ზვიად ქირია: „ყველაფრის მისაკუთრება და ჩვენი გადაგდება სურდათ, გამოიძიეთ!“

რედაქციას მოქალაქე ზვიად ქირია ესტუმრა, რომელიც მასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითობის შესახებ საუბრობს. საქმე ეხება ერთობლივი შპს-ს საქმიანობას, სადაც დახარჯულ რამდენიმე ასეულ ათას დოლარს ქირია უკან ვერ იბრუნებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ჩვენი რესპონდენტი, რიგი მიზეზების გამო, კომპანიონების მიმართ ნდობას კარგავს და საერთო საქმიდან გასვლა სურს. ქირია პასუხისმგებელ ორგანოებს (ფინანსური პოლიცია, პროკურატურა) მისი საქმის დროულად გამოძიებისკენ და კანონიერება-სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებს.

„ქრონიკა+“ ზვიად ქირიას ესაუბრა. მასთან ინტერვიუს პირველი ნაწილი წინა ნომერში გამოქვეყნდა. ის ასე სრულდებოდა:

“_ ამ 45-ათასიან კრედიტზე ხელი არ მოვუწერე. მათი მხრიდან ჯერ მოფერება იყო, მერე მუქარა და ჩხუბი, მაგრამ ხელი მაინც არ მოვუწერე. მერე ამ კრედიტს არ გადაიხდიდნენ, საწარმოს გააკოტრებდნენ და აღსრულებას ბანკს გააკეთებინებდნენ. ასეთი ხელწერით რამდენიმე საქმე არის გაკეთებული, რაც თაღლითების ცნობილი მეთოდია. არ ვიცი, იქ ეს თამაზაშვილი ფიგურირებს თუ არა, ეს პროკურატურამ უნდა გაარკვიოს. ის ჩანაწერი აიღოს და იდენტიფიცირება მოახდინოს, ამ ხელწერით სხვა საქმე გაკეთებულია თუ არა…”
გთავაზობთ ზვიად ქირიასთან ინტერვიუს მეორე ნაწილს:
ზვიად ქირია:
_ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს თამაზაშვილი არანაირი ინვესტორის კაცი არ იყო, ჩვეულებრივი თაღლითი ყოფილა. არადა, თავიდან მისი „ნიჭიერებით“ აღვფრთოვანდი და წარმატებებიც ვუსურვე, _ ახალგაზრდა კაცი ხარ, ოღონდ, თანმიმდევრული იყავი და დანარჩენი ისე მოგივა-მეთქი.
ისიც ვიკითხე, _ მე რა ვიცი, რომ თქვენ ჩემს საწარმოს არ გააკოტრებთ-მეთქი? _ ამას რა გააკოტრებს, ნახე, რა შემოსავალი აქვს, თან გოგა ჩიტია როგორი მენეჯერიაო.
მოკლედ, ამ კრედიტის ხელმოწერაზე უარი ვთქვი, რადგან ფულს ვერ მაძლევდნენ, ეს დეკემბერ-იანვარ-თებერვალში ხდებოდა. ამ დროს საწარმო ჩვეულებრივად მუშაობს.
კიდევ რაღაც თაღლითური სქემა შემომთავაზეს. თამაზაშვილმა, _ თუ ჩემი უფროსი წილს ვერ იყიდის, მაშინ გოგა (ჩიტაია) ერთი წლის განმავლობაში ამ ფულს გადაგიხდისო. ოღონდ საწარმო ჩემს სახელზე გადააფორმე, რომ მე თავისუფალი მოქმედების უფლება მქონდეს, კრედიტის აღებისა და ა. შ. ამას გოგა მეუბნება. ნოტარიუსთან დაგიწერ, ეს ფურცელი გექნება და თუ ვერ გადაგიხადე, მარტის თვეში პირდაპირი აღსრულების წესით წამართმევო. ესეც რეალურად აფერა იყო, რაც ვიდეოჩანაწერშიც ჩანს.
