ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა და ახალი რეფორმა მცირე მეწარმეებისთვის

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მცირე მეწარმეობის წასახალისებლად ახალი საგადასახადო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.
დღევანდელი კანონმდებლობით, მცირე ბიზნესის მქონეს სტატუსით ის მეწარმეები მოიხსენიებიან, რომელთა შემოსავალიც არაკალენდარული წლის განმავლობაში 100 000 ლარს არ აღემატება, თუმცა ახალი ინიციატივით, ეს მონაცემები 5-ჯერ იზრდება და როდესაც ეს კანონპროექტი დამტკიცდება, მცირე ბიზნესის მქონეს სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც უკვე 500.000 ლარს არ აღემატება.

როგორც თავად ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, ახალი საგადასახადო ინიციატივა უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს აყალიბებს მცირე მეწარმეებისთვის. მისივე თქმით, აღნიშნული ინციატივა მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს: „ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს, სულ 120 000 ფიზიკურ პირსა და მათ უკან მდგომ ადამიანებს“, _ აღნიშნა ბახტაძემ.
მანვე ისაუბრა მთავრობის პრიორიტეტზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაზრდილი მცირე და საშუალო ბიზნესის წილს წარმოადგენს.
„ჩვენ დღეს არსებულ ზღვარს 5-ჯერ ვზრდით. ასევე, 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და ნაცვლად დღეს არსებული 5%-იანი ზღვრისა, ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულამდე. ჩვენი მიზანია, მეწარმეები, რაც შეიძლება, ნაკლებ დროს ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას და ისინი მთლიანად იყვნენ ფოკუსირებულები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მეწარმეები გავათავისუფლოთ ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან. მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები“.
კიდევ ერთი სიახლე ის გახლავთ, რომ მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან და არა წინასწარ, ე. წ. საავანსო რეჟიმში.
აღნიშნული სიახლე შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადსაც და კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მცირე მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად მიიჩნევენ საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, სტანდარტულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას, ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღის ვადაში.
ცნობილია, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და შესაბამის ვადებშიც დამტკიცდება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა ამ რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ეს რეფორმა, ჩვენ მიერ ინიცირებულ სხვა რეფორმებთან ერთად, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და გავხდეთ ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც ეს აღნიშნულია ყველა წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშში“, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
აღნიშნული განცხადების გაკეთებას რეაგირება მოჰყვა საზოგადოებაში.

სწორედ ამიტომ „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყდა ამ რეფორმის ჩატარება? რამ გახადა იგი აუცილებელი? როგორ აისახება ის ბიუჯეტზე, შემდეგ უკვე მეწარმეთა მდგომარეობასა და ექსპორტის წილზე? სწორედ ამ კითხვებით ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ. უწყებასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემდეგი პასუხები მივიღეთ:

_ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანია, უზრუნველყოს არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდოს. საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს ინიცირებული აქვს ახალი რეფორმების ტალღა. როგორც ცნობილია, იანვარში დაიწყო დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმა, გასულ წელს განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საბაჟოზე ე. წ. ციფრული საბაჟოს იდეის განვითარების მიმართულებით. ამასთან ერთად, იგეგმება სხვა მასშტაბური რეფორმები. მთლიანობაში, ხელს შეუწყობს გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყნის ეკონომიკაში. ფინანსთა სამინისტროს მოტივაციაა, მომავალში მეწარმეებს სტიმული ჰქონდეთ, მცირე ბიზნესის სტატუსი მიიღონ და ეკონომიკური აქტივობა დაიწყონ, კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ, გააფართოონ ბიზნესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ახალი საგადასახადო ინიციატივის შედეგად, 5-ჯერ შემცირდა ბრუნვის გადასახადი და 5-ჯერ გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად საჭირო ზღვარი.
რაც შეეხება მის გავლენას ქვეყნის ბიუჯეტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ყველა იმ გარემოების დეტალური ანალიზი გაკეთდა, რომელიც აღნიშნულ რეფორმას ეხება. მიმდინარე წლის საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მიმართულებით რისკები არ არსებობს.
აღნიშნული რეფორმა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. შესაბამისად, არსებობს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი იმისა, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდება საგადამხდელო ბაზის ზრდა და შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს მივიღებთ.
_ რა გავლენას იქონიებს იგი როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე მეწარმეთა ზოგად მდგომარეობასა და ექსპორტის წილზე?
_ საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, სხვა რეფორმებთან ერთად, საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა და საქართველო გახდეს ლიდერი ქვეყანა რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც ეს აღნიშნულია ყველა წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშში. რაც შეეხება მეწარმეთა ზოგად მდგომარეობას, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საგადასახადო ინიციატივა, ერთი მხრივ, დააწესებს უპრეცედენტოდ დაბალ საგადასახადო ტვირთს 1%-ის ოდენობით, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას. მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას და ისინი მთლიანად უნდა იყვნენ ფოკუსირებულები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაზე. მიღებული გადაწყვეტილებით მცირე მეწარმეები განთავისუფლდებიან დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან. საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მიზანია, რაც შეძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს, შეიქმნას წინაპირობები საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდა იყოს ყოვლისმომცველი და თითოეულ მოქალაქეს შეეხოს.

