დაპირისპირება 31-ე ბაგა-ბაღში: აღმზრდელი გამგეს ცილისწამებასა და უკანონოდ განთავისუფლებაში ადანაშაულებს

„ქრონიკა+“-ს თბილისის #31-ე საბავშვო ბაღის ყოფილი თანამშრომლის შვილი, ქალბატონი ლალი მჭედლიშვილი, დაუკავშირდა და დედამისს _ ცისანა ბერიძესა და ბაღის გამგე თეა ეფრემიძეს შორის დაპირისპირების დეტალებზე ესაუბრა. საბავშვო ბაღის გამგე სხვა თანამშრომელს _ ხათუნა მაჩაიძესაც დაუპირისპირდა და გაათავისუფლა.

ჩვენ დავინტერესდით, რა იყო მათ შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზები. როგორც გაირკვა, დაპირისპირება კრებიდან დაიწყო:
ერთ-ერთ კრებაზე ბაღის მასწავლებელმა ხათუნა მაჩაიძემ გამგე თეა ეფრემიძეს ნებართვა სთხოვა, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების დარჩენილი ნაწილი, გადაყრის მაგივრად, ბაღის გაჭირვებული თანამშრომლისთვის მიეცა. „მე ვერ დავიძინებ, როცა ვიცი, რომ ჩემი კოლეგა მშიერია“, _ აღნიშნა ხათუნა მაჩაიძემ.
პედაგოგებმა გაიზიარეს მისი აზრი, მათ შორის, ცისანა ბერიძემაც. გამგემ ცალკე საუბრისას ხათუნა მაჩაიძეს განუცხადა, რომ მისი საქციელით თითქოს აღმზრდელებს უმხედრებდა.
პედაგოგებსა და თანამშრომლებს, გამგის მოთხოვნით, საკუჭნაოში ჩუმად, მალულად უწევთ კვება.
უახლოეს წარსულში ხათუნა მაჩაიძეს ოჯახური პრობლემების გამო (შვილის ავადმყოფობა) ბიულეტენის აღება მოუწია. ვადის გასვლის შემდეგ მან გამგეს შეატყობინა, რომ სამსახურში დაბრუნებას ვერ ახერხებდა, რაზედაც საპასუხოდ გამგისგან დაპირება მიიღო, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა, თუმცა სამსახურში დაბრუნებულ ხათუნას უფროსმა მისი განთავისუფლების შესახებ აცნობა. აღნიშნულ საკითხზე ხათუნა მაჩაიძემ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დაუსაბუთონ, თუ რატომ დაკარგა მან სამსახური.
ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, რომ თეა ეფრემიძისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი ერთი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება და მან მისი დედაც, ცისანა ბერიძე, არარეალური მიზეზით გაათავისუფლა.

ლალი მჭედლიშვილი, განთავისუფლებული ცისანა ბერიძის შვილი:
_ გამგესა და ქალბატონ ცისანას შორის დაპირისპირება უფრო ადრე დაიწყო ასაკობრივი ზღვარის გამო. დედას მოიხსენიებდა, როგორც „ბებერს“, ხოლო ბაღს, როგორც „სათნოების სახლს“.
_ ეს ინფორმაცია თქვენამდე როგორ მოვიდა?
_ დედას ტელეფონით ვესაუბრებოდი. ლაპარაკის დროს ყოველთვის მესმოდა ბავშვების ხმა. ვკითხე, _ სად ხარ-მეთქი? და მან ტირილით მიპასუხა, რომ მას ერთ-ერთი მოსწავლისთვის ფეხის დადგმას აბრალებენ და ამის გამო განთავისუფლების განცხადებაზე აწერინებდა ხელს გამგე, თეა ეფრემიძე.
მეორე დღეს ეს ამბავი ჩემმა ძმამ, ვლადიმერ მჭედლიშვილმაც გაიგო. ის გამგესთან მივიდა და უთხრა, _ თუ ქალბატონმა ცისანამ რამე დააშავა, მე ვიხდი ბოდიშს, რომ თქვენ შეგაწუხეთ, ასევე ბავშვის მშობელსაც მოვუხდი ბოდიშს იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოთვალით დაფიქსირებულ კადრებს მაჩვენებთო, რაზედაც ქალბატონმა თეამ უარი განუცხადა და მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა საბავშვო ბაღი.
