კოტე იოსელიანი: “აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ოპოზიციის კანდიდატს, ანუ ბალანსს”

„ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, კოტე იოსელიანს:
_ მიხეილ სააკაშვილმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატის გამაჯვების შანსი მცირეა და ოპოზიციამ საერთო კანდიდატი უნდა წარადგინოს, რომელსაც გამოავლენს პრაიმერისით. სააკაშვილის ამ განცხადებას, ოპოზიციის თანამშრომლობაზე, არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა, გიგა ბოკერიამ მისი განცხადებები „გადაგვარებული ლიდერის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების ბოდვად“ შეაფასა და გამორიცხა სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა. ამგვარ ვითარებაში როგორ ფიქრობთ, მოხერხდება შეჯერება ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე?
_ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც იქნება პროდასავლური პარტიების წარმომადგენელი, სახე, რჩეული, პოლიტიკის გამტარებელი, ნამდვილად იქნება სამთავრობო კანდიდატის სერიოზული კონკურენტი. რაც შეეხება ბოკერიას მაგ განცხადებას, მან კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი თავისა და იმის ლუსტრირება, რომ „ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ისინი რა ურთიერთობაშიც არიან ივანიშვილთან, ეს კარგად გამოჩნდა უგულავას ციხიდან გამოსვლისთანავე. ჩვენ ვიცით, ვისაც უდევს ჯიბეში ციხის გასაღები ამ ქვეყანაში. უგულავა გამოვიდა თუ არა, ციხის კართან იდგა და ლანძღავდა სააკაშვილს და ივანიშვილი ერთხელაც არ უხსენებია არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში. იმისთვის, რომ ციხიდან გარეთ გამოსულიყო, კაცმა, რომელიც წლების განმავლობაში ამბობდა, რომ პოლიტპატიმარია, თქვა, ჩვეულებრივი სამოხელეო დანაშაული ჩავიდინე, ჩვეულებრივი დამნაშავე ჩინოვნიკი ვიყავი და სწორად ვიჯექი ციხეშიო. გამოვიდა და შემდეგ ხან ჯართს ეძახდნენ, ხან ჩერგოლეიშვილის ლექსიკით ლანძღავდნენ ენმ-ს, ენმ-ის ლიდერებსა და განსაკუთრებით ღვარძლიანად მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილს, რომელიც ივანიშვილის ერთადერთი რეალური კონკურენტია და შესწევს ძალა, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს. ივანიშვილმა ქვეყნისთვის საშინელი რამ გააკეთა, მან ერთმანეთისგან გამიჯნა პოლიტიკა და ძალაუფლება. ნორმალურ ქვეყანაში ძალაუფლებას ხელში იღებ პოლიტიკური პროცესით და როცა კი გეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დოზირებულად კარგავ ძალაუფლებას. ივანიშვილმა კი ექსკლუზიურად მიითვისა ძალაუფლება და გამოგვიცხადა, ქვემოთ, პოლიტიკურ დონეზე რაც გინდა აკეთეთ პარტიებმა, ძალაუფლება არის ჩემი და ვერავინ ამას ვერ შეეხება, ვერ ეღირსებაო. ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ეს კონტექსტი შექმნა ქართულ პოლიტიკაში და მას ამ კონტექსტის გამყარებაში ხელს უწყობს „ევროპული საქართველო“ თავისი გამოხდომებით. ვერ ვიტყვი, რომ მათი ეს გამოხდომები გაუაზრებელია, ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას და ზუსტად ვიცი, რასაც ფიქრობს. მისთვის პოლიტიკა ბიზნესია, როდესაც რაღაც მომენტში ვაჭრობ, რაღაც მომენტში მიდიხარ კომპრომისებზე, დათმობებზე, რაღაც მომენტში პრინციპულად დგები შენს პოზიციაზე, თუმცა, საერთო ჯამში, ეს არის ბიზნესი. ჩვენსა და ევროპულ საქართველოს შორის რეალური განსხვავება სწორედ ესაა, მათთვის პოლიტიკა ბიზნესია, ჩვენთვის კი ეს არის ძალაუფლების მოპოვება და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იმ იდეების განხორციელება, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად ქვეყნის განვითარებისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ერთხელ უკვე დაამტკიცა ხელისუფლებაში ყოფნისას, აღარ ჩამოვთვლი იმ რეფორმებს, ეკონომიკურ წარმატებებს, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
_ თუმცა მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეგ დაამტკიცა, ენმ-ის შემადგენელი ნაწილი იყო სწორედ ეგ ძალაც, რომელზეც ახლა ამბობთ, რომ პოლიტიკას უყურებენ, როგორც ბიზნესს.
