ბიძაშვილ-მამიდაშვილობა გურჯაანულად

მოკლედ, ერთი ძალიან მაგარი ანეკდოტია მეგრელსა და კახელზე:
80-იანი წლებია. ზუგდიდსა და გურჯაანში ერთდროულად რაიკომის მდივნები დანიშნეს. ჰოდა, ზუგდიდის რაიკომის მდივანმა დედას დაურეკა და უთხრა: დედი, რაიკომის მდივნად დავინიშნე, ჩემს ძმებს, დებს, ძმისშვილებს დისშვილებს, ნათესავებს, მეზობლებსა და ნათლულებს უთხარი, მოვიდნენ, ყველას უნდა მივხედოო…
გურჯაანის რაიკომის მდივანმაც დაურეკა დედას და უთხრა: დედი, რაიკომის მდივნად დავინიშნე, ჩემს ძმებს, დებს, ძმისშვილებს, დისშვილებს, ნათესავებს, მეზობლებსა და ნათლულებს უთხარი, რაიკომის მდივანი ვარ და ყველას კეთილები უნდა მო***აო.

ჰოდა, რამ გამახსენა ეს ანეკდოტი და ისევ აქაურობამ…
ახლა ამას ყველაზე პირველი ჩემი რედაქტორი ბერულავა წაიკითხავს, იმედი მაქვს, იმ მეგრელი კაცის ხათრით და ამ კახელი რაიკომის მდივნის მუღამით ამ ანეკდოტს სტატიიდან არ ამომიგდებს… თქვენ და ჩემი რედაქტორი კახურ-მეგრულ იუმორზე რამდენს იცინებთ, ამაზეა, ძირითადად, სტატია…
ასე რომ, თუ ზუგდიდში ნეპოტიზმი მოსულა, აი, ჩვენთან, კახეთში ნეპოტიზმი, თურმე, არ მოსულა. ის დღეც გამითენდა, როცა კახელებზე ვწერ და ვამბობ: „ნეპოტიზმი სად არის? არ არის!“
მაშ, ასე! დისლოკაციის ადგილი გურჯაანია, სტატიის პერსონაჟები კი არჩეული მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის პრესსამსახურის უფროსი ზვიად ბიაშვილი არიან. არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სტატიის თემაა ბიძაშვილ-მამიდაშვილობა გურჯაანულად!

ზვიად ბიაშვილი _ ყოფილი ჟურნალისტი, დღეს გურჯაანის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი და განყოფილების უფროსი.
2009 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ „კახეთის ხმაში“, 2010 წლიდან მუშაობას აგრძელებს ტელეკომპანია „გურჯაანში“, არის პროექტების მენეჯერი და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ტოქშოუს პროდიუსერი. მოგვიანებით, ტელევიზიაში კორესპონდენტად იწყებს მუშაობას. 2011 წლიდან მუშაობას გაზეთ „სპექტრში“, 2012 წლის იანვრიდან აგრძელებს მუშაობას გაზეთ „გურჯაანში“ და 2015 წლის მაისიდან დღემდე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. გასული წლიდან არის უვადო საჯარო მოხელე. მიღებული აქვს რამდენიმე ფულადი ჯილდო, იგივე პრემია.

_ ზვიად, პრემია რატომ აიღე? იმიტომ, რომ კარგად მუშაობდი თუ იმიტომ, რომ ყველას მისცეს დღესასწაულზე და, მათ შორის, შენც?
_ ადრე მასეთი კითხვა სხვა ჟურნალისტმაც დამისვა და რაც მას ვუთხარი, იგივეს გეტყვით თქვენც: ჩემი მუშაობა მთლად ჩემი შესაფასებელი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ცუდად არ ვმუშაობ.
_ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ყოფილხარ როდესმე რომელიმე პარტიის შტაბში მივლენილი სამუშაოდ ან დამხმარედ?
_ არასოდეს, არც შტაბში ვყოფილვარ როდესმე, არც რომელიმე პარტიაში, ეს იყო ჩემი პოზიცია..
