1921 წლის თებერვალი: წითელი ლაქა საქართველოს ისტორიაში

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3;4.

საქართველოს გასაბჭოებისთვის მზადება ბოლშევიკურმა რუსეთმა, ჯერ კიდევ, 1920 წლის მაისში დაიწყო. რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, სერგო ორჯონიკიძე, მოსკოვისგან დაჟინებით ითხოვდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების ნებართვას, მაგრამ საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთი ამ ნაბიჯისგან თავს იკავებდა.
1921 წლის იანვრის მიწურულს საერთაშორისო ვითარება რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა. ბოლშევიკებმა, ფაქტობრივად, დაასრულეს დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკება, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მჭიდრო ურთიერთობის დამყარება უნდა მოჰყოლოდა. ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთი ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის ინტერესებს უპირობოდ ცნობდა. თავის მხრივ, ლონდონი აღიარებდა, რომ კავკასია რუსეთის შიდა პოლიტიკის საქმეს წარმოადგენდა. რუსეთმა ფარულ შეთანხმებას თურქეთთანაც მიაღწია. ათათურქის მთავრობა საქართველოს ისტორიულ კუთხეს _ ტაო-კლარჯეთს ითხოვდა. 1921 წლის იანვარში საბოლოოდ გაირკვა, რომ თუ თურქეთი არდაგანის, ართვინისა და ოლთისის ოლქებს მიიღებდა, იგი საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების წინააღმდეგი არ იქნებოდა.
28 იანვარს საქართველოს გასაბჭოების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა. ამის თაობაზე სტალინმა ორჯონიკიძეს შესაბამისი დეპეშის საშუალებით აცნობა: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გაწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს“.
საქართველოს ოკუპაცია XI წითელი არმიის ძალების საშუალებით დაიგეგმა, რომლის შემადგენლობაში, დაახლოებით, 30 ათასი ქვეითი ჯარისკაცი და 4 ათასამდე ცხენოსანი ირიცხებოდა. ეს არმია, რუსების გარდა, სხვა ნაციონალურ ნაწილებსაც აერთიანებდა. აქ იმყოფებოდა ჩრდილო კავკასიელებისგან შედგენილი შარიათის კოლონა; ბაქოს მუსლიმთა პოლკი; ჩერქეზთა წითელ პარტიზანთა პოლკი; ყაზახ-შამშადინის სომხური პოლკი; ჩინელ მოხალისეთა ბატალიონი.
სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით, XI არმიაში ქართული პოლკიც ჩამოყალიბდა, რომელსაც გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. პოლკის კომისარი ტარასი მგალობლიშვილი იყო. ეს ნაწილი 700 კაცს ითვლიდა, აქედან 80% ეროვნებით ქართველი იყო. საყურადღებოა, რომ ქართულმა პოლკმა სამხედრო ფიცი ბაქოში 1920 წლის 26 მაისს, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიიღო. ფიცის ტექსტი შემდეგი იყო: „ჩვენ პირობას ვაძლევთ ამიერკავკასიის პროლეტარიატს, მკერდით დავიცვათ ამიერკავკასიის მშრომელთა განთავისუფლების საქმე. მივდივართ რა მხარდამხარ სახელოვანი რუსეთის წითელ არმიასთან ერთად, ჩვენ დავამსხვრევთ და გავანადგურებთ მშვიდობიანი შრომის დამონებისა და ჩაგვრის ბორკილებს. ჩვენ დაშნაკებს, მენშევიკებსა და მთელ ბურჟუაზიულ ხროვას ხელიდან გამოვტაცებთ და გავათავისუფლებთ ჩვენს ძმებს – ამიერკავკასიის მუშებსა და გლეხებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს და სომხეთს! გაუმარჯოს კომუნიზმს!“
ქართულმა წითელმა პოლკმა საბრძოლო ნათლობა 1920 წლის ივლისში მიიღო. კომუნისტებმა ეს ნაწილი შემახაში აზერბაიჯანელთა ანტისაბჭოთა აჯანყების ჩასაქრობად გამოიყენეს.