_ ამ დროს საწარმო როგორ მუშაობს?
_ ჩვეულებრივად, შემოსავლებიც აქვს. მაგრამ მე ფულს არც ვითხოვ, ხელსაც არ ვკიდებ, რა დროს ფულის აღებაა სამი თვის გახსნილ საწარმოში?
_ მერე რა ხდება?
_ ვერაგულად არ მოვქცეულვარ, ჩემს ახლობლებთან კონსულტაცია გავიარე და მათთან მივედი. ვუთხარი, _ ქუჩის კაცი არ ვარ, აქ ძველბიჭური რაღაცები დაგიწყო, ამ პრობლემის მოგვარებას სამართლებრივი გზით დავიწყებ-მეთქი. _ რაც გინდა, ის გააკეთეო.
_ წილის მოთხოვნიდან რამდენი დროა გასული?
_ რამდენიმე თვეა გასაული, როცა პირდაპირ ვუთხარი, რომ სამართლებრივ ბრძოლას დავიწყებდი, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ მრჩებოდა. ავიყვანე იურისტები და მათთან ერთად ოფისშიც მივედი. იქ მათი იურისტები დამხვდნენ და სამართლებრივი დავა დაიწყო.
ჰო, მანამდე, ბუღალტერი მირეკავს ხოლმე და მეუბნება, _ ჩიტიამ ამდენი და ამდენი ფული გაიტანაო. დავურეკე, _ ეს ფული სად გაგაქვს-მეთქი? _ მჭირდება და გამაქვსო.
მივედი „პროკრედიტ ბანკში“ და მოვითხოვე, _ ამ საწარმოს დირექტორი, 50%-იანი წილის მფლობელი ვარ. ჩიტიას ე. წ. დიჯიპასი ჰქონდა, მივედი და ამაზე ცალმხრივად წვდომა შევუწყვიტე გადარიცხვებზე და ა. შ. ანუ ეს ჩემთან შეუთანხმებლად ვერ მოხდებოდა. ბანკმა, _ ამის გაუქმების უფლება არ გვაქვსო. იურისტთან ერთად მივაღწიე, რომ მას ესეც გაუუქმეს.
ამის გარდა, ჩვენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ, რადგან საბუთებზე წვდომა არ გვქონდა და არ მაძლევდა. ბიუროს ოფიცერი გამოვიძახეთ, რომელსაც ეს უნდა ამოეღო. ამაზე წინასწარ გავაფრთხილეთ და ის საწარმოში არ მოვიდა, ტელეფონით უარი შემოგვითვალა.
ასევე, სამსახურიდან ჩემ მიერ მიყვანილი ბუღალტერი გაუშვა, _ მეტი ობიექტურობისთვის ასე აჯობებსო. ჩემი ხალხი იქ სხვებიც მყავდა. ერთს, ჩემი დის ქმარს, ჩხუბიც კი აუტეხეს, მაგრამ ქარხანაში ახლაც კი დადის. ხელფასს არ აძლევენ, არაფერი, მაგრამ დანადაგარი ან სხვა რამე რომ არ დამიზიანონ, მაინც მიდის. ვერ ეუბნებიან, აქ არ შემოხვიდეო. მოკლედ, მდგომარეობის გაკონტროლებას ცდილობს მაინც.
მეორეს, ჩემი მეუღლის ნათესავს, ხელით შეეხნენ, ამანაც ხურდა დაუბრუნა და სიძემ, _ სასწრაფოდ მოდი, ამას ჩხუბი აუტეხეს და რამე შარი არ დატრიალდესო. სხვისი შვილია, აფხაზეთიდან დევნილები არიან, რამე არ დაუზიანდეს-მეთქი, წამოვიყვანე და სხვაგან დავასაქმე.
მოკლედ, ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც მას ჰქონდა მითვისებული, ერთ დღეში გაწერა და დახარჯა, _ ხელფასებში მივეციო. რეალურად, თავიდან ბოლომდე მითვისება-თაღლითობა მოხდა.
