„მოკლული მაინც დაგვიბრუნეთ!“ _ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ორდღიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას

სანამ დავით მათიკაშვილი იმაზე ლაპარაკობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, თურმე, ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ისევ საქართველოში გადმოასვენონ („ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ“), სანამ დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის ვერტიკალმა მისაქციელთან, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე მდგარ, მოთმინების ფიალაამოწურულ აჩიკოს ოჯახის წევრებთან მიავლინა, სანამ მათ სოზარ სუბარი დაემატა, ჯერ კიდევ არავინ იცის, როდის ეღირსება მხეცურად მოკლულ აჩიკო ტატუნაშვილის ცხედარს მშობლიური მიწა.

ერგნეთის რიგგარეშე შეხვედრაზე, რომლის ჩატარება ქართულმა მხარემ მოითხოვა, გაირკვა მხოლოდ ის, რომ არაფერია გარკვეული: ჯერაც არ ვიცით, როდის ინებებენ რუსი ოკუპანტები, ვიზირება გაუკეთონ მათ მიერ წაქეზებულ ცხინვალის რეჟიმს და ცხედარი მაინც გაიმეტონ.
ამ შემთხვევაში რუსეთისგან არაფერია გასაკვირი: ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და ცივილიზებული სამყაროს პრინციპების უარყოფას კარგა ხანია, ყველა შეეჩვია. ყველა, საქართველოს ხელისუფლების გარდა, რომელიც ისევ „ურთიერთობის დათბობას“ აწვება და ისევ სჯერა, რომ დათვს „ბაბა“ უნდა დაუძახო…
ასე მაგალითად, ორშაბათს ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა, რომელთათვისაც ცხინვალის მიერ გაჟღერებული უარი მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა, თბილისი-ყაზბეგის გზა ნატახტართან გადაკეტეს და დაიმუქრნენ, რომ თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ ჩავიდოდნენ (ამისთვის მათ ნახევარი საათი მისცეს), მთავარ მაგისტრალს, ანუ თბილისი-ლესელიძის ავტობანს გადაკეტავდნენ. პოლიციამ, რომელმაც წინადღეს აქციის მონაწილეების შედარებითი სიმცირე კარგად გამოიყენა და მათ მისაქციელში გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, ტატუნაშვილის დედ-მამისა და სხვა ახლო ნათესავებისთვის ხელის შეშლა ვერ გაბედა: გზა გადაიკეტა და ნახევარი საათი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა ტრასაზე კილომეტრიანი კოლონა გაჭიმულიყო.
ხელისუფლება პროტესტის მზარდმა მუხტმა შეაშფოთა და არცთუ უსაფუძვლოდ: ასე ხალხმრავალი გამოსვლა, გზის გადაკეტვით და ხელისუფლების გინებით, კარგა ხანია, არ ახსოვს ქართულ რეალობას.
არაა გამორიცხული, რომ ამ ყველაფერზე გავლენა იქონია ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერ დავით ქაცარავას ემოციურმა მიმართვამაც, რომელმაც კვირას საზოგადოების ერთსულოვნება მოითხოვა და ყველას აქციაზე მოუხმო.
ვიდეო, რომელიც ქაცარავას მიმართვით გავრცელდა, სწრაფად გახდა პოპულარული და ერთ დღეში 230 ათას ნახვაზე ავიდა.
„ყრუები არიან ზემოთ! სწორედ იმიტომ მოკლეს არჩილი, რომ შეემოწმებინათ, რისი თავი გვაქვს და რა შეგვიძლია, ჩვენ კი აქ ერთმანეთს ვეჭიდავებით, რომ თურმე გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეთ, თორემ დამაკავებენ… ეს არის პასუხი? ეს არის ღირსეული ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების პასუხი რუს ოკუპანტებს?“
„ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ ასე პოლიციელებს მას შემდეგ მიმართა, რაც მას ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად თბილისი-გუდაური-კობის მიმართულებით გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.