ამ ამბის შემდეგ გამგემ „დაზარალებული“ ბავშვის მშობელი დაიბარა და სათვალთვალო კამერის კადრები აჩვენა, თუმცა მშობელმა განაცხადა, რომ აღმზრდელს, ამ კადრების მიხედვით, მისი შვილისთვის ფეხი არ დაუდგამს.
„რა თქმა უნდა, ის სკამზე ზის, რადგან ბებერია“, _ ასე მოიხსენია მშობლის თანდასწრებით გამგემ ყოფილი თანამშრომელი.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მშობელს არანაირი პრეტენზია არ აქვს და არ აპირებდა საჩივრის შეტანას, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა აიღო ბაღის ახალი თანამშრომელმა, თეონა მახარაშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ კადრებში დაინახა, როგორ დაადგა ფეხი აღმზრდელმა აღსაზრდელს, თუმცა არა იმას, ვიზეც გამგე ედავებოდა, არამედ მის შვილს (თეონა მახარაშვილის შვილიც ამავე ბაღის აღსაზრდელია).
ცისანა ბერიძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან თავის მოსწავლეს ფეხი დაადგა და ამბობს, რომ მისი განთავისუფლება სამსახურიდან უკანონოა.
ამჟამად ამ დავასთან დაკავშირებით სასამართლო მიმდინარეობს.
_ თქვენ ამბობთ, რომ ბაღში ახალმიღებულ ვინმე თეა ბერიძეს, რომელიც დედათქვენს პირზე ადგას, სხვა მასწავლებლების მიმართაც აქვს აგრესია. რით შეგიძლიათ ეს ახსნათ, ან დაადასტუროთ?
_ ბავშვების საუზმის დრო იყო, როდესაც ქალბატონი, რომლის ვინაობასაც გამიზნულად არ ვასახელებ, მისივე სურვილით, სადილის ასაღებად მივიდა. იქვე თეა ეფრემიძე იმყოფებოდა. სასადილოს თანამშრომელს ქუდი ეხურა, საიდანაც თმა უჩანდა. ამის გამო გამგემ აგრესიულად მოგლიჯა ქუდი თავიდან და ძირს დაუგდო, ხოლო თვითონ დადგენილ წესებს არ დაემორჩილა და თავსაბურავის გარეშე შევიდა სასადილო ოთახში.
ქალბატონი თეა ეფრემიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ტერმინებისა და რეპლიკების გამოყენებას მშობლებიც ადასტურებენ, ამ ამბების შემდეგ კი ყველა საბუთის მოპოვება დავიწყე სასამართლოში წარსადგენად.
გადავწყვიტე, ასევე, დედის დახასიათება მიმეტანა სასამართლო პროცესზე. დახასიათებაზე თანამშრომლების ხელმოწერა მჭირდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბაღში მივედი, სადაც მეთოდისტი შემხვდა. მას ფურცელი გავუწოდე და ვუთხარი, რომ მხოლოდ თანხმობაზე ან უარყოფაზე უნდა მოეწერა ხელი. მეთოდისტმა მითხრა, _ გამგეს ვაჩვენებ და ვკითხავ, შემექმნება თუ არა პრობლემები ხელმოწერის გამოო? ამაზე ვუპასუხე, _ ნუთუ, თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ-მეთქი?.. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც ამ ფაქტის მერე გადაწყვიტა, დახასიათების ფურცელი აეღო და მითხრა, რომ მე მივიტან თანამშრომლებთან და ხელმოწერებს შევაგროვებთ ცისანა მასწვლებლისთვისო. შემდეგ წამოვედი, ამ ამბის მომსწრე იქ მყოფი მშობლები იყვნენ.
რამდენიმე დღის შემდეგ ცისანა ბერიძეს მისი თანამშრომლები უკავშირდებიან და უხსნიან, რომ გამგე თეა ეფრემიძე მათ პრობლემებს უქმნის და უკრძალავს ხელმოწერას დახასიათებაზე.
