ბარბარე გალდავა: „მინდა, მეტი ბედნიერი ბავშვი იყოს საქართველოში“

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა დედა გახდა, იმის კეთების იდეა დაებადა, რითაც დღეს ბავშვებს ახარებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველი კარავი ააწყო, ქართულ ბაზარზე მისი ანალოგი არ არსებობდა, შემდეგ კი ინოვატორული იდეა ბევრმა აიტაცა, თუმცა ბარბარეს „კარაველა“ დღემდე გამორჩეული და ყველაზე მყუდროა.
მიაჩნია, რომ მისია, რაც ამქვეყნად აქვს, შვილების აღზრდაა და მათთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად იბრძვის. თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და მომავალი გეგმებიც ეხმარება ამ გზაზე.
ახალგაზრდა ხელოვანისთვის თავისი საქმე სიამოვნების, შემოსავლის წყაროსა და დადებითი ემოციების მიღების გაერთიანებაა.
შანსი რომ ჰქონდეს, ადამიანთა შორის დამოკიდებულებას გამოასწორებდა, უფრო შემწყნარებლურსა და კაცთმოყვარეს გახდიდა საზოგადოებას.

მაშ, ასე! _ ახლოდან გაიცანით ხელოვანი ბარბარე და მისი „კარაველა“:
_ მომიყევით ცოტაოდენი თქვენზე.
_ მე ვარ ბარბარე გალდავა, 32 წლის, წარმოშობით აფხაზეთიდან, ამ ეტაპზე ვსწავლობ სამკერვალო საქმიანობაზე საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისში“.
_ რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით, იდეა როგორ გაჩნდა (რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობთ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგით)?
_ ზოგადად, კერვა და ხელსაქმე მიყვარს. ხშირად ვეძებდი შთაგონებას ინტერნეტში და შემდგომ ხელნაკეთ ნივთებს თავადაც ვაკეთებდი. როცა დედა გავხდი, შვილებს „სახლობანას“ ვეთამაშებოდი და იდეაც გამიჩნდა. პირველი კარავი სწორედ მათ შევუკერე, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და გადავწყვიტე, ეს საქმე მეკეთებინა. ტრანსპორტირებისა და რეალიზების საკითხებში ოჯახი მიდგას გვერდით. მაგალითად, ტრანსპორტირებაში მეუღლე მეხმარება, კარვის შეკერვის მთელ პროცესს კი თავიდან ბოლომდე მარტო ვასრულებ.
_ რა გრძნობას გიჩენთ ის ფაქტი, რომ ბავშვებს აბედნიერებთ?
_ როცა კარავი ოჯახში მე მიმაქვს და პატარებს ვუწყობ, მათგან უდიდესი პოზიტივი მოდის, რაც ორმაგი სურვილით მავსებს, რომ მეტი შევქმნა და ისინი უფრო გავახარო.
_ ბრენდისთვის სახელად „კარაველა“ რატომ შეარჩიეთ?
_ გვსურდა, მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო და ამასთან, პირდაპირი კავშირი ჰქონოდა თავად სიტყვა „კარავთან“.
_ ძირითადად, რა მასალით ამზადებთ კარვებს?
_ ნატურალურ ქსოვილებს ვიყენებ, ბამბასა და ტილოს, სწორედ მათგან ამზადებენ ბავშვების თეთრეულს. ასევე ხეს და სირბილისთვის ანტიალერგიულ სინთიპონს.
_ ქართულ ბაზარზე ანალოგებს როგორ კონკურენციას უწევთ?
_ დიდი ხნის მანძილზე ვიკვლევდი ბაზარს და მსგავსი არაფერი ყოფილა. პირველად ინტერნეტსივრცეში 2017 წლის ზაფხულში ჩავეშვით. მას შემდეგ გამოჩნდნენ კონკურენტები. ვცდილობ, რომ ჩემი ბრენდი ინდივიდუალური სტილით გამოირჩეოდეს. ხშირად ვითვალისწინებ პატარას სახელს და მას სხვადასხვა ვარიაციით წარმოვადგენ კარავზე. ასევე ვცდილობ, რომ ყველა ჩემი კარავი უნიკალური იყოს და თუ უკვე შეკერილი ვარიანტის ანალოგი უნდათ, მცირე დეტალით მაინც ვცვლი ორიგინალისგან.
_ კარვებს შეკვეთით პატარების გემოვნებით ამზადებთ, თუ მშობლების?
_ პატარების გემოვნებაზე მშობლები გვესაუბრებიან და მათ მიერ შერჩეული ფერებითა და პრინტებით ვკერავ.
_ გარდა ამ საქმიანობისა, სხვა პროფესიაც ხომ არ გაქვთ, ან სხვა სფეროშიც ხომ არ მოღვაწეობთ?
_ აქამდე ამ მიმართულებით არ ვმუშაობდი, თუმცა აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ორი მცირეწლოვანი ბავშვის გამო დიასახლისობა მომიწია და გადავწყვიტე, სახლშიც რაიმე საქმიანობით დავკავებულიყავი.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის (საქმეში)?
_ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი და ბავშვი კმაყოფილი იყოს. ამ დროს ორმაგად კმაყოფილი ვარ მეც.
_ მაქსიმალისტი ხართ?
_ დიახ, რადგანაც მთელ სულს ვდებ ამ საქმეში და მინდა, თითოეული კარავი იდეალურამდე მივიყვანო, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს მშვიდად, როცა მომხმარებელი მეტყვის, რომ მოსწონს და შედეგით კმაყოფილია.
_ რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?
_ იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობ, ამ სფეროში ბევრი იდეის განხორციელება მინდა. ვფიქრობ, ყველაფერი, რასაც გავაკეთებ, პატარებს მიეძღვნება. მინდა, მეტი ბედნიერი ბავშვი იყოს საქართველოში.

ნინო ტაბაღუა