ივანიშვილის მთავარი კოშმარი _ ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი

ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა დღითი დღე აქტუალური ხდება. ოპოზიციაში „დიმიტრი გელოვანის“ ძებნის პროცესი სააკაშვილის განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია, სულ მცირე, იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, არ დააყენოს თავისი პარტიული კანდიდატი და ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში ჩაერთოს.

„ნაციონალების“ ეს პოზიცია, ბუნებრივია, ერთიანი კანდიდატის იდეის განხორციელებას კიდევ უფრო რეალისტურს ხდის, თუმცა ყველაზე საინტერესო პოლიტიკური პროცესი სააკაშვილის განცხადების შემდეგ განვითარდა.
როგორც კი ყოფილმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გარშემო ოპოზიციის გაერთიანებას დაუჭირა მხარი, პირველი, ვინც ამის გამო აღშფოთდა და შეშფოთდა, არა „ქართული ოცნება“, არამედ „ნაციონალებისგან“ გამოყოფილი „ევროპული საქართველო“ აღმოჩნდა. მათ ძალიან მტკივნეულად განიცადეს ის პერსპექტივა, რომ ოპოზიციას, შესაძლოა, საერთო კანდიდატი ჰყავდეს. ეს ყველაფერი მათ განცხადებებში წარმოჩინდა, როცა საერთო კანდიდატის გარშემო დაწყებულ კონსულტაციებში ჩართვაზე, მზადყოფნის ნაცვლად, ყველას ისტერიული ლანძღვა დაიწყეს, უპირველეს ყოვლისა, ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის.
ბოკერია-უგულავას გუნდის ასეთი გაწიწმატება, ბუნებრივია, თავად სააკაშვილის განცხადებებმაც გამოიწვია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სააკაშვილის განცხადებებმა „ევროპულ საქართველოს“ იმის საშუალება მისცა, რომ ერთიანი კანდიდატის შესახებ კი აღარ ელაპარაკათ, არამედ ყოფილი ლიდერისთვის პასუხის დაბრუნებაზე მეტი აქცენტი გაეკეთებინათ.
სააკაშვილმა, სიტყვა-სიტყვით, შემდეგი განაცხადა: „მე არავისთან არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, გარდა რუსების იმ ღია აგენტებისა, როგორებიც არიან ინაშვილი და ვიღაცები. რა თქმა უნდა, არც „ევროპულ საქართველოსთან“ გამოვრიცხავ თანამშრომლობას. ის ხალხი, ვინც „ევროპულ საქართველოშია“, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხიც არის იქ, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს არ ეხება, ამ ხალხთან არის სამუშაო. იმ ხალხს მაქსიმალურად უნდა ხელის შეწყობა და სამომავლო გაერთიანებაში შემოყვანა“.
ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით ასეთი განცხადება, ბუნებრივია, ძალიან მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. პირველ რიგში, ნათლად ჩანს, _ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ევროპულ საქართველოში“ არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც ივანიშვილისგან ფული აიღეს (სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ გასახლეჩად და თავიანთი პარტიის ჩამოსაყალიბებლად), თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც, მისი ვარაუდით, ფული არ აუღიათ და სწორედ მათთან შეიძლება მუშაობა. ამ განცხადებით ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავისი გუნდის ყოფილ წევრებს ისევ თავისთან ეპატიჟება. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი წონასწორობას დააკარგვინებდა „ევროპული საქართველოს“ იმ ლიდერებს, რომლებიც სააკაშვილმა თავისი განცხადებით, პრაქტიკულად, ღიად დაადანაშაულა ივანიშვილისგან ფულის აღებაში. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ამ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილები არიან მოძრაობის უშუალო ლიდერები, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა. ყველაზე მძაფრი რეაქცია სააკაშვილის განცხადებას სწორედ მათგან მოჰყვა. გიგა ბოკერიამ ექსპრეზიდენტის წინადადებას „გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა“ უწოდა. მისივე თქმით: „პროდასავლური ოპოზიცია უნდა თანამშრომლობდეს. უბრალოდ, ეს თანამშრომლობა ვერ იქნება სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა“.
