ივანიშვილის მმართველობის გარანტია _ შიში!

პოლიტიკას აქვს თავისი კანონები. ორი ისტორიული პერსონის _ შარლ დე გოლისა და უინსტონ ჩერჩილის გახსენება საკმარისია იმის დასტურად, რომ პოლიტიკური მადლიერება არ არსებობს. ისევე როგორც წარსულის დამსახურებები ვერ გამოდგება სამომავლო ინდულგენციად. პოლიტიკა დღევანდელობაა, უპირველესად. მომავალი პოლიტიკაში მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებია, რომელიც სწორედ რომ მომავალში გაზღვევინებს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ანეკდოტი გახსოვთ? აი, ის _ ქალი რომ „იმნაირი“ არ იყო და „ბუტკაში“ აგზავნიდნენ. მაგ ანეკდოტის არ იყოს, არ ყოფილა და არ არის ივანიშვილი პოლიტიკოსი და ზუსტად მისივე ანეკდოტის გმირივით აიძულეს, „იქ“ _ პოლიტიკაში შესულიყო. შემდეგ „იმნაირ“ გარემოში ყოფნა არ მოეწონა და როგორც ძველ დროს, ახლაც შორიდან, ფანტომივით გასცემს განკარგულებებს, ავალებს და აღასრულებინებს ისე, რომ თავად „არაფერ შუაშია“. შუაში ნამდვილად არ არის _ თავშია და ეს არის პრობლემა.
სხვა ბევრ არგუმენტთან ერთად, იცით, რატომ წავიდა? იმიტომ, რომ საკმაოდ ძნელი ყოფილა საარჩევნოდ გაცემული უხვი დაპირებების შესრულება. წავიდა იმიტომ, რომ ყველაზე რთული შესასრულებლად მაინც სამართლიანობის აღდგენა მოეჩვენა. მით უფრო იმ პირობებში, როცა საერთოდ არც ადარდებდა სხვის მიმართ არსებული უსამართლობა. რაც უკვე ვნახეთ, იმის მიხედვით კი სამართლიანობის აღდგენა მისთვის შურისძიება იყო და იძია კიდეც.
გახსოვთ, სააკაშვილ-ივანიშვილის პირველი შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში 2012 წელს? ასე მგონია, სწორედ მაშინ უთხრა ან გაიფიქრა ივანიშვილმა, რომ „ხომ შეგისრულეო“… შემდეგ კი უკვე გარეთ, აშკარად კმაყოფილი ივანიშვილის ფრაზა: „ჩვენ ჩვენს ოპონენტებს _ ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც _ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა“.
რამდენიც უნდა ამტკიცოს ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ, რომ ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნის გადარჩენის მიზნით გადაწყვიტა, ძნელად დასაჯერებელი იქნება. უფრო და უფრო რეალური ხდება, რომ ის პოლიტიკაში პირადი შურისძიების მოტივით შევიდა.
ცხადია, იმ პერიოდისთვის, ქვეყანაში, სადაც ნამდვილად მიმდინარეობდა რეფორმები და ყალიბდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები, სადაც განახლების სული არათუ იგრძნობოდა, არამედ ხელშესახები იყო, მაგრამ რაოდენ არ უნდა უჭირდეთ ამის აღიარება ყოფილი ხელისუფლების ცალკეულ თუ უმრავლეს მომხრეებს _ ირღვეოდა და ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის უფლებები, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ, ერთგვარად, პოზიტიური როლი ითამაშა.