_ დღეს ხომ არ ნანობ, არაპარტიული რომ ხარ?
_ არა. მხარდამჭერი ვიქნებოდი ვინმესი და მე ვისაც ვუჭერდი მხარს, ყველამ კარგად იცოდა და ამ პოზიციას არჩევნებზე ჩემი მისვლით ვაფიქსირებდი. ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტიც და საჯარო მოხელეც უნდა იყოს აპოლიტიკური, რადგანაც სახელმწიფომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, საჯარო სამსახურში ჩაატარა რეფორმა, ახალი რეგულაციები მიიღო და თქვა, რომ ჩვენ ვიყავით პროფესიული საჯარო მოხელეები. მიმაჩნია, სწორად მოვიქეცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ აქციაში არ ჩავერთე… მე ვემსახურები სახელმწიფოსა და ხალხს…
_ ახალი მერის მოსვლის პირველი დღიდან რა ხდება შენს თავს?
_ ახალმა მერმა 2017 წლის 13 ნოემბრიდან დაიწყო მუშაობა. მისი უფლებამოსილების პირველი დღე ეს იყო, ამავე დღეს დაგვიბარა ყველა სამსახურის უფროსი, საჯარო მოხელე და მოგვთხოვა, რომ განცხადებები დაგვეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას თავის გუნდთან ერთად სურდა მუშაობა. ეს იყო მისი პოზიცია!
_ ეს გუნდი სად იყო აქამდე, პაპას ბაღში იჯდა? ქუჩაში დადიოდა? სადმე მუშაობდა?
_ არ ვიცი, რა გიპასუხოთ, მაგრამ როგორც მან რამდენჯერმე გურჯაანის ტელევიზიაში ისაუბრა, იგივე აღნიშნა და ახსენა, რომ ადამიანებს მოიყვანდა, თუნდაც, საბანკო სექტორიდან. აქედან ჩვენ ვიცით, რომ ხანდამაშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველი იყო და სავარაუდოდ, ალბათ, ამ ბანკში ჰყავს თავისი გუნდი. ეს კი გასაგებია, მაგრამ კანონმა ხომ განსაზღვრა, მისი გუნდი რა არის? მისი გუნდი არის მერის მოადგილეები, იმის ქვემოთ უკვე სამსახურის უფროსები და განყოფილების უფროსები, ესენი არიან პროფესიული საჯარო მოხელეები. არჩილ ხანდამაშვილმა ან არ იცოდა კანონი, ან იცოდა და შეგნებულად სჩადიოდა გადაცდომას. რასაც მე ახლა მეუბნება და ყოველდღიურად დისციპლინურ გადაცდომაზე ბრძანებებს ვიბარებ, ესეც იგივეა. ასე რომ, ან მან არ იცოდა, ან იცოდა და შეგნებულად მავნებლობდა.
_ და რომ გავაგრძელოთ, დაგიბარა და გითხრათ, რომ უნდა დაწეროთ გაცხადებები. აი, მერე რა მოხდა?
_ მერე მოხდა ის, რომ ავდექი და უარი განვაცხადე, რადგან წასასვლელი არსად მქონდა და არც ახლა მაქვს. მე აქ ვმუშაობ, კონკურსით დავინიშნე, არავის მოვუყვანივარ. მონაწილეობა მივიღე კონკურსში და დამნიშნეს, შესაბამისად, უვადოდ. მან ჩემ გარდა დანარჩენსაც მოსთხოვა, როგორც გითხარით. წინა გამგებლის, გერგიძის დროს მოვედი და აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გერგიძის შტაბში არ ვყოფილვარ.
_ კარგი, შენ არ წახვედი. სხვა ვინ წავიდა სამსახურიდან?