კიდევ უფრო შორს წავიდა და ყოფილ ლიდერთან დასაბრუნებელი ყველა ხიდის დაწვა გადაწყვიტა „ევროპული საქართველოს“ არაფორმალურმა ლიდერმა, უფრო ზუსტად, ლიდერის ცოლის სტატუსის მქონე თამარ ჩერგოლეიშვილმა. მან სუპერ ლიბერალური წყევლა-კრულვა გაუგზავნა ერთ დროს მის უძლიერეს ლიდერს: „გადაგვარებული პოლიტიკური იმპოტენტის, იგივე მიშა სააკაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს რაც შეეხება _ ეგ ტოქსიკური და ბოროტი კლოუნი რაც მეტ ბრალდებას ისვრის ჩვენი მისამართით, მით უკეთესი. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ვუპასუხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რომ მაგ მორალურად დეგრადირებულ არსებასთან აღარაფერი გვაკავშირებს. მაგრამ გულისრევის გარდა, ცხადია, არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა“, _ წერს ჩერგოლეიშვილი და თავისი არასტანდარტული გულწრფელობით შესანიშნავად წარმოაჩენს თავისი ქმრის პოლიტიკური გუნდის სურვილებსა და ორიენტირებს. თავად უგულავას ციხიდან განთავისუფლებაც ერთი დიდი კითხვის ნიშანია, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით აქვს საზოგადოებას. როგორ აღმოჩნდა უგულავა, ყოველგვარი შეწყალებისა და სხვა კანონიერი მექანიზმების გარეშე, თავისუფლებაზე? როდიდან გახდა პატიმრის განთავისუფლებისთვის საკმარისი არგუმენტი ის, რომ მან ნაწილობრივ აღიარა დანაშაული?!! ეს და კიდევ სხვა ბევრი კითხვა არაერთხელ ამოტივტივდება, თუმცა დღეს ეს არ გახლავთ ჩვენი განხილვის საგანი.
ბოკერია-უგულავას გუნდის პირველმა რეაქციებმა, ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გარშემო კონსოლიდაციაზე, უკვე ბევრი რამ გახადა ნათელი. პირველ რიგში ის, რომ „ევროპული საქართველო“ ყველაფერს ეცდება, როგორმე ამ ერთობას დაუსხლტეს და თავისი პარტიული კანდიდატი დააყენოს. ამისთვის ბოკერია ყველანაირ მიზეზს მოიშველიებს. მაგალითად იმას, თუ როგორ გაუბედა მიშამ და როგორ უწოდა მას ბიძინას მოსყიდული; ან, მაგალითად, ბურჯანაძის ფაქტორს აამოქმედებს. როგორ შეიძლება, პრორუსულ პარტიებთან ერთად საერთო კანდიდატზე ვიმსჯელოთ? და ა. შ. არადა, შარშან, როცა ბურჯანაძესთან, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კიდევ ბევრ სხვა არაპროდასავლურ პარტიასთან ერთად ერთიანი კონსტიტუციის ვარიანტი იწერებოდა, ბოკერიასა და უგულავას ამის გამო დისკომფორტი არ შექმნიათ. როგორც ჩანს, ამ დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი არა თავად პოლიტიკური პროცესი, არამედ ქვეყნის კულუარული მმართველია. თუ ბიძინას ეს არ ანერვიულებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბურჯანაძესთანაც დასხდებიან სალაპარაკოდ და ნებისმიერ სხვასთთანაც, მაგრამ თუ მამა-მარჩენალს არ ენდომება, მიზეზებს რა დალევს და ხან ბურჯანაძეს დააბრალებენ ერთიანობიდან თავიანთ გაძრომას და ხან _ სააკაშვილს. თუმცა შეჯერდება თუ არა ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს მხოლოდ ერთი პარტიის ნება-სურვილზე არაა დამოკიდებული. თუ „ევროპული საქართველო“ ცალკე აღმოჩნდება, ამით პროცესი ნამდვილად არ შეჩერდება, სამაგიეროდ, „ევროპული საქართველოს“ საბოლოო ლუსტრაცია მოხდება. ასევე არაა გამორიცხული, რომ ამას თავად პარტიის სერიოზული რღვევაც მოჰყვეს, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ასე ღიად ივანიშვილის თამაში ამ გუნდის ბევრ წევრს შეიძლება, არც მოუნდეს.
