ხელისუფლების რღვევა ლაგოდეხიდან დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ კანონით პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება აქვს, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი დაარღვია და საკრებულოებში, მინიმუმ, სამი ფრაქცია შექმნა, მათ შორის, ყველაზე გახშირებულია „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება _ მრეწველები“, „ქართული ოცნება _ კონსერვატორები“. აღნიშნულ ფაქტს ახმეტის ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე სასამართლოში ასაჩივრებს. სანამ სასამართლო ვერდიქტს გამოიტანს, მანამ სამი კვირის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფრაქცია „მრეწველები _ ქართული ოცნება“ დაარსდა.

ფრაქციას სამი წევრი ჰყავდა, თუმცა სამი კვირის შემდეგ ფრაქციის ერთმა წევრმა განაცხადა, _ უკაცრავად, აზრი შევიცვალე და ფრაქციას ვტოვებო. ეს მაშინ, როცა ფრაქციის 2 წევრი მაღალანაზღაურებად ხელფასს იღებს, ხოლო მესამე წვერს, მართალია, წარმომადგენლობითი ხარჯი, საშუალოდ, თვეში, 400 ლარი აქვს, თუმცა ორი წევრი კულუარულად ხელფასს უყოფს, ე. ი. თითო წევრის ჯამაგირი 900 ლარამდეა. ჰოდა, უცნაურად უნდა მოეჩვენოს კაცს 900 ლარზე უარის განაცხადი. აი, ამ უცნაურობის მიზეზი ერთია:
თუ ლაგოდეხის პარლამენტის მაჟორიტარს დაუმორჩილებლობას გამოუცხადებ, მაშინ დაისჯები, დაგეშლება ფრაქციაც და შინაპატიმრობაც მოგესჯება.