_ ხო, მაგრამ მაშინ მათ სათავეში ედგა მიხეილ სააკაშვილი. ისინი ახლა არიან გადიდგულებულები სააკაშვილთან, როდესაც ივანიშვილი ჰყავთ მფარველად, თორემ მაშინ, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ესენი ყველანი, რის გამოც დღეს სააკაშვილს ლანძღავენ, ყველაფერზე თავს უკრავდნენ. ენმ არის გუნდი, რომელსაც სურს ქვეყნის პროგრესი, განვითარება და ძალიან კარგად ესმის, რომ დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენ ნამდვილად არ გვეკომფორტულება ოპოზიციაში ყოფნა, გიგა ბოკერიასთვის კი სულ ერთია, ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში. მას ცხოვრების კონკრეტული სტანდარტები აქვს, მისთვის მთავარია, ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, როგორც თავისთვის, ისე თავისი პოლიტიკური გუნდისთვის, ჰქონდეს ტრიბუნა, პატარ-პატარა გავლენები. როგორც დღესაა გიგა ბოკერია, ეს მისთვის იდეალურია და ამ წუთას არც სჭირდება ხელისუფლებაში ყოფნა. ხელისუფლებაში მოსვლა მისთვის, უბრალოდ, ბონუსი იქნება, თორემ ისიც აკმაყოფილებს, რაც დღეს აქვს. აი, ამაზე ნაკლები თუ ექნება, მაშინ შეექმნება მას პრობლემა კომფორტისა და პატივმოყვარეობის თვალსაზრისით.
_ თქვენ „ევროპულ საქართველოსა“ და მის ლიდერებზე ერთიან კონტექსტში საუბრობთ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა სრულიად სხვა მიდგომა გაახმოვანა და თქვა, რომ „ევროპულ საქართველოში“ ბევრია ისეთი, ვისაც ფული არ აუღია ივანიშვილისგან, ისინი კარგ ხალხად მოიხსენია და აუცილებლად მიიჩნია მათთან თანამშრომლობა. მოკლედ, მან ერთმანეთისგან გამიჯნა ისინი, რომლებმაც ფული აიღეს და რომლებსაც არ აუღიათ.
_ დიახ, მეც ვიცნობ „ევროპულ საქართველოში“ ხალხს, რომელსაც არანაირი ფული არ აუღია და გულწრფელად სჯეროდა, რომ ის პოზიციები და მიდგომები სწორი იყო. მიაჩნდათ, რომ ბიძინასთვის დათმობა სჯობდა.
_ კი, მაგრამ ეგ ხალხი, თუ უფასოდ და მუქთად იზიარებს იმ პოლიტიკას, რასაც აწარმობენ ლიდერები, გამოდგებიან კი სათანამშრომლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში?
_ გამოდგებიან, აუცილებლად გამოდგებიან, იმიტომ რომ თუ არ იცვლი აზრს, ვერ ცვლი ვერაფერს. კონკრეტულ საკითხებზე აზრის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ერთ აზრზეა დაბადებიდან სიკვდილამდე ის ბევრ რაღაცას ვერ ქმნის ცხოვრებაში. მე მესმის, რომ ამ ადამიანებმა, თავის დროზე, ჩათვალეს, რომ გიგა ბოკერიას მიერ სააკაშვილისა და ენმ-ის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია სწორი იყო, მაგრამ ახლა იმედია, ხვდებიან, სინამდვილეში რა სურდა ბოკერიას. ბოკერიას სურდა, სააკაშვილი ჩამოეცილებინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რაც პირდაპირ შედიოდა ივანიშვილის ინტერესში. გიგა ბოკერიას რომ პოლიტსაბჭოზე კენჭისყრა მოეგო, დღეს სააკაშვილი იქნებოდა მარტო და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა გიგა ბოკერია და მთელი ეს რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური, ასევე ეს იდეოლოგიური ბაზა, ყველაფერი იქნებოდა მისი. ეს უნდოდა მას. ის გაგიჟდა რაღაცა შეძახილებით გვერდებიდან, რომ ახლა შენი დროა, ახლა შენი შანსია, შენ შეგიძლია წაიღო ყველაფერი, მთელი პარტია, მთელი რესურსი, შენ შეიძლება გახდე ლიდერი. რალურად, მას ეს შანსი დააკარგინა იმ ორმა ხმამ კენჭისყრაზე. მას რომ ის კენჭისყრა მოეგო, გახდებოდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ბურჯი და დღეს არის რაღაც ნაყარნუყარი პარტიის ლიდერი და იქაც ან არის ლიდერი და ან არ არის. ჩვენ ვიცით, საკუთარი ცოლის გადამკიდე, რა რეპუტაციითაც სარგებლობს შიგნით. ეს ადამიანები ლაპარაკობენ და ეს ჩვენამდეც მოდის, ჩვენ ამ ხალხთან გვაკავშირებდა წლები, გვაქვს ადამიანური ურთიერთობები. სწორედ იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც გულისხმობდა სააკაშვილი… ეს ადამიანები განხიბლულები არიან, მათთვისაც პრინციპულად მიუღებელია ივანიშვილთან პირდაპირი თანამშრომლობა, ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, ორი ნომერი როგორ მიიღო ევროპულმა საქართველომ? დაჯდა მთელი ცესკო და შეთანხმდა ისეთ კონკრეტულ ფორმულაზე, რომ ევროპულ საქართველოს 42 კი არ მიეღო, მიეღო 2. ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გარდა, ცესკოს ყველა წევრმა ხმა მისცა „ევსაქოსთვის“ 2 ნომრის მინიჭებას. ეს არაფერს გეუბნებათ? ნორმატიული აქტებიც კი შეცვალეს, შესაძლებელი რომ გამხდარიყო „ევსაქოსთვის“ 2-ის მინიჭება. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ელენე ხოშტარიამ გამოდო ფოტო, სადაც კაპოტზე ქეიფობს, ვითომ მეჭიაურის გაშარჟება სცადა და თქვა, რომ ღირსეული წაგების აღნიშვნის უფლება მეც მაქვსო. ანუ ღირსეულად წაუგია მას არჩევნები. ღირსეულად აგებ ღია, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს, ანუ ამ პოსტითაც კი „გაუპრავეს“ „ქართულ ოცნებას“ ეს ბოლო ადგილობრივი არჩევნები, თითქოს ეს იყო ღია, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, ღირსეულად იბრძოლა და ღირსეულად წააგო. ანუ ყველა ასეთ დეტალში ჩანს მათი რეალური სახე. ასეთ დეტალებზე ჩაძიება შორს წაგვიყვანს, რეალობა არის შემდეგი: ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, თავიდან მოიშოროს სააკაშვილი და ამ ჭიდილში „ევსაქო“ ვის ეხმარება, ყველასთვის ნათელია. გამოდგება ხან ჩერგოლეიშვილი, ხან ბოკერია და ლანძღავენ სააკაშვილს. ისე, როდესაც ფეისბუკში ჩერგოლეიშვილის პოსტებში ნახულობთ რაღაც რაციონალურს, იცოდეთ, რომ ის არის გიგა ბოკერიას დაწერილი, ან როდესაც რაციონალურად გეკამათება, ბოკერიაა, თორემ თვითონ ჩერგოლეიშვილი როდესაც წერს, ის იგინება და უზრდელობს, როდესაც ჩერგოლეიშვილი გეკამათება რაღაცა გამოყვანილი წინადადებებით, რეალურად ზის მისი ქმარი და წერს ყველაფერს. ესეც ვიცი ისევ შიგნიდან.
