სკანდალური ნუსხა _ ტყვია ხორცში, სასმელ წყალსა და სხვა სურსათში

„ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ სკანდალურ ნუსხას, რომელიც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გამოითხოვა. თან დაურთო თავისი კვლევის მასალები და, საბოლოო ჯამში, ჩვენს ხელთ არის საქართველოს სასურსათო ბაზარზე არსებული საკმაოდ სავალალო მდგომარეობა.

ცენტრის მონაცემებით, ტყვიის გადამეტებული რაოდენობა, ძირითადად, საქონლის ხორცსა და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია (მათ შორის, სასმელ წყალში) აღმოჩენილი. ამ ეტაპზე, ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ის გახლავთ, რომ ეს, სავარაუდოდ, გარემოს ტყვიით დაბინძურების შედეგია.
ჩვენ მიერ წარმოდგენილ ნუსხაში მითითებული შემთხვევების უმეტესობასთან დაკავშირებით შეტყობინება გაიგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამინისტრო შესაბამის მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევა განხორციელდა. ანუ კვლევა კი ჩაატარეს ხსენებულმა უწყებებმა, მაგრამ დაბინძურების მიზეზების შესახებ არც ოქმი მოსულა და არც პასუხი დაფიქსირებულა,
რატომ არ გაითვალისწინეს ის აუცილებლობა, რომ დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზები გამოკვლეული უნდა იყოს და შესაბამისი ზომები მიღებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან მოსახლეობის დასაცავად.
მოვიყვანთ სახელმწიფო უწყებების იმ ჩამონათვალს, რომელსაც სტრატეგიული კვლევების ცენტრმა მიმართა.
ჯანდაცვის სამინისტრო, რომლისგანაც მიღებული პასუხის მიხედვით იგეგმება საქართველოს მოსახლეობის კვლევა ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე.
დღემდე იგეგმება…
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული პასუხის მიხედვით, არაცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო კონტროლის ვალდებულება დადგენილია ნორმატიული აქტით, რომელიც 2016 წლის დეკემბერში მიიღეს, მაგრამ სრულად 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში. ანუ პოპულარულ ენაზე რომ ავხსნათ, თვეზე ცოტა მეტია, რაც ძალაში შევიდა კანონი და შედეგები, მინიმუმ, სამი თვის მერე დაიდება.
იმპორტირებული მცენარეული სურსათის ლაბორატორიული შემოწმება საბაჟო დეპარტამენტის მიერ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებზე რეგულარულად არ ხდება. თუმცა, დღესდღეობით, დადგენილება შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონტროლის პროცედურები გავრცელდეს სურსათის ზოგიერთ კონკრეტულ სახეობაზე, რომლებიც განისაზღვრება სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაციით.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თავის მხრივ, გამოაცხადა ტედნერი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან იმპორტირებული არაცხოველური წარმოშობის სურსათის შემოწმების მიზნით ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად. ლაბორატორიის შერჩევის შემდეგ ნიმუშების აღება დაიწყება.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (04.08.17-ისა და 22.08.17-ის წერილები) არ დაადასტურა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი 2013-2017 წლებში სამინისტროს რეგულარულად აწვდიდა ცნობებს სურსათში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შესახებ. სამინისტრომ დაასახელა მხოლოდ 2015 წელს გაგზავნილი ერთი წერილი და 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში გაგზავნილი ორი წერილი.
2015 წელს ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოჩნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, რომლის დაჯარიმების მოთხოვნითაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 2017 წელს მიღებულ წერილებთან დაკავშირებით კი სამინისტროს მიერ საკითხების შესწავლა ჯერ არ არის დასრულებული.