_ კულტურის სამსახურის უფროსი, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ქონების მართვის განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიც წავიდა. არ ვიცი, მას უთხრა თუ არა წასვლა, მაგრამ ფაქტია, ისიც წავიდა. ამას წინათ დისციპლინური წარმოებისას, ჩემთან ერთად დაიწყო საფინანსო სამსახურის უფროსის დისციპლინარული წარმოებაც. მართალია, მაშინ ჩემ მიმართ წარმოება შეწყდა, მაგრამ საფინანსო სამსახურის უფროსმა გაფრთხილება მიიღო.
_ რას უკავშირდებოდა პირველი დისციპლინური წარმოება?
_ პირველი დისციპლინური წარმოება ჩემ მიმართ დაიწყო, ანუ იმ საქმის შესრულებას მედავებოდა, რომელიც არავის დაუვალებია, ჩემი უშუალო ზედამხედველი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და თვითონ მერია. არც ერთს და არც მეორეს ჩემთვის დავალება არ მოუცია, ანუ მე უნდა მომემზადებინა დასკვნა, რომ მერიას შეძლებოდა, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად შერჩეული მაუწყებლების გარდა, კიდევ სხვა მაუწყებელთან დაედო ხელშეკრულება და მათგან საინფორმაციო მომსახურება გვეყიდა.
_ ახლა შემდეგ დისციპლინურ წარმოებაზე გადავიდეთ…
_ კი ბატონო: მიხეილ იაშვილის ბავშვთა კლინიკასთან არსებულმა სისხლის ბანკმა 9 თებერვალს აქცია ჩაატარა: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“. იქ ყველა მსურველს შეეძლო მისულიყო, უბრალოდ, აუცილებლად კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა. ასე რომ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოვიდა და, სამწუხაროდ, ვერ დააკმაყოფილა ეს კრიტერიუმები და სისხლის გაღებაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
_ ფოტოები ვერ გადაუღე, მაგრამ, აი, პრესსამსახური ვალდებული არის თუ არა იცოდეს, მერს რა ჯგუფის სისხლი აქვს?
_ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კაბინეტში შესვლისას გურჯაანის მერი იმუქრება, პოლიციას გამოვიძახებ, თუ არ დატოვე კაბინეტიო, მე საიდან უნდა ვიცოდე მისი სისხლის ჯგუფი? საერთოდ, მინდა, სტატიაში აღნიშნოთ, რომ გურჯაანის მერი 13 ნოემბრის მერე უგულებელყოფის რეჟიმში მამყოფებს, იყენებს მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილის პიარსამსახურს, ყველა შეხვედრაზე დაჰყავს ამათი გადამღები ჯგუფი, ჩვენ არ გვეძახის, სადაც რაღაც ხდება და თვითონ მივდივართ, იქ არ გვიშვებს. იყო ასეთი შემთხვევა, რომ მერი ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა, ეს შეხვედრა თვითმმართველობის ადმინისტრაციული სამსახურის შენობის დარბაზში შედგა. ეს ინფორმაცია არჩილ ხანდამაშვილის პირად ფეიჯზე დაიდო, მივედით და არ შეგვიშვეს. იქ ჟურნალისტები იყვნენ და დაინახეს, რომ ჩვენ, მერიის თანამშრომლები, უკან გამოგვაბრუნეს. შემდეგ უკვე არასრულფასოვანი მუშაობის გამო გვსაყვედურობს, არაფერს გვავალებს, არ გვეუბნება, არ გვეკონტაქტება, იგნორირებულები ვართ, ის იძულებულს მხდის, განცხადება დავუწერო და წავიდე, ჩემი სამსახურებრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში ხელს მიშლის და ამას აკეთებს არა სხვა ვინმე, არამედ თავად მერი! ამის ფონზე ცდილობს მოძებნოს რაიმე მიზეზი, რომ აუდიტის სამსახურმა დისციპლინური წარმოება დაიწყოს და ბრალი დამდოს არასრულფასოვან მუშაობაში.