მაშ, ასე! ამბავი ლაგოდეხელი „მრეწველებისა“ და არა მარტო „მრეწველებისა“…

ლაგოდეხის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრების მიმართვამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მათი განცხადებით, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი უხეშად ერევა საკრებულოს საქმიანობაში და შესაბამისი კვორუმის არარსებობის დროს, საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სათანადო პროცედურების დაუცველად და არაუფლებამოსილი პირების დახმარებით, საკრებულო იღებს არასამართლიან გადაწყვეტილებას.
სამიოდე კვირის წინათ საკრებულოს კომისიებში ახალი საკითხი შევიდა საკრებულოში აპარატის რეორგანიზაციის თაობაზე. ლაპარაკია იყო, სადღაც, ორი ადამიანის განთავისუფლებაზე. ხელშეკრულებებით აყვანილი რამდენიმე თანამშრომელი კი გაათავისუფლეს არა იმიტომ, რომ მათ მხოლოდ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, არამედ იმიტომ, რომ მათ პატრონი არ ჰყავდათ. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კიდევ ააიპების რეორგანიზაცია, რასაც საკრებულოს ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი. ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ლაგოდეხში ყველა საკადრო ცვლილებას თავად მაჟორიტარი დეპუტატი ახორციელებს… რატომ? ასე მიიჩნევს დღეს ოპოზიცია. ვისაც მაჟორიტართან პატრონი ვერ გამოუჩნდა, იმათზე გადატყდა ჯოხი. ჯამში, საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებით: 4 შტატიდან მიიღეს 2 შტატი, ანუ ფუნქციები 2 შტატს გაუზარდეს, ხოლო 2 შტატი გააუქმეს.
2 კვირის წინათ სწორედ საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციაზე ოპოზიციამ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიჩინა. საკრებულოს წევრთა აზრით, ეს არ იყო მართებული და მხოლოდ 2 ადამიანისთვის ჩატარებული აპარატის რეორგანიზაცია კომიკურად გამოიყურებოდა. ბიუროს სხდომას ესწრებოდა როგორც ოპოზიცია, ასევე „ქართული ოცნების“ საკრებულოს კომისიის წევრებიც. ალბათ, გამორჩეულია ის ფაქტი, რომ ლაგოდეხის „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ახალგაზრდა დეპუტატები ჰყავს საკრებულოში, რომელთაც აღმოჩნდა, რომ რცხვენოდათ მაჟორიტარის მითითება რეორგანიზაციის შესახებ. ასე რომ, ბიუროს სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ოპოზიციის მოთხოვნას შეუერთდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რეორგანიზაციას მხარს არ დაუჭერდნენ. თუმცა ბიუროს სხდომა დასრულებული არ იყო, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან სასწრაფოდ წერილმა იფრინა და „ოცნების“ ბიუროს წევრები ადგილზე გამოიძახეს. მუქარა მარტივი იყო, _ მაჟორიტარმა გადაწყვიტა, ურჩები დაესაჯა და ორი ფრაქცია დაეშალა, საბოლოო ჯამში კი უკვე შემდეგ ბიუროს სხდომაზე ახალი საკითხი შევიდა: „ქართული ოცნება _ მრეწველების“ ცნობად მიღების გაუქმების (სამართლებრივი ტერმინი, _ რედ.) შესახებ.
იმისთვის, რომ ფრაქცია დაიშალოს, საჭიროა ფრაქციის სამი ადამიანიდან ერთი მაინც გავიდეს. ასე აღმოჩნდა აქაც, ერთმა დეპუტატმა პირადი აზრი მოიშველია და ამის გამო დატოვა ფრაქცია. ამან კი ავტომატურად ფრაქცია „ქართული ოცნება _ მრეწველების“ დაშლა გამოიწვია. არგუმენტი, _ რა პირადი აზრი ჰქონდა დეპუტატს? _ ასეთი იყო: კაცია და გუნებაო, მინდა და ახლა ასე ვფიქრობო…
თუმცა უკვე სადამსჯელო ბიუროს სხდომაზე ის „ქართული ოცნების“ წევრები არ გამოცხადდნენ, რომლებსაც წინა ბიუროს სხდომაზე პრეტენზია ჰქონდათ და ოპოზიციასთან ერთად აკრიტიკებდნენ რეორგანიზაციის მოთხოვნას. არგამოცხადებულ დეპუტატებს მიზეზად ეთვლებოდათ ერთ მათგანს შვებულება, ხოლო მეორეს _ 2 დღით სამსახურიდან განთავისუფლება ჯანმრთელობის მიზეზით, რის გამოც არც ბიუროს სხდომას დაესწრებოდა და არც საკრებულოსას. ასე რომ ვთქვათ, ხმას ვინც იღებდა, იქიდან რამდენიმე „შინაპატიმრობაში“ გაუშვეს დროებით. აღმოჩნდა, რომ ბიუროს სხდომაზე არც ფრაქცია „ნაციონალების“, არც ფრაქცია „ევროპული საქართველოსა“ და არც ფრაქცია „დამოუკიდებლების“ თავმჯდომარეები შევიდნენ, რამაც ის გამოიწვია, რომ საკრებულოს ბიუროზე კვორუმი არ შედგა. დიდ საგონებელში ჩავარდნილმა საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურიამ ბიუროს ჩატარების ახალი მეთოდი მოიფიქრა და კომისიის თავმჯდომარეები, რომლებიც სხდომაზე ბიუროს სხდომაზე არ ან ვერ გამოცხადდნენ, მათი მოადგილეები მოიწვია…
სამართლებრივად კი: თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ბიუროს წევრები არიან საკრებულოს, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები. ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. ბიუროს სხდომაზე დასწრება საჯაროა და ყველას შეუძლია დაესწროს, თუმცა თუ რეგლამენტში განსაზღვრული არ არის, რომ კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში მის მოადგილეს უფლება აქვს, დაესწროს ბიუროს სხდომას, შესაბამისად, ბიუროს სხდომაზე მისი დასწრებაც მის წევრობას არ ითვალისწინებს. ასე რომ, თუ საკრებულოს რეგლამენტში ეს ამ ფორმით არ აქვს დარეგულირებული, ე. ი. ბიუროს წევრებად ვერც კომისიისა და ვერც ფრაქციის თავმჯდომარეები ჩაითვლება, ხოლო ბიურო რომ ჩატარდეს, ამისთვის კვორუმია საჭირო.

