შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას?

საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი კი არ ჩანს. ყველაზე სოლიდურად, ჯერჯერობით, მაინც ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებული ჭორები გამოიყურება. ვერც ერთი სხვა გაჟღერებული კანდიდატურა კრიტიკას ვერ უძლებს.

„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი იმედი ისევ ოპოზიციაა, უფრო ზუსტად, ოპოზიციის სისუსტე და უსუსურობა. ყველას კარგად ესმის და, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, თავად ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავთავიანთი პარტიული კანდიდატებით შორს ვერ გაფრინდებიან. არც ერთ მათგანს თეორიული შანსიც არ გააჩნია ხელისუფლების ყველაზე სუსტ და უსახურ კანდიდატთანაც კი. ადმინისტრაციული რესურსი ნებისმიერი მათგანისთვის დაუძლეველი ბარიერია.
ისიც ფაქტია, რომ ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს ვერ დაიკვეხნის სახალხოობას და საყოველთაობას. არადა, საპრეზიდენტო არჩევნები, ერთგვარი, გენერალური რეპეტიციაა 2020 წლისთვის, როცა გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება საპარლამენტო არჩევნებზე. თუ ოპოზიციამ პოლიტიკური ბრძოლის სტარატეგიის განახლება ვერ მოახერხა, დამარცხება გარდაუვალია. დამარცხებაში იგულისხმება ის, როცა პირველ ადგილზე გასულ ხელისუფლების კანდიდატსა და მეორეზე გასულ ოპოზიციის კანდიდატს შორის განსხვავება 20%-ზე მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების რეიტინგი 50%-ზე გაცილებით დაბალია, მისი კანდიდატი ოპოზიციის პარტიულ კანდიდატებს ადვილად გაუმკლავდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ერთმანეთს წაართმევს ხმებს და „ოცნების“ მიერ კანდიდატად დაყენებული ჯოხიც კი უახლოეს მდევარს დიდი ანგარიშით მოუგებს.
კანდიდატებთან დაკავშირებული ზოგადი სურათი ასეთია _ არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში სამი კანდიდატურა განიხილება: პრემიერი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ კვირიკაშვილს პარტია ლობირებს, სერგეენკოს კანდიდატურა, სავარაუდოდ, ივანიშვილისგან მოდის, ხოლო არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე უმაგრებს ზურგს. ცოტა ხნის წინათ ცალყბად გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც, თუმცა არც ერთ მათგანზე „ქართულ ოცნებაში“ ღიად არ საუბრობენ. სავარაუდო კანდიდატები თავის კანდიდატურებს კატეგორიულად გამორიცხავენ. მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის.
რაც შეეხება ოპოზიციას, აქაც საკმაოდ გაურკვეველი ვითარებაა, თუმცა ის მაინც ვიცით, რომელ ოპოზიციურ ლიდერს უნდა პრეზიდენტობა და რომელი არ გამორიცხავს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. ტრადიციულად, არჩევნებში ჩართვის სურვილი ღიად გამოთქვა შალვა ნათელაშვილმა. მან თავისი კანდიდატურა ოფიციალურად დააყენა და საარჩევნო კამპანიაც ღიად დაიწყო. თუმცა ოპოზიციაში ხმები ვრცელდება, რომ თუ ოპოზიცია მოახერხებს და საერთო კანდიდატურის გარშემო შეჯერდება, ნათელაშვილი ერთობის წინააღმდეგ არ წავა და კანდიდატურას მოხსნის.
პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა ნინო ბურჯანაძემაც. მართალია, მას თავისი კანდიდატურა ოფიციალურად არ დაუსახელებია, მაგრამ ის განცხადება, რომ ქვეყანას დღეს მხოლოდ მისი გაპრეზიდენტება გადაარჩენს, პრაქტიკულად, კანდიდატურის დაყენების ტოლფასი იყო. თუმცა საერთო კანდიდატურის აუცილებლობაზე ბურჯანაძეც აქტიურად საუბრობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთიანი კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში ერთობის პროექტს არც ბურჯანაძე ჩაშლის.
