დიმიტრი შაშკინი: „მთავრობა, რომელიც ჩვენი იურისდიქციის ზუგდიდში, ან როკის გვირაბთან დაწყებას დათანხმდება, მოღალატეა“

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში პრაღაში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე. წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ. ასევე, რუსეთის მხარის ყურადღება გამახვილდა ახალგორის რაიონში ე. წ. საბაჟო პუნქტის უკანონო გახსნის ფაქტზე.
ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრესი ფორმატის მნიშვნელობას.
პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა 2017 წელს სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია. ასეთივე დინამიკა ფიქსირდება სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში. შედგა საუბარი 2018 წლის პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზებზე.
შეხვედრისას განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები.
ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტაციებისა და პოლიტიზების გარეშე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს რუსეთში ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება შეთანხმების პრინციპებსა და არსს.
პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსეთის მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციას უკეთებს შეთანხმების რიგ არსებით დებულებას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამის იმპლემენტაციას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრება:
_ როდესაც ეს ფორმატი შეიქმნა, იგივე პოზიცია მქონდა. სამწუხაროდ, ბოლო 5-6 წელია, ამასთან დაკავშირებით სრულ მაზოხიზმს ვუყურებთ. აქ სხვა ტერმინს ვერ გამოიყენებ, რადგან ჩვენმა მთავრობამ ფორმატის შექმნა დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან და ეს მთავარი საკითხის გარკვევის გარეშე მოხდა. და ჩვენთვის მთავარი საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა. ეს მთავარი პრიორიტეტია, ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა და რუსულ ბაზარზე მწვანილის, ან ციტრუსების შეტანაზე საუბარი არარელევანტურია იმის გამო, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის დროს, 2011 წელს, რუსეთს ნებართვა ჩვენ მივეცით. ის სავაჭრო თემები, რომლითაც მთავრობა „ამაყობს“, რომ მოაგვარა, სინამდვილეში, 2011 წელს მოგვარდა, როდესაც ჩვენ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე დავთანხმდით.
დანარჩენი, რაზეც შეიძლება რუსეთს ველაპარაკოთ, ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამ ქვეყანასთან სხვა არაფერი გასარკვევი არ გვაქვს. არც მათი უვიზო რეჟიმი, რომელზეც პუტინი, ჯერ კიდევ, სამი წლის წინათ გვეუბნებოდა, გაგიუქმებთო და ხომ ხედავთ, არც გააუქმეს. უვიზო რეჟიმი ევროპასთან გვაქვს და რუსეთთან იგივე გვექნება თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია, თუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.
დანარჩენი ეს მაზოხისტური შეხვედრები, მხოლოდ და მხოლოდ, პროცესისთვის კეთდება და არა რეალური შედეგის მიღწევისთვის.
_ პრაღის შეხვედრამდე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ 2011 წლის შეთანხმებაში საუბარია ყაზბეგის რაიონზე, მდინარე ენგურის სამხრეთით, ასევე გორის შემოგარენზე, სადაც საბაჟო კონტროლი უნდა განხორციელდეს. ბოლო შეხვედრის შემდეგ კარასინმა ეს პოზიცია ცოტა შეარბილა და თქვა, რომ ამ საკითხზე განსხვავებული შეფასებები არსებობსო, რას ითვალისწინებს, რეალურად, 2011 წლის შეთანხმება?
_ სამწუხაროდ, ბევრი თქვენი მკითხველისთვის დეტალები ცნობილი არ არის. რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ 2011 წლის შეთანხმება იყო მიღწეული, ჩვენსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპარაკება ეხებოდა მხოლოდ ერთ საკითხს: საქართველო რუსეთს მისცემდა თუ არა უფლებას, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესულიყო, სადაც გაწევრიანება რუსეთს ძალიან უნდოდა, რადგან ამ ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკისთვის ბევრი ბენეფიტი მოაქვს. უარს ვეუბნებოდით, რადგან ჩენთვის მთავარი იყო ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთს უფლებას არ ვაძლევდით დაეფიქსირებინა, რომ საზღვარი ენგურზე, ან გორის რაიონში იწყება. ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რაც ყველა ადეკვატური ადამიანისთვის ნათელი და გასაგებია.
მიუხედავად ზეწოლისა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, რომ რუსეთისთვის ამ ორგანიზაციაში შესვლაზე თანხმობა მიგვეცა, პოზიციას მაინც მკაცრად ვიცავდით.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე ჩამოყალიბდა, როგორც ჩვენთვის მისაღები იყო. მთავარი არსი, მკითხველს ადამიანური ენით რომ ავუხსნათ, რაზეც შევთანხმდით, ის იყო, რომ საქართველოს მთავრობა დაიქირავებს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც განლაგდება ფსოუზე და როკის გვირაბთან, გააკონტროლებს ტვირთებს, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოდის.
