ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, ანუ ადამიანის ნება თავისუფალია!

ბოლო რამდენიმე წელია, ამისთვის აქტიურად იბრძვიან. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოდის ქუჩაში, რათა მხარი დაუჭიროს ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას და ამას ადამიანის უფლებებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აუცილებლობით ხსნის. მხარს უჭერენ მარიხუანისა და ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზებას, რაც, თავისთავად, მისი გამოყენებისთვის „დანაშაულის“ სტატუსის მოხსნას გულისხმობს!

ცალსახად ცხადი და ლოგიკურია, რომ თუ რაიმეზე დამოკიდებულებას დაავადებას უწოდებ, მას მკურნალობა სჭირდება და არა კრიმინალიზება, დღეს კი ასეთ ადამიანებს თავიანთი დამოკიდებულების ხმამაღლა თქმის არ უნდა რცხვენოდეთ და სახელმწიფოც მათ უნდა იცავდეს, მკურნალობდეს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო კრიმინალიზებულია, მათ საზოგადოებაში გამოსვლა ან მათთვის განკუთვნილი შესაბამისი სერვისებით სარგებლობა უჭირთ! ეს რეალობაა.
უკვე გასული წლის 30 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზება მოხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ახალგაზრდები სისხლის სამართლის პასუხისგებაში აღარ მიეცემიან, თუმცა აქაც ყველაფერი ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის. ახლა ჯერი სხვა ნივთიერებებზეა, რომლის მინიმალური რაოდენობის ქონის, ან მოხმარების გამოც უამრავი ახალგაზრდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და დღესაც სასჯელს იხდის. სამწუხაროდ, ეს ადამიანები შემდეგ სტიგმის მსხვერპლი ხდებიან!

რატომ არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა საქართველოში საჭირო და კიდევ რა ნაბიჯებია ამ მიმართულებით გადასადგმელი?

თემაზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი, დავით სუბელიანი საუბრობს:
_ ქართული ნარკოპოლიტიკა, რომელიც 2007 წლის მერე ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში შეიქმნა, ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. ამ სიმკაცრეს განაპირობებს ის, თუ რა და როგორ ისჯება.
როდესაც ვსაუბრობთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, დეკრიმინალიზებაზე, ჩვენ ორი არგუმენტი გვაქვს: 1) საზოგადოებრივი ჯანდაცვის არგუმენტი და 2) ადამიანის უფლებების არგუმენტი.
პირველს რაც შეეხება, თუკი ნარკომანიასთან დაკავშირებული დაავადებები გვინდა განვკურნოთ, მაშინ, ლოგიკურად, სამკურნალო სერვისებიც უნდა არსებობდეს: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დეტოქსიკაცია და ა. შ. ეს ყველაფერი კი ჩვენთან ძალიან სუსტი და არახელმისაწვდომია, თუმცა რომც იყოს, პაციენტი უნდა ჰყავდეს! არადა, იმ რეალობაში, რაც გვაქვს, მაშინ როცა ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალიზებულია, ამ კლინიკებს არ ეყოლებათ პაციენტები, რადგან ადამიანები გარეთ ღიად გამოსვლასა და ნარკოდამოკიდებულების აღიარებას ერიდებიან, იციან, რომ საფრთხე ელით. არაერთხელ დაუჭერიათ ამ პროგრამაში ჩართვის გამო(!), დეკრიმინალიზება კი ამ ადამიანებს დაეხმარება, რომ ნაბიჯი გადადგან და სახელმწიფო სერვისებს მიმართონ.
ვისაუბროთ ფაქტებით: დღეს ჩვენ 54 000 ნარკომომხმარებელი გვყავს, რაც ზრდასრული მოსახლეობის 20%-ზე მეტია და ამ მონაცემებით მე-3 ადგილზე ვართ მსოფლიოში. აღნიშნული 54 000 ადამიანიდან მხოლოდ 5 000-ს ვმკურნალობთ!(!) ჩვენი ნარკოპოლიტიკა არ განაპირობებს იმას, რომ ნარკომანია შერბილდეს, პირიქით, ამ მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში გაუარესებულ სიტუაციებს ვიღებთ. ფაქტი სახეზეა!