„კანონი ირღვევა ყოველდღე, რუსი ოკუპანტები გადმოდიან, როცა უნდათ, იტაცებენ, ვისაც უნდათ და თქვენ აქ მე მემუქრებით დაკავებით… ჩემზე კარგად იცით, რამდენი პოლიციელი, რამდენი სპეცრაზმელია მოკლული ამ ბოლო წლებში. იცით, რადგანაც, შესაძლოა, ზოგი მათგანი თქვენი მეგობარიც იყო. და მაინც, თურმე, ჩვენ ვარღვევთ კანონს? _ მიმართა ქაცარავამ პოლიციელებს და საზოგადოებას მიმართა, _ პოლიციელები აქ ჩვენზე ხუთჯერ მეტნი არიან… ნუთუ, ესა ვართ სულ? ნუთუ, ამაზე მეტი მობილიზება არ შეგვიძლია?“
მთავრობამ ორშაბათის აქციაზე ჯერ დიმიტრი ხუნდაძე მიავლინა, მერე სოზარ სუბარი. მართალია, კინწისკვრით არც ერთი გაუგდიათ, მაგრამ აქციის მონაწილეებმა მათი თავის მართლება, ფაქტობრივად, არ მიიღეს.
ასე მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ომს თავისი კანონები აქვს“, სიტყვა აჩიკო ტატუნაშვილის დედამ შეაწყვეტინა და ჰკითხა: „რა ომზე მელაპარაკებით?“
მართლაც, რა ომზე ლაპარაკობდა ხუნდაძე? იმ ომზე ხომ არა, რომელიც, თურმე, საქართველომ, გნებავთ, სააკაშვილმა დაიწყო? ან, იქნებ, იმ ომზე, რომელიც 200 წელია, გრძელდება და ხელისუფლებამ მხოლოდ მაშინ აღიარა, როცა ის „ომის ველური კანონებით“ თავის გასამართლებლად დასჭირდა? ან, იქნებ, იმ ომზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილისთვის სამშობლოსთვის ომი იყო, ამ ხელისუფლებისთვის კი „უდანაშაულო ბიჭების ჩახოცვა“ და „სააკაშვილის პროვოკაცია“?
სადაა დამთბარი ურთიერთობები? სადაა რიხი ხმაში, თავმოყვარე ხელისუფლების შემოძახილი, რომ თუ ჩემს მოქალაქეებს შეეხებით, ცუდად წაგივათ საქმე? მახსოვს, როცა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ტვ „მზის“ ჟურნალისტი აფხაზურმა მხარემ დააკავა და სოხუმის ციხეში გადაიყვანა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „თუ ისინი არ გაათავისუფლებენ ჟურნალისტს, მე გავცემ ბრძანებას ჩვენი სპეცსამსახურებისთვის, რათა მათ გაათავისუფლონ ჟურნალისტი სოხუმის ციხეში“.
რასაკვირველია, თავად სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცოდა, რომ სოხუმის ციხეში დატყვევებული მოქალაქის გამოხსნა შეუძლებელი თუ არა, ურთულესი ამოცანა იქნებოდა, მაგრამ, ჯერ ერთი, მაშინ გარეთ იყვნენ ისინი, რომლებსაც მსგავსი დავალებები ოკუპირებულ რეგიონებში თავიანთი სიცოცხლის ფასად შეუსრულებიათ და მეორეც, ეს ყველაფერი ხომ ფსიქოლოგიური ომის ნაწილია? ამიტომაც სააკაშვილის განცხადება დანარჩენმა მსოფლიომ აღიქვა, როგორც თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ლიდერის განცადება. შედეგად _ რამდენიმე დღეში ჟურნალისტი გაათავისუფლეს.
ვინ ან რა უშლიდა ხელს საქართველოს ხელისუფლებას, მძაფრი განცხადებები ტატუნაშვილის მოკვლის პირველი დღეებიდანვე გაეკეთებინა? ხომ თავიდანვე ცხადი იყო, რომ ტატუნაშვილი მოკლეს?
გავიხსენოთ ცხინვალის რეჟიმის ოფიციალური ვერსია: თავიდან იყო, რომ თითქოს ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ; შემდეგი ვერსია იყო, რომ მან დაკავების მერე ბადრაგს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, იარაღის წართმევა სცადა და ბადრაგმა ადეკვატური ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა, თავი დაარტყა და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
და რა რეაგირება ვნახეთ ამ დროს ხელისუფლების მხრიდან? ფაქტობრივად, არანაირი იმის გარდა, რომ პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების ჩართვა მოითხოვეს, ანუ ის მოითხოვეს, რაზედაც უარი თავიდანვე გარანტირებული ჰქონდათ _ ხომ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ რაღაცას აკეთებენ?
