თეონა ჭალიძე: „კალაძე ან თავს იკატუნებს და თავადაც ჩართულია კორუფციულ სქემაში, ან არაკომპეტენტურია“

ბოლო დროს, ხშირად ისმის განცხადებები, კრიტიკული შეფასებები ბაგა-ბაღებში კვების პრობლემებზე.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ პარტია „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელს, თეონა ჭალიძეს ესაუბრება:

_ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტანილი განცხადებით რა დოკუმენტები გაასაჯაროვეთ, სადაც ნაჩვენებია, რომ შპს „ნილი“ მრავალჯერ დაჯარიმდა?
_ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს სახელმწიფო კონტროლი მხოლოდ 28 საჯარო ბაგა-ბაღში განახორციელა, რაც არასაკმარისია. 171 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 60994 აღსაზრდელია რეგისტრირებული და 2018 წლის სასწავლო პროცესის დაწყებიდან კვებითი მომსახურების მიმართულებით არაერთი პრობლემა შეიქმნა.
კომპანია, რომელსაც მერიამ ბაღების კვებით მომსახურებზე ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმა, არის შპს „ნილი“, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 14-ჯერ დააჯარიმა. აქედან ცხრაჯერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის „უფასო სასადილოს“ მომსახურების პროგრამის ფარგლებში; სადაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო საჯარიმო სანქციები გატარდა. ხუთჯერ შეჩერდა საწარმოო პროცესი, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მავნე საკვები აღმოჩნდა.
ამ კომპანიის მუშაობისას დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობებისა და არაკრიტიკული შეუსაბამობების სტატისტიკა იმის საფუძველს იძლევა, რომ კომპანია მაღალი რისკის ჯგუფში განვიხილოთ. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ათასობით ბავშვის უსაფრთხოებაზე, სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმურის გარდა, არაგეგმურ ინსპექტირებასაც უნდა ახორციელებდეს ბაგა-ბაღებში.
„ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა განცხადება შევიტანეთ, სადაც უკლებლივ ყველა ბაღში სახელმწიფო მონიტორინგის განხორციელებას ვითხოვთ და ასევე შპს „ნილის“ ყველა იმ ქვეკონტრაქტორის შემოწმებას, რომელიც მას ბაღებში შესატანი პროდუქტით ამარაგებს.
_ ამის გარდა, სადღეისოდ რა მთავარი პრობლემები იკვეთება საბავშო ბაგა-ბაღების სისტემაში და რას მოითხოვთ?
_ ბაღებში, ამ ეტაპზე, ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტული აღსაზრდელების კვების საკითხია. პრობლემები ბევრია: ბაღებში არ არის საკმარისი ადგილები, ჯგუფები გადატვირთულია. არის ბაღები, სადაც თითო ჯგუფში 50-60 და მეტი ბავშვია ჩარიცხული, რაც, თითქმის, ორჯერ აღემატება 35-ს, ანუ დაშვებულ მაქსიმუმს. ასეთ ჯგუფებში ორი აღმზრდელი თავისთავად ცოტაა და ასეთ პირობებში სააღმზრდელო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა ფიზიკურად შეუძლებელია.
პრობლემაა ბაღების ინფრასტრუქტურაც, რიგი ბაღებისა რემონტს საჭიროებს. აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებაც აუცილებელია.
დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე ბაღში მშობლებს სათამაშოებისა და ჰიგიენის საგნების საყიდელ ფულს აგროვებინებდნენ.
დავუბრუნდეთ კვების მენიუს, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია და საფუძვლიანადაც: 2018 წლის მენიუ 2017 წლისგან შესამჩნევად განსხვავებული და გაუარესებულია, ახალი მენიუ თვალსაჩინოდ გაღარიბებულია. ერთ აღსაზრდელზე შემცირდა კ/კალორიაც.
