ხელოვანი, ფარაჯანოვი და რინგო სტარი, ანუ თინა ბუკია

ქართველი ხელოვანი, რომელიც 5 წლიდან ხატავს, გამორჩეულია თავისი შემოქმედებით. თავიდან შერეული ტექნიკით ხატავდა, შემდეგ ბატიკის სტილში; იშვიათად, თუმცა ავეჯის მხატვრობაც იზიდავს, ახლა კი კოლაჟების თემამ გაიტაცა და სწორედ ამ მიმართულებით ამზადებს თავის ნამუშევრებს.

საოცარი მოკრძალებით ყვება მიღწეული წარმატების ამბებს. არ ამბობს, მაგრამ საკუთარი ცხოვრების მწვერვალად შვილს მიიჩნევს, რომელსაც ინტერვიუს დროს შიგადაშიგ ღიმილით გადახედავდა ხოლმე. გულწრფელად ტყდება, რომ საკუთარ შვილთან საოცრად მეგობრული ურთიერთობა აქვს, ისეთი არა, როგორიც ტრადიციული დედაშვილობაა. ეს კი შესანიშნავია!
თინა ბუკია წარმოშობით გურული მხატვარია, თუმცა მშობლების მსგავსად, ისიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ჯერ თბილისის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ კი სამხატვრო აკადემია დაამთავრა. როგორც თავად ამბობს, პროფესიონალურად ხატვა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა აკადემია დაამთავრა, ანუ 1987 წელს, თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ, 5 წლის თინა მხატვარ ბიძას გვერდით მიუჯდებოდა და თვითონაც იწყებდა „შედევრზე“ მუშაობას. სწორედ ბიძამ გაგზავნა პატარა თინას ნახატები გამომცემლობაში, სადაც ნიჭიერი ბავშვების ნახატების კრებული იბეჭდებოდა სათაურით „ჩვენ ვხატავთ“. ამ ამბის მერე კი თინას კარგა ხანს სჯეროდა, რომ ბიძის მიცემული ფული მართლა იმ წიგნიდან მიღებული ჰონორარი იყო.
სიყვარულით იხსენებს თავის მასწავლებელს, მანანა ტოროტაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ ასწავლა და დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. თინას თქმით, სწორედ ისაა ერთადერთი ადამიანი, რომლისგანაც ყველაზე ობიექტურ შეფასებას ელოდება ყოველთვის.
ცოტა ხნის წინათ გამართულ სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილ კონკურსში ოქროს ლაურეატის მფლობელი გახდა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა სამუშაოდ:
„ადრე, როცა „მხატვრის სახლი“ არსებობდა, თითქმის ყოველ კვირა გამოფენა გვქონდა, იყო როგორც პერსონალური, ისე საერთო გამოფენები. შემდეგ კი უკვე ისეთ ეტაპზე ვიყავი, რომ თუ მომინდებოდა, დავხატავდი, თუ არადა, _ არა.
ზოგადად, სოციალურ ქსელშიც ხშირად შემხვედრია სხვადასხვა კონკურსი, ან გამოფენა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე. ამ უკანასკნელში როგორც კი ფარაჯანოვი ამოვიკითხე, მაშინვე გადავწყვიტე, ჩემი ნამუშევარი გამეგზავნა და კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, მოგებაზე არც კი მიფიქრია, უბრალოდ, მონაწილეობა მინდოდა მიმეღო. თურმე, ამ კონკურსს „ქართველ-სომეხთა კავშირი“ ატარებს და სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეს უძღვნიან, ღონისძიებას ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ხელმძღვანელობს.
მე ძალიან მომინდა, რაიმე კოლაჟის სტილში გამეკეთებინა ისე, რომ თემატურადაც ახლოს ყოფილიყო. მოკლედ, მივიტანეთ ნახატი და რამდენიმე დღეში გამოფენაზე მიმიწვიეს. მხოლოდ მე, ჩემი და და შვილი წავედით. ღონისძიებაზე როცა გამარჯვებულებს აცხადებდნენ, ჩემი სახელი არ გამოუცხადებიათ და გულიც არ დამწყვეტია, მაგრამ შემდეგ სომხეთის ელჩი ავიდა სცენაზე და თქვა, _ დავაწესეთ სპეციალური ჯილდო, ოქროს ლაურეატის წოდება და ის თინა ბუკიას გადაეცემაო. ამ დროს ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ ვერ მივხვდი, სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი. ძალიან ავღელდი. სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში უნდა წავიდე 3 დღით ერევანში და იქაურობას, მუზეუმებსა და ხელოვნების ნიმუშებს დავათვალიერებ“, _ ამბობს მხატვარი.

