ჩალით დახურული ქვეყნის იმერული ესკიზები

რომელ კლინიკებს სწყალობს სასწრაფო დახმარება ქუთაისში?

ბოლო დროს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად წამოჭრილ თემას, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობაში კორუფციული ფაქტების შესაძლო არსებობას ეხება, ქუთაისიც შეუერთდა. ადგილობრივთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამსახური და კონკრეტული კლინიკები შეთანხმებულად მოქმედებენ.
ამაში ცალსახად დარწმუნებულია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი, გოგი წულაია, რომლის თქმითაც, ქუთაისის სასწრაფო იძულებულია, უპირატესობა მიანიჭოს „ევექსის“ ჰოსპიტალებს.
„ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უპირატესობას ანიჭებს „ევექსის“ კლინიკას, რაც მონოპოლიაა და ქალაქში არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ეს ნამდვილად არ არის სასწრაფოს თანამშრომლების დანაშაული. ზეწოლა მოდის თბილისდან. ქუთაისში სასწრაფოს თანამშრომლები, შეიძლება ითქვას, კაპიკებზე მუშაობენ. ესეც სამარცხვინოა, რომ თბილისში ექიმებს 1000-1500 ლარი აქვთ ხელფასი, ქუთაისში კი 400-500 ლარი. ეს არის მარაზმი“, _ აცხადებს წულაია.
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმთა ბრიგადებს, რომელთა განკარგულებაშიც 10 სპეციალური ავტომობილია, დღე-ღამის განმავლობაში, საშუალოდ, 165-170 გამოძახებაზე გასვლა უწევთ. ეს არცთუ ისე მცირე ციფრია იმისთვის, რომ პაციენტები ქალაქში არსებულ ყველა კლინიკაში გადანაწილდნენ. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სახის პრეტენზია სამედიცინო დაწესებულებებისგან მაინც ისმის.
კლინიკა „ბომონდის“ ხარისხის მართვის მენეჯერ ფატმან როგავას განცხადებით, ზოგჯერ 2-3 დღე ისე გავა, მათთან პაციენტი არ შეჰყავთ. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან კვირაში, დაახლოებით, 10 პაციენტს იღებენ.
კლინიკა „ლჯ“-ის ხელმძღვანელ ზაზა ლომინაძის განმარტებით კი პაციენტის სურვილს ხშირად არ აკმაყოფილებენ და მათი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი სხვა სამედიცინო ცენტრებში გადაჰყავთ. ლომინაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ტერიტორიულ მიდგომაზეც და განმარტავს, რომ ხშირად კლინიკასთან ახლოს მცხოვრებ პაციენტს გაცილებით შორ მანძილზე არსებულ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ათავსებენ.
სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს არ ეთანხმებიან უშუალოდ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონული სამსახურის მენეჯერ მაია რუხაძის განცხადებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კუთხით რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს და სამედიცინო ბრიგადებს ისინი ტერიტორიისა და რიგითობის გათვალისწინებით გადაჰყავთ. რაც შეეხება გოგი წულაის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს, რუხაძე მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

არის თუ არა ქვეყანა ჩალით დახურული?!

ცნობილია, რომ მოქალაქის საკუთრება ხელშეუხებელია და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს, თუმცა ხშირად ასე არ ხდება. მაგალითად წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა ჟონეთში მცხოვრები მაყვალა დანგაძის საქმე გამოდგება, რომლის კუთვნილ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვება, მისივე მტკიცებით, კანონის დარღვევით ხდება. დანგაძეების მიწის ნაკვეთი იმ ტერიტორიას ესაზღვრება, სადაც შპს „ანრე 2006“ და შპს „სვაია“ ლიცენზიის საფუძველზე წიაღისეულს მოიპოვებენ. თუმცა მათი მოქმედების არეალი, დანგაძის თქმით, გასცდა საზღვრებს და სამუშაოები მის კუთვნილ ტერიტორიაზეც გაგრძელდა.
„2005 წელს ამ დავას ჩემი მეუღლე შეეწირა. წლების შემდეგ ვნახე საბუთები, რომ ტერიტორია ჩვენი ოჯახის საკუთრებაა. მივმართე სასამართლოს, შეეჩერებინა ჩვენს საკუთრებაში გრანიტის მოპოვების სამუშაოები, მაგრამ სასამართლომ 2014 წლიდან ჯერ საქმის განხილვა ვერ დაიწყო. მოსამართლემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ საქმის განხილვას ხუთი წელი დასჭირდეს და შპს-ს საქმიანობას ხუთი წელი ვერ გავაჩერებო. ე. ი. ჩემი უფლებები ამ ქვეყანაში დაუცველია. ვერიდები კონფლიქტს და ვცდილობ, პროვოკაციას არ ავყვე, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე?“ _ განაცხადა მაყვალა დანგაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერის, გოგი წულაიას მხარდაჭერით გაიმართა.
„მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის მართალი. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მაგრამ სასამართლო აჭიანურებს ამ საქმეს, რათა შპს-ები არ დაზარალდნენ. მოქალაქე არ აინტერესებთ. ასეთი დამოკიდებულების გამო მოქალაქეები იძულებული ხდებიან, ალტერნატიული გზებით ეძიონ სამართალი, მათ შორის, მიმართონ ქურდულ სამყაროს. ეს იწვევს ქურდული სამყაროს გააქტიურებას. მერე უკვირთ არსებული სტატისტიკა. მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ადამიანის უფლებები, არ გაუჩინონ მოქალაქეს უსამართლობის განცდა, რადგან ამას არასახარბიელო შედეგი ექნება“, _ განაცხადა წულაიამ ფაქტის შეფასებისას.
თავად მაყვალა დანგაძე დანებებას არ აპირებს და სასამართლოსთან აქციის მოწყობას აანონსებს. „თუ არ მოყვება რეაგირება, სასამართლოში ჩალას მივიტან და ყველას ვაჩვენებ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული“, _ აცხადებს იგი.