ნარკოპოლიტიკის ძირითადი წინამძღოლი სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს ისეთი რეპრესიული მეთოდები, როგორიც არის ციხე, დასჯა და ა. შ., არამედ ეს იგი ჯანდაცვის სფეროში უნდა გადავიდეს. შესაბამისად, თუ ნარკომანია დაავადებაა, ჯანდაცვამ მიხედოს, ანუ, რეალურად, რეფორმა ეხება იმას, რომ რეპრესია შემცირდეს, დახმარების წილი გაიზარდოს. ერთადერთი გზა, რომ სტაბილური მდგომარეობა მივიღოთ და მერე ამ მომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს, ცალსახად, ეს არის ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაცია!
ადამიანის უფლებები _ მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ცალსახაა, მხოლოდ იმისთვს, რომ ადამიანები რაღაცას მოიხმარენ და საკუთარ ორგანიზმში თავიანთი ნებით „უშვებენ“, ამისთვის მათი დასჯა აბსოლუტურად გაუმართლებელია.
რაიმე სახის ნარკოტიკის მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით ფლობა ისჯება ძალიან არაპროპორციულად. დღეს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისას, თუკი არ არის არავითარი ნიშანი, რომ ადამიანი აპირებდა ნარკოტიკის გაყიდვას ან ყიდვას, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რამხელა სასჯელი მივანიჭოთ, გამოიყენება სრული ოდენობები:
1) მცირე _ არ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი;
2) საშუალო _ სისხლის სამართლებრივად დასჯადია;
3) დიდი;
4) განსაკუთრებით დიდი.
ჯამურად: 247 ნივთიერებაა აკრძალული, ამათგან 2/3-ისთვის კი საქართველოში განსაზღვრული საერთოდ არ არის მცირე ოდენობები, რაც იმას ნიშნავს, _ 0.000001 გრამიც რომ გიპოვონ ლაბორატორიაში, ან გამოყენებულ შპრიცზე, შესაძლოა, იმწამსვე წახვიდე ციხეში! ეს ადამიანის უფლებებისთვის მიუღებელია, კაბალური პირობებია! და კიდევ: ვისთვისაც განსაზღვრულია მცირე ოდენობა, რის გამოც არ დაიჭერენ, ოდენობა იმდენად არაადეკვატურია, რომ რეალობასაც არ ასახავს! მცირე ოდენობა უნდა იყოს მცირე მოსახმარად. როგორ შეიძლება, დოზაზე 3-ჯერ ნაკლები იყოს გაწერილი? თუ მომხმარებელია, დოზაზე 3-ჯერ ნაკლებს ხომ არ მოიხმარს?! ანუ, ფაქტობრივად, აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს სწირავ და ტყუილად გაქვს მცირე მოხმარება კანონში გაწერილი, ასეთი რამ არასდროს მოხდება! _ ზუსტად ასეთი ნიუანსებია, არაადეკვატური ოდენობები და არაპროპორციული სასჯელებია დაწესებული. მაგალითად, გაუპატიურებისთვის ან მკვლელობისთვის შესაძლოა, ნაკლებად დაისაჯოს ადამიანი, ვიდრე დიდი დოზის ნარკოტიკის ფლობის გამო.
იმედია, ჩვენი ხელისუფლება იტყვის, რომ აპირებს მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ხოლო ფლობის, შეძენა-შენახვის ნაწილში მცირე ოდენობა ადეკვატურად განისაზღვრება და არა ისე, როგორც დღეს არის _ მისთვის კი არ იქნება სისხლის სამართლის სასჯელი გამოყენებული, ხოლო საშუალო, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის (სადაც, ასევე, იმედია, დალაგდება სიტუაცია ოდესმე), სასჯელები შემცირდება რამდენიმე წლით.
დღეს, საბოლოო ჯამში, გვრჩება ძალიან რეპრესიული, მკაცრი ნარკოპოლიტიკა. როცა ამბობენ, ხალხი აიშვებს, თუკი სრული ლიბერალიზაცია იქნებაო _ ამის თქმისას არ ითვალისწინებენ ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს.
არგუმენტების თვალსაზრისით, სახელმწიფო კრიტიკას ვერ უძლებს!