თეა ეფრემიძის რეაქციის შემდეგ იძულებული გავხდი, ბაღში წავსულიყავი, რადგან პედაგოგოების უფლება-მოვალეობა მინდოდა წამეკითხა და ამომეწერა. მეთოდისტის კაბინეტის წინ მომიწია გაჩერება, ჩემ მოპირდაპირე მხარეს თეა ეფრემიძე კრებას ატარებდა. ჩემი ყურით გავიგონე, თუ როგორ უყვიროდა პედაგოგებს ქალბატონი თეა და ეკითხებოდა, თუ ვინ შეატყობინა ცისანა მასწავლებელს დახასიათებასთან დაკავშირებით?
თეამ გადაწყვიტა, თანამშრომლების მიმართ მუქარაზე გადასულიყო, რომ „ჯეოსელის“ ოფისში მივიდოდა და თანამშრომლებისვე დაწერილი განცხადებების საფუძველზე მიიღებდა ამონაწერს შემოსული და გასული ზარებს შესახებ. ამით გაიგებდა, თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია და ვინ დაუკავშირდა ცისანა მასწავლებელს, გაგებული ინფორმაციის შემდეგ კი ყველას გაუშვებდა სამსახურიდან. კრების პარალელურად, ქალბატონი თეა ტელეფონზე საუბრობდა და ვიღაცასთან არკვევდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით.
5 დეკემბერს დილით მივედი საბავშო ბაღში, რომ დახასიათების ფურცელი წამომეღო, თანაშემწე შემხვდა და მითხრა: „ისეთი პრობლემა შეგვექმნებოდა დახასიათებაზე ხელისმოწერის გამო, რომ ფურცლების დახევა მოგვიწია“.
მე და თეას საერთო მეგობარი გვყავს, მას დავურეკე და ვუთხარი, რომ სჯობდა, თეა არ წასულიყო „ჯეოსელში“, რადგან თუ იგი ამ გზით შეეცდებოდა ინფორმაციის გარკვევას, მე სასამართლოს ძალით გავარკვევდი, თუ რის საფუძველზე მოითხოვა ამონაწერი „ჯეოსელიდან“ და ეს კიდევ ჩემი დამატებითი მტკიცებულება იქნებოდა თეა ეფრემიძის წინააღმდეგ.
_ ყველაფრის მიუხედავად, სასამართლოსთვის ინფორმაციის მოპოვებას აგრძელებდით?
_ რა თქმა უნდა, სასამართლოსთვის მტკიცებულების მოპოვებას ისევ ვაგრძელებდი, ხშირად მიწევდა თეასთან შეხება და მომიხსენიებდა, როგორც ინტრიგანს.
მხოლოდ თეასთან არ მქონია შეკამათება, თალიკო ჩანქსელიანთან (31-ე ბაღის იურისტი) შეხვედრაც მომიწია. თალიკომაც შემიქმნა პრობლემა საბუთების შეგროვებასთან დაკავშირებით, რადგან მსურდა, ლოგოპედის ახსნა-განმარტება და კრების ოქმი მიმეღო.
ამდენი წინააღმდეგობისა და თალიკო ჩანქსელიანთან დაპირისპირების მერე იძულებული გავხდი, მისთვის მეთქვა, რომ პატრულს გამოვიძახებდი, ან საჩივარს დავწერდი მის სახელზე. როცა ეს ყველაფერი ვუთხარი, მას გაეცინა, რადგან თალიკო ჩანქსელიანი იურისტია და მისივე თქმით, საჩივარს თვითონვე განიხილავდა და თვითონვე გამოიტანდა დასკვნას.
ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, საბუთების ნაწილის წამოღება მოვახერხე, მაგრამ ვიდეომასალები არ გადმომცეს. ამაზე იძულებული გავხდი, საჩივრით მიმემართა „ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის“, სადაც შევხვდი დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძეს. მასთან გავისაუბრე, ველაპარაკე ზემოთ აღნიშნულ პრობლემებზე, მან მომისმინა, საჩივარი მიიღო, განიხილა და დამიდასტურა, რომ არავის განუხილავს მსგავსი ინფორმაცია ცისანა ბერიძის განთავისუფლების შესახებ. მირჩია, რომ შევხვედროდი დირექტორ კახაბერ გვანცელაძეს.
