საქართველოს ორი ისტორიული შანსი

ქართული დიპლომატია და, ზოგადად, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ძნელად იჩენს ინიციატივებს და ყველა საგარეო პოლიტიკური მიღწევა, შესაძლოა, პარტნიორების იძულებადაც კი მივიჩნიოთ. თუმცა ამჟამად ისტორიული შანსი თავად მოგვადგა კარზე და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, ამ კარს გავაღებთ თუ არა და კარსმომდგარ სტუმარს ვაიძულებთ ჩვენთან შემოსვლას, თუ თვალს მოვარიდებთ და უპერსპექტივობაში ჩავრჩებით?

არსებული ვითარება ჩვენ წინაშე ორ ისტორიულ შანსს სახავს და გონივრული მიდგომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ არათუ ფიქრი, არამედ მუშაობა ორივეს რეალიზებისთვის. საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, ერთი მიმართულებით მაინც მოვიპოვებთ გამარჯვებას.
ამ დღეებში არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღება მიიპყრო ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარ ლუკ კოფის მოსაზრება-იდეამ ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.
ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესის დაძვრა შესაძლებელია პოლიტიკური თანხმობის პირობით.
მკვლევარი აცხადებს, რომ ათი წლის წინათ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის დაწყება შესაძლებელია.
მისი მოსაზრებით, ეს იმ პირობით შეიძლება მოხდეს, თუ ნატოს მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიური თავდაცვის პრინციპზეა დამყარებული, დროებით არ ამოქმედდება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში.
„წინადადება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის რაიმენაირ ხელყოფას“, _ აცხადებს კოფი.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა“ და „ჰერტიჯის ფონდის“ ორგანიზებით თბილისში გამართული პრეზენტაციისას იდეის ავტორმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა და ახსნა, რომ მისი წინადადება არანაირად გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისს.
თუმცა ძალიან ნიშანდობლივი იყო, ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლების, ერთი შეხედვით, ფრთხილი, თუმცა, რეალურად თუ შევაფასებთ, შეშინებული დიპლომატიური განცხადებები, რომელიც სრულად ეხმიანება ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდიმარის განცხადებებს რუსეთთან მიმართებით.
„ნატო არის მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს დაცული. საქართველოს უმთავრესი მიზანია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება“, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.
ამ განცხადებით მან, ფაქტობრივად, უარყო წარმოდგენილი იდეა და შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ ფორმალურ მხარედ წარმოჩნდა. აღნიშულის დასტურად გამოდგება შეხვედრის მოდერატორის, შოთა ღვინერიას განცხადებაც: „ველოდი, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი ენთუზიაზმი იქნებოდა და ამ ადამიანს მადლობას მაინც ვეტყოდით, რომ 30-გვერდიანი მოხსენება დაწერა ჩვენთვის, ნატოში ჩვენი ინტეგრაციის მხარდასაჭერად, ამ თემატიკაზე ტემპერატურის ასაწევად და დებატების გასაღრმავებლად“.
ანუ შეხევედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, რეალურად, ადამიანს, რომელმაც ჩვენს მომავალზე იფიქრა, თუნდაც, მიუღებელი ყოფილიყო ეს ნაფიქრალი ხელისუფლებისთვის, მადლობაც კი არ უთხრა არავინ.
„მადლობას ვეტყოდით და დავამატებდით, რომ აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ასეთი ჭკვიანური რამ და მოდი, აქტიურად დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა. ეს მიდგომა მე ვერ დავინახე, სიმართლე გითხრათ და ამის გამო არ დამრჩა კარგი შეგრძნება“, _ განაცხადა ღვინერიამ.
ლუკ კოფი აშშ-სა და ნატოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ახალი მიდგომების გამოყენებას სთავაზობს.
მნიშვნელოვანია რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისადმი, რათა მან 2018 წლის ივლისის ნატოს სამიტისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადადგას. მათ შორის: ოპოზიციის ჩართვა სამიტში მონაწილეებს შორის და თანხმობა წინადადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა ალიანსში წევრობისთვის აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთზე მეხუთე მუხლის დროებითი შეჩერების პირობებში.
მოკლედ, როგორც აღვნიშნე, ხელისუფლებას ამ დოკუმენტზე მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ გააჩნია, თუმცა რაც ითქვა, იმის მიხედვით, მას გეგმა დიდად არ ეპიტნავა.
მეორე შანსი ლუკ კოფის ნაშრომის გამოქვეყნებამდე გამოჩნდა, რომლის გამოუყენებლობაც ასევე საკმაოდ უგუნური ნაბიჯი იქნება ქართული დიპლომატიისა და, ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა მესმის, რომ ამაზე ღიად საუბარი, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი არ არის.
საქართველოდან ახლოს, რამდენიმე ასეულ კილომეტრში, მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი წარმოიქმნა. ის, რაც ამჟამად ქურთისტანში ხდება, სწორი ხედვის, გადაწყვეტილებებისა და ინტერესების სწორად შეჯერების შემთხვევაში საქართველოსთვის, შესაძლოა, ძალიან სასარგებლოც კი აღმოჩნდეს.