კი ბატონო, გეთანხმებით, ამბობენ, მაგრამ „დრაგებსა“ და ოპიატებზე _ არა! ვეკითხებით, რატომ? ხომ იცით, რომ, პირველ რიგში, ამ ნივთიერებების მომხმარებელს სჭირდება ჰუმანური მოპყრობა. მას, ვინც წამალდამოკიდებულია, ინფორმაცია არ გააჩნია, მკურნალობა სჭირდება _ იმ ადამიანს აკლებ რეფორმას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება?! სწორედ ეს ადამიანები არიან იმ ოპიატების ინექციური მომხმარებლები, ანუ მათზე ამბობ უარს?! თუ კანონს ცვლი, ვისთვის აკეთებ ამას, თუკი იმ ადამიანებს არ მოარგებ, ვისაც ეს რეალურად სჭირდება?!
აკეთებენ იმას, რომ მაინც ჩაითვლება, თითქოს რაღაც რეფორმა ჩატარდა, რეალურად კი სადავეები, რომელსაც ნარკოპოლიტიკა ხელისუფლებას აძლევს, რომ მართოს ხალხის დამოკიდებულება ნარკოტიკზე, არ არის შენარჩუნებული! დღეს სხვა სადავეები აქვთ _ თუ ადამიანის „გაფუჭება“ გინდა, წახვალ და ნარკოტიკს ჩაუდებ, რა პრობლემაა?!
მეორე: პოლიციისთვის ძალიან კარგი ინსტრუმენტია, რომ დანაშაულის გახსნის სტატისტიკა მაღალი და მსოფლიოში გამორჩეული ჰქონდეს. ჩვენთან არსებული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე, დანაშაული ბევრია და თითქმის ყველა გახსნილი _ მთავარია, დაინახო, ადამიანს ნარკოტიკი აქვს _ 10 წუთში გახსნილია საქმე. მერე პოლიციელები ბონუსებს მიიღებენ!
კიდევ ერთი სადავე გამოიხატება იმაში, თუ როგორ იქცევიან პოლიციელები არჩევნების წინ, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ვიცით, რომ მიდიან უბნებში, ოჯახებთან და ამბობენ, ხმა მიეცი, თორემ ვიცი, რომ შენი შვილი „ეწევა“, ან „იკეთებს“ და დავიჭერ! ანუ ძალიან მარტივად ხდება ადამიანების დაშანტაჟება, მათ ხომ მეტწილად იციან, ვინაა მომხმარებელი. ყველამ ყველაფერი ვიცით ამ ქვეყანაში, უბრალოდ, ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, საჯაროდ არ იდება ეს ინფორმაცია. თბილისშიც, რაც ქალაქის ცენტრში ხდება, იგივე სიტუაცია არაა გარეუბნებსა და რეგიონებში. იქ პოლიციელები დათარეშობენ, ბიჭებს „აკაჩავებენ“ და ეს რეალობაა. ესეც მექანიზმია, რომელსაც პოლიცია იყენებს.
დღეს სახელმწიფო ხალხს ჯანდაცვის ძირითად უფლებებს აძლევს, თუმცა ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ეს სერვისები ძალიან მოიკოჭლებს.
ხშირად, როცა ამ თემაზე საუბრობენ, ამბობენ, _ მოიცა, რაა, პატარა ბავშვები გვყავს, რომლებიც სისხლის გათეთრებით იღუპებიან და ნარკოტიკების მომხმარებლებს რატომ უნდა დავეხმაროთ?! არადა, ესეც ხომ დაავადებაა?!
ქალი მომხმარებლები განსაკუთრებით დაჩაგრულები არიან და ამ მიმართულებითაც სამარცხვინო მდგომარეობაა. ქალი, რომელიც სამშობიაროდ მიდის, არის ნარკოტიკების მომხმარებელი და ამის შესახებ არ თქვა, შეიძლება ვიღაც მივიდეს, „ამხილოს“, მერე ექიმმა მთელი პერსონალი შემოიყვანოს ოთახში და მათ აჩვენოს, რომ ეს ადამიანი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, შემდეგ კი დაიწყებენ საუბარს, _ ეს დედა როგორ იქნება? შვილს რა უნდა ასწავლოს? და ა. შ.