ამ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „გურჯაანს“ასეთი რამ უთხრა, რომ მე არ მომწონს მისი მუშაობა თქვენთვის კარგად ცნობილ „ფეისბუქთან“ და ვებგვერდთან დაკავშირებითო. ანუ გურჯაანის პრესასა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახური მართავს ფეისბუქ გვერდს „გურჯაანის მუნიციპალიტეტი“ და ვებგვერდს გურჯაანი.გე-ს. აი, ამ ვებგვერდს ტექნიკური პრობლემები აქვს, 13 ნოემბრის შემდეგ უამრავი მოხსენებითი ბარათი დავწერე მერის სახელზე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სახელზე, რომ ეს პრობლემა გვაქვს და ძალიან გთხოვთ, ჰოსტინგის გაფართოების მიზნით მიმართოთ საფინანსო სამსახურს, ან რაღაც ზომები მიიღოთ. არსებობს კიდევ სატესტო რეჟიმში მოქმედი მეორე ვებგვერდი გურჯაანი.გოვ.გე, რომელიც საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა, მაგრამ ეს იმდენად რთულად სამართავი საიტია, რომ მას ტექნიკური პერსონალი სჭირდება, რომელიც საიტის მართვაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ამასთან დაკავშირებითაც მაქვს დაწერილი მოხსენებითი ბარათები ბატონი მერისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სახელზე, მაგრამ არც ერთ მოხსენებით ბარათზე პასუხი არ მიმიღია. სამაგიეროდ, მერი გამოდის და პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ არ მოსწონს ვებგვერდის მუშაობა, სინამდვილეში კი ვებგვერდს ტექნიკური პრობლემა აქვს, რომელიც ჩემგან დამოუკიდებელი პრობლემაა…
აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩიხურ მდგომარეობაში გვაყენებს მერი. მაგალითად, შაბათს გურჯაანში თავისუფალი ჭიდობის დღე ტარდებოდა. მთელი დღის განმავლობაში გურჯაანის სპორტკომპლექსში ვიყავი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გვერდიდან ორი ლაივ-ჩართვა გავაკეთე, პლუს საღამოს ავტვირთე ერთი ფოტორეპორტაჟი.
_ მერი ესწრებოდა?
_ კი, მობრძანდა მერი, სურათი გადავუღე, რომ შემდეგ შარი არ მოედო და არ ეთქვა, მე რატომ არ გადამიღე სურათიო. შვილთან და მოადგილესთან ერთად მოვიდა.
_ ანუ?
_ ანუ მთელი დღე ვიმუშავე, მიუხედავად იმისა, რომ შაბათი იყო და მე ეს არ მევალებოდა. მით უმეტეს, ეს არ იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული, ეს ჩაატარა საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ. შემეძლო, საერთოდ არ მივსულიყავი, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გურჯაანში რაღაც ხდება და მინდა, ეს ხალხმა გაიგოს. მაგრამ მერე როგორ უნდა ვიმუშაო, თუკი, ასე ვთქვათ, გარეთ ვიდგები დღე და ღამე? როდესაც მერს არ უნდა, ამას არ დაინახავს. თეთრი სახლის პრესსამსახურის დონეზე რომ ვიმუშაო, მერისგან აუცილებლად დავიმსახურებ შენიშვნას, იმიტომ, რომ მას ასე სურს…
ეს არის მისი პიროვნული პოზიცია, მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია თავისი კერძო შპს ჰგონია და ფიქრობს, რომ როგორც უნდა, ისე გადაალაგებს, ხოლო ადამიანებს, ვისაც უნდა შემოუშვებს და ვისაც უნდა გაუშვებს. იცით, როგორ მოქმედებს ეს ადამიანი?
_ როგორ?
