ჟურნალისტი, DJ, ოპერატორი, რეჟისორი და წარმატებისთვის მებრძოლი ადამიანი, ანუ ნიკოლოზ თოდუა

თავიდან, ერთი შეხედვით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და არ ჰგავდა სხვა სფეროთი დაინტერესებულ პიროვნებას, თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და მან, თანამოაზრე მეგობართან ერთად, საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა. ყველაფერი ნულიდან დაიწყო და დღეს უკვე საკმაოდ ანგარიშგასაწევ „მოთამაშედ“ იქცა ბაზარზე.

სტუდენტობის პერიოდში დედაქალაქში ჩამოვიდა და სწორედ აქ დაიწყო მისი პიროვნული განვითარება და კარიერული წინსვლა. საკუთარ ოცნებას ფეხდაფეხ მისდია, ჯერ ჟურნალისტიკით დაიწყო, შემდეგ DJ-ის პროფესია შეუთავსა, მალევე ოპერატორობას მიჰყო ხელი, ამას მოჰყვა კონკრეტული ვიდეორგოლებისთვის სცენარების წერის ეტაპიც და გაჩნდა იდეა, უნდა დაეარსებინათ საკუთარი სტუდია, რომლის სახელიც ისეთივე ორიგინალური იქნებოდა, როგორც მათ მიერ შექმნილი პროდუქტი. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდა სტუდენტებს საკუთარი ფინანსური შემოსავალი არ გააჩნდათ, იდეისთვის გარისკვა გადაწყვიტეს და ბანკიდან აღებული სესხით ის ძვირადღირებული ტექნიკა შეიძინეს, რაც ასე სჭირდება სარეკლამო სფეროს. მათ იბრძოლეს და მიზანს მიაღწიეს!
ნიკოლოზ თოდუა კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, იდეისთვის მებრძოლი პიროვნებაა, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დგას და უკვე მაგალითად იქცა ბევრი, მიზანდასახული ახალგაზრდისთვის. მას შემდეგ მუდმივად ვითარდება და საკუთარ თავს ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ აძლევს. ამავდროულად, ყოველთვის აქვს მშობლების იმედი, რომლებიც ნიკოლოზის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და ამაყობენ მისით. ფიქრობს, რომ ახლა სწორედ იქ არის, სადაც მისი ადგილია ცხოვრებაში, საკუთარი თავიც იპოვა და სწორი გეზიც აქვს აღებული.
ოცნება კი დიდი და ნამდვილად საყოველთაოა, _ ოცნებობს, რომ ფილმები, რომელსაც გადაიღებს, შედევრად შემორჩეს კინოსამყაროს და სურს, რომ მისი ცხოვრების განვლილი გზა მოტივაცია იგახდეს სხვა ადამიანებისთვის.

ნიკოლოზ თოდუა დღეს „ქრონიკა+“-ის სტუმარი გახლავთ. უფრო ახლოს გაიცანით მომავალი წარმატებული პროფესიონალი საქართველოდან:

_ მომიყევით ცოტაოდენი თქვენზე (წარმოშობით საიდან ხართ, რამდენი წლის, რას საქმიანობთ)?
_ უპირველეს ყოვლისა, მკითხველს მივესალმები. მე გახლავართ ნიკოლოზ თოდუა, 22 წლის. დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონის ერთ პატარა და ლამაზ სოფელ თაიაში. ახლა ვცხოვრობ თბილისში. ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე. ამჟამად ჩემი საქმიანობის სფეროს სარეკლამო რგოლების გადაღება წარმოადგენს.
_ რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით (ხართ ჟურნალისტი, ოპერატორი, კომპანიის დამფუძნებელი), იდეა როგორ გაჩნდა (რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობთ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგით)?
_ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ბოლო დღეს თავში მოულოდნელად „ჩამიხტა“, ჩამებარებინა ჟურნალისტიკის მიმართულებაზე. აქ კი გავიცანი ის ადამიანები, რომლებსაც საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა და ერთად დავიწყეთ ჩვენი საყვარელი საქმის კეთება.
_ როდიდან და რა მიზნით დაიწყეთ საკუთარი კომპანიის შექმნა?