რაც შეეხება ლეგალიზებას, ეს წინგადადგმული კიდევ სხვა ნაბიჯი იქნება. დეკრიმინალიზაციის ნაწილშიც, ჩვენ, ფაქტობრივად, კრიმინალური დანაშაულის არმიას ვაჩენთ. შევთანხმდით იმაზე, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, მაგრამ თუ ლეგალიზებული არ იქნა, შესაბამისად, ვიღებთ შავ ბაზარს, ვიღაც შემოიტანს, დაამზადებს, გაყიდის! იდეალურ შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკა მთლიანად უნდა იყოს რეგულირების სფეროში შესული, ახლა კი მთლიანად კლიმინალიზების სფეროშია. მაგალითისთვის: საქართველოში იარაღი იყიდება, მაგრამ მას ვერ იყიდის სკოლის მოსწავლე, არასრულწლოვანი; უამრავი შეზღუდვაა აფთიაქშიც, რაღაც ტიპის წამლები ურეცეპტოდ გაიცემა, სხვა ტიპის _ არა. ზუსტად ასეთი რეგულირების თემაა აქაც! ორი აზრი არ არსებობს, რომ დალაგებული, გაწონასწორებული ნარკოპოლიტიკა იქნება იქ, სადაც ნარკოტიკების ბაზარი რეგულირებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკები, რომლებიც აკმაყოფილებენ რაღაც მინიმალურ პირობებს _ უსაფრთხოების, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ა. შ. დაშვებული უნდა იყოს ბაზარზე (მედიკამენტების შემთხვევაში), სახელმწიფოს ინტერესებშიც ამიტომ უნდა შედიოდეს ეს მხარე, კონტროლს დააწესებს და მართვის საშუალებაც ექნება, თეთრი იქნება ეს ყველაფერი და არა შავი, როგორც ახლაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ იაზრებს ამას, მაგრამ ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და დღეს, ძირითადად, მარიხუანის ირგვლივ ვტრიალებთ, არადა, სულ სხვა ადამიანებს სჭირდებათ გვერდით დგომა და ჰუმანური მოპყრობა!

ადამიანის უფლებებსა და ლეგალიზაციაზე საუბრობს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩიაც:
_ დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ზის ციხეში, ისინი დეკრიმინალიზაციის არარსებობის გამო მოხვდნენ იქ, ჩვენ კი იმ დონემდე მაინც უნდა მივიდეთ, რომ ადამიანებს საკუთარი ნებით რაიმეს მოხმარების გამო არ იჭერდნენ.
ცხადია, ლეგალიზაცია ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს, სადავოც არ უნდა იყოს ეგ საკითხი, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით ამბობს: ადამიანის უფლება, თავისუფალი განვითარების პირობის ნაწილი არის ის, რომ იგი მოიხმარდეს მარიხუანას და ჩვენ ამის შემდეგ რაზე ვლაპარაკობთ, რომ ეს არალეგალურია?! ამ ნაწილში ეს საკითხი შეიძლება დღესვე გადავწყვიტოთ და, ზოგადად, ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის შემთხვევაშიც ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, ჩვენი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ლეგალიზაციამდე! ეს ყველაფერი კი სასწრაფოდ გასაკეთებელია. ციხეში უდანაშაულო ადამიანები სხედან, ისინი უნდა გამოვიყვანოთ, ანუ დეკრიმინალიზაციის ნაწილამდე მაინც მივიდეთ, რომ მოხმარების გამო პიროვნება პირდაპირ ციხეში არ გავუშვათ!
რეალურად, ყველამ ვიცით, რომ თბილისში არის საკლუბო ცხოვრება, კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელი კი ბევრი კარგი ადამიანია, ისინი არაფერს აშავებენ, არადა, მსგავსი კანონმდებლობა რომ შევინარჩუნოთ, ამ ადამიანებს კვლავ სისხლის სამართლებრივი რისკის ქვეშ დავაყენებთ. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ანუ ისინი არ უნდა დავიჭიროთ. თუ მათ დაჭერას არ შევწყვეტთ, აბსოლუტურად არაადეკვატურები ვიქნებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან!
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებს გააფართოებს, ჩემთვის სწორი იქნება. თუ თბილისში კიდევ 10 დაწესებულება იარსებებს, სადაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის არ დაიჭერენ, ეს გამიხარდება. მინახავს „ბასიანზე“ დაჭერილი ხალხიც, მათ შორის, ჩემს მეგობრებსაც უთქვამთ: „იქიდან ამეკიდნენ“, ანუ ასეთი შემთხვევები არსებობს, უბრალოდ, კერძო საკუთრებაში არ უვარდებიან ადამიანებს, თორემ როგორ არ იჭერენ?! როცა იცი, რომ ამ კონკრეტულ ადგილას ნარკოტიკებს მოიხმარენ, მიდიხარ და იჭერ, ისედაც ხომ ცხადია, რომ ძალიან უხეშად იქცევი?!
