იარაღით ვაჭრობა თუ ქარვის ბიზნესი?!

2018 წლის 7 თებერვალს ჯერჯერობით დაუდგენელი პირი საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა „მხედრიონის“ ერთ-ერთ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს. თავდამსხმელის ტყვიამ იმსხვერპლა დოდო გუგეშაშვილის ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი, დედა მძიმე ჭრილობებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

ვერსიები, რომლებიც დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის დროს გავრცელდა, ძირითადად, საავადმყოფოში მისულმა მისივე მეგობრებმა გააჟღერეს.
ყველასთვის მოულოდნელად, ღუდუშაურის კლინიკის ეზოში ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი შიხიაშვილი გამოჩნდა და საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებიც გააკეთა, _ სახელმწიფო როცა ხალხს ვერ იცავს, ხალხი იძულებული ხდება, თავი თავად დაიცვასო. შიხიაშვილის ამ განცხადებამ ბევრს ნეტარხსენებული „მხედრიონის“ დრო გაახსენა, როცა ქალაქში სწორედ მოქალაქეების დაცვის მოტივით შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ და ხალხს თავად ძარცვავდნენ.
სწორედ დოდო გუგეშაშვილის მეგობრების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდასხმა შესაძლოა, უკრაინაში ძვირფასი ქვების, კერძოდ, ქარვის ბიზნესს უკავშირდებოდეს. მოგვიანებით, ბიზნესის ნუსხა გაიზარდა და მას ხორცისა და სხვა პროდუქტების ბიზნესიც დაემატა.
გასული კვირის ორშაბათს სახელისუფლებო მედიამ დოდო გუგეშაშვილის საქმეში კიდევ ერთი პირი, ყოფილი მხედრიონელი, დათო შონია გამოაჩინა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმ ორ ვეტერანზე, რომელთა გვარებიც დოდო გუგეშაშვილის ჩვენებაში ფიგურირებდა.
საბოლოოდ, ვერსია ასე ჩამოყალიბდა:
დოდო გუგეშაშვილს, დაახლოებით, ათი თვის წინ დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელიც მას სახელით ზურა გაეცნო და რეკომენდატორად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მაღალჩინოსანი მალხაზ თოფურია დაასახელა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, მათ შორის, იმ ბინაში, სადაც დოდო გუგეშაშვილი ცხოვრობდა. საუბარი მიდიოდა ძვირფასი ქვების ბიზნესზე. მოგვიანებით, დოდო გუგეშაშვილმა განმარტა, რომ მის ახალ ნაცნობს კიევში ლეგალურად უნდა შეეძინა ქარვის რამდენიმე ნაკეთობა და გზაში აეროპორტამდე ყოფილ მხედრიონელს, დათო შელიას უნდა მიეცილებინა. ნაცნობობიდან ათი თვის თავზე ვინმე ზურა დოდო გუგეშაშვილის ბინაში მივიდა, იარაღით რამდენჯერმე გაისროლა, შვილი ადგილზე მოკლა და დედა სასიკვდილოდ დაჭრა. მოტივი არც პოლიტიკურია, არც ძველი ანგარიშსწორებაა და არც პიროვნული შურისძიება.
ცხადია, გამოძიება ამ და სხვა ვერსიებზე მუშაობს და იმედია, საქმეც გაიხსნება, მაგრამ, ამ ეტაპზე, რისი თქმაც შეიძლება, რთული დასაჯერებელია, დოდო გუგეშაშვილს ათი თვის განმავლობაში არ მოეძებნა რეალური ინფორმაცია პირზე, რომელიც მასთან მალხაზ თოფურიას სახელით მივიდა და ბიზნესის გაკეთებას სთავაზობდა, არ იცოდა მისი გვარი და წარმომავლობა. რაც შეეხება ქარვის ბიზნესს, „ქრონიკა+“-მა უკრაინაში გაარკვია, სად და როგორ მოიპოვება კონტრაბანდული ქარვა და ვინ არიან ის პირები, რომლებიც ამ ბიზნესით საქმიანობენ?
ჯერ კიდევ 30 წლის წინათ ქარვის მინარევებით უკრაინაში ღუმელს ათბობდნენ. დაახლოებით სამი წლის წინათ ძვირფასი ქვის ფასმა მსოფლიო ბაზარზე ასტრონომიულ ციფრს მიაღწია, _ ერთი გრამის ფასი 4 ევრო გახდა, სწორედ ამიტომ ქარვის კონტრაბანდის მასშტაბებიც არნახულად გაიზარდა.