1920 წლის მეორე ნახევარში და 1921 წლის დამდეგს ქართული კომპარტიის 9 ათასი წევრიდან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა. რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო საქართველოს მთავრობამ ისინი ქვეყნიდან გააძევა. მათმა ძირითადმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს შეაფარა თავი. სწორედ ეს ჯგუფი ამზადებდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციას. ამ ჯგუფში შედიოდნენ ლ. დუმბაძე, გ. სტურუა, ს. მამულია, მ. კახიანი, ვ. ძნელაძე, ე. კვანტალიანი, ვ. ბახტაძე, ნ. კიკნაძე.
საქართველოზე თავდასხმამდე წითელარმიელებს შესაბამისი იდეოლოგიური დამუშავება უტარდებოდათ. ამის დასტურია 1921 წლის თებერვლის დასაწყისში XI არმიის გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „აჯანყების წინ“. ამ სტატიაში განმარტებულია, თუ რატომ იყო საჭირო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება: „საქართველოში შეჭრის საბაბი შეიძლება გახდეს: 1. მშრომელთა მასებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ავტორიტეტისა და გავლენის ზრდა; 2. ქვეყანაში შიდა კრიზისის გამწვავება; 3. მენშევიკური მთავრობის სიჯიუტე ურთიერთობის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით; 4. საქართველოს მუშათა და გლეხთა მასების მზადყოფნა ბურჟუაზიულ-მენშევიკური, ანტისახალხო დიქტატურის დასამხობად“.
1921 წლის 11 თებერვალს, ბოლშევიკური აგრესიის დაწყებისას, ლორეს რაიონში, დაახლოებით, 8-ათასიანი ქართული შენაერთი იდგა. სასაზღვრო სოფელ ვორონცოვკას მისადგომებს 3 ათასი ჯარისკაცი ამაგრებდა, შაგალი-სადახლოს უბანს კი 5-ათასკაციანი დაჯგუფება იცავდა. აქ იყო მე-2 საარმიო ბრიგადის სამი პოლკი, ერთი საარტილერიო პოლკი, კავალერიის ორი ესკადრონი და სახალხო გვარდიის რამდენიმე ნაწილი.
სამხედრო აგრესია ლორეს რაიონში იმიტირებული სახალხო აჯანყებით დაიწყო, რომელსაც პროფესიონალი რევოლუციონერი, ახალციხის მკვიდრი იოსებ ლაზიანი ხელმძღვანელობდა. ლაზიანი ბაქოს კომუნის აქტიური მონაწილე იყო და ორჯონიკიძეს პირადად იცნობდა. 1920 წლის ნოემბერში, სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, იგი სომხეთის წითელი არმიის პოლიტგანყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა და ლორეში აჯანყების მომზადება დაევალა. ლაზიანის მთავარ ამოცანას შაგალის სტრატეგიული ხიდის დაკავება წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც წითელი არმიის ნაწილები დაუბრკოლებლად შემოვიდოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
11 თებერვლის ღამეს ლაზიანის რაზმი დაბა შაგალიში თავს დაესხა ქართველ მესაზღვრეებს და, პრაქტიკულად, უბრძოლველად დაიკავა სტრატეგიული ობიექტი. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო წითელი არმიის რეგულარული ნაწილები. საერთო ჯამში, ქართული სასაზღვრო ნაწილების წინააღმდეგ ლორეში ბოლშევიკთა სამი ქვეითი და კავალერიის ორი დივიზია, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის მე-5 და მე-6 პოლკები და ერთი ცხენოსანთა პოლკი მოქმედებდა.
წითლების მოულოდნელი თავდასხმის შედეგად ქართული სასაზღვრო ნაწილები თითქმის მთლიანად განადგურდა. 13 თებერვალს გენერალ გედევანიშვილის მიერ ნაჩქარევად დაწყებულმა შეტევამ შედეგი არ გამოიღო. მოწინააღმდეგე კონტრიერიშზე გადმოვიდა და დაბა სადახლოც დაიკავა. 14 თებერვალს წითლები უკვე შულავერში შევიდნენ. ბოლშევიკებს თბილისისკენ გზა გაეხსნათ. ლორეს მცველი ქართული ჯარი მთლიანად დაიშალა. ჯარისკაცთა ნაწილი თბილისისკენ უწესრიგოდ იხევდა, ნაწილი განადგურდა, ან ტყვედ ჩავარდა, დანარჩენმა კი იარაღი დაყარა.