საკმაოდ ჩახლართულ კონფიგურაციაში ყველაფერი, თითქოს, დალაგდა. რეგიონში ახლა უპირობო მოკავშირეების განლაგება ასე გამოიყურება: ერთი მხრივ, თურქეთი-რუსეთი-ირანი-სირია, მეორე მხრივ _ ისრაელი-აშშ-საუდის არაბეთი. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ძალთა თანაფარდობა ანტიქურთული კოალიციის მხარეს არის, თუმცა ეს საკმაოდ სათუო და არაარგუმენტირებული მსჯელობა იქნება.
როდესაც, ერთი მხრივ, ანტიქურთულ კოალიციაზე ვსაუბრობთ, მეორე მხარეს _ აშშ-ის გვერდით _ დგას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ნამდვილად არ უწევს ანგარიშს, მაგრამ გამორიცხულია, რომ ალიანსმა აშშ, მინიმუმ, პოლიტიკური თანადგომის გარეშე დატოვოს.
თუმცა ამ დაპირისპირებაში, ვგულისხმობ თურქეთისა და აშშ-ის დაძაბულ ვითარებას, ერთი რამ ნამდვილად ცხადია _ ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობის დათბობას დიდი დრო დასჭირდება. პირიქით, მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა.
ერდოღანი, რომელმაც აბსოლუტურად უგულებელყო ქემალ ათათურქის პრინციპები, რაც გახლდათ დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობის ქვაკუთხედი, რეალურად, ვაბანკზე მიდის. ახლა ერდოღანისთვის უმთავრესი ბრძოლა მიმდინარეობს მისი პოლიტიკური ცხოვრების პერიოდში. მას სურს, რომ მსოფლიოსა თუ რეგიონის ახალი გადანაწილების პროცესში უმთავრესი როლი ჰქონდეს.
თეთრი სახლი, ჯერ კიდევ, ერაყის კამპანიიდან მოყოლებული, მხარს უჭერს ქურთებს და მფარველობს მათ. ეს ყოველთვის იწვევდა ანკარის გაღიზიანებას. თუმცა ასე ღია და მასშტაბურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა, მიუხედავად ლოკალური და მცირემასშტაბიანი შეიარაღებული კონფრონტაციისა.
დღითი დღე ცხადი ხდება, რომ აშშ-ს ინჯირლიყის ბაზის საპირწონე ბაზა სჭირდება და ამ მხრივ საქართველოს ალტერნატივა არ აქვს. არც ყატარისა და არც ქუვეითის სამხედრო ბაზები, არც მეექვსე ფლოტი რეგიონის გამოწვევებსა და უსაფრთხოებას ვერ აკმაყოფილებს. მოკლედ, შანსი რეალურია, თუ ეს პროცესი თავად საქართველოს ხელისუფლებამ არ ჩაშალა. არადა, აშშ-ის ბაზის არსებობა საქართველოში ქართული სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ მომგებიანი იქნებოდა.
რაც შეეხება რუსეთს: სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებით, რუსეთის საქმე არ არის ის, რა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ ამ ხელშეკრულების გამო მოუწია კრემლს ეცქირა, თუ როგორ გადაადგილდებოდა მარშირებით ფოთიდან თბილისამდე აშშ-ის სამხედრო ტექნიკა, სამხედრო მოსამსახურეები და ერთი საპროტესტო განცხადებაც ვერ გააკეთა.
ესეც არ იყოს, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ნების გარეშე რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს, საქართველოს აბსოლუტურად პრაგმატულად და მეორე მხრიდან ძალდატანების გარეშე შეუძლია დაუთმოს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს საკუთარი სამხედრო ბაზები და ამაზე მოსკოვი ვერც კი დაიჩივლებს. უბრალოდ, საკუთარი უგუნური ქმედებით კრემლი საზღვარს პირობით მოწინააღმდეგესთან, სარფის ნაცვლად, გორთან და ენგურთან გაავლებს და ეს მისი უდიდესი მარცხი იქნება, აღიარებს ამას თუ არა.
რას შეეხება უსაფრთხოებას, რუსეთი ნამდვილად ვერ გაბედავს საქართველოს რომელიმე დასახლებული პუნქტის დაბომბვას იმ შემთხვევაში, თუ აქ აშშ-ის სამხედრო ბაზები განლაგდება. გავითვალისწინოთ ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური თუ კულტურული გარემოსთვის.
ჯერ კიდევ 2016 წლიდან ქართული კულუარული დიპლომატია დღენიადაგ ვაშინგტონში უნდა მჯდარიყო და ეს საკითხი ახლა, ფაქტობრივად, შემდგარი და დასრულებული უნდა იყოს.
ნატოსა და კოფის მიერ წარმოდგენილ კონტექსტს რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნატოს მათ საზღვრებთან.
„რუსეთს სანამ ჰგონია, რომ შეუძლია დესტაბილიზაციის შექმნა, რადგან საფრთხე და რისკები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მაღალია, ის მომგებიან პოზიციაშია. საკითხის გადაწყვეტის კოფისეული მოდელი, გარკვეულწილად, ყოველთვის ფიგურირებდა. ევროპაშიც ამბობდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნარატივი ოკუპაციის მთავარი ფაქტორია. თუ განხორციელდა ის, რასაც გვთავაზობს ეს დასკვნა, მხოლოდ პროფესიონალურად და სწორად და თუ მოვახერხებთ დაგეგმვას და რეალიზებას, ამით, ფაქტობრივად, რუსეთს ვეტყვით, რომ დესტაბილიზაციის კერების შექმნას, ოკუპაციას, მილიტარიზაციას აზრი არ აქვს, რადგან ეს ვერ შეაფერხებს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას. მიუხედავად მისი ქმედებებისა, დანარჩენი საქართველო წინ წავა და ამის შეჩერება შეუძლებელი იქნება“, _ აცხადებს შალვა ღვინერია.
დაბოლოს, ჩვენ უინიციატივო და არაპრაგმატული ხელისუფლება გვყავს და ნაკლები იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი, თუნდაც, ამ იდეისთვის დაირაზმება, ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას ადეკვატურ მოქედებებს მოსთხოვს. შესაბამისად, ახლა, ალბათ, ის დროა, როცა შეთავაზება თავად აშშ-ისგან ან/და ნატოსგან უნდა წამოვიდეს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის კვირიკაშვილი, ჯანელიძე, ვოლსკი თუ ქანთარია.

გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი