ლედი ტუკვაძე: „სახელმწიფოს მხრიდან აგრესიის გამო ბაკურაძემ ციხეში თვითმკვლელობა სცადა“

„ქრონიკა+“ წინა ნომერში უკვე წერდა, რომ ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულების წინ, ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძის ახლობლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ბაკურაძე უნდა განთავისუფლდეს, რადგან ის პროვოკაციის მსხვერპლია. ციხესთან იმყოფებოდა ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, პატიმარი შიმშილობს და თვითმკვლელობაც სცადა.
ლედი ტუკვაძემ გრიგოლ ბაკურაძე საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. ადვოკატმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ბრალი დასდო და აღნიშნა, რომ წულუკიანმა ბაკურაძის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულის მოსანახულებლად დაწესებულებაში ფსიქოლოგიც შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ბაკურაძემ 3 იანვარს ყოფილ ცოლსა და სიმამრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 5 იანვარს საქალაქო სასამართლომ ბაკურაძე გირაოთი გაათავისუფლა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაკურაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
„ქრონიკა+“ გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატს, ლედი ტუკვაძეს ესაუბრება:
_ ძალიან მძიმე თემაა და ბაკურაძეების ღირსეული ოჯახი ამ თემაზე არ საუბრობდა. ეს მცირეწლოვანი შვილიშვილის ინტერესების გათვალისწინებით გააკეთეს. აქტიურად არც მედიასთან ურთიერთობდნენ. ქართული მენტალიტეტითაც, ოჯახის თეთრეული საქვეყნოდ არ უნდა გამოიფინოს.
მაგრამ ამ პროცესმა უმართავი ხასიათი შეიძინა, ბაკურაძეების მისამართით ტელევიზიასა და პრესაში მძიმე განცხადებები კეთდებოდა; თითქოს ისინი ფსიქოტროპულ წამლებს იყენებდნენ, მოძალადეები იყვნენ და მისთ. ამ დროს, გრიგოლ ბაკურაძის სივი მაქვს: იყო არაჩვეულებრივი შვილი, მამა, მოსწავლე, სტუდენტი, დღეს მენეჯერია, საერთაშორისო კლასის განათლება აქვს მიღებული, უცხოურ ფირმებში, როგორც მიწვეული ექსპერტ-სპეციალისტი მუშაობს. ასევე, ყველა ამ ორგანიზაციიდან დადებითი დახასიათება გვაქვს მიღებული.
ამ კამპანიის შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს, უცებ, ეს ყველაფერი დაინგრა. ვიღაცამ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით გადაწყვიტა, რომ ბაკურაძე დამნაშავედ გამოეცხადებინა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არავინ დაელოდა და ამ ყველაფერმა ისეთი ხასიათი შეიძინა, რომ ვიფიქრე, შესაძლებელია, რაღაც ჯგუფი არსებობდეს, რომელიც ამ ოჯახის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას აწარმოებს.
არავის აინტერესებდა, რა მოხდა, ძალადობას ჰქონდა ადგილი, თვითონ ეს ბიჭი იყო ძალადობის მსხვერპლი, თუ საერთოდ რა ხდებოდა სინამდვილეში? რეალურად, გრიგოლ ბაკურაძის მკაცრად დასჯა სურდათ და ეს ყველაფრის წინაპირობა გახდა. მეუღლე პირდაპირ ეუბნებოდა (ამას ბაკურაძე ჩვენებაში აძლევს), რომ თუ ამას და ამას არ გააკეთებ, შენ ამისთვის პასუხს გაგებინებ, მკაცრად დაგსჯიო; ეს ყველაფერი რაღაც სარგებლის მიღებისკენ იყო მიმართული (მისივე თქმით).
ამის შემდეგ გეგმა პუნქტობრივად ხორციელდება. ერთ მშვენიერ დღეს გრიგოლი სახლში მიდის (ისევ მისივე ნათქვამიდან), ხვდება მეუღლე, რომელსაც „ჩემოდანი“ ჩალაგებული აქვს. ეკითხება, _ რატომ და რისთვის მიდიხარო?
_ შენ უფლება არ გაქვს, დამაკავოო, _ არ გაკავებო და მეუღლე მისივე, გრიგოლ ბაკურაძის ტელეფონიდან ახორციელებს ზარს. მოდის პოლიცია და ძალადობა ფიქსირებული არ არის. ეს ვერ გაბედეს, რადგან არანაირი დაზიანება არ ყოფილა და იქვე გრიგოლს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
_ ეს პირველი შემთხვევა როდის ხდება?