რუსეთი გვაწვებოდა და ითხოვდა, რომ ჩვენი იურისდიქცია დაწყებულიყო ენგურზე და გორის რაიონში, რაც, ბუნებრივია, მიუღებელი იყო. საერთაშორისო შვეიცარიული კომპანია შეირჩა, მაგრამ იურიდიული ტერმინოლოგიით რომ აგიხსნათ, სიტუაცია ასეთი იყო: რადგან კომპანიას საქართველოს მთავრობა ქირაობდა, ამით რუსეთიც ირიბად, მაგრამ მაინც აღიარებდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ აუთსორსინგის მეშვეობით ვქირაობდით შვეიცარიულ კომპანიას, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების დელეგირებას ვაძლევდით, რომ გაეკონტროლებინა ტვირთბრუნვა ამ წერტილებში _ ეს იყო ფსოუ და როკის გვირაბი.
ასევე შეთანხმება იყო მიღწეული, რომ, ვთქვათ, ტერმინალები დადგებოდა სხვადასხვა ადგილში. ჩვენთვის სავსებით მისაღები იყო, რომ ერთ-ერთი ტერმინალი განთავსებულიყო ზუგდიდში, ანუ სადაც ეს ტვირთები გაჩერდებოდა შემდგომი განბაჟებისთვის. ასეთი ტერმინალი, მაგალითად, თბილისშიც არის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში რამე საზღვარი არ არსებობს რომელიმე ქვეყანასთან, მაგრამ საბაჟო ტერმინალები აქაც არის, რადგან ტვირთი შემოსვლისას საზღვარზე ილუქება და მერე მისი განბაჟება თბილისში ხდება.
პრობლემას არ წარმოადგენდა, რომ ასეთი ტვირთი ფსოუზე დაელუქა ჩვენს აყვანილ კომპანიას და მერე უკვე ზუგდიდში განბაჟდებოდა. ეს ჩვენთვის მისაღები იყო და ამით რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა.
კარასინმა ახლა რაც თქვა და რასაც რუსეთი ცდილობს ისაა, რომ ეს საბაჟო ტერმინალი და სასაზღვრო პუნქტი ერთმანეთში გააგიგივოს. ის ამბობს, რომ ამ ტვირთებზე საქართველოს იურისდიქცია ზუგდიდში დაიწყებაო. 2011 წლის შეთანხმების არსი კი ასეთი არ არის. იმ შეთანხმებით მკაფიოდ, შავით თეთრზე წერია, რომ ჩვენი იურისდიქცია ფსოუსა და როკის გვირაბთან იწყება.
რუსეთი უკვე ექვსი წელია, ამ დოკუმენტის რევიზიას ცდილობს, რადგან დღევანდელი მთავრობა მათთვის ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ჩვენი მთავრობა იყო. ისინი ცდილობენ, რომ ამ მთავრობას ეს ყველაფერი შეაცვლევინონ, მეტი არაფერი. მაგრამ მთავრობა, რომელიც დათანხმდება მათ პოზიციას, რომ ჩვენი იურისდიქცია ზუგდიდში, ან როკის გვირაბთან დაიწყოს, მოღალატე მთავრობა იქნება და ორჯონიკიძის პოლიტიკას გაიმეორებს.
_ რამდენად შესაძლებელია, რომ მთავრობა ასეთ ნაბიჯზე წავიდეს?
_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, რადგან ამ მთავრობამ დაამტკიცა, რომ მათთვის ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია. ეს ძალიან დიდი უბედურებაა, მაგრამ ფაქტია.
მაგალითისთვის, უკრაინის ბოლოდროინდელი შეთავაზება, რომ მოდით, ჩვენ და თქვენ, რადგან ორივეს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთის წინააღმდეგ ერთად ვიმოქმედოთო (მაგალითად, ბოიკოტი გამოვუცხადოთ, საერთაშორისო ტრიბუნით ერთად ვილაპარაკოთ და ა. შ.) ამ მთავრობამ არ მიიღო. აქედან ბუნებრივი დასკვნა ის არის, რომ ეროვნული ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მათთვის მეორეხარისხოვანია.
ამიტომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი საზოგადოებაზე არის დამოკიდებული. მისცემს საზოგადოება უფლებას, რომ ეს მოხდეს? მაშინ გააკეთებენ. ეს მთავრობა ერთადერთი, რასაც ყურადღებას აქცევს, საზოგადოების პროტესტია. იქნება საზოგადოების პროტესტი ამ პოზიციის წინააღმდეგ, რომ ჩვენი იურისდიქცია იწყებოდეს ზუგდიდში, ეს არ მოხდება. ჩუმად იქნება, მაშინ მოხდება.
_ კარასინი ოკუპაციის ქართულ კანონზე საუბარს არ იშლის და ამბობს, რომ „ქართული მხარე მას ჯიუტად არ აუქმებს“…
_ რუსეთი დიდი ხანია, ამ კანონის გაუქმებას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავრობა აღნიშნულ კანონს ისედაც პატივს არ სცემს და ყოველთვის გვერდს უვლის. მაგალითად, ლუჟკოვისა და გროზნოს მერის ჩამოსვლა ავიღოთ, ეს ორი მაგალითიც საკმარისია ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს კანონი არ სრულდება. მაგრამ რუსეთი მაინც არ ჩერდება და ამ კანონის საერთოდ გაუქმებას ითხოვს.
ყველას უნდა ესმოდეს: ერთადერთი, რასაც რუსეთი პატივს სცემს, ეს არის მკაფიო პოზიცია და ძალა. ანუ აქ იმაზე არ ვსაუბრობ, რომ მე ან ვინმეს ამბიცია აქვს, რომ ჩვენ ომს მოვუგებთ რუსეთს, დავამარცხებთ და მოსკოვს ავიღებთ, _ არა, მაგრამ რუსეთი ტიპური აზიური ქვეყანაა (არც ერთ სხვა აზიურ ქვეყანას შეურაცხყოფას არ ვაყენებ), აზიური მენტალობის ქვეყანაა და როდესაც მოლაპარაკებებია, ვინც არ უნდა იყო, სუსტი თუ ძლიერი მოწინააღმდეგე, შენ თუ ძალას და მტკიცე პოზიციას არ ასხივებ, რუსეთი პატივს არ გცემს! და ყველაფერს გააკეთებს, რომ მარტო ის კი არ მიიღოს რაც უნდა, საერთოდ გაგანადგუროს.
ეს არის რუსული პოლიტიკა და ის, მაგალითად, ევროპისგან განსხვავებით, არ გელაპარაკება პრინციპით, _ შენ ამას დათმობ და მერე მე ამასო. არა, რუსეთს უნდა, რომ თავში გირტყას, შენ კიდევ ამისთვის მადლობები უხადო და მაშინ ის ბედნიერი იქნება. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირი ჰქონდა, ამას დაადასტურებს. ან ნებისმიერი ისტორიკოსი, რომელიც, მაგალითად, სწავლობდა რუსეთის იმპერიის ისტორიას, საბჭოთა კავშირითა და პუტინის რუსეთით დამთავრებული, ჩემს სიტყვებს დაადასტურებს, რომ რუსეთის პოლიტიკა მეზობლებთან სწორედ ამაზეა აგებული, _ ხელში ჯოხი ჰქონდეს, თავში გირტყას, შენ კი ამაზე პროტესტი კი არა, მადლობები გადაუხადო. ასევე სიყვარული აუხსნა, _ რა მაგარია, რომ ასე თავში მირტყამო. რუსეთის პოლიტიკა ამაზე არის აგებული.
ეს ამ მთავრობას არ ესმის. ან ესმის და თავისი მერკანტილური მიზნებისთვის არ ხედავს ამ რეალობას.

_ კარასინი ასევე შეშფოთებულია ვაზიანში საწვრთნელი ბაზით, რამდენად აქვს ამის საფუძველი?
_ ხომ ხედავთ, ეს შეკითხვაც გარკვეულ რეალობას ასახავს. ეს ვაზიანის ბაზა, ჯერ კიდევ, შევარდნაძის დროიდან არსებობს. მაგრამ მთავრობამ რაც უფრო მეტი დათმობა გაუკეთა (რუსეთმა თავში ჩაარტყა და ამისთვის ჩვენმა მთავრობამ მადლობები უხადა), მით უფრო იზრდება რუსული პოლიტიკური ელიტის მადა იზრდება და. ვაზიანი რომ არ ყოფილიყო, აქ სხვა რაღაც იქნებოდა. ანუ აქ ვაზიანი რუსეთისთვის რამე შინაარსობრივი პრობლემა არ არის. ბაზა, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია, არსებობს, რუსეთისთვის შეშფოთების საგანი ხდება იმის გამო, რომ სხვა საკითხებში წარმატებას მიაღწიეს. ამდენი თავში რტყმევის შემდეგ ახლა ვაზიანის საწვრთნელ ბაზას მიადგნენ, მეტი არაფერი.