_ შუა საუკუნეების დესპოტებივით. აბსოლუტური მონარქები რომ იყვნენ, მეფე რომ იყო კანონიც და მეფე რომ იღებდა ყველანაირ გადაწყვეტილებას…
მერი არჩილ ხანდამაშვილი მიიჩნევს, რომ მას აქვს ყველაფრის უფლება. მას არ აინტერესებს არც კანონი, არც საკანონმდებლო რეგულაციები, არც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები… მივწერე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ალბათ თქვენ ამას გაეცნობოდით. იქ მეწერა, რომ ეს კაცი ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციის მიხედვით ადამიანები არიან თავისუფლები და ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავად იღებენ. მე არ მინდა განცხადების დაწერა და არსად გადასვლა. მე მანდ მოვედი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, უბრალოდ, მერს ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ არ უნდა მანდ ვიმუშაო, ავიწყდება, რომ მე კონკურსგავლილი, უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელე ვარ და სულაც არ ვითვლები მისი გუნდის წევრად. ეს კაცი საკანონმდებლო რეგულაციებს არაფრად მიიჩნევს, იმასაც არაფრად თვლის, რომ ევროკავშირთან საქართველოს ვალდებულება აქვს საჯარო სამსახურში რეფორმის განხორციელების. მაგიტომაც დაიწყო 2015 წლიდან რეფორმები საჯარო სამსახურში… ანუ ეს რაღაცები, სავარაუდოდ, მერს არც წაუკითხავს და არც გაუგია. არც აინტერესებს.
_ რატომ?
_ მას რაღაც იდეა ფიქსი აქვს, რომ თავისი გუნდი უნდა მოიყვანოს და ამ გუნდთან ერთად უნდა მართოს შპს „გურჯაანის მუნიციპალიტეტი“ ექსკლუზიურად… მაგრამ მას ავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურში მე ვარ უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელე და ის კიდევ მხოლოდ 4 წლით არჩეული მერია. გარდა იმისა, რომ კანონის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს, მას ასევე აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და თითოეულ მის ქმედებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
მე რომ განცხადება დავწერო, ესეც იმიტომ უნდა, რომ მისთვის იურიდიული კომფორტი იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით. ხომ ხვდებით, რასაც გეუბნებით. მერე მე რაც უნდა ვთქვა, ის აუცილებლად იტყვის, რომ მან თავისი ნებით დამიწერა განცხადება და შემომიტანაო. მეც ამიტომ არ ვუწერ განცხადებას. მაგრამ მე რომ განცხადებას არ ვუწერ, მან დისციპლინური წარმოებები დაიწყო, ეს უკვე დევნაა. ამით მაიძულებს, რომ განცხადება დავუწერო, მაგრამ მას განცხადებას არ დავუწერ, რადგან კანონი და სამართალი ჩემს მხარეზეა! აი, რა ხდება…
_ რამდენი წელია, რაც მერს იცნობ?
_ მერს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. ის ჩემი ალალი მამიდაშვილია! ჩემი ნათესავია!
_ ანუ ბატონი მერის გუნდში ნათესავები არ მოიაზრებიან?
_ მე ვამბობ, რომ მერთან ნათესაური კავშირი მაქვს, მაგრამ ბოლო წლები არ მქონდა მასთან არც კარგი და არც არანაირი ურთიერთობა. ის ბევრ გადაწყვეტილებას იღებს, რათა სამსახურიდან ჩემ წასვლას მიაღწიოს.
_ მერი აცხადებს, რომ მას სამსახური სთხოვეთ, თქვენ ამბობთ, რომ მან სამსახურიდან წასვლა მოგთხოვათ, რომელია სიმართლე?
_ მისთვის სამსახური არ მითხოვია. სამსახური მაქვს, მაგრამ მერს არ სურს ჩემი მანდ ყოფნა. როგორც აღვნიშნე, მერი განცხადების დაწერას მთხოვდა. მე პოზიცია მქონდა, რომ ისეთ სამსახურში გადავსულიყავი, სადაც მერთან აღარ მექნებოდა შეხება და აღარ ვიქნებოდი მასთან არანაირ სუბორდინაციაში. ოღონდ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი ჩემი მხრიდან. ამ სამსახურში მისი დახმარების გარეშე ვარ მოსული, ჩემი შრომით და მეცადინეობით (მერი შეიძლება ვერ მიხვდეს, ახლა რა ვთქვი) და თუ ის არ შემავიწროებს, არსადაც არ მსურს გადასვლა. მსურს, მან შეწყვიტოს ჩემი შევიწროება და მუშაობის საშუალება მომცეს.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ბიაშვილის ბრალდებებს არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პრესსამსახურს მუშაობაში ხარვეზები აქვს. იმასაც ადასტურებს, რომ თუ მუშაობაში ვინმე რამეს დაარღვევს, საყვედურსაც გამოუცხადებს და სამსახურიდანაც გაათავისუფლებს.