2012 წლის 1 ოქტომბერი ტრაგედია იყო ათი ათასობით გაყეყეჩებული ქართველისთვის, რომლის ფუნქცია მქუხარე ტაშის დაკვრისა და „მიშა, მიშას“ სკანდირებით შემოიფარგლებოდა; ათასობით ნაბადმოხურული ჩინოვნიკისთვის, რომელთათვისაც სამშობლო საკუთარი კუჭიდან იწყებოდა; ასობით „ნაციონალური“ თავხედისთვის, რომლებიც წმინდა რასის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ თავს; ათობით ელიტარული მლიქვნელისთვის, რომლებმაც მილიონების გამო ყველაფერი იკადრეს და აკადრეს; ერთეული გვირგვინოსნებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში კონსტიტუციისა და სხვა კანონების ნაცვლად, ერთი სამართალი: „მე ვარ კანონი“ დაამკვიდრეს.
რა შეიცვალა? ივანიშვილი „წავიდა“ და ახლა ზემოთ მოყვანილი აბზაცი შეგვიძლია, ასე ჩამოვაყალიბოთ: დიახ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი სასარგებლო აღმოჩნდა ათი ათასობით გაყეყეჩებული ქართველისთვის, რომლის ფუნქცია მქუხარე ტაშის დაკვრასა და „ბიძინა, ბიძინას“ სკანდირებით შემოიფარგლება; ათასობით ნაბადმოხურული ჩინოვნიკისთვის, რომელთათვისაც სამშობლო საკუთარი კუჭიდან იწყება; ასობით „მეოცნებე“ თავხედისთვის, რომლებიც წმინდა რასის წარმომადგენლებად მიიჩნევენ თავს; ათობით ელიტარული მლიქვნელისთვის, რომლებიც მილიონების გამო ყველაფერს კადრულობენ; ერთეული გვირგვინოსნებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში კონსტიტუციისა და სხვა კანონების ნაცვლად, ერთი სამართალი: „მე ვარ კანონი“ დაამკვიდრეს.
რადგან ივანიშვილს სურდა ძალაუფლება, მაგრამ არა _ პასუხისმგებლობა, მან არჩევნების შემდეგ რეალურად იგრძნო, რა დიდი ტვირთია, როცა საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებ; რა დამამცირებელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შენ მიერ „დასმულ“ პრეზიდენტს ეახლო უშიშროების საბჭოს სხდომაზე და „სუფრის თავში“ არ იჯდე; „რა უბედურებაა“, ვიღაც შენს კართან იდგეს და თავშესაფარს გთხოვდეს, ბანკის კრედიტების გადავადებას გემუდარებოდეს, „რა დროს ძილიაო?!“ _ გიყვიროდნენ და ა. შ. განა, უმჯობესი არ არის, ფლობდე რეალურ ძალაუფლებას და არ გქონდეს პასუხისმგებლობა? ჰო, ივანიშვილმა ეს გზა აირჩია.
ამასობაში კი, ქვეყანა რომ გაჩერებულია, ამას უკვე არათუ „ოცნების“ გულანთებული აქტივისტები, არამედ თავად „ოცნების“ ლიდერებიც ხვდებიან. პოლიტიკური ნების დეფიციტთან, პანიკურ შიშსა და არაპროფესიონალიზმთან ერთად, ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა პარტნიორის არყოლაა. დიახ, ხელისუფლებას არც ერთ სფეროსა და სეგმენტში არათუ მეგობარი, პარტნიორიც კი არ ჰყავს და ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაგნაციას, რომელშიც ამჟამად ქვეყანა იმყოფება.
ახლა უფრო დეტალურად: ივანიშვილის, ანუ „ოცნების“ ხელისუფლებას არ ჰყავს პარტნიორი საერთაშორისო არენაზე. ეს კი იმას ნიშნავს და შედგებიც იქით მიდის, რომ ქვეყანა დღითი დღე კარგავს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
ხელისუფლების არაპრაგმატული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებით თვალნათელია. მხოლოდ პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ობივატელი შეიძლება მოატყუო იმით, რომ კარგია, როცა რუსეთი ყოველდღე არ ახსენებს საქართველოს. ფაქტი კი ის არის, რომ ქვეყანაში ჰიბრუდული ომი მძვინვარებს და ხელისუფლება მას არაფრით და არანაირად არ უპირისპირდება. ამ ომშიც რომ ვმარცხდებით, ამის დასტურია სხვადასხვა გამოკითხვა, სადაც რუსეთის პოზიციები საქართველოს მოსახლეობაში გაძლიერებულია.
რუსეთი ჩვენგან ხარკს არ კრეფს, მას წასაღები უკვე წაღებული აქვს და ცოცვა-ცოცვითაც მიაქვს. რა თქმა უნდა, კრემლი სამომავლოდ არც უფრო მსუყე ნაჭერზე იტყვს უარს, თუმცა ეს ნაჭერი რუსეთმა, საკუთარი მტაცებლური და იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე, თავად უნდა წაიღოს და მიძლეული არაფრად სჭირდება. ხომ ცხადია და ფაქტია, რომ „წიწმატურ-ალკოჰოლურმა“ გარღვევამ კრემლი ხელისუფლების პარტნიორად ვერ აქცია.
ნურც იმის მტკიცებას დაიწყებს ჩვენი ხელისუფლება, რომ მას აშშ მიაჩნია სტრატეგიულ პარტნიორად. არა, არ მიაჩნია! უბრალოდ, პოზაა ამაზე საუბარი. სტრატეგიული პარტნიორის დღის წესრიგში თუნდაც უკრაინის კონტექსტში საქართველო იშვიათად გაისმის. და ეს ნამდვილად არის „ოცნების“ პოლიტიკის დამსახურება. გახსოვთ, ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე მიიწვიეს ბიძინა ივანიშვილი თეთრ სახლში და უარი განაცხადა, _ დასრულდეს არჩევნები თავად ამერიკაში და დალაგდნენო. აშშ-ის დალაგებას ელოდა კაცი, რომელსაც ქვეყანა ჰქონდა დასალაგებელი და ამ საქმეში ნამდვილად სჭირდებოდა მნიშვნელოვანი პარტნიორი. მაშინ „ოცნების“ სპიკერებმა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება, ლამის, დიპლომატიურ სახელმძღვანელოებში შეიტანეს. საოცარი კომენტარები მოვისმინეთ _ არავინ იცის, როგორ დასრულდება არჩევნები ამერიკაში და არაა საჭირო სულსწრაფობაო. მოკლედ, თუ ობამა დამარცხდება, ეს ვიზიტიც წყალში გადაყრილი იქნებაო. არადა, თეთრი სახლის სტრატეგიული ხედვა საქართველოსთან მიმართებით ოვალური კაბინეტის ბინადრის ვინაობაზე სულაც არ არის დამოკიდებული. ამდენი რომ არ გესმის პოლიტიკურ გუნდს, რომელ საგარეო წარმატებაზე უნდა ვისაუბროთ?!. ობამას ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბატონმა ივანიშვილმა საქმეები მოიმიზეზა და განაცხადა, _ დიდი ხნით ქვეყანას ვერ დავტოვებო. იქნებ, კვირიკაშვილის ტრამპის მაგიდაზე ჩამოყრდნობაა დიპლომატიური გარღვევა, თუ ღარიბაშვილის „მმართველობისას“ დერეფნებში შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა?
თუმცა საზოგადოების გონიერი ნაწილის მეხსიერებას კიდევ ერთი _ მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა შემორჩა: „300 მეტრისთვის ომს ხომ არ დავიწყებთ“… თან როცა გჯერა, რომ „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა არ იცის არაფერი“ და ყველაფერს რუს გენერალსა და, ლამის, ეფრეიტორს დააბრალებ, თან ფრაზასაც დააყოლებ: „მზად ვართ რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად“. „ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერებისთვის ბზეჟინსკი კი არა, შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი ხარ და ობამა და ტრამპი რა მოსატანია?!!