_ თქვენი სამართლებრივი დავა, კონკრეტულად, რას ითვალისწინებდა?
_ ხაზს ვუსვამ: ეს დავა რომ დავიწყე, უკვე ამ საწარმოდან აღარ მივდივარ, ჩემი თანხის დაფიქსირება მოვითხოვე. რადგან ეს სესხი არ იყო და ამასთან დაკავშირებით სესხის ხელშეკრულება არ არსებობს, ეს ყველაფერი კაპიტალში უნდა ასახულიყო. მერე უკვე მეწარმეთა შესახებ კანონი დაგვარეგულირებდა, ეს როგორადაც ხდება, წესითა და რიგით.
_ ამ მოთხოვნით ვის მიმართეთ?
_ ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას, ორივეგან შესაბამისი განცხადება შევიტანე.
_ რა რეაგირება მიიღეთ?
_ პირველად ფინანსურ პოლიციაში რომ მივედი, გამომძიებელმა ნოზაძემ გამოძიების დაწყებაზე უარი მითხრა. ამ დროს პროკურორს არანაირი დადგენილება არ გამოუტანია. ელემენტარულად, საქმეს ნომერი არ ჰქონდა, როცა მე და ჩემი ოპონენტი დაკითხულები ვართ.
_ საქმე რატომ არ აღიძრა?
_ ამასობაში, ოპონენტმა ჩიტიამ ჩვენ წინააღმდეგ სამოქალაქო პროცესი დაიწყო. _ რადგან თქვენ სამოქალაქო კუთხით დაობთ, აქ სისხლის სამართლის საქმე აღარ არისო, _ ასე გვითხრეს.
უარი გამოძიების დაწყებაზე სწორედ ამის გამო მივიღეთ. ჩვენმა ადვოკატმა ფინანსურში განცხადება 8 აპრილს შეიტანა და, თუ არ ვცდები, ჩიტიას 14 აპრილს აქვს შეტანილი საქალაქო სასამართლოში.
_ ოპონენტმა იცოდა, რომ თქვენ მანამდე ფინანსურ პოლიციაში იყავით?
_ არ ვიცი.
_ სასამართლოში რას ითხოვდა?
_ ქირიამ (ანუ მე) დანადგარები რომ არ გაასხვისოს, ამიტომ საწარმოს ქონების დაყადაღება მოითხოვა. მოსამართლის განჩინებაც გვაქვს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ დროს, რეალურად, მივიდა და ეს ქონება ბებიაზე გაასხვისა და ამას რით ხსნის, _ კრედიტი რომ ავიღეთ, ეს ბებიაჩემის ქონებით გაკეთდა და ამ ქონებას საფრთხე რომ არ შექმნოდა, ამიტომ არსებობს მემორანდუმი (რომელსაც მე ხელს არ ვაწერ და ამის შესახებ არც ვიცოდით, ამაზე მერე გამომძიებელმა მითხრა) და მის საფუძველზე ეს დანადგარები გასხვისებული გვაქვსო; ბებიაზე იჯარით გადაცემულია და ამ ვალდებულებებს უკვე ჩვენ, საკუთარი ჯიბით ვიხდითო. არადა, ეს ამბავი საჯარო რეესტრით დარეგისტრირებული არაა და უკანონოა.
_ ამ დროს პროკურატურა რას ამბობს?
_ პროკურატურამ საერთოდ არაფერი გვითხრა. პასუხი, როგორც აღვნიშნე, ფინანსურის გამომძიებელმა გაგვცა, რის შემდეგაც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისევ სარჩელი დაწერა და გამოძიება თავიდან დაიწყო. ბასილაიამ ისევ ფინანსურს მიმართა. გამოძიება მიდის, მაგრამ ეს პროცესი უსასრულობაში გადავიდა. 182-მუხლის მე-3 ნაწილია, ბე-ქვეპუნქტი, 7-დან 11-წლამდე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
_ გამოძიებას რა შედეგი აქვს?