არჩილ ხანდამაშვილი:
_ მას შემდეგ, რაც გურჯაანის მერის უფლებამოსილება მივიღე და თითოეული სამსახურისა თუ განყოფილების მუშაობას გავეცანი როგორც ფუნქციურად, ასევე პასუხისმგებელი პირების კომპეტენტურობის კუთხით, მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდი მათ და ვთხოვე განცხადების დაწერა, შემდეგ კი ღია კონკურსის გამოცხადება, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ საშუალება გვქონოდა, ღიად და გამჭვირვალედ მიგვეღო ის ადამიანები, რომლებიც თავს გაართმევდნენ აღნიშნული სამსახურების მართვას. ანუ მერიაში დარჩებოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თავისი კომპეტენციით გამოირჩეოდნენ და ასეც უნდა იყოს, იმისთვის რომ მერია დაემსგავსოს მერიას!
ერთი რამის თქმა მინდა, რომ გაცილებით მკაცრი ვიქნები, ვიდრე აქამდე ვინმე ყოფილა. ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, რა მაძლევს ამის საფუძველს?!
ყველა თანამშრომელი უნდა იყოს მოწოდებული, რომ მოქალაქეებთან, საქმესთან, პროექტებთან მიმართებით და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, იყვნენ არა მარტო კომპეტენტურები, არამედ ყურადღებიანებიც, რადგან მოქალაქეს არ უნდა უწევდეს ფურცლით ხელში სამ სართულზე ასვლა-ჩასვლა და შენობიდან ისე გასვლა, რომ რამე ვერ გაიგოს, რასაც, ჯერჯერობით, ისევ ვაწყდები.
დიახ, მე იმიტომ ვარ მერი, რომ აი, ამას უნდა მივხედო! ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ მეც და მერიის ყველა თანამშრომელიც!
ახლა, რაც შეეხება ზვიად ბიაშვილის ბრალდებებს.
პირველ რიგში, მადლობა ჩანაწერის გამოქვეყნებისთვის ჩემს ოპოზიციურ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს ბიაშვილს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს კეთილსინდისიერებას, გამომდინარე იქიდან, რომ ის ითხოვდა სამსახურს, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო სექტორში იყო და თან მაღალანაზღაურებადი. ბუნებრივია, რომ მე ამ თხოვნას ვერც და არც დავაკმაყოფილებდი. თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა დავძინო, რომ ჩემი მისდამი თხოვნა, რომ განცხადება დაეწერა, არ ნიშნავდა იმას, თითქოს მე გადაწყვეტილი მქონდა მისი განთავისუფლება, ან ახლა მაქვს გადაწყვეტილი, პირიქით, მინდოდა, რომ ყველა თანამშრომლისთვის მიმეცა შესაძლებლობა, საკუთარი კომპტენციები და უნარები გამოევლინათ და დაემტკიცებინათ, რომ ისინი ამა თუ იმ სამსახურის ხელმძღვანელობას იმსახურებდნენ. ზვიადმა ჩვენი საუბარი ჩაიწერა და გამოაქვეყნა კიდეც, რაც მე პირადად ეჭვს მიჩენს, რომ ამ ყველაფერს ბიაშვილი იმისთვის აკეთებს, რომ არ აქვს კონკურსის გადალახვის იმედი და შესაბამისად, წინასწარ ატეხილი აჟიოტაჟით იქმნის მსხვერპლის როლს.
