მარიკა დათუკიშვილი: „კალაძემ ნარმანიაზე უარესად დაიწყო“

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვას ითხოვს. ფრაქციის წევრ მარიკა დათუკიშვილის თქმით, მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია 22 თებერვალს სრულდება, რომლის შემდეგ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა შეიქმნას და რეორგანიზაციას დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა კონკურსი უნდა გაიარონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში ჩართულობას ითხოვს.

„როგორც შევიტყვეთ, რეორგანიზაციის შედეგად მერიის სხვადასხვა ერთეულში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება, ამასთან დაკავშირებით ბატონ კალაძესთან შემხვედრი წინადადება გვაქვს. კალაძე დეკლარირებულად აცხადებს, რომ მისი მიზანია თბილისის მერია პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტდეს. კალაძე თუ მართლა აპირებს, რომ პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით დააკომპლექტოს თბილისის მერია და ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე კონკურსები, ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, გვაქვს წინადადება და, პრინციპში, მოთხოვნაც: მან საკონკურსო საატესტაციო კომისიაში, რომელიც 22 თებერვლის შემდეგ შეიქმნება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩართოს. მზად ვართ, ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მივიღოთ საკონკურსო საატესტაციო კომისიაში, ასევე ამ კომისიაში ჩაერთოს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მაღალი ნდობით სარგებლობენ“, _ განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა. ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს.

„ქრონიკა+“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მარიკა დათუკიშვილს ესაუბრება:
_ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომელიც 22 თებერვალს მთავრდება. მაგალითისთვის, ერთ კონკრეტულ, გამწვანებისა და გარემოს დაცვის სამსახურზე გეტყვით. მას გამწვანების ნაწილი ჩამოსცილდა და მხოლოდ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დარჩა. სამსახურის ახალი უფროსი ინიშნება, ე. ი. ვინც აქ მუშაობდა, ყველა ხელახლა კონკურსის წესით უნდა დასაქმდეს.
შესაბამისად, ამისთვის მერიაში საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა შეიქმნას. არ გვაქვს განცდა, რომ ეს პროცესები გამჭვირვალე იქნება, რომ ამ კონკურსს ნამდვილად წესიერად და პატიოსნად ჩაატარებენ. ამიტომ კომისიაში, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების (პარტიის წარმომადგენელი არ მითხოვია), ასევე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა მოვითხოვეთ. ისინი ვიგულისხმე, რომლებსაც საზოგადოების მაღალი ნდობა აქვთ და არა ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებული.
კი გვეუბნებიან, რომ პროცესში არასამთავრობოები არიან ჩართულებიო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საუბარი იმ ორგანიზაციებზეა, რომლებიც მათ მიერვე შექმნილია. ამ თვალსაზრისით, მათ მიმართ ნდობა არ გაგვაჩნია. 2014 წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური გაიყო, რადგან კახა კალაძის ცოლისძმა სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების სამსახურის უფროსად უნდა დანიშნულიყო. აღმოჩნდა, რომ მცდარი გადაწყვეტილება იყო და ეს სამსახურები ისევ გააერთიანეს.
არ ვიცი, კახა კალაძის გარდა დღეს კიდევ ვის აღმოაჩნდება ცოლისძმები, ცოლის სხვა ნათესავები, ოჯახის წევრები თუ პარტიული აქტივისტები. სწორედ ამიტომ ვითხოვდით აღნიშნულ საკონკურსო კომისიაში ჩართულობას, რაზედაც უკვე, პრინციპში, უარი მივიღეთ. ვიცე-მერმა განგვიცხადა, რომ თქვენ ამ კომისიში მონაწილეობის უფლება არ გაქვთო.
მათ ასევე უნდა შევახსენო, რომ მერია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულია. საკრებული დედაქალაქის მერიის მაკონტროლებელი ორგანოა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ამბავი დღემდე არ იციან.
