოკეთეებმა ატეხეს ერთი გნიასი, გლოვა და ზარი! ამდენად, არც მე ვსახავ წიწილად წულუკიანს, ქორად სააკაშვილს და კრუხად კიდევ ივანიშვილს, ისევე როგორც სააკაშვილს არ დაუსახავს მახინჯად წულუკიანი. მას ჩერჩილის მაგალითის ციტირება რისთვისაც დასჭირდა, უკვე მოგახსენეთ და მე ვაჟას ციტირება რად დამჭირდა, ახლა იმას მოგახსენებთ ამტყდარი გნიასისა და სააკაშვილის ლანძღვის იმ ღვარცოფის მასშტაბურობის დასახატად, რომელმაც წალეკა ფეისბუკი („წალეკა მთა და ბარია: არაგვს გზა დაათმობინა და გადათელა მტკვარია“).
დიახ, ამ გნიასის მებაირახტრეებად მოგვევლინენ არა იმდენად წულუკიანის, ზოგადად, ამ ხელისუფლების მომხრეები, არამედ სწორედ სააკაშვილის გუშინდელი თუ დღევანდელი თანამებრძოლ-მხარდამჭერები. მათ მთელი კამპანია და გნიას-ფართი ააწყვეს იმაზე, რომ სააკაშვილმა მახინჯად მოიხსენია წულუკიანი, მეტიც, _ რომ იგი არც უხამსობას მოერიდა, როდესაც ახსენა, რომ მას ივანიშვილი და წულუკიანი, თავიანთი მასშტაბების გამო, იქამდეც ვერ მისწვდნენ, სადაც მასზე მიწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს. სააკაშვილის ლანძღვად ქადაგად დავარდნილებმა ივანიშვილ-წულუკიანის მასშტაბებში მათი ტანმორჩილობა „ამოიკითხეს“ და რაკი მიშა მაღალია, რებუსიც ხელად ამოხსნეს და უხამსი პასუხიც გამოიყვანეს _ „იქამდე“, ე. ი. იქამდეო…
დაასკვნეს და განაგრძეს გნიასი, რომ ეს არ შეშვენის ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ უნდა უთითებდეს გარეგნობაზე, რომ არ სურთ ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც სიმახინჯის, გარეგნობის გამო დასცინიან ადამიანს და „დაიჭი-გამატარე“… მაგრამ ზუსტად ეს ხალხი _ ნაცქოციანად, თავს მშვენივრად გრძნობს იმ ქვეყანაში, სადაც პირველ პრეზიდენტს კლავენ და საიდანაც მესამე პრეზიდენტს დევნიან. მოისმინეს, აზრი ვერც გამოიტანეს მისი ნათქვამიდან და თავზე მეტროდ დაეცნენ სამშობლოდან დევნილ, ბეწვის ხიდზე მოარულ პრეზიდენტს. ზოგმა, ალბათ, შინაარსი მშვენივრად გამოიტანა, მაგრამ მექოთნესავით ყური მაინც იქით გამოაბა, საითაც უნდოდა. სააკაშვილის ლანძღვის დიდოსტატად მოვლენილმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ავტორიტეტული ჩერჩილის ციტირება იმით გაანიორწყლა, რომ, თურმე, ჩერჩილს ეგ მთვრალს უთქვამს, ამას _ მიშას, კიდევ, ფხიზელს და ამიტომ ყოფილა გაუმართლებელი. არადა, სწორედ სიმთვრალე-სიფხიზლიდანაც იმთავითვე მიხვდებოდა მოსმენილიდან შინაარსის გამომტანი ადამიანი, რომ ჩერჩილის ამბავი მაგალითად მოიტანა სულ სხვა რამის საილუსტრაციოდ და არა წულუკიანისთვის მახინჯის საძახებლად. ეს მამაძაღლი, სააკაშვილს რომ წულუკიანისთვის მახინჯის ძახილი სდომოდა, ჩერჩილის ციტირება რაში სჭირდებოდა, პირდაპირ ვერ დაუძახებდა? თუ მაკა ასათიანთან ჰქონდა საქმე და ჩერჩილი სჭირდებოდა კუდის ამწევად?
სიტყვა-სიტყვით მომაქვს სააკაშვილის კომენტარი: „მე ვფიქრობ, ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები. თავისსავე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში, რა თქმა უნდა, მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ პირზე _ ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა, _ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ, რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა, _ ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ და თქვენ მახინჯი ხართ. ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ ხვალ დილას მე გამეღვიძება და უკვე ფხიზელი ვიქნებიო. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს“.
კიდევ ერთხელ ჩაღეჭეთ და ჩააანალიზეთ, თუ მოხმობილი ამბავი ასე „ტუპად“ და პირდაპირ უნდა გავიგოთ და თუ ამ მოხმობილი ამბის მიზანი წულუკიანის მახინჯად დასახვაა, რა გამოდის, _ თვითონ მიშა მთვრალად თვლის თავს? თუ „სიმთვრალეში“ ირიბად მისი დღევანდელი „სავალალო მდგომარეობა“ იგულისხმება, მაშინ რაღატომ არ იგულისხმება „სიმახინჯეში“ ირიბად ის მდგომარეობა, რომელშიც ივანიშვილი და მისი ზოგიერთი მინისტრია, მათ შორის, წულუკიანი? ამიხსენით, დიდი ინტელექტუალური რესურსი სჭირდება იმის მიხვედრას, რა უთხრა სააკაშვილმა ჩერჩილის ციტირებით, ამ იგავური ხასიათის კომენტარით წულუკიანს? ის, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა, ჩერჩილის სიმთვრალის არ იყოს, ცვლადია და მალე გაივლის, ხოლო ის მდგომარეობა, რომელშიც ივანიშვილ-წულუკიანები იმყოფებიან, ჩერჩილის ოპონენტი ქალის სიმახინჯის არ იყოს, ურყევია და იმავე მდგომარეობაში ჩარჩებიან, არაფერი ეშველებათ. მოკლედ, ჯერ იგავის რამე გაიგეთ, მერე ციტირების, რაიმეს მაგალითად მოტანის და იმ „გრძელ“ მიშას მერე მიახტით და შესწვდით! მაგალითს მოუხმო, მაგალითს!!! და კიდევ, ჩერჩილის ციტირება როდის აქეთაა დასჯადი? შეხვდათ რა დაბრკოლებად ჩერჩილის ავტორიტეტულობა, ხელად მისდგნენ და იმ ჩერჩილსაც გაჰკრეს კბილი, თურმე, იმ ჩერჩილსაც სისულელე უთქვამს, რაკიღა გარეგნობას შეხებია. საინტერესოა, ასე მაინც რატომ აღელდა ნაცქოციანად ყველა? მიზეზი ის ხომ არაა, რომ თავადაც მახინჯად თვლიან თავს და არ სურთ, ვინმეს უფლება ჰქონდეს, შემდგომში მათ უწოდონ მახინჯი? და ამიტომ წულუკიანის ამგვარი დაცვით თავს იზღვევენ ამ ფორმით თავდასხმისგან და ხელშეუხებლობას ინაღდებენ? არ ვიცი, ეს იყო თუ არა მათი მიზანი, მაგრამ ფაქტია, რომ ამხელა გნიასის მერე ვინმეს რომ ვინმეს გარეგნობაზე მითითება მოუნდეს, აუცილებლად გაახსენდება ეს ისტერიკა და კარგა გვარიანად დაფრთხება კიდეც. ეს იყო ამ ისტერიკის მიზეზ-მიზანი თუ ის, რაც ირინა სარიშვილმა ბრძანა? „ფეისბუკზე“ ირინა სარიშვილმა ძალიან მოკლე და ლაკონიური პოსტი სტყორცნა ამ ისტერიკას: „ვინც სააკაშვილის პასუხი წულუკიანის ნათქვამზე ისე გაიგო, თითქოს სააკაშვილი წულუკიანის გარეგნობას ეხებოდა, თავად არის ადამიანზე გარეგნობის გამო შეურაცხყოფის მიმყენებელი და თავისი აღშფოთებით თავად აყენებს წულუკიანს გარეგნობის გამო შეურაცხყოფას. წერტილი“.
ისე, რა სააკაშვილის პრობლემაა, რომ მავანი მახინჯად ხედავს თავს, მახინჯებთან ახდენს იდენტიფიცირებას და ამ სიტყვის მიმართ ასეთი ნაზი და მგძნობიარეა? რაც შეეხება მისი კომენტარის მეორე ნაწილს, „იქამდე“ მიწვდენას რომ შეეხება, სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ მისი კომენტარის ამ ნაწილსაც: „მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი, თავისი მასშტაბების გამო, იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილს პატრონ პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მისწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს“. რა მიწვდენა-მოწვდენაზეა საუბარი? მართლა იმაზეა საუბარი, რაზეც ატეხეს გნიასი? თუ აქ მსგავსი რამაა, ეგ მხოლოდ კონოტაციაა. იმ ბრძენი კაცის, ივანიშვილის არ იყოს (რომელმაც ბოლო წლებში გაიგო სიტყვა გენდერი), ვინმეს კონოტაცია რომ სხვა რამ არ ეგონოს, იძულებული ვარ, მოკლედ განვმარტო კონოტაციის არსი, _ კონოტაცია დამატებითი, თანმდევი მნიშვნელობაა ენობრივი ერთეულისა. როლან ბარტის განმარტებით, კონოტაცია გამოხატავს ნიშნის, საკომუნიკაციო ერთეულის „მეორე თანრიგის მნიშვნელობას“, რომელიც „კულტურიდან“ მომდინარე ასოციაციებით იქმნება.
ანუ თუ რაიმე არის უხამსი სააკაშვილის ნახსენებ „იქამდე მიწვდენაში“, მხოლოდ ჩვენი კულტურიდან მომდინარე ასოციაციებისგან შობილი თანმდევი, მეორე თანრიგის მნიშვნელობაა, პირველი და არსებითი მნიშვნელობა კი მის ექსტრადიციას უკავშირდება და სხვა არაფერს! გაიხსენეთ, რას მოჰყვა სააკაშვილის კომენტარი! სააკაშვილის კომენტარი მოჰყვა წულუკიანის კომენტარს, რომელიც, თავის მხრივ, პასუხი იყო პარლამენტარ თინა ბოკუჩავას კითხვაზე, რომელიც სწორედ ექსტრადიციას ეხებოდა! თინა ბოკუჩავამ ქალბატონ წულუკიანს ჰკითხა, _ მიმართავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის იმ ქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით?
ახლა ადექით და გაიაზრეთ, შინაარსი გამოიტანეთ სააკაშვილის ნათქვამიდან! ანუ აქამდე, ევროკავშირამდე კი არა, თავისი მასშტაბების გამო, იქამდეც, უკრაინამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინსო. ახლა მაინც გაიგეთ, რომ „აქამდე და იქამდე“ „გრძელი“ სააკაშვილის სასქესო ორგნოები კი არა, ევროკავშირი და უკრაინა რომაა? რომ ივანიშვილ-წულუკიანის მასშტაბებში მათი სიგრძე კი არა, მათი გაქანება რომ იგულისხმება? ეს რომ ასეა, თავად სააკაშვილის კომენტარიდანვე ჩანს: „მალე ქართველი ხალხი მისწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს“.