_ გასულ აგვისტოს. ამის შემდეგ ჩემს კლიენტს მიმართულებას აძლევენ და პირდაპირ ეუბნებიან, _ აი, მთელი სახელმწიფო მექანიზმები ქალების ძალადობისგან დასაცავად მუშაობს, ხომ ხედავ, ასე მარტივად, ისე, რომ არაფერი გაგიკეთებია, მაინც დაისაჯე, რადგან კანონი ჩვენს მხარეზეაო.
ანალოგიური იყო მეორე შემთხვევა და ფაქტის შესახებ მოგეხსენებათ, თუ რა და როგორ მოხდა 3 იანვარს. ბაკურაძის თქმით, მან გადაწყვიტა, რომ ბავშვის საკითხი მოეწესრიგებინათ. დედამ ამაზე სასამართლოს მიმართა, სადაც მთელი ოჯახური ურთიერთდამოკიდებულებები ჩანს. თუ ვინმეს, მათ შორის მოსამართლეს კითხვა გაუჩნდება, რომ ამ ოჯახში ოდესმე ვინმე ძალადობდა, ეს წარმოუდგენელი ამბავი იქნება.
ამ გოგონას მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდნენ (ისევ გრიგოლ ბაკურაძის ჩვენებიდან). მისი უცხოური ვიზიტები უზრუნველყოფილი იყო და ბავშვს ამ დროს მამა ზრდიდა. გრიგოლს დედის ფუნქციებიც შეთავსებული ჰქონდა. გამოკითხვისას ყველა მოწმე ცალსახად აფიქსირებს, რომ ძალიან ხშირად ბავშვის სათანადო მოვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ისმებოდა. და ეს გრიგოლ ბაკურაძისთვის ყველაზე მტკივნეული წერტილი იყო. ის საათობით უჯდა იმ მედიკამენტებს, სახის მოვლის საბავშვო საშუალებებს, პამპერსებს და სხვა ყველაფერს. დაწვრილებით კითხულობდა ინსტრუქციებს და იმდენად ფაქიზი იყო შვილის მიმართ, რომ მისთვის ყველაზე მტივნეული ეს წერტილი იყო _ ბავშვი უნდა ყოფილიყო ჯანმრთლი, მოვლილი და მოწესრიგებული.
ამიტომ ერთ-ერთი თხოვნა, რომელიც ამ ოჯახში ძალიან მშვიდობიანად გაისმა, ეს იყო, _ ბავშვს მიმიხედე.
ძალიან კარგი, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა და არა ცუდი შედეგით, ტრაგედიით. მე, როგორც დედა და ადვოკატი ვგმობ ძალადობას, მაგრამ ასეთი კატეგორიის დანაშაულზე ასე ცალმხრივად საუბარი დაუშვებელია. ეს მამაკაცსა და უმრავლესობას არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს, ფაქტობრივად, არავინ უყურებს, თუ რით შეიძლება იყოს მართალი მოძალადე, ეს ბრჭყალებში, რასაკვირველია.
მთავარია, რომ არც მტკიცებულებებს უყურებენ, თუ რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა. რეალურად, ეს იყო დაგეგმილი დანაშაული. მამამ, გოჩა ბაკურაძემ, გამოძიებას საფუძვლიანი ჩვენება უკვე მისცა. ამ საქმეში ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ გრიგოლის ჩვენებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დეა გოშხეთელიანი მის მიმართ პირადი ცხოვრების საიდუმლო ინფორმაციებს აგროვებდა, ასევე მასალებს მის კომერციულ საქმიანობაზე. თავისი ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად გრიგოლის ანგარიშების გადამოწმება ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია აქვს ჩემს კლიენტს, რაც მესიჯითაც დასტურდება.
_ და რას ამბობს, რა ამოძრავებდაო?
_ წაიკითხო მეილები, საქმიანი პარტნიორების რაღაც კომერციულ საიდუმლოებებზე წვდომა გქონდეს, ეს მძიმე თემაა. ასევე მისი ტელეფონით გადაღებულ მიწერ-მოწერებს უგზავნიდა მეგობრებს და ეუბნებოდა, რომ ამასთან და ამასთან კონტაქტი აქვსო. როგორც კი გრიგოლი დაიძინებდა, მისი ტელეფონი ბოლომდე ათვისებული იყო (მისივე მონაყოლიდან).