რაც შეეხება ახლად შექმნილ უწყებებს, მაგალითად, ეს გახლავთ შპს „მწვანე ქალაქი“, სადაც ჯერ არ ვიცით, რამდენი ადამიანის დასაქმებას აპირებენ. ასევე ერთ-ერთი ააიპ-ი გახლავთ მუნიციპალური განვითარების სააგენტო, სადაც მათ მიერვე შემოტანილ ბიუჯეტში წერია, რომ იქ მომუშავეთა რიცხოვნობა 158 ერთეულით იზრდება.
ეს ის გახმაურებული ააიპ-ია, რომელმაც თბილისელებს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ დანა-ჩანგლის მოხმარების ტრენინგები ჩაუტარა თბილისის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს. დღეს ეს ააიპ-ი, რეალურად, მავნებელი და წურბელა სტრუქტურა (ჩვენივე ფულით დაფინანსებული), 158 საშტატო ერთეულით იზრდება.
კახა კალაძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ შრომითი ანაზღაურების მუხლი არც ერთი თეთრით არ იზრდება. მაგრამ მაღალჩინოსნები გვეუბნებიან, რომ მერიაში პიარსამსახურის მთელი ბატალიონი ჰყავთ (ასევე გამგეობებს, საქალაქო სამსახურებს) და რომ ეს ფუნქციები თბილისის მერიიდან უნდა გამოვიდეს და სხვა უწყებაში, შპს-სა თუ ააიპ-ში გადავიდეს, რაც ნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების მუხლს არაფერი აკლდება, ფაქტობრივად, იზრდება კიდეც. და თუ ადამიანებს ამცირებენ (რასაც დეკლარირებულად აცხადებენ), ამის პროპორციულად შრომის ანაზღაურების მუხლიც უნდა შემცირდეს.
იმის გარდა, რომ აღნიშნული მუხლი არ მცირდება, ასევე სხვა საქონლისა და მომსახურების მაჩვენებელი იზრდება. ეს გახლავთ მუხლი, საიდანაც ხელშეკრულებით დასაქმებულ მომსამსახურეთა შრომის ანაზღაურება გაიცემა და იგი კიდევ 20 მილიონი ლარით იზრდება, ე. ი. ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.
ისედაც გვახსოვს, რომ აგვისტოში დავით ნარმანიამ ერთი ხელის მოსმით 600 ადამიანი შრომითი ხელშეკრულებით დაასაქმა, ანუ ამ მიმართულებაზე უარის თქმას არ აპირებენ.
კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ თბილისის მერი ცრუობს, როდესაც დეკლარირებულად ერთს აცხადებს, მაგრამ ბიუჯეტი აბსოლუტურად სხვა რამეს ამბობს. თუ მან და ენერგეტიკის სამინისტროდან გადასულმა თანამშრომლებმა ბიუჯეტის კითხვა არ იციან, მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ამ დოკუმენტს ძალიან კარგად ვკითხულობთ და საშუალებას არ მივცემთ, რომ თბილისელები მოატყუონ.
_ ამ წინადადებებზე რას გპასუხობენ?
_ დღეს კალაძემ აქეთ გვითხრა, რომ ოპოზიცია იტყუება, რადგან შრომითი ანაზღაურების მუხლი არც ერთი თეთრით არ იზრდებაო. ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ააიპ-ში დასაქმებულთა რაოდენობა 158 ერთეულით იზრდება, – ახალი შპს „მწვანე ქალაქი“ იქმნება, რომელსაც მწვანე სივრცეების, ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა ევალება.
როგორც აღვნიშნე, შპს-ების სახელფასო სარგოები შრომის ანაზღაურების მუხლში არ არის, სუბსიდირებიდან, აბსოლუტურად სხვა მუხლიდან გაიცემა, რომელიც გაუმჭვირვალეა, ამიტომ ეს შპს-ები სრულიად გაუმჭვირვალეა, მათ არანაირი შეზღუდვა არ გააჩნიათ. დღეისთვის შპს-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულ ადამიანებს მერზე, ვიცე-მერსა და ა. შ. უფრო მაღალი ხელფასები აქვთ.