_ შედეგი არანაირი, ჩიტია მუშაობას უტიფრად აგრძელებს, ბებიამისი მდიდრდება. ჩემს საწარმოს რამდენიმე თვის წინ საგადასახადოს 50-ათასიანი ვალი ჰქონდა და ამის გამო ინკასო ადევს. მოკლედ, ბებიას კომპანია, რომელიც არაფერს წარმოადგენდა, დღეს ათი ათასობით ლარს ჩვენი ფულით გამოიმუშავებს და ჩვენ თვითონ ჰაერს ვართ გამოკიდებულები. დანადგარებიც, როგორც მოგახსენეთ, დაყადაღებულია.
_ ამ ყადაღის საქმე სადამდე მივიდა, ამაზე საქმე არ დაიწყეთ?
_ შესაგებელი შევიტანეთ და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. საქმე მოსამართლე ზოია კვარაცხელიამ ზეპირი მოსმენით განიხილა და უარი თქვა, რეალობა ასეთია.
ამასთან, ჩვენს საქმეზე პროკურატურაში უკვე 5 კაცია გამოცვლილი. ესენი არიან: გიორგი მიქელაძე (მანამდეც ვიღაც იყო და მასზე არაფერი გვითხრეს), რომელსაც შევხვდი და ეს ყველაფერი მასაც მოვუყევი. _ როდის მცნობთ დაზარალებულად-მეთქი? და ეგ ჩემი გადასაწყვეტიაო. ეს არის მთავარ პროკურატურაში ფინანსურზე ზედამხედველი განყოფილება. რამდენჯერმე ვიყავი აუდიენციაზე მთავარ პროკურატურაში, მაგრამ იქ ყველაფერი კარგად ბრძანდებოდეთი მთავრდება, მეტი არაფერი.
მეორე პროკურორი თორნიკე ნადირაძე იყო, რომელსაც სასამართლოში შევხვდი. პროკურორების ოთახში შევედი და მან მითხრა, რომ ეს დავა სამოქალაქო ჭრილში გადამეტანა. ვუთხარი, _ როგორაა ეს სამოქალაქო დავა, როცა აშკრად სისხლის სამართლის ნიშნებია, თან ამის უამრავი მტკიცებულებაა-მეთქი. ამის გამო ჩვენ შორის ცოტა უსიამოვნო საუბარი შედგა და აქედან რამდენიმე დღეში მირეკავენ, _ შენი პროკურორი შეიცვალა და ახლა ვინმე მირცხულავა არისო, რომელიც თვალით არ მინახავს. ის ერთ კვირაში შეცვალეს და მის ადგილას ვანო ოქროპირიძე აღმოჩნდა. ისიც რამდენიმე თვე იყო და ბოლოს ეს წერილი გამომიგზავნა, _ გამოძიება მიმდინარეობსო.
როგორც პარლამენტში მამუკა მდინარაძე აცხადებს ხოლმე, გამოძიება მიმდინარეობსო, აი, ასე ერთმანეთს უტიფრობაში ეჯიბრებიან.
ამის შემდეგ პროკურორი დავით კაპანაძეა. ახლა რაც შეეხება ფინანსურის გამომძიებლებს: თავიდან ეს იყო თამუნა ვახანია, რომელიც პროკურატურაში გადაიყვანეს; მერე ლაშა ცაცუა, ასევე პროკურატურაში გადაიყვანეს; შემდეგ გუგუჩია მხოლოდ ერთი დღე იყო და მან რომ გაიგო, ჩვენ ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა, მის ადგილას იმავე დილით სხვა დაინიშნა. ეს სხვა ალექსანდრე მებონიაა, რომელიც ჩვენს საქმეზე დღემდე მუშაობს; მანამდე კიდევ გამომძიებელი ნოზაძე იყო, რომელზეც უკვე მოგახსენეთ.