თუ მისაწვდენ ადგილში სააკაშვილი საკუთარ სასქესო ორგანოებს გულისხმობდა, რა გამოდის, ქართველ ხალხს გვრაზმავს, რომ ივანიშვილ-წულუკიანის სასქესო ორგანოებს მივწვდეთ? თუ ვინმეს მაინც ასე ჰგონია ჯიუტად, ერთ „ლოღიკურ“ შეუსაბამობას მაინც ვერ ხედავს? თუ კომენტარის დასაწყისში წულუკიან-ივანიშვილის მასშტაბებში მათ ტანმორჩილობას გულისხმობდა, კომენტარის დასასრულს რა ტანი აიყარეს ივანიშვილმა და წულუკიანმა, რომ მათზე მიწვდენას დიდი ამბავი სჭირდებოდეს? არა, ბატონებო, სააკაშვილი იმას გულისხმობს, რომ ივანიშვილსა და მის მინისტრებს მისწვდებიან ყველგან და პასუხს აგებინებენ! დიახ, მხოლოდ ამას ამბობს საააკაშვილი და რაც თავიდან მოგახსენეთ კონოტაციასთან დაკავშირებით, ეს მან კი არ მიანიჭა თავის განცხადებას ეგ კონოტაციური მნიშვნელობა, არამედ მისმა განცხადებამ, სწორედაც რომ თქვენი უხამსი ფანტაზიებიდან მომდინარე ასოციაციების წყალობთ, შეიძინა ეგ მნიშვნელობა. ასე რომ, სააკაშვილის ბოსტანში სტაფილოების სროლას თავი დაანებეთ და თქვენს უხამს ფანტაზიებს მიხედეთ. ეს რაც შეეხებოდა სააკაშვილის ქეისს, რომელსაც არანაირად ჩამოუვარდება შატაიძის ქეისი. მისი მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“, რომლის მიხედვითაცაა გადაღებული ფილმი „გაღმა ნაპირი“, სასკოლო პროგრამაშია 2012 წლიდან. 6 წელია, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოშია და ახლა ატყდა ყარყატი. ჯერ მოსწავლემ ატეხა სკანდალი, შემდეგ მარათონი სხვა მეცხრეკლასელის დამ განაგრძო, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა: «Родина-мать зовёт!» პათოსით მოუწოდა სრულიად საქართველოს, დამეხმარეთ, ეს უმსგავსობა აღვკვეთოთო. კარგი, დავუშვათ, იმ მოსწავლემ და ამ მოსწავლის დამ ახლა წაიკითხეს ეს მოთხრობა, როდესაც მოუწიათ, მაგრამ ყველა დანარჩენი, ნახევარი გურჯისტანი რომ ახლა ამოხტა „ტუფლებიდან“ და დაარისხა ზარები, აქამდე სად იყო, რად დუმდა თუ მათ შვილებს ასე დღისით-მზისით სკოლებში რყვნიდნენ? და რა ნახეს ამ მოთხრობაში გამრყვნელი და გამხრწნელი _ რამდენიმე ჟარგონი („ბლიად“, „გაგჟიმონ“) და ის, რომ ნაწარმოების გმირი, მოზარდი წებოს ყნოსავს?
ისევ და ისევ იქამდე მივდივართ, რომ ელემენტრაულად, წაკითხულის შინაარსს ვერ იგებენ, აზრი ვერ გამოაქვთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვინც სკანდალი ააგორა _ მოსწავლის დას, ეს მოთხრობა არც ჰქონია წაკითხული, ამონარიდებს დასჯერდა. მოთხრობა ასევე წაკითხული არ ჰქონდა ძალიან ბევრს, ვინც გააფთრებით გმობდა მას. რაც მთავარია, არც წაიკითხეს, ისე განაგრძეს გმობა! ყველაფერი იყო საბჭოთა სტილში, _ არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ. ნაწილმა, ალბათ, წაიკითხა და ისე განაგრძო გმობა და ლანძღვა, ცხადია, იმიტომ, რომ ნაწარმოების აზრის ნაცვლად, ეს რამდენიმე ჟარგონი და წებოს ყნოსვის ფაქტი გამოიტანა. და დაასკვნეს, რომ ეს ჟარგონები და ეს წებოს ყნოსვა მავნე ზეგავლენას ახდენს და რყვნის მოზარდს!
