სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების მოდელში შესაძლო ცვლილებებზე მუშაობას აგრძელებენ. ამ ეტაპისთვის დაზუსტებულია 2017-2018 წლისთვის გათვალისწინებული სიახლეები. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე თითოეული საგნისთვის დამატებითი ნიმუშები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ახალი ნიმუშები მათ დაეხმარება, სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.
იმისთვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ, დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია _ ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მიმინოშვილის განცხადებით, ცვლილებები შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსწავლემ გაიგოს, გადალახა თუ არა ბარიერი და არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქულას:
„მთავარი პრინციპია, გადალახა თუ ვერ გადალახა მოსწავლემ ბარიერი და არა _ კონკრეტული ქულა. ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შევაჯერეთ მოსაზრებები. როგორც კი დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, ის კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი. შესაბამისად, მას კონკრეტული ქულა აღარ დაეწერება“.
მისივე განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეული საგნისთვის დამატებით ნიმუშებს გამოაქვეყნებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეს ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ, რათა საგამოცდო დავალებებზე სწორი წარმოდგენა შეექმნათ.

მიმდინარე საკითხებზე „ქრონიკა+“ პარტია „ევროპული საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება:
_ ქალბატონო მარიამ, ამ ბოლო ინიციატივებს როგორ აფასებთ?
_ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე სიახლე დააანონსა, მათ შორის, ბოლო 2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდების შეცვლილი ფორმატით ჩატარება გახლავთ. კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების ქულა კი კვლავ რჩება ერთადერთი მნიშვნელობის მატარებელი _ მინიმალური კომპეტენციის დადასტურება არის აუცილებელი პირობა სასკოლო ატესტატის მისაღებად.
აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული ინიციატივა თავად გამოცდაზე არ აისახება და არაფერს ცვლის. მეტიც, ნორმალური სასკოლო საგანმანათლებლო პროცესისათვის ლოგიკურიც კი არის, მაგრამ როცა სკოლაში შეფასების სისტემა მოშლილია და მთლიანად საგანმანათლებლო პროცესი საშუალო საფეხურზე ხარვეზებით მიმდინარეობს, გამოსაშვები გამოცდების ქულა _ მინიმალური კომპეტენციის შეფასება _ ერთგვარი დიაგნოსტიკური შეფასების სტატუსს ატარებს, რაც სკოლის პედაგოგებისთვის ამ წლების განმავლობაში განიხილებოდა, როგორც სწორება მათ მიერ დაწერილ ნიშანთან.
ამ ინიციატივით კი მასწავლებლის მიერ საშუალო საფეხურზე გაკეთებული შეფასება, ფაქტობრივად, უკონტროლო რჩება, რაც, შესაძლოა, პოზიტიურად არ აისახოს მოსწავლეთა საბოლოო ნიშანზე და, ხშირ შემთხვევაში, ეს შეფასება გახდეს სუბიექტური მასწავლებელთა მხრიდან. მათ შორის, არ გამოვრიცხავ კორუფციული გარიგების საფრთხესაც.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ინიციატივა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გარკვეული სიახლეების შესახებ, კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასა და ზოგადი უნარების ტესტებში. ცვლილებები აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს _ მსჯელობის არგუმენტირების, არაშაბლონურობის, კრიტიკული აზროვნების შეფასება, ვფიქრობ, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების წახალისებაა.
_ ხაზგასმით _ სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება და პროფესიონალი ფსიქოლოგების ჩართვა რა შედეგებს მოიტანს?
_ მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერების შემოთავაზებული მოდელი პოლიციური რეჟიმის სკოლაში შეტანის მცდელობაა და სასიკეთოდ არ და ვერ აისახება მოზარდებში გაზრდილი აგრესიის შემცირებაზე. ერთი, რომ სამსახურის დაქვემდებარების სკოლიდან გატანა დავიწყებული ძველის შემობრუნებაა და მეტი არაფერი. აქვე, თავად ამ სამსახურის პირვანდელი მოდელის ხარვეზიც სწორედ ეს გახლდათ.
ვფიქრობ, მანდატურის სამსახური სკოლის სტრუქტურული ერთეული, ან მისი ადმინისტრაციის ნაწილი უნდა გახდეს, რომ შეძლოს იმ ფუნქციის შესრულება, რომელიც მისი არსებობის იდეაში დევს. შემოთავაზებული ვარიანტი კონტროლზე ორიენტებული სისტემის დამკვიდრების მცდელობაა და არა პრევენციასა და მიზეზების აღმოფხვრაზე.
შესაბამისად, როცა დამოკიდებულება თავიდანვე გულისხმობს შედეგთან ბრძოლას და არა მიზეზების „განეიტრალებას“, იმთავითვე პრობლემა ახალ ნიუანსებს იძენს, იზრდება და გაცილებით რთულდება მისი მოგვარების შესაძლებლობა.
სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებით მოზარდთა შორის ძალადობა, დანაშაულთა რიცხვი არ შემცირდება. აუცილებელია სკოლის პედაგოგებთან, ფსიქოლოგებთან მუშაობა. მიზანი უნდა იყოს მოზარდის თვითშეცნობაზე აქცენტირება, შემოქმედებითი უნარების განვითარება. შემოთავაზებულ ვარიანტში არც პირდაპირ და არც ირიბად არ იკითხება მსგავსი ქვეტექსტი.
ამდენად, ინიცირებული ვარიანტი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც გაძლიერებული კონტროლით აპირებს პრობლემის მოგვარებას, ბოლოდროინდელი მოვლენების კვალდაკვალ ფორმალურ რეაქციად მიმაჩნია.
_ კომუნიკაციების ომბუდსმენის განცხადებით, გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან, თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ პრობლემის მიმართ?
_ მძიმე სოციალური ფონი, სადაც მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის, ქმნის იმ რეალობას, რომელშიც ბავშვი თავის ნებაზეა მიშვებული. ძალაუფლება „ფარული აღმზრდელების“ – ტელევიზიის, აგრესიული კომპიუტერული თამაშების, ინტერნეტის ხელში გადადის. მარტოსულობა, საკუთარი თავისა და უფროსებისადმი რწმენის დაკარგვა, სამომავლო პერსპექტივების ნგრევა, მოზარდის ცხოვრებით დაუინტერესებლობა, საყოველთაო უნდობლობა, სასტიკი გარემო, რომელშიც წახალისებულია კრიმინალი, მოზარდში იწვევს საზოგადოების ნორმებისა და წესების უარყოფას, საზოგადოებასთან გაუცხოებას. ამიტომ იგი გაურბის იმ სოციუმს, რომელიც არ იღებს მას და რომელსაც მისი არ ესმის.
ამ ასაკისათვის დამახასიათებელი კონვენციური მორალი კი გულისხმობს ავტორიტეტების მიბაძვას. შესაბამისად, მარტოსულად დარჩენილი მოზარდი თავად არჩევს და ეძებს ამ ავტორიტეტს და აკეთებს მასზე სწორებას. ძალადობის ელემენტების შემცველი კომპიუტერული თამაშები აგრესიული ქცევის პროვოცირებას ახდენს. მოზარდებს ვირტუალური ძალადობის რეალობაში გაგრძელების სურვილი უჩნდებათ. მოზარდი, რომლის ფსიქიკა ჯერ ჩამოყალიბებული არაა, ვერ გრძნობს ზღვარს ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის. ის იწყებს ძალადობას რეალობაში.
აუცილებელია, სახელმწიფომ, სკოლამ, ოჯახმა შეთანხმებულად იმოქმედონ, გადაინაწილონ პასუხისმგებლობა. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც მოზარდებს დაეხმარება მომძლავრებული აგრესიის გამკლავებაში, ასწავლის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. სკოლამ და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი მიზნები და ინტერესები, არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი არჩევანი მისცემს საკუთარი თავის განხორციელების შესაძლებლობას, რაც, საბოლოო ჯამში, მოზარდის განვითარების ვექტორს პოზიტიური კუთხით შემოაბრუნებს და შეამცირებს აგრესიას.
_ როგორ შეიძლება შეფასდეს განათლების მინისტრის ახალი წინადადებები, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლების შემცირებაზე?
_ პრობლემურია სასკოლო საათობრივი ბადის ცვლილებასთან დაკავშირებული წინადადებები, იქნება ეს მეორე უცხო ენის სწავლების, კვირეული საათობრივი დატვირთვისა თუ რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. მეჩვენება, რომ თითოეული ნაჩქარევი და გაუაზრებელი _ შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან შეუთანხმებელი _ „წაცდენებია“.
რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების შემცირებაზე გაკეთებულ განცხადებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ფორმით პრობლემის მოგვარების მცდელობა სახიფათოა და კერძო ინტერესების მატარებელი შეიძლება გახდეს. ის, რომ უმაღლესი სასწავლებლების შემცირება იყოს მიზანი, არასწორი და არასამართლიანია, რაც განათლების ხარისხზე დადებითად არ აისახება. პრობლემა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, ამ გზით ვერ გადაიჭრება.
საჭიროა აკრედიტაციის ისეთი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლებას მოუპოვებს, ხოლო სახელმწიფოს პროფესიონალ კადრებს შეჰმატებს. ინიციატივა გაჟღერებული ფორმით უფრო დამსჯელ ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, როცა საუბარია აკრედიტებული უნივერსიტეტების არაგეგმურ შემოწმებაზე. ასეთი მიდგომა ვერ იქნება განათლების ხარისხზე ორიენტებული, გაუაზრებელმა ქმედებებმა კი, შესაძლოა, საკმაოდ რთული შედეგი მოგვცეს, თუნდაც განათლების მიღმა დარჩენილი დაუსაქმებელი ახალგაზრდების სახით.