_ კი მაგრამ, ჩერგოლეიშვილი რა შუაშია, როდესაც თვითონ ბოკერია გამოდის და გადაგვარებულს ეძახის სააკაშვილს, მის აზრებს კი ბოდვას.
_ რაღაც ხომ უნდა თქვას? რაღაც ხომ უნდა უთხრას იმ ხალხს, რომელიც დააბოლა და დააბულინგა? რომელსაც სჯერა, რომ ბოკერია დიდი სტრატეგი და პოლიტიკოსია? გიგა ბოკერიას ნამდვილად აქვს იმის უნარი, დაგისვას წინ, გელაპარაკოს, გელაპარაკოს და დაგაჯეროს ტყუილიც კი. ადამიანი დაიჯერებს მის ტყუილებს, თუკი მას არ აქვს იმდენი ინტელექტუალური რესურსი, რომ გაუძლოს ბოკერიას ინტელექტუალურ ბულინგს. სწორედ ასეთი ხალხი ჰაყვს „ევსაქოში“. სანამ პარტიაში ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მათ სათითაოდ ისვავდა და მიდიოდა „დუ-დუ-დუ-დუ“, რომ მიშამ დაგვღუპა, მიშამ ეს გვიქნა, მიშამ ის გვიქნა…
_ ადგილობრივ არჩევნებზე საკმაოდ დაბალი იყო აქტივობა. არადა, ადგილობრივ არჩევნებზე მაინც ჰქონდა ხალხს მოტივაცია, ირჩევდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, ახლა კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთი მხრივ, უფლებებშეზღუდული პრეზიდენტი უნდა აირჩიონ და მეორე მხრივ, არც სჯერათ, რომ ივანიშვილი ისევ არ გააყალბებს და მაინც თავისას არ გაიტანს და გაიყვანს, ვისაც უნდა. არ ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ უფრო დაბალი იქნება აქტივობა, რაც კიდევ უფრო გაუხსნის ხელფეხს ივანიშვილს გაყალბებისთვის?
_ დიახ, ადგილობრივ არჩევნებზე, პრაქტიკულად, მოსახლეობის უმეტესობა არ მოვიდა და მესმის, რომ ახლაც დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს, რატომ უნდა მოვიდნენ და რატომ არის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. კი, პრეზიდენტს უკვე ძალიან ბევრი უფლება აქვს შეზღუდული, ვიდრე ჰქონდა, ვთქვათ, სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მაგრამ პრეზიდენტს დღესაც აქვს ბევრი ის უფლება, რითაც შეუძლია, რომ დააბალანსოს და გააკონტროლოს ხელისუფლება. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რა ზიანის მომტანია ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ძალის ხელში. დღეს მთელი ძალაუფლება „ქართული ოცნების“ ხელშია, მათია საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რეგიონებში ყველა თანამდებობაზე „ოცნების“ წარმომადგენლები არიან, მათია უმრავლესობაც ადგილობრივ საკრებულოებში. ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება ხომ მთლად მათია, სასამართლო თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშაა. არ შეიძლება, მთელი ძალაუფლება იყოს ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი, რაღაც საპირწონე უნდა არსებობდეს, რომელიც დააბალანსებს ამ ყველაფერს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ოპოზიციონერი პრეზიდენტი. და ეს უნდა ავუხსნათ არა მარტო ოპოზიციურ ელექტორატს, არამედ თვითონ „ოცნების“ ამომრჩეველსაც, თუნდაც მას გულით და სულით სჯეროდეს „ოცნების“ იდეოლოგიის, ჩვენ უნდა შევძლოთ მისი დარწმუნება, რომ სწორედ მის ინტერესშია, რომ რაღაც მექანიზმი არსებობდეს, რომელიც ამხელა ძალაუფლებას დააბალანსებს.