ქუთაისში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა

ძელსკამების, ლამპიონებისა თუ სხვა ბევრი რამის დაზიანების ფაქტები ქუთაისში ხშირად ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერმა მასშტაბური სახე მიიღო. ადამიანთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, აგრესიამ მკვეთრად მოიმატა და ამის გამო ისინი ასე გამოხატავენ შინაგან მდგომარეობას.
რამდენიმე ხნის წინათ სამხატვრო გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანა. ანალოგიური ფაქტი მანამდე ცისფერყანწელთა ქუჩაზეც მოხდა, სადაც ასევე დაუდგენელმა პირმა იგივე სტენდი შეიწირა. დამნაშავეების პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნული სტენდები პროექტ „ქალაქი-ბიბლიოთეკის“ ფარგლებში გასული წლის ბოლოს დამონტაჟდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გაიხარჯა. პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბანში მცირე და დიდი ზომის სტენდები განთავსდა, რომელთა უმრავლესობა უკვე პირვანდელი სახით აღარ გამოიყურება.
გასულ კვირას კი ყოფილ პუშკინის ქუჩაზე, ასევე დაუდგენელი პირების აგრესიას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ დამონტაჟებული მანიშნებელი შეეწირა.
უკვე მასობრივია ძელსკამების დაზიანება. ქუთაისის სკვერებში იშვიათად თუ ნახავთ ისეთ სკამს, რომელსაც რაიმე დეტალი გატეხილი არ ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ, ჯერჯერობით, ვანდალიზმის ჩამდენი არც ერთი პიროვნება გამოვლენილი და დასჯილი არ არის მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ტერიტორიებზე, სადაც ხშირად მსგავსი შემთხვევები ხდება, კამერებია დამონტაჟებული. ქუთაისლებს აინტერესებთ, თვალთვალის ეს საშუალება ქუჩის დეკორატიულად გაფორმებისთვის განათავსეს და ბიუჯეტიდან თანხები იმისთვის იხარჯება, რომ იგი პირდაპირი დანიშნულებისთვის გამოიყენებოდეს? კითხვა, ჯერჯერობით, პასუხგაუცემელია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ვიდრე ის პირები არ გამოვლინდებიან, რომელთა გართობასა და შინაგანი ემოციის გამოხატვის საშუალებას მსხვრევა წარმოადგენს, მანამდე მსგავსი ფაქტების აღკვეთა შეუძლებელი გახდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დაზიანებული სტენდები აუცილებლად აღდგება, რაც, ბუნებრივია, ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გაღების ხარჯზე უნდა მოხდეს.

საჯარო მოხელე და შეუთავსებელი საქმიანობა

„თანამდებობის პირებმა 2017-18 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას“, _ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევის იმ ნაწილში, რომელიც მუნიციპალიტებებში დასაქმებულ თანამდებობის პირებს ეხებოდა.
ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 70-მდე ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი 4 გამოვლინდა. ასევე თერჯოლაში დაფიქსირდა 3 ფაქტი თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ.
„აღნიშნული წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას“, _ აცხადბენ ორგანიზაციაში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დარღვევები აღმოაჩინეს საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილე ნოდარ ფანჩულიძის, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ მრეწველების“ თავმჯდომარე კონსტანტინე ამაშუკელის, თერჯოლის მერ ბონდო სოფრომაძის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელ ავთანდილ ურიადმყოფელისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ ნუგზარ ფანჩულიძის მიერ შევსებულ დეკლარაციებში.
ნოდარ ფანჩულიძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს „იმერეთი 2017“-ის 100%-იანი წილის მესაკუთრე და შპს „ბერტა იმერეთის“ დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ მრეწველების“ თავმჯდომარე კონსტანტინე ამაშუკელის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის შპს „სხივისა“ და შპს „სხივი 2015“-ის დირექტორი და მეწილე. ამაშუკელი დეკლარაციაში უთითებს, რომ აღნიშნულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2017 წლის თებერვალში, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, კვლევის პერიოდში ორივე მეწარმე სუბიექტს აქტიური სტატუსი ჰქონდა. აღნიშნული ფაქტიც კანონის უხეში დარღვევაა.
კანონის მოთხოვნა უგულებელყოფილია თერჯოლის მერის, ბონდო სოფრომაძის შემთხვევაშიც, როცა მან არ მიუთითა ის, რომ იგი არის შპს „ახალ დონეში“ 100%-იანი წილის მფლობელი. მსგავსი სახის შენიშვნები დააფიქსირა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზემოთ აღნიშნული სხვა პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლისას.
რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს: საკრებულოს „ქართული ოცნება _ კონსერვატორების“ თავმჯდომარე სერგო კირკიტაძემ 2017 წლის სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ არის შპს „დანსის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე. ასევე დეკლარაციის მიღმა დარჩა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მისი მეუღლე ანა წიწილაშვილი შპს „პროგრესი+ 2006“-ის დირექტორია.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილის 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ იყო ასახული ის, რომ იგი შპს „კურორტმშენის“ 25%-იანი წილის მფლობელია.
ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას არასწორი მონაცემების დაფიქსირება, სამწუხაროდ, იშვიათობას არ წარმოადგენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გეგმავს, ამ მიმართულებით სამომავლოდაც გააგრძელოს მუშაობა და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