ამასობაში კი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები უკვე ადასტურებენ, რომ 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატის გამოსავლენად პოლიტიკური კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. თან ეს პროცესი უკვე სამ თვეზე მეტია, დაიწყო და მოვლენათა შესაძლო განვითარების ბევრი სცენარიც მოითელა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ შალვა ნათელაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ განაცხადეს. მათ, იმავდროულად, გაახმოვანეს, რომ საერთო კანდიდატის შერჩევის პროცესს ხელს არ შეუშლიან და თუ ასეთი რამ რეალურად მოხერხდა, მათი ხმაც საერთო ყულაბას შეუერთდება. თუმცა ბურჯანაძემ ისიც განაცხადა, რომ მასზე უკეთეს კანდიდატს ოპოზიცია ვერსად იპოვის. „ჩემზე უკეთესად ამას, პრინციპში, ნაკლებად თუ ვინმე გააკეთებს“, _ განაცხადა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და თავისი თავი ოპოზიციის საერთო კანდიდატების საერთო სიაში მკაფიოდ მონიშნა.
იგივე სვლა გააკეთა შალვა ნათელაშვილმაც. მან პირველმა გააჟღერა თავისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ და ყველას არაორაზროვნად შეახსენა, რომ ის 25 წელია, იბრძვის პრეზიდენტობისთვის და ახლაც ამისთვის აპირებს ბრძოლას.
შედარებით მოკრძალებულად, მაგრამ თავიანთ საპრეზიდენტო ამბიციებს სხვებიც ამჟღავნებენ, მაგალითად დავით უსუფაშვილი, რომელიც მარტში ქვეყნის გადარჩენის ჯერ არნახული გეგმის გაცნობას გვპირდება. პარლამენტის თავმჯდომარეობის შემდეგ უსუფაშვილის გარშემო ბევრი მოლოდინი გაჩნდა, მაგრამ, იმავდროულად, _ ბევრი კითხვის ნიშანიც. რა პოლიტიკურ პოზიციაზეა დღეს დავით უსუფაშვილი? არის ის რეალურად ოპოზიცია, თუ ნელთბილ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთი დაემატება? ყოველ შემთხვევაში იმ ფაქტმა, რომ არჩევნების შემდეგ უსუფაშვილს ერთი სიტყვაც არ დასცდენია გაყალბებაზე და არც ერთ საერთო ოპოზიციურ პროტესტს თუ სარჩელს ის არ შეუერთდა, ბევრი დააფიქრა.
აპოლიტიკურ საინიციატივო ჯგუფს ეძებს კვლავ ალეკო ელისაშვილი, რომელიც, ალბათ, კვლავ დამოუკიდებელ კანდიდატად მოგვევლინება და კვლავ ხელისუფლების რესურსით ანტიოპოზიციურ საქმეს გააკეთებს. თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდა, ელისაშვილის კანდიდატურა „ოცნებისთვის“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ეს თბილისის მერის არჩევნებზე იყო. ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატის დასახელებას ერთი ძირითადი მიზანი აქვს: ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს აღარ წაართმევს და ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა საერთო კანდიდატის ყულაბაში წავა. ესაა ხელისუფლებისთვის მოვლენათა განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარი. მაშველი რგოლი კი ისევ ელისაშვილი შეიძლება გახდეს, რომელსაც, ხელისუფლების დავალებით, სახელისუფლებო ტელევიზიები დღე და ღამე დააპიარებენ და ამომრჩეველს მისი სახით ალტერნატივას შესთავაზებენ, _ არ მოგწონთ არც ერთი პარტია, ამოგივიდათ ყელში პოლიტიკა, აი, უპარტიო და აპოლიტიკური ელისაშვილი… შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ოპოზიციის სახელით და ხელისუფლების რესურსებით მოასპარეზე ელისაშვილისთვის მიცემული ყველა ხმა ოპოზიციის დამარცხებასა და ხელისუფლების გამარჯვებას მოხმარდება.