_ საქმეც ეგაა, ხალხს არ სჯერა, რომ უფლებებშეზღუდული პრეზიდენტი შეძლებს ხელისუფლების ამგვარი კონცენტრაციის დაბალანსებას.
_ პრეზიდენტი არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა, ნამდვილად აქვს მას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები და მას შეუძლია, რაღაც დოზით მაინც გაუწიოს წინააღმდეგობა ამ ბრიყვ, მავნებელ და ანტისახელმწიფოებრივ ძალას. ამიტომ აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ოპოზიციის კანდიდატს, ანუ ბალანსს, ესაა ახლა ოპოზიციის მთავარი გამოწვევა.
_ პრაიმერისს რაც შეეხება, მას წყენები და ვნებათაღელვა ახლავს მაშინაც კი, როდესაც ის პარტიის შიგნით ტადება და არა მგონია, ის უმტკივნეულო იყოს ახლა, როდესაც პარტიებს შორის უნდა ჩატარდეს. რომც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და რომც გაიმართოს ობიექტური პრაიმერისი უმტკივნეულოდ და წარადგინოთ ერთიანი კანდიდატი, ამ ყველაფრის შემდეგაა არჩევნები… პრაიმერისში რაც არ უნდა გაიმარჯვოს უგულავამ, ან ბოკერიამ და მთელმა პოლიტსაბჭომ აღიაროთ მისი გამარჯვება და მოუწოდოთ თქვენს ელექტორატს მათი მხარდაჭერისკენ, როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენი ამომრჩეველი გაქანდება და ხმას მისცემს მათ? ან გიგი უგულავას, ან ბოკერიას? ანალოგიურად, ენმ-ის კანდიდატმა რომ მოიგოს და ბოკერიამ რომც მოუწოდოს „ევსაქოს“ ელექტორატს, ხმა მიეცითო, მისცემენ ისინი თქვენს კანდიდატს ხმას? გაამართლებს კი ეს პრაიმერისი?
_ თუ მოვინდომებთ და პრაიმერისს კარგად ჩავატარებთ, გაამართლებს. ის გამოწვევა, რაზეც ვსაუბრობდით, ამასაც მოიცავს, ჩვენ უნდა ვარწმუნოთ ადამიანები, რომ მათ შეიძლება, არ მსოწონდეთ პრაიმერისში გამარჯვებული კანდიდატი, მაგრამ მთავარია, რომ სახელმწიფოში არსებობდეს ერთგვარი პოლიტიკური ბალანსი.
_ როცა ასეთი ემოციური დამოკიდებულება აქვს თქვენს ელექტორატს პარტიიდან წასულებზე, არ გეჩვენებათ, რომ გაგიჭირდებათ მისი დარწმუნება? გამორიცხავთ, რომ პრაიმერისმა უკუშედეგი მოიტანოს? ჩატარდეს პრაიმერისი, დადგეს ერთი კანდიდატი და ამ კანდიდატის გამარჯვებით განაწყენებული ელექტორატი საერთოდ აღარც მოვიდეს არჩევნებზე.