მომავალ გეგმებსა და, ზოგადად, თავის ცხოვრებაზე თინა ბუკია „ქრონიკა+“-ის მკითხველს უყვება:
_ ამ ღონისძიების შემდეგ ახლა რაზე მუშაობთ?
_ ახლაც კოლაჟს ვაკეთებ. ზოგადად, კოლაჟი ძალიან პირადულია, შეიძლება სხვას არ ესიამოვნოს, ან ვერ გაიგოს, თუმცა ავტორისთვის ძალიან ახლოა. გარდა ამისა, ხშირად ვქსოვ. უკვე გატაცებული ვარ ყვავილებით, მათ ვუვლი. თითქმის 4 წელია, კახეთში გადავედით საცხოვრებლად და იქ გარესამყარომ გამიტაცა. ყვავილების გარდა, ძალიან მიყვარს ცხოველები, ძაღლი და ორი კატა მყავს. ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს ცხოველები და ქუჩიდანაც ბევრჯერ მოუყვანია დაკარგული, ან უპატრონო ცხოველები. ფაქტობრივად, პატარა თავშესაფარი გვქონდა სახლში, შემდეგ პატრონს ვეძებდით და ვჩუქნიდით. ჩემი შვილი უფრო აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში.
_ თქვენი ნამუშევრების ყველაზე ობიექტური შემფასებელი თუ გყავთ?
_ კი, მანანა ტოროტაძე. მე არ მიყვარს, როცა მაქებენ და ის გულახდილად და პირდაპირ მეუბნება ყველაფერს, _ თუ შესაქებია, მიქებს, თუ არადა, მიმითითებს ხოლმე.
_ საყვარელი მხატვარი ვინ არის?
_ ჰიერონიმუს ბოსხი და პიტერ ბრეიგელი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით! იმპრესიონისტებიც მიყვარს, რემბრანდტიც, დალიც, თუმცა ის ორი სტაბილურად მიყვარს.
ახლა გამახსენდა, რომ ერმიტაჟში როცა ვიყავი, პიტერ პაულ რუბენსის ნახატების განყოფილებაში ძალიან ცუდად გავხდი, არ მესიამოვნა უზარმაზარი ტილოები და მასზე გამოსახული ძალიან ბევრი „ხორცი“, სხეული. ამ დროს კი რომელიღაც ინგლისელი მხატვრის პატარა პეიზაჟს ვერ მოვწყდი მაშინ, როცა პეიზაჟები დიდად არ მიყვარს. იქ კი სიმშვიდე იგრძნობოდა.
_ მუშაობის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა რას აქვს თქვენთვის?
_ თუ ვიცი, რომ რაიმეზე მუშაობის დროს სხვა საქმე მაქვს გასაკეთებელი, ეგ მაღიზიანებს, თორემ, ისე, განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს სამუშაო სიმყუდროვის შესაქმნელად, მთავარია, მინდოდეს.
_ ვისთვის არ გენანებათ რაიმე?
_ ჩემი შვილისთვის, ანკასთვის. რეალურად, არც არავისთვის მენანება, თუ შემიძლია რამის გაკეთება.
_ მაქსიმალისტი ხართ?
_ არა! არადა, ამას სხვისგან ვითხოვ. არ მიყვარს, საქმეს რომ ხელს მოჰკიდებენ და მიაფუჩეჩებენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე გამოდის.
_ რამეზე გწყდებათ გული?
_ რა თქმა უნდა! მაგრამ ისეთი ხასიათი მაქვს, რომ პესიმისტურად არ ვუყურებ არაფერს, მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია. შემიძლია, გადავაბიჯო, თვითონ ფსიქიკა აკეთებს ამას, უბრალოდ, აღარ ვფიქრობ მასზე.
_ ვინმე ან რამე გენატრებათ?
_ მშობლები და ძველი სახლი. სულ ვამბობდი, რეჟისორი რომ ვყოფილიყავი, ფილმს გადავიღებდი იმ სახლზე, იქ მცხოვრებ ხალხზე, მათ ისტორიაზე. სახლი კი მხატვრების ქუჩაზე იყო. ესეც სიმბოლურია, ალბათ.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვთ?