1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის მიერ დაკავებულ შულავერში საქართველოს რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა. შულავერის რევკომს ერთადერთი მიზანი ჰქონდა _ მათი მეშვეობით ბოლშევიკები საქართველოში შემოჭრის გამართლებას ცდილობდნენ. კომუნისტთა სტრატეგია შემდეგი იყო: საქართველოს რევკომის მოთხოვნის საფუძველზე საბჭოთა რუსეთს სამხედრო დახმარება უნდა გაეწია ლორეს რაიონში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მშრომელებისთვის.
საქართველოს რევკომის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესარიონ კვირკველია. პირველივე სხდომაზე, რომელიც 16 თებერვალს შულავერშივე გაიმართა, რევკომმა ლენინს დახმარების თხოვნა გაუგზავნა: „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც იშვა მენშევიკების კონტრრევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ ხალხის მასების აჯანყების ცეცხლსა და კვამლში, აღფრთოვანებულ სალამს უგზავნის დიდი პროლეტარული რევოლუციის ბელადს. საერთაშორისო იმპერიალიზმის მიერ სამი წლის მანძილზე ნასაზრდოებმა მენშევიკების მთავრობამ მშრომელთა დასათრგუნავად საკუთარი პოლიციური და სამხედრო აპარატი შექმნა, მაგრამ ხალხის მასების უკანასკნელი აჯანყება ძლევამოსილი აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ისწრაფიან ევროპის რეაქციის ძალები. გაერთიანებული შავი ლაშქრის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შეერთებულ წითელ სოციალისტურ ლაშქარს შეუძლია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიადი პროლეტარული რევოლუციის ქვეყანა არ დაგვტოვებს უთანასწორო ბრძოლაში და დახმარებას აღმოუჩენს ახლად შობილ საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას“.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საგანგებო სხდომაზე შულავერის რევკომის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღო, სადაც ქართველი ბოლშევიკები ქვეყნის მოღალატეებად გამოაცხადა: „იღებს რა მხედველობაში, რომ საქართველოზე თავდასხმაში მონაწილეობას იღებენ ქართველი ხალხის უღირსი შვილნი, დამფუძნებელი კრება ადგენს: ყველა ქართველი, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებენ შეიარაღებულ ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ ან დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, გამოცხადებულნი არიან ქართველი ხალხის მოღალატეებად. მათ ერთმევად ყოველივე ქონება და კანონს გარეშე არიან გამოცხადებულნი. ამ დადგენილების სისრულეში მოყვანა ევალება მთავრობას. ესენი არიან: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიშა ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ფაიკი, ნაზარეთიანი, საშა გეგეჭკორი, ბესო კვირკველია“.
16 თებერვალს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო აგრესიაზე გადმოვიდა. შეტევის ნებართვა კავბიურომ მოსკოვიდან, ჯერ კიდევ, 14 თებერვალს მიიღო. საიდუმლო შეტყობინებას ხელს თავად ლენინი აწერდა: „ცეკა თანახმაა, ნება დართოს მე-11 არმიას აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში მომხდარ აჯანყებას და დაიკავოს თბილისი, თუ დაიცავს საერთაშორისო ნორმებს და იმ პირობას, რომ მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ყველა წევრი ყველა მონაცემის სერიოზული განხილვის შემდეგ წარმატებას აღგვითქვამს. გაფრთხილებთ, რომ ტრანსპორტის უქონლობის გამო უპუროდ ვსხედვართ და ვერც ერთ ვაგონს ვერ მოგცემთ. იძულებულები ვართ, კავკასიიდან მარტო პური და ნავთი ვზიდოთ. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ პირდაპირი მავთულით, პასუხს ხელი მოაწეროს მე-11 არმიის რევოლუციური საბჭოს ყველა წევრმა“.