_ გეთანხმებით, ძალიან სერიოზული გამოწვევაა და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ ლიდერებს ამ შემთხვევაში, თუ როგორ ახსნიან ამ ყველაფერს. კი, რთული საქმეა და ეს რთული საქმე უნდა გავაკეთოთ, ეს სირთულე უნდა გადავლახოთ, თავისუფლება ისე არ მოდის. ჩვენ უნდა დავიცალოთ ემოციური დამოკიდებულებისგან. ჩვენ ამ არჩევნებზე გვჭირდება კარგად გააზრებული და ემოციებისგან დაცლილი არჩევნის გაკეთება. აქამდე, მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში, ქართველი ადამიანი მიდიოდა და აკეთებდა ემოციურ არჩევანს, ან ვიღაცა ძალიან უყვარდა, ან ვიღაცა ძალიან ეზიზღებოდა და ეს იყო ძირითადი მოტივატორი სიმპათიებისა ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ. ეს უნდა დამთავრდეს. ადამიანი უნდა დაჯდეს და კარგად გაიაზროს, გააანალიზოს, რას მისცემს მას და სახელმწიფოს ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერა. მხოლოდ ასეთი ფიქრის შემდეგ უნდა წავიდეს ადამიანი და მისცეს ხმა. ამის დრო მოვიდა უკვე. ჩვენ საკმაოდ განვითარებული საზოგადოება ვართ იმისთვის, რომ როგორმე მოვახერხოთ ეგ, გვერდზე გადავდოთ ემოციები და ცივი გონებით გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი. თორემ ის, რომ ენმ-ის ამომრჩეველს ბოკერია არ მოეწონება, ან ჩერგოლეიშვილს _ ჩვენი კანდიდატი, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ არაფერს უნდა ნიშნავდეს და ეს იმ ჩერგოლეიშვილსაც უნდა გავაგებინოთ. კი, მესმის, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუკი დადგება ის მომენტი, რომ ენმ-ის, ან სხვა პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს პრაიმერისში, ეს ჩერგოლეიშვილიც უნდა მოვიდეს და გააზრებულად მისცეს ხმა.
_ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციის თანამშრომლობაზე ახვლედიანიც გამოეხმაურა და კომენტარები აკეთა, გეგონება, მას ვინმე ექაჩება თანამშრომლობაზე. რამდენადაც ყურთ არ მაკლია, კარგად გავიგე, სააკაშვილი საუბრობდა პროდასავლური პარტიების თანამშრომლობაზე და არა პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობაზე. და მაინც, თუ რამე შეიცვალა და დღის წესრიგში დადგა, ივანიშვილის წინააღდეგ, პროდასავლურთან ერთად, პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობაც, თქვენთვის, კონკრეტულად კოტე იოსელიანისთვის, მისაღბი იქნება ამგვარი გაერთიანება? ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა პრორუსულ ძალებთან ერთად?
_ გამორიცხულია ასეთი რამ, პრორუსულ პარტიებთან ჩვენ არ ვთანამშრომლობთ და არც ვითანამშრომლებთ. ბურჯანაძის პარტიამ რაც არ უნდა იძახოს, არ ვარ პრორუსულიო, ჩვენ მას აღვიქვამთ რუსეთის ჩვეულებრივ სატელიტ ორგანიზაციად, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსს“ და რაღა შორს მივდივართ, რუსეთის ჩვეულებრივი „სტავლენიკია“ ბიძინა ივანიშვილი. მკითხველს შევახსენებ, რითაც განსხვავდება „სტავლენიკი“ მარიონეტისგან: მარიონეტს სვამენ, როდესაც ქვეყანას იპყრობენ, „სტავლენიკი“ კი ის პირია, რომლის ჩასმაც ხდება დაპყრობამდე და ის ამზადებს სიტუაციას ისე, რომ ან თავად ამ ქვეყანამ მოგთხოვოს, შემოდი, გვიშველეო, ან უკვე აღარც ჰქონდეთ იმის თავი, რომ გესროლონ და წინააღმდეგობა გაგიწიონ. ეს ბრწყინვალედ გააკეთა იანუკოვიჩმა უკრაინაში და იგივეს აკეთებს ივანიშვილი აქ, ასევე ბრწყინვალედ. ჩვეულებრივი „სტავლენიკია“, რომელიც პრინციპულ საკითხებში პირდაპირ იზიარებს რუსულ სურვილებსა და პოლიტიკას. იქნება ეს „გაზპრომთან“ ხელშეკრულება, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან არმიერთება.
_ ანუ გამორიცხავთ პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობას ივანიშვილის წინააღმდეგ?
