ხელისუფლებამ „ტვ პირველისთვის“ ბრძოლა წააგო

ორი ვიცე-პრემიერის მიერ დაწყებული კამპანია მედიის დალაგებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“, ჯერ კიდევ, ვერ გაიგო, რომ XXI საუკუნეში და სოციალური მედიის პირობებში ტელევიზიების შეზღუდვა მხოლოდ სიმბოლური ხასიათისაა, ჟურნალისტების გაჩუმება კი, საერთოდ, ფანტაზიის სფეროა.

საქართველოში სარეკლამო ბაზარი მწირია, შესაბამისად, შედარებით პატარა ტელევიზიებისთვის რეკლამით მიღებული შემოსავალი არსებობის ერთადერთი წყაროა. პირდაპირი ზეწოლებისა და მუქარების პარალელურად, ხელისუფლებამ მედიის წინააღმდეგ ახალი ბერკეტი მოიგონა, _ მაუწყებლის შესახებ კანონში ახალი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით ფინანსდება, დამატებით კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას მოიპოვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრიდან დამოუკიდებელი ტელევიზიების ფინანსები კიდვ უფრო შემცირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში კონსენსუსს ამ თემაზე ვეღარ მიაღწევენ, პრეზიდენტის ვეტოც რომ დაძლიონ, ხელახალ კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, საჭირო ხმების რაოდენობას ვეღარ მოაგროვებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან შეხვედრაზე დიდხანს და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მედია ცრუობს, რომ „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მატყუარაა. სინამდვილეში, საქართველოში სარეკლამო ბაზარი, წინა წლებთან შედარებით, შემცირების ნაცვლად იზრდება. რამდენად შეძლებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთო ჩატით უმრავლესობის დეპუტატების მობილიზებას, ეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს გამოჩნდება.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც „ქრონიკა+“-ს წინა ნომერში სწორედ მედიაზეწოლებზე გამოქვეყნებული მასალების შემდეგ მიაწოდეს, პირდაპირი მნიშვნელობით ისევ მედიას უკავშირდება, მაგრამ, ამჯერად, საუბარი ბიზნესის წილების განაწილებასა და წაგებულ სასამართლო პროცესებზეა. კონკრეტულად, სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიებზე, რომელთაგან ორი სწორედ ტელევიზიებთანაა დაკავშირებული.
სულ საქართველოში სიგარეტის დისტრიბუციაზე თორმეტამდე კომპანია მუშაობს:
„ფილიპ მორის საქართველო“;
„ომეგა 2“;
„ჯეი თი აი კავკასუსი“;
„ელბრუსი“;
„ბესტ ტობაკო“;
„ბი და ჯი“;
„ჯ.ჯ. 2011“;
„მეოდისტრიბუცია“;
„ჯიდიაი“;
„ელიზი ჯგუფი“;
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“;
„თ&რ დისტრიბუშენი“.