ადგილს, სადაც უკრაინაში ქარვა მოიპოვება, როვნო ჰქვია (ოლქია). რამდენიმე წლის წინათ იქ მხოლოდ ტყეები იყო, ქარვის ფასების ზრდასთან ერთად ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყის მასივი გაჩეხა და ქარვის კონტრაბანდული მოპოვება დაიწყო. იმ ხალხისთვის, ვინც ქარვას მოიპოვებს, პოლიცია შემაკავებელი ფაქტორი არაა. ერთხანს როვნოს ოლქში რეიდები და სპეცოპერაციები ტარდებოდა, მაგრამ უშედეგოდ, _ ადგილობრივები წინააღმდეგობასაც უწევდნენ და კონტრაბანდულ საქმიანობასაც აგრძელებდნენ. ქარვის ფასი ძვირფასი ქვის მოცულობაზეა დამოკიდებული, საშუალოდ, 1000 $-დან იწყება და განსაკუთრებით ძვირფასის ფასი 25 000 დოლარსაც აღწევს.
ვინ ყიდულობს მოპოვებულ კონტრაბანდას? ოფიციალურად, არც არავინ, მაგრამ როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, კონტრაბანდული ტვირთის ძირითადი ნაწილი პოლონეთში გადადის, ასევე ნაწილი ჩინეთშიც მიდის და ერთი გრამის საშუალო ფასი 4 ევროა.
როვნოს ოლქში ქარვის ბიზნესი კარგად აწყობილი სქემაა, ქვის რეცხვის პროცესში მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული და, ფაქტობრივად, უცხო პირის შესვლა იქ გამორიცხულია. პოლიციას კონტრაბანდის შეჩერების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, ამიტომაც ქარვის ბიზნესიდან წილს სჯერდება, რაც ერთი ცვლიდან, დაახლოებით, 20 000 დოლარია, ასევე ქრთამი მიდის კიევში სამ ჩინოვნიკთან და, შესაბამისად, ყველა მხარე, უბრალოდ, კმაყოფილია.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ, ფაქტობრივად, გამორიცხულია ქარვის კონტრაბანდაში ვინმე სხვა პირის ჩართვა და ამ აწყობილი სქემის არევა. კრიმინალურ ავტორიტეტებს, „კანონიერ ქურდებს“, ყოფილ მხედრიონელებს და ა. შ. არანაირი გავლენა როვნოს ოლქში არ გააჩნიათ და მით უმეტეს, გამორიცხულია, რომ კონტრაბანდის სქემაში ქართველი ჩაერთოს. ამავე წყაროს ცნობით, კონტრაბანდული ქარვა მხოლოდ პოლონეთსა და ჩინეთში გადის, რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყანაში ქარვის ბაზარი საერთოდ არ არსებობს.
ჩვენს კონფიდენციალურ წყაროს ასევე ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა ქარვის ნაკეთობების ან ხატების კიევში ლეგალურად შეძენა? მან დაგვიდასტურა, რომ კიევში ამ ნაკეთობების შეძენა თავისუფლად შეიძლება და არანაირი სპეციალური ესკორტი აეროპორტამდე ამ ნივთების მისატანად აუცილებელი არ არის.
ჩვენი წყაროს მონათხრობის მიხედვით, ფაქტობრივად, არარეალური ხდება ქარვის ბიზნესში უცხო პირების, მათ შორის, ქართველებისა და ყოფილი მხედრიონელების მონაწილეობა.
ბევრად უფრო სკანდალურია „ქრონიკა+“-ის მეორე წყარო, რომელიც ყველაზე რეალურად სულ სხვა, კონკრეტულად კი არა ქარვის, არამედ იარაღით ვაჭრობის სქემის ვერსიას განიხილავს.
საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის საზღვარი რომ, ფაქტობრივად, უკონტროლოა, ამაზე არავინ დაობს, ეს ზოლი ყოფილ მხედრიონელ დათო შენგელიას აქვს ჩაბარებული და კონტრაბანდული სიგარეტის, ჯართის, იარაღის, მანქანებისა და ა. შ. „კრიშად“ სამეგრელოს გუბერნატორი ვახტან შონია სახელდება, რომელიც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დანიშნულია. მოქმედმა პრემიერმა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დააპირა თანამდებობიდან მისი გადაყენება, დღეის მდგომარეობით, შონია ისევ თანამდებობაზეა.