_ არავინ აპირებს მათთან თანამშრომლობას. ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიებთან არათუ ამ კონტექსტში, საერთო კანდიდატის დაყენებას ვგულისხმობ, საერთოდ არანაირ კონტექსტში არსად არასდროს არ განიხილებოდა, ხუმრობის დონეზეც კი, არათუ სერიოზულად. ეგ ბოკერიას შეუძლია ყველასთან თანამშრომლობა, თუკი მის ინტერესში შედის. როგორც გითხარით, პოლიტიკა მისთვის ბიზნესია და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც დონეზე დაწყვილდეს ან ბურჯანაძესთან, ან ინაშვილთან, თუ ეს იქნება მის ინტერესებში. ჩვენთან ეს გამორიცხულია.
_ წლევანდელი წელი კიდევ უფრო მძაფრად დაიწყო, კიდევ უფრო გამწვავდა კრიმინოგენური ვითარება, ამას ემატება დღემდე გაუგონარი ფაქტები, იქნება ეს ბავშვების კვება ბაღებში, თუ თავში მეტროს მორტყმა, რეალობიდან სიურეალობაში ვისკუპეთ, მგონი, როცა ესენი მოვიდნენ, გვქონდა შიში, რომ 90-იანებში დავბრუნდებით, მაგრამ აღმოვჩნდით სხვა რეალობაში, იმ 90-იანებშიც კი არ მოგვხვედრია მეტრო თავში. კი, ვიჭედებოდით, „ტუნელ-ტუნელ“ დავდიოდით, მაგრამ თავში არ მოგვხვედრია.
_ არაფერი სიურეალიზმი ეს არაა, ეს არის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის კლასიკური პროცესი, ამ გზას გავდივართ ახლა ჩვენ. ეს გზა ბევრმა სახელმწიფომ გაიარა, რომლებიც საბოლოოდ ჩამოიშალნენ. ანუ ჩვენ ახლა ვართ სახელმწიფოებრიობის ნგრევის კლასიკურ ფაზაში, იქ ის სტრუქტურა იჭედება, იქ კრიმინალი ბატონდება, იქ პოლიცია ებმება კრიმინალში, მიდის მათთან თანამშრომლობაზე, იქ სახელმწიფოს სჭირდება ქურდები საარჩევნოდ, იქ, როგორც ჩანს, სახელმწიფო ტერორისტებთან თანამშრომლობს, იქ, როგორც ჩანს, სახელმწიფო მუხთარლის იტაცებს იმიტომ, რომ რაღაც ბიზნესინტერესები დალაგდეს აზერბაიჯანთან, იქ კორუფციული გარიგებები იდება და მეტრო თავში გვხვდება და ა. შ. იცვლებიან კადრები და არ იცვლება სისტემა. გახსოვთ, რაც ხდებოდა კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისას, გახსოვთ ტერმინიც „კვირიკაშვილის ეფექტი“, ძალიან ბევრი ცნობილი პირი საუბრობდა, რომ ეს იმაზე უკეთესია, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა.
_ კი, რომ, თურმე, რესპექტაბელურია, რაფინირებულია, დავარცხნილია და ეს ყველაფერი დამთავრდა კეთილმოტ***ნულოს ძახილით.