საინტერესო გახლდათ სფეროს ექსპერტების შეფასებები აღნიშნულ საკითხზე, თუ რამდენად სწორად გათვლილი რეფორმაა იგი და რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ მისგან?

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. რეფორმის შედეგი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა ასე იქნება თუ არა, ამ რეფორმითა და სტიმულით პასუხის გაცემა რთულია. არ არის კარგი, როდესაც სხვადასხვა ბიზნესობიექტი არათანაბარ გარემოში ოპერირებს და საქმიანობის განხორციელება ისეთ სივრცეში უწევს, სადაც სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. ეს თანაბრობის პრინციპს არღვევს _ ზოგიერთი უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ზოგი _ ნაკლებად. მე პრობლემას უფრო ამ ნაწილში ვხედავ.
ზოგადად კი გადასახადების შემცირებას მივესალმები, მაგრამ სასურველი იქნება, თუ ეს საგადასახადო ბაზა და ტვირთი თანაბრად შემცირდება ყველაზე და არა მხლოდ ერთ ჯგუფზე. სწორედ ეს გახლავთ ამ რეფორმის უარყოფითი მხარე, ამდენად ზუსტ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რომ მცირე მეწარმეებისთვის ეკონომიკური სტიმულის მიცემა მეტ მცირე მეწარმეს წარმოშობს, ან ისინი მეტ ეკონომიკურ აქტივობას განავითარებენ, შედეგად კი მეტ შემოსავალს მოიტანენ, ან მეტი ადამიანი დასაქმდება ამ ჯგუფზე გაზრდილი შეღავათების გამო.
რაც შეეხება ბიუჯეტზე გავლენას, როცა ვსაუბრობთ მცირე მეწარმეებზე, აქ არ მოიაზრება საზოგადოების დიდი ჯგუფი, საიდანაც გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმირდება, შესაბამისად, არ მგონია, რომ საგადასახადო შემოსავლების კუთხით სახელმწიფომ დიდი შემოსავალი დაკარგოს.
ხოლო ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს რაიმე კონკრეტულ ღონისძიებას ან რეფორმას, არ ნიშნავს, რომ იგი ცალსახად კარგია და არ შეძლება ამ რეფორმის გაკრიტიკებაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების კვალიფიკაციაში ეჭვი არ შემაქვს, ჩემი პოზიცია მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში არც სავალუტო ფონდს და არც სხვა ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს ამ წამოწყებას, არ ვეთანხმები და სკეპტიკურად ვუყურებ ამ რეფორმას. ვემხრობი, როცა გადასახადები და საგადასახადო ტვირთი ერთნაირად მცირდება აბსოლუტურად ყველა ბიზნესსუბიექტზე და ყველა თანაბარ პირობებში რჩება.

