ხელისუფლების გადაწყვეტილება და ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ბუნდოვანი მომავალი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღების წევრი აღარ არის. ამის მიზეზი ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ბაღმა ააიპის სტატუსი დაკარგა და იგი ააიპ „კულტურულ დაწესებულებათა“ შემადგენლობაში შევიდა.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რიონის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, ქალაქის ერთ-ერთი ძველი უბნის, ჭომის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი აღნიშნულ სტატუსს 1969 წლიდან ატარებს, თუმცა არსებობის გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ბაღი, დაახლოებით, 140 წლის წინათ გაშენდა. მას, თავდაპირველად, „ფერმის ბაღი“ ეწოდებოდა მოგვიანებით კი „ჭომის ბაღის“ სახელითაც მოიხსენიებოდა. ბაღის შექმნის ინიციატივა, თავის დროზე, გუბერნატორ ბელიავსკის ეკუთვნოდა. იდეის მიხედვით იგი უნდა ყოფილიყო, ერთგვარი, სკოლა მემცენარეობით დაინტერესებული პირებისთვის. შექმნიდან რამდენიმე წელიწადში აქ მართლაც დაარსდა ჯერ 2-წლიანი, ხოლო, მოგვიანებით, 4-წლიანი სკოლა, რომელიც ადამიანებს ევროპაში არსებული აგრონომიული ცოდნის მიღებაში ეხმარებოდა. ბელიავსკის მიერ დაწყებული საქმე მისმა მემკვიდრემ, გაგარინმა გააგრძელა. რადგანაც იმდროინდელ საქართველოში შესაბამისი კადრების ნაკლებობა იყო, საფრანგეთიდან ცნობილი სპეციალისტი რეგნერი მოიწვიეს, რომელიც 15 წელი ხელმძღვანელობდა „ფერმის ბაღს“, შემდეგ კი იგი შოტლანდიელმა იაკობ მარმა შეცვალა, რომელიც ცნობილი ლინგვისტის, ენათმეცნიერისა და ისტორიკოსის, ნიკო მარის მამა გახლდათ. ნიკო მარი სწორედ ბაღის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ნაგებობაში დაიბადა, სადაც დღეს მუზეუმია განთავსებული.
არსებობის მანძილზე ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არაერთი ევროპელი ცნობილი სპეციალისტი მოღვაწეობდა. სწორედ მათი და ქართველი საზოგადო მოღვაწეების ინიციატივით ბაღის ბაზაზე შეიქმნა სასწავლებელი, რომელმაც 1920 წლამდე იარსება. მის საფუძველზე ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, რომელმაც 1952 წლამდე იფუნქციონირა. ამავე წელს ბაღი სუბტროპიკული პროფილის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბაზა გახდა, თუმცა 1960 წელს, ინსტიტუტის სოხუმში გადატანის შემდეგ, ეს ფუნქცია დაკარგა.
1969 წელს ამ დიდი ისტორიის მქონე ბაღის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის ბოტანიკური ბაღიც, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბაღის ფილიალს წარმოადგენდა. ამის შემდეგ მას 7 ჰა ფართობი გადაეცა კავკასიური ფლორის განყოფილების დასაარსებლად. შეიქმნა აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და სხვა გეოფლორისტული ნაკვეთები.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღზეც აისახა. ბედის ანაბარად მიტოვებული ეს მშვენიერი ადგილი თანდათან ნადგურდებოდა. ბაღი არც ადამიანებმა დაინდეს და არც მდინარე რიონმა, რომელმაც მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი მიიტაცა. მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა აქ არსებული მცენარეების გარკვეული ნაწილის შენარჩუნება, რამდენიმე წლის წინათ კი, მას შემდეგ, რაც ბაღი ადგილობრივ ხელისუფლებას გადმოეცა, მისი განახლებისთვის მუშაობა დაიწყო, _ მოწესრიგდა ინფარასტრუქტურა და იგი ქუთაისლებისთვისა და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად იქცა.
დღეს კი, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ბოტანიკური ბაღის, როგორც ააიპის გაუქმების შესახებ, კთხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი, როგორც სამეცნიერო რგოლის არსებობა და გაურკვეველია, რამდენად შეასრულებს იგი მისთვის მინიჭებულ ფუნქციას კულტურულ დაწესებულებათა ააიპის ქოლგის ქვეშ? ქუთაისელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბაღის მნიშვნელობას აკნინებს, რადგან ხელისუფლებამ იგი აღიქვა, როგორც მხოლოდ დასასვენებელი და გასართობი ობიექტი და ვერ ხედავს მის მეცნიერულ დანიშნულებას.