ხოლო ის, რომ პრესგანყოფილება კარგად ვერ მუშაობს, ეს მარტო ბიაშვილს არ ეხება. მე ყველა სამსახურს მივეცი დავალება, წარმოედგინათ სტრატეგია, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამა თუ განყოფილებამ თუ სამსახურმა. ანალიზის შედეგად მარტო ზვიადს კი არა, ყველას დავუგზავნე წერილები და შენიშვნები მივეცი, ოღონდ ეს არც საყვედური ყოფილა და არც გაფრთხილება.
ახლა, რაც შეეხება იმას, რომ მე თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ვეძებ ზვიადის განსათავისუფლებლად:
მარტივად გპასუხობთ, _ მეოთხე თვე სრულდება, რაც გურჯაანის მერი ვარ და ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება რომ მქონოდა ჩაფიქრებული, აქამდე ძალიან ბევრი შესაძლებლობა მქონდა მის გასათავისუფლებლად. სამსახურში დააგვიანებდა? ადრე წავიდოდა სამსახურიდან? ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებდი და გავუშვებდი. მაგრამ ამ მეთოდით, არც მაქვს სურვილი მუშაობის და არც არის ჩემთვის მისაღები.
თუ აუდიტის სამსახური რაიმე გადაცდომას სწავლობს ბიაშვილის შესახებ, ჯერ დადოს დასკვნა და მერე გაკეთდეს შეფასებები. რაღაც პრობლემა იყო თავის დროზე, პრესგანყოფილების მუშაობის საკითხიც დადგა, მოიკვლია აუდიტმა და დაადასტურა, რომ ბიაშვილის ბრალეულობა არ იკვეთებოდა. ასევე, შეიძლება მოხდეს ნებისმიერი თანამშრომლის შემთხვევაში, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი.
ვიმეორებ: არც მიფიქრია აქამდე, რომ ზვიადისთვის საყვედური გამომეცხადებინა, მაგრამ ზვიადი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თუ გადაცდომა ექნება, საყვედურსაც გამოვუცხადებ, შენიშვნასაც მივცემ და საერთოდ სამსახურიდანაც გავუშვებ.
ახლა, ჩემი ალტერნატიული პრეესსამსახური.
წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის პრესსამსახური ჩემს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს მართავდა, ახლა თავად მე ვმართავ თანაშემწის დახმარებით. სისხლის ჩაბარების აქციას დავესწარი და მართალია, ჩემი პრესგანყოფილების კადრში არ მოვხვდი, მაგრამ ფოტოები, რომლებიც ჩემს ოფიციალურ გვერდზე განვათავსე, მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენელის გადაღებულია, მიუხედავად იმისა, რომ ბიაშვილმა თქვა, არ გადაუღიაო.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემი პრესგანყოფილება ერთი კონცეფციითა და ერთი საკომუნიკაციო სტრატეგიით მართავდეს, როგორც ჩემს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს, ასევე ყველა დანარჩენს, მაგრამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფეისბუქისა და საიტების მართვას თუ ვინმე შეისწავლის, მარტივად მიხვდება, რომ მასზე ნამუშევარი ნამდვილად არ არის.

საბოლოო დასკვნისთვის: გურჯაანს ნეპოტიზმი არ ახასიათებს. მერი ამბობს, რომ ბიაშვილს არ უპირებს განთავისუფლებას, რადგან, ამ ეტაპზე, საფუძევლი არ გააჩნია, მაგრამ თავად ბიაშვილი ამბობს, რომ მას დევნიან.

P. S. „იცი, რამ მოგიყვანა, ბაბუა?
– არა! – უპასუხა შვილიშვილმა.
– მე გეტყვი, აბა: სისხლმა მოგიყვანა, ბაბუა, სასწაულია სისხლი…
მხოლოდ სისხლი ლაპარაკობდა და ფიქრობდა, ხოლო რას ლაპარაკობდა და ფიქრობდა სისხლი, – ღმერთმა უწყის!“
ნოდარ დუმბაძე „სისხლი“.

მაკა მოსიაშვილი