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი პოლიტიკური ლიდერი აფიქსირებს თავის საურვილს, იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ყველა ხვდება, რომ საყოველთაო და მყარი შეთანხმებისთვის უმჯობესია, პრეზიდენტობის აპოლიტიკური კანდიდატი. პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენცია იმდენად მწვავეა, რომ საეჭვოა, ერთობის იდეამ გადაწონოს. რომელიმე ოპოზიციური ლიდერის საერთო კანდიდატად დასახელება არარეალისტურად იმიტომაც გამოიყურება, რომ ძნელი წარმოსადგენია, 15-მა თუ 20-მა პარტიამ ერთად აღიაროს ლიდერად ერთ-ერთი თავიანთი კონკურენტი, შეუქმნას მას ოპოზიციის ლიდერის იმიჯი და გამარჯვების შემთხვევაში ხომ, საერთოდ, მაგრამ მაღალი შედეგის მიღების შემთხვევაშიც კი საკუთარი ხელით, ლანგარზე მიართვას ის უზარმაზარი ფორა, რომელიც ამ ლიდერსა და მის პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ექნება. ამას დაამატეთ ის უამრავი იდეოლოგიური განსხვავება, რომელიც არსებობს პარტიებს შორის და ბოლოს არ გამოგრჩეთ პროდასავლურობა და პრორუსულობა და ნათლად გამოჩნდება, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად აღზევება წარმოუდგენელი რამ არის.
ასეთი პოლიტიკური შეუწყნარებლობის ვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პროექტად პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო გაერთიანება განიხილება. მით უმეტეს, რომ ოპოზიციაში უკვე არც მალავენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვების დროს საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივებზეც საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის სტუმრობა. როგორც ჩანს, მარგველაშვილი სულ უფრო და უფრო შედის მეორე საპრეზიდენტო ვადის აზარტში.
გამომდინარე იქიდან, რომ მარგველაშვილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არაა, მას პოლიტიკური გუნდი არ ჰყავს. რამდენიმეკაციანი ადმინისტრაცია ამ ფუნქციას, ბუნებრივია, ვერ შეითავსებს. საჭიროა სერიოზული პოლიტიკური ზურგი, მედია და საარჩევნო რესურსები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ.
მარგველაშვილს დიდი ფინანსური რესურსები რომ არ აქვს, ცნობილია, ამიტომ მარტო ის ამ ბრძოლაში ვერ წავა. იმისთვის, რომ თავისი ხედვები ამომრჩევლამდე მიიტანოს, მას მედია მხარდაჭერა და უფასო პოლიტიკური რეკლამა სჭირდება; იმისთვის, რომ მიღებული ხმები დაიცვას უბნებზე, მას წარმომადგენლები სჭირდება; იმისთვის, რომ ხმები არ მოპარონ ცესკოში, მას იქ წევრები სჭირდება; სერიოზული საარჩევნო კამპანიისთვის მას, ასევე, აგიტატორები და კოორდინატორები სჭირდება ყველა სოფელში; და რაც მთავარია, გამარჯვებისთვის სჭირდება ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მას აქვს ძალა, შეეჭიდოს ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს. ამ ძალის დემონსტრირებას კი გუნდის გარეშე ვერავინ შეძლებს. ამომრჩეველიც, სწორედ, ძალის გამოჩენაზე ამახვილებს ყურადღებას. არის დიდი გაერთიანება, ე. ი. იქაა ძალა. მხოლოდ ასეთი ძალის გამოჩენის შემთხვევაში მიდის ამომრჩეველი არჩევნებზე მასობრივად. ასეთი ძალა ქმნის იმედს, რომ გამარჯვების შანსი არსებობს, ეს იმედი კი, თავის მხრივ, მოტივაციას ქმნის, რიგები დავაყენოთ საარჩევნო უბნებთან.