ბურჯანაძისა და ნათელაშვილის ამ გაჟღერებული საპრეზიდენტო ამბიციების უკან შესაძლოა, მათი სხვა სურვილებიც დავინახოთ. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე თვეა, არსებობს და გარკვეული პერიოდულობით აქტიურდება 15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი „ლიდერთა საბჭო“, რომლის ძირითად პოლიტიკურ ხაზს ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ნათელაშვილიც და ბურჯანაძეც სწორედ ამ „ლიდერთა საბჭოს“ ლიდერობისთვის იბრძოდნენ და 15 პოლიტიკურ პარტიას საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერას სთავაზობდნენ. თუმცა რამდენად მოხერხდება რომელიმე კონკრეტული პარტიის ლიდერზე შეჯერება, როგორც საერთო კანდიდატზე, ძნელი სათქმელია. პირველ რიგში, ალბათ, იდეოლოგიური ბარიერები უნდა გადაილახოს.
დიამეტრულად სრულიად განსხვავებული ხედვების მქონე პარტიების ერთიან ფრონტად ჩამოყალიბება ძალიან რთულია, მაგრამ ორ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ეს უკვე მოხერხდა. პირველი ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსი, ხოლო მეორე _ გაყალბებული ადგილობრივი არჩევნების შეფასება და 20 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელი სასამართლოში. ცნობისთვის: ოპოზიციის ერთობლივი ძალებით მზადდება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსთვისაც. ასე რომ, ერთობლივი ბრძოლის გამოცდილება მცირე, მაგრამ მაინც არსებობს.
რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, მათ თავიანთი სურვილები ჯერ ღიად არ გაუმჟღავნებიათ, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ეს მალე მოხდება.
ამბობენ, ალეკო ელისაშვილის ამბიციები, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, უკვე პრეზიდენტობამდეც ავიდა. იგი, ალბათ, კვლავ დამოუკიდებელ კანდიდატად მოგვევლინება და კვლავ ტროას ცხენის როლს შეასრულებს არჩევნებში. თუ სასწაული მოხდა და ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდა, ელისაშვილის კანდიდატურას ოქროს ფასი დაედება. ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატის დასახელებას ერთი ძირითადი მიზანი აქვს: ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს აღარ წაართმევს და ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა საერთო კანდიდატის ყულაბაში წავა. ესაა ხელისუფლებისთვის მოვლენათა განვითარების ყველაზე არასასურველი ვარიანტი. მაშველი რგოლი კი სწორედ ელისაშვილი შეიძლება გახდეს, რომელსაც, ხელისუფლების დავალებით, სახელისუფლებო ტელევიზიები დღე და ღამე დააპიარებენ და ამომრჩეველს მისი სახით ალტერნატივას შესთავაზებენ. _ არ მოგწონთ არც ერთი პარტია, ამოგივიდათ ყელში პოლიტიკა, აი, უპარტიო და აპოლიტიკური ელისაშვილი… შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ოპოზიციის სახელით და ხელისუფლების რესურსებით მოასპარეზე ელისაშვილისთვის მიცემული ყველა ხმა ოპოზიციის დამარცხებასა და ხელისუფლების გამარჯვებას მოხმარდება.
ძალიან საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერს „ევროპული საქართველო“? მიიღებს თუ არა ის საერთოდ მონაწილეობას ერთიანი კანდიდატის შეჯერების პროცესში? თუ მაინც საკუთარ, პარტიულ კანდიდატურას დააყენებს? მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, არ გამოჩენილა და ჩრდილშია გადასული, ბოკერიას გუნდიდან საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას მაინც დავით ბაქრაძეს უწინასწარმეტყველებენ. არც უგულავას კანდიდატურაა გამოსარიცხი, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, ცოტა საეჭვოა, უგულავა პრეზიდენტობის კანდიდატად ვიხილოთ. თუ ივანიშვილმა ინება და უგულავა მაჟორიტარი გახდა, თავისთავად მოუწევს, დეპუტატობას დასჯერდეს, ხოლო თუ წააგებს, დამარცხებულ კანდიდატს რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია არ წამოაყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიაში ცნობადი ლიდერების მთელი კორიანტელია, პოზიტივის მოძებნა მაინც ძალიან ჭირს. ამიტომაც უამბიციო და უინიციატივო ბაქრაძე, როგორც ჩანს, მაინც ყველაზე მისაღები კანდიდატია „ევროპული საქართველოსთვის“.
იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა, ბაქრაძის შანსები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. თუ გავითვალისწინებთ, რომ პარტია „ევროპული საქართველო“ იმისთვისაა შექმნილი, რომ თავისი ყოფილი დედაპარტია _ „ნაციონალური მოძრაობა“ _ ჩაძიროს, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული რესურსი სწორედ ბაქრაძეს მოხმარდეს. მისი მეორე ადგილზე გასვლა „ნაციონალებისთვის“ მეხის გავარდნის ტოლფასი იქნება. ამის საწინააღმდეგოდ „ნაცმოძრაობას“ ორი გზა აქვს: ან ისეთი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რომელთანაც ბაქრაძეს შანსი არ ექნება, ანდა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატი დასახელდეს და „ნაციონალებმაც“ მას დაუჭიროინ მხარი.
რაც შეეხება „ნაციონალების“ პარტიული კანდიდატის შესაძლო ვინაობას, ჯერჯერობით, ვინმეს გვარი ღიად არ დასახელებულა. სავარაუდო კანდიდატებად მოიაზრებიან ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე და სანდრა რულოვსიც კი. თუმცა ერთიანი კანდიდატის ფერხულში ჩაბმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს. ერთი, რომ საერთო ოპოზიციური ერთობა რეალური ძალის დემონსტრირება იქნება; მეორე ის, რომ დიდი ოპოზიციური ფრონტი ავტომატურად გადაიქცევა ხელისუფლების შემდეგ მეორე პოლიტიკურ პოლუსად. ორი პოლიტიკური პოლუსის დაპირისპირების დროს კი მესამე, მეოთხე და ა. შ. აღარავის ახსენდება. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ისაა, რომ „ნაციონალებს“, თავიანთი მთავარი კონკურენტის, „ევროპული საქართველოს“ ჩიხში მომწყვდევა შეეძლებათ. ბოკერიას გუნდი, რომელიც, მაღალი ალბათობით, ერთიან კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, ძალიან იოლად გაიშიფრება. ერთობის წინააღმდეგ წასვლის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდება ამ პარტიის ფუნქციაც და ორიენტირებიც. რაც მთავარია, „ნაციონალებს“ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ნამდვილად არ გაუჭირდებათ ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება.
კიდევ ერთი პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატი, რომელზედაც პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, დავით უსუფაშვილია. მისი სურვილები, ამ მხრივ, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ამბიციები ყველამ იცის. მას შემდეგ, რაც უსუფაშვილი ბიძინასგანაც და რესპუბლიკელებისგანაც წამოვიდა, მისგან ყველა რაღაც ახლის შექმნას ელოდა. ჯერ იყო და დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჩაუდგეს სათავეშიო, ამბობდნენ; მერე თავის პარტიას აკეთებს, რომელიც ყველა ჯანსაღ პოლიტიკოსს გააერთიანებსო, მაგრამ, ჯერჯერობით, გაჟღერდა მხოლოდ სიტყვა „შენება“ და მეგობრობა „ეროვნულ ფორუმთან“, რამაც საზოგადოებაში არსებული კითხვები კი არ მოხსნა, პირიქით, გაამრავლა. ვერავინ გაიგო, დავით უსუფაშვილმა თქვა უარი ლიბერალიზმზე, თუ „ეროვნულმა ფორუმმა“ _ კონსერვატიზმზე?!. თუმცა კითხვის ნიშნები სხვა მიმართულებითაც გაჩნდა. კერძოდ: რა პოლიტიკურ პოზიციაზეა დღეს დავით უსუფაშვილი?.. არის ის, რეალურად, ოპოზიცია, თუ ნელთბილ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთი დაემატება?.. ყოველ შემთხვევაში, იმ ფაქტმა, რომ არჩევნების შემდეგ უსუფაშვილს ერთი სიტყვაც არ დასცდენია გაყალბებაზე და არც ერთ საერთო ოპოზიციურ პროტესტს თუ სარჩელს ის არ შეუერთდა, ბევრი დააფიქრა.