_ არ მაქვს, ხშირად მგონია და ჩემი შვილიც მეუბნება, რომ ასაკთან და შეგრძნებებთან აცდენილი ვარ. ტრადიციული დედაც ვერ გამოვდექი, უფრო მეგობრები ვართ და ეს საოცრად კარგი გრძნობაა.
_ თავისუფალი ხართ?
_ სამწუხაროდ, არა, ესეც გარემოებებიდან გამომდინარე _ ყველაფერს უნდა გაუწიო ანგარიში. დროსა და გადაადგილებაში ვარ შეზღუდული, მაგრამ, მეორე მხრივ, ხშირად ვსვამ კითხვას, _ მინდა კი, რომ ყველაფრისგან თავისუფალი ვიყო?
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა?
_ მგონი, ახლა ვიწყებ ცხოვრებას. პასიურობა არ მიყვარს, მიუხედავად ამისა, ზოგჯერ პესიმისტური შემოტევები მაქვს, თუმცა მერე ამას საქმეებით განვმუხტავ.
_ როგორ გგონიათ, საკუთარი მისია გაქვთ?
_ კი, მაქვს, მაგრამ ჯერ არ შემისრულებია.
_ რომ არა ის, ვინც ხართ, ვინ იქნებოდით?
_ რატომღაც, მგონია და ბევრს უთქვამს, რომ ფსიქოლოგი ვიქნებოდი. ადამიანთან საუბარი და მისი დამშვიდება შემიძლია. პიროვნება ძალიან რთული ემოციური მდგომარეობიდან გამომიყვანია.
ძალიან ბევრი ფსიქოლოგი მეგობარი მყავს და მათ უთქვამთ, როცა პაციენტებს ველაპარაკებით, კედელი გვაქვს აშენებული და მათ ამბებს გულთან ახლოს არ ვუშვებთო, მე კი სწორედ ეს არ შემიძლია, სხვას კი ვეხმარები, მაგრამ თვითონ ძალიან ვითრგუნები.
_ სიმშვიდე რას მოაქვს თქვენთვის?
_ ჩემი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას. სულ იმის მეშინია, ვინმესგან რაიმე ცუდი არ გავიგო. როცა ადამიანები მესაუბრებიან, მათ ხმას ვაქცევ ყურადღებას, თუ კარგი ხმა აქვთ, ე. ი. ყველაფერი კარგადაა და ვმშვიდდები.
ცუდ ხასიათზე ყოფნის პერიოდიც მაქვს და მაშინ მთელი მსოფლიოს სევდა მე მაწევს კისერზე ისე, რომ ყველა უპოვარზე ტირილი მინდება.
_ თუ გაქვთ პრინციპი, რომელსაც არ ღალატობთ?
_ ადამიანებს არ ვღალატობ.
_ საკუთარი თავი ხომ არ მიგიმსგავსებიათ ვინმე გმირისთვის?
_ ახალგაზრდობაში, როცა კინოში დავდიოდი, მაშინ ფილმის გმირებთან ვაიგივებდი ხოლმე. ბავშვობაში კი, როცა მანგლისში ჩავდიოდით, მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი და The Beatles დრამერი, რინგოსტარი მეგონა თავი.
_ თქვენი სამომავლო გეგმა რა არის?
_ ყველა მეკითხება, სტიმული ხომ მოგცა იმ პრიზმა, რაც აიღეო?! სიმართლე რომ ვთქვა, არ მიფიქრია, რომ ძალიან მაგარი ვარ, რადგან ეს პრიზი დავიმსახურე. ზუსტად იგივე ვარ, რაც ვიყავი, უბრალოდ, მეტად მომინდა, გამოფენა გავაკეთო. ეს ყველაფერი კი ნერვიულობასთანაა დაკავშირებული და ძალიან მივეჩვიე ნამუშევრების ჩემთვის, საკუთარი თავისთვის გაკეთებას, კომფორტის ზონიდან გამოსვლა მიჭირს. სხვისი შეკვეთითაც ვერ ვხატავ ხოლმე. უარი მითქვამს რამდენჯერმე სხვისი შეკვეთისთვის, რადგან იმას ვერ ვაკეთებ, რაც არ მინდა!
_ რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ ისევ ფარაჯანოვს დავესესხები: „მე სამყაროს სიყვარულით გადავუხდი“!

თინა მართლაც სიყვარულით გადაუხდის სამყაროს, კვლავ გააგრძელებს ხატვას, კოლაჟების კეთებას, ქსოვას, ყვევილებისა და ცხოველების მოვლას. ის მხოლოდ ახლა იწყებს. წინ დიდი გზაა და მისიაც შესასრულებელია!

ნინო ტაბაღუა