ქართული პოლიტიკის იმბეცილიზმია ის, რომ რუსეთის უმთავრესი შემაკავებელი ძალა, _ აშშ ფეხებზე გვკიდია და დარწმუნებულნი ვართ, პატრიარქი კირილი მოგვიგვარებს ყველა საკითხს. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პარტნიორი არც აშშ-ა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში საქართველო ფეხებზე კიდიათ. უბრალოდ, ახლა, რადგან ჩვენ თავს არ ვიწუხებთ, არც თავად წუხდებიან ზედმეტად.
ევროპა… მოვლენების განვითარება ცხადყოფს, რომ მალე ევროპასაც გავანაწყენებთ. საქართველოს ხელისუფლების „მყისიერი“ რეაგირება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე არის უდიდესი უგუნურება. საქართველოს ხელისუფლებაში არ ესმით, თუ რატომ გაიქცა და გარბის საქართველოდან მოსახლეობა და რატომ ეძებს თავშესაფარს ევროპაში. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკაში გატარდეს ძირეული რეფორმები, შეიქმნას დამატებით სამუშაო ადგილები და ადამიანებს შეექმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები, ჭკუისკოლოფებმა სავიზო რეჟიმის დამრღვევების დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს. ისევ ვერ იაზრებს ხელისუფლება მიზეზებს. ისევ შეცდომით რეაგირებს და ამით, ისევ და ისევ, ქმნის საფრთხეებს. ჰო, ევროპული წარმატებები _ ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ხელისუფლების რუდუნება კი არა, ევროპული ისტიტუტების მიერ ბუქსირზე აკიდებული და ძალით მიღწეული შედეგია, როდესაც მათ მიერ ინიცირებულ წინადადებებზე, უბრალოდ, „უხერხულია“ უარის თქმა. შესაბამისად, არც ევროპაა საქართველოს ხელისუფლების პარტნიორი. თანამშრომლობა კიდევ სხვა რამეს ნიშნავს.
ხელისუფლებას პარტნიორები არ ჰყავს არც შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. გამარჯვებული კოალიციიდან გაყრილი პარტიები დღეს მისი მოწინააღმდეგეები არიან. თვით „ოცნების“ წიაღშიც უმრავლესობის პოლიტიკური კონგლომერატი იმდენად ეკლექტურია, რომ ცხადზე უცხადესია _ მათ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აერთიანებთ.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას _ „ქართულ ოცნებას“ _ პარტნიორები არც დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავს. ისე, ქართველი პოლიტიკოსების ვნებები ძალაუფლებასა და ფულზე გადის. შესაბამისად, როგორც კი რომელიმე „ლიდერი“ გაიგებს, ვის უხდის ბიძინა ივანიშვილი და ვის რას ჰპირდება, ის მოჩვენებითად მეტად მოიდრეკს წელს, მაგრამ გაბოროტდება და რეალურად დაიწყებს საკუთარ თამაშს, ან სხვა გუნდის წევრი ხდება.
არ არის საჭირო თავის მოკატუნება და იმაზე საუბარი, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას მეგობრები ჰყავს საერთაშორისო ინსტიტუტებში. რეალურად, არ ჰყავს! მეტიც, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული პიარ და ლობისტური კომპანიები გაოგნებულნი არიან, რადგან დამქირავებელი ამოცანასაც კი ვერ უხსნის და უსახავს. მეექვსე წელია, ხელისუფლება, ცალკეული საერთაშორისო წარუმატებლობისას გვეუბნება, საქმე „ნაციონალებმა“ და მათმა ლობისტებმა გაგვიფუჭესო. ცალკე საკითხია, ყოველი ასეთი განცხადების შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ უსუსური „არსებაა“ და არავითარი სტრატეგიული გათვლა არ გააჩნია. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რომელიმე კომპანიას კონტრაქტის დაკარგვა სურს? არა! შესაბამისად, იმ ლობისტებსაც გადასარევად ესმით, რომ მათთვის ამა თუ იმ საერთაშორისო ინსტიტუტში საქართველოს იმიჯის შესაქმნელად და ცალკეული საკითხების ლობირებისთვის სახელმწიფოს ფულია გადახდილი. ამ კომპანიებს ახასიათებთ მემკვიდრეობითი თანამშრომლობა და თუ ხელისუფლებაში პიარით დაკავებულ პირებს საკუთარი მერკანტილური ზრახვები არ აქვთ, რატომ ვერ უსაზღვრავენ მათ კონკრეტულ დავალებებს? თუ ეს დავალებები მიშას დროს იმიტომ სრულდებოდა, რომ მისი ეშინოდათ? იქნებ, მერაბიშვილის ან ადეიშვილის ეშინოდათ საერთაშორისო კომპანიებს?
