ანზორ საკანდელიძე: „სამშენებლო სფეროზე კონტროლი უნდა აღდგეს, სხვა შემთხვევაში დიდი პრობლემები გველის“

 

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის. მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები თბილისში მშენებლობების პროცესს დიდწილად მოაწესრიგებს.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და ასევე, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არაერთხელ ისაუბრა და მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე, 4000 კვ.მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევისა და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც. ეს, ასევე, მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. წინასწარი კონსულტაციები, როგორც ვიცი, მიმდინარეობს ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია“, _ განაცხადა პრემიერმა.
მთავრობა სამშენებლო მასალის ხარისხთან დაკავშირებულ ნორმებსაც დაადგენს და ამასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებას მიიღებს.
„სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ მთავრობამ უნდა დაამუშაოს რეგლამენტი, რომელიც მოაწესრიგებს სამშენებლო მასალის ხარისხს და დაადგენს მოთხოვნებს სამშენებლო ხარისხის მიმართ. მეორე მხრივ, დაადგენს მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსება. როგორც კი პარლამენტი კოდექსს მიიღებს, რამდენიმე თვეში მთავრობა შესაბამის რეგლამენტებს შეიმუშავებს“, _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პროექტი წარუდგინა.
სამშენებლო კოდექსის პროექტის თანახმად, მთავრობას შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება ევალება: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“, „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“, „სივრცითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის შესახებ“, „მშენებლობის ორგანიზებისა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“, „შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტიანობის შესახებ“, „შენობა-ნაგებობის მიმართ არქიტექტურული მოთხოვნების შესახებ“, „შენობა-ნაგებობის მიმართ კონსტრუქციული მოთხოვნების შესახებ“, „შენობა-ნაგებობის მიმართ საინჟინრო მოთხოვნების შესახებ“, „სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსების წესების შესახებ“. ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით „მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე თბილისის მერ კახა კალაძეს შემდეგი შინაარსის მიმართვას უგზავნის (სტილი დაცულია):
„ბატონო კახა.
ყველაზე კატასტროფული საფრთხე, რაც ემუქრება თბილისს, სადაც თითქმის ნახევარი საქართველო ცხოვრობს, არის კარზე მომდგარი დამანგრეველი მიწისძვრები. როგორც ცნობილი გეოფიზიკოსი, აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე აღნიშნავს, არაბეთის ფილაქანი, რომელიც დაძრულია ჩრდილოეთისკენ, უკვე დაეჯახა ევრაზიის ფილაქანს და მოათრევს წელიწადში 15 სმ-ით. საქართველოს გარდა, ევრაზიის ფილაქანზე განლაგებული ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფო სისტემატურ რეჟიმში ემზადება რა გარდაუვალი 8-9-ბალიანი მიწისძვრებისთვის, მასობრივად ამოწმებენ და ანგრევენ უხარისხოდ აშენებულ ისეთ მაღლივ კორპუსებს, როგორებიც დღეს შენდება თბილისში. საშინელია ბოლო წლების სტატისტიკაც: 2000-2010 წლების 10 წელიწადში მსოფლიოში მიწისძვრებისგან 43%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1950-2000 წლების 50 წლის განმავლობაში!
აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რა უბედურება დატრიალდება 8-ბალიან სეისმურ ზონაში მდებარე თბილისში, თუ აქ მოხდება საპროექტო და, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი 8-ბალიანი მიწისძვრა. ამ დროს საქართველოში, მათ შორის, თბილისში, 27 წელიწადია, არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სეისმომედეგობაზე და თბილისელების სიცოცხლეს, რეალურად, კატასტროფული საფრთხეები ემუქრება.
ბატონო კახა, 2017 წლის 15 ნოემბერს და 2018 წლის 23 იანვარს თქვენს სახელზე გამოგზავნილ ჩვენს ოფიციალურ წერილებში გწერდით: „თბილისში უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, დროებით უნდა შეჩერდეს რკინაბეტონის კარკასული ტიპის 12 სართულზე უფრო მეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტება-მშენებლობა და საპროექტო დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს 2009 წლის კანონთან: „სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09“.
ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მერიამ ჩაიდინა თბილისელების მიმართ, არის ამ კანონის აბსოლუტური უგულებელყოფით უკანონო სამშენებლო ნებართვების მასობრივი გაცემა, რის გამოც დღეს თბილისი გადატენილია 12-სართულიანამდე საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად უკანონოდ აშენებული 20, 30, 40 და უფრო მეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით, რომლებიც არ არის შემოწმებული საპროექტო 8-ბალიან სეისმომედეგობაზე და იქ მცხოვრებთა სიცოცხლე რეალურ საფრთხეშია!“
სამწუხაროდ, 3 თვე გავიდა და პასუხი არ მიგვიღია. ამჟამად, ამავე ტექსტს გწერთ მესამედ და გთავაზობთ თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლის ამ გადაუდებელი პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგათ პირველი პრაქტიკული ნაბიჯები და დროებით შევაჩეროთ ამ „სიკვდილის კორპუსების“ დაპროექტება-მშენებლობა და ნებართვების გაცემა, სანამ პროექტები არ მოვა შესაბამისობაში სამშენებლო კანონმდებლობასთან და, პირველ რიგში, კანონთან „სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09“. ამის შემდეგ შერჩევით უნდა დავიწყოთ საცხოვრებელი კორპუსების შემოწმებები სეისმომედეგობაზე.
საქართველოს მშენებელთა ლიგამ, სადაც დამფუძნებლები არიან ადრე ევროპაში ცნობილი, ყოფილი ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერები (მეც ამ ინსტიტუტის ასპირანტი ვიყავი), აგრეთვე მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში სეისმომედეგობის ცენტრად აღიარებული, ყოფილი საკავშირო სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო „თბილზნიეპის“ ინსტიტუტის დირექტორი და სეისმური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მოვიძიეთ რა მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ ჯერ კიდევ გადარჩენილი ამ 2 ინსტიტუტის სამეცნიერო და ლაბორატორიული რესურსები, შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზაცია 27 წლის შემდეგ საქართველოში შენობა-ნაგებობათა შემოწმებების დაწყებას სეისმომედეგობაზე. შემოწმების ფასი განისაზღვრება შენობის სართულიანობით, შესამოწმებელი მთლიანი ფართობით და 1კვ.მ-ის ღირებულება იქნება 2-3 აშშ დოლარი. ჩვენ შეგვიძლია სეისმომედეგობაზე ლაბორატორიული გამოკვლევები ჩავუტაროთ შენობებს როგორც მშენებლობის მიმდინარეობის დროს გადახურული სართულების მიხედვით, ისე დამთავრებულ შენობებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წინ.
ბატონო კახა, იმედი გვაქვს, ამ ჩვენს საქმიან წინადადებას, რომლის დადებითად გადაწყვეტას თბილისისა და თბილისელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აიყვანთ პირად კონტროლზე. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში სეისმომეცნიერების აღორძინებას! კარგი იქნება, თუ მიგვიღებთ, ან სტუმრად გვეწვევით ჩვენი ლიგის წევრ გამოცდილ და დამსახურებულ მშენებლებს, დამპროექტებლებს, წარმოების სპეციალიასტებსა და მეცნიერებს. ამ შეხვედრაზე შენობების სეისმომედეგობაზე ლაბორატორიული შემოწმებების ჩვენს მომავალ გეგმებზე მოგახსენებთ უფრო დაწვრილებითა და არგუმენტირებულად. ამ შეხვედრაზევე მოგახსენებთ ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ და მშენებელთა ლიგის მიერ მოწონებულ „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამაზე“, რომელიც ახალი წლის წინა დღეებში წინასწარი განხილვისთვის გასაცნობად დავუტოვეთ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელ ნინო ტალახაძეს“.

„ქრონიკა+“ „მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ანზორ საკანდელიძეს ესაუბრება:
_ 2014 წელს მშენებლობის სამინისტრო რაც გაუქმდა, ამ საკითხზე ომი გვაქვს ატეხილი. მისასალმებელია, თუ მთავრობა ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს, მაგრამ ვინ და როგორ გააკეთებს? ყველაფრის შემოწმება რომ დაიწყონ, ამისთვის არც ერთი სამშენებლო პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ასევე ლაბორატორია აღარ არსებობს. კი ბატონო, გაკეთება კარგია, მაგრამ, რეალურად, ამის გამკეთებელი ვინ არის?