არ ვიცი, ამის მიზეზი და მიზანი რა იყო. ამ სიტუაციაში ყველაზე მთავარი აქცენტი ის არის, რომ ჩვენ უკვე ოფიციალურად ტელეფონის დათვალიერებას მოვითხოვთ. ამოიღონ ყველა ის მნიშვნელოვანი მესიჯი, ჩანაწერი, რაც კი ამ ტელეფონშია, რადგან შესაძლებელია, საქმე ეხებოდეს პირადი ცხოვრების საგულისხმო დეტალებს.
გამოძიებისთვის ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მესიჯი გვაქვს, რომელიც გრიგოლ ბაკურაძემ 3 იანვარს, შემთხვევის დღეს მიიღო. ეს არის დეა გოშხეთელიანის და ერთი მამაკაცის მიწერ-მოწერა, როდესაც დეამ ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაუსქრინა და გრიგოლ ბაკურაძეს გადმოუგზავნა (გრიგოლის ჩვენებიდან). სწორედ ეს გახდა 3 იანვრის ინციდენტის საფუძველი. გრიგოლს რა ექნა, სად წასულიყო? იცოდა, რომ ბავშვთან ერთად ცოლი აბსოლუტურად სხვაგან, კონკრეტულ ადგილზე ელოდებოდა (ესეც იმავე დღის მესიჯებში დასტურდება, წერდა, რომ ბავშვთან ერთად იქ ვიქნები და მოაკითხე, წაიყვანეო). აღნიშნული ესემესის წაკითხვის შემდეგ კი გრიგოლ ბაკურაძე მიდის იმ მამაკაცთან, მანქანაში ისვამს და ეუბნება, _ წამოდი, შევხვდეთ დეა გოშხეთელიანის მამას და ვუთხრათ, რომ ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სექსუალურ ცხოვრებაზე დაცინვა (რაც ამ მესიჯის შინაარსი იყო) ამ ფორმით არ უნდა ხდებოდეს, რა ვქნა, ცოლს ამაზე პოლიციაში ვუჩივლოო?
ამიტომ ქართული მენტალიტეტის გავლენით მამასთან მივიდა სალაპარაკოდ. სწორედ იქ იწყება ინციდენტი, რომლის აუდიომასალაც არსებობს. ყველა ჩვენება, რომელიც გოშხეთელიანებს აქვთ მიცემული, აბსოლუტურად განსხვავდება მათი დაზიანების რეალური ხარისხისგან, ასევე აუდიოჩანაწერის შინაარსისგან.
_ იქ რა მოხდა?
_ დეტალებზე საუბარი არ მინდა, დაცვას ავთენტური მონაცემები მოეპოვება. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე იმუშაოს, დიდი დაფინანსება აიღოს და ამისთვის პრობლემური ქეისები სჭირდება. მაგრამ ეს არ არის მექანიზმი, რომლითაც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა უნდა იმუშაოს. სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნას მოყვა ბაკურაძის სამაგალითოდ დასჯა. ამის უკან კი იდგნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ იგი დაესაჯათ, როგორც გრიგოლ ბაკურაძე და არა როგორც ერთი რიგითი „მოძალადე მამაკაცი“.
ოჯახი ქვეყნის ყველაზე დიდი ინსტიტუტია და თუ რეალურად ოჯახური ძალადობაა, ასეთი სანქციებით უკუშედეგებს მივიღებთ. ეს კაცი სამი წელი იჯდება თუ მეტი ხანი, მით უფრო თუ ეს აგრესია აქვს ოჯახის წევრის, მეორე მხარის მიმართ, სიძულვილი და ძალადობრივი გამოვლინება კიდევ უფრო გაუღვივდება, იქ კი არ დაუცხრება.
_ ყოფილი მეუღლისა და მამამისის მიმართ რეალურ ძალადობას არ ჰქონდა ადგილი, რაზედაც მეორე მხარე საუბრობს?
_ სამივეს ერთი და იგივე ხარისხის დაზიანებები ჰქონდა, მამა-შვილსა და გრიგოლს. აქ ტიპური შეხლა-შემოხლა იყო, მამა მოდის და გაწევ-გამოწევაა.
