სად და ვინ გადასცა საიდუმლო მასალები რუსეთს?!

საბჭოთა ოკუპაციის მორიგი წლისთავი ოსმა სეპარატისტებმა ოკუპაციის ზონიდან სამი ქართველის გატაცებით „მოგვილოცეს“. ორი მათგანი დღესაც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, უცხოური მისიების მონაწილე ქართველი ჯარისკაცი არჩილ ტატუნაშვილი კი სასტიკად აწამეს და მოკლეს.
როდის გადმოასვენებენ ქართველ ჯარისკაცს მშობლიურ სოფელში, ჯერჯერობით, ისევ უცნობია. ოსმა სეპარატისტებმა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს და ქართულ მხარეს ცხინვალში სამხარაულის ექსპერტების შეშვებაზე უარი უთხრეს.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გალის რაიონში, ასევე ოკუპაციის ზოლთან, კიდევ ერთი ქართველი, გიგა ოთხოზორია მოგვიკლეს. მისი მკვლელი კანჯი ოღლი ჯერ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. „ქრონიკა+“-მა მოიპოვა კადრები, როგორ ერთობა კანჯი ოღლი გალის რაიონის სოფელში ქორწილში. მას არც ინტერპოლით ეძებენ.
რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები საქართველოში შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნისთანავე გამოჩნდნენ. რუსეთში მცხოვრები „რკინის კაცი“ კახა თარგამაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პირადად დაუკავშირდა ექსპრემიერის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, რომელიც 1999-2000 წლებში ჯერ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსად, ხოლო 2002 წლამდე კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად ჰყავდა დანიშნული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არსებობს თამაზაშვილისა და თარგამაძის საუბრის ჩანაწერებიც, სადაც ისინი საქართველოს დალაგების გეგმას განიხილავენ. საქართველოში ჩამოსულ რუს გენერლებთან რამდენიმე კონფიდენციალური შეხვედრა პირადად ჰქონდა ზვიად ჯანყარაშვილსაც. გარდა ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მონაწილეობდა „კოდორი 2007“-ის წევრების დაკავება-განეიტრალებაში და ამით პირდაპირ ასრულებდა რუსული „გრუს“ დავალებებს. რუსი გენერლების მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად მინდია ჯანელიძე დანიშნა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ მინდია ჯანელიძის ხელით მიიღეს რუსულმა სპეცსამსახურებმა შს სამინისტროში საიდუმლო გრიფით დაცული უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები, მათ შორის, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ქართული აგენტურული ქსელის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ ამ საქმეში ღარიბაშვილის ცოლის სანათესავომ საკმაოდ სერიოზული გასამრჯელოც მიიღო. ამავე ჯგუფმა გადასცა რუსებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები მოქმედ პოლიტიკოსებზე. მათი ნაწილი ინტერნეტსივრცეში ორი წლის წინ უკვე აიტვირთა, ხოლო გამოძიება, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე ადგილიდან არ იძვრის. მოგვიანებით, რუსებისვე მოთხოვნით, მინდია ჯანელიძე, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს და თავდაცვის სამინისტროდანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გადაცემული რუსებისთვის. ამავე პერიოდში ქართული ჯარის საიდუმლო ობიექტებზე რუსულ სპეცსამსახურთან დაკავშირებული ე. წ. კაზაკების გენერალი, ტრისტან წითელაშვილიც კი უპრობლემოდ შედიოდა. ბოლო დრომდე მინდია ჯანელიძე კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობდა და ამჯერად უკვე სახელმწიფო კანცელარიაში მიუწვდებოდა ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებზე. ის თანამდებობიდან ორი თვის წინ გაათავისუფლეს.
მინდია ჯანელიძე ერთადერთი პირი არ ყოფილა, რომელიც ღიად თანამშრომლობდა რუსულ სპეცსამსახურთან. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილის ინიციატივით ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ექსნაციონალ ირაკლი შიხიაშვილს ჩააბარეს. ირაკლი შიხიაშვილის უშუალო მონაწილეობით ქართველი ვეტერანების მონაცემები იმ ორგანიზაციას გადაეცა, რომელიც ოფიციალურად საქველმოქმედო მისიით იყო დაკავებული, არაოფიციალურად კი რუსული სპეცსამსახურის პროექტი გახლდათ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ქართველი მეომრების სრული ბაზა რუსების ხელში მხოლოდ იმიტომ არ მოხვდა, რომ მაშინდელმა სპეცნაწილის უფროსმა მონაცემები კომპიუტერიდან ისე წაშალა, მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა. მართალია, მან სამსახური დაკარგა, მაგრამ, რეალურად, არაერთი სამხედრო პირი გადაარჩინა.