ჯერ ერთი, ამ ნორმებს დადგენა სჭირდება. ამ დროს, დარგი თავიდან ბოლომდე შესამოწმებელია, რაც ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა ქვეყანაში მშენებლობის სამინისტროს გაუქმება, რადგან ეს არავის გაუკეთებია. რეალურად, სამხედრო-სტრატეგიული დარგია და ლიკვიდირება ამიტომაც არ შეიძლებოდა.
პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მშენებლობის სამინისტრო ყველგანაა. იმ ევროკავშირშიც, სადაც შესვლას ვაპირებთ, უწყება ყველა ქვეყანაშია ცალკე ან სხვა დარგთან ერთად. მაგალითად, მშენებლობისა და ენერგეტიკის სამინისტრო გვხვდება იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, რადგან მშენებლობის სამინისტრო ყველა ქვეყანაში სეისმური უსაფრთხოებისა და სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მთავარი გარანტია. თუ ეს სამინისტრო არ არის, იმ ქვეყანაში მიწისძვრებისგან დაცვის და სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დარღვევით გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან დაცვის გარანტი არ არსებობს, ეს არის და ეს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შემოწმებები უნდა დავიწყოთ და ორივე ხელით ამ წინადადებებს მხარს ვუჭერ. მაგრამ ჯერ კონცეფცია არის მოსაძებნი, თუ საიდან და როგორ დავიწყოთ პროცესი, რადგან აქ ყველაფერი დანგრეულია.
_ დღეს ვინ უნდა გააკეთოს ეს საქმე, ახალი ნორმები ვინ უნდა დაადგინოს?
_ ამ ნორმების დამდგენიც არავინაა, არაფერი აღარ არსებობს. ადრე ამ ნორმებს, ძირითადად, სამშენებლო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ადგენდნენ. იქ ზავრიევის ინსტიტუტი, საკავშირო სათავო, თუ ჰიდროტექნიკური მშენებლობების კუთხით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იყო. ყველაფერი ბოლომდე განადგურებულია და ვინ დაადგენს აღნიშნულ ნორმებს?
ამიტომ სტრუქტურები თავიდან არის შესაქმნელი, რაღაცები, უბრალოდ, გადასარჩენია. სამშენებლო სფეროზე კონტროლი ცალსახად უნდა აღდგეს, სხვა შემთხვევაში დიდი პრობლემები გველის. მაგრამ ვიმეორებ, ამის შემმოწმებელი, ელემენტარული ნორმების დამდგენი ვინ არის? თავის დროზე, უგალავამ რომ თბილისში ნებისმიერი შემოწმებები, რეგულაციები აკრძალა და ობიექტებზე არავის უშვებდნენ, ამიტომ სისტემა ბოლომდე ჩაიკეტა. ახლა ამას ადვილად ვინ გახსნის?
იქ ისეთი უბედურებებია დატრიალებული და ასეთივე რაღაცებია დამალულ-მიფუჩეჩებული, რომ ჩვენ ნახევარზე მეტი არც ვიცით, ამ სფეროში აქამდე რა ხდებოდა და დღესაც რასთან გვაქვს საქმე.
ამის საშუალება ერთხელ მოგვეცა 2002 წელს, როდესაც მანუჩარ მაჩაიძე საკრებულოში მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე იყო. დეპუტატები წამოიყვანა, ძლივს შეგვიშვეს მშენებლობებზე ერთი დღით და მეორე დღეს გამოგვყარეს, აღარსად აღარ გაგვატარეს. ადგილზე რაც ვნახეთ, რაღაც საშინელებები გამოირკვა. ერთ დღეში 50-მდე ობიექტზე მოვასწარით შესცვლა, პირველ-მეორე სართულებზე შევდიოდით და მხოლოდ კონსტრუქციებში ბეტონის სიმტკიცეს ვამოწმებდით. ყველა სამასი ვატის ნაცვლად 150 და უფრო ნაკლები გამოვიდა. ამითაა აშენებული, ლამის, მთელი თბილისი.