_ ამას რა რეაგირება მოყვა?
_ გრიგოლს საპატიმრო გირავნობა შეუფარდეს. იქვე დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, წამებში მოხდა ეს ყველაფერი. თანაც იქ არასრულწლოვანი ბავშვი არ ყოფილა, ამაზე სრულად პასუხისმგებელი ვარ. თუმცა გამოძიება ედავება, რომ ეს ყველაფერი არასრულწლოვნის თანდასწრებით მოხდა.
გრიგოლ ბაკურაძე მორჩილად გარეთ ელოდებოდა, თუ რა მოხდებოდა. დააკავეს, იქვე შემაკავებელი ორდერი პატრულმა გამოუწერა, წაიყვანეს და გამოძიება დაიწყეს. როგორც ასეთი ტიპის დანაშაულებზე ხდება (მსგავსი პრეცედენტი ძალიან ბევრია, დღეს განცხადება შემოაქვთ, მეუღლეებს უჩივიან, მეორე წუთში ან ჩვენებას არ აძლევენ, ან კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს იყენებენ და ა.შ.), ხშირად არასაპატიმრო ღონისძიებები გამოიყენება ხოლმე. აქაც ასე მოხდა.
მოკლედ, პირველმა სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა. პროკურატურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ საგამოძიებო უწყებამ გაასაჩივრა.
აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს გამოვიდა თეა წულუკიანი, სახალხო დამცელი, მოკლედ, ბევრი პირი, ვისაც კი არ ეზარებოდა და მოითხოვა, რომ სასწრაფოდ გადაეხედათ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისთვის, _ ეს კაცი მოძალადეა და დასაჯეთო. სახალხო დამცველსაც დაახლოებით მსგავსი მოწოდება ჰქონდა.
ორი კვირაა, პატიმარი შიმშილობს, უწყებათა პირველი პირები მასთან შესვლას და გასაუბრებას ითხოვენ. მახსოვს, უჩა ნანუაშვილის არაჩვეულებრივი პრეცედენტები, რომელსაც არც ერთ პატიმარზე არ დაეზარა, პირადად მივიდა და შეხვდა მათ, სიტუაციებში პირადად ბოლომდე გაერკვია. ამიტომ ვითხოვთ დღევანდელი სახალხო დამცველის ჩართულობას. მათ ექსპერტებთან დავსხდეთ, დაცვამ თავისი არგუმენტები წარმოადგინოს, რადგან ამ შემთხვევაში ყველა ინსტიტუტი პროცესში ცუდად ერევა.
ოჯახის ინსტიტუტზე საუბარი დავიწყე და ჩვენ ბოლოს იმდენს გავაკეთებთ, რომ ოჯახი აღარ დარჩება. ეს ინსტიტუტი კი არ უნდა ვანგრიოთ, უნდა ვაშენოთ და თუ ეს კაცი მოძალადეა, სამი წლით ციხეში გამოკეტვის მერე ამაზე უარესი არ იქნება? წლების მერე რომ იქიდან გამოვარდეს და უარესი დანაშაული ჩაიდინოს, მერე სად მიდიხართ? დეპარტამენტების შექმნასა და ასე ძალადობრივად გადაწყვეტილებების მიღებას, არ სჯობია, გამოყოთ სპეციალური ფსიქოლოგები, გამოიყოს რესურსი და ა. შ.
რელიგიური დამოკიდებულების ადამიანებთან ეკლესია იყოს ჩართული, შეისწავლონ ეს ყველაფერი, რადგან მსგავსი პრობლემების დროს მარტო ერთი მხარე არ არის ხოლმე ყველაფერში დამნაშავე. სახელმწიფომ ამ მიმართულებით ხომ შეიძლება რამე გააკეთოს და არა ძალმომრეობით მიმართონ ქმარს ან ცოლს, _ დაწერე ესა თუ ის განცხადება, მას არ შეურიგდე და ა. შ. ეს გზა სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანს.
უკვე ბევრი ქალი სარგებლობს ამ რეალობით და ბევრი მამაკაცი იძულებულია, ბოლომდე ციხეში რომ არ წავიდეს, დათმოს ქონება, მთელი ცხოვრება და რაღაცებზე დათანხმდეს.