კერძოდ, თუ 2017 წელს ერთ აღსაზრდელზე სტანდარტი იყო 1581 კ/კალორიის შესაბამისად მომზადებული საკვები/მენიუ, ახლა, 2018 წელს, ეს შემცირდა და 1292 კ/კალორია გახდა. აქედან გამომდინარე, შეიცვალა მენიუც.
აღნიშნულის საფუძვლად მერია და ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის 487-ე დადგენილებას ასახელებს და ამბობს, რომ მენიუს ცვლილება სწორედ ამ დადგენილების შესაბამისად მოხდა. თავის მხრივ, დადგენილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებსა და ევროსტანდარტებს ეფუძნებაო.
საქმე ისაა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მართლაც მომზადდა კვების გაიდლაინი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის და მთავრობის 487-ე დადგენილებით მართლაც დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი: „ადრეული და სკლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმები“, სადაც დანართ 18-ში დეტალურად არის მოცემული, თუ როგორი უნდა იყოს მენიუ და რა სვალდებულო შემადგენელი ნაწილები უნდა ჰქონდეს მას.
იქვეა არასავალდებულო ნაწილიც, რაც იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, თუ ბავშვი არ მიირთმევს რაიმე სახეობის ულუფას. სამწუხაროდ, 487-ე დაგენილებით დამტკიცებულ სტანდარტებს მნიშვნელოვნად არ აკმაყოფილებს ის მენიუ, რითაც ბაგა-ბაღებში ხელმძღვანელობენ. ანუ ის კალათა, რაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო და, შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციაშიც ჩაიდო.
პრობლემაა ისიც, რომ 4400 აღსაზრდელზე მეტი მთელ თბილისში რიგშია და ელოდება, როდის გამოჩნდება ბაღში მისთვის ადგილი.
_ რას ითვალისწინებს მშობლების სახელით შეტანილი პეტიცია თბილისის მერიაში?
_ პეტიციის მიზანი იყო პირველ რიგში გვეჩვენებინა ის, რომ უკმაყოფილო მშობელი ერთი და ორი კი არაა, არამედ უკმაყოფილოთა მთელი არმია არსებობს. ონლაინპეტიციით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ათასობით ბავშვის ინტერესი და მშობელთა აზრი უნდა გაითვალისწინონ.
თბილისის მერთან და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ღია, საჯარო შეხვედრას ვითხოვთ. გვინდა გავაგებინოთ ის, რომ, ვთქვათ, საუზმეზე აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგან თუ, მაგალითად, წიწიბურას არ/ვერ მიირთმევს, სადილამდე მშიერი არ დარჩეს.
ასეთი მიდგომა იყო 2018 წლამდეც და ამ მიმართულებით პრობლემა ბოლო წლებში არ ყოფილა, ბავშვები ბაღიდან მშივრები ნამდვილად არ მოდიოდნენ. და ასეა გათვალისწინებულიც იმ 478-ე დადგენილებაში, რომელსაც ბაღებში ამჟამად არსებული მენიუ არ შეესაბამება.
პრობლემას მხოლოდ საუზმეზე არჩევანის არარსებობა არ წარმოადგენს. პრობლემაა ისიც, რომ პრაქტიკაში ხდება იმ სავალდებულო ნორმებისა და გრამაჟების დარღვევა, რაც ერთ აღსაზრდელზე არის გამოყოფილი. მაგალითად, გარჩეული ბანანი ბავშვს 120 გრამი ეკუთვნის. სინამდვილეში კი ერთ ბანანს სამ და ოთხ ნაწილად ყოფენ და ისე აძლევენ ბავშვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომია ყველა დონეზე კეთდება.
ჯერ ისედაც აღსაზრდელზე გამოყოფილი თანხა შემცირდა. თუ აქამდე 3,65 ლარი იყო, ახლა ერთ აღსაზრდელზე 3,24 თეთრია გამოყოფილი. მერიამ ბავშვების კვებაზე ეკონომია გააკეთა, გრამების დაკლებით კიდევ მომმარაგებელი კომპანიაც ცუდად იქცევა და ბაღის პერსონალიც სცოდავს, რომ სათანადო რეაგირებას არ ახდენს.
თუმცა მათიც მესმის, ხშირად მაწვდიან ინფორმაციას არსებული დარღვევების შესახებ, მაგრამ მთხოვენ, მათი სახელი არ გავაჟღეროთ, იმიტომ რომ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.