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ გასულ წელს ძალაში შევიდა ესტონური მოდელი, იქ შეზღუდვა არ იყო საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის, მაგრამ უფრო ხელჩასაჭიდი მათთვის გახდა. ახლანდელი გადაწყვიტილება მცირე მეწარმეთა დასახმარებლად წინგადადგმული ნაბიჯია.
აქ გარკვეული შედეგი ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ იზრდება მცირე წარმოების ზღვარი, მცირდება დაბეგვრის ფორმა და ამან შეიძლება დამატებითი სტიმული გაუჩინოს არა მარტო ამჟამად მოქმედ მცირე მეწარმეებს, არამედ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღემდე რიგი მიზეზებისა და, მათ შორის, ფინანსური ფაქტორების გამო „ფეხს ითრევდნენ“ ამ სფეროში ჩასართავად. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესაქტივების გაზრდას როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად, გეოგრაფიულად და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება.
საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს ნაკლები გადასახადი ექნება, მაგრამ დასაქმებულთა შემოსავალი გაიზრდება და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი გაზრდილი შემოსავლებიდან ბიუჯეტში მეტი შემოსავალი იქნება, ამიტომ ფისკალური კუთხით მარტო დღევანდელით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, ხვალინდელი და მომავლის პერსპექტივით უფრო მეტი თანხა შევა ბიუჯეტში და ამას უნდა მივესალმოთ. თუმცა ნათქვამია, „ეშმაკები დეტალებშიაო“, ამიტომ როდესაც აღნიშნული წინადადება პარლამენტში კანონპროექტის სახით შევა, კიდევ ერთხელ შევხედავთ, შევაფასებთ როგორც ღია, ისე დაფარულ ასპექტებს.
რაც შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსის ზედა ზღვარს, ანუ 500 000 ლარს, საქართველოშია ეს თანხა დიდი მასშტაბის, თორემ ევროპაში 3 მლნ ევროზე ნაკლები ბრუნვა მცირე ბიზნესად ითვლება. იმ 100 000-ლარიანი შემოსავლისა და ბრუნვის მქონე ბიზნესმენსაც ექნება საშუალება, სტიმული და საკმაოდ დიდი პერსპექტივა, რომ ბრუნვა გაიზადოს და 500 000 ლარს მიუახლოვოს, ან გასცდეს!
საბოლოო ჯამში, დადებითად უნდა შევაფასოთ ეს რეფორმა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახეს მიიღებს საბოლოო დოკუმენტი. ცნობილია, რომ მისი მომზადების დროს პატარა ლაფსუსიც კი გაეპარათ, ნახსენები იყო ტერმინი „ბრუნვის გადასახადი“, არადა, მსგავსი გადასახადი საქართველოში არ მოქმედებს. შეიძლება ვილაპარაკოთ გადასახადზე ბრუნვის სიდიდის მიხედვით, აზრობრივად სწორიც იქნება, თუმცა გამართული ტერმინოლოგიითა და ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა იყოს ყველაფერი შესრულებული, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. ასეთი ლაფსუსები არსად არის გამორიცხული, თუმცა ვნახოთ, საბოლოოდ, რა იქნება.

გელა ტყეშელაშვილი _ პროფესორი:
_ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით მცირე ბიზნესი ისეთი მცირე შემოსავლის მქონე ბიზნესს ეწოდებოდა, რომ არათუ მცირე, არამედ წვრილი ბიზნესი გამოდიოდა. დღეს უკვე საუბარია ნახევარი მილიონ ლარზე, ამ მონაცემს კიდევ არა უშავს, ისიც კარგია, რომ შეღავათები აქვთ ბუღალტრულ საქმიანობაში. ბიუჯეტში ბიზნესიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, არ იყო, რადგან მცირე ბიზნესს, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიეკუთვნებოდა, მაგალითად, მკერავი, მეწაღე და ა. შ.
ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საშუალო კლასი და მცირე ბიზნესი, იქნებ, ამ კუთხით ამ რეფორმამ დაძრას და საშუალო კლასის ჩამოყალიბება დაიწყოს, თუმცა ამას წლები სჭირდება.
ეს ყველაფერი ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ საზოგადოებისთვის შეიძლება მცირედი სარგებელი ჰქონდეს. საგადასახადო სისტემა ქვეყანაში ტვირთს წარმოადგენს და ამ ტვირთს რომ გაუძლო, ან მონოპოლლისტი უნდა იყო, ან კარგად ფესვგადგმული ბიზნესი უნდა გქონდეს. ამ რეფორმით კი შესაძლოა, რაღაც დაიწყოს და კარგი შედეგიც მივიღოთ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მას დადებითად შევაფასებდი ისევე, როგორც მოგების გადასახადის რეინვესტირებას, იგივე ესტონურ მოდელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალი ინიციატივა მოკლევადიან პერსპექტივაში ბიუჯეტზე დიდ გავლენას არ მოახდენს, არ შეამცირებს მას, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით ასახვას ჰპოვებს, საგადასახადო ბაზა გაიზრდება. ვფიქრობ, რეფორმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს, რომ საგადასახადო ბაზა გაიზარდოს ისევე, როგორც გადასახადების გადამხდელების რაოდენობა.
ინიციატივა პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. ინიციატორების მიზანია, რომ იგი პირველი ივლისიდან ამოქმედდეს. რამდენად არათანაბარ გარემოში ჩააყენებს ის ადამიანების გარკვეულ ჯგუფს და რა დროში აისახება ეკონომიკაში ამ რეფორმით მიღწეული დადებითი მაჩვენებელი, რთული სათქმელია. აუცილებელია, რომ ყველა დეტალი გათვლილი და სწორად ჩამოყალიბებული იყოს.
პროცესები უკვე დაწყებულია და მისი საბოლოოდ დასრულების შემდეგაც შემოგთავაზებთ ზუსტ დეტალებს.

ნინო ტაბაღუა