მოგეხსენებათ, ასევე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრია ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის დახმარებით „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაპორტირდა და, ფაქტობრივად, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური“ უმრავლესობა დაშალა. შიხიაშვილის სახელს არაერთი სკანდალი დაუკავშირდა, საბოლოოდ კი ის თანამდებობიდან გადააყენეს, ერთხანს ქვეყნიდან წასულიც იყო, მაგრამ, როგორც გაირკვა, საქართველოში დაბრუნდა, რაც შეეხება მალხაზ თოფურიას, ის, უბრალოდ, სუს-ის ხელისბიჭია და რაც არ უნდა მაგინოს ამის გამო ფეისბუქზე, მაინც დავწერ, რომ იაფფასიან ჭორიკანას, რომელიც გოგაშვილის დავალებით არა მარტო მე, არამედ ჩემს ოჯახსაც საშინელ ჭორებს უგორებდა, პირადად ჩემთვის არაფერი აქვს საერთო სამშობლოსთან და ჯარისკაცთან.
„ქრონიკა+“-ის წყარო „მხედრიონის“ ყოფილ ლიდერზე თავდასხმას არა ქარვის ბიზნესს, არამედ იარაღით ვაჭრობის შესაძლო სქემას უკავშირებს.
დოდო გუგეშაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინაში, ატოს ზონაში მუშაობდა ინსტრუქტორად, თუმცა სხვა ქართველებისგან განსხვავებით, მან საბრძოლო მოქმედებების ზონა მალევე დატოვა, მიზეზებზე არც თავად საუბრობს და არც მისი მეგობარი მეოცნებეები იმჩნევენ ამ ეპიზოდს. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში იარაღით ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია. როგორ წესი, რუსეთი სეპარატისტებს მუდმივად ამარაგებს იარაღით, ისინი კი მათ ნაწილს ყიდიან, რომელსაც საბრძოლო მოქმედებების დროს ჩამოწერენ ხოლმე.
„ქრონიკა+“-ის წყარო ერთ-ერთ ვერსიად სწორედ იარაღით ვაჭრობის ახალი სქემის აწყობას განიხილავს. არ გამორიცხავს, რომ ვინმე ზურა, რომლის ვინაობას არავინ ამხელს, არც აღწერილობა ახსენდებათ, რომ პოლიციამ ფოტორობოტი შექმნას, არც გვარი იცის ვინმემ და არც მისი წარმომავლობა, სწორედ იარაღით ვაჭრობის სქემას ალაგებდა და ამ დერეფნად საქართველოსაც განიხილავდა, ან უკრაინის გავლით, ან, სულაც, უკრაინიდან პირდაპირ თურქეთში, ქარვა კი პირობითი სახელი იყო და არაპირდაპირი მნიშვნელობით ძვირფასი ქვის დასახელება.
რატომ მოხდა დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა? ამ კითხვაზე „ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყარო მხოლოდ ვერსიაზე საუბრობს, _ ორიდან ერთია: ან საქართველოში მყოფმა პირებმა ფულში ვიღაც გადააგდეს და თავდასხმა სწორედ ამ ფაქტის გამო შურისძიების მიზნით მოხდა, ან რუსულმა სპეცსამსახურებმა დროზე ადრე შეიტყვეს იარაღით ვაჭრობის ახალი სქემის შესახებ და დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა სწორედ ამ „კანალის“ საბოლოოდ ჩასაკეტად მოხდა, რადგან რუსული სპეცსამსახურები თავად ვაჭრობენ იარაღით, მათ შორის, სირიაშიც.
ბუნებრივია, დასკვნების გამოსატანად ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან მწირია, საუბარია მხოლოდ ვერსიებზე და არა კონკრეტულ დასაბუთებულ ფაქტებზე, მაგრამ ფაქტი ერთია _ ვინმე ზურა იმდენად სწრაფად და შეუმჩნევლად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, იმდენად პროფესიონალურად მოქმედებდა თავდასხმის დროს, საქმე გამოცდილ ქილერთან გვაქვს და არა მოულოდნელად გამოჩენილ შურისმაძიებელთან.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ქვეყანა მკვლელობის დღესვე დატოვა. თუ ის რუსების მოკავშირეა, ამის გაკეთებას არაოფიციალური გზით ან ცხინვალის, ანაც აფხაზეთის გავლით შეძლებდა.
რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს კომენტარში უთხრა, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის, პრესაში გამოქვეყნებული მასალებიც.

ელისო კილაძე