შეასრულებს თუ არა კულტურის მინისტრი დაპირებას?

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ისევ რეაბილიტაციას ელის. მიუხედვად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს კოლექტივი ცნობას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თაობაზე სიხარულით შეხვდა, პროცესი ჯერაც არ დაძრულა. თეატრის ხელმძღვანელის განცხადებით, რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის მერიის ჩართულობით მომზადდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოლექტივი ადგილობრივი დაქვემდებარებიდან სამინისტროს დაფინანსებაზე გადავიდა, პროცესს ქუთაისის თვითმმართველობა გამოეთიშა. შედეგად, თეატრის შენობის რეკონსტრუქციის პროგრამა მიმდინარე წლის დაფინანსებულ პროექტებს შორისაც ვერ მოხვდა.
„პროექტში შესწორებების შეტანა გახდა საჭირო, მაგრამ ამასობაში ახალი წელი დაიწყო და იგი ბიუჯეტში ვერ მოხვდა. სამინისტროს სხვადასხვა პროექტი აქვს, დაახლოებით, 60 მილიონის ფარგლებში. შესაძლოა, აქედან გამოიძებნოს ჩვენთვის თანხები“, _ იმედს არ კარგავს თეატრის დირექტორი, თეიმურაზ ბაღდავძე.
ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისთვის 550 ათასი ლარია საჭირო. შენობა ფოიეს, დარბაზის, ფასადის სრულად გარემონტებასა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის თოჯინების თეატრი 1946 წელს შეიქმნა. შენობა, სადაც ამჟამად იგია განთავსებული და რომელიც საჭირო პირობებს ვერანაირად აკმაყოფილებს, ბოლოს 1987 წელს გარემონტდდა. რამდენიმე ათეული წელია, მსახიობებს ნესტსა და მტვერში უწევთ მუშაობა. მიუხედავად ამისა, ისინი ერთი დღითაც არ გაჩერებულან. დღეისთვის თეატრის რეპერტუარში 23 სპექტაკლია. კოლექტივს კულტურის სამინისტრო 250 ათასი ლარით აფინანსებს, რაც, ბუნებრივია, არასაკმარისია. მართალია, დანაკლისის შევსებას დასი საკუთარი შემოსავლებით ცდილობს, მაგრამ გარედან დაუხმარებლად სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება წარმოუდგენელია. ქუთაისის თოჯინების თეატრში სჯერათ, რომ მინისტრი აუცილებლად შეასრულებს პირობას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის თვითმმართველობის მუშაობა შეაფასა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 100-დღიანი მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შეაფასა. ოპოზიცია ქალაქში დადებით ძვრებს ვერ ხედავს და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტიან საქმიანობაზე საუბრობს.
„სახეზეა ხელფასებისა და ბიუროკრატიის ზრდა და ამის შედეგად ქუთაისის თვითმმართველობას „ქართული ოცნების“ შენახვა 4 წლის განმავლობაში 1 888 000 ლარით მეტი დაუჯდება, რაც საკმარისი იქნებოდა ოთხი საბავშვო ბაღის ასაშენებლად“, _ აცხადებს გიგა შუშანია და დასძენს, რომ მხოლოდ საკრებულოში ხელოვნურად შექმნილი ოთხი ფრაქციის შენახვისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 144 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. მისივე თქმით, დეკემბერში თვითმმართველობაში 55 ათასი ლარის პრემია გაიცა, რაც სრულად დაფარავდა იმ ქუთაისელთა კომუნალურ გადასახადებს, რომლებსაც გადაუხდელობის გამო საახალწლოდ ელენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის; მედიკამენტების 50-ლარიანი ვაუჩერი პენსიონერებისთვის; 50 ათასი ლარი ყველა სკოლას და კიდევ რამდენიმე მუხლი, რომელთა შესრულებასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პერიოდში ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას დაჰპირდა, გიგა შუშანიას განცხადებით, ისევ დღის წესრიგშია. თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაფერ ამის მისაღწევად ბრძოლამ საკრებულოს დარბაზიდან ქუჩებში უნდა გადაინაცვლოს.

ხვიჩა ვაშაყმაძე