სამწუხაროდ, თამაზაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა ბინძური პროვოკაცია მოუწყვეს შს მინისტრის მაშინდელ მოადგილე გელა ხვედელიძეს, ჩამოაშორეს იგი სამინისტროს და სწორედ ამ ფაქტის მერე ექსპრემიერის სიმამრმა სრული კარტ ბლანში და წვდომა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო არქივებზე.
იმ პერიოდში სამინისტრო ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი და ერთ არქივში გახლდათ დაცული ყველა მონაცემი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საიდუმლო თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის კოპირებასა და გატანაზე დავალება მიიღო ანალიტიკური სამსახურის მაშინდელმა და საგარეო დაზვერვის ამჟამინდელმა შეფმა, დავით სუჯაშვილმა, რომელმაც, თავის მხრივ, დავალება მისცა მისსავე მოადგილესა და არქივის კურატორ გიორგი კოშაძეს. მან ჯერ უარი განაცხადა დავალების შესრულებაზე, ივანიშვილთან შეხვედრა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ, გაჩუმების სანაცვლოდ, სუსში, მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, თამაზ თამაზაშვილის დავალება კი მისმა მეორე დისშვილმა, ირაკლი წელაურმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელმა ზვიად მიქაუტაძემ შეასრულეს, გრიფით საიდუმლო მასალები არქივიდან გამოიტანეს და ასლები გადაიღეს. მიქაუტაძეს გაწეული ღვაწლი დაუფასდა და საგარეო დაზვერვის გენერალური ინსპექციის უფროსი გახდა. სხვათა შორის, ეს ის ზვიად მიქაუტაძეა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით პირადად იყო ჩართული თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადების საქმეში. მოგვიანებით, როცა ჩამდები პოლიციელები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ისინი უკმაყოფილებას არ მალავდნენ და თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევდნენ. ამ საქმეს გაუთვალისწინებელი ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა. ზვიად მიქაუტაძემ წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, _ მან დააშინა პოლიციელები, მათი ოჯახის წევრები და მათი საჯარო პროტესტიც აღარ გაგრძელებულა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ასევე გვეუბნება, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, როცა მინდია ჯანელიძე და დავით სუჯაშვილი მოსკოვში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები იყვნენ, ქართული სპეცსამსახურები უკვე ფლობდნენ ინფორმაციას ამ ორი პირის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, თუმცა სქემა ბოლომდე გაშიფრული არ იყო, რადგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა.
სპეცსამსახურის ყველა თანამშრომელმა იცის, რომ არქივი დაცულია სიგნალიზაციით, უწყვეტი ვიდეოგადაღებით და წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უფლებამოსილი თანამშრომლების მხრიდან, შესაბამისი განკარგულებით. ამდენად, ძნელი გამოსაძიებელი ნამდვილად არ არის, როდის, ვინ და რა ვითარებაში გაიტანა საიდუმლო მასალები დაცული არქივიდან.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ არქივი სრულად სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით მოხვდა რუსეთში. „ფსბ“-ს მაღალჩინოსნები ვიქტორ ბაბიცკი და ვიაჩესლავ აგევი გენერალ უსტინოვთან ერთად ეცნობოდნენ და აარქივებდნენ გრიფით საიდუმლო მასალებს სპეციალურად შექმნილ ბაზაში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი კონკრეტულად ინტერესდებოდნენ იმ პირთა პირადი საქმეებით, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში, სუსში, საგარეო დაზვერვასა და კონტრდაზვერვაში, ასევე დიპლომატიურ სამსახუში მუშაობდნენ.
სწორედ ამ პერიოდში გენერალმა უსტინოვმა სოხუმში ქართველი „კანონიერი ქურდები“ საგანგებოდ დაიბარა: გელა და გიზო ქარდავები, მურმან ლემონჯავა, გიორგი და ჩირო ზარანდიები, კახა ფარფალია, გია მეფორია, ირაკლი ბულისკირია, თემურ გვასალია, _ ეს ის „კანონიერი ქურდები“ არიან, რომლებიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თამაზაშვილ-შონიას ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაციის დალაგებასა და კონტრაბანდის გადატანაში ეხმარებიან.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ მათ იკისრეს კონტროლი სოხუმში გრიფით საიდუმლო მასალების მშვიდობიან ჩატანაზე, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირება მოქმედებს და, საბოლოო ჯამში, ყველა მათგანი „კანონიერ ქურდებს“ უწევს ანგარიშს. საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან _ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებიდან _ გატანილი დოკუმენტები კი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა ქართველი სამხედროების შეიარაღებაზე, საგანგებოდ შექმნილი დანაყოფების ბაზებსა და აღჭურვილობაზე. რუსულმა „ფსბ“-მ დეტალური ინფორმაცია მიიღო ოკუპირებულ საზღვრებთან განლაგებულ საიდუმლო ბაზებსა და შეიარაღებაზე.