შპს „ნილი“ მოუმზადებელი აღმოჩნდა ამხელა დატვირთვისთვის და პროდუქტით მომარაგებაშიც ბევრი პრობლემა შეიქმნა, _ ბაღებში ხან ხორცი ვერ შეიტანეს, ყველს აგვიანებენ, ხანაც ბანანი და მწვანილი ვერ ესწრება და, შესაბამისად, ხან უხორცო გუფთას აკეთებენ მზარეულები, ხანაც _ უყველო ხაჭაპურს, ან _ უმწვანილო წვნიანს.
არაერთხელ დაარღვიეს ეტიკეტირების წესიც. რძე შეიტანეს ღვინის ეტიკეტით, თევზი შეიტანეს გაურკვეველი ეტიკეტით და მერის მოადგილე ელოშვილი საკრებულოს სხდომაზე თავს იმართლებდა, _ მაგ უბედურებს დაავიწყდათ ეტიკეტის მიკვრაო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. იმედია, კალაძე გადაწყვეტილებას მიიღებს და შეგვხვდება, რომ დეტალურად ავუხსნათ მენიუსთან დაკავშირებული ცვლილებების აუცილებლობა, რათა იგი სავალდებულო სტანდარტს შეესაბამებოდეს, რომ პირველ რიგში ბავშვები არ დაზარალდნენ.
_ მერიის 24 იანვრის ტენდერების შესწავლამ რა შედეგები აჩვენა?
_ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები, ბაღების კვებითი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, შევისწავლეთ. კერძოდ, ერთმანეთს შევადარეთ 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში გამოცხადებული ტენდერების დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ სატენდერო პირობებში სატენდერო კომისიამ ცვლილება კონკრეტული პრეტენდენტის, შპს „ნილის“ სასარგებლოდ განახორციელა.
ჩვენი აზრით, საქმე სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს. კერძოდ, შეიცვალა პრეტენდენტის სავალდებულო მოთხოვნებში ჩადებული მოთხოვნა, რომ პრეტენდენტს ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა ჰქონოდა 500 000-ლარიანი ბრუნვა, ეს თანხა შეიცვალა და 400 000 გახდა, რადგან შპს „ნილი“ ვერ აკმაყოფილებდა პირვანდელ მოთხოვნას. შესყიდვის ფასიც, რაც სატენდერო კომისიამ დაადგინა, შპს „ნილს“ აწყობდა, რადგან სწორედ ის ფასი გამოიტანეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად, რაც ამ შპს-მ დაასახელა 2017 წლის დეკემბრის ტენდერში, კონკურენტებთან ვაჭრობის რაუნდებში ყველაზე დაბალ ფასად (3 ლარი და 28 თეთრი).
აქვე აღვნიშნავ, რომ მართალია, 2017 წლის დეკემბრის ტენდერი ჩაიშალა და მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნილი“ დისკვალიფიცირებული იყო, მაინც მას გაუფორმა ერთთვიანი ხელშეკრულება მერიამ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს დაწყებულიყო.
აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპები დაირღვა. ამ საკითხის გამოძიების მიზნით მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ სატენდერო კომისიის წევრების, მათ შორის, ვიცე-მერის, ირაკლი ბენდელიანისა და ბაღების სააგენტოს უფროსის, კახაბერ გვანცელაძის დაკითხვაც, რომლებიც ამ სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებებს ხელს აწერენ.
ფაქტია ისიც, რომ 24 იანვრის ტენდერებში, რომელიც, ჯამურად, 34-მილიონიანია, მხოლოდ შპს „ნილი“ მონაწილეობს და, შესაბამისად, გამარჯვებულიც ის იქნება. ამაში პირადად მე ეჭვიც აღარ მეპარება. კალაძე ან თავს იკატუნებს, ვითომ ვერაფერს ხვდება და სინამდვილეში თავადაც ჩართულია ამ სავარაუდო კორუფციულ სქემაში, ან ძალიან არაკომპეტენტურია და, უბრალოდ, მასაც ატყუებენ.
ფაქტია ისიც, რომ შპს „ნილის“ მეწილეები და დამფუძნებლები, თეიმურაზ გიორგაძე და გიორგი ჯუღელი, „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან და მათ, ჯამურად, 150 000 ლარი აქვთ 2014-2015 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ ოფიციალურად შეწირული. არაოფიციალურ კავშირებსა და ინტერესებზე პასუხების გაცემას კი პროკურატურის გამოძიებას მივანდობ.