რაც შეეხება საერთო კანდიდატის გარშემო ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას, ამ პროექტის დადებით მხარეებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ განხორციელება მართლა ძალიან რთულია. ოპოზიციის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა, მათ ამომრჩეველი უნდა დაარწმუნონ, რომ ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია არჩევნებით; და რომ ოპოზიციის მიერ დასახელებული საერთო კანდიდატი შეძლებს „ოცნების“ კანდიდატის დამარცხებას. ოპოზიციამ ეს თუ ვერ ქნა, ამომრჩევლის მოტივირება, წავიდეს არჩევნებზე, ძალიან გაჭირდება. თუმცა თუ ეს მოხერხდა, მაშინ ოპოზიციას რეალური შანსი უჩნდება, რომ არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოიგოს.
ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმება პოლიტიკური პარტიებისთვის გაცილებით იოლია, ვიდრე ერთობის ჩამოყალიბება ნებისმიერ სხვა არჩევნებზე და აი, რატომ: საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგი არ განსაზღვრავს პარტიის კვალიფიციურ სტატუსს. ანუ როგორი შედეგიც არ უნდა მიიღოს პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, პარტიას ამით არც ყოველთვიური საბიუჯეტო დაფინანსება ენიშნება და არც კომისიის წევრები და უბნებზე წარმომადგენლები ემატება. ასე რომ, განსხვავებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისგან, პარტიებს განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნიათ, დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. საბოლოო ჯამში, ეს მათთვის მხოლოდ ხარჯია და სხვა არაფერი. არადა, მონაწილეობა აუცილებელია, _ პოლიტიკურად აუცილებელი, რადგან თუ პარტიას სერიოზული ამბიციები და განაცხადები აქვს, ყველა არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს და სერიოზულ კანდიდატებსაც უნდა წარადგენდეს.
საპრეზიდენტო ერთიან კანდიდატზე შეჯერება კიდევ იმიტომაა პოლიტიკურად იოლი, რომ აუცილებლობა არ დგას, შეიქმნას ბლოკები და კოალიციები. ყველას ესმის, რომ იდეოლოგიური თუ პოლიტიკური განსხვავებების გამო ბევრი პარტია არათუ ერთ გაერთიანებაში, ერთ პრესკონფერეციაზეც ვერ დგება გვერდიგვერდ. საპრეზიდენტოზე კი ეს სულ არაა საჭირო. საკმარისია, პარტიები კანდიდატზე შეთანხმდნენ და შემდეგ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ინდივიდუალურად გამოუცხადებს მას მხადრაჭერას და ყველა პარტია თავის ამომრჩეველთან იმუშავებს საერთო კანდიდატისთვის ხმების მოსაზიდად. ასევე სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები არ წარმოადგენენ საარჩევნო სიებს, რაც, ტრადიციულად, ნებისმიერი ერთობისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.
მიუხედავად ამდენი, ერთი შეხედვით, ხელის შემწყობი ფაქტორისა, ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას მაინც ბევრი სირთულე ახლავს. ყველაზე მთავარი, მათ შორის, არის პრეზიდენტობის კანდიდატი. ყველა არჩევნებზე, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თუ კოალიციისთვის, ერთი და იგივე დილემა დგას, _ სად ვიპოვოთ „დიმიტრი გელოვანი“ „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“?
მაშ, ასე, _ ვინ შეიძლება იყოს მთელი თუ არა, ძირითადი ოპოზიციური სპექტრისთვის მაინც მისღები კანდიდატი? ძალიან საეჭვოა, რომ ასეთი კანდიდატი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი აღმოჩნდეს. პარტიის ლიდერი საერთო კანდიდატად ნიშნავს პოლიტიკური პარტიების მიერ ერთი კონკრეტული პარტიისთვის პრიორიტეტის მინიჭებას. ეს ნიშნავს, რომ მთელმა ოპოზიციამ ერთი პარტიისა და მისი ლიდერის პიარი უნდა აწარმოოს მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დიდი ფორა უნდა მიეცეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ძალიან საეჭვოა, რომ ასეთ რამეზე პარტიებმა ხელი მოაწერონ.
მთელმა ოპოზიციამ, მთელი შარშანდელი წელი, პრაქტიკულად, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაატარა. საკონსტიტუციო რეფორმამ მათი პოზიციები საკმაოდ დააახლოვა. ბუნებრივია, რომ იმ სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც, თითქმის, ყოველკვირეულად იმართებოდა პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, საპრეზიდენტო არჩევნებზეც მსჯელობდნენ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარგველაშვილის კანდიდატურაც არაერთხელ გაჟღერდა.
ოპოზიციისთვის მარგველაშვილი საუკეთესო გამოსავალი იყო, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ მარგველაშვილი ვეტოდადებულ, ერთპარტიულ კონსტიტუციას ხელს მოაწერდა და გაყალბებულ არჩევნებს „გააპრავებდა“. ოპოზიციისთვის მისი ეს საქციელი იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ სწრაფი რეაგირება და ადეკვატური შეფასებაც ვერავინ მოასწრო. რამდენიმე კვირაში ახალი წელიც დადგა და პოლიტიკურმა თემებმაც აქტუალობა დაკარგა. დღესდღეობით მარგველაშვილზე, როგორც საერთო კანდიდატზე, გაცილებით ნაკლებს საუბრობენ. ოპოზიციაში ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, შეიძლება კი ამ ადამიანის ნდობა?
ნდობის გარეშე შეუძლებელია ამხელა პოლიტიკური პროექტის წამოწყება. თუმცა პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის ამ არაადეკვატურ საქციელებზე ოპოზიციამ თვალი უნდა დახუჭოს, რადგან უკეთესი კანდიდატურა არ ჩანს. მართლაც, მარგველაშვილს აქვს თავისი უპირატესობები: პირველ რიგში ის მოქმედი პრეზიდენტია, რაც თავისთავად სერიოზულ სტატუსს და ძალიან მაღალ ტრიბუნას წარმოადგენს; პრეზიდენტობის კანდიდატი პრეზიდენტი ავტომატურად ნიშნავს საარჩევნო მარათონის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს მაინც; ის, რომ მარგველაშვილი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და ლიდერი, ოპოზიციას უადვილებს თავისი პოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადებას; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარგველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველა თავის საჯარო გამოსვლასა თუ ინტერვიუში ლანძღავს და თათხავს. ეს კი ნიშნავს, რომ მარგველაშვილი ივანიშვილს ყველაზე მეტ დისკომფორტს უქმნის. წინასაარჩევნო დაპირისპირებისთვის ეს იდეალური საწყისი მდგომარეობაა. თუ ყოველივე ამას ისიც დაემატება, რომ მარგველაშვილი მთელი ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება, საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან საინტერესო პოლიტიკურ შერკინებად გადაიქცევა, სადაც გამარჯვებულის წინასწარ განსაზღვრა ნამდვილად შეუძლებელი იქნება.
ოპოზიციის ინტერესები ერთია და მეორეა მარგველაშვილის სურვილები. უნდა კი ჩვენს ხათრით არჩეულ პრეზიდენტს ხალხის არჩეული პრეზიდენტი გახდეს? ჯერჯერობით, მარგველაშვილს ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გაუცია. ბევრი ვარაუდობს, რომ მარგველაშვილი ოპოზიციასთან პოლიტიკურ ქორწინებასაც მოერიდება, რადგან, ერთი მხრივ, „ნაციონალებთან“, მეორე მხრივ, ანტინატოელებთან და, მესამე მხრივ, 0%-იან პარტიებთან ალიანსში შესვლას პრეზიდენტი არ დაუშვებს.
რა თქმა უნდა, არჩევანი მარგველაშვილმა უნდა გააკეთოს. პირველ რიგში, მან მკაფიოდ და, რაც შეიძლება, მალე უნდა გააგებინოს საზოგადოებას და, მათ შორის, პოლიტიკურ წრეებს, აპირებს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას, თუ ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას? თუ აპირებს, როგორი ფორმით გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას: მარტო, როცა, საუკეთესო შემთხვევაში, მესამე ადგილი აქვს გარანტირებული, თუ მთელ ოპოზიციასთან ერთად, სადაც გამარჯვების შანსიც საკმაოდ რეალისტურია?
როგორც კი მოქმედი პრეზიდენტი თავის გეგმებს გაგვანდობს, გავიგებთ, ოქტომბერში მართლა საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება, თუ მორიგი თანამდებობის პირის დანიშვნა მთელი ექვსი წლით…

დემნა ვეშაპიძე