_ საკუთარი კომპანიის შექმნის იდეა უფრო ადრე გაგვიჩნდა, თუმცა კინო და სარეკლამო კომპანია „White Shade Films“ ოფიციალურად 2016 წლის 24 ოქტომბერს დავარეგისტრირეთ. ამ ყველაფერს წინ უძღოდა რისკი _ ბანკიდან კრედიტი გამოვიტანეთ, რომლითაც ის მინიმალური ტექნიკა შევიძინეთ, რაც მულტიმედია პროდუქტის შექმნისთვის იყო საჭირო. აკეთო ის საქმე, რაც ძალიან გიყვარს, თან ეს საქმე კომერციულადაც მომგებიანი იყოს და პროფესიული გაზრდის საშუალებასაც გაძლევდეს _ უკეთესი რა უნდა გინდოდეს?
რისკმა გაამართლა და ამ ერთ წელიწადში საკმაოდ წინ წავედით, დღეს პროექტი „White Shade Films“ დროებით დაპაუზებულია, სარეკლამო ბაზარზე „კონვერტერის“ სახელით შევდივართ და ვგეგმავთ, ქართული სარეკლამო სივრცის განმაახლებლები, უფრო საინტერესოდ გარდამქმნელები _ კონვერტორები _ ვიყოთ.
_ თუ გქონდათ შესწავლილი ბაზარი, სანამ საქმეს წამოიწყებდით?
_ რა თქმა უნდა. როდესაც ბიზნესს იწყებ, ბრმად იქ ვერ შეხვალ. თან სარეკლამო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდ და სტაბილურ კომპანიებს აქვთ ბაზარი განაწილებული. დღეს ამ სფეროში 2-3 კარგად ფესვგადგმული სარეკლამო სტუდია არის, რამდენიმე საშუალო დონის და ჩვენ _ ჯერ კიდევ, დამწყების სტატუსით, თუმცა პირველობის ამბიციებით.
_ რა გრძნობას გიჩენთ ის ფაქტი, რომ საკუთარი ხედვით, თქვენი თვალით აჩვენებთ ადამიანებს ამა თუ იმ მოვლენას (კლიპის გადაღებისას იდეის წარმოჩენას ვგულისხმობ)?
_ უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, რადგან შენს ხედვას, წარმოსახვას სთავაზობ სხვას, შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული ხედვისა და აზროვნების მქონდე ადამიანს. ყოველთვის ელოდები უკუკავშირს, როგორ მიიღეს მათ ეს პროდუქტი, როგორ აღიქვეს.
_ კონკურენციას უწევთ ანალოგებს ქართულ ბაზარზე?
_ ამ ეტაპზე მათთან კონკურენციაში არ შევდივართ, გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომელთა ვიდეორგოლებსაც ვამზადებთ და ამ ხაზს მივყვებით, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ მოგვიწევს კონკურენციის გაწევა და ფრონტს მაშინ გავხსით, როცა ამისთვის სრულყოფილად მზად ვიქნებით.
_ გარდა ამ საქმიანობისა, სხვა პროფესიაც ხომ არ გაქვთ, ან სხვა სფეროშიც ხომ არ მოღვაწეობთ?
_ მოღვაწეობისგან ჯერ ძალიან შორს ვარ, რადგანაც მუსიკა ძალიან მიყვარს და „DJ-ინგი“ ჩემი ჰობია, თავისუფალ დროს ზოგჯერ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კორპორაციულ წვეულებაზე ვუკრავ.
_ კომპანიისთვის სახელი როგორ შეარჩიეთ?
_ „White Shade“ ქართულად ითარგმნება, როგორც „თეთრი ჩრდილი“. ამ სახელით გამოჩენა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ გავურბივართ რუტინას, ერთფეროვნებასა და დღეს ბაზარზე გავრცელებულ დაშტამპულ აზროვნებას. მომხმარებლებს ვპირდებით, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია განსხვავებული და არასტანდარტული იქნება, როგორც – თეთრი ჩრდილი. ჩონვერტერ-ს რაც შეეხება, წეღანაც აღვნიშნე, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ახალი იდეებით, ორიგინალური მიდგომებითა და უსაზღვრო ფანტაზიით ქართულ სარეკლამო ბაზარს განაახლებს. „Converter“ დამკვეთის შეტყობინებებს მომხმარებლისთვის ეფექტიან და მოსახერხებელ ფორმატში გარდაქმნის.
_ რა წინააღმდეგობები შეგხვდათ გზად?