აქვე მოვრჩები პიარის თემას, რომელიც ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ წარუმატებელია. მოსახლეობა სწორად იმასაც კი ვერ იგებს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება კარგს და წარმატებულად. პიარზე პირდაპირაა მიბმული მედიის თემაც. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ხელისუფლებას პარტნიორი არც მედიაში ჰყავს. მავანი იტყვის, ხელისუფლებისა და მედიის პარტნიორობა ვის გაუგიაო და შეცდება. ხელისუფლებისა და მედიის მეგობრობა არ შეიძლება, თორემ პარტნიორობა ნამდვილად შესაძლებელია. დღევანდელ ხელისუფლებას კი მრავლად ჰყავს ჯიბის მედიასაშუალებები, რომელთაც „მეგობარ მედიას“ უწოდებს, ხოლო კრიტიკულ მედიას მტრად რაცხს. შესაბამისად, ხელისუფლება მედიასეგმენტშიც უპარტნიოროდ არის დარჩენილი.
მეორე სეგმენტი, რომელთანაც ასევე არანორმალური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, არის არასამთავრობო სექტორი. აქაც თვალნათლივ ჩანს „ნაკვებნი“ და „კვებისთვის“ მზადმყოფნი. ესეც ის მიმართულებაა, სადაც ხელისუფლება კისრის მოტეხის კანდიდატია, რადგან დროთა განმავლობაში „ნაკვებთა“ მიერ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გაკეთებული ერთი განცხადებაც კი უფრო წონადი იქნება, ვიდრე იმათი, ვინც მართლაც ობიექტურად აკრიტიკებს, მიუთითებს და გნებავთ, გულშემატკივრობს ხელისუფლებას. შესაბამისად, ის ფორმა, რაც მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან საურთიერთოდ აირჩია ხელისუფლებამ, სწორედ ამ ხელისუფლების დასამთავრებლად არის ზედგამოჭრილი და არა ქვეყნისა და, თუ გნებავთ, ხელისუფლების საკეთილდღეოდ.
ბიზნესი… აქ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. ქართულ ბიზნესს მამა არ ჰყავს, ხოლო ეკონომიკას _ დედა. მსხვილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა მოახერხეს და ხელისუფლებასთან, ანუ ბატონ ბიძინასთან ურთიერთობები დაალაგეს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ თავისუფლად ცურვა შეუძლიათ. უბრალოდ, იციან, რომ ივანიშვილის ინტერესების სფეროში არ უნდა შეიჭრან. სხვა მხრივ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელთან არის შესაძლებელი საქმეების დალაგება. საშუალო ფენა ქვეყანაში კვლავ არ არსებობს. მცირე ბიზენესი სულს ღაფავს და ყოველდღე გაკოტრების მოლოდინშია. შესაბამისად, უკანონო გარიგებებით მცხოვრები ან/და გაკოტრებისა და დაჭერის მოლოდინში მყოფი ქართველი ბიზნესმენები სულაც არ არიან ხელისუფლების პარტნიორები.