_ თქვენს საქმეზე ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირების უქონლობას რას უკავშირებთ?
_ სიმართლე გითხრათ, ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე სასოწარკვეთილებაში ვარ გადავარდნილი და პროკურატურის გარდა, ოფიციალური წერილით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართე. ეს იმ იმედით, რომ ახალი მინისტრი გახარია დაინიშნა და სიტყვა-სიტყვით მას ასე ვწერ: ბატონო მინისტრო, ზუსტად ვიცი, რომ უმწიკვლო და პრინციპული პიროვნება ბრძანდებით და მერე ჩამოთვლილი მაქვს, თუ როგორ მექცევიან, პირდაპირ ვეუბნები, დამცინიან, აბუჩად მიგდებენ, გთხოვთ, სათანადო ზომები მიიღოთ-მეთქი.
სხვათა შორის, ხუთ დღეში გენერალური ინსპექციის უფროსმა მიპასუხა. ეს პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ პროკურატურა ჩვენი ზედამხედველი არის და მათ მიმართეთო.
ახლა კიდევ იუსტიციის მინისტრისთვის მაქვს მიწერილი, სადაც ბოლოს ვამბობ, _ თითოეულ ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ პირადი ქონებით და თავისუფლებით, პროკურორები დამცინიან-მეთქი. აბა, ეს რას ნიშნავს?! _ საქმე უკვე სამი წელია, გრძელდება. ეს სამი წლის გამოსაძიებელი საქმე ნამდვილად არ არის. იუსტიციისგან პასუხი ჯერ არ მიმიღია.
სხვათა შორის, ვანო ოქროპირიძემ ბოდიში მომიხადა, _ ამდენი ხანი რომ გალოდინეთო. ეს ჩვენი საუბარი ახალ წლამდე იყო და, _ ახალ წლამდე გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამის საფუძველზე დამდგარი შედეგით ძალიან კმაყოფილი იქნებითო.
მერე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მივედი. მეუღლემ კონსულტაცია იქ სამოქალაქო კუთხით გაიარა და უთხრეს, რომ აქ სისხლის სამართლის ნიშნები არისო. მივედი ბიჭებთან სისხლის სამართლის განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი დაგვეხმარა. ჯერ პროკურატურას მისწერა წერილი, არანაირი პასუხი რომ არ ყოფილა, პირდაპირ სასამართლოში შეგვატანინა საჩივარი, ჩვენი დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
მოსამართლე მარგველაშვილმა ასეთი პასუხი მოგვცა, _ ვინაიდან საქმეში პროკურორის დადგენილება არ არსებობს, მე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებო; ახლა თქვენ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვის უფლება არ გაქვთო. მაგრამ თანაშემწემ, ვინც მოსამართლის საბუთები გადმოგვცა, გვითხრა, რომ როგორც კი დადგენილება იქნება, ისევ შეგიძლიათ, სასამართლოს მომართოთო. ახლა დადგენილება გამოგვიგზავნეს ისეთი, სადაც ელემენტარულდ ციფრები შეცვლილია. დადგენილებაში წერია: დაზარალებულად ვერ გცანით, რადგან ამის ნიშნები არ არისო. ამას უკვე განყოფილების მოადგილე, ვინმე ძნელაძე მწერს.
რას ვუკავშირებ სათანადო რეაგირების არქონას: ამის შესახებ ყველა გამომძიებელს ვეუბნები, რომ ელემენტარული ნება არ არსებობს. სხვათა შორის, კერძო საუბარში ადამიანები, რომლებიც საქმეში, ასე თუ ისე, გარკვეულები არიან, მეუბნებიან, რომ ამას არ გამოიძიებენ, რადგან ეს მთავრობა თაღლითებს არ იჭერსო. უბრალოდ, მეკითხებიან, შეგიძლია კონკრეტულად ფაქტი დაასახელოო? ვპასუხობ, _ თქვენ ის საშუალებები და ბერკეტები მომეცით, რაც გაქვთ (თვალთვალი, მოსმენა და ა. შ.) და ზუსტად გეტყვით, ვინ ვინ არის-მეთქი. ვინ არიან და მთავრობის მაღალჩინოსნები, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს-მეთქი.