ხარისხზე საუბარს ახლა იწყებენ. პირველ რიგში, კონცეფცია უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს საქმე. ჩვენ ევროსტანდარტებით ვერ დავიწყებთ. მაშინ მთელი სამშენებლო კომპლექსი უნდა გააჩერო და ყველაფერი უნდა დამუხრუჭდეს. აქ, უბრალოდ, განუკითხაობა სუფევს და ამას მოვლა სჭირდება.
თუნდაც, რუსეთში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ავიღოთ: შეიძლება ევროსტანდარტებთან შედარებით დიდი ამბები არ ხდებოდეს, მაგრამ იქაც კი სამმაგი შემოწმებაა სამშენებლო მასალების, მოსაპირკეთებლისა და მისთ. ჯერ მასალები საბაჟოზე რომ შემოდის, მოწმდება, რაც საქართველოში არ არსებობს. შემდეგ, როდესაც რეალიზაციაში მიდის საბითუმო თუ საცალო ვაჭრობაში, იქაც შემოწმებებია. მასალას სერტიფიკატები თუ არ მოჰყვება, იმას რუსეთში არავინ ყიდულობს. რეალურად, ვერც გაყიდი და თუ მაინც გაასაღებ, ამაზე შემდეგ პასუხს მაინც მოგთხოვენ. ეს ყველაფერი სამშენებლო ობიექტზე რომ მიდის, იქაც ამოწმობენ, აკონტროლებენ. შემდეგ რომ დამთავრდება, მთლიანად შენობას სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ამოწმებენ.
აქ ამის დაწყება, რასაკვირველია, ასე ადვილი არ იქნება. მაშინ სტრუქტურა უნდა გამოიყოს და ეს ყველაფერი, უპირველესად, თბილისში არის მოსაწესრიგებელი.
ადგილობრივი არჩევნები რომ იყო, მშენებელთა ლიგამ თბილისისა და თბილისელების გადარჩენის პროგრამა დავწერეთ. იქ გაწერილია, თუ საერთოდ რა უნდა გაკეთდეს, უპირველესად რა არის გასაკეთებელი და ა. შ. ზერელედ საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, იქ ყველაფერი დაწვრილებით წერია.
ეს პროგრამა ახალი წლის წინა დღეებში მერიას მივწერეთ. არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები შეგვხვდნენ, გვთხოვეს და ეს პროგრამა დავუტოვეთ. შემდეგი შეხვედრა ქალაქის მერთან უნდა გვქონოდა. არაფერს ვითხოვთ, არც თანამდებობები გვინდა და არც მათი ხელფასები. მშენებელთა ლიგაში გამოცდილი ხალხია, ძველი მინისტრის მოადგილეები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, მეცნიერები, დამპროექტებლები, საპროექტოს დირექტორები, გამოცდილება გვაქვს და გამოგვიყენონ.
საქართველოს მშენებლობის სამინისტრო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მოწინავე მშენებლობის სამინისტრო იყო. თუ სადმე საპასუხისმგებლო რამე შენდებოდა კავშირის მასშტაბით, მას ქართველი მშენებლები აპროექტებდნენ, ქართველები აშენებდნენ. სხვათა შორის, კვალიფიციური მუშებიც აქედან მიჰყავდათ. უდიდესი გამოცდილების ნაწილი მაინც შემორჩენილია და გამოიყენონ ეს ხალხი.
ხარისხის შემოწმება რომ უნდათ, ამას ვინ გააკეთებს? ამიტომ ჩვენ თანამშრომლობას ვთავაზობთ. თავის დროზე, უგულავასაც შევთავაზეთ, თითქოს დათანხმდა და მერე უარი გვითხრეს, _ ეს ყველაფერი მშენებლობას გააძვირებსო.
პირველ რიგში, ყველა ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველი უნდა იყოს. არა იმ კომპანიისა, რომელიც აშენებს, არამედ ან მერიის ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელი, ან თუ ეს რესურსი არ ეყოფათ, შესაბამის კადრს ჩვენ მოვუმზადებთ.