ამიტომაცაა ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული ზოგიერთი მეოცნებე ექსპერტის მოსაზრება, რომ თითქოს მარგველაშვილის ინტერესში არ შედის ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მათი პრეზიდენტობის კანდიდატად დაფიქსირება. არგუმენტები შემდეგია: თუ მარგველაშვილის კანდიდატურას „ნაციონალები“ მხარს დაუჭერენ, მაშინ მარგველაშვილი „ნაცი“ გახდება და ეს მას დაღუპავს; თუ მარგველაშვილის კანდიდატურას ნინო ბურჯანაძე დაუჭერს მხარს, მაშინ მარგველაშვილი ავტომატურად გახდება პრორუსი; ხოლო თუ მარგველაშვილს მხარს დაუჭერენ 0%-იანი პარტიები, მაშინ მარგველაშვილი ავტომატურად განულდება და ა. შ.
ივანიშვილის ამ მაამებელი ექსპერტების ლოგიკა მხოლოდ ივანიშვილის შიშებში შეიძლება ვიპოვოთ. „ქართული ოცნების“ მთავარი კოშმარი, დღესდღეობით, სწორედ ერთიანი კანდიდატის გამოჩენის პერსპექტივაა. ეს შიშები კი ელექტორატის დაკარგვამ გამოიწვია. ბოლო სამ არჩევნებში „ოცნებამ“ შესანიშნავად დაინახა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ამომრჩეველი მათ არ ჰყავთ. ერთი ადგილობრივი არჩევნები იყო და 44%-ზე მეტი ვერ მიიღეს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე 48% ძლივს შეაგროვეს და შარშანდელ ადგილობრივზე უკვე ტოტალური გაყალბება დასჭირდათ იმისთვის, რომ კალაძე სამარცხვინო 51%-ით გამხდარიყო თბილისის მერი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა ამ არჩევნებზე, ხელისუფლების გადამრჩენელად, ქვეყანაში არსებული მაჟორიტარული საარჩვენო სისტემა გამოდიოდა. რომ არა მაჟორიტარები, ფაქტია, ამ პროცენტებით და ასეთი მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ ვერ იჯდებოდა უმრავლესობით ვერც საკრებულოებში და ვერც პარლამენტში. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ივანიშვილი მაჟორიტარების იმედად ვეღარ იქნება. აქ მხოლოდ ის გაიმარჯვებს, ვინც 50%-ზე მეტ ხმას მიიღებს. ოპოზიციამ კი თუ ერთმანეთს კანდიდატურები არ დაუყენა და ხმები არ წაართვა, გამოდის, რომ ხელისუფლების კანდიდატმა ობიექტიურად შეიძლება წააგოს და ამის ალბათობა მართლა მაღალია. მით უმეტეს, რომ „ოცნების“ რიგებში ჯერ არ გამოჩენილა ისეთი კანდიდატი, რომელზეც სერიოზული ფსონის დადება შეიძლებოდეს. სწორედ ასეთი სცენარის განვითარებას ებრძვიან მეოცნებე ექსპერტები, როცა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის იდეას აუფასურებენ.
შესაძლოა, მარგველაშვილს ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან ღია თანამშრომლობა დიდად არც ეპიტნავებოდეს, მაგრამ პოლიტიკური მოცემულობა ასეთია, _ ან ერთიანი კანდიდატის სტატუსი და მთელ თუ არა უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად „ოცნებასთან“ რადიკალურ დაპირისპირებაში გადასვლა, ან საპრეზიდენტო ამბიციების დავიწყება და დუშეთში ჰამაკში კოტრიალი, სრულიად გაურკვეველი სამომავლო პერსპექტივით (ივანიშვილის პირობებში განსაკუთრებით).
საბოლოო ჯამში, თუ პოლიტიკოსები თავისი პირადი ამბიციების გვერდზე გადადებას და საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მოახერხებენ, ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური გარემო შეიქმნება. გარემო, რომელსაც ივანიშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისი დაერქმევა. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება კი რეალური წინაპირობა იქნება იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ვეღარ მიაღწევს.

დემნა ვეშაპიძე