საერთოდ, ქვეყნის ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ნიშანი ესაა _ რაც უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკა გაქვს, მით უფრო ცუდი, არათავისუფალი ქვეყანა ხარ, დარწმუნებული ვარ, ისლამურ ქვეყნებში უფრო რთული სიტუაციაა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ვიდრე ჩვენთან. დიქტატორულ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო საზოგადოებრივ მორალს ადგენს, ყველაფერი უარყოფითია. ნარკოპოლიტიკა უფრო ლიბერალურია თავისუფალ და განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენთან ნარკოპოლიტიკა, დაახლოებით, იგივეა, როგორიც ქვეყანა გვაქვს.
ჩვენს სამეზობლოში ყველას ვჯობივართ, როგორც ქვეყანა, ისე ხალხი და ნარკოპოლიტიკაც უკეთესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. თუ უკეთესი ნარკოპოლიტიკა გვექნება, შეიძლება, ევროპის ბევრ ქვეყანაზე წინ წავიდეთ ამ თვალსაზრისით, ეს არ არის გართობის მიზნით _ აქ ადამიანის უფლებების დაცვის სამედიცინო სფეროა ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ბევრი სხვადასხვა ინტერესი იკვეთება და ამის წინააღმდეგ წასვლა როგორ შეიძლება?! საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, ნორმალური ადამიანი რაიმეს ლეგალიზაციის წინააღმდეგი იყოს? ლეგალური მაინც იყოს ის, რისი არსებობის შესახებ ყველამ იცის!
მინიმუმ, იმაზე შევთანხმდეთ, როგორ უნდა ვაკონტროლოთ ეს ყველაფერი. ხომ არის მიზანი, რომ ადამიანის სიკვდილიანობა შევამციროთ, მაშინ დავარეგულიროთ მაინც ეს სფერო.
ხშირად ამბობენ, ეს ახლაგაზრდებზე ცუდად იმოქმედებს, მათ ზომა არ იციან და ა. შ. ამას ჩვენი უფროსი, ბაბუებისა და მამების თაობა გვეჩიჩინება, რომელთაც თავიანთ თაობაში უკვე ჩაატარეს ნარკოპოლიტიკა, თავად გაატარეს ახალგაზრდობა იმ 90-იან წლებში, რომელიც არგუმენტად მოჰყავთ ჩემთან საუბრისას, მათ ბევრად მეტი „დაუშავეს“ როგორც საზოგადოებას, ისე თაობას და ის, რასაც დღეს ჩვენ გველაპარაკებიან, არალოგიკურია! ჩვენ ვუხსნით, მოდით, ვცადოთ, ადამიანურად მოვიქცეთ და არა სასტიკად! ადამიანებს დაველაპარაკოთ, დავეხმაროთ…
რეალობა გვაქვს ასეთი: მარიხუანის ისეთი რეგულირება, რაც გვქონდა, ვეღარ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ბაზარზე ჩვეულებრივად იარსებებს და ვერავინ ვერ შეზღუდავს, ასევეა სხვა საკლუბო ნარკოტიკების შემთხვევაში და მოდით, დანარჩენის შემთხვევაშიც ვიაროთ ლეგალიზაციის მიმართულებით, ვაკონტროლოთ ეს სფერო, მაგრამ ადამიანები არ ჩავსვათ ციხეში, არ გავწიროთ ამისთვის!

ახალგაზრდები ბრძოლის შეწყვეტას არ გეგმავენ, ისინი ერთმანეთისთვის და ჰუმანური მოპყრობის დასანერგად იბრძვიან. ცალსახად არ მიესალმებიან სფეროს კრიმინალიზებას და ამბობენ, რომ რაიმეს დანაშაულად აღიარება პრობლემის მოგვარების გზა არ არის. კონტროლის მექანიზმი კი ხელისუფლების ხელშია, უბრალოდ, ის ამას არ ახორციელებს!

ნინო ტაბაღუა