სანამ დირექტორს შევხვდებოდით, მეორე მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი დავით კეკენაძე ვნახეთ, მასაც გადავეცი სრული ინფორმაცია. მითხრა, რომ იგი ყველა საკითხში გაერკვეოდა.
გასაუბრების დროს გვანცელაძემ ჩანქსელიანის შესახებ მკითხა, თუ რატომ ჰყავს მხოლოდ ერთ ბაღს იურისტი? საბოლოოდ, ბაღში არსებულ მდგომარეობაზე მოვახსენე…
_ რა გირჩიათ კახაბერ გვანცელაძემ?
_ შემეგროვებინა ყველა დეტალი და განცხადება შემეტანა ბაგა-ბაღების სააგენტოში; განცხადება გამეკეთებინა ასევე იმის შესახებ, რომ ჩანქსელიანმა ვიდეომასალა არ გადმომცა.
შევიტანე განცხადება კანცელარიაში გვანცელაძის მითითებით, სადაც არასწორი წესით მიიღეს იგი.
კანცელარიაში მუშაობს თალიკო ჩანქსელიანის და, ამიტომ ვიფიქრე, რომ აუცილებლად მის ხელში მოხვდებოდა ჩემი განცხადება. მოვითხოვე, რომ ჩემი უფლებების დაცვით აეღოთ განცხადება, მოეწერათ ხელი და რეგისტაციის ნომერი მოეცათ. როგორც ვივარაუდე, მთხოვდნენ მეთქვა, რა ინფორმაცია იყო განცხადებაში, რადგან უკე მცნობდნენ და იცოდნენ, თუ რასთან დაკავშირებით მივდიოდი მათთან. კატეგორიულად მოვითხოვე, რომ ჩემი საჩივარი და განცხადება ჩანქსელიანს არ განეხილა, თუმცა გამოვედი თუ არა, განცხადება უკვე მათ ხელთ იყო.
_ შემდეგ რაიმე პასუხი მიიღეთ კახაბერ გვანცელაძისგან?
_ საბოოლო პასუხი ელექტრონული ფოსტით მივიღე, სადაც ეწერა, რომ ბაღის ადმინისტრაციას ბრალეულობა არ მიუძღვის, ხელს აწერდა კახაბერ გვანცელაძე.
მთელი ამ ხნის განმავლობაში თეა ეფრემიძე ამბობდა, რომ მას ვერავინ შეეხება. მინდა, სიმართლე გავიგო: რატომ ვერავინ შეეხება?!
დედაჩემი, რომელიც 74 წლისაა, მუშაობის 46 წლის უწყვეტ სტაჟს ითვლის. მას სრული უფლება აქვს, რომ იმუშაოს და ამას 49 მშობლის ხელმოწერაც ადასტურებს, სადაც ითხოვენ, რომ დბრუნდეს ცისანა მასწავლებელი და მზად არიან, სასამართლოზე წარდგენ. ამბობენ, რომ ყველაფერი ტყუილია, რაც თითქოსდა „დასვრილი ჩუსტით“ აღსაზრდელისთვის ფეხის დაბიჯებას ეხება.

აღნიშნული საქმე ბუნდოვანებით მოცულია, ჩვენი რესპონდენტი კი სიმართლის გარკვევისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი დედამისის სასარგებლოდ დასრულდება.

„ქრონიკა+“-მა რამდენჯერმე სცადა, მეორე მხარეს, _ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას დაკავშირებოდა, თუმცა ამაოდ. მას შემდეგ, რაც თეა ეფრემიძეს (გამგე) დავუკავშირდით, მან ჯერ განაცხადა, რომ ტელეფონით კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა ალტერნატიულ შეთავაზებაზე, რომ ბაღში მივიდოდით და იქ ჩავწერდით, არ გვიპასუხა, მოგვიანებით კი მის მობილურზე ზარს სხვა ქალბატონი პასუხობდა და გვეუბნებოდა, რომ ქალბატონი თეა გასულია.
„ქრონიკა+“ წერილში ნახსენებ პირებს, მათი სურვილის შემთხვევაში, პოზიციის დასაფიქსირებლად გაზეთის გვერდებს მომდევნო ნომერში დაუთმობს.

ელენე ინდუაშვილი