ძალადობისა და გაუპატიურებების სკანდალური სტატისტიტა

პირდაპირ ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლთა ჩანაწერებით დავიწყებთ:

„…იცოდნენ, ყველა კარგად ხედავდა, მაგრამ არ ერეოდნენ ჩვენი ოჯახის საქმეში. მეც ვჩუმდებოდი, რომ ჩემი ხმა არ გასულიყო სახლიდან, მაინც ქალი ვიყავი, დედა ვიყავი და კიდევ ხალხს ის არ ეთქვა, ახალგაზრდა გოგოა, რას კივის, რას წივის. მერე იმასაც იტყოდნენ, ფსიქიკურად ვერ არისო და რა მექნა? _ ამ ყველაფერს ვითმენდი“.

„მეზობლები არ მელაპარაკებოდნენ იმის გამო, რომ როგორ გავბედე და პოლიციაში როგორ ვიჩივლე. სტუმრადაც კი ვერ მივდიოდი ვერავისთან, იმიტომ რომ ყველას ეშინოდა ჩემი მოძალადე ქმრის. დამცავი ორდერი 2-ჯერ დაარღვია და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, რანაირად ვიგრძნო თავი დაცულად?“

„არაერთი სასამართლო ჩატარდა ჩემს საქმეზე და ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მოსულა ჩვენების მისაცემად. ჩემს დასაც ჰყავდა ოჯახი და მისი ქმარი, თავის მხრივ, ეუბნებოდა, _ სასამართლოში თუ წახვალ და ჩვენებას მისცემ, სახლში ვეღარ შემოხვალო“.

ყველაზე უცნაური და, რაც მთავარია, საყურადღებო გახლავთ ის, რომ გაეროს სტატისტიკაში გაუპატიურების რიცხობრივი მაჩვენებლების შესახებ საქართველო, როგორც ქვეყანა, არ შედის. 61 ქვეყანა შედის, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო კი _ არა! ასე მაგალითად: ოფიციალურად რეგისტრირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში 10 და 19 იყო, რუსეთში _ 5700-მდე. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში _ 48 საქმე. ამ მხრივ, ყველაზე დალაგებული იყო სტატისტიკა 2008 და 2011 წლებში. ამ დროს 53 საქმეა შესული. 2008 წლიდან დღემდე კი სულ 223 საქმეა შესული სექსუალური დანაშაულების ფაქტზე.
2014 წლამდე ქართული კანონმდებლობა საკითხს საკმაოდ ლოიალურად უყურებდა და მაქსიმალური სასჯელი, ამ კუთხით, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი). აღნიშნული სასჯელი მძიმდებოდა მხოლოდ არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში და თავისუფლების აღკვეთის ვადა თხუთმეტიდან ოც წლამდე იზრდებოდა. აქვე დავძენთ, რომ დღესაც, საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული ყოველი 100 საქმიდან 90-ის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი დგება.
„ქრონიკა+“-მა არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს, მათ შორის, სისტემატურად აქვეყნებდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, სახახლო დამცველის ანგარიშებს.
ასე მაგალითად: საქართველოს სახალხო დამცველი 2010 წლის ანგარიშში წერდა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოწერა პოლიციას შეუძლია უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ძალადობის აღრიცხვისას და არა ფიზიკური, ან სექსუალური ძალადობის შემთხვევაში.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ოფიციალური სტატისტიკა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ასახავს არსებულ რეალობას და აი, რატომ! სექსუალური ძალადობა განეკუთვნება დაშიფრული და გაუხმაურებელი დანაშაულებების რიცხვს. ამავე დროს, ჩვენი ტიპის ქვეყნებში ქალზე ძალადობისას საზოგადოება გაცილებით მკაცრია მსხვერპლის მიმართ, რითაც ძალადობის რატიფიცირებას ახდენს.
„ყოველთვის, როცა მსგავსი შემთხვევა ხდება, მომისმენია რეპლიკები: „თუ წესიერი ქალია, რა უნდოდა იმ ადგილას?!“ „რას მიდიოდა შუაღამისას, პატრონი არ ჰყავდა?!“
„თუ ქალი არ არის ნაცემი, ნეკნები არ აქვს ჩატეხილი და სისხლი არ მოსდის, მანამდე პოლიცია არ რეაგირებს“.
„მთელი ბიუროკრატია დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ უნდა გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი. ტელეფონზე რომ მირეკავს და მოკვლით მემუქრება, რატომ არ არის ეს საკმარისი ფაქტი სასამართლოსთვის? ქალები
ძალიან დაუცველები ვართ ამ შემთხვევაში“.
უბნის ინსპექტორებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში, რადგან ნაცნობობისა და პირადი კავშირების გამოყენებით, მოძალადეები ახერხებენ სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებისგან ლოიალური დამოკიდებულების მოპოვებას, რის გამოც, ოჯახში ძალადობის მძიმე შემთხვევებშიც კი, ეს უკანასკნელნი, ხშირად მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. მსხვერპლთა თქმით, ამ ვითარებაში პრობლემაა კონფიდენციალობის დაცვის საკითხიც. ძალადობის მსხვერპლებისადმი სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენელთა გულგრილი დამოკიდებულება ძალადობის მსხვერპლთა დაუცველობის განცდას ერთიორად ზრდის:
„პოლიციაში რომ მიდიხარ, თითქოს დაგცინიან და მით უმეტეს, რეგიონებში, პირდაპირ გეუბნებიან, რომ ქალი ხარ და უნდა მოითმინო და აიტანო. ვგრძნობდი, რომ უფრო მოძალადისკენ იყვნენ, მაგრამ მე არ მივეცი იმის საშუალება, რომ ჩემი უფლებები დარღვეულიყო. ვინც არ იცის ეს უფლებები, იმისთვის ძალიან რთულია. თუ უსუსური ხარ, იქ ცოტა სხვანაირად გექცევიან. როცა ნაცემი მივედი, მეკითხებოდნენ რომ სად არის ექსპერტიზის დასკვნაო. იქამდე მივიდა საქმე, რომ გენერალურ ინსპექციაში დავრეკე“.