სიგარეტ „პირველის“ მწარმოებელმა კომპანიამ საერთაშორისო კომპანია „ფილიპ მორისს“ მისთვის დემპინგით მიყენებული ზარალის გამო უჩივლა. იმავე წელს „ომეგამ“ სარჩელი აღძრა მეორე საერთაშორისო კომპანია „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ წინააღმდეგ იგივე მოთხოვნით.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მოვლენები ასე განვითარდა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ ადგილობრივი მწარმოებლების სარჩელი დააკმაყოფილა, „ფილიპ მორისსა“ და „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა.
„ფილიპ მორისმა“ და „ბრითიშ ამერიკან ტობაკომ“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც 2017 წლის ივნისში ორივე საერთაშორისო კომპანიას კომპენსაცია მოუხსნა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პირველ და მეორე ინსტანციებს შორის მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:
„ფილიპ მორისის“ სიგარეტის დისტრიბუციას ახორციელებს შპს „ჯიდიაი“, რომელიც 2016 წლის 8 ივლისსაა რეგისტრირებული, ანუ „ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანიდან რამდენიმე დღეში. აღნიშნული შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი არის კვიპროსზე რეგისტრირებული ფირმა „დოლნეი კონსულტანტსი“, რომელიც 2016 წლის 21 ივნისს დაარსდა.
„ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2017 წლის 9 თებერვალს. კვიპროსული ფირმის იმ მონაცემებში, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, ჩანს, რომ წილების გადაცემის შემდეგ კვიპროსულ ფირმაში 15%-იან წილს ფლობს ბიძინა გამცემლიძე, ხოლო 85%-იანს კი ფლობს ოფშორში რეგისტრირებული კომპანია „კალაბრია ინვესტმენტი“, რომელიც რეგისტრირებულია ვირჯინიის კუნძულებზე და, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, ვინ დგას მის უკან. ფაქტია, რომ წილების გადაცემა საეჭვოდ ემთხვევა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღს, რომლის მიხედვითაც „ფილიპ მორისს“ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო სასამართლომ კი 2017 წლის ივნისის დასაწყისში, ანუ წილების გადაფორმების შემდეგ, „ფილიპ მორისს“ მოუხსნა კომპენსაცია და გაამართლა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, „პირველის“ მწარმოებელს დავა აღარ გაუგრძელებია
„ომეგას“ სარჩელი „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა, 2017 წლის თბერვლის დასაწყისში „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ დისტრიბუტორი საქართველოში არის „თ&რ დისტრიბუშენი“. რამდენიმე დღეში, მას მერე, რაც „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა „ომეგას“ სასარგებლოდ, „თ&რ დისტრიბუშენის“ 70%-იანი წილის მფლობელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებული იყო „ბრითიშ ამერიკან ტობაკოსთან“ და აპირებდა, ნატახტარში სიგარეტის ქარხანა აეშენებინა, სადაც „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ სიგარეტს აწარმოებდა. ჭყონიას თქმით, ის ამ ბიზნესში 10 მილიონი ევროს კერძო ინვესტიციის ჩადებას აპირებდა.
„ჩვენ თბილისში ლოჯისტიკური ცენტრი ავაშენეთ, რომელიც მოემსახურება აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს. სამ მილიონ ევრომდე ჩავდეთ. „კოკა-კოლას“ ქარხანა ნატახტარში მინდა გადავიტანო და იმავე ტერიტორიაზე ავაშენო სიგარეტის ქარხანა. „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ კავკასიაში ქარხანა არ გააჩნია და იგი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო ბრენდის წამომადგენლებთან მის გახსნაზე საქართველოში“, _ აცხადებდა თემურ ჭყონია.
თუ თემურ ჭყონია თებერვალში მზად იყო, 10 მილიონი ევროს ინვესტიცია განეხორციელებინა, მოულოდნელად, 2017 წლის 22 მაისს, „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ დისტრიბუტორ ფირმაში თავისი 70%-იანი წილი 200 000 ლარად მიჰყიდა 30%-იანი წილის მფლობელ რაფიელ სურამელაშვილს. რაფიელ სურამელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორია. მათ საერთო კომპანია, შპს „იბერ კონსალტინგი“, ჯერ კიდევ, 2005 წლიდან აქვთ. ეს კომპანია დღემდე რეგისტრირებულია რეესტრში, მაგრამ, ამის მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილს ის დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა. რაფიელ სურამელაშვილის გვარი ფიგურირებს ონლაინ სესხების კომპანიებში და მოგებულ ტენდერებში. არაოფიციალური ინფორმაციით, „რაფო“ გიორგი კვირიკაშვილის „კასირია“.
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ 70%-იანი წილის სასაცილოდ დაბალ ფასად კვირიკაშვილის მეგობრისთვის მიყიდვას ორიოდ კვირაში მოყვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ მოეხსნა კომპენსაცია.
ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და მედიას შორის დროებით ზავია. გაზაფხულზე ქართული პოლიტიკური ელიტა სამთავრობო ცვლილებებისა და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მოლოდინშია.

ელისო კილაძე