ქუთაისის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ იწონებს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღების დირექტორი, თამაზ დარჩიძე. საკუთარი პოზიცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა: „განცვიფრებული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან _ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რაც ამ ძველ სამეცნიერო დაწესებულებას, პრაქტიკულად, აუქმებს და მას ბაღის საქმიანობასთან სრულიად შეუსაბამო მუნიციპალური ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალად აქცევს“, _ აცხადებს დარჩიძე და მიიჩნევს, რომ გქონდეს კლასიკური ტიპის ბოტანიკური ბაღი, რაც დიდი პატივია ნებისმიერი ქალაქისთვის და აუქმებდე მას, უბრალოდ, გაუგებარია! იგი წუხს, რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოში (botanical gardens conversational –BGCI) ოფიციალურად გაწევრიანების ეტაპზე იდგა, რომელიც მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის 500-ზე მეტი ბაღის გლობალურ ქსელს წარმოადგენს. მისივე თქმით, ორგანიზაცია დინამიკურად ვითარდებოდა. გადაიდგა ნაბიჯები კოლხეთის უნიკალური ფლორის კვლევის კონსერვაციის მიმართულებით.
„ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ბოტანიკური ბაღის ძირითადი შინაარსისა და ფუნქციის შენარჩუნებას. ეს ხელს უწყობს ორგანიზაციიდან ღირებული, პროფესიული კადრების გადინებას, ხოლო ბაღს მომავალში უბრალო საქალაქო პარკად გადაქცევას უქადის“, _ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბოტანკური ბაღების დირექტორი და წუხს, _ რადგან ბაღი ვეღარ იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს სხვადასხვა კონფერენციასა თუ შეხვედრაში, სადაც ერთობლივად მსჯელობენ მცენარეების კოლექციების გამრავალფეროვნებაზე და მოვლა-პატრონობაზე. დარჩია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას და ბოტანიკური ბაღი დამოუკიდებელ ორგანოდ შეინარჩუნოს.
თუკი ბოტანიკური ბაღების მუშაობის სპეციფიკაში კარგად გარკვეული პირები ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებენ, ქუთაისში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მის „კულტურულ დაწესებულებათა“ ააიპში გაერთიანებას პრობლემად ვერ აღიქვამენ. მეტიც, მათ არ სჯერათ, რომ ბაღში რაიმე სახის სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობდა და დარწმუნებული არიან, რომ კარგი მენეჯერის ხელში მის არსებობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
სტატუსის ჩამორთმევის მხარდამჭერთა პოზიციას არ იზიარებს და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ბაღის ყოფილი დირექტორი, ამირან ხვადაგიანი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც დაიწყო მისი კეთილმოწყობა და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაც. იგი კატეგორიულად ემიჯნება მოსაზრებას, თითქოს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სამეცნიერო საქმიანობა არ მიდიოდა:
„ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რომლის შედეგს ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ. რაც შეეხება ბაღში სამეცნიერო მუშაობას, შეგიძლიათ მიხვიდეთ და თავად დარწმუნებდით, რომ მიმდინარეობს“, _ აცხადებს ხვადაგიანი და დასძენს, რომ ბაღს ასეთი გადაწყვეტილებით მთავარი ფუნქცია ეცვლება. ყოფილი დირექტორი ყველას მოუწოდებს, ისეთი პროფესიონალების რჩევები გაითვალისწინონ, როგორიც თამაზ დარჩიძეა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ქუთაისის, თბილისის, ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებთან აქტიურდ თანამშრომლობდა. ისინი წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ხასიათის შეხვედრას მართავდნენ, რომელიც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვას, კოლექციის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცენარეთა კონსერვაციის ღონისძიებებისა და კვლევის გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელშეწყობას, ბაღის ლანდშაფტური იერსახის განახლება-სრულყოფასა და სხვა საკითხებს ეხებოდა. სამწუხაროდ, 2018 წლიდან ქუთაისის ბოტანიკური ბაღი აღნიშნული პროცესის მონაწილე ვეღარ იქნება და ქალაქის ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე იგი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების მიღმა აღმოჩნდება.

პროცესებს სხვაგვარად აფასებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ირწმუნება, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბაღისთვის ზიანის მომტანი არ იქნება:
„ეს გადაწყვეტილება არ იქნება ბაღისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. ბოტანიკური ბაღი განვითარდება და მის ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება“.
როგორ დასრულდება მსჯელობა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რომლის დენდროფლორაც 578 სახეობას ითვლის, ჯერჯერობით, უცნობია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გადახედავს მიღებულ გადაწყვეტილებას და ბაღს შეუნარჩუნებს სტატუსს, რომელიც მისი შემდგომი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთ ჩვეულებრივ, რიგით რეკრეაციულ ზონად გადაქცევა ემუქრება და სამეცნიერო კუთხით ინტერესსაც დაკარგავს. რთულია, არ დაეთანხმო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც სპეციალისტებს მოუსმენს და შეცდომის გამოსწორებაზე უარს არ იტყვის, სულაც არაა სუსტი და იგი საკუთარი მოსახლეობისგან ყოველთვის მხოლოდ მხარდაჭერას მიიღებს პასუხად.

ხვიჩა ვაშაყმაძე