„რომ გაითვალისწინო, მოსმენა უნდა შეგეძლოს. ხშირად ხელისუფლება ამ უნარებსაც მოკლებულია, სწორად წაიკითხოს გზავნილი“

„დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით _ რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდება.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდით უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამშრომელს, სრულად გამოიყენონ ამ ტრენინგის შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ტრენინგის პროცესში. ვფიქრობთ, ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში ასევე _ რეგიონებში და ეს იქნება არა მხოლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების პროგრამა, არამედ გარკვეული კვლევის საშუალება, რათა შემდეგ ეს კვლევები გასაჯაროვდეს და საზოგადოებრივი აზრი სწორად ჩამოყალიბდეს“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა:
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ლევან დოლიძეს, რომელიც ტრენინგებს ჩაატარებს და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება.
ტრენინგები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებასა და კომუნიკაციის სპეციალისტების, შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროგრამის დაწყების ცერემონიაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტრატეგიული გეგმა გამოიმუშაოს კომუნიკაციისთვის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ“, _ ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ იგივე ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენს ინტერესებში შედის, რომ თქვენ უფრო და უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, რომ თქვენ ნატოს, ევროკავშირს შეუერთდეთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა გქონდეთ, რომ მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება“, _ განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ს ელჩის განცხადებით, ეს მესიჯები მკაფიოდ უნდა იყოს გაჟღერებული, რათა ხალხი მის არსს ჩასწვდეს:
„ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღეროთ, რომ ხალხს ის ესმოდეს. უნდა მოქმედებდეთ პრინციპით, ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი მესიჯი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის. თუ თქვენ არ განსაზღვრავთ, ვინმე სხვა ჩრდილოეთით განსაზღვრავს მას თქვენთვის ან დააფინანსებს მავნე ძალებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის“, _ დასძინა მან. ამ ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება:
_ ბუნებრივია, ამერიკის საელჩოს ხელისუფლების რიტორიკის არ სჯერა. ის ხედავს, რომ მთავრობას არ გააჩნია მკაფიო ორიენტირები, გარკვეულ ფასეულობათა სისტემა, მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება პროდასავლურ ორიენტაციაზე, ევროატლანტიკურ თემებსა და ა. შ. ანუ უფრო „დასტუკების“ რეჟიმში მუშაობენ, ვიდრე რაღაც სისტემური, ქმედითი ღონისძიებებით.
უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთი მარტო გეოგრაფიული ცნება არ არის. რეალურად, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, ეკონომიკის განვითარება, ანტიკორუფციული ღონისძიებები და მისთ.
თემები, რაც ქვეყანაში ამ ბოლო დროს ტრიალებს, იგივე დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემების შექმნა და ა. შ. ძალიან ბევრი მსგავსი საკითხი დაგროვდა. გარდა ამისა, ქვეყანაში თვითონ ინსტიტუციური წესრიგი მორღვეულია. ამაზეც არის საუბარი და, ბუნებრივია, ეს ადამიანი ამბობს, რომ დასავლეთისკენ სვლა მხოლოდ რიტორიკაში გამოხატული არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი შესაბამის რეფორმებში უნდა იყოს გამოხატული იმ სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით, საითაც თითქოს მივდივართ.
დასავლეთი გეოგრაფიული კატეგორია არ არის, ეს ფასეულობათა გარკვეული სისტემაა. ჩვენი ინტეგრაცია არა გეოგრაფიული სვლით, არამედ ფასეულობათა სისტემის შესისხლხორცების, შესაბამისი რეფორმების გატარების გზით ხდება და ამ შემთხვევაში იან კელი, ფაქტობრივად, ამაზე საუბრობს.
არ მგონია, რომ ელჩმა ეს ყველაფერი დღეს აღმოაჩინა, ამის თქმა აქამდეც შეეძლო. მაგრამ დღეს თავის თავს ამის უფლება იმიტომ მისცა, რომ უკვე პოსტს ტოვებს და, შესაბამისად, ამ ყველაფერში კელიმ მეტი სითამამე გამოავლინა.
_ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული შეფერხების პროცესი რამ გამოიწვია?
_ ხელისუფლებას მკვეთრად გამოხატული, კონსოლიდირებული იდეოლოგია არ გააჩნია და ჩვენ ამას ვხედავთ. თუნდაც ამ ორიენტაციის თვალსაზრისით, შიგნით საკმაოდ ჭრელი სიტუაციაა. არ მგონია, რომ იქ პროდასავლურ ფასეულობათა სისტემას მაინცდამაინც ცალსახად მიესალმებოდნენ. თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რა ხდება იგივე კანონმდებლობასთან, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით და ა. შ.
ასე რომ, ბევრი რამეა თვალში საცემი: არაპროფესიონალიზმი, პოლიტიკური გამოუცდელობა, ზედმეტი ძალაუფლების წყურვილი… აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რომელიც ცალ-ცალკე და ერთიანობაში ნორმალური განვითარების პროცესს ძალიან აზიანებს.
_ წამსვლელი ელჩის აღნიშნულ მოწოდებას რამდენად გაითვალისწინებენ?
_ რომ გაითვალისწინო, ამისთვის მოსმენა უნდა შეგეძლოს. ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ უნარებსაც მოკლებულია, რომ სწორად წაიკითხოს ის გზავნილი, რომელიც მოდის. სწორად წაიკითხოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს. აი, ამ უნარებსაც ვერ ვხედავ, სიმართლე რომ გითხრათ.
რაღაც ინფანტილურად უდგებიან ამ რეალობას. ფიქრობენ, რომ კარგი, თქვა და მერე ხვალ დაავიწყდება. სირაქლემის პოზაში ყოფნას ამჯობინებენ. ავიღოთ იგივე მუხთარლის საქმე, ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით რყევები და ა. შ. დამახასიათებელი ინფანტილიზმი ეს არის. ბავშვს რაც უნდა გაუბრაზდე, იმაზე კი არ იფიქრებს, რომ გამოასწოროს, არამედ იმაზე, რომ შენ წყენა გადაგივლის და იგივეს გააგრძელებს. დაახლოებით ასე იქცევიან.
_ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროპაში განცხადებები კეთდება. ამ ფონზე, რამდენად მოსალოდნელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება?
_ უარყოფითი ტენდენციები თუ არ შეჩერდა, ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში იგივე მემარჯვენე ძალები მოძლიერდნენ. დევნილების, ლტოლვილების თემა, ჰუმანიტარულს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურ საკითხად იქცა. ბუნებრივია, ეს ძალიან სენსიტიური მიმართულებაა.
გახსოვთ, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ მოგვცეს, რაც ეს შეჩერების მექანიზმი მიიღეს. მანამდე არ გვაძლევდნენ. რა თქმა უნდა, ეს მექანიზმი დღესაც არსებობს და ამ პოლიტიკურ სიტუაციაში შეიძლება ამუშავდეს კიდეც.
ჩვენი ხელისუფლების ინფანტილიზმი აქაც გამოჩნდა. ანუ რა იყო გასაკეთებელი? ასეთი პრობლემატიკა რომ არ ჩნდებოდეს, პირველი. რაც გჭირდება, საკმაოდ განვითარებული ეკონომიკაა, რომ ადამიანები სხვა ქვეყნებში ცოცხლად გადარჩენისთვის არ გარბოდნენ, ამისთვის დიდ რისკებზე არ მიდიოდნენ. და მეორე: ხელისუფლებას წინასწარ ახსნაგანმარტებითი სამუშაო უნდა ჩაეტარებინა, თუ რა რისკებს უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, გარკვეული სანქციების პაკეტიც უნდა შეემუშავებინა ასეთი შემთხვევებისთვის.
ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა სწორედ ზერელე მიდგომით, რომ იქნებ, არაფერი მოხდესო. ამის გაკეთება დაეზარათ. დღეს უკვე ფაქტის წინაშე დავდექით და ახლა მაინც ეცდებიან, რაღაც გააკეთონ და მდგომარეობა გამოასწორონ. ვნახოთ, რა იქნება.
_ ნატოსთან ინტეგრაციის დაჩქარებაზე განცხადებები გაკეთდა, მათ შორის, ცნობილ მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ თავიდან ოკუპირებელ ტერიტორიებზე არ გავრცელდება…
_ პროცესებს დაველოდოთ, დღეს ძალიან რთული და სენსიტიური საკითხია. ამ ეტაპზე აქტიურ განხილვაში არ შევიდოდი, რადგან მეხუთე მუხლი ნატოს ამ უსაფრთხოების სისტემის ფაქტობრივი ფუნდამენტია. მეხუთე მუხლის გარეშე კითხვა ჩნდება, რომ საერთოდ რა აზრი აქვს ამ სამხედრო ბლოკში გაერთიანებას, თუ მეხუთე მუხლი ხან მუშობს და ხანაც _ არა?
აქედან გამომდინარე, ეს უფრო დეტალურად განსახილველი საკითხია და მხოლოდ პლაკატურად ამაზე არ ვისაუბრებდი.
_ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს როგორ ჭრილში განიხილავთ?
_ ამ გადმოსახედიდან ეს არჩევნები რესურსების ნეგატიური არჩევნებია, სადაც მოიგებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ეს იმიტომ მოხდება, რომ ამომრჩევლის თვალში მთლიანად პოლიტიკური ელიტა დისკრედიტებულია. არავისი არ სჯერა, არც ხელისუფლება აინტერესებთ და არც ოპოზიცია. ამომრჩეველი ვერც ალტერნატივას ხედავს და არც ხელისუფლება მოსწონს.