კარგი ისაა, რომ საზოგადოებამ ამჯერად ეს არ „ჭამა“ და გაერთიანდა. სწორედ ერთიანობის მაჩვენებელი იყო ის, რომ მისაქციელში მოკლულის ოჯახის წევრების აქციას უამრავი, თბილისიდან საგანგებოდ ჩასული მოქალაქე შეუერთდა. მაგრამ სხვა შემთხვევაში უვარგისმა ხელისუფლებამ სწორედ აქ „ივაჟკაცა“: როგორც კი აქცია დაიწყო და გაჩერებული მანქანების პირველი კოლონა გაჩნდა, საპატრულო პოლიციამ ნატახტართან გუდაურისკენ გადასახვევი გზა გადაკეტა: ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ თბილისიდან მისაქციელისკენ საკმაოდ დიდი ნაკადი დაიძრა და თავი დაიზღვია, რომ ისედაც ხალხმრავალი აქცია კიდევ უფრო მეტად ხალხმრავალი არ გამხდარიყო.
და ეს ხდება მაშინ, როცა წინადღეს მისაქციელში გზის გადაკეტვა სწორედ პოლიციამ არ დაუშვა და რადგან აქციის მონაწილეების რაოდენობა მცირე იყო, მათ ტრასაზე დადგომის საშუალება არ მისცა. მეორე დღეს კი თავად გადაკეტა იგივე გზა, რომლის გადაკეტვისთვისაც, მაგალითად, დავით ქაცარავას დაკავებით ემუქრებოდა…
რუსი ოკუპანტების ხელწერა რომ ტატუნაშვილის ქეისში თვალსაჩინოდ იკვეთება, მგონი, სადავო არ არის. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სწორედ რუსეთთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, თავი იმით ემართლებინა, რომ რუსეთიდან ჩამოსულ ექსპერტებს დაელოდება და სწორედ ამიტომ, „ამ ეტაპზე“, თავს შეიკავებს ცხედრის გადაცემისგან.
რასაკვირველია, „ამ ეტაპზე“ განსაზღვრული ვადა არ არის. ის შეიძლება, რამდენიმე დღეს, კვირას, თვეს და, სულაც არაა გამორიცხული, მარადისობასაც მოიცავდეს, რადგან ცხედრის გადმოცემა ცხინვალის რეჟიმისთვის მხილების ტოლფასი იქნება. როგორც ჩანს, არც ის ვერსიაა რეალობისგან შორს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ჯერ აწამეს, მერე კი საკონტროლო გასროლით მოკლეს.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ დავალება ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა გასცა, უშუალოდ მკვლელობა კი მისმა ნათესავმა და მოგვარემ, ლუდვიგ ხაჩიროვმა შეასრულა.
სანამ რომა შამათავა ციხეშია, იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ვინმე საკუთარ თავზე აიღებს, ოკუპირებულ რეგიონში გადავა, მკვლელს ან მკვლელობის დამკვეთს აიყვანს და ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანს ან იქვე გასცემს პასუხს. არადა, ამის მაგალითები უამრავია, ოღონდ მხოლოდ 2012 წლამდე…
2012 წლის შემდეგ კი აქტუალურია „ბოევიკების“ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვება, ოკუპანტებისთვის ჩვენი მებრძოლების პირადი მონაცემების გადაცემა და, ზოგადად, კაპიტულანტური პოლიტიკა…
ზუსტად იგივე უნიათობა გამოიჩინა ხელისუფლებამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დროს: სწორედ იმ ადგილიდან ორმოცდაათიოდ მეტრში, სადაც გიგა მოკლეს, 2012 წლის შემდეგ პოლიციის საგუშაგო გაუქმდა. ამ საგუშაგოზე შსს-ს საგანგებო დავალებათა სამმართველოს ბიჭები იდგნენ და აფხაზი „ბოევიკები“ არათუ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავიანთ პოსტებზე ვერ ბედავდნენ დიდხანს დარჩენას, ხოლო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღეს იქვე ახლოს იყო პოლიციელი, რომელსაც თან ჰქონდა იარაღი, მაგრამ არ გამოუყენებია, იმის მიუხედავად, რომ ამას, ანუ მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, პირდაპირ ავალდებულებდა კანონი…
თბილისი-სტეფანწმინდის გზის გადაკეტვას ხელისუფლებამ ისევ ძალა დაუპირისპირა. წარმოიდგინეთ, რომ იქ სპეცრაზმი გაგზავნა და ეს მაშინ, როცა ძნელი წარმოსადგენი არ უნდა ყოფილიყო, რას გამოიწვევდა ისედაც გაღიზიანებულ ტატუნაშვილის ჭირისუფლებში იქ სპეცრაზმის გამოჩენა.