ამ შეტყობინებიდან მეორე დღეს, 15 თებერვალს, ორჯონიკიძემ კრემლიდან კიდევ ერთი საიდუმლო დეპეშა მიიღო, რომელიც განმარტავდა თუ რა საბაბით უნდა ემოქმედა მე-11 არმიას საქართველოს წინააღმდეგ: „ცეკას მიაჩნია, რომ მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ოპერაციები ნეიტრალური ზონის აჯანყებულთა დაცვაა თეთრგვარდიელთა მხრივ მოსალოდნელი განადგურებისაგან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ და სწრაფ მოქმედებას, რომელიც იმასაც კი არ მოერიდება, რომ თბილისი აიღოს, თუ ეს საჭირო გახდება სამხედრო მოსაზრებებით…“
მე-11 არმიამ საქართველოს საზღვარი რამდენიმე ადგილას გადაკვეთა. ძირითადი შემტევი დივიზიები აღსტაფაში იყო თავმოყრილი. აქედან თბილისზე უმოკლესი გზა გადიოდა. ბოლშევიკების ეს დაჯგუფება ფოილოსა და წითელ ხიდებს უტევდა და ბაქო-თბილისის სტრატეგიული სარკინიგზო ხაზის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მთავარი მიმართულების პარალელურად, წითელი არმიის ნაწილები საქართველოს სომხეთიდანაც უტევდნენ. ყარა-კილისიდან და დილიჟანიდან ბოლშევიკებმა იერიში ლორეს რაიონზე მიიტანეს. მე-11 არმიის მესამე ნაწილი საქართველოში განჯიდან და ნუხიდან შემოიჭრა. სამივე დაჯგუფება თბილისის მისადგომებთან უნდა შეერთებულიყო. საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა ბოლშევიკების მე-9 არმიაც. მისი შენაერთები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, ნაწილმა კი მამისონისა და როკის უღელტეხილები გადაკვეთა.
16 თებერვალს გამთენიისას XI არმიამ ფოილოსა და წითელ ხიდებს შეუტია. ამ ოპერაციას XI არმიის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის წევრი შალვა ელიავა ხელმძღვანელობდა. ფოილოს სარკინიგზო ხიდს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა – მისი საშუალებით რუსები თბილისის მიმართულებით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სწრაფ გადაადგილებას შეძლებდნენ. თუმცა ხიდის მცველმა რაზმმა ხიდი ააფეთქა და მასზე მოძრაობა შეუძლებელი გახდა. ამ დაბრკოლებამ წითელი არმია მხოლოდ დროებით შეაკავა.
17 თებერვალს მტერი უკვე თბილისს მოადგა. დედაქალაქის თავდაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად იყოფოდა: მარჯვენა ფრთა სოფელ კოჯრიდან თელეთის მონასტრამდე გადიოდა. ამ მონაკვეთს გენერალი ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მის განკარგულებაში ოთხი საარმიო პოლკი და გვარდიის ოთხი ბატალიონი იყო. ანდრონიკაშვილს ემორჩილებოდა ტაბახმელაში განლაგებული იუნკერთა სასწავლებელიც.
მეორე სექტორი, სოღანლუღის რაიონი _ გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ებარა და ის მდინარე მტკვრიდან სოფელ თელეთამდე მონაკვეთს მოიცავდა. ამ ხაზს არმიის სამი ქვეითი პოლკი, გვარდიის, დაახლოებით, 5 ბატალიონი და ჯავშნოსანი მატარებელი იცავდა.
მარცხენა ფრთის დაცვას გვარდიის გენერალი ჯიჯიხია მეთურობდა. ფრონტის ხაზი აქ მდინარე მტკვრის მაცხენა სანაპიროდან სოფელ ლილომდე მიდიოდა და მას, ძირითადად, გვარდიის ნაწილები იცავდნენ.
პირველი სერიოზული შეტევა ბოლშევიკებმა 17 თებერვლის ღამეს სოღანლუღის მიმართულებით განახორციელეს. წითელი არმიის ნაწილებმა იაღლუჯის მაღლობებს შემოუარეს და ქართულ პოზიციებზე სწრაფი იერიში მიიტანეს. მტერი სოღანლუღის ხიდის, სადგურისა და გზატკეცილის ხელში ჩაგდებას და თბილისში შეჭრას ვარაუდობდა, მაგრამ რუსებმა შედეგს ვერ მიაღწიეს. გამთენიისას ქართული ბატალიონები კონტრიერიშზე გადავიდნენ, რის შედეგადაც რუსულმა დივიზიამ მძიმე მარცხი განიცადა. მარტო ტყვეების სახით ქართველებმა 1600 წითელარმიელი აიყვანეს.