_ რაში მდგომარეობს მასწავლებელთა ხელფასისა და სტუდენტთა დაფინანსების შესახებ თქვენი ბოლო წინადადებები და რეაგირება როგორია?
_ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, ამ მომენტისათვის 58 007 პედაგოგი მუშაობს. მათგან 41089, ანუ პედაგოგთა, დაახლოებით, 71%, პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსს ფლობს. უფროსის სტატუსის მქონე 16762 პედაგოგია, წამყვანის სტატუსის _ 149, მენტორის _ 7.
აქვე, 2017 წლის პირველი იანვრიდან, 800 ლარისა და მეტი ოდენობის ხელფასს უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე სრული დატვირთვის მომუშავე პედაგოგები იღებენ, თუმცა მხოლოდ ისინი, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ. უფროსის სტატუსის მქონე 16762 პედაგოგიდან სრული დატვირთვით 8000-მდე მუშაობს.
შესაბამისად, გამოდის, რომ 800 ლარი და მეტი ოდენობის ხელფასი სისტემაში მომუშავე პედაგოგთა საერთო რაოდენობის 14%-ია. 41000 სრული დატვირთვით მომუშავე პრაქტიკოსი მასწავლებლების ხელზე ასაღები ხელფასი კი 480 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემა მინისტრს დეტალურად მიეწოდა პარლამენტში სამთავრობო კანდიდატების წარდგენის დროს და, ამავდროულად, შესთავაზეს პრობლემის მოგვარების გზაც, 2 თვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება _ წამყვანი და მენტორი პედაგოგების ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, საერთოდ არ გულისხმობს პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმულ ნაბიჯსაც კი. 156 ხელფასმომატებული პედაგოგი საჯარო სექტორში დასაქმებული პედაგოგების საერთო რაოდენობის 0,27%-ია.
სამინისტრომ სერტიფიცირებული პედაგოგებისა და, საერთოდ, პროფესიული ზრდის პროცესისათვის უნდა შექმნას მოტივაცია, პრობლემა აღმოიფხვრება, თუკი ბრძანებით უზრუნველყოფს საათების განაწილების დროს სერტიფიცირებული/სტატუსის მქონე პედაგოგის სრული დატვირთვის ვალდებულებას, რაც მათ უპირატეს პოზიციაში ჩააყენებს. ასეთი ცვლილება იქნება საწინდარი, ნებისმიერმა უფროსმა თუ წამყვანმა მასწავლებელმა სრულად მიიღოს სასერტიფიკაციო დანამატი, რაც თავისთავად გახდება პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მექანიზმი და, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება განათლების ხარისხზეც.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ხელისუფლების მიერ შემოღებული სტუდენტების პროგრამული დაფინანსების წესი, რომელიც, არსებულის პარალელურად, წარმოადგენს ბიუჯეტის თანხების უსამართლო, არარაციონალურ და, შესაბამისად, არაეფექტიან ხარჯს. მოცემული თანხებით, ძველი საგრანტო წესის შენარჩუნებით, შესაძლებელი იქნებოდა ყოველწლიურად გაცილებით მეტი სტუდენტის დაფინანსება.
არაეფექტიანობისა და უსამართლობის არსი ის გახლავთ, რომ პროგრამული დაფინანსების სტუდენტები, სხვა პროგრამებზე იგივე შედეგების მქონე სტუდენტებთან შედარებით, ორმაგ დაფინანსებას იღებენ, ხოლო სტუდენტები, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ მიუღიათ სასწავლო გრანტები და, შესაბამისად, დაბალი შედეგები აჩვენეს, 100%-იან დაფინანსებას იღებენ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს ფაქტი იმ შემთხვევაში, როცა ყოველწლიურად იმატებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. ამჟამინდელი მონაცემებით ეს რაოდენობა უკვე 45 ათასს აჭარბებს.
_ გაიზარდა თუ არა პროფგანათლებაში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა ორი წლის განმავლობში, რაზედაც პრემიერი საუბრობს?
_ ძალიან მოკლე პასუხი ამასთან დაკავშირებით: ასეთი სტატისტიკა ბუნებაში არ არსებობს. პროფესიულ განათლებაში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა არ გაზრდილა. უფრო სწორად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის მონაცემები წინა წელთან (2016) მიმართებით აჩვენებს, რომ სტუდენტთა რაოდენობა 4,9%-ით შემცირებულია.
2013 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 19 849-ია, ყოველწლიურად შემცირების შედეგად 2017 წელს ეს რაოდენობა 14 826 სტუდენტით განისაზღვრა.

გელა მამულაშვილი