ასეც მოხდა: სპეცრაზმის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და შსს-ს შორის. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.
აქციის მონაწილეები იმუქრებოდნენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში ცხედრის გადმოცემის პროცესი არ დაიძრება და მათთვის მისაღები შედეგით არ დასრულდება, პროტესტის ტალღა დედაქალაქში გადაინაცვლებს.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ, შემდეგ კი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცინიზმმა, რაც ცხედრის არგადმოცემაში გამოიხატა, საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად ჩვენი საერთაშორისო მეგობრები შეაშფოთა.
ჯერ იყო და, ტატუნაშვილის საქმეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა და მომხდარს „რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე“ უწოდა, შემდეგ კი დაამატა:
„ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ, ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მე ამ საკითხს ხვალ წამოვაყენებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე“.
ორშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრიუსელში იმსჯელებენ. მსჯელობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე შედგება. სხდომა ცოტა ხნის წინათ დაიწყო და ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ის პირადად მიაწვდის ინფორმაციას საკუთარ კოლეგებს არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ.
გარდა ამისა, ლინკევიჩუსი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროკავშირმა განცხადება გუშინვე გაავრცელა.
„კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამსახურმა უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება მსგავს ინციდენტებზე, რომ ის გავაკონტროლოთ. შესაძლოა, სანდო საერთაშორისო მექანიზმი შეიქმნას, რადგან მსგავსი შემთხვევები პრეცედენტულია და შესაძლოა, გაგრძელდეს. ამაზე მიუთითებს კონფლიქტის სახე. ასეთი ინციდენტები შესაძლოა, ყოველდღე არ ხდება, მაგრამ ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა აღელვებდეს“, _ განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
განცხადება გააკეთა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა:
„ვცდილობთ, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომ დარწმუნებული ვიყოთ ინფორმაციის სისწორეში. ორი კვირის წინ შეხვედრა მქონდა მოსკოვში სერგეი ლავროვთან და სხვადასხვა ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ვესაუბრე, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინასა და საქართველოზე“, _ თქვა დიდიე რეინდერსმა.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა:
„ღრმად შეშფოთებული ვარ „სამხრეთ ოსეთში“, საქართველოში განვითარებული მოვლენებით, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების ფაქტით. სამძიმარს ვუცხადებ ტატუნაშვილის ოჯახს. საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და საშუალება მისცენ მათ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაემგზავრონ“, _ დაწერა ჯეიმს აპატურაიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ:
„ჩვენ მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, როგორც დე ფაქტო მმართველ ძალას, განახორციელონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება და გაასამართლონ პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ბატონ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და დაბრუნებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, _ განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ხმის ამოღება საპარლამენტო უმრავლესობამაც ინება და რეზოლუციის შემუშავებას გეგმავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რეზოლუციის ფარგლებში უმრავლესობა კიდევ ერთხელ მოითხოვს მომხდარზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას.
მმართველი გუნდი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე მსჯელობა გაიმართოს:
„ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოვითხოვთ და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ კიდევ ერთხელ შედგეს მსჯელობა და მოხდეს ყურადღების მეტი კონცენტრაცია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონიტორინგის მექანიზმები დაიშვას“, _ აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ჩართულობაზე საუბრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გედევან ფოფხაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ყველა საერთაშორისო რესურსი უნდა გამოვიყენოთ:
„ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველა დონეზე უნდა ვეცადოთ, რომ საერთაშორისო რესურსი ბოლომდე გამოვიყენოთ. ყველა დიპლომატიურ მისიას უნდა ვთხოვოთ, რომ მონიტორინგი განახორციელონ“, _ აცხადებს გედევან ფოფხაძე.