ახლა მითხარით, ნარკომანის დაჭერით პრობლემა მოწესრიგდა? გამოსავალი ხომ იქაც მარტო მეტადონის პროგრამა კი არა, სარეაბილიტაციო ცენტრებია და ქვეყანა ასეთი სოციალური მომსახურებით სავსე უნდა იყოს. ასევე უნდა იყოს ოჯახურ ფრონტზეც და არა დანა-ჩანგლებით დამდგარი პროკურორები წყვეტდნენ ყველაფერს.
_ ბოლო სასამართლომ კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღო?
_ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ ციხეში მყოფ ბაკურაძეს კიდევ ერთი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს დაუდასტურებელი მონაცემის საფუძველზე. მოკლედ, მოსამართლეებს პირდაპირი დავალება აქვთ მიცემული, _ დაიჭირეთ!.. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია და ცუდად დამთავრდება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან წამოსული აგრესიის გამო, ამ ბიჭმა საკუთარ თავს ლამის განაჩენი გამოუტანა, მან ციხეში თვითმკვლელობა სცადა. რომ არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათი ოპერატიულობა, ეს მცდელობა ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდებოდა.
იმდენი გააკეთეს, რომ გრიგოლის ჯანმრთელობა რეალური საფრთხის ქვეშ დადგა. აქ არ ვლაპარაკობ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზეა საუბარი. გამოკვლევა დაიწყეს და დაადგინეს, რომ მის მდგომარეობაში შიმშილობა ყოვლად დაუშვებელია, თუ კომაში ჩავარდა…
ხალხნო, სად ვართ, ამ ფონზე მის რა ფსიქიატრიულში გადაყვანაზეა საუბარი? ეს რომც გვჭირდებოდეს, ამ მიმართულებით ნამდვილად არ წავალთ. მთავარია, შიმშილობა შეწყვიტოს და ამისთვის შეხვედრას მოითხოვს. ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმად არ ღირს, რომ უწყებების პირველი პირები უშუალოდ შეხვდნენ და დაელაპარაკონ? შაქრის გლუკოზა მაქსიმალურზე აქვს აწეული, რადგან უკვე 11 დღეა, შიმშილობს. 32 წლის ბიჭის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამის ფასად არ ღირს, რომ ორი წუთი გამოყონ და შეხვდნენ?
გრიგოლი მზად არის, მტკიცებულებები გადასცეს და მოყვეს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი.
_ ამაზე რას პასუხობენ?
_ მათი წარმომადგენლები შედიან, რომლებსაც გრიგოლი ეუბნება, _ თქვენ ჩემთვის ბრალი არ დაგიდევთ, ის ადამიანები ხართ, რომლებმაც მე მოძალადედ გამომაცხადესო; ამიტომ მოვიდნენ პირველი პირები, შემხვდნენ და გამესაუბრონ. მზად ვარ, მასალები ვაჩვენო, თუ როგორ ხდებოდა თვეების მანძილზე ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მოისმინონ ეს აუდიოფირები, ესემესები წაიკითხონ, ექსპერტები, მათი ფსიქოლოგები ჩართონ და საბოლოო გადაწყვეტილება მერე მიიღონო.
ამ ქვეყანაში ამის გაკეთება ასე რთულია? მაგრამ ამაზე არ მოდიან.
_ გამოსავალი რა არის?
_ ფაქტობრივად, ეს ოჯახი ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანეს. ამიტომ მთელი ეს პროცესი მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა გადავიდეს. ამ წნეხისგან პროკურატურაც, სასამართლოც უნდა განთავისუფლდეს. ვითომ ევროსტანდარტებს ასრულებენ და სტამბულის კონვენციაც ბეჭებზე დადეს. სანამ მაღალჩინოსნები მსგავს განცხადებებს გააკეთებენ, იმ სტამბულის გზაზე მიმავალ ნახევარმილიონიან ემიგრაციას ამ ქვეყანაში ჯერ სათანადო პირობები შეუქმნან და მერე იფიქრონ კონვენციებზე.
ერთის დაცვის ხარჯზე მეორის დისკრედიტაცია არ უნდა ხდებოდეს. ვინ დაიცავს მამაკაცების უფლებებს ამ ქვეყანაში?