მერიიდან ეს ფუნქციები ზუსტად იმიტომ ამოაქვთ და შპს-ებისა და ააიპ-ების რიცხვი სოკოებივით იმიტომ იზრდება, რომ მათი შრომის ანაზღაურება გაუმჭვირვალეა. მანდ დასაქმებული ადამიანების რეალური კომპეტენციაც ჩვენთვის გაუმჭვირვალეა. მათზე კონკურსი არ ცხადდება და თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლით, _ ვისაც უნდათ, იმას ასაქმებენ და ამ ინფორმაციაზე წვდომა არ გაგვაჩნია.
ხალხმა იმიტომ აგვირჩია, საშუალება არ მივცეთ, რომ არაკომპეტენტური ადამიანები თბილისის მერიაში დასაქმდნენ, ორ კვირაში ერთხელ მეტროს ჭერი არ გვენგრეოდეს, ზაჰესის ხიდი პერმანენტულად არ ინგრეოდეს, ლარი და ცამეტ თეთრად სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გამოკვება არ ხდებოდეს და ამ ფონზე, ვიღაც მაღალჩინოსნებს ხელფასი 7 ათასი ლარი არ ჰქონდეთ.
ამის გაკონტროლების სრული უფლება გვაქვს და, რეალურად, ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ, _ კონკრეტულ მიმართულებაში მაინც ჩავიხედოთ და საკუთარი მოსაზრებები გვქონდეს.
_ ვარკეთილის მეტროში ჩამონგრევის შემდეგ განხორციელებული ცვლილებებისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ?
_ კალაძემ ურბანული საქალაქო სამსახურის უფროსი წარადგინა. მე გავეცანი ამ ადამიანის შრომით ბიოგრაფიას, ნამდვილად ურბანისტია, თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში მისი ურბანისტობა არ ვიცი, ქალაქს როგორ წაადგება, ამას შემდგომი მოვლენები დაგვანახვებს.
რაც შეეხება „მეტრო ვარკეთილის“ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, უკვე მოვისმინეთ, რომ თბილისის მერი რამდენიმე ადამიანის დასჯას აპირებს. თბილისის მერი იმპერატორი არ არის. ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიების შედეგები, ამ დროს, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ისევ თავის ადგილზეა, რომელიც იმ პერიოდშიც ამ სამსახურის უფროსი იყო, როცა „მეტრო ვარკეთილის“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ პასუხი იმ სამსახურის უფროსს არ მოჰკითხეს.
ინფორმაციაც არ გვაქვს, რომელი ადამიანების განთავისუფლება იგეგმება. ვეჭვობთ, რომ ეს ქვედა რგოლზე გადაწყდება, რათა ზედა რგოლების პასუხისმგებლობა არ დადგეს.
რეალურად, ქვედა რგოლები 400-ათასლარიან ტენდერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს რომ არ ღებულობენ, ეს თქვენც მოგეხსენებათ. ის, რომ ხარისხის მაჩვენებლები შემოწმებული არ იყო (ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა), ჩამონგრევის წუთიდან ვიცოდით. ამის დადგენას ბევრი დრო არ სჭირდებოდა და უკვე ორ კვირაზე მეტია გასული.
მაგრამ კალაძის მხრიდან პიარსვლა იყო, ვიღაცაზე ხელები შეიწმინდა და ასე უნდა დამთავრდეს ამბავი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ჩვენ ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ მივცემთ. დაველოდებით გამოძიების შედეგებს, ექსპერტიზის დასკვნას და მოვითხოვთ მასალებს, თუ რა დარღვევების საფუძველზე გაათავისუფლეს კონკრეტული ადამიანები თბილისის მერიიდან?
_ ახალი მერიისა და საკრებულოს სტარტს როგორ აფასებთ?