ლოკალური წარმატების მიუხედავად ფრონტზე მდგომარეობა მაინც არ შეცვლილა. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს მთავრობამ ევაკუაციის სამზადისი დაიწყო. ყველა მინისტრი და სამინისტროთა ქონება დედაქალაქიდან ქუთაისში გადადიოდა. თბილისში მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, საგარეო მინისტრის თანაშემწე საბახტარაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრები რჩებოდნენ. რკინიგზის სადგურში წინასწარ მომზადდა სამი მატარებელი, რომელთაც, საჭიროების შემთხვევაში, თბილისიდან დამფუძნებელი კრება, მთავრობა და მთავარსარდალი უნდა გაეყვანა. საევაკუაციოდ ამზადებდნენ ქვეყნის სავალუტო მარაგს, ეროვნულ საგანძურს, სამთავრობო და საიდუმლო დოკუმენტაციას.
დედაქალაქის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაბამისი ბრძანება გამოუშვა, რომელიც მთელ საქართველოში დაიგზავნა: „საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის შტაბებსა და ბათუმის საგანგებო რწმუნებულს, აფხაზეთის კომისარიატს. გატყობინებთ, რომ შეიძლება ჩვენ სტრატეგიული მოსაზრებით დავსტოვოთ თფილისი, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის ომის არა დასასრული, არამედ დასაწყისი. სწორედ მაშინ დაიწყება საქართველოს სახალხო ომი თფილისისათვინ და საქართველოსთვინ. ჩვენ დავტოვებთ თფილისს მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ აქ შევიდეთ სამუდამოდ. მოგიწოდებთ, გააძლიეროთ სამხედრო მუშაობა, გამოუგზავნოთ მთავრობას ახალ-ახალი ლაშქარი და ჩვენ მტერს საბოლოვოთ გავსტეხთ“.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თურქეთმა საქართველოს მთავრობას ართვინისა და არდაგანის ოლქების დაცლა მოსთხოვა. ათათურქის ხელისუფლება რუსეთთან შეთანხმებული გეგმით მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოში საბჭოთა რეჟიმს ამყარებდა, ხოლო თურქეთი საქართველოს ისტორიულ პროვინციებს _ არდაგანსა და ართვინს იერთებდა.
ჟორდანიას ხელისუფლება, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არდაგანისა და ართვინის გადაცემას იმ პირობით დათანხმდა, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერას აღმოუჩენდა. ათათურქის მთავრობა მოლაპარაკებებზე დროს წელავდა და ამ პირობის შესრულებას საერთოდ არ აპირებდა.
21 თებერვალს თურქეთმა არდაგანსა და ართვინში საკუთარი ჯარების შეყვანა დაიწყო. ქართულმა შენაერთებმა საქართველოს ისტორიული კუთხე ბრძოლის გარეშე დატოვეს. არდაგანისა და ართვინის გადაცემასთან დაკავშირებით, მთავრობამ მოსახლეობაში სპეციალური მიმართვა გაავრცელა: „მოქალაქენო! სომხებისა და რუსების ჯარები თფილისთან საშინლად დამარცხდნენ, ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია მას, დამარცხებულს მისდევს, მაგრამ საშიშროებას კიდევ არ გაუვლია, ბრძოლა ეხლა დაიწყო. ამ დროს ერთმა ჩვენმა მეზობელმა ანგორას მთავრობამ სადაოთ გახადა ართვინის და არტაანის ოლქების საკითხი. ჩვენ ყოველთვის გულწრფელი მეგობრული მეზობლობა გვინდოდა და გვინდა ანგორის მთავრობასთან, რომ არ დაირღვეს ეს კარგი მეზობელი განწყობილება, ჩვენი მთავრობა დასთანხმდა ართვინისა და არტაანის ოლქების დაცლაზე და იქ მმართველობის ანგორის ხელში გადაცემაზე. ჩვენ გვჯერა, რომ მიუდგომელი საერთაშორისო სასამართლო მშვიდობიანი გზით გადასწყვეტს ამ ოლქების საკითხს ისე, რომ დაცულ იქნება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები. თქვენ, მოქალაქენო, მოგიწოდებთ დაიცვათ წესიერება და განაგრძეთ თქვენი ყოველდღიური მშვიდობიანი მუშაობა“.
თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებდა. იკრძალებოდა ქუჩებში შეკრება და მიტინგები. შეიზღუდა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა. დაიწყო საყოველთაო მობილიზაცია: „თანახმად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს დადგენილებისა, გამოცხადებულია მობილიზაცია რესპუბლიკის ყველა მოქალაქეებისა 40 წლამდის, გარდა რუსებისა. მობილიზაციის პირველ დღეთ დანიშნულია 21 თებერვალი; ამიტომ აღნიშნული წლოვანების მცხოვრებნი ქალაქ ტფილისში უნდა გამოცხადდენ 21 თებერვალს დილის 9 საათზე ტფილისის სამხედრო აღრიცხვის უფროსის სამმართველოში“.
22 თებერვალს ბოლშევიკებმა ფოილოს დაზიანებული სარკინიგზო ხიდი აღადგინეს. აღდგენით სამუშაოებს ქართველი კომუნისტი მიხეილ ბებურიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ხიდის საშუალებით რუსებმა ბრძოლაში ჯავშნიანი მატარებლები ჩართეს და ფრონტზე დამატებითი ცოცხალი ძალის გადასროლა მოახერხეს. საბოლოოდ, რუსეთმა თბილისის ფრონტზე მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწია და ქალაქს ალყის საფრთხე დაემუქრა. შექმნილ ვითარებაში მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ 24 თებერვლის საღამოს დედაქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
25 თებერვალს, ღამის სამი საათისათვის, ქართული ჯარის თითქმის ყველა ნაწილი თბილისიდან უკვე გასული იყო. გამთენიისას, დაახლოებით ხუთი საათისათვის, ქალაქი ქართული ჯარისგან მთლიანად დაიცალა. ყველაზე ბოლოს თბილისიდან იუნკერთა სამხედრო სკოლა გავიდა.
25 თებერვალს, დღის 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან თბილისში წითელი არმია შემოვიდა. ქალაქი ველოკანოვის მე-20 დივიზიის ნაწილებმა დაიკავეს. ყველაზე წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული საქართველოს რევკომის წევრი _ შალვა ელიავა მოდიოდა. მის უკან წითელი დროშა ქართველ კომუნისტ მიხეილ ბებურიშვილს მოჰქონდა. იმავე დღეს, ნავთლუღის მხრიდან, წითელი არმიის მეორე ნაწილი გამოჩნდა, რომელსაც მამია ორახელაშვილი მიუძღოდა.
შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც ქალაქის თვითმმართველობის ყოფილ შენობაში დაიდო ბინა. მის შემადგენლობაში შევიდნენ: სილიბისტრო თოდრია, ბარონ ბიბინეიშვილი, ნიკოლოზ ოკუჯავა, სუხიშვილი, ვაშაკიძე, ნუცუბიძე, ვარდანიანი, გორგასლიძე, შახსუვაროვი. მოსკოვიდან ფილიპე მახარიაძის ჩამოსვლამდე რევკომის თავმჯდომარედ დროებით დაინიშნა მამია ორახელაშვილი.
საქართველოს რევკომის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს გამოცემული პირველი ბრძანება შემდეგი იყო: „საქართველოს ყოფილი მთავრობა ჟორდანიას მეთაურობით, რომელიც დაამხო მასების აჯანყებამ, ოფიცერთა და იუნკერთა რაზმების დამარცხების შემდეგ გადავიდა დასავლეთ საქართველოში. საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც დღეს დედაქალაქში ჩამოვიდა, თავის ხელში იღებს სახელმწიფო ხელისუფლებას და ბრძანებს: საქართველოს დამხობილი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ იგი არ დაგვნებდა, უნდა გაგრძელდეს შეუნელებელი ენერგიით“.