„მე მიჩნდება ეჭვი, რომ რეზოლუცია, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, ისევ ფარატინა დოკუმენტი იქნება“, _ ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი უმრავლესობის ინიციატივას. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა გულისხმობს, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია უნდა მიიღოს.
„საქართველოს პარლამენტში არაერთი პოლიტიკოსი იზიარებს რუსეთის შეხედულებას, რომ საქართველოს ბრალია ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში გასული წლების მანძილზე მოხდა. დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას, რომ მხარს დავუჭერთ ყველანაირ მცდელობას, განმტკიცდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები, სწორედ ისევ ქართული სახელმწიფოს ბრალდებებით უპასუხა მმართველმა უმრავლესობამ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეჭვი მიჩნდება, რომ რეზოლუცია, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, ისევ ფარატინა დოკუმენტი იქნება“, _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამავე დროს, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს:
სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დაიწყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ დრომდე პრევენციის მიზნით უნდა გადაედგა.
„სამწუხაროდ, ტატუნაშვილი კიდევ ერთი მსხვერპლია იმ მრავალი მსხვერპლიდან, რომელიც გასული წლების მანძილზე არის შედეგი სწორედ იმისა, რომ ხელისუფლებამ დღეს დაიწყო ფიქრი იმ ღონისძიებებზე, რომელიც წლების წინათ უნდა გაეკეთებინა, რათა რუსეთისთვის კომფორტი კი არ შეექმნა საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ პირიქით, მძლავრი და მზარდი წნეხის ქვეშ მოექცია რუსეთიც და მისგან მართული რეჟიმებიც“, _ აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპულ საქართველოში“ კი კვლავ „ოთხოზორიას სიის“ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ და იმ გრძელვადიან პოლიტიკაზე, რომელიც ოკუპირებულ რეჟიმთან ურთიერთობის კუთხით უნდა შემუშავდეს.
„დაევალოს მთავრობას, შეიქმნას „ოთხოზორიას სია“, რადგან ეს არ არის ასეთი თავხედური მკვლელობის პირველი შემთხვევა ჩვენი მოქალაქის მიმართ ოკუპანტების მხრიდან. იმისთვის, რომ შემუშავდეს გრძელვადიანი პოლიტიკა, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ მას ნებისმიერი ასეთი ბოროტმოქმედება კონკრეტული ფასი დაუჯდება“, _ აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ხელისუფლებიდან ერთადერთი პერსონა, რომელიც შედარებით ადეკვატურად გამოეხმაურა არჩილ ტატუნაშვილის საქმეს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ქეთევან ციხელაშვილი იყო.
ციხელაშვილი ამბობს, რომ ნათელია, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით დროის გაყვანას ცდილობს.
მინისტრის თქმით, ახლა პრიორიტეტად ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის განთავისუფლების საკითხი დგას:
„ადგილი აქვს დროის გაჭიანურების ხელოვნურ მცდელობას. გარემოებები ძალიან ბუნდოვანია, უკვე ბუნდოვანიც აღარ არის, რამდენადაც ძალიან წინააღმდეგობრივია. გასაგებია, ხდება ერთი რამ, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავება, ძალის გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიცოცხლის ხელყოფა. მაღალი პრიორიტეტია ის, რომ ისინი იქნენ განთავისუფლებული ძალიან მალე, იყვნენ უსაფრთხოდ და არ მოხდეს მათ მიმართ რაიმე დამატებითი ზომების გამოყენება“, _ აცხადებს ციხელაშვილი.
შემდეგი უკვე საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და მოითხოვა, სათანადო შეფასება მიეცეს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებს. მისი თქმით, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსული ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში, დაგეგმილია მისი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელსაც ის ასევე რუსული ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებსა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის შემთხვევებზე მიაწვდის ინფორმაციას.
„კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს _ ეთნიკურად ქართველის, რომელიც „მესაზღვრეებმა“ მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინათ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა.
არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს. მიმდინარე სესიის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგენთ რეზოლუციას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომელსაც, იმედი გვაქვს, საბჭო მხარს დაუჭერს,“ _ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
სანამ ხელისუფლება ოპოზიციასთან ბრძოლითაა დაკავებული, უცხოელი დიპლომატები კი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედარი სადღაც, ცხინვალის ჩაბნელებულ პროზექტურაშია დასვენებული და „განაჩენს“ ელოდება _ განაჩენს უკვე სიკვდილის განაჩენის შემდეგ…
მეგობრები და ახლობლები არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით უამრავ ამბავს იხსენებენ. მათ შორის, ყველაზე საინტერესო ერთი ამბავია, რომელიც 2007 წელს მოხდა:
სოფელ ყანჩავეთთან, ტყეში, ადგილობრივი მცხოვრებლები ხეებს ჭრიდნენ, როცა მოულოდნელად ექვსი შეიარაღებული ოსი „ბოევიკი“ დაადგათ თავს, გლეხებს ხის საჭრელი აპარატურა „დრუჟბა“ წაართვეს, ვინც სიტყვიერი წინააღმდეგობა გაუწია, სასტიკად სცემეს და ხელები შეუკრეს.
სწორედ ამ დროს იქვე ჩამოიარა აჩიკომ და როგორც კი დაინახა, რა ხდებოდა, ოს „ბოევიკებს“ სასტიკად სცემა, ავტომატები წაართვა და იქვე, არმაზის ხევში გადაუყარა.
გლეხები დიდხანს ჰყვებოდნენ ამ ამბავს და რამდენიმე, ვინც თვითმხილველია, იხსენებს, რომ მომხდარის შემდეგ ადგილზე ჩასულმა იმჟამინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „ნამდვილი გმირი“ უწოდა, მერე კი მაჯიდან საკუთარი საათი შეიხსნა და მისცა…
ორშაბათს ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოწყობილი საპროტესტო მუხტი რამენაირად ჩაეხშო: ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი აქციიდან შს მინისტრთან შესახვედრადაც წაიყვანეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ორივე მონაკვეთი ჰქონდათ გადაკეტილი,
ცხინვალის ხელისუფლებამ კი ცეცხლზე ნავთი დაასხა: ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა. „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა განაცხადა.
მისი თქმით, „სამხრეთოსური“ მხარე ტატუნაშვილის ახლობლებსა და ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილი ტრაგედიაა, მიუხედავად გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ კითხვებისა, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ სამართლადამცველ ორგანოებს აქვთ.
„როგორც უკვე ცნობილია, მისი სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, ეს დაადასტურა ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ. იმისთვის, რომ ჩვენი დასკვნა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადასტურონ, მასალები გადავუგზავნეთ დამოუკიდებელ ექსპერტს“, _ განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილის სხეული, ექსპერტიზის შედეგების ასლებთან ერთად, რომლებსაც უახლოეს პერიოდში მიიღებენ, საქართველოს გადაეცემა. ჯიოევის განცხადებით, ყველა მხარემ დღეისთვის იმაზე უნდა იზრუნოს, რომ „ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ შეიძინოს პოლიტიკური ფონი და კიდევ უფრო არ გაართულოს ცხინვალსა და საქართველოს შორის ურთიერთობა“. მისივე თქმით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.
„შაბათს ისინი განთავისუფლდნენ და ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფებიან ლენინგორში, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს მათთან კითხვები აქვთ, ისინი დროებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც მათ ქართულ მხარეს გადავცემთ“, _ განაცხადა ჯიოევმა.
მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის მასალები კი არა, თავად ცხედარია გაგზავნილი რუსეთში. სწორედ ასე ამბობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტელევიზიის წამყვანი, რომელიც, თავისთავად ცხადია, “შესაყვან” ტექსტს ვერც დაწერს და ვერც წაიკითხავს, თუ ის იქაურ კგბ-სთან არაა შეთანხმებული.
შს მინისტრთან არჩილ ტატუნაშვილის მამის შეხვედრა ხელისუფლებისთვის იმედისმომცემი შედეგით დასრულდა: გიორგი ტატუნაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევს, რათა ცხედარი ქართულმა მხარემ მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს. ამ მიმართვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალის გადაკეტვა შეწყვიტეს და ავტობანის სამსაათიანი ბლოკირება დაახლოებით 23:00 საათზე დასრულდა.
შესაძლოა, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ, უბრალოდ, საპროტესტო აქციების დუღილის ტემპერატურა დააგდო, შესაძლოა, მართლაც აქვს იმედი, რომ პროცესი დადებითად დასრულდება და ცხედარს ოჯახს გადასცემენ. როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

ლაშა ბერულავა