_ წინააღმდეგობა ბევრი იყო, თუნდაც, დავიწყოთ ფინანსებით: კარგი ტექნიკის შესაძენად დიდი თანხა გვჭირდებოდა, ასევე პორტფოლიოს შესაქმნელადაც საკუთარი რესურსი უნდა გამოგვეყენებინა. როდესაც ყველაფერს ნულიდან იწყებ, თავს იჩენს გამოუცდელობასთან დაკავშირებული ნიუანსები. გზადაგზა ბევრ რამეს ვსწავლობთ და ამ ბარიერებს წარმატებით ვუმკლავდებით, წინსვლა თითოეული ახალი პროდუქტის შექმნისას იგრძნობა.
_ ზოგადად, რას აკეთებთ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ დიდ სიამოვნებას გადაღების მოედანზე ყოფნა მანიჭებს. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად, მაგრამ, ამავდროულად, სასიამოვნოდ ვიღლები.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის (საქმეში)?
_ ყურადღება არ უნდა მოადუნო, ბოლომდე დაიხარჯო და იმისთვის, რომ შედეგი საუკეთესო იყოს, ყველაფერი უნდა გააკეთო. ამ ყველაფრისთვის კი მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და უერთგულო მას.
_ გადაწყვეტილება თუ გაქვთ, რომელიც გინანიათ?
_ არ მიყვარს, როცა საქმეს ვიწყებ და შუა გზაზე მიწევს მისი მიტოვება. ყოფილა რამდენიმე ასეთი შემთხვევა, როცა გადაწყვეტილებამ, ნებსით თუ უნებლიეთ, საქმე დასასრულისკენ წაიყვანა.
_ რისთვის არ გენანებათ დრო?
_ განვითარებისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ერთ ადგილას არ გავიყინოთ. თუ გვინდა, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ამისთვის დრო არ უნდა დაგვენანოს.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებთ ხოლმე?
_ თავისუფალ დროს, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვატარებ, ფილმებს ვუყურებთ ხოლმე.
_ მაქსიმალისტი ხართ?
_ მაქსიმალისტი ვარ და ვფიქრობ, ეს საუკეთესო სტრატეგიაა მიზნის მისაღწევად და ფინიშის ხაზთან პირველობისთვის. ძირითადად გადაღებებზე შეინიშება ჩემი მაქსიმალისტობა, რადგან ვცდილობ, ყველაფერი უნაკლოდ გადავიღოთ და თითოეული მცირე და შეიძლება სხვისთვის შეუმჩნეველი ხარვეზის გამოც ახალი დუბლის გადაღება მოგვიწიოს. თუმცა ყველაზე მთავარია, მაქსიმალისტი იყო მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები.
_ რას გაძლევთ ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ ახალი გათენებული დღე ახალი შანსია, რომელიც აუცილებლად მაქსიმალურად უნდა შეირგო და გამოიყენო, რადგან მომდევნო დღესაც უნდა გათენება და ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
_ რაზე ოცნებობთ?
_ მინდა, ვიყო პირველი იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ჩემი ოცნებაა, ფილმები, რომელსაც გადავიღებ, შედევრად შემორჩეს კინოსამყაროს და ჩემი ცხოვრების განვლილი გზა მოტივაცია გახდეს სხვა ადამიანებისთვის.
_ დღეს რა პრობლემას ხედავთ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობთ და, ზოგადად, საქართველოში?
_ უამრავი პრობლემაა საქართველოში, რაც უკან გვხევს ყველაფერში. ჩვენი რესურსებით შეგვიძლია ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ქვეყანა ვიყოთ ყველა ასპექტში, მაგრამ დღეს ქვეყნის აშენებაზე მეტად მის დაქცევაზე ფიქრობენ. სამწუხაროდ, პატრიოტები აკლია ჩვენს ქვეყანას, ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმეს უნაკლოდ შეასრულებენ. ჩემი აზრით, სწორეთ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ამ პრობლემების მოგვარება.
_ როდის ისვენებთ ხოლმე და როგორ?
_ როცა სოფელში ვარ, ყველაზე კარგად ვისვენებ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ სოფელშიც ბევრი საქმე მხვდება, ქალაქის ხმაურიან და გადატვირთულ ცხოვრებას აქ ვემალები.
_ ყველაზე მეტად ვინ გენატრებათ?
_ მშობლები და ბებია მენატრება. სამუშაო გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვახერხებ სოფელში ჩასვლას.