თუ გამოკვლეული იქნება ყველა მტკიცებულება, სასამართლოს სრული შთაბეჭდილება შეექმნება, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რომ ეს ყველაფერი პროვოცირებული, დადგმული დანაშაულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლანძღვა-გინება მივიღე (ჩემზე განხორციელებულ ზეწოლაზეც გამოძიება დაწყებულია), მსურს გითხრათ, რომ საქმე ჩვენი გამარჯვებით თუ დასრულდება, რეალურად, ამ საქმეს გამარჯვებული არ ეყოლება; ეს ჩემთვისაც წაგებული საქმე იქნება, რადგან ყველაზე დიდ ღირებულებას, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს დავაზარალებთ როგორც დედის, ასევე მამის მხარე.
ძალიან ბევრი ასეთი საქმე მქონია, როდესაც შერიგებულან და დღეს ბედნიერად ცხოვრობენ. გამოძიებას საშუალება მივცეთ დაადგინოს, სინამდვილეში რა მოხდა, მარტო ერთი მხარე დამნაშავე არ არის ხოლმე. ამ კაცის ასე დაუნდობლად დისკრედიტაციასაც ნუ მოვახდენთ.
ჩვენ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში ვართ. გამოძიება დასრულდება და 12 მარტს პირველი სასამართლო სხდომაა.
ამ ადამიანებმა აუცილებლად არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებზე უნდა იფიქრონ. ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი ჯანსაღ გარემოში უნდა გაიზარდოს. მთელმა ქვეყანამ გამოფენილ თეთრეულზე არ უნდა ისაუბროს. გრიგოლი მზად არის, რომ ბავშვს დედა ზრდიდეს, თუ, რასაკვირველია, ეს შეუძლია. მაგრამ შვილი სუფთა, ჯანმრთელ და ჯანსაღ გარემოში უნდა იზრდებოდეს. გრიგოლი ამბობს, ბავშვი ზემოთ-ქვემოთ ვარბენინო, ასე არ გამოვაო; ჩემთვის მთავარი ბავშვის მდგომარეობაა, ამას რომ ვერ შევეგუები, სახელმწიფომ ამისთვის უნდა დამიჭიროს? არ უნდა მკითხონ მაინც, თუ რა მჭირს და რა მომივიდაო? – მეუბნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი.

თავის მხრივ, დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებასა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
როგორც დეა გოშხეთელიანის განცხადებაშია აღნიშნული, ყოფილი მეუღლის მხარე ცდილობს შეუზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რა მიზნითაც შსს-ს საჩივრებით მიმართავენ. დეა გოშხეთელიანის განცხადებით, ყოფილი მეუღლის მხარე შემაკავებელი ორდერების გაცემასა და მისთვის საჯარო განცხადებების გაკეთების აკრძალვას ითხოვს:
„მინდა, საზოგადოება და ხელისუფლება საქმის კურსში ჩავაყენო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მიკავშირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებებიდან და მატყობინებენ, რომ ჩემ მიმართ ჩემი ყოფილი მეუღლის მხარე საჩივრებს წერს, თითქოს მათ საჯაროდ ვაყენებ შეურაცხყოფას და მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ გამოიცეს შემაკავებელი ორდერები. აქვთ ახალი სტრატეგია, რათა ჩემზე სტატისტიკურად ბევრი შემაკავებელი ორდერი დაგროვდეს. შემდეგ სურთ სასამართლოში ბავშვის მეურვეობის საკითხში გამოიყენონ ეს ორდერები, თითქოს, ცუდი დედა ვარ, ვერ ვზრდი ბავშვს და თითქოს, ფსიქოლოგიურად ვძალადობ ჩემს ყოფილ მეუღლესა და მისი მხარის წარმომადგენლებზე. ამის მტკიცებულება მათი მხრიდან კი იქნება ის, რომ თურმე ჩემზე დაწერილია ბევრი შემაკავებელი ორდერი. ეს ყოველივე არის ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის, დისკრედიტაცია და კონსტიტუციით მონიჭებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ამით ცდილობენ გამაჩუმონ და თავად იყვნენ მომგებიან პოზიციაში. ეს ბინძური ქმედებები თავს მაგრძნობინებს დაუცველად, თუმცა მჯერა და იმედი მაქვს სამართლიანი სასამართლოსი და იმ უწყებების სამართლიანობის, ვისაც ეს საქმეები ეხება.