სხვათა შორის, ჩამოთვლილი „კანონიერი ქურდებიდან“ ერთ-ერთი, თემურ გვასალია, საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადაიყვანეს, რა დროსაც დააკავეს კიდეც, მაგრამ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, იგი დარბაზიდანვე გაათავისუფლა, არაოფიციალური ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის ჩარევის შემდეგ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, იმ „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც აღნიშნულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, ძვირადღირებული მარკის ავტომობილებიც უფეშქაშეს. აღნიშნული ავტომანქანები საქართველოს ავტოცენტრებშია შეძენილი და შემდგომ ოკუპირებული საზღვრიდანაა გადაყვანილი აფხაზეთში, ცხადია, კონტრაბანდულად, რადგან აფხაზეთში, რუსული კანონმდებლობით, ავტომანქანების განბაჟება საკმაოდ ძვირი ჯდება. „კანონიერი ქურდები“ „ფსბ“-ს მიერ გაცემული ნომრებით და საშვებით გადაადგილდებიან.
თამაზაშვილისა და „გრუს“ სამიზნე, პირველ რიგში, „კოდორი 2007“-ის მონაწილე სამხედროები აღმოჩნდნენ.
2007 წლის აგვისტოში კოდორის ხეობაში, იურისდიქციის აღდგენის მიზნით, ქართული სპეცსამსახურის სპეცოპერაცია დაიწყო კოდური სახელწოდებით „კოდორი 2007“. რუსულმა მხარემ ხეობა დაბომბა, სპეცოპერაციის დროს ქართველმა სპეცებმა მოკლეს რუსი გენერალი, რომელიც კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში აფხაზ ბანდფორმირებებს წვრთნიდა.
ქართულ სპეცსამსახურს, აფხაზეთის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ნებისმიერი სახის ინფორმაციას იღებდნენ, მკაცრად კონტროლდებოდა საზღვრები და მეტიც, ქართველმა სპეცებმა „კოჭოია“ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ააცალეს ცხვირწინ კარგად გაწვრთნილ და კბილებამდე შეიარაღებულ რუსებს. რომან შამათავას ჯგუფზე სამეგრელოსა და აფხაზეთში ლეგენდები დადიოდა. ამ ლეგენდის ნაწილია ის ტერორისტული აქტი, რომელიც ქართველმა სპეცებმა იმ რესტორნიდან 150 მეტრში განახორციელეს, სადაც აფხაზეთში ჩასული პუტინი ვახშმობდა. ტერაქტის მიზანი პუტინის ლიკვიდაცია არ ყოფილა, ეს უფრო ძალისა და გამოცდილების დემონსტრირებას ჰგავდა.
სწორედ ამიტომ გახდა რუსების პირველი სამიზნე რომან შამათავა.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმი დაშალა და სამაჩაბლო ოკუპაციის ზოლთან დაუცველი დატოვა, მერე უკვე აფხაზეთის მიმართულების დასუსტება დაიწყეს. თამაზაშვილის დისშვილმა, ზვიად ჯანყარაშვილმა, რომელიც გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, „კოდორი 2007“-ის მონაწილეების დევნა დაიწყო. სპეცრაზმელების დიდი ნაწილი საეჭვო ვითარებაშია დაღუპული, ნაწილი ციხეში ზის, რამდენიმე მათგანი კი გადაბირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს რომან შამათავასთვის ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა მიცემული, მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ისე აგროვებდა მონაცემებს მასზე (ხურჩის ეპიზოდი), კბილაშვილმა ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ შამათავას დაკავების მერე გაიგო. როგორც გაირკვა, ნაცვლიშვილიც რუსების დავალებით მოქმედებდა (ლაშა ნაცვლიშვილის რუსულ კავშირებზე ბევრი რამ ცნობილია და ამჯერად, დეტალურად არ შევჩერდებით). არავინ იცის, რა მოხდა პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რა ზეწოლები განხორციელდა რომან შამათავაზე და იყვნენ თუ არა ამ საქმეში ჩართული რუსი ინსტრუქტორები, მაგრამ „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ რომან შამათავამ ვენები გადაიჭრა და ის სიკვდილისგან შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილებმა გელა ხვედელიძემ და ლევან იზორიამ იხსნეს, მიუსწრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რომან შამათავასა და მისი ჯგუფის საბოლოო განეიტრალების შემდეგ ექსპრემიერის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა „ტყის ძმების“ მეთაურ დათო შენგელიას გააქტიურება და მასთან კავშირების აღდგენა დაიწყო. სამეგრელოს გუბერნატორის პოსტს კი ამ დრომდე ინარჩუნებს თამაზაშვილის მარჯვენა ხელი ვახტანგ შონია, რომლის მეშვეობითაც თამაზაშვილი, ჯერ კიდევ, კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად მუშაობის დროს, პანკისის მიმართულების ნარკოტრასას აკონტროლებდა, დღემდე კი შონიასა და მისი ძმის მეშვეობით აფხაზეთის მიმართულებით თხილის, ჯართის, სიგარეტის, იარაღისა და ნარკოტიკის კონტრაბანდას აკონტროლებს.