ასევე, იქ საწარმოში სახელმწიფო მანქანა დადიოდა და ჩვენ არ ვიცოდით, მძღოლი ვინ იყო. სიძემ მითხრა, _ აქ ჩიტიებთან დადის შავი მანქანა („კია“) სახელმწიფო ნომრით AA101SS. ეს მანქანა მერე შემთხვევით სანაპიროზე შემხვდა და გამოვეკიდე, გამექცა. მივყევი, ეს კაცი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე შევიდა და გაჩერდა. ბოლოს ჩემი ჯგუფელი შემრჩა ხელში, ჩემი და მამუკა ჩიტიას საერთო მეგობარი, შოთა მჭედლიშვილი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მანქანა აღმოჩნდა. მაშინ ფინანსთა მინისტრი ქუმსიშვილი იყო.
შოთას დაველაპარაკე. _ აუ, მაგრად მიტყდება შენ და მამუკა ასეთ კონფლიქტში რომ ხართო. მეორეჯერ, მასთან ამ საკითხზე დარეკვის შემდეგ, შოთა იქ აღარ გამოჩენილა.
მივედი და ამის შესახებ გამომძიებელ ვახანიას ვაცნობე, _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, სავარაუდოდ, ამ ყველაფერს მფრაველობს-მეთქი. თუ აქ თაღლითობა არ არის, საწარმოში მთავრობის საპარლამენტო მდივნის მანქანა რატომ დადის-მეთქი?! კარგი, მძღოლია, მაგრამ რა საქმე აქვს, თან კაკაურიძის ნათესავია; მერე რა, რომ ჩემი ჯგუფელია, სავარაუდოდ, აქეთ-იქით ამბები დააქვს-მეთქი. გამომძიებელმა, _ მე რა ვქნაო? _ რა უნდა ქნა და შენ ეს ყველაფერი ანტიკორუფციულ სამსახურს უნდა შეატყობინო, ეს ხომ ჩემგან არ გესწავლება-მეთქი?
ამის შემდეგ სახელმწიფო მანქანით მამუკა ჩიტია დადის. ერთმა ჩვენმა ახლობელმა, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობდა, გვითხრა, რომ ეს სახელმწიფო მანქანაა, ამაზე თავს დავდებო. მივედი სუს-ში და ვუთხარი, _ თაღლითი გიორგი ჩიტიას მამა, მამუკა ჩიტია, აღნიშნული მანქანით გადაადგილდება-მეთქი. სხვათა შორის, ეს მანქანა ცოტა ხნით გადამალეს და ახლა ისევ იმავეთი მოძრაობს.
_ დღეს მდგომარეობიდან გამოსავალი რა არის და ამისთვის ვის მიმართავთ?
_ გამოსავალი მხოლოდ ობიექტური გამოძიებაა. ეს ქარხანა ჩემი ნაშრომია და არავის დავუთმობ! საქმეზე ეს პროკურორებიც იმიტომ შეიცვალნენ, რომ აღნიშნულ სიყალბეს ხელი არ მოაწერონ. ამ პროკურორებმა აუცილებლად უნდა დაასახელონ, მათზე ზეწოლას ვინ ახდენს, ჩემი მოთხოვნა უკვე ეს არის. თქვენი გაზეთის მეშვეობით ამაზე უკვე მთელ საზოგადოებას მივმართავ.
მერე ფინანსურში ჩემზე ზეწოლა მიმდინარეობდა. დამიბარონ სუს-ში, რომელ უწყებაშიც უნდათ, არ მეშინია და სრულ ჩვენებას მივცემ, ჩემზე რა სახის ზეწოლა ხორციელდება. რეალურად, გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობს.