_ რა არის თქვენთვის ის საქმე, რასაც აკეთებთ?
_ უპირველეს ყოვლისა, სიამოვნება.
მეორე: ის, რაც ბედნიერს მხდის.
მესამე: გზა წარმატებისკენ.
_ თქვენი აზრით, თავისუფალი ხართ?
_ დიახ, მე თავისუფალი ვარ და მიმაჩნია, რომ თავისუფლება არის მდგომარეობა, როდესაც საკუთარი ცხოვრების წესს თავად განსაზღვრავ.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა?
_ ახლა ვარ გემზე, სადაც კაპიტანიც მე ვარ და მენიჩბეც. ყველა მიმართულებით შემიძლია გავცურო, ყველაზე ვრცელ ოკეანეშიც შემიძლია შევტოპო და პირქარსაც გავუმკლავდე. მთავარია, როგორც მენიჩბემ, ღონივრად და სწორად მოვუსვა ნიჩბები.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვთ?
_ კი, ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ის ვარ, ვინც უნდა ვიყო.
_ რაიმე მისია გაქვთ ცხოვრებაში?
_ ცხოვრებაში ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი მისია, მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვის რა მისია გვაქვს, მნიშვნელოვანია, სწორად შევასრულოთ იგი.
_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვით?
_ ვიბრძვი იმისთვის, რომ უკეთესად ვიცხოვრო; ვიბრძვი იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, მშობლებისთვის თუ ქვეყნისთვის.
_ რა არის ცხოვრების აზრი თქვენთვის?
_ როდესაც გაივლის წლები და გახედავ შენს განვლილ ცხოვრებას, იქ სინანული არ უნდა გაგიჩნდეს, ეს რომ გამეკეთებინა, ნეტავ, ახლა როგორ ვიქნებოდიო. ცხოვრების მთელი აზრი ეგ არის, უაზროდ არ უნდა გავატაროთ ის თითოეული წუთი, რასაც ღმერთი გვაძლევს და პროდუქტიულად გამოვიყენოთ.
_ როგორ ფიქრობთ, მიუხედავად ყველა პრობლემისა, მაინც გაქვთ თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?
_ რა თქმა უნდა. ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, თუ რას ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად.
_ გაქვთ ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებთ?
_ ასე კონკრეტულად შეიძლება, ვერ დავასახელო, მაგრამ ჩემი სიჯიუტე მეხმარება, რომ პრინციპებს არ ვუღალატო!
_ რომ არა ის, ვინც ახლა ხართ, ვინ იქნებოდით?
_ 40-იანი 60-იანი წლების პარიზის მკვიდრი ვიქნებოდი, დიდი ალბათობით, მწერალი ან ვირტუოზი პიანისტი, ან ორივე ერთად. დავუკრავდი რომელიმე კაბარეში ან ჯაზბარში, სადაც ერთ პარიზელ სიფრიფანა გოგოს გავიცნობდი და იქნებ, მისთვის რამე უკვდავი ნაწარმოებიც შემექმნა?
_ და მაინც, ვინ არის ნამდვილი ნიკოლოზ თოდუა?
_ ნამდვილი ნიკოლოზ თოდუა არის ის ნიკოლოზ თოდუა, რომელსაც შეხედავ, გამოაკლებ ერთ 20-25 კგ-ს და რაც დარჩება, ეგაა. მალე ამ მათემატიკური მოქმედების შესრულება აღარ მოგიწევთ, გპირდებით.
_ რაზე ფიქრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ მომავალზე. საინტერესოა, რას და როგორ შეცვლის დრო.
_ ვისი იმედი გაქვთ ცხოვრებაში?
_ მშობლების. ძალიან მშვიდად ვარ, რადგან ისინი მიმაგრებენ ზურგს.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე თქვენთვის და როგორ გგონიათ, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ ყველაზე მეტად მუსიკა მამშვიდებს, ნებისმიერი ხასიათის განეიტრალება შეუძლია მუსიკას. ხსნა კი, მხოლოდ და მხოლოდ, სიყვარულია.
_ რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ დღეს, რატომღაც, ყველა ერთმანეთის მიმართ ძალიან აგრესიულია, ამიტომ, ხალხნო, გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუღიმეთ ერთმანეთს და აკეთეთ ის საქმე, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ.

ნინო ტაბაღუა