2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში რუსული სპეცსამსახურები ქართულ ციხეში წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებული რუსი ჯაშუშების სანაცვლოდ, ქართულ მხარეს იმ 12 პირის გადმოცემას სთავაზობდნენ, რომლებიც ანალოგიური ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული რუსეთში, მაგრამ ეკა ბესელიას უშუალო ინიციატივით, ჯაშუშობაზე დაკავებული პირები პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანეს და რუსეთის ციხეში გამოკეტილი ქართველები არავის გახსენებია. არსებობს ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიამ რუსებისგან ასევე სოლიდური გასამრჯელო მიიღო.
2014 წლის ზამთარში თბილისში, ამჯერად უკვე, ჩეჩნები გამოჩნდნენ. ერთი მათგანი, მუსა, ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეში თამაზაშვილის ყოფილი მოკავშირე იყო. იმხანად თამაზაშვილი კახეთში იშვიათად ჩადიოდა და მას ჩეჩნებმა თბილისში ჩამოაკითხეს. მუსა ვიწრო წრეში ამბობდა, რომ კადიროვმა სიტუაციის დასალაგებლად გამოაგზავნა. რას ნიშნავდა სიტუაციის დალაგება _ იარაღის კონტრაბანდას, ნარკოტიკების რეალიზაციის ახალი ტრასის აღდგენას თუ ტერორისტების ტრანზიტს, ამ დეტალებზე ჩვენი წყარო არ საუბრობს, მაგრამ ფაქტი ერთია _ რუსები ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის საქმიანობით ბოლომდე კმაყოფილი იყვნენ. ღარიბაშვილი იმაზე აწერდა ხელს, რაზეც ბიძინა ივანიშვილი არ წავიდოდა, სწორედ ამიტომ დაიგეგმა „პლან ბ“, რომელიც შიდა სახელისუფლებო კარის გადატრიალებასა და ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად ღარიბაშვილის დასმას ითვალისწინებდა.
რუსული სპეცსამსახურებისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი გეგმა, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერ ივანიშვილს სწორედ ამერიკელებმა მიაწოდეს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან მოულოდნელი გადაყენება მოჰყვა. კარის შეთქმულების შემდგომი გეგმა საკონსტიტუციო სარჩელი, ქუჩაში მასობრივი პროტესტი და ღარიბაშვილის ახალი პარტიის შექმნა ჩაიშალა. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ბრძოლაში დამარცხდა, დამარცხდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან. მოგეხსენებათ, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ.
დღეის მდგომარეობით, ე. წ. კახელების კარტელიდან საკვანძო პოსტებზე, ვახტანგ შონიას გარდა, არავინ შემორჩა. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან უკვე გადააყენა თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, რომელიც ამჟამად სუსის ზედამხედველი პროკურორია, ეს კი იგივეა, რაც მკვდარზე „ვენოკი“. რადგან სუსი იმდენად სპეცსამსახურად არა, რამდენადაც პოლტიკურ მონსტრად ჩამოყალიბდა, საეჭვოა, ზედამხედველმა პროკურორმა ამ უწყებაზე რაიმე გავლენები შეინარჩუნოს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რუსულ სპეცსამსახურებთან აქტიურ კავშირზე რჩება სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, მაგრამ ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციისა და პანკისის გახმაურებული სპეცოპერაციის შემდეგ მისი გავლენები, ფაქტობრივად, განულებულია, მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კურატორად რჩება და მისი უპირველესი ამოცანა საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, რადგან ჩეჩნების შურისძიების ეშინია.

ელისო კილაძე