აქედან გამომდინარე, ბევრი არჩევნებზე არ წავა და ვინც წავა, იმ აზრზე იქნება, რომ მე თქვენი არ მჯერა, მაგრამ ვინც გადამიხდით, ხმასაც იმას მივცემო. მაინცდამაინც აქ ფულზე არ არის საუბარი და გადახდა სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს, იგივე წყლის შეყვანა, გაზის გაყვანა და ა. შ.
ამიტომ ეს არჩევნები კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, სადაც შეიძლება რამე მოხდეს. ხელისუფლებას არ ჰყავს კანდიდატი და ლიდერები, ახლა რომ განვიხილოთ, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი წარმომადგენელი. საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება? აბსოლუტურად არანაირი, რადგან მათი ნებისმიერი წარმომადგენელი აიღებს ზუსტად იგივე რაოდენობის ხმას, რამდენსაც თავიანთი რესურსებით მოახერხებენ. ყველას ეს მაჩვენებელი ექნება, ვინც არ უნდა წამოაყენონ.
ინსტიტუციურად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა (ინსტიტუციური წესრიგის აღდგენის თალსაზრისით), რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილი გამხდარიყო სახელმწიფოს მეთაური. ამით შეწყდებოდა ეს მუდმივი სპეკულაციები ჩრდილოვან მმართველობაზე და ა. შ. ეს კარგი იქნებოდა სახელმწიფოსთვისაც, პირადად მისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს აღადგენდა.
სამწუხაროდ, ეს ამბავი ნაკლებად სავარაუდოა. ის თუ არა, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება.
ოპოზიციას ჰყავს კანდიდატი? არ ჰყავს. ხელისუფლების უკონკურენტო კანდიდატია და აქედან გამომდინარე ეს არჩევნები, ფაქტობრივად, აზრს კარგავს.
თუ, რა თქმა უნდა, არ გაჩნდა სუბიექტური ფაქტორი, ანუ პოლიტიკურ ბაზარზე უცბად, ვიღაც ზეპარტიული ფიგურა არ გაჩნდა, როგორც, თავის დროზე, ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამ ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.
ამის თეორიული შანსი არსებობს. დრო ცოტაა, მაგრამ თეორიული შანსი მაინც რჩება.
_ ამ ფონზე, მოქმედ პრეზიდენტს რა შანსები რჩება?
_ ვფიქრობ, რომ მისი შანსები ძალიან ბუნდოვანია. არც ის ვიცი, კენჭისყრას აპირებს თუ არა, მაგრამ რომც იყაროს, პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ეს ნეგატიური არჩევნებია და ხელისუფლება აბსოლუტურად რესურსების გარეშე დატოვებს. რესურსების გარეშე კი, ამ ტიპის კენჭისყრაზე ის, რასაკვირველია, ვერ გაიმარჯვებს.
ამასთან, ვერ გაიმარჯვებს არა მარტო რესურსების არქონის გამო, არამედ იმის გამოც, რომ თვითონ ამომრჩეველს (იმასაც კი, ვისაც მარგველაშვილი მოსწონს) ასეთი შეხედულება აქვს, _ კარგი ადამიანია, იბრძოლა, რაღაცას შეეცადა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა ამ რეალობაში; მაშინ მე რა საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ის შემდეგ საპრეზიდენტო ვადაში რამეს მოახერხებს?
შესაბამისად, მას ძალის ცენტრად არ აღიქვამენ. იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოს, ორი რაღაც სჭირდება ამომრჩეველს _ ერთი, რომ კანდიდატს ენდობოდე და მოგწონდეს, მეორე, მასში ხედავდე ძალას, იმ ძალას, რომლითაც ის უკეთესობისკენ შეცვლის რაღაცას.
ამ მხრივ, ამომრჩეველს მარგველაშვილთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვს. კი ბატონო, იბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მიაღწიე, ყველა ბრძოლა წააგე. აი, ეს მისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მინუსია.
ამას ემატება ისიც, რომ რესურსებიც არ არის და, შესაბამისად, მისი შანსები საკმაოდ მწირია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. ამ მიზნით, გერმანიის მთავრობისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით პროექტი ხორციელდება. პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა. 
პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდნენ და რომლებსაც:
ა) უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები;
ბ) პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა;
გ) საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.
პროგრამის მიხედვით, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას, თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და ოფიციალური უწყების წარმომადგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.
გერმანული მხარის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად: ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.
პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.
ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში.
ასევე დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მხარდაჭერის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ ინტერნეტ მისამართზე, სადაც ინფორმაცია განთავსებულია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე.
პროგრამით 2016 წელს, საერთო ჯამში, 54 000-მა ადამიანმა ისარგებლა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ აღნიშნული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების თხოვნით გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიმართა.

გელა მამულაშვილი