_ კონკრეტულად, რაში გამოიხატება?
_ მტკიცებულება არ გვაქვს, ვერაფერს ვუმტკიცებთ, ჩანაწერში ისეთი არაფერია, _ ამ არაფრისმთქმელი სიტყვებით მისტუმრებენ. მერე მესიჯიც მომივიდა: ეს ბიზნესსფეროები განაწილებულია, ამაში შენ ვერანაირად ჯდები და, მოკლედ, უნდა დათმოო; ან შენი საქმე რომ გამოვიძიოთ, ისეთი ვინ ხარ, ვეტერანი ხარ, თუ რას წარმოადგენო?
ამიტომ მოვითხოვ, რომ ყველა გამომძიებელმა, პროკურორმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს და თქვას, თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას, მისი უშუალო უფროსი ვინ იყო?
სადღეისოდ, საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას მოვითხოვ. საწარმო თვეში ასობით ათას ლარს გამოიმუშავებს, მოგება ათი ათასობით ლარია და ეს ყველაფერი სხვის ჯიბეში მიდის. ყველაფერი ჩემს საწარმოში აღირიცხება.
ამიტომ შედეგი მორიგი სამი წლის მერე კი არ უნდა დადგეს. სტაჟიორი იურისტი რომ მოიყვანო, ის გეტყვის, რომ ამ ყველაფერს ამდენი დრო არ სჭირდება. ჩანაწერები, ჯერ კიდევ, 2016 წელს მივიტანე, აქამდე რატომ არ გაიშიფრა? რევიზია რატომ მაშინვე არ ჩატარდა?
თანხები სამართლებრივად უნდა დაფიქსირდეს, ჩემი და იმისიც. მერე, იცით, ფინანსურის თანამშრომლები და გამომძიებლები რას მეუბნებიან? _ რომ დაგიფიქსიროს შენი თანხები, მერე რას იზამო? _ ჯერ არ ვიცი, მერე რას ვიზამ, მაგრამ მანამდე ჩემი შეტანილი ფული დამიფიქსიროს-მეთქი. მე არაფერსაც არ ვიზამ, მერე ამ ყველაფერს თვითონვე იზამს კანონი მეწარმეთა შესახებ. ამიტომ ჯერ ქონება დამიფიქსირდეს, ამისთვის მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს და მასში მისი და ჩემი შენატანი უნდა დადგინდეს. ეს აისბერგის პატარა წვერია, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
მე ასევე ერთ-ერთი კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელი ვარ, დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლის ზაფხულში, ჩემს კომპანია შპს „ჩაინა ლილო სითიში“ (რომელიც დაარსებულია 2014 წელს) შემოსავლების სამსახური შემოვიდა და დღემდე შემოწმება მიმდინარეობს. ეს ჩემზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი, მეთოდია. თუ რა სახით ზეწოლა მიმდინარეობს, მზად ვარ, ამაზე კომპეტენტურ ორგანოებს მივმართო.
დიდი ალბათობით, ამ საქმეს პატრონაჟს დ. ქუმსიშვილი და გ. კაკაურიძე უწევენ. ამის შესახებ მივმართე როგორც პროკურორს, ასევე გამომძიებელს. ეკონომიკის მინისტრ დ. ქუმსიშვილის ცოლისძმას, ვინმე თევდორაშვილს აქვს ანალოგიური საწარმო, შპს „ფავორიტი“, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაფინანსებულია.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თავისი ეკონომიკური ბუნებით არის დისკრიმინაციული. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროგრამა არის კორუფციის წყარო, რაზედაც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ზვიად ქირიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით “ქრონიკა პლუსმა” კომენტარის ჩაწერა მოპასუხე გიორგი ჩიტიასთანაც სცადა, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გელა მამულაშვილი