ამის შემდეგ, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია ტყვიით დაბინძურების იმ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირების თაობაზე (21.07.17-ისა და 31.07.17-ის წერილები), რომლებზეც სააგენტო არ მიუთითებდა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა. მიღებული პასუხებით (27.07.17-ისა და 22.08.17-ის წერილები) ირკვევა, რომ სააგენტო შემოიფარგლებოდა მავნებელი სურსათის ამოღებით, განადგურებით და შესაბამისი მეწარმეების წინააღმდეგ სანქციების გატარებით. იგი არ ახდენდა სურსათის დაბინძურების მიზეზების კვლევას, ან იმპორტირებული სურსათის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ან სურსათის წარმოშობის ქვეყნის სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმირებას. შესაბამისად, არ ტარდებოდა პრევენციული ღონისძიებები მომავალში დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ასეთი მიმართვა საბაჟო დეპარტამენტისადმი მხოლოდ 2017 წელს გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც სურსათის ტყვიით დაბინძურებას დიდი საზოგადოებრივი აჟიოტაჟი მოჰყვა.
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს აჟიოტაჟი ამერიკიდან წამოვიდა. ქალაქ ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტისგან სტრატეგიული კვლევების ცენტრმა 2015-2017 წლებში საქართველოდან ნიუ-იორკში შეტანილი სუნელების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები მიიღო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ შემოწმდა 78 ნიმუში, აქედან სუნელებისთვის საქართველოში მოქმედი ნორმის _ 5მგ/კგ გადაჭარბება გამოვლინდა 37 ნიმუშში (აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში ტყვიის დასაშვები ნორმა სუნელებისთვის არის 2მგ/კგ). განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ბევრ ნიმუშში ნორმა მრავალჯერ არის გადაჭარბებული და ტყვიის შემცველობა 22 000 მგ/კგ-მდეც კი აღწევს. ნორმის ამდენ ნიმუშში და ასეთი დიდი ოდენობით გადაჭარბება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში 2012-2017 წლებში ჩატარებული ნიმუშების შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა.
როგორც ჩანს, ნიუ-იორკში შემოწმებული ნიმუშების უმრავლესობა ეტიკეტირებული არ იყო, ამიტომ უცნობია იმ ბიზნესოპერატორების ვინაობა, რომლებმაც აღნიშნული მავნე პროდუქცია აწარმოეს.
ასე და ამრიგად, 2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე სურსათის შემოწმების შედეგებზე დაკვირვების მაგალითზე ჩანს, რომ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები სათანადოდ ვერ რეაგირებენ მავნე სურსათის ბაზარზე გავრცელების აღსაკვეთად. დაბინძურების მიზეზების კვლევა და მათ შედეგებზე დაყრდნობით, პრევენციული ზომების გატარება მავნე სურსათის ბაზარზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად ბევრ შემთხვევაში არ ხდება. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინაცია ამ საკითხთან დაკავშირებით სუსტია.
ექიმებისა და ექსპერტების განმარტებით, ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღებამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ამ მხრივ, ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში.
ორსულობის დროს ტყვიამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მეტია ტყვიის შემცველი პროდუქტის მიღების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის რისკი.
რაც მთავარია, ტყვიით მოწამლული მოზრდილებისა და ბავშვების უმეტესობა არც ავადმყოფურად გამოიყურება და არც ცუდად გრძნობს თავს. მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება იმის დადგენა, ადამიანი მოწამლულია თუ არა.
სტრატეგიული კვლევების ცენტრის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელი დაცული იყოს მავნე სუნელების მოხმარებისგან. როგორც წესი, არ არის მითითებული საკვლევი ნიმუშების მწარმოებელი ბიზნესოპერატორების სახელწოდებები და სხვა მონაცემები, რაც მავნე პროდუქციის იდენტიფიკაციას გახდის შესაძლებელს. მანამ, სანამ სააგენტო მავნე პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას უზრუნველყოფს, აუცილებელია, რომ მომხმარებლებსა და მეწარმეებს ამ პროდუქციის თაობაზე საკმარისი ინფორმაცია მიეწოდოთ იმისთვის, რათა მოვაჭრეებმა არ დაუშვან მავნე პროდუქტის გაყიდვა, მომხმარებლებმა თავი შეიკავონ მათი შეძენისგან, ან შეძენილი პროდუქციის მოხმარებისგან, ხოლო იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მოიხმარეს აღნიშნული პროდუქცია, მიმართონ ექიმს.
ამგვარად, სააგენტო არ ასრულებს კანონის მოთხოვნას ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ.
უნდა გადაიხედოს სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები, ასევე, შესაბამის შემთხვევებში, სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა და იგი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მოქალაქეთა ინტერესებთან.

თამარ როსტიაშვილი