საღამოს 10 საათიდან თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქალაქში პატრულირება და წესრიგის დამყარება ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკს დაეკისრა. იმავე დღეს ველიკანოვმა შემდეგი შინაარსის სპეციალური მიმართვა გაავრცელა: „ბრძანება ტფილისის მიმართულების ჯარებისადმი. ტფილისი, 1921 წლის 25 თებერვალი. ამა რიცხვს ჩემდამი რწმუნებულმა ჯარმა 12 საათზე და 15 წუთზე დაიკავა ქალაქი ტფილისი, წითელი არმიელების, კამანდირებისა და კომისრების გმირული მოქმედება მძიმე უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვებით დაგვირგვინდა. ქალაქი ტფილისი _ ბურჟუაზიის უკანასკნელი _ სიმაგრე დაეცა და საქართველო გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკად. საუკუნო ხსენება დახოცილ მეომრებს და დიდება ცოცხალ მეომრებს, რომლებმაც გმირული შეტევით თებერვლის 24-ს, მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში სძლიეს მტრის წინააღმდეგობა და აიღეს ქალაქი ტფილისი“.
1921 წლის 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ბაქოდან მოსკოვში საგანგებო დეპეშა გააგზავნა: „ტფილისზე საბჭოთა ხელისუფლების დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს“.
რევკომის დავალებით, ველიკანოვს ქალაქში მაროდიორების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები უნდა მიეღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისში შემოსული წითელარმიელები ქალაქის ძარცვაზე გადავიდნენ. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ვლასა მგელაძე იმ დროის თბილისში არსებულ ვითარებას თავის მოგონებებში ასე აღწერს: „რუსეთიდან შემოჭრილი დამშეული ჯარები სახელმწიფო დაწესებულებებში დაბანაკდა, კერძო ბინებზე და ოჯახებში მოთავსდა. ყოველგვარი ავეჯეულობა და ოჯახის სამკაულები ავტომობილებით თფილისის სადგურზე დღიდან-ღამიანად გაჰქონდათ. ვაგონებში აგროვებდნენ, რუსეთში აგზავნიდნენ. ჯარი შეესია სამხედრო საწყობებს. იქიდან ფარაჯები, ფეხსაცმელები გამოიტანეს, თავიანთ დაფლეთილ ფარაჯებს, დაგლეჯილ ფეხსაცმელს ქუჩაში ხალხის წინ იხდიდნენ, იქვე ყრიდნენ და ახლით იმოსებოდნენ. ოჯახებში მოთავსებული ჯარისკაცები შეშის მაგიერ ბუხრებს მაგიდებით, კამოდებით ანთებდნენ. ყველა სანოვაგე ხილეულობა, ყველი, თევზეულობა, ხიზილალა, საუფლისწულო მამულების განთქმული სარდაფები და კახური ღვინო ბოჭკებით და ბოთლებით გაზიდეს, თბილისის სადგურზე გაიტანეს, რამდენიმე ასეულ ვაგონებში ჩააწყვეს, დაბეჭდეს და ზედ დააწერეს: `თფილისის პროლეტარიატისაგან რუსეთის პროლეტარიატს და მის ბელადს ლენინს საჩუქრათ~.
27 თებერვალს სერგო ორჯონიკიძეს სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით წითელი დროშის ორდენი გადასცეს. ორდენს შემდეგი წარწერა ჰქონდა: „თბილისის აღებისათვის“.
1921 წლის 23 მარტს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ყოფილ შენობაში, სადაც საქართველოს რევკომი იყო განლაგებული, საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე ხელმძღვანელობდა. მახარაძემ მადლობა გადაუხადა წითელ არმიას გმირული ბრძოლისთვისა და საქართველოს გასაბჭოებაში შეტანილი წვლილისათვის მე-11 არმიის სარდალი ანატოლი გეკერი ვერცხლის ხმლით დააჯილდოვა: „თქვენი დამსახურების აღსანიშნავად საქართველოს რევოლუციური კომიტეტი გთხოვთ მიიღოთ ეს ხმალი, როგორც თქვენი საბრძოლო გმირობის სიმბოლო. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს მშრომელი მასების განთავისუფლებისათვის ბრძოლის სარბიელზე და წითელი დროშის სადიდებლად, რომელიც თქვენ მუდამ მაღლა გეჭირათ“.

მიხეილ ბასილაძე