ყველაფერი აქედან უნდა დაიწყოს, რომ მშენებლობა ვიღაც კომპეტენტურს ჩაბარდეს, თორემ ეს მშენებლობა დილიდან საღამომდე მიყრილია, აბსოლუტურად უყურადღებოდ არიან და მთელ თბილისს ელიავას კადრებს აშენებინებენ, ეს დროზე უნდა დამთავრდეს.
რომელ ხარისხის კონტროლზეა საუბარი, როდესაც ლაბორატორიული შემოწმებაც არ უნდათ, არც სხვა არაფერი. შეხედავ არმატურას, კოროზია აქვს მოდებული, ჟანგვის პროცესია დაწყებული. აი, ამას რომ აიღებ და რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში ჩადებ, იქ ხარისხიც და მშენებლობის უსაფრთხოებაც დამთავრებულია, რადგან დაწყებული კოროზია გინდა ბეტონში მოაქციე და გინდა სხვაგან, ის დროში გრძელდება, ეს არმატურა კოროზიას გააგრძელებს და მერე საპროექტო დატვირთვებს ვეღარ უძლებს, ერთ დღესაც მთელი შენობა ჩამოინგრევა. აი, ეს ვერ მოუწესრიგებიათ, სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ?
ერთი პერიოდი აგილებზე დავდიოდით, სურათებს ვუღებდით და ვაფრთხილებდით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ახლა ჩამოუარეთ ჟურნალისტებმა და გადაუღეთ ერთი, რას დებენ, თმები ყალყზე დაგიდგებათ, იქ ისეთი ამბები ხდება, ამ დაჟანგულ არმატურებს რომ ყრიან რკინა-ბეტონის დამზადების დროს.
მიზეზი ის არის, რომ ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. თუ გამოსწორების პროცესს დავიწყებთ, კი ბატონო, ეს კარგი იქნება, მაგრამ უფრო რბილი ნორმებით უნდა დავიწყოთ. მაგალითად, უკრაინაში არსებული შედარებით რბილი ნორმებით დაწყება გვინდოდა. ეს უფრო გართულებულია რუსეთში და ევროკავშირის ნორმებს ჯერ, ალბათ, ვერც მივეკარებით.
ამიტომ ეს პროცესი რაღაც გარდამავალ პერიოდებად უნდა დაიყოს. მთელი ეს კონცეფცია დასამუშავებელია. ასე არ გამოვა, მარტო ლოზუნგი წამოიძახო და ის არ იყოს განსაზღვრული, საქმეს ვინ და როგორ გააკეთებს. ანუ ვინ არის ამშენებელი, შემმოწმებელი და მერე დამსჯელი ვინ არის, მთელ ამ პროცესს ვინ აკონტროლებს?
ამას მშენებლობის სამინისტრო ალაგებდა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს სამინისტრო უნდა აღვადგინოთ, თორემ დღევანდელ საქართველოში არსებულ სამშენებლო „ბარდაგს“ (ნებართვის გაცემით დაწყებული, შემდეგ დაპროექტებით, მშენებლობით, შემოწმებით, აშენებულის მიღება-ჩაბარებით დამთავრებული, ყველაფერი ფორმალობად რომ არის ქცეული) არაფერი ეშველება.
_ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესშიც ცვლილებები შედის…
_ ამაზე საუბრებითაც დავიღალეთ. ესეც უგულავამ შემოიღო, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემა მხოლოდ არქიტექტურის ნახაზით შეიძლება. რამდენი ხანია ვამბობ, რომ ეს იყო დანაშაული. მშენებლობას იწყებენ და ჯერ პროექტი მზად არ აქვთ, მხოლოდ არქიტექტურული ნახაზია, ანუ რაღაც ფასადებია და საქმეს ამით იწყებენ. ეს, რეალურად, ნახაზიც არაა, ნახატია. ამას ელექტრონული ფოსტით გადააგზავნი და პასუხიც მოგივა.