თუმცა „ოცნების“ ლიდერებს ილუზია აწუხებთ და, ალბათ, მართლა ფიქრობენ, რომ ხალხს „ბღუჯა-ბღუჯად“ აქვს ფული. იქნებ, ამიტომაც არავინ ფიქრობს ბიზნესგარემოს გაჯანსაღებაზე და ნორმალური საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე.
რაც შეხება პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, არც ეს სეგმენტი უჭერს მხარს ხელისუფლებას. სეგმენტის თითოეულ ინდივიდს სჯერა, რომ მას მეტი სიკეთე ეკუთვნის და ისიც ხომ ვიცით, რომ საზოგადოების ეს ფენა მნიშვნელოვნად იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მას ივანიშვილის, დიახ, ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, მინიმუმ, ვერცხლის „სარაია“ უნდოდა, თუ ოქროსი არა. ახლა ადამიანის მადლიერება-უმადურობის განცდის განსჯას არ დავიწყებ, რადგანაც ისედაც ცნობილია, რომ უმადურობა და ხელისუფლებისგან მეტის ნდომა მოკვდავთა უდიდესი სისუსტეა.
ახალგაზრდობა? ნარკოლიბერალიზაციასა და ჩადების წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე ახალგაზრდების კონსოლიდირება გვაჩვენებს, რამდენად არის მომავალი თაობა ხელისუფლების პარტნიორი.
ვიღაც მკითხავს, _ კი მაგრამ, ხომ ჰყავს ივანიშვილს, ანუ „ოცნებას“ მადლიერი ადამიანებიც, საზოგადოებაში ავტორიტეტული პერსონები, რომლებიც მისი არათუ პარტნიორები და მხარდამჭერები, არამედ მეგობრებიც არიანო. გიპასუხებთ, _ ერთეულები და არა სამი ათასზე მეტი ადამიანი, რომელსაც ივანიშვილი უხდიდა თუ უხდის საკუთარი ფონდიდან პრემიებსა თუ დამსახურებულ პენსიებს.
რატომ ერთეულები? იმიტომ, რომ იმ სიაში მყოფ თითოეულ პერსონას მიაჩნია, ყველაზე მეტი მისთვის უნდა მიეცა. ისე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, თავის დროზე, რობიკო სტურუას 2000 ლარს რომ უხდიდა და ბუბა კიკაბიძეს _ 5000-ს, აქ აშკარად „უსამართლობასთან“ გვაქვს საქმე. შედეგად, საჯაროდ თუ არა, გულში მაინც იგინებიან „მეოცნებე“ ავტორიტეტები. შესაბამისად, ამ დამსახურებული პერსონებიდან, რაც არ უნდა მოხდეს, ივანიშვილის მხარეს არასოდეს დადგებიან მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ხოლო მომხრეები ისედაც გაბუტულნი არიან და არავითარ პარტნიორობაზე საუბარი არ არის.
ვინღა დარჩა ივანიშვილის მხარდამჭერი? ისინი, რომლებიც „ნაციონალებს“ ესვრიან კვერცხებს და მათ დაპატიმრებას მოითხოვენ? არამც და არამც. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სწორედ მათ ეკუთვნოდათ თანამდებობები თვითმმართველობებში, სამინისტროებსა და თქვენ წარმოიდგინეთ, მინისტრთა კაბინეტშიც კი.
მაშინ რაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება? შიშზე! საზოგადოების შიშზე, რომ „ნაციონალების“ „სისხლისმსმელმა“ ფრთამ არ დაიბრუნოს ხელისუფლება. ივანიშვილის ხელისუფლება რევანშის შიშზე დგას და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ დრომდე ვერ გაიაზრა ეს თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პროდასავლურმა ოპოზიციამ. და რამდენიც არ უნდა იწუწონონ, რამდენიც არ უნდა აბრალონ სხვა გარემოებებს პოლიტიკურმა ლიდერებმა თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა, სწორედ ეს შიში არის ჯერაც საქართველოს პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი.

კოკა წერეთელი