_ და, რეალურად, ღარიბაშვილის მმართველობის მეთოდოლოგია საერთოდ არაფრით შეიცვალა. რა მნიშვნელობა აქვს, დღეს კვირიკაშვილი ჰქვია პრემიერ-მინისტრს, თუ ღარიბაშვილი ერქვა მაშინ, სახელმწიფო მმართველობის სისტემაში რამე შეიცვალა? ხომ არაფერი შეცვლილა, ზუსტად ასე არ შეიცვლება ჭიკაიძის, მღებრიშვილისა და გახარიას სამინისტროები. თუ გახარიას რეალურად უნდა რამე გამოასწოროს, პირველ რიგში, უნდა მიდგეს და დაიჭიროს ის პოლიციელები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, უდებდნენ ნარკოტიკს, იტაცებდნენ მუხთარლის. მუხთარლის საქმე რომ გამოიძიოს და კონკრეტული დამნაშავეები დააკაოს, კიდევ შეიძლება რაღაცაზე საუბარი, რომ სისტემას დაუპირისპირდა, მაგრამ ეს ხომ გამორიცხულია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ მოხდება, ამ ხელისუფლების პირობებში? რეალურად, რას აკეთებს ივანიშვილი? ვიღაცას მოგაბეზრებს და მერე შეცვლის. თავის დროზე იყო ხადური, მოგვაბეზრა, მერე მოგვაშორა და დაგვისვა სხვა, მაგრამ რა, ჩვენი ფინანსური პოლიტიკა შეიცვალა თუ მონეტარული? არაფერი, უბრალოდ, ხადური მოგბეზრდა, წაიყვანა და მოიყვანა სხვა. ჯეჯელავაზე ატყდა ერთი ამბავი, როცა მოგაბეზრა, მოგვაშორა. თავის დროზე, ღარიბაშვილი მოგვაბეზრა და გამოცვალა, ანუ ორთქლის გამოშვების ერთგვარი მექანიზმია, მარიონეტები ცვალო, ცვალო და, საერთო ჯამში, არაფერი იცვლება. ამაშიც გვატყუებს ხალხს! ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს საკადრო პოლიტიკაში? თუ ამის ილუზია ვინმეს აქვს, ამქვეყნად არ ყოფილა საერთოდ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მინისტრი, ეს ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა დგას კორუფციაზე, ძალოვანი სტრუქტურების ბოროტად გამოყენებაზე, დგას ზოგადად რეპრესიულ მექანიზმებზე და ნეპოტიზმზე, რაც მთავარია. თქვენ გგონიათ, ივანიშვილს ყველაფერი კარგად აქვს? მისთვის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნება და ენმ-ის განადგურება იყო, რასაც ვერ მიაღწია, ვერ გაანადგურა „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად. ამისთვის იბრძოდა, თორემ რა გგონიათ, რისთვის იბრძოდა და იბრძვის, რომ ბესელიას ჰქონდეს რაღაც გავლენები და ისარგებლოს კორუფციით, თუ იმისთვის, რომ სესიაშვილს თავისი შვილი დაეწინაურებინა სუს-ში? ამისთვის იბრძოდა ივანიშვილი? ცხადია, არა, უბრალოდ, მათ მიუგდო ეს ნეპოტიზმი და კორუფცია, რომ შეესრულებინა ის, რაც სურდა, მაგრამ მაინც ვერ შეასრულა. 2012 წლის შემდეგ ენმ არაერთმა ადამიანმა დატოვა, მაგრამ დღეს უფრო მეტი ადამიანი მოდის. ენმ იდეაა, იდეოლოგიაა და ამიტომაა ძლიერი პარტია. ენმ-ის მხარს უჭერს ისეთი ხალხიც კი, ვინც არსად მუშაობდა იმ წლებში, მაგრამ ფართოდ ხედავენ სურათს, უნდათ პროგრესი, ქვეყნის განვითარება, ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება და ხედავენ, რომ ამ ქვეყანას რეალურად აქვს მომავალი. ხედავენ იმას, რომ ენმ ისწრაფის სწორედ ამ მომავლისკენ, ძლიერი სახელმწიფოსკენ და რას ეუბნება „ოცნება“ ხალხს? რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც რეგიონულ ფორმატში ვითანამშრომლოთ მეზობლებთან, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ვერც შვეიცარია, ვერც ლუქსემბურგი, ვერც ჰოლანდია, იმიტომ რომ პატარა სოფელი ვართ. არადა, სახელმწიფოს ზომას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ამ პატარა ქვეყნებს, ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ერთად არიან ევროპის დიდ სახელმწიფოებთან, აქვთ თანაბარი ხმის უფლება. დღეს მსოფლიოში არიან ცივილიზებული სახელმწიფოები, ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოები და არიან ჩამოშლილი სახელმწიფოები და ჩვენზეა უკვე, რომელ კატეგორიასთან მოვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას.

რეზო შატაკიშვილი