ევა ლომთაძე _ საკრებულოს წევრი:
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელიც განსაზღვრული დროით გუშინ ორ საათზე უნდა დაწყებულიყო, საკმაოდ დაგვიანებით დაიწყო. ვითარება, რომელიც საკრებულოშია შექმნილი, თითქმის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა იმ სიტუაციას, რაშიც მმართველმა გუნდმა თავი ჩაიყენა ლაგოდეხში, საქართველოს პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით. საკრებულოს ოპოზიციურმა ძალებმა, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპული საქართველოსა“ და საკრებულოს ფრაქცია „დამოუკიდებლობის“, ასევე საკრებულოს წევრების ერთმა ნაწილმა „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ, რაც საკუთარი უარყოფითი და ერთიანი პოზიცია გამოხატა საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკრებულოს ბიუროს წინა სხდომაზე, დაიწყო საქმის გარჩევები, მმართველი პარტიის იმ წევრების დეპუტატთან დაბარებები, რომლებთანაც თავიანთი შეხედულებები ჰქონდათ საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე. სადამსჯელო მოქმედების გამოხატულება იყო „ურჩთა ჭკუის სასწავლებლად“ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ დაშლა (არადა, ეს ფრაქცია სულ ახლახან ჩამოყალიბდა). ბიუროს დღევანდელი სხდომა, რომლის კანონიერებაც ნამდვილად იწვევს ეჭვს, ჩატარდა რეგლამენტის მუხლების „ჭრისა და კოპირების“ განსაკუთრებული პრინციპით, რათა საკრებულოში „პოლიტიკური ნოკაუტი“ დაეძლიათ.
საკრებულოს ოპოზიციური ძალები, დავაფიქსირებთ რა ხვალინდელ სხდომაზე ერთიან პოზიციას საკრებულოში არსებულ ვითარებაზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საკრებულოს ის წევრები მმართველი პარტიიდან, რომელთა ობიექტურობაც უკვე დაფიქსირდა, ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე იქნებიან მართალნი საკუთარ პოზიციასა და არჩევანში დღევანდელ სხდომაზე“.
თუმცა საკრებულოს სხდომაზე შედეგი მაინც დადგა _ როგორც ოფიციალური ფეისბუქგვერდით მოსახლეობას საკრებულომ ამცნო:
„დღეს, 16 თებარვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ მრეწველების“ გაუქმების ცნობად მიღების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს და სხვა საკითხებთან ერთად მხარი დაუჭირეს 6-დან 18 წლამდე შშმ პირთა სოციალური დაცვის ხარჯის ზრდას 2900 ლარით. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირა“.
საკრებულოს სხდომას მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენელიც ესწრებოდა სწრაფ დესპანად.
ლაგოდეხის საკრებულო პარლამენტის ლაგოდეხის მაჟორიტარისთვის დიდ თავის ტკივილად იქცა, _ მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კარიდან“ მითითებით მაჭარაშვილმა ურჩები დასაჯა, ურჩები მაინც ურჩებად დარჩნენ. მართალია, „ოცნების“ ურჩმა ახალგაზრდა წევრებმა სამართლებრივი საფუძველი შეიქმნეს და ზოგი არ გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა საკრებულოს დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურიამ ერთი საათით ადრე დახურული თათბირი კვლავ ჩაატარა, რომ ვინმე ახალი მოწინააღმდეგე არ გამოსჩენოდა.
ჯამში, „ოცნებამ“ თავისი გაიტანა, მაგრამ ხვალინდელი დღის შიში უფრო მეტად გაუღრმავდა. რატომ? იმიტომ, რომ დაუმორჩილებლობის ტალღა მუნიციპალიტეტში იზრდება, ხვალ ან ზეგ თავმჯდომარის იმპიჩმენტიც მოსალოდნელია. ახალგაზრდა ნაკადს მოქალაქეებთან შეხვედრის რიდი ეზრდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჭარაშვილს თავის ტკივილი ემატება.
ლაგოდეხში ამბობენ, რომ ყველაფერი ამით არ დასრულდება, შეიძლება დღეს საკრებულოდან 2 ადამიანი გაუშვან, ხვალ ააიპებიდან გაყარონ ადამიანები, ბევრი ოჯახი დარჩეს მშიერი, თუმცა საკრებულო უფრო და უფრო კრიტკული გახდება, რაც ფინალში ადგილობრივი ხელისუფლების დაპირისპირებას გამოიწვევს. მთავარი მოქალაქეების ინტერესია, ფაქტი ერთია _ ხელისუფლების რღვევა ლაგოდეხიდან დაწყებულია! მრეწველობამ კი ლაგოდეხი ვერ გადაარჩინა!

მაკა მოსიაშვილი