ეს რა სისულელეა, თუ პროექტი მზად არ არის, ექსპერტიზა არ აქვს გავლილი და სხვ. მით უმეტეს, როცა დღეს დედაქალაქში 20, 30 და 40-სართულიან სახლებს აშენებენ. თანაც ამაზე კანონი არსებობს 2010 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული, რომ რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის შენობები არ შეიძლება თორმეტ სართულზე უფრო მაღალსართულიანი აშენდეს. ამ კანონით პროცესი მოვიგეთ და ჩემთან _ ზაქარიაძეზე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ექვსი ოცდათორმეტსართულიანი კორპუსის აშენება შევაჩერებინეთ. დავა სწორედ ამ კანონით მოვიგეთ, როგორც საქალაქო, სააპელაციო, ასევე უზენაეს სასამართლოშიც გავიმარჯვეთ.
მხოლოდ ერთი კორპუსი, რაღაცნაირად, მაინც იჩალიჩეს და დაამთავრებინეს. მერე მეუბნებოდნენ, რომ ამაზე რამენაირად დავთანხმებულიყავით. კი ბატონო, დავთანხმდები, ოღონდ ვიღაცამ შეამოწმოს, 12 სართულის ნაცვლად 32-სართულიანი ხომ ააშენეს (ახლა გაყიდვას ცდილობენ), ვინმემ შეამოწმა, რომელ სტანდარტს აკმაყოფილებს?
თბილისი 8-ბალიან სეისმურ ზონაში შედის, ამიტომ საპროექტო სეისმომედეგობაც 8 ბალი უნდა იყოს, ამას ხომ უნდა გაუძლოს? ჰოდა, ვინმემ შეამოწმოს და ამ ყველაფერზე ხელი მოუწეროს! გინდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო იყოს, გინდა სხვა, უცხოელი ექსპერტები ჩამოიყვანონ. ბოლოს და ბოლოს, იქ მოსახლეობა უნდა შევიდეს, ოჯახებმა უნდა იცხოვრონ.
ახლა მშენებელთა ლიგამ მერიაში წერილი შევიტანეთ. იმას მივაღწიეთ, რომ დანგრეულ-განადგურებული სამშენებლო სექტორის შიგნით რეზერვები რაც იყო დარჩენილი, აქედან ერთი ჯგუფი შევაკოწიწეთ, მოვიძიეთ მოწყობილობები, რითაც სეისმომედეგობის დადგენა შეიძლება და მუშაობას ვიწყებთ.
პირდაპირ ვაცხადებთ, რომ 27 წელია, საქართველოში, მათ შორის, თბილისშიც სეისმომედეგობაზე არაფერი შემოწმებულა, ამიტომ აშენებულის შემოწმება უნდა დავიწყოთ. მიღება-ჩაბარების დროს ეს შენობა ხომ უნდა შემოწმდეს? მსოფლიოში ვინმე შენობას ჩაიბარებს ექსპლუატაციაში, რომ სეისმომედეგობაზე შემოწმებული არ იყოს? ეს ხომ გამორიცხულია. 27 წლის შემდეგ მაინც ხომ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი? კვადრატული მეტრის 2-3 დოლარის ფასში ჩვენ ამ კორპუსებს სეისმომედეგობაზე შევამოწმებთ და დასკვნას მივცემთ. მართლა პროფესიონალი მშენებლებიც იჭყლიტებიან მთელ ამ განუკითხაობაში.
_ 2010 წლის კანონი ახსენეთ, რითაც პროცესი მოიგეთ და 32-სართულიანის მშენებლობა შეაჩერეთ, იგივე კანონი სხვაგან რატომ არ სრულდება?
_ კანონს ერთხელ რომ გადააბიჯებ და არ შეასრულებ, მერე ასეც მოხდება. თორმეტსართულიანების ნაცვლად თოთხმეტსართულიანების აშენება რომ დაიწყეს, ერთი ამბავი ავტეხეთ, რომ ის ორი სართული მოეხსნათ, რადგან ეს არაკანონიერია. ვითომც არაფერი, ისე გაატარეს. შემდეგ უკვე თექვსმეტსართულიანები ააშენეს, მერე ოცი, ოცდახუთი და ახლა ორმოცზეც აღარ ჩერდებიან. ხომ უნდა შეაჩერო, ხომ უკანონოა ეს ყველაფერი? ბოლოს და ბოლოს, მარტო ჩვენ სამი სასამართლო მოვიგეთ.

გელა მამულაშვილი