კი, მოთხრობაში არის ჟარგონები, ბარბარიზმები, დიალექტიზმები, რაც მწერალს სინამდვილის ასახვისთვის სჭირდებოდა და უკაცრავად, ქუჩაში მცხოვრებ 12 წლის ბიჭს გელა ჩარკვიანივით უნდა ესაუბრა? ან ეს „გაჟიმვა“ და „ბლიად“ რომელი მეცხრეკლასელისთვის არის უცხო, რაც მანამდე არ სმენია, ან თავად არ უთქვამს? აგერ, ვინც ვიდეომიმართვით ტაშტები აახმაურა, ის თავად ამბობს, რომ თვითონ მას ეს ყველაფერი გაგონილი ჰქონია იმ ასაკში, მაგრამ ახლა, როდესაც 23 წელს მიუახლოვდა, ეს ყველაფერი ძალიან მიუღებელი ყოფილა! წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგვაქვს, არსს ვერ ვიგებთ რაზეა ნაწარმოები, ვაბრახუნებთ ტაშტებს და თან ეს ტაშტების ბრახუნი დედოზარების დარისხება გვგონია! არიქა, ნაწარმოების გმირი წებოს იყნოსავსო და ეს ფაქტი ცუდ ზეგავლენას იქონიებს მოზარდებზეო. მოიცა და ათეული წლებია, სკოლებში კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ ისწავლება, სადაც მეფე გიორგი თრიაქს ეწევა და ახლა რა ვქნათ, კონსტანტინე გამსახურდიას დავაბრალოთ ერის განარკომანება თუ სასკოლო პროგრამიდან ამოვაგდოთ, არიქა და ვინმემ მეფე გიორგის არ მიბაძოს და არ გაირყვნასო? ისე, „გაჟიმვა“ რომ ყურს გხვდებათ, იგივე „დიდოსტატის მარჯვებაში“ რომ ფარსმან სპარსის ბრალდებად „უჰასაკოისა გახრწნა ქალისა ქალწულისა და დედათა თანა მამათმავლობა“ წერია, იმას რა ვუყოთ? დამეთანხმეთ, რომ ამ შემთხვევაში პედაგოგისთვის იმის ახსნა უფრო იოლია, რატომაა ნაწარმოებში მოზარდისთვის ქუჩიდან ნაცნობი სიტყვა „გაჟიმვა“, ვიდრე კონსტანტინე გამსახურდიასეული ფორმულირების ახსნა _ რას ნიშნავს დედათა თანა მამათმავლობა?
თუ ნაწარმოების გმირი რასაც სჩადის, ამ ნაწარმოების სწავლება იმას გულისხმობს, რომ მოსწავლემ იგივე უნდა ჩაიდინოს, მაშინ არიქა, დავქცეულვართ, გასაფილტრი გვქონია მთელი სასკოლო პროგრამა! სასწრაფოდ აკაკის „გამზრდელი“ ამოაგდეთ, თორემ ბალღები დაიხრწნებიან და როგორც კი მოიზრდებიან, ძმაკაცებს ცოლებს „დაუჟიმავენ“! მეტიც, შეიძლება არც მოიცადონ და ძმაკაცების შეყვარებულებს ებდღვნან!
მიდით, მისდექით ლიტერატურას, ამოყარეთ ყველაფერი, თქვენთვის მიუღებელი სიტყვები, პერსონაჟთა ქცევები, ყველგან და ყველაფერში რყვნა და გახრწნა დალანდეთ და შინაარსს ნუ გაიგებთ, ნურც ჩასწვდებით, ნურც აზრს გამოიტანთ, ყველაფერი იქ, წაკითხულშივე დატოვეთ. აზრი მძიმეა, ნუ გამოიტანთ, წელი მოგწყდებათ.

რეზო შატაკიშვილი