_ ამ კონტექსტში სეპარატისტული შენაერთები რუსულთან ერთიანდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო პუნქტები იდგმება…
_ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ლოზუნგით, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებდა. ყველას გვახსოვს, რომ მოსახლეობას ამას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ეს იმით გამოიხატა, რომ ჯოხის პერმანენტულ რტყმევაზე მადლობებს უხდიან და სიყვარულს ეფიცებიან. ამის გარდა, არანაირი სხვა დალაგება არ მომხდარა. მხოლოდ რუსეთის მადა იზრდება. აკეთებს იმას, რაც უნდა. მაგრამ ჩვენი მთავრობის პერიოდს თუ შეადარებთ, რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ნაბიჯზე პასუხი გვქონდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მეშვეობით. ყველა ბერკეტს ვიყენებდით იმისთვის, რომ ეს მადა არ გაზდილიყო. ამ ყველა ცუდი, მავნე ნაბიჯისთვის რუსეთს სათანადო პასუხს ვთხოვდით.
როდესაც ეს მთავრობა პასუხს არ სთხოვს, ამ ნაბიჯების რაოდენობა პროპორციულად იზრდება. იგივე ეხება ე. წ. ცხინვალისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რუსულთან გაერთიანებას, ასევე ცხინვალის რეგიონში ვითომ საბაჟოს გახსნას. ანუ რაღაც რომ გასდის, უფრო მეტსა და მეტს აკეთებს.
არ ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობის დროს რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა იყო. არა, ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ღია ომი იყო 2008 წელს, მაგრამ განსხვავება ყველამ უნდა დაინახოს. ეს მთავრობა მოვიდა ლოზუნგით, რომ ამ პრობლემას მოგიგვარებთო, მაგრამ ამის მაგივრად რა გააკეთა? თუ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ რაღაც იქს ნაბიჯებს დგამდა, ახლა ამას გაათმაგებული დგამს.
თან ყველაზე საზიზღარი რაც მოხდა ისაა, რომ თუ ადრე ეს ნაბიჯები პუტინის დონეზე იყო, ანუ ის ავანგარდში იდგა ანტიქართული პოლიტიკის, ამ სიტუაციაში საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით შესაძლებლობა იყო (სანქციებით მუშაობით), რომ ეს აგრესია ნაწილობრივ მაინც გაგვერჩერებინა, ახლა ეს აგრესია უკვე პროპორშჩიკებისა და ეფრეიტორების დონეზეა დაყვანილი. რომელიმე რუსი პროპორშჩიკი რომ დათვრება, შეუძლია წავიდეს, ქართველი დააკავოს, ან ასეთივე მთვრალმა ეფრეიტორმა ოკუპაციის საზღვრი გადასწიოს.
_ ამ სიტუაციაში გამოსავალი სად არის?
_ პირველი, რაც ამ მთავრობამ უნდა დაინახოს, არის ის, რომ რუსეთი მტერია. ის ჩვენი კეთილი მეზობელი არ არის. რეალურად, ეს მტერი და ოკუპანტია. როდესაც ადამიანი ავადაა, თუ ამას არ აღიარებს და ექიმთან არ მიდის, მაშინ, ბუნებრივია, ვერანაირი მკურნალობა წარმატებული ვერ იქნება, რადგან, უბრალოდ, ეს ვერ დაინიშნება.
იმის საუბარი, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი და ჩვენი მტერი, მოფერება და მადლობის გადახდა ყველა ჯოხის დარტყმაზე, არაფერს კარგს არ მოგვიტანს არც ქვეყანას, არც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.
მეორეა, როდესაც ამის აღიარება მოხდება, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, შემდეგ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მუშაობა უნდა დაიწყოს იმაზე, რომ საქართველო კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოზე არავინ საუბრობს. საუბრობენ უკრაინაზე და უკრაინა როცა გვეუბნება, მოდით, ერთად დავდგეთ და ჩვენთან ერთად თქვენზეც ისაუბრებენო, ამაზე ჩვენი მთავრობა უარს ამბობს. რატომღაც, ჰგონიათ, რომ თუ ჩუმად იქნებიან და რუსეთი თავში ჯოხს ჩაარტყამს, ამაზე ხმას არ ამოიღებენ და მადლობას ეტყვიან, პრობლემა ამით მოგვარდება. პრობლემა ამით არ მოგვარდა და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უფრო სიღრმისეული გახდა.

გელა მამულაშვილი