თავის მხრივ, დედაქალაქის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი, თემაზე ასეთი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს:
„თბილისის ბაღებში ვადაგასული თევზი შეიტანეს (იხილეთ ფოტო). ამის შემდეგ დირექტორებმა ელფოსტაზე მიიღეს წერილი და ახალი „ეტიკეტის“ ნიმუში, რომ ვადაგასული „ეტიკეტი“ აახიონ და ახალი რიცხვით დააკრან!
60 000 ბავშვის კვებაზეა საუბარი! სულ გაგიჟდით?!
P. S. ადიკო ივანიშვილის ბიზნესინტერესების შემდეგ გასაგები ხდება, რატომ აფარებენ ხელს კომპანიას, რომელიც ბაღებს ასე უხარისხოდ ემსახურება“.

ა/ო „სკოლამდელები ჩვენი მომავლის“ გვერდზე კი ვკითხულობთ:
„უგემურობამდე დასული კვება, მშიერი ბავშვები
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდიანრე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სკოლამდელები ჩვენი მომავალი“ საჭიროდ მიიჩნევს, მოგაწოდოთ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვებაში არსებული დარღვევების შესახებ.
ბაგა-ბაღში ყოფნის პერიოდში აღსაზრდელმა უნდა მიიღოს დღიური რაციონის 75%, მათ შორის: საუზმე 20%, დილის წახემსება 10%, სადილი 30%, საღამოს წახემსება (სამხარი) 15%.
შაქრისა და მარილის დადგენილი დღიური ნორმის შემცირება და არასწორად გადანაწილება.
მთავრობის დადგენილება #487
ა) შაქრის სავალდებულო ნორმა ერთ ბავშვზე ბაღში ყოფნის პერიოდში შეადგენს 25 გრ.-ს, მოქმედი მენიუების მიხედვით კი, რეალურად, მიეწოდებათ 12-დან 16-გრამამდე;
ბ) მარილის დღიური ნორმა შეადგენს 3 გრ.-ს. რეალურად, ეძლევათ 1 გრ. ვინაიდან, ბავშვმა ბაღში ყოფნის პერიოდში უნდა მიიღოს დღიური რაციონის 75%, ამიტომ შუძლიათ მისცენ 2,25 გ მარილი.
ბაგა-ბაღის დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების გადანაწილების სქემა
ასევე დარღვეულია სურსათის პროცენტული გადანაწილება.
დილის საუზმე უნდა შეადგენდეს დღიური რაციონის 20%-ს, რეალურად კი მიწოდება, დაახლოებით, 15-16%, რაც არის მწირი ოდენობა.
საუზმე უნდა შედგებოდეს, მინიმუმ, ერთი სასმელისა და სამი ძირითადი კომპონენტისგან, რაც ასევე არის დარღვეული (იხილეთ მენიუები).
სადილი უნდა შედგებოდეს 4-5 კომპნენტისგან. ხშირად ბაღში სადილი 2 ან 3 კომპონენტიანია.
რძე და რძის პროდუქტები
მთავრობის დადგენილება #487 ითვალისწინებს ნატურალურ რძეს და რძის პროდუქტებს. ზოგიერთ შემთხვევაში მიეწოდებათ რძის ფხვნილი და მასზე დამზადებული ფაფები.
„ხილის ჩაის“ დასახელება არაადეკვატურია მოწოდებულ პროდუქციასთან, ფოთოლი ხილი არ არის!
ყოველდღიური მენიუფაქტურა ყველა მშობლისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას.
P. S. ბაგა-ბაღებში აღსაზრდელები იკვებებიან არასრულფასოვნად, არაჯანსაღად!“

ამ ფონზე, შპს „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ კომპანია „ნილი“ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და კომპანიის გარშემო ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი დაინტერესებული მხარეების ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებების შედეგია:
„ჩვენი კომპანია 2005 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე. 13-წლიანი მუშაობის განმავლობაში კომპანია არაერთი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა. კომპანია დღეს დარგის ლიდერია და ცრუ ბრალდებები არასათანადო ხარისხზე მხოლოდ ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „ნილის“ ხარისხი აღიარებულია ასობით სერტიფიკატით, ლაბორატორიული კვლევებითა და იმ ნდობით, რომელიც კომპანიამ ამ დროის განმავლობაში მოიპოვა. თითოეულ იმ პროდუქტს, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ საბავშვო ბაღებსა და სხვა ობიექტებს, ინტენსიურად (ხშირ შემთხვევაში, თვეში ერთხელ) უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რაც იმის დასტურია, რომ „ნილის“ პროდუქციის უმაღლესი ხარისხი გარანტირებულია“.

ცნობისთვის:
„შპს ,,ნილი“ დაარსდა 2005 წლის 22 აპრილს. დაარსების დღიდან კომპანია აწარმოებს პურ-ფუნთუშეულს და ასევე უწევს კვებით მომსახურებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებას. შპს „ნილს“ აქვს მოგებული მრავალი სახელმწიფო ტენდერი. კომპანია არის დარგის ლიდერი, აქვს მიღებული მრავალი ჯილდო და სამადლობელი წერილი. 2011 წელს კომპანიამ განახორციელა მასშტაბური პროექტი, კერძოდ, ქსნის #15 და რუსთავის #16 დაწესებულებებში ააშენა პურის ქარხნები, რომლებშიც დაასაქმა მსჯავრდადებულები ანაზღაურებით.
როგორც შპს ,,ნილის“ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ამაყობს აღნიშნული პროექტით, ვინაიდან ასეულობით ადამიანს მისცა დასაქმების, განვითარებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საშუალება.
„2015 წლიდან კომპანია ახორციელებდა მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებში გახსნილი უფასო სასადილოების 12 000-მდე ბენეფიციარის მომსახურებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შპს „ნილი“ სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი ტრანსპორტით, ყოველდღიურად, უზრუნველყოფდა სტრატეგიულ სიმაღლეებზე განლაგებული საჯარისო დანაყოფების პურით მომარაგებას.
2008 წლის ომის შემდეგ, შპს „ნილმა“ გაეროსგან სამადლობელი წერილი მიიღო. დღეისთვის საწარმო აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გერმანული წარმოების თანამედროვე როტაციული ღუმლებით. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 100-მდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.
შპს „ნილი“ აისო-ხარისხის სერტიფიკატის მფლობელია“, _ აღნიშნულია განცხადებაში.

გელა მამულაშვილი