აქვე მინდა განვმარტო, თუ რატომ შევიდა სასამართლოში ჩემი სარჩელი და შემდგომ, ნოემბრის თვეში, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მე ბავშვის ნახვისთვის მომეცა მორიგების აქტით კვირაში 2 დღე. სასამართლომდე 4-ჯერ მყავს საპატრულო პოლიცია გამოძახებული, როცა მე ბავშვს მიმალავდნენ, არ მაყოლებდნენ, მატყუებდნენ მის ადგილსამყოფელს, მიზღუდავდნენ მასთან კონტაქტს. არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და ოქმები. იყო ფაქტი, რომ ბავშვი საბავშვო ბაღიდანაც გაიყვანეს და ერთ თვემდე სოფელში ჰყავდათ. მე შეზღუდული მქონდა მისი ნახვის შესაძლებლობა. როგორც გაირკვა, კანონმდებლობით, აქვს მამას უფლება, ასე მოიქცეს. იყო ძალიან ბევრი მუქარა, როგორც ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. სულ მიმეორებდნენ, რომ არიან მდიდრები, აქვთ ფული და როგორც ენდომებათ, ისე იქნება კანონიც…
ასევე სულ ტრაბახობდნენ, რომ ჰყავდათ სხვადასხვა თანამდებობაზე მეგობრები. მე ჩემს ყოფილ მეუღლესთან უკვე დაშორებული ვიყავი. მათი მხრიდან მუქარისა და დაშინების შემდეგ შემითანხმდნენ, რომ თუ ორ დღეს მოვითხოვდი, ბავშვს მაჩვენებდნენ ხოლმე, თუ არადა, წლები მარბენინებდნენ სასამართლოში მეურვეობის საკითხზე, წლები გამაწვალებდნენ და მეც არ მექნებოდა ამის არც რესურსი და ამ წლების მანძილზე არც ბავშვის ნახვის შესაძლებლობა. იძულებული გავხდი, ამაზე დავთანხმებულიყავი, რადგან ჩემი ცხოვრების თითოეული წუთი და წამი ჩემს შვილს ეკუთვნის. იმასაც ვგებულობ, რომ ამ თემით მანიპულირებასაც აპირებენ. თუმცა კიდევ ვიმეორებ: მე მაქვს საპატრულო პოლიციის ოქმები, რომლებიც შედგენილია სასამართლომდე, სადაც დაფიქსირებულია, რომ მე ჩემი შვილი „მომტაცეს“ და ცდილობდნენ, ჩემთვის დაემალათ. დღეს ჩემი შვილი ჩემ გვერდითაა და მას ვერავინ დამაშორებს.
მინდა, სწორად გაიგოს საზოგადოებამ, მე ჩემი შვილის ნახვაზე და მის ჩემთან ყოფნაზე არ მითქვამს უარი, ეს იყო მუქარისა და ზეწოლის შედეგად წარმოთქმული თანხმობა, რომ მე ორი დღეც მაკმაყოფილებდა მისი ნახვისთვის. მუქარისა და ზეწოლის შედეგი 2018 წლის 3 იანვარს საზოგადოებამ იხილა _ ჩემი ყოფილი მეუღლე მომივარდა სახლში, სასტიკად გამისწორდა ფიზიკურად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და ასევე სასტიკად სცემა ჩემი ოჯახის წევრიც, მშობელი მამა. მართალია, დღეს ჩემი ყოფილი მეუღლე პატიმრობაშია, თუმცა პროცესი დღემდე მიმდინარეობს და მჯერა სამართლიანი სასამართლოსი.
რა გახლდათ ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი?! ფიზიკური ძალადობა, დაუნდობლად ცემა ბავშვის თანდასწრებით, ასევე ფეხმძიმობისას დაუდგენელი წამლის დალევა იძულების წესით, მეორე შვილზე ფეხმძიმობის დროს ნერვიულობის ფონზე ბავშვის დაკარგვა, გამუდმებული ფსიქოლოგიური ზეწოლა…
დღეს კი მე ვდგავარ ამ პროვოკაციული გამოწვევების წინაშე, რადგან ყველა ფრონტზე მებრძვიან მისი მხრიდან 6 ადვოკატი, რომლებიც ყველა ხერხს მიმართავენ, რათა მე, დაზარალებული _ მოძალადედ გამომიყვანონ, მანამდე კი, ამ ბრძოლის პერიოდში, გამაჩუმონ, შემიზღუდონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, _ აღნიშნულია დეა გოშხეთელიანის განცხადებაში.

გიორგი მეფარიძე