_ ჯერ სამი თვეა, რაც კახა კალაძე თბილისის მერია. ვფიქრობდით, რომ მისთვის გარკვეული ფორა მიგვეცა, რათა ამ კონკრეტულ პოზიციას მორგებოდა, შეეგძნო, თუ რა არის გასაკეთებელი თბილისის მერიაში, გასცნობოდა ამა თუ იმ სტრუქტურას უფრო სირღმისეულად, მაგრამ ამის საშუალებას არ იძლევა. კალაძემ ნარმანიაზე უარესად დაიწყო. ნარმანიას დროსაც კი გვქონდა ძალიან მკვეთრი პროტესტი, რომ მერია ჩაკეტილი იყო, მაგრამ დღეს იმაზე მეტად დახშულია, ვიდრე _ მაშინ. აბსოლუტურად მოკლებული ვართ ყველანაირ ინფორმაციას, როდესაც ამის ფლობა სამსახურებრივად გვევალება, მაგრამ თბილისის მერია უგულებელყოფს კანონს, საკრებულოს რეგლამენტს და, შესაბამისად, ვერ ვფლობთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომელიც საკრებულოს წევრს უნდა ჰქონდეს.
შესაბამისად, კალაძის ასი დღე შემიძლია აბსოლუტურად უარყოფითად შევაფასო. დეკლარირებულად აცხადებს, რომ ყველასთვის ღიაა, _ ოპოზიციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ რამდენიმე მცდელობა გვქონდა შევხვედროდით (ტელევიზიების გარეშეც შევთავაზეთ), რომ კონკრეტულ პრობლემაზე გვესაუბრა, ჩვენი ხედვა შეგვეთავაზებინა, თუმცა უშედეგოდ.
აქ იმას არ ვგულისხმობთ, გაითვალისწინებდა თუ არა ამ ყველაფერს. ჩვენ ბიუჯეტის კანონი გვავალებს, რომ ფრაქციას უნდა წარგვედგინა შეთავაზებები ბიუჯეტთან დაკავშირებით. ეს წერილობით გავუგზავნეთ და როდესაც კითხვა დავუსვი, წაიკითხა თუ არა ჩვენი შეთავაზებები, ამაყად მითხრა, რომ არ წაუკითხავს. მას ჰგონია, რომ ეს ძალიან კარგი ტონია, თუ არ წაუკითხავს. ეს ყველაფერი მის პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს. ისიც არ იცის, რომ ამის ელემენტარული ვალდებულება აქვს. ის „ქართული ოცნების“ მერი არ არის, თბილისის მერია და ეს პასუხისმგებლობა გათავისებული არ აქვს. ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს თბილისის მერიასა თუ საკრებულოში.

ამ ფონზე, დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურებიდან ორი თანამშრომელი განთავისუფლდება, რომლის მიზეზიც, კახა კალაძის განმარტებით, პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევა _ კერძოდ კი, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებებია.
„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას, კერძოდ, ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯსა და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, _ განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.
მეორე საკითხი, რომელზედაც დედაქალაქის მერმა მთავრობის ბოლო სხდომაზე ყურადღება გაამახვილა, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოკვეთილი ხარვეზებია, რის გამოც კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ მამუკა კობახიძეს დაავალა, დაკავებული პოზიციებიდან ის პირები გაათავისუფლოს, რომლებიც აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული:
„ამ ეტაპზე, არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო _ დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და მის შედეგებს დაველოდოთ. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული“, _ განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს სთხოვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ, რადგან, მისივე თქმით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
„ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არც ერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“, _ აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და შესრულების ეტაპზე იქნება, საპროექტო დავალებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდება. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე იმისთვის, რომ საპროექტო გადაწყვეტილებები მაღალ დონეზე შესრულდეს.
„ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხსა და ზედამხედველობაზე მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ“, _ აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესზეც ისაუბრა, რომელიც, მისივე განცხადებით, მომავალშიც გაგრძელდება. ამჟამად, საცხოვრებელი ფართები წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს დაუკანონდება.
„დღეს ჩვენ 47 ოჯახს საცხოვრებელ ფართს ვუკანონებთ. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, #4 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ფართებში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონება ვერ მოახერხეს. მინდა, მივულოცო მათ და მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, _ აღნიშნა თბილისის მერმა.

გელა მამულაშვილი