„როდესაც პოლიცია გამოვიძახე, მითხრეს, რომ ისე მოიქეცი, როგორც შენი მოძალადე ძმა გეუბნება და აღარ გცემსო. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო“.

„როდესაც პოლიციასთან მიდიხარ დასახმარებლად, გრძნობ, რომ სჯობდა, ძმისთვის გეთქვა, ან მეგობრისთვის, რადგან თვითონ აუცილებლად გეტყვიან ასე. მე თავად გადავდგი ეს ნაბიჯი. 2-3- ჯერ მივმართე პოლიციას. ერთხელ შემაკავებელი გამოსცეს და მირჩიეს, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში 9-წლიანია და გადამაფიქრებინეს ასეთი განცხადების დაწერა“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მსხვერპლთა ნაწილი არაადეკვატურად იქცევა. რამდენიმე შემთხვევაში მოძალადეს პირობითი სასჯელი ჰქონდეს შეფარდებული და ზოგიერთ შემთხვევაში _ ჯარიმა.
როცა ქალი ამ ნაბიჯს გადადგამს და ყველა დაბრკოლებას გადალახავს, უჩივლებს მოძალადეს, ამ დროს საზოგადოების დამოკიდებულება იმდენად არაადეკვატურია, რომ შემდეგ ყველაფერზე ხელს იქნევს ხოლმე და ურჩევნია, „მიჩვეული ჭირი“ ატაროს. საბოლოო ჯამში, ქალი იმ განცდამდე მიდის, რომ ერჩივნა, საერთოდ არ მიემართა მოძალადეზე საჩივრით სამართალდამცველებისთვის“.
საქართველოს შსს-მ საანგარიშო პერიოდში გააანალიზა ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების სისხლისსამართლებრივი ასპექტები. ამ კუთხით 2017 წელს გაზრდილია ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოძიებისა და დევნის დაწყების რიცხვი. თუმცა კვლავ პრობლემად რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირება და გამოძიების დროულად დაწყება. ამასთან, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ოჯახში ძალადობის საქმეთა სისტემატიზაცია და ძალადობის ისტორიის გათვალისწინება.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მომზადდა დოკუმენტის სამუშაო ვერსია, თუმცა ეს დოკუმენტი ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ და არც რეფერალურ მექანიზმში დაუნერგავთ. სახალხო დამცველის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის საქმეთა შესწავლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური სამსახური კოორდინებულად არ მუშაობს და ძალადობის სავარაუდო ფაქტის შესახებ სამართალდამცველი უწყება სოციალურ სამსახურს, ხშირ შემთხვევაში, არ ატყობინებს. მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ
საქმეში არასრულწლოვან ან ხანდაზმულ პირზე პირდაპირი ძალადობა იკვეთება. ოჯახში ძალადობის საქმეებზე რეფერირების პროცედურის არარსებობა ხელს უშლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დროული და სრულყოფილი დახმარების გაწევას.
„იმ გარემოში გავიზარდე, სადაც მიაჩნიათ, რომ ქალი თუ ქმარს გაშორდება, სახელი გაუტყდება. დედაჩემი ყოველთვის იმას მეუბნებოდა, ყველაფერი უნდა აიტანო და ოჯახი შეინარჩუნოო. თავის მხრივ, ჩემი მეუღლე როცა ხედავდა, რომ არსაიდან არ მქონდა მხარდაჭერა, უფრო თავდაჯერებული ხდებოდა და